ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, „რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში აგრესიის გაგრძელების პირობებშიც კი ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გამო და მიუსამძიმრა 26 მარტს ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპული ოთხი უკრაინელი სამხედროების ოჯახებს. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული იყოს და გატარდეს ეკონომიკური რეფორმები.
სახალხო დამცველი: პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის რისკებმა იმატა
სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის რისკებმა იმატა. როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, ფემიციდის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების კუთხით კვლავ რჩება ხარვეზები. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები(ფემიციდი) იყო. დოკუმენტში მოტანილია მთავარი პროკურატურის მონაცემები, რომელთა თანახმადაც 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა. 2020 წელს სახალხო დამცველმა 2019 წელს მომხდარი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეები გააანალიზა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გაანალიზებული 10 საქმიდან 9 შემთხვევაში, გამოძიების თუ სასამართლო განხილვის ეტაპზე, სხვადასხვა სახის ხარვეზები იკვეთება: ,,…ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა იყო დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დროულად ცნობა. გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და მისი პირადი, სექსუალური ცხოვრებით დაინტერესება, მაშინ, როცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია საქმის გარემოებების დასადგენად. გამოვლინდა მტკიცებულების შეგროვების პრობლემა, რამაც საბოლოოდ გავლენა მოახდინა ქმედების კვალიფიკაციაზე და სასამართლოს მიერ, ბრალდებულის დამნაშავედ შედარებით მსუბუქი მუხლით ცნობაზე. ასევე, პრობლემა გამოიკვეთა გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების მიმართულებითაც”. სახალხო დამცველი მიესალმება ფაქტს, რომ რომ გამოძიება მისი რეკომენდაციის შესაბამისად, იკვლევდა ძალადობის წინარე ისტორიასაც. დოკუმენტის თანახმად, გაანალიზებულ საქმეებს შორის იყო ისეთი საქმეები, სადაც სისტემატური ძალადობის მიუხედავად, დაზარალებულს არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, კვლავ არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის გაცხადების მიუხედავად, ფემიციდის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. ეს ვერც იმ შემთხვევაში მოხდა, როდესაც პირი ოჯახური დანაშაულის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. “ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მოძალადეთა ქცევის კორექციის მიმართულებით მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე”, — დასძენს ნინო ლომჯარიას აპარატი.
სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილშია აღნიშნული, ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს. ასევე, ანგარიშშია ნათქვამია, რომ ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა. „გეოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევების საფუძველზე, ვასკვნით, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია. მეწყერის გამომწვევი მიზეზებია: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები (ფერდის დატვირთვა) მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის. მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად მოწყვეტის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაიკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები. მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისათვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება. (ლიდარული გადაღება, ექსთენსომეტრი, ვიწრო სიხშირულსპექტრიანი სეისმომეტრები და სხვა) მეწყრის დაძვრის შემთხვევაში, აუცილებელია განვიხილოთ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სრულყოფილი მონიტორინგისთვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად. ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია. ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა“,- აღნიშნულია ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილში.
პაატა იმნაძე: კორონავირუსის ბრიტანული შტამის 72 შემთხვევა გვაქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის 72 შემთხვევაა გამოვლენილი. ,,გარკვეული ნაწილი კლასტერებია, ერთი საკმაოდ დიდი, 19-ადამიანი კლასტერი. დანარჩენი, საბედნიეროდ, არც სამხრეთაფრიკული შტამი გვაქვს ქვეყანაში, არც ბრაზილიური. მეთვალყურეობა ამაზე მუდმივად გრძელდება, ახლაც მიდის გარკვეული საეჭვო შემთხვევების კვლევა. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ფართო ცირკულაცია არ მიუღია ბრიტანულ შტამს, თუმცა, იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ის უკვე ფართოდ გავრცელდა, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, დაცვა არის ისევ და ისევ ერთი - პირბადე და დისტანცია" - განაცხადა იმნაძემ.
გიორგი კვირიკაშვილი: პოზნერთან დაკავშირებით ზღვარგადასულ რეაქციას, სავალალო შედეგები ექნება
"წუხანდელ საღამოს, ზღვარგადასულ რეაქციას, სამწუხაროდ, სავალალო შედეგები ექნება, საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის და არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს. ისედაც მძიმე მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმება", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით დაწერა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომხდარი გარდაუვალად დააზიანებს ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა საქართველოს მიეღო რუსეთიდან, უმეტესად სახმელეთო და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან. "პოზნერის ვიზიტზე - თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს - ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:1. ექსპორტი2. უცხოური ინვესტიციები3. ფულადი გზავნილები4. ტურიზმი მეხუთე - არამატერიალური ფაქტორი - რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე. უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი - ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად.დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია. შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება",- აღნიშნულია ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში, დაბადების დღის აღსანიშნავად 32 სტუმართან ერთად, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პოზნერის ჩამოსვლის გამო, სასტუმროსთან, საპროტესტო აქცია მოაწყეს. კარს, კვერცხები დაუშინეს და სასტუმროს ელექტრო ენერგია გაუთიშეს. დემონსტრანტებმა პოზნერის მიერ აფხაზეთის შესახებ წლების წინ გაკეთებულ განცხადება გააპროტესტეს, ასევე სტუმრების მხრიდან კომენდანტის საათის წესების დარღვევა. შსს-ს თანახმად, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლოებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“. დაჯარიმებულთა შორისაა პოზნერიც. რუსმა ჟურნალისტმა, რომელიც საქართველოში დარჩენას რამდენიმე დღით გეგმავდა, თბილისი დღეს დილით, სტუმრებთან ერთად დატოვა.
ირაკლი კობახიძე: ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპოზიციის ნაწილის რეაქციას ეხმიანება, რომელიც რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლას მოჰყვა - ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" სტუმარ-მასპინძლობის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფრაზას ახსენებს და აქვე, ელენე ხოშტარიას რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტად და "უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტად" მოიხსენიებს. „შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით – „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ ჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა. ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი – ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად, ნაციონალი – ანტივაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო“, – წერს კობახიძე Facebook.
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 1 აპრილის 21:00 სთ-იდან 2 აპრილის 09:00-სთმდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში არ შეუშვეს
მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღოლობიდან გათავისუფლებული მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო, მათივე ინფორმაციით, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, მონასტერში არ შეუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მათ მონასტრის ახალმა წინამძღვარმა განუმარტა, რომ ეს მიტროპოლიტ სტეფანეს კურთხევაა. დედა სოსანა ამ წუთებშიც, კომენდანტის საათის დროს, მარტვილის დედათა მონასტრის კართან, თავსხმა წვიმაში დგას და დახმარებას ითხოვს. მონაზონი აცხადებს, რომ ეს მონასტერი მისი და იქ მსახური დედების ხელითაა აშენებული და აქედან წასვლას არ აპირებს. კონკრეტულად, რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღოლობიდან მიტროპოლიტმა სტეფანემ გადააყენა. მაშინ მონაზონი ამბობდა, რომ ის მონასტერს არ დატოვებდა, თუ ამას პოლიციის ძალით არ აიძულებდნენ.
„დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები, საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს“ - ევროპარლამენტარების მიმართვა ლიდერებს
ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის წინადადებებს არ დაეთანხმნენ და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა. ამის შესახებ ევროპარლამენტარები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ,,ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური ლიდერების გამო, რადგან მათ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა გასულ სამშაბათს, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გატარებული უდიდესი ძალისხმევისა, რათა დასრულდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი. აღნიშნული დისკუსიებში მონაწილე მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების შედეგია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენი ვუჭერთ მხარს კრისტიან დანიელსონის დაუღალავ მუშაობასა და მივესალმებით პოლიტიკური პარტიების წინადადების გამოქვეყნებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა. აუცილებელია პოლიტიკური პარტიის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ წინადადების შინაარსი საქართველოსთვის ნამდვილად სწორი გზაა: საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი განაწილება საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გადაწყვეტა სამომავლო არჩევნებზე. ეს გადაწყვეტა პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისევე როგორც 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ჟან-მონეს დიალოგის პროცესის იდეას, რომელსაც მხარს უჭერს ევროპარლამენტი, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა. პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას არ უნდა ელოდონ. კერძოდ, ევროპარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება. ამასობაში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღება, რაც მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ეუთო / ODIHR– ისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების საჭიროებას. ეს რეფორმები მთავარია ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნების და სასამართლო სისტემის შემდგომი შელახვა, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმების კარი ზედმეტად დახურვის მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს ”, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: 1. David McAllister 2. Marina Kaljurand 3. Andrius Kubilius 4. Viola von Cramon-Taubadel 5. Sven Mikser 6. Michael Gahler 7. Petras Auštrevičius
ევროპარლამენტარები: ევროპარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში
,,პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას არ უნდა ელოდონ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ასევე საუბარია, რომ ევროპარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში. ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის წინადადებებს არ დაეთანხმნენ და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა. ,,ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური ლიდერების გამო, რადგან მათ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა გასულ სამშაბათს, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გატარებული უდიდესი ძალისხმევისა, რათა დასრულდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი. აღნიშნული დისკუსიებში მონაწილე მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების შედეგია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენი ვუჭერთ მხარს კრისტიან დანიელსონის დაუღალავ მუშაობასა და მივესალმებით პოლიტიკური პარტიების წინადადების გამოქვეყნებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა. აუცილებელია პოლიტიკური პარტიის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ წინადადების შინაარსი საქართველოსთვის ნამდვილად სწორი გზაა: საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი განაწილება საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გადაწყვეტა სამომავლო არჩევნებზე. ეს გადაწყვეტა პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისევე როგორც 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ჟან-მონეს დიალოგის პროცესის იდეას, რომელსაც მხარს უჭერს ევროპარლამენტი, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა. პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას არ უნდა ელოდონ. კერძოდ, ევროპარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება. ამასობაში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღება, რაც მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ეუთო / ODIHR– ისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების საჭიროებას. ეს რეფორმები მთავარია ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნების და სასამართლო სისტემის შემდგომი შელახვა, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმების კარი ზედმეტად დახურვის მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს ”, - აღნიშნულია განცხადებაში.
„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს
„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, „ოცნება“ უარს ამბობს დემოკრატიულ სამყაროზე და ქვეყანაში შემოუშვა ის ადამიანები, რომლებიც ქართული სახელწიფოს მიმართ მტრულად არიან განწყობილი. აქტივისტები მოქალაქეებს 15 მაისს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ. „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტების თქმით, პოლიციის ის მობილიზება, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან იყო, არასოდეს ყოფილა. მათი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ქართველი ხალხის შიში აქვთ.
ვიოლა ფონ კრამონი: ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ელიტს არეულობის დასრულება არ სურს და ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს. ,,წამყვანი ევროპარლამენტარების ნათელი განცხადებაა საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. ევროპარლამენტში ჩვენთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ძალიან იმედგამაცრუებელია იმის აღქმა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულება არ სურს. ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს", - წერს ევროპარლამენტარი tweeter-ზე
ლოიდ ოსტინმა თურქეთს მოუწოდა, უარი თქვას რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ზე
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თურქეთს რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ოსტინმა თურქ კოლეგა ჰულუს აქართან სატელეფონო საუბრისას ამერიკა-თურქეთის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „მხარეებმა NATO-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე არასტაბილური ვითარება განიხილეს, მათ შორის ის გამოწვევები, რომელიც რუსეთისგან მოდის. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ამერიკა-თურქეთის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა აღნიშნა და თურქეთს მოუწოდა, უარი თქვას რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ზე“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ tweetr-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ოჯახის წევრები შეხვდნენ
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ოჯახის წევრები შეახვედრეს. შეხვედრა გუშინ შედგა. ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში შვილებთან და მამათილთან ერთად იმყოფებოდა. „ოთხი წავედით ოჯახიდან – მე, მამათილი და ბავშვები. ორსაათ-ნახევარი მოგვცეს დრო. ზაზა ეფერებოდა ბავშვებს, კოცნიდა, მათთან არ უნდოდა თქმა იმის, რამდენად უიმედოდ არის. ზაზამ იცის, რომ მუშაობს ხელისუფლება, თუმცა იმედი არ აქვს, რომ რაიმე შეიცვლება. მაიმედებს, 12 წელი მალე გავაო. ერთ სივრცეში შევხვდით ყველა და ორსაათ-ნახევარი გვქონდა დრო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია“,- განაცხადა ირმა ბუთხუზმა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 38 წელი შეუსრულდებოდა. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და 2008 წლის ომში მონაწილეობისთვის ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში მცირე მეწარმეობას ეწეოდა. დასახლებაში ერთ-ერთი მორიგი ჩასვლის შემდეგ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო აწამეს. ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ სასჯელი შეუფარდა, თუმცა ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან. მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებენ. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
კარლ ჰარცელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. როგორც Europetime-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, დღევანდელი შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და ეს არ უკავშირდებოდა შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დასრულებას.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 529 ადამიანს დაუდასტურდა, 326 გამოჯანმრთელდა, 13 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 987 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 529 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.80 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.73 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 930-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 798 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 30, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, საიდანაც: 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 820, აჭარაში - 241, იმერეთში - 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 338 პირი, მათ შორის, თბილისში - 139, აჭარაში - 37, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში - 43, აჭარაში - 4, იმერეთში - 4. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 155 - თბილისში, 72 - აჭარაში. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 942 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 813 პირი, აჭარაში - 1 122, იმერეთში - 928.
აშშ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
აშშ შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ესკალაციით. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ამერიკული მხარე ინფორმირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც ნედ პრაისმა განაცხადა, აშშ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებისა და რეგიონული დაძაბულობის ზრდის საკითხს NATO-ს მოკავშირეებთან განიხილავს. „როდესაც ვსაუბრობთ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის მდგომარეობაზე, ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ უკრაინაში რუსეთის აგრესია. ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებულნი ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების ბოლოდროინდელი ესკალაციით, მათ შორის 2020 წლის ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, რის შედეგადაც, 26 მარტს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციის პროცესს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა 36 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი
Guardian-ის ინფორმაციით, ტაივანში მატარებელი გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 36 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. როგორც ცნობილია, მატარებელი, რომლითაც 350-მდე ადამიანი მგზავრობდა, გვირაბში ლიანდაგებიდან გადასვლის შემდეგ, კედელს შეეჯახა
ისნის მეტროსადგურში შუახნის კაცი გარდაიცვალა
ისნის მეტროსადგურში შუახნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით, 10 საათზე მოხდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო-დახმარების ჯგუფმა მოქალაქის გადარჩენა ვეღარ შეძლო. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მას გულსისხლძარღვთა პრობლემები ჰქონდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.