ძებნის რეზულტატი:
ევროპარლამენტარი: ვიზალიბერალიზაციის თემაზე არ გვქონია დისკუსია. არასწორი მიდგომაა, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს
ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტს თუ განვიხილავთ, კრემლს ძალიან გაუხარდება და ისინი იტყვიან, მოდით, უვიზოდ მობრძანდით რუსეთში, რაც არავის უნდა, - ამის შესახებ "TV პირველის" ეთერში ევროპარლამენტარმა, საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა განაცხადა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საფრთხე დაემუქროს ვიზალიბერალიზაციას, მიხაელ გალერი პასუხობს, რომ ამ თემაზე დისკუსია არ ყოფილა. "ვიზალიბერალიზაციის თემაზე არ გვქონია დისკუსია. პირადად მე ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარ. არასწორი მიდგომაა, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს და მწამს, რომ ასე ფიქრობენ ჩემი კოლეგებიც. ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას თუ განვიხილავთ, კრემლს ძალიან გაუხარდება და ისინი იტყვიან, მოდით, უვიზოდ მობრძანდით რუსეთში, რაც არავის უნდა. ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ ძალიან აქტიურად და გადალახონ პოლიტიკური კრიზისი, რათა საქართველო დარჩეს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ახალ პროგრამას განახორციელებს
ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ახალ პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასს შეხვდა. "შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის ახალი, მასშტაბური პროგრამის დეტალები განიხილეს. პროგრამა, რომელიც 2022-2027 წლებში განხორციელდება, გარემოს დაცვის მიმართულებით 20 მლნ ევრომდე ოდენობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ნარჩენების მართვა, ინდუსტრიული ემისიების შემცირება, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონმდებლობის და კლიმატის ცვლილების კუთხის ეროვნული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობების მხარდაჭერა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყება 2,5 მლნ ევრომდე ღირებულების ტექნიკური დახმარების ორი პროექტიც. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 580 ადამიანს დაუდასტურდა. 215 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 729 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 531 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 198 PCR ტესტით. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 369-ს.გამოჯანმრთელებულდთა რაოდენობა. გაიზარდა - 274 145-მდე. გარდაიცვალა 3 804 ინფიცირებული. დადებითობის მაჩვენებელი: 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.85 %. ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან 331 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 51, იმერეთი - 56, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 5 394, საიდანაც: 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 824, აჭარაში - 239, იმერეთში - 292. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი: 337 , მათ შორის, თბილისში - 142, აჭარაში - 36, იმერეთში -81. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 68, მათგან თბილისში - 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 5. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 75 - აჭარაში. 3 405 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 11. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 950 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 907 პირი, აჭარაში - 1 190, იმერეთში - 935.
საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი შემოვიდა
საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 000 დოზა შემოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც Sinopharm-ის პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს. Sinopharm-ის ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებსა და სამედიცინო პერსონალს შეეძლება. გარდა Sinopharm-ისა, ჩინეთი საქართველოს კიდევ ერთ ვაქცინის, Sinovac-ის 100 000 დოზას ჩუქნის.
თამარ გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის Sinopharm-ი მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას
"გვაქვს მოლოდინი, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის Sinopharm-ი მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განცხადა. „საქართველომ მიიღო 100 000 დოზაSinopharm-ის ჩინური წარმოების ვაქცინა. დღეის მდგომარეობით ამ ვაქცინას უკვე ათობით ქვეყანა იყენებს. 40 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული Sinopharm-ით. კვლევები, რომლებიც ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს გვიჩვენებს და გვაქვს მოლოდინი, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის Sinopharm მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვაქცინა უკვე ავტორიზებულია უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რომელიც მკაცრ მარეგულირებლად ითვლება. ეს ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში. Sinopharm გამოყენებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა კომპანიების ვაქცინები. მის შენახვას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები.Sinopharm ინახება 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმში, რაც იმუნიზაციის პროგრამისთვის რუტინული რეჟიმია. ვფიქრობთ, რომ აპრილის მეორე ნახევრიდან Sinopharm-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, დღეს, საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 000 დოზა შემოვიდა.
სუს-მა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 4 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, 2021 წლის 9 მარტს, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგულებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს .გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - აღნიშნულია განცხადებაში.
ექსპერტთა ჯგუფი გელათის სახურავის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლის
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს შეხვდა, რომელიც სპეციალურად გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში საშემსრულებლო ხარვეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის გზების ძიების მიზნით შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის. "შეხვედრაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რომ იუნესკოსთან სრულფასოვანი კომუნიკაცია აწარმოოს და მოკლე ვადებში მიაღწიოს საქართველოში ისეთი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ქვეყანას სამწუხაროდ არ ჰყავს (სხვებს შორის, მოჭიქული კრამიტით გადახურვის სპეციალისტი). ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს (მათ შორის ფოტო- და ვიდეომასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოცემული მასალები სამინისტროსა და ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ჩატარებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავონ. გარდა ამისა, განისაზღვრა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშებს აიღებს ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით, ვინაიდან, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია. წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სამინისტრო გეგმავს მეორე ჯგუფის შექმნასაც, რომელშიც ფერწერის სპეციალისტები გაერთიანდებიან და დაზიანებული ფრესკების გადარჩენის საკითხზე იმუშავებენ.
რიონის ხეობაში "ენკას" ახალი დირექტორი ჩავიდა
რიონის ხეობაში თურქული კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. როგორც მერაბ ლომინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც „ნამახვანი ჰესი“ მოუტანს ქვეყანას და უშუალოდ ხეობას. „ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან დღეს, როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს. მინდა, მოვინახულო ყველა სამშენებლო მოედანი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ პროექტზე და ყველა ძალიან დიდი იმედით შევცქერით ამ პროცესებს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტის და მისი მნიშვნელობის მიმართ. ნებისმიერ დროს მზად ვარ, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო. ყველას მოვუწოდებ, დისკუსიები დიალოგის ფორმატში გავმართოთ, პროფესიულად, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე. ჩვენ, როგორც კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივებს, რომლებიც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პროექტის განხორციელებისათვის ჩვენ ხელთ არსებულ ყველა დასკვნასა და მასალას. ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები, ეს იქნება კაშხლის მშენებლობა თუ სხვა, არ დაიწყება, ვიდრე არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს ქვეყანას და უშუალოდ ამ ხეობას“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ. რიონის ხეობაში დისკუსია ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ "რიონის ხეობის მცველები" ჰესის მშენებლობას უკვე 160 დღეა აპროტესტებენ და ადგილზე ღამეს კარავში ათენებენ.
იტალიამ სააღდგომოდ სამდღიანი მკაცრი "ლოკდაუნი" გამოაცხადა
იტალიამ, კორონავრუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღდგომოდ, სამდღიანი მკაცრი "ლოკდაუნი" გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა, რადგან ქვეყანა ვირუსის მესამე ტალღას ებრძვის. დღეში, კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 20 000 შემთხვევაა. - აიკრძალა არააუცილებელი გადაადგილება, დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, ოჯახებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა კი ორამდე შეიზღუდა. აღსანიშნავია, რომ ეკლესიები ღია რჩება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონებში მდებარე ეკლესიებში დაესწრონ. წესლ, გასული წლის მსგავსად, რომის პაპი ფრანცისკე სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოსთქვამს.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა
მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის „ნიუჰოსპიტალის" კლინიკაში გუშინ გადიყვანეს. მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს სანქციები მოუხსნა
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა როგორც "არაადეკვატური და არაეფექტური". ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს დაუწესა ფინანსური სანქციები მთავარ პროკურორს ფატუუ ბენსუდას მას შემდეგ, რაც მან დაიწყო გამოძიება ავღანეთში ამერიკული ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდნენ ადგილზე და ვითარებას სწავლობენ. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პათოლოგიური მასალა და გადაგზავნილია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. სააგენტოს ვეტერინარების ჯგუფი გამომწვევი მიზეზების მოკვლევას განაგრძობს. ადგილზე გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ირანში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო
ირანის 32 პროვინციიდან 2 პროვინციაში - ალბოსზა და ილამში - კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. აღნიშნულს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კიდევ 7 რეგიონი, მათ შორის თეირანიც უკვე მოთხე ტალღის ზღვარზეა. "თუ არ ვიქნებით მზად, შესაძლოა, ამ ტალღას სხვა პროვინციებშიც შევხვდეთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ. ,
ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან
ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან. დღევანდელ შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის”, "ევროპული საქართველოს”; "სტრატეგია აღმაშენებელის”, "ლელო საქართველოსთვის”, "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის”, "ერთიანი საქართველოს” და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც ცნობილია, შეხვედრის მიზანი სამოქმედო გეგმის განხილვაა. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, გაფართოებული შეხვედრის ფორმატში უნდა გაიწეროს კონკრეტული მოსამზადებელი გეგმა 15 მაისის მასშტაბური აქციისასთვის. "დღეს ვისაუბრებთ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ 15 მაისი მომზადდეს უფრო კარგად", - განაცხადა კაკო ბობოხიძემ. ,
პრემიერი: თანამედროვეობის უდიდესი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, ვუსამძიმრებ ოჯახს და ქართულ საზოგადოებას
"თანამედროვეობის უდიდესი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა – მას არასოდეს მოჰკლებია ქართველი მკითხველის აღიარება და სიყვარული. მისი ყველა ნაწარმოები მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს აღვივებს და განსაკუთრებით ძლიერ კვალს ტოვებს ყველა თაობის მკითხველზე", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას. პრემიერი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცახდებს მის ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას "გურამ დოჩანაშვილმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი ფრთიანი ფრაზები და დაუვიწყარი ლიტერატურული გმირები სამუდამოდ დარჩებიან ქართველი მკითხველის ხსოვნაში. ასეთი გმირების შექმნა მხოლოდ ჭეშმარიტად ნიჭიერ, გულწრფელ და გამორჩეულად კაცთმოყვარე შემოქმედს შეუძლია.გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია გურამ დოჩანაშვილის უკვდავი შემოქმედება“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში. თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა
არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 62 წლის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს. „ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ,“- წერს ფერნანდესი. აღსანიშნავია, რომ არგენტინის პრეზიდენტმა, იანვარში რუსული ვაქცინა Sputnik V გაიკეთა.
ვლადიმირ ზელენსკი: ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დარჩება
"აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას დამარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, დონბასში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, განაცხადა. ზელენსკის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, უკრაინაში, ჯო ბაიდენის სამომავლო ვიზიტიც განიხილეს. „ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება მინსკისა და ნორმანდიულ ფორმატებში რთული, თუმცა ძალიან აუცილებელი მოლაპარაკებების გაგრძელების საწინდარია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ჩვენს არმიას შეუძლია, ნებისმიერს გაუწიოს წინააღმდეგობა. ეს აძლიერებს ჩვენს პოზიციებს დიპლომატიური გზით ვითარების დასარეგულირებლად, რაც უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციისთვის აირჩია. ამ გზაზე ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების სრული და უცვლელი მხარდაჭერა, კერძოდ ევროპისა და აშშ-ის. ამის ერთ-ერთი დადასტურება საუბარი, რომელიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მქონდა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ დონბასში შექმნილი სიტუაცია. პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბოლო დღეებში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ნაწილში და დაიჭრა ორი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ". ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "სამხედრო მაღალჩინოსნებს ესმით, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის გაჩაღებას, საზიანო იქნება" .
რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი პირბადის არქონის გამო 357 დოლარით დააჯარიმეს
რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი ვლად ვოიკულესკი 357 დოლარით მაშინ დააჯარიმეს, როცა პარლამენტის შენობაში სამედიცინო ნიღბის გარეშე გადაადგილდებოდა. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით Digi24 ავრცელებს. გამოცემის თანახმად, 29 მარტს ჟურნალისტებმა მინისტრს ფოტოსურათი გადაუღეს, როდესაც მან საპარლამენტო ფოიეში სხვა პირთან საუბრის დროს სამედიცინო ნიღაბი მოხსნა. მინისტრმა განმარტა, რომ მან ნიღაბი წყლის დალევის მიზნით მოიხსნა იმ დროს, როცა მის გარშემო არავინ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით, რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დანაშაული აღიარა.
გერმანიის პრეზიდენტი მოსახლეობას კიდევ ერთი ლოკდაუნის შესახებ აფრთხილებს
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მოსახლეობას კიდევ ერთი ლოკდაუნის შესახებ აფრთხილებს. შტაინმაიერმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა , მზად იყვნენ მორიგი რამდენი მეკვირიანი მკაცრი შეზღუდვებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისგან თავის დაღწევს ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, ამიტომ მოქალაქეებს მოუწდებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში „მე ვენდობი ყველა ვაქცინას, რომელიც გერმანიაშია აკრედიტებული. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობ. ახლა პანდემიის მესამე ტალღის შუაში ვიმყოფებით. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა ყველა ჩვენგანის ძალისხმევა. უახლოეს კვირებში მკაცრი შეზღუდვების დაწესება იქნება აუცილებელი. პანდემიის დასამარცხებლად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა იყო შეცდომებიც - როგორც ვაქცინაციის, ასევე ტესტირების დროს“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
შსს ნამახვანჰესზე: რიონის ხეობაში დილიდან პოლიციაა მობილიზებული, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.