ძებნის რეზულტატი:

Pfizer-ით აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კამ დროისთვის 8 490 პირია რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, Pfizer აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა. ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი. შეგახსენებთ, გუშინ საიტზე დარეგისტრირების საშუალება სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ, 18:00 სააათიდან კი ვაქცინების გრაფაში „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გაჩნდა. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზიერის“ ვაქცინით აცრა კი 30 მარტიდან დაიწყება. ამ დროისთვის საქართველოს მიღებული აქვს Pfizer-ის 29 500 დოზა, ხოლო Astra zeneca-ს 43 200 დოზა ვაქცინა. ქვეყენა მალე მიიღებს ვაქცინების დამატებით დოზებს. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, Сovax პლატფორმიდან საქართველო ჯამში, გარანტირებულ 1.4 მილიონ დოზას მიიღებს.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათიდან გამართავს

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათიდან გამართავს. როგორც Europetime-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, ჯერჯერობით არ არის ზუსტი დრო ცნობილი თუ როდის ჩამოფრინდება კრისტიან დანიელსონი საქართველოში, თუმცა ორშაბათიდან ის სამუშაო პროცესებში ჩაერთვება. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა. მას შემდეგ, რაც დანიელსონმა თბილისი დატოვა ის ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა და მოლაპარაკების დეტალები გააცნო, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და ფასილიტაციის პროცესში კვლავ ჩაერთვება.

ეკატერინე ტიკარაძე: გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. „გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი და ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია ისევე, როგორც მსოფლიოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქება გვაქვს. დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება, რათა გურიაში შეზღუდვები არ გამკაცრდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

BioNTech-მა და Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა დაიწყეს

Deutsche Well-ს ინფორმაციით, BioNTech-მა და Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ კლინიკური ცდები ბავშვებზე პირველად Moderna-მ და AstraZeneca-მ დაიწყეს. კვლევის ფარგლებში, 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოება, გადამტანობა და ეფექტიანობა უნდა შეისწავლონ. გეგმის თანახმად, BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინის ბავშვებში გამოყენება 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყება.

კარლ ჰარცელი: შეთანხმების რეალური შესაძლებლობა არის, თუ ყველა მხარეს ექნება სურვილი საჭირო ნაბიჯები გადადგას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, არსებობს შეთანხმების რეალური შესაძლებლობა, თუ ყველა მხარეს ექნება საჭირო ნაბიჯების გადადგმის გულწრფელი სურვილი. მისი თქმით, ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა. „როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა თავისი წარმომადგენლის, დანიელსონის მედიაციის პირველი რაუნდის შემდეგ გამოაცხადა, რომ მას სურს დანიელსონი ისევ ჩამოვიდეს და ეს მოხდება მალე. მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე ვართ. საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იყო იმედგაცრუება, იმ თვალსაზრისით, რომ ვერ იყო მიღწეული შეთანხმება, რასაც ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ წინსვლა გააგრძელოს. დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა. ახლა აქტიურად ფიქრის დროა, ყველა მხარის საწყის პოზიციებთან დაკავშირებით არის თუ არა შესაძლებელი ფართო შეთანხმების ნაწილად ყოფნა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ პოლიტიკური ლიდერობისა და ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა. ვფიქრობ, არის შეთანხმების რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი, გადადგან საჭირო ნაბიჯები ყველა მხარისთვის მისაღები შედეგისკენ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი მიმდინარეობს

დღეს ჟენევაში მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდი მიმდინარეობს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. „2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება პირველ რიგში, არის იმ სტატუს-კვოზე დაბრუნება, რაც ომამდე იყო. ამის გარეშე კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაწყება შეუძლებელია. შესაბამისად, ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს. კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი იქნება, თუ არ მოხდა ჯერ სტატუს-კვოს აღდგენა და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ დეოკუპაცია. თვითონ რუსეთის დელეგაცია ცდილობს ისაუბროს ყველაფერზე, გარდა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს დელეგაციისთვის, ისე მთლიანად პროცესისთვის. ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი არის ინსტრუმენტი, რომელშიც უნდა აისახოს ქართულ-რუსული კონფლიქტის შესაბამისი დინამიკა. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ხდება ჟენევაში, არამედ ის, რა ხდება კონფლიქტის დინამიკაში. ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მნიშვნელოვან ამოცანას ემსახურება საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, იქნება ეს რეზოლუციები თუ სხვ. სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენოს როგორც სავაჭრო კარტი მოლაპარაკებათა მაგიდაზე, რაც 21-ე საუკუნეში აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის“, – განაცხადა დარსალიამ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მას შემდეგ წელიწადში ტარდება 4 რაუნდი. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.

