ძებნის რეზულტატი:
ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით დღევანდელ ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მისი მოადგილე თამარ გაბუნია და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი მთელი საქართველოს მაშტაბით. ეს ემსახურება უმთავრეს მიზანს, ჩვენი პედაგოგების, ჩვენი შვილების, მოსწავლეების ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ეს არის მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, პანდემიის გამო დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე ხვალ კოვიდსაბჭო იმსჯელებს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებაზე, ხვალ, პრემიერის მეთაურობით მოწვეული კოვიდსაბჭო იმსჯელებს. ტიკარაძე აცხადებს, რომ სხდომაზე ასევე იქნება მსჯელობა, თუ რომელი ორგანიზაციები არ იმუშავებენ უქმედ გამოცხადებული დღეების განმავლობაში. „ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, ამისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული იქნას მსგავსი მიდგომა, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათას აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს, რომელიც განხორციელდება. საბჭოზე განვიხილავთ კომპლექსურად იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რათა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია დაწესდეს. ასევე, საბჭო უქმე დღეებთან დაკავშირებითაც იმსჯელებს. ვიმსჯელებთ, რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება“,- განაცხადა ტიკარაძემ.
„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა
„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა. ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ავრცელებს. "საჩივარი მოამზადა დავით ჯანდიერმა, რომელიც წარმოადგენს მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საჩივარი მომზადდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ივერი მელაშვილის ინტერესებს იცავენ გიორგი მშვენიერაძე და ედუარდ მარიკაშვილი, ხოლო ნატალია ილიჩოვას - ნესტან ლონდარიძე, სულხან კომახიძე და გიორგი მახარაძე", - ნათქვამია განცხადებაში.
თელავში 9 წლის ბიჭს, ზებრაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა
თელავში 9 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე მოზარდი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ერეკლე მეორის ცენტრალურ მოდანზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ წუთებში შესაბამისი დახმარება უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა იმართება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება. შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდა.
თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს
მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. შეტყობინების მიღებისთანავე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მაშველები დაკარგულ მოქალაქეს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ. მაშველებმა აქტიური სამუშაოების შედეგად, მამაკაცის ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს. პროცესში ჩართული იყო 3 მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი", - ნათქვამია განცხადებაში.
შარლ მიშელი: დღეს მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე შეხვედრას ეხმაურება. „სალომე ზურაბიშვილთან და ყველა ლიდერთან ერთად ვიმყოფები პოლიტიკური კრიზისის გამოსავალზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ. დღეს მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს. ეს მიღწევა თქვენია. ახლა გამოწვევა ამის ამოქმედებაა“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა
პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა. თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა. „საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, რომელიც 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება. II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, დროულად მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა შეუფერხებლად შეძლონ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთში აშშ-ის ელჩი კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში ბრუნდება
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ სალივანი კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში ბრუნდება. როგორც გამოცემა წერს სალივანი რუსეთში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება. ცნობისთვის, ამერიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა განსაკუთრებით გასულ კვირას დაიძაბა, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
სალომე ზურაბიშვილი: სიტყვების დრო დასრულდა, საქმის დრო დაიწყო, საქართველო და ევროპა გველოდება
ეს შეთანხმება ასახავს მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მსოფლიოში საქართველოს კრიზისზე უფრო დიდი მასშტაბის არაერთი კრიზისი არსებობს, მაგრამ ევროკავშირის ასეთი ჩართულობა არის უპრეცედენტო. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა სიახლოვე არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ იმ ძალისხმევისთვის, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. დღეს დილიდან დოკუმენტს ახალი ხელმოწერები ემატება და ეს იმას ნიშნავს, რომ გუშინ დაწყებული დინამიკა გრძელდება და იმედია, მომავალ დღეებშიც გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს არის ყველას გამარჯვება, პირველ რიგში საქართველოს გამარჯვება. შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ საზოგადოება ნამდვილად იყო გადაღლილი, დაძაბული და შეურაცხყოფილი ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით, ვინაიდან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც საქართველოს უნდა ჰქონდეს. ამიტომ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და გრძნობს, რომ ეს არის გამარჯვების დღე. პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე გამოიღო შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება. პირველ რიგში, ეს პარლამენტის გაძლიერებაა, რამეთუ ეს უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც შეუძლია იყოს არა დაპირისპირების ადგილი, არამედ ორგანო, სადაც გადალახული იქნება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.ის უფლებები, რომელიც ოპოზიციას ენიჭება პარლამენტში, ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტების დონეზე, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში ოპოზიციას ასეთი უფლებები არ აქვს. პარლამენტი გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით შედეგებს. ამ შეთანხმების შედეგად გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობისა და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტის ხელმოწერისთვის, უბრუნებს პრეზიდენტს მის ნამდვილ როლს, ნდობას და პატივისცემას, რომლის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. თუ საჭირო გახდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება, პრეზიდენტს კვლავ შეეძლება, შეასრულოს მედიატორის როლი. მგონია, რომ ეს არის საზოგადოების სურვილიც. პოლიტიკურ შეთანხმებაში დევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები. საფუძველი ედება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას და მათი ევროპულ დონეზე აყვანას. სასამართლო და საარჩევნო სისტემები ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამდენად, მომავალში ამ რეფორმების მიღებით ჩვენ გვექნება ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო და საარჩევნო სისტემები. არანაკლებია ამ შეთანხმების შედეგი ჩვენი საგარეო პოლიტიკის კუთხით. ეს შეთანხმება ასახავს მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მსოფლიოში საქართველოს კრიზისზე უფრო დიდი მასშტაბის არაერთი კრიზისი არსებობს, მაგრამ ევროკავშირის ასეთი ჩართულობა არის უპრეცედენტო. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა სიახლოვე არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით ბატონ შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება. შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.
შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ჩართულობა უკვე მდგრადი გახდა
"პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ჩართულობა უკვე მდგრადი გახდა", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს არის დღე, როცა პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს ძლიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს არის ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას და საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. ქართველმა ლიდერებმა მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთხვნით. მე კარგად ვიცი რაოდენ დიდი ძალისხმევა არის ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში. ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანების ამ შედეგს ელოდნენ", - განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელი: ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები
"ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით, ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავო რეფორმებს. ეს უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, სამართლებრივ რეფორმას. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ევროკავშრი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. საქაღტველო ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სასამართლო რეფორმები, რომელიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს ქინება საფუძველი პარლამენტის მდგარი ფუნქციონირებისა. ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენი თანამშორმლობა გახლავთ დაფუძნებული საერთო ინტერესებზე. ევროკავშირი არის საქართველოს უდიდესი დონორი" - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი თქმით, საქართველოსთვის და ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება. ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით კი ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა. "ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაძლიერებას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. მივესალმები იმ იდეას რომელიც უკავშირდება საქართველოსა, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების შეკრებას, რათა განიხილონ ზემოაღნიშნული შეთანხმება. საქართველოსთვის, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება. დღეს შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით. ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები", - განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება. პირისპირ შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, პრემიერის პირველი სამუშაო შეხვედრაა. ცნობისთვის, პრემიერთან შეხვედრამდე შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
პრეზიდენტი: ბატონ მიშელს შევთავაზე, ბათუმის ცნობილი კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებამ მიიღოს სრულყოფილი სახე, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან შესთავაზა პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომ ივლისში, ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ევროკავშირთან, გადაიქცეს ასოცირების სამიტად. "კონფერენციაზე მოვიწვიოთ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები, ევროკავშრთან ერთად და ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ასოცირებამ, რომელიც გვაკავშირებს ამ სამ ქვეყანასა და ევროკავშირს. დღეს შეხვედრაზე ასევე ვისაუბერეთ აღმოსავლეთ პარტნიორების მომავალ სამიტზე. ეს ორი ერთმანეთს ავსებს და ორივე არის ის ძალიან მჭიდრო კავშირები, რაც ევროკავშირთან გვაქვს და რომელიც უნდა ავამოქმედოთ სრულყოფილად ისე, რომ ამ რეგიონში მეტი სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება შემოვიტანოთ. ამაში დევს როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირის ინტერესები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი რეგიონის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია განვავითაროთ ის პროგრამები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებს და აახლოვებს ერთმანეთთან. ანუ კულტურა და განათლება - ესაა ის ორი მიმართულება, სადაც საქართველო უნდა წავიდეს ისე შორს, როგორც შეიძლება და კიდევ უფრო შორს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ეკუთვნიან ნამდვილად ერთ ოჯახს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. ვიზტის გადაწყვეტილება სპონტანურად 19 აპრილს მიიღო მას შემდეგ რაც, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
შარლ მიშელი: ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება
"ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებული გახლავთ საერთო ინტერესზე, რომელიც აისახება პრაქტიკული ნაბიჯებით", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინკლუზიური ჩართულობა იქნება. "მსურს ავღნიშნო, რომ ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებული გახლავთ საერთო ინტერესზე, რომელიც აისახება პრაქტიკული ნაბიჯებით. ევროკავშირი გახლავთ საქართველოს უმსხვილესი დონორი. 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტი არსებობს, რომლის ბიუჯეტი 500 მილიარდ ევროზე მეტი გახლავთ. ეს ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებაზე, ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ზემოაღნიშნული სფეროები, რომელშიც ევროკავშირი ინვესტირებას ახდენს. 1,8 მილიარდ ევროზეა საუბარი, რომელიც მიძღვნილი გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მწვანე ენერგიისთვის. ჩვენი მზაობა და მხარდაჭერაც მომავალშიც გაგრძელდება. მას შემდეგ რაც ვიხილავთ, ზემოაღნიშნული რეფორმების გაძლიერებას, გაღრმავებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი გახლავთ განსაკუთრებით რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე“,- განცხადა შარლ მიშელმა.
ზესტაფონში, სოფელ აჯამეთთან, არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
თენგიზ ცერცვაძე: თბილისის ზრდასრული მოსახლეობის მესამედს COVID-19 გადატანილი აქვს
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 10 მარტის მონაცემებით, COVID-19 თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-მა გადაიტანა. როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნა, შესწავლილ იქნა COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობა (გავრცელება) თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში, სისხლში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრის გზით, რომელიც წარმოდგენას იძლევა, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი COVID-19 ისე, რომ თავად ამის შესახებ არ იცის და აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს მონაცემები შეადარეს COVID გადატანილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) პაციენტების რაოდენობას. „კვლევა მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა და მასში 903 პირი მონაწილეობდა თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19. მიღებული შედეგები გადაანგარიშებულ იქნა ქ. თბილისის მთელ მოსახლეობაზე. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა შემდეგი:თბილისის ზრდასრული მოსახლეობა შეადგენს 859 ათას პირს. მათგან ოფიციალური მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ა.წ. 10 მარტისთვის გადატანილი ჰქონდა 100 641 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11,7%-ს. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები გამოვლენილ იქნა 204 520 პირში (გამოუვლენლად გადატანილი COVID-19), რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 23,8%-ს. შესაბამისად გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას. ჯამში ა.წ. 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს. ანუ, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები). ანალოგიური კვლევა თბილისის მასშტაბით ჩვენ ადრეც ორჯერ გვაქვს ჩატარებული – 2020 წლის მაისში და 2020 წლის ნოემბერში. მაშინ კვლევის შედეგები ასეთი იყო: 2020 წლის მაისში გამოუვლენელი COVID-19 გადატანილი პირების რაოდენობა შეადგენდა ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს, ხოლო 2020 წლის ნოემბერში – 9.1%-ს,“ – წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.
მეთიუ ბრაიზა: რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა ამ სიტუაციაში, თუმცა ახლა ეს კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია
ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაასრულა. ამ შინაარსის განცხადება გუშინ, ევოპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორბელიანის სასახლეში შეკრებილი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების წინაშე, ვიდეოჩართვისას განაცხადა, როდესაც მხარეებმა მის მიერვე წარდგენილ დოკუმენტს საბოლოოდ მოაწერეს ხელი. შეკრებას პრეზიდენტი მასპინძლობდა, რომელმაც შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე დღეს, საქართველოს ეწვია. საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას - ეს იყო პრეზიდენტის გზავნილი შარლ მიშელისადმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა, არის თუ არა დრო უკვე ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდან, NATO-ს გაფართოების კუთხით, როგორ უყურებს საქართველოს წევრობის პერსპექტივას კრიზისების ფონზე და რა შემთხვევაში ფიქრობს, რომ ქვეყანა ისევ ჩიხურ ვითარებას შეიძლება, დაუბრუნდეს. _როგორ შეაფასებთ ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმების გაფორმებას და ხომ არ უნდა ჩავთვალოთ რომ კრიზისი დროებით განიმუხტა, თუ გავითვალისწინებთ დოკუმენტში ჩამოთვლილ პუნქტებს, მათ შორის სადავო საკითხს ვადამდელ არჩევნებზე. ასევე, ოპოზიციის ნაწილის პოზიციას, რომელიც ჯერ არ აწერს ხელს შეთანხმებას. ვულოცავ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მთავრობას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევას, რომელიც იმედი მაქვს, რომ დაასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს, თუ ეს შეთანხმება განხორცილდება. რამდენიმე დღის წინ გამოვხატე წუხილი, რომ ევროკავშირმა მოთმინება დაკარგა მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერმიღწევის საკითხის ირგვლივ და ეს მათ განცხადებაშიც ნათლად ჩანდა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში, შიდა დაპირისპირების მოგვარებას, ეს უკვე დემოკრატიას ეხება და ასეთი ვითარების დროს შეუძლებელი იქნებოდა საქართველოსთვის უფრო მიახლოებოდა ევროკავშირის ან შესაძლოა, NATO-ს წევრობას. როგორც მოგეხსენებათ, NATO დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება და თუ დემოკრატია არ ფუნქციონირებს, ვერასდროს შეუერთდები NATO-ს. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ეს შეთანხმება შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა ევროკავშირის ხელმძღვანელობით, რადგან მას შესწევს უნარი, მიაღწიოს კომპრომისს წევრ ქვეყნებს შორის სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე. ასე რომ, ყველა უნდა წავიდეს კომპრომისზე, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება, მაგალითად ევროპულ საბჭოში მიიღება. კომპრომისი ნიშნავს, რომ არავინ იღებს ყველაფერს, რაც სურს, ორივე მხარე რაღაც მეტს იღებს და ეს შეთანხმებაც ამას აჩვენებს. _კრიზისის დასრულება რამდენად შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ? ეს შეთანხმება არამხოლოდ იმიტომ არის მართლაც კარგი და მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტარები პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ, იმუშავებენ მნიშვნელოვან საკითხებზე და ასე შემდეგ, ის ასევე მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან მექანიზმს პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას შესახებ; ასევე ძალიან კარგია, რომ შეთანხმება მოუწოდებს საარჩევნო და სხვა პოლიტიკური რეფორმების შესახებ, რომელზეც პარლამენტში უნდა იმუშაონ და ