ძებნის რეზულტატი:
ეკატერინე ტიკარაძე: იმის გამო რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ, საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნა მივიღეთ
"ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ. არნაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით. "ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ შენიშვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებს ვანსხვავებთ. არნაირად არ არის მათგან ეს საკითხი მისასალმებელი, რადგან მსოფლიოში ყველგან ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება, ისინი უბრალოდ მიდიან, იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მას სახელისა და მწარმოებლის მიხედვით. ვინაიდან ჩათვლილია, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი მიდგომა", - განაცხადა მინისტრმა.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს შეხვდა. როგორც სალომე სამადაშვილმა Europetime-ს განუცხადა, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფება. "ეს მისი არაოფიციალური, პირადი ვიზიტია. ჩვენც არაოფიციალურად შევხვდით", - განუცხადა სალომე სამადაშვილმა Europetime-ს. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ევროპარლამენტარი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე უცნობია, რამდენი დღით აპირებს ის საქართველოში დარჩენას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებას აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება. ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა, დეტალურადაა ასახული ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით ადგილზე არსებული უმძიმესი მდგომარეობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროებისა და ე.წ. მესაზღვრეთა უკანონო ქმედებები, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი კვლავ განაგრძობს საოკუპაციო ხაზის გამაგრებას მავთულხლართების გავლების გზით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო მიწებზე, წყალსა და სასაფლაოებზე წვდომას უზღუდავს. აღნიშნულ კონტექსტში ხაზგასმულია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები დათა ვანიშვილისა და მისი ოჯახის, როგორც უკანონო ბორდერიზაციის მსხვერპლის, მძიმე მდგომარეობა. როგორც ანგარიში მიუთითებს, საოკუპაციო ხაზთან გრძელდება რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება. როგორც განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები, ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში ზაზა გახელაძის დაჭრის და უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე გენადი ბესტაევისა და ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო ხანგრძლივი პატიმრობა,. დოკუმენტში მწვავედ არის შეფასებული საოკუპაციო ხაზის დაკეტვა ორივე რეგიონში, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვა, რაც არა ერთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. დოკუმენტში ასევე ვრცლად არის ასახული ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია, რაც ქართველების იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის საფუძველია. ყურადღება გამახვილებულია როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაზე. იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილას და ყოველდღიურად ირღვევა მათი უფლებები, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვა ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტში ასევე საუბარია გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) ფარგლებში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე. აღნიშნულია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთის IPRM-ის აღდგენის მიუხედავად, გალის IPRM-ის ფარგლებში შეხვედრები კვლავ შეჩერებულია. 30 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ ქვეთავში, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შეფასებას ეთმობა.
სალომე ზურაბიშვილი: რეფერენდუმის საფუძველზე აღდგენილ დამოუკიდებლობას დაცვა და გამყარება სჭირდება
"რეფერენდუმის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს - გვევალება ამ მონაპოვრის დაცვა და მას გამყარება სჭირდება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას რეფერენდუმის დღესა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს ულოცავს. "დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის და რეფერენდუმის დღეა. ყველას გილოცავთ ამ სიმბოლურ თარიღს. უნდა გვაქხოვდეს, რომ რეფერენდუმის შედეგები და მის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს - გვევალება ამ მონაპოვრის დაცვა და მას გამყარება სჭირდება" , - წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 30 წელი გავიდა.
ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდა - 1 დოლარი 3.44 ლარი ღირს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა. ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდა. 1-ლი აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი შემდეგია: 1 დოლარი - 3.4464 ლარი (31 მარტი - 3.41 ლარი) 1 ევრო - 4.0426 ლარი (31 მარტი - 4.0044 ლარი ) 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.7467 ლარი (31 მარტი - 4.6929 ლარი) 100 რუსული რუბლი - 4.5632 ლარი (31 მარტი - 4.4926 ლარი ) 1 თურქული ლირა - 0.4141 ლარი (31 მარტი - 0.4064 ლარი) 10 უკრაინული გრივნა - 1.2376 ლარი (31 მარტი - 1.2237 ლარი) 31 მარტს Bloomberg-ზე ლარის გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 დოლარი - 3.4222ლარი.
ჯო ბაიდენი: ტრანსგენდერების უფლებები ადამიანის უფლებებია
"ტრანსგენდერების უფლებები ადამიანის უფლებებია", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. "ტრანსგენდერის უფლებები ადამიანის უფლებებია და მე ყველა ამერიკელს მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ ტრანსგენდერი ამერიკელების ღირსების ამაღლებაში. ერთად ჩვენ შეგვიძლია აღმოვფხვრათ დისკრიმინაცია და შევასრულოთ ჩვენი ერის დაპირება ყველასთვის თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
არჩილ თალაკვაძე: გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით
"გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემარჩილ თალაკვაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ პანდემიის კრიზისის პირობებში ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე თანამდებობაზე და მხოლოდ ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო,"- განაცხადა არჩილ თაკლავაძემ. შეკითხვაზე, იხილავს თუ არა საზოგადოება ივანე მაჭავარიანს გიორგი გახარიას გუნდში, პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხობს, რომ არ ჰგონია ასე მოხდეს. "არ მგონია ასე მოხდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას გუნდი არ ჰყავს წარდგენილი და არც გეგმებზე უსაუბრია კონკრეტულად", - განაცხადა თალაკვაძემ. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა
ანრი ოხანაშვილი მაჭავარიანის გადადგომაზე: არ ვიცი რაშია საქმე. პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს
"პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მითუმეტეს, როცა მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. "მე არ მაქვს ინფორმაცია რაიმე სახის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაურის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მითუმეტეს, როცა მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. არ მგონია, რომ ვინმე, რაიმე პასუხისმგებლობას გაურბოდეს. ეს ინფორმაცია ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი, არ ვიცი რაშია საქმე, გავარკვევთ გუნდში. "ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელიც არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას და არავინ არ გავექცევით პასუხისმგებლობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები, ეს არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, გვაქვს პანდემიის სიტუაცია, სადაც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა უპირველესია, ასევე ეკონომიკა, სოციალური მიმართულება. ამ დროს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ბევრი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ საზოგადოებას ტვირთი. არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა", - აცხადებს ოხანაშვილი. კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ივანე მაჭავარიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ახალ გუნდს, ოხანაშვილი პასუხობს, რომ „ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს“.
ეროვნული ბანკი: თებერვალში ფულადი გზავნილებით ქვეყანში $161.4 მილიონი შემოვიდა
2021 წლის თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 17.5 პროცენტით გაიზარდა და 161.4 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.4 პროცენტით, 21.0 მლნ დოლარამდე შემცირდა. "საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (190.9%-ით) და უკრაინიდან (78.3 %-ით) გადმორიცხული ფულადი სახსრები. ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კვლავ კლება დაფიქსირდა. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44%) და რუსეთი (15.6%) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში", - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს
საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს. ინფორმაციას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2021 წლის 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი "მამრობითი" "მდედრობითით" შეიცვალა. "განმცხადებელმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბერს მიმართა და წარადგინდა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდებოდა მისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ფაქტი. განმცხადებელზე უკვე გაიცა დაბადების განმეორებითი მოწმობა შესწორებული მონაცემებით. აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ქალის/კაცის გენდერის სამართლებრივად აღიარების პირველი პრეცენდენტია. ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს,[1] ის ზღუდავს იმ ტრანსი ადამიანების გენდერის სამართლებრივად აღიარების უფლებას, რომელთაც არ სურთ ჩაიტარონ ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურები და რაიმე ტიპის ინვაზიური ჩარევა მოახდინონ საკუთარი სხეულის ავტონომიაში. WISG მრავალი წელია მუშაობს სახელმწიფოში არსებული პრაქტიკის შეცვლის მიზნით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესის დაურეგულირებლობა ზრდის ტრანსი ადამიანების უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის მიმართ. 2019 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრმა (EHRAC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) საქართველოს მთავრობის დაკვირვებებზე პასუხი წარადგინეს ორი ქართველი ტრანსი მამაკაცის საქმეზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების უარს მათ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის თაობაზე სტრასბურგში ასაჩივრებენ. განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2017 წელს მიმართეს. ორივე აპლიკანტის მოთხოვნა, რომ მათი გენდერის მარკერის ცვლილება ასახულიყო ოფიციალურ დოკუმენტებში, მათი მამრობით გენდერთან იდენტიფიცირების შესაბამისად, უარყოფილ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ. გადაწყვეტილება კი დასაბუთდა იმით, რომ გენდერის მარკერის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების ასახვა.[2] სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია", - ნათქვამია განცხადებაში.
არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ჩვენთვის იქნება სახელმძღვანელო რეფორმების განხორციელებაში
"დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ჩვენთვის იქნება სახელმძღვანელო იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც ამ დოკუმენტშიც არის საუბარი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შვედი დიპლომატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების შესახებ პუნქტი არ ყოფილა მოცემული, რაც მისი თქმით, ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „ბატონი დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ჩვენთვის იქნება სახელმძღვანელო იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც ამ დოკუმენტშიც არის საუბარი. ცალსახად მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტში რამე პირობა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ იყო მოცემული, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს და ეთანხმება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და იზიარებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას, რომელთაც განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული და ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნათია თურნავა: ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“
ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ექსპერტული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. „ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება. თუნდაც იმისთვის, რომ მოიხსნას ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შეიქმნას მეტი ნდობა პროექტის ირგვლივ, ჩვენ ჩავრთეთ ფართო საზოგადოება – ექსპერტები, სამეცნიერო წრეები, სამოქალაქო სექტორი, ვისაც გააჩნია კომპეტენცია და სურვილი, რომ ჩაერთოს როგორც კვლევების გადამოწმებაში, ასევე შემდგომ უშუალოდ მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი შეხვედრის მონაწილე დარგობრივ ექსპერტებთან – ენერგეტიკოსებთან, ეკოლოგებთან, სეისმოლოგებთან, ჰიდროლოგებთან და გეოლოგებთან შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებული ექსპერტები ორი თვის განმავლობაში იმსჯელებენ „ნამახვანი ჰესის“ პროექტის კვლევებზე. „თუკი ისინი გამოავლენენ რისკს, რაიმე ხარვეზს, ან გამოთქვამენ სურვილს, რომ კვლევების რომელიღაც კომპონენტი შეიძლება იყოს გასაძლიერებელი, ჩვენ იმავე ფორმატით შევიკრიბებით, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს, შევიმუშავებთ მათი გადაჭრის გზებს და წარვუდგენთ კომპანიას. ეს არის გარანტია იმისა, რომ პროექტი სრულიად უსაფრთხო იქნება. გარდა ამისა, ინფორმაცია ამ პროექტის უსაფრთხოების შესახებ ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის და ეს არის სწორი პროცესი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, თუკი საზოგადოებაში, მათ შორის, ექსპერტულ წრეებში დამკვიდრდა აზრი, რომ პროექტს აქვს გარკვეული რისკები, რომელთა გამორიცხვა არ მოხდა, თუმცა შეიძლება გამოირიცხოს შემდგომში სწორი კვლევების შედეგად, ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე შესაბამისი პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვა მოსამზადებელ სამუშაოებზეა გაცემული, რომელიც ადგილზე სამშენებლო ბანაკის გამართვას და სხვადასხვა ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავს. „ეს სამუშაოები არ მოიცავს კაშხალს. თუმცა რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, მისი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. პრაქტიკულად, სამუშაოები არც შეწყვეტილა, კომპანია ადგილზეა, ტექნიკა იქ არის, მუშები იქ არიან და გაგრძელდება ნორმალურ რეჟიმში. ასევე, შეგახსენებთ, რომ 28-კილომეტრიანი გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთს კომპანია შეაკეთებს, ან ახლიდან ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. აქ რაიმე რისკები, რომელთაც ჩვენი ექსპერტებიც ხედავდნენ, არ არსებობს. მთავარი კითხვები იყო კაშხალთან და წყალსაცავთან დაკავშირებით და ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ მოვისმინოთ რეკომენდაციები და გამოსწორების მითითებები მივცეთ კომპანიას და უკვე ამის საფუძველზე გაიცეს ნებართვა კონკრეტულ ნაგებობაზე“, – განმარტა ნათია თურნავამ.
ანდრიუს კუბილიუსი: პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლენა - ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ახლა ვხედავ საქართველოში
რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია და პირდაპირ ვიტყვი, მე არ მესმის. მე რომ მაგალითად ოპოზიციის წევრი ვყოფილიყავი მაშინვე დავთანხმდებოდი წინადადებებს. დიახ, ჩვენ ვაწერთ ხელს -მაშინვე ამას ვიტყოდი. მმართველმა პარტიამაც თავის მხრივ უნდა გადაწყვიტოს შემდგომი ნაბიჯები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია და სურს ყველაფერი გააკეთოს კრიზისის გადასაჭრელად, თუმცა მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს სურთ ეს პირადი სარგებლის მისაღებად გამოიყენონ. „აქვე გეტყვით, იმითაც განცვიფრებული ვარ, თუ რატომ არ მოაწერა ხელი წარმოდგენილ წინადადებებს მმართველმა პარტიამ, სადაც საუბარი არაა ვადამდელ არჩევნებზე , 2024 წლამდე არჩევნების ჩატარებაზე. მე ვფიქრობ, ორივე მხარეს არის პრობლემა და ეს ეხება ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე მედიაციის დროს გამოვლენილ ყურადღებას და მედიაციის უმაღლეს დონეს. დიახ, საქართველოს წარმატებით ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია. ევროკავშირი შეშფოთებულია და სურს გააკეთოს ყველაფერი პრობლემის გადასაჭრელად და ამას ყველა თვალნათლივ ხედავთ, მაგრამ როგორც უკვე მე ვხედავ, პოლიტიკურ პარტიებს სურთ ეს ინტერესი გამოიყენონ იმისათვის, თუ როგორ მიიღონ მეტი სარგებელი და არა იმისთვის რომ პოლიტიკური კრიზისი სწრაფად გადაიჭრას. ეს არის არასწორი აღქმა. არასწორი აღქმა იმ ყურადღების, რომელიც ევროკავშირიდან მოდის. ასეთ მაგალითს მოვიყვან. ეს ჰგავს დიდი ყურადღების გამოჩენით ბავშვის გაფუჭებას. როდესაც ბავშვი დიდი ყურადღების ქვეშ არის და კიდევ უფრო ცუდად იქცევა. შენც ყურადღებას ზრდი და ცდილობ დაარწმუნო ის კარგად მოიქცეს. ზოგჯერ ეს არ მუშაობს და სასურველ შედეგს არ იძლევა. პრობლემა ყურადღების გამოჩენის არასწორი აღქმა ხდება. მივდივართ კითხვამდე რა უნდა მოვუხერხოთ ყურადღებით გაფუჭებულ ბავშვს. გავაგრძელოთ ყურადღების გამოხატვა თუ დავტოვოთ ბავშვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისთვის და გაიგოს რას კარგავს მაშინ, როდესაც არავინ ყურადღებას არ აქცევს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლენა - ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ახლა ვხედავ საქართველოში. დეტალურად გავეცანი დანიელსონის წინადადებებს და ეს არის ნამდვილად საკმარისი კრიზისის დასაძლევად. ამნისტიაც წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია“, - აღნიშნა კუბილიუსმა.
ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო
რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელს ვლადიმირის ოლქში, ქალაქ პოკროვის No2 გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ის მოითხოვს „აღასრულონ კანონი“ და მასთან დაუშვან „მიწვეული ექიმი“. ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარების ნაცვლად მას „უძილობით“ აწამებენ, ანუ „ღამის განმავლობაში რვაჯერ“ აღვიძებენ, და რომ შიმშილობის გარდა ბრძოლის სხვა მეთოდები კოლონიაში არ არის. "რატომ აცხადებენ პატიმრები შიმშილობას? ეს საკითხი აწუხებთ მხოლოდ მათ, ვინც არ ყოფილა პატიმარი. ეს ყველაფერი გარედან რთულად გამოიყურება, ხოლო შიგნით - ყველაფერი მარტივია: ბრძოლის სხვა მეთოდები არ გაქვს და შიმშილობ. მე მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო წამალი. არც ერთი და არც მეორე უბრალოდ არ მომცეს. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა და ახლა მარცხენა ფეხის არეში დავკარგე მგრძნობელობა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, მაწამებენ ძილის უკმარისობით - ღამეში 8-ჯერ მაღვიძებენ. რა გამეკეთებინა? გამოვაცხადე შიმშილობა კანონის აღსრულების და ჩემთან მოწვეული ექიმის შემოშვების მოთხოვნით. ასე რომ, ვწევარ მშიერი, თუმცა ჯერჯერობით ორივე ფეხი მაქვს“, - წერს ნავალნი.