თეა წულუკიანი: რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები, რა დგას განსხვავებული აზრის მიღმა

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მისი სურვილია მოისმინოს ყველა განსხვავებული აზრი და დაინტერესდეს, რა დგას ამ აზრის უკან. წულუკიანის თქმით, კულტურის სფეროში არ არსებობს სისტემა. „რაც არ უნდა მეძახდნენ ბერიას და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა, ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, თუ არის განსხვავებული აზრი, როგორიც მაგალითად მრავლად მოვისმინე პატივცემული გიორგი სავანელისგან და არა ერთი მისი აზრი მე ჩემს პრიორიტეტებში მაქვს, შესაბამისად, მე დავინახე რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ვყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების, ამიტომ რაც არ უნდა ვიღაცას ეს არ მოსწონდეს რომ ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ განსხვავებული აზრით დავინტერესდები და დავინტერესდები რა ტიპის განსხვავებული აზრია - ეს არის უბრალოდ ჩემი „ქართული ოცნების“ კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომლიც მიზნად ისახავს საქმის უკეთ კეთებას, მათთვის ჩემი კარი ღიაა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბიძინა კულუმბეგოვი: ასაკოვანი ადამიანები Astrazenecas ვაქცინას უკეთ იტანენ, ვიდრე Pfizer-ს

ალერგოლოგ იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ Astrazenecas კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ვიდრე Pfizer-ისას. მისივე თქმით, Astrazenecas მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა. „გუშინდელ რეგისტრაციას ჩვენ ვუყურებდით და Astrazenecas მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა. მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ, რომ Astrazenecas ვაქცინა ხასიათდება იმუნიტეტის გამოწვევის უნარითა და რეაქტიულობით, ანუ ორი-სამი დღე ახასიათებს ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, რაც 55 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად აღენიშნებათ. ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ Astrazenecas, ვიდრე Pfizer-ს. არ შეეშინდეთ. მე მოსახლეობას ვაწვდი სწორ ინფორმაციას. ჩვენ ახლა პრიორიტეტიზაცია გვაქვს, გახსნილია ჯგუფები 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის, ამიტომ, მთავარი აქცენტი მათ უნდა გააკეთონ Astrazenecas ვაქცინაზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მე-12 ბატალიონი GDRP-ის წინამოსამზადებელ საველე წვრთნებს გადის

თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) ჩართვამდე წინამოსამზადებელ ოცეულის დონის სიტუაციურ სწავლება-შეფასებას გადის. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის სამხედროები ოცეულის დონეზე თავდაცვით, თავდასხმით და ძალთა დაცვის ოპერაციებს ახორციელებენ. სწავლება ბრძანების გაცემას, ტაქტიკურ გადაადგილებას, ჩასაფრებას, თავმოყრის რაიონის დაკავებას, ჩასაფრებაზე რეაგირებას, რეიდს და სხვა საჭირო საკითხებს მოიცავს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) მაისიდან ჩაერთვება. GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს ხაშურის წყალმომარაგების სისტემების მოდერნიზაციისთვის

ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციისთვის. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. 2021 წლის 26 მარტს, ქალაქ ხაშურში ხელი მოეწერა საგრანტო დაფინანსების შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორის რაფაელ ჟოზანის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, ირაკლი ქარსელაძისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის მიერ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მონაწილეობით. აღნიშნული გრანტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ. ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის ჯამური მოცულობა 65 მლნ ევროს შეადგენს და რომლის მიზანსაც ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს, ისევე როგორც აღნიშნულ სფეროში მომსახურების გაუმჯობესება. ამჟამად ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება, ხოლო ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება ტრანსსასაზღვრო მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე, ადგილობრივ საქმიანობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. პროექტს ახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი. პროექტი აძლიერებს UWSCG-ის ოპერაციულ შესაძლებლობებს წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურაში გაკეთებული ინვესტიციების მდგრადობის განმტკიცების მიზნით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დღეს გაფორმებული გრანტი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ნაწილის დაფინანსებაზე და UWSCG-ს შესაძლებლობებისა და ცოდნის გაძლიერებაზე. ყოველივე ეს მოიტანს ორ ძირითად ეკონომიკურ შედეგს: ადგილობრივ დონეზე, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსება უზრუნველყოფს უკეთეს წყალმომარაგებასა და წყალარინების მომსახურების დანერგვას; ხოლო ეროვნულ დონეზე, ევროკავშირის კონტრიბუცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას (UWSCG) მუშაობის ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდის საშუალებას მისცემს, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიღებული გამოცდილების საფუძველზე. პროექტი მოიცავს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას, აღჭურვილობის შესყიდვას ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობისთვის, ექსპლუატაციის შეზღუდულ ფაზასა და საკონსულტაციო მომსახურებას, ისევე როგორც ყველა საქმიანობას, რომელიც სტრუქტურირებულია სამუშაო კომპონენტად და ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტად, რათა ხელი შეუწყოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შესაძლებლობების განვითარებას კომპანიის მომსახურების სრულ არეალში ახალი ნოუ-ჰაუს დანერგვის შედეგად. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას და დაეხმარება ქვეყანას სხვადასხვა სფეროს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში, მათ შორის გარემოსა და კლიმატის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში. პროექტი დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2026 წელს. ”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ევროპის გუნდის (Team Europe) პარტნიორთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) ერთად მხარს ვუჭერთ ხაშურის წყლის სექტორის ამ მნიშვნელოვან პროექტს. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციით, პროექტი ადგილობრივად ხელს შეუწყობს მრავალი ადამიანის სიცოცხლის ხარისხისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი საერთო ინვესტიციის წყალობით, გაუმჯობესდება ჩამდინარე წყლების მართვა და აღარ მოხდება მიმდებარე მდინარეებისა და ნიადაგის დაბინძურება, “- განაცხადა კარლ ჰარცელმა. ”წყალი საქართველოს განვითარების ძირითადი რესურსია. კლიმატის ცვლილებით, ეს შეიძლება მწირი რესურსი გახდეს. თუმცა, მოთხოვნა იზრდება ელექტროენერგიის წარმოებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. ამიტომ, წყლის ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანია. ევროპულ, და განსაკუთრებით ფრანგულ კომპანიებს დიდი კომპეტენცია აქვთ წყლის ეფექტურად მართვაში. ამიტომაც არის, რომ საფრანგეთისთვის წყლის მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში. დღევანდელი ინვესტიცია, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სესხის სახით, რომელსაც თან ერთვის ევროკავშირის გრანტი, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და გაფართოების მიზნით აჩვენებს, თუ როგორ ახდენენ დასავლელი პარტნიორები საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების მობილიზაციას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას. ჩვენ, ევროპის გუნდი (Team Europe), საქართველოს მეგობრები ვართ ყველანაირ ამინდში, იქნება ის მზიანი, წვიმიანი, კარგი თუ რთული და ჩვენ მოხარული ვართ ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს უფრო ევროპელი, საქართველოსთვის მრავალი სარგებელი მოაქვს. ”- განაცხადა დიეგო კოლასმა. ”როგორც ევროპის გუნდის სახელმწიფო წევრი, ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას, რომლის წვლილს მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი მოაქვს პროექტის მდგრადობის თვალსაზრისით, რადგან წყალმომარაგება და წყალარინების სისტემები საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ერთ – ერთი მთავარი სექტორია ქვეყანაში. გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტო ითვალისწინებს მეტ დაფინანსებასა და გამოცდილების გაზიარებას ქვეყნის წყლისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციის სტრატეგიის განსახორციელებლად” - განაცხადა რაფაელ ჟოზანმა.

თბილისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. როგორც ცბონილია, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს ცნობით, 24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507 კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა: · ი/მ - (მის: ფიფიას ქ.17) - 147. კგ ვადაგასული ხორცი; · შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) - 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი; · შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) - 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი; · შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) - 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და განადგურდება. „სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს - შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იმავე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს.“ინას“ (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5). სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. მიმდინარე წელს განხორციელდა 1 048 სახელმწიფო კონტროლი და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადავარდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ამირან გამყრელიძე: Pfizer-ის აცრის რიგში 9 000 ადამიანია, საიდანაც 20% სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინაციისთვის ამ დროის მონაცემებით 9 000 ადამიანი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, 9 000-დან 20 % სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეა. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება. „გუშინ ინტენსიურად ჩაეწერნენ როგორც 65 წელს ზემოთ, ისე ჩემი კოლეგები და მოლოდინის რიგში მომავალი 2 კვირის განმავლობაში არის 11 273 ადამიანი, ვინც არის დარეგისტრირებული ერთიან პორტოლზე, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში აიცრას. Pfizer-ის საკმარისი იქნება 14 000 ადამიანისთვის. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანი არის რიგში Astrazeneca-ზე და 9 000 ადამიანი არის რიგში Pfizer-ზე“, რომლით ვაქცინაციაც სამშაბათიდან დაიწყება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

პურზე ფასი შენარჩუნდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. ამის შესახებ ინფრომაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად. "პროგრამის ბენეფიციარები გამოვლინდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის გზით, სადაც მონაწილე დააფიქსირებს მისაღები სუბსიდიის ოდენობას და მოცულობას, ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის პირობების შესაბამისად. სუბსიდირება განხორციელდება 2021 წლის 30 ივნისამდე ყოველთვიურად, არაუმეტეს 10 000 ტონა, რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე. ფქვილის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის დეკემბრიდან მოქმედებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდემიოლოგებმა შეიძლება მესამე ტალღის დასაწყისი ოფიციალურად გამოაცხადონ

"ეპიდემიოლოგებმა შეიძლება მესამე ტალღის დასაწყისი ოფიციალურად გამოაცხადონ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ქვეყანა იმ ფაზაში იმყოფება, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია. ამასთანავე, მინისტრმა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში, რაც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია. აქ მნიშვნელოვანია, ერთობლივი ღონისძიებები გატარდეს - ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა, ასევე ჩვენი მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების მხრიდანაა მოწოდებული აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგუვებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე გაგვაჩნია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კარლ ჰარცელი: ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა

"ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ. „ახლა ყველა მხარის მიერ ხანგრძილივი და აქტიური ფიქრის დროა საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, რათა მხარეებმა ნახონ, არის თუ არა შესაძლებელი, იყვნენ ფართო შეთანხმების ნაწილი. მინდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია და ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა. ვფიქრობ, რომ არის შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ“, - განაცხადა ჰარცელმა.

გურამ დოჩანაშვილი 82 წლის გახდა

26 მარტს ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. ის დღეს 82 წლის გახდა. თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის ყველაზე ცნობილია ნაწარმოებებია: ,,სამოსელი პირველი", ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და სხვა. დოჩანაშვილს 2010 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა, ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ასევე, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისათვის „ბრმად ყოფილზე“.

სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა

სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდათ სასულიერო პირებს, მათ შორის ტაძრის წინამძღვარს და ასევე მედავითნეს. ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება, ტაძარში კი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. "ჩვენს ტაძარში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, შაბათს საღამოს ლოცვამდე წმ. ნიკოლოზის ტაძარი იქნება დაკეტილი. ჩატარდება დეზინფექცია," - ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

დიდ ბრიტანეთს ჩინეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთმა დიდ ბრიტანეთს საპასუხო სანქციები დაუწესა. გამოცემის ინფორმაციით, სინძიანის რაიონის შესახებ სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო, სანქციები დაუწესდა 4 კომპანიასა და 9 ფიზიკურ პირს, მათ შორის კანონმდებლებს, კონსერვატიული პარტიის ყოფილ ლიდერს, იან დანკან სმიტს და კონსერვატიული პარტიის ადამიანის უფლებათა კომისიას. ბრიტანეთის მთავრობამ ჩინეთის გადაწყვეტილება დაგმო და პეკინის მიერ სანქციების დაწესება კრიტიკის ჩახშობის მცდელობად შეაფასა.

თამარ გაბუნია: თბილისში Pfizer-ის ვაქცინის რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში Pfizer-ის ვაქცინის რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო. მისივე თქმით, რეზერვში დაახლოებით ვაქცინის 3 000 -მდე დოზა არის დარჩენილი. გაბუნიას განცხადებით, გაიხსნება დამატებითი დრო, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. „ჯერჯერობით Pfizer არის, მაგრამ ის ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაშია. 10 000-ზე ოდნავ მეტია რეგისტრირებული, თუმცა დაემატება ქუთაისისა და ბათუმის ჯავშნები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.