ძებნის რეზულტატი:

შრომის ინსპექციამ სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, 10 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი", სადაც ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება,10 000 ლარით დააჯარიმა. "შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს დადგენილებით აკრძალურ ქმედებაზე. შესაბამისად, ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდა. შრომის ინსპექცია ადამიანებს არ აჯარიმებს. აკრძალული საქმიანობისთვის კი, ობიექტი დაჯარიმდა,"- განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა. მისი თქმით, აღნიშნულ ობიექტსაც მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. "რაც შეეხება პირების მიერ დარღვევას, შესაბამისი სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ქმედებაზე. აღნიშნულ ობიექტსაც მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და მასალები გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს",- განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

იან კელი პოზნერის ვიზიტზე: ეს შემაშფოთებელია

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე ეხმაურება და ამ ფაქტს "შემაშფოთებელს" უწოდებს. "ეს შემაშფოთებელია", - წერს იან კელი.

ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა, მწვავე პროტესტის გამო, საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. როგორც ცნობილია, ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით, რამდენიმე საათში მოუწიათ. პოზნერი, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს

​პოზნერი და მისი 31 მეგობარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ ​პოზნერი და მისი 31 მეგობარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. რაც შეეხება სხვა პირებს, როგორც სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, 41 პირიდან 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო “ვინოტელი”. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, - განაცხადეს შსს-ში. ცნოიბისთვის, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარია. ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა სამოქალაქო აქტივისტებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა

დღეიდან ბავშვთა გასართობი ცენტრები და კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ

1-ლი აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, ბავშვთა გასართობი ცენტრები და კინოთეატრები, რეგულაციების დაცვით, მუშაობას განაახლებენ. ამასთან, თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა დღეიდან, 1-ელი აპრილიდან დაშვებული იქნება.

დღეიდან ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება

დღეიდან სატრანსპორტო სქემის ახალი, ინტეგრირებული სისტემა თბილისში ამოქმედდება, რის საფუძველზეც ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება. მგზავრები მიკროავტობუსებშიც ყველა იმ საშეღავათო პირობით ისარგებლებენ, რომელიც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს. ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა. 1-ლი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება. ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს არ შეეხება.

ზიგიმანტას პავილიონისი პოზნერზე: ევროკავშირის მომლაპარაკებლები - გარეთ, პუტინის პროპაგანდისტები - შიგნით

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ზიგიმანტას პავილიონისი, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის, საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე გამოეხმაურა. "თბილისში რეალობის სამწუხარო და სიმბოლურია ასახვაა. ევროკავშირის მომლაპარაკებლები - გარეთ, პუტინის პროპაგანდისტები - შიგნით". - წერს პავილიონისი. პარლამენტარმა გააზიარა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის, გამოხმაურება პოზნერის ვიზიტზე, რომელიც ამ ფაქტს "შემაშფოთებელს" უწოდებს. მოგვიანებით, პავილიონისი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსი ჟურნალისტის ვიზიტს საქართველოში. "დღევანდელი თბილისი - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ძირითადად უშედეგოდ დასრულდა, იმედგაცრუებულმა ევროკავშირის მომლაპარაკებლებმა ქვეყანა წუხელ დატოვეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსი ახალ სამიზნედ ამოიღო, მაგრამ მეორე დღეს მოსკოვიდან ჩავიდა ყოფილი საბჭოთა კავშირის და პუტინის პროპაგანდისტი თავის მეგობრებთან ერთად. მას არაერთხელ განუდიდებია რუსული ოკუპაცია, მათ შორის, საქართველოსი. როგორც ვხვდები, ასეთ პირებს არ აქვთ საქართველოში შესვლის უფლება. ვხვდები, რომ ის პანდემიის დროს შემოვიდა... დაბადების დღის აღსანიშნად, მაშინ, როდესაც ყველა რესტორანი დახურულია. სიმბოლურია", - წერს პავილიონისი.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგელობა წარადგინა. იუსტიციის სამინისტროში, გოჩა ლორთქიფანიძეს, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, რატი ბრეგაძე შეცვლის. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ფინანსთა მინისტრი წარადგინა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ლაშა ხუციშვილი უკვე დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროს გუნდის წევრია და სისტემას ძალიან კარგად იცნობს. 2014 წლიდან ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იყო, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა.

გაერო ცენტრალური აფრიკის მთავრობის მიერ დაქირავებულ რუს სამხედროებს, მოქალაქეების დახვრეტასა და წამებაში ადანაშაულებს

გერო შეშფოთებას გამოტქვას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაქირავებული რუსი სამხედროების ქმედებებზე. აღნიშნულ რესპუბლიკაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. როგორც გაერო-ს ექსპერტების განცხადებაშია ნათქვამი, დაქირავებული რუსი სამხედროების სავარაუდო კანონდარღვევები მოიცავს: მასობრივ დახვრეტებს, გაუსამართლებლად დაპატიმრებებს, წამებას, გატაცებას, სამოქალაქო პირებისთვის ძალდატანებით გადაადგილებას, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებს და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე თავდასხმებს. „ექსპერტებმა მიიღეს და კვლავაც იღებენ ცნობებს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის უხეში დარღვევის შესახებ, რაც უკავშირდება კერძო სამხედრო პერსონალს, რომელიც მოქმედებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ზოგჯერ გაეროს მშვიდობის დამცველებთან ერთადაც“, ნათქვამია ექსპერტების 31 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. სავარაუდო კანონდარღვევები მოიცავს მასობრივ დახვრეტებს საველე სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუსამართლებლად დაპატიმრებებს, წამებას, გატაცებას, სამოქალაქო პირებისთვის ძალდატანებით გადაადგილებას, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებს და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე თავდასხმებს. ექსპერტების თქმით, ისინი ღრმად შეშფოთებული არიან ყოველივე ამასთან რუსული კერძო დაქირავებული მებრძოლების კავშირით, რომლებიც ეკუთვნიან ორგანიზაციებს Sewa Security Services-ს, Lobaye Invest SARLU-ს და რუსეთში მოქმედ ორგანიზაციას, რომელიც Vagner Group-ის სახელითაა ცნობილი. გაეროს ექსპერტების თქმით, საქმე ეხება მთელ რიგ ძალადობრივ თავდასხმებს 27 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვლადიმერ პოზნერს არ დაურღვევია "კანონი ოკუპაციის შესახებ". ის ხშირად სტუმრობს საქართველოს

"ვლადიმერ პოზნერს, რომელიც ასევე არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია "კანონი ოკუპაციის შესახებ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პოზნერი საქართველოს ხშირად სტუმრობს და ეს მისი მორიგი კერძო ვიზიტი იყო. "პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც ასევე არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია "კანონი ოკუპაციის შესახებ". ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთან, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს კოვიდ პასპორტი ჰქონდათ და ასევე უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე. შესაბამისად, ისინი ქვეყანაში კანონთან სრულ შესაბამისობაში შემოვიდნენ. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას რეგულაციების გაუთვალისწინებლად ერთ-ერთ დაწესებულებაში, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი ჩვენთვის ყველასთვის და არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი. მოგეხსენებათ, მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და როგორც სჩვევია, მოვლენები თავისი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქცია. ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის მიზანია, დესტრუქცია და საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ტურისტებისთვის იხსნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: უფლებას ვიტოვებთ აღარ დავკარგოთ დრო ოპოზიციის ახირების განხილვაზე და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე

"უფლებას ვიტოვებთ აღარ დავკარგოთ დრო ოპოზიციის ახირების განხილვაზე და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, რადგან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს, შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუმცა, ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც ნებაყოფლობით, თუმცა სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აწუხებს. ჩვენ მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად", - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, მმართველ გუნდს ჰქონდა შემხვედრი პოზიცია ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯების გადასადგმელად. „ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება რა სურდა. სთხოვდა მედიატორს დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანას და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლებიც. ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

უკრაინის საზღვარზე, რუსეთი სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციას ახორციელებს - უკრაინის გენშტაბის უფროსი

უკრაინის გენშტაბის უფროსის, რუსლან ხომჩაკის განცხადებით, უკრაინის საზღვარზე რუსეთი სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციას ახორციელებს. ამის შესახებ ხომჩაკმა "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციას განუცხადა. როგორც ხომჩაკი აღნიშნავს, რუსი სამხედროების მობილიზაცია მიმდინარეობს “სტრატეგიული წვრთნების მზადების ნიღბის ქვეშ“. "ოკუპირებულ დონბასში საბრძოლო ბრიგადის, პოლკების და მომზადების დანაყოფების დამატებით ათასობით ჯარისკაცი იქნა განთავსებული, რომლებიც ადგილზე რუსეთის ჯარს ეხმარებიან. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები განაგრძობენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას აღმოსავლეთ უკრაინაში", - აცხადებს უკრაინის გენშტაბის უფროსი რუსლან ხომჩაკი.

იტალიამ, ჯაშუშობის ბრალდებით, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

იტალიამ ჯაშუშობის ბრალდებით, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. აღნიშნული ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულია იტალიის ფლოტის კაპიტანი, ჯაშუშობაში მონაწილეობის ბრალდებით. რომის პოლიციის განცხადებით, საზღვაო ძალების კაპიტანი და რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირი რომში, საპარკინგო სივრცეში საიდუმლო დოკუმენტების გადაცემის პროცესში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დანაშაულები, რომელიც ჯაშუშობას და სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ იტალიამ ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა რუსეთის ელჩს და საქმის დეტალები აცნობა, ასევე ორი რუსი დიპლომატის დაუყოვნებლივი გაძევების შესახებ.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 499 ადამიანს დაუდასტურდა. 437 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 28712, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17922, PCR ტესტით - 10790 ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 282 260 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 273 604, გარდაიცვალა 3 785 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.75 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 1.64 %. ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდა 264 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 33, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 23, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 845, საიდანაც: 1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 791, აჭარაში - 229, იმერეთში - 271. მძიმე პაციენტი: 325 , მათ შორის, თბილისში - 141, აჭარაში - 38, იმერეთში - 68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 67 , მათგან თბილისში - 45, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 195 - თბილისში, 65 - აჭარაში. 895 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 23 930 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 645 პირი, აჭარაში - 1 144, იმერეთში - 878.

ალეკო ელისაშვილი: ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა

"ძალიან კარგია, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა", - ასე გამოეხმაურა "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისივე თქმით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათ თავისუფლად დაადგილების საშუალება მიეცათ, ხელისუფლების მიმართ ეჭვები ჩნდება და საჭიროა, რომ მათ დეტალურად ახსნან, რატომ ხდებოდა მათი თავისუფალი გადაადგილება. "მე პირადად არ ვყოფილვარ აქციაზე, რადგან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე ღამე მქონდა ემოციურად, ვერ ვინელებ იმ უპასუხისმგებლობას და გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის მიმართ, რაც გუშინ გაიმართა. ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს ეძახდა "იუჟნაია შაშლიჩნაიას", სახელმწიფოდ არ აღიქვამდა მაშინ საბჭოთა საქართველოს და მიაჩნდა და დღემდე მიაჩნიათ რუსებს, როგორც ჩანს, რომ შეიძლება აკადრო ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ. დააბრალო მაგალითად, ომის დაწყება, შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკები გაჩერდნენ შუა გზაზე და თბილისამდე ვერ მოვიდნენ, ამის შემდეგ ჩამოხვიდე "იუჟნაია შაშლიჩნაიაში", როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ და გემრიელად მოილხინო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს. ოკუპანტებმა რამაზ ბეღელური 2 თებერვალ დააკავეს. შეგახსენებთ, 35 წლის რამაზ ბეღელური საკუთარი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ოკუპანტებმა, ხოლო ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ცნობილია, ეს ბეღელურის მესამე დაკავება იყო. როგორც ბეღელურმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი და მეორე დაკავების დროს ჯარიმა გაიხადა, ახლა კი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.

საქმიანობის უკანონოდ შეჩერებისთვის იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას 12 800 ლარი უნდა გადაუხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ, ბაჩანა შენგელიას საქმიანობის უკანონოდ შეჩერების გამო, 12 800 ლარი უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე თავად შენგელია ავრცელებს. "ალბათ გახსოვთ ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა საქმიანობა რომ შემიჩერა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ ცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება და იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება. მიმაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იყო იმ დევნის კამპანიის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება ,,ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში", რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს - ქ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერს შენგელია.

ომბუდსმენი: 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია

"2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია", - სახალხო დამცველმა პარლამენტს 2020 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. 486-გვერდიან დოკუმენტში ასახულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი. "სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვლინდა, რომ 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები. ეს მაჩვენებელი 2018 წელს - 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო. სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეებში არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. ავტომანქანაზე, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადგილზე, საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშშიც", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. ანგარიშში ასახულია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება. ანგარიშში ასევე საუბარია ფსიქიატრიულ სტაციონარებში მოთავსებულ ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზეც. "იმის გამო, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების კვლევებსა და მკურნალობას. შედეგად, არასათანადო მკურნალობა და შესაბამისი რისკფაქტორების გაუთვალისწინებლობა პაციენტთა გარდაცვალებებს იწვევს", - ნათქვამია ანგარიშშ. ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლო სისტემასა და საქმეთა ელექტრონულად განაწილებაზე. ანგარიშში ასევე შეფასებულია გიორგი რურუას საქმისა და ნიკანორ მელიას სადეპუტატო საქმიანობის შეწყვეტის ფაქტები. დოკუმენტში ასევე საუბარია დავით გარეჯის საქმეზეც. ვრცელ დოკუმენტში ნინო ლომჯარია ასევე საუბრობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ფემიციდის მზარდ სტატისტიკაზე, გენდერულ საკითხებსა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებზე.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის ინფრასტრუქტურის განვითარების $2.3 ტრილიონიანი გეგმა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის ინფრასტრუქტურის განვითარების $2.3 ტრილიონიანი გეგმა წარადგინა, რადგან მისი ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებს პოსტ პანდემიის ეკონომიკის გაძლიერებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Cbnc ავრცელებს. გეგმა 8-წლიანია და ითვალისწინებს მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაფართოების, წყლის მილების შეცვლის, სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის და ახალ, უფრო სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლის მიზნით. ის ასევე მოხმარდება მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებას, სკოლების მოდერნიზებას. "ეს [გეგმა] არის იშვიათი ინვესტიცია ამერიკაში, ათწლეულების წინ შტატთაშორისი მაგისტრალის სისტემის აშენებისა და კოსმოსური რბოლის შემდეგ მსგავსი არაფერი გვინახავს. რეალურად, ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია ამერიკულ სამუშაო ადგილებში მეორე მსოფლიოს შემდეგ. შეიქმნება მილიონობით კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი" - თქვა ბაიდენმა ქალაქ პიტსბურგში სიტყვით გამოსვლის დროს. ბაიდენის თქმით, დაფინანსების პაკეტი ქვეყანაში მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. ბაიდენის გეგმა, სხვა ინიციატივებთან ერთად, გადასახადის განაკვეთს 21% -დან 28% -მდე გაზრდას და საგადასახადო კოდის შეცვლას ითვალისწინებს, რისი მიზანიც, იმ ხარვეზების აღმოფხვრაა, რაც კომპანიებს მოგების საზღვარგარეთ გადატანის საშუალებას აძლევს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული გეგმა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. თეთრი სახლის თანახმად, გადასახადების გაზრდა მომავალი 15 წლის ხარჯებს აანაზღაურებს.