ანდრიუს კუბილიუსი: დანიელსონის დოკუმენტზე ორივე მხარეს უნდა მოეწერა ხელი
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელი როგორც საქართველოს მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უნდა მოეწერათ. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა. როგორც დანიელსონმა აღნიშნა, მას გაუკვირდა, რომ მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ შემოთავაზებულ დოკუმენტს. მისი თქმით, შემოთავაზებები ძალიან ძლიერი, ამბიციური და მასშტაბური იყო და იძლეოდა კრიზისის გადაწყვეტის შესაძლებლობას. "ეს შემოთავაზებები ძალიან ძლიერი, ამბიციური და მასშტაბური იყო და გაკვირვებული ვარ, რომ მმართველმა პარტიამ ღიად არ დაუჭირა მხარი, ასევე ოპოზიციამ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტზე ორივე მხარეს უნდა მოეწერა ხელი. მე ძალიან გამიკვირდა, რომ მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ უჭერდა მხარს მმართველი პარტია დანიელსონის შემოთავაზებას. როდესაც დავინახე ის წინადადებები, რომელიც დადო დანიელსონმა, მე დავინახე შესაძლებლობები იმისა, რომ ეს კრიზისი გადაწყვეტილიყო. ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეიძლება, ამნისტია ყოფილიყო, შეიძლება, გირაოს შეტანა, მაგრამ რაღაც გზით შეიძლებოდა გადაწყვეტილების მოძებნა. არაერთხელ მითქვამს, რომ მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიზაცია არ არის კარგი და საქართველომ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს, რადგან ამ კრიზისიდან გამოვიდეს და შემდეგ სწორად განვითარდეს", – განაცხადა კუბილიუსმა. მისივე თქმით, ორივე მხარეს მყოფ პოლიტიკურ ძალებს მეტი სიმამაცე და პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ: "სიმამაცე უნდა გამოიჩინონ მაშინაც კი, თუ ამომრჩევლები, ქუჩაში მყოფი ადამიანები არ არიან ბედნიერნი მათი პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით. პოლიტიკოსს უფრო უკეთესად უნდა ესმოდეს, როგორ მდგომარეობაშია სახელმწიფო, რამ შეიძლება, დააზიანოს ქვეყნის მომავალი და აქედან გამომდინარე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის და რა მათი ინტერესებისთვის". მისივე თქმით, ევროპარლამენტარების ჯგუფს ხვალ ექნება შეხვედრა დანიელსონთან და დეტალებზე და ევროკავშირის სამომავლო გეგმებზე საუბარი ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. "ძალიანა ადრეა, იმის თქმა რა იქნება მომავალში. ხვალ გვექნება შეხვედრა დანიელსონთან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს შორის არასწორი აღქმა არის ევროკავშირის ხელმძღვანელობის ჩართულობისა ამ კრიზისში. როგორც ჩანს პარტიები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის ჩართულობა საკუთარი სარგებლისთვის უნდა გამოიყენონ და არა საქართველოს სარგებლისთვის. და ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რაც უარყოფითად მოქმედებს ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეხედულებაზე მათ მიმართ. შეძლება ერთ–ერთ ეტაპზე ევროკავშირის ხელმძღვანელობამ თქვას, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ახლა თვითონ მოაგვარონ საკუთარი საქმეო", - განაცხადა კუბილიუსმა.
ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა
რუსი ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა. ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. პოზნერს დაბადების დღე 1 აპრილს აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ცნობისთვის, სწორედ ვლადიმირ პოზნერს ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". მისი ჩამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ დაწერა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამაც. ,,აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", - აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგულაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში. ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია", - წერს ელენე ხოშტარია.
სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ
სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. ისინი იმ სასტუმროსთან იმყოფებიან, სადაც რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად იმყოფება. აქტივისტები ადგილზე სასტვენებით მივიდნენ და პროტესტის ნიშნად სასტუმროს კარებზე აბრახუნებენ. მანამდე, რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მას ჟურნალისტები დახვდნენ, თუმცა პოზნერს კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობითვის, რუსი ტელეწამყვანი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
არჩილ თალაკვაძე: ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან კახა კალაძეს ექნება
"კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს და ტოვებს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს. ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან, რა თქმა უნდა, ექნება სწორედ კახა კალაძეს" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში. მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და დიალოგის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას აქტიურად დაიწყებს. „კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ჩვენ მასთან ერთად არა ერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არა ერთი მნიშვნელოვანი პირობა და მნიშვნელოვანი პროექტიც გვაქვს განხორციელებული. კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს და ტოვებს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს. გარწმუნებთ, რომ ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს ბოლომდე და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თბილისელებისთვის მიცემული პირობებიც მაქსიმალურად შევასრულოთ, რის შესაძლებლობასაც ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გვაძლევს. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია იწყებს მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ დიალოგის დასრულების შემდეგ ჩვენ აქტიურად გადავერთვებით თვითმმართველობის არჩევნებზე. ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან, რა თქმა უნდა, ექნება სწორედ კახა კალაძეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
შსს: რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა. „აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა“,- აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, რუსი ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ
აქტივისტებმა სასტუმროს, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, ელექტროენერგია გაუთიშეს
სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმროს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, ელექტროენერგია გაუთიშეს. ისინი რუსი ჟურანლისტის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ მოქმედებით მიანიშნებენ რუს სტუმრებს, რომ საქართველო უნდა დატოვონ. "ელექტრო ენერგია გავთიშეთ გარედან!!!იღიღინონ ლეონწიევის სიმღერები სანთლის შუქზე!ხვალინდელი დღის სრული განრიგი ვიცით და არ შევარგებთ!", - წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ შსს: რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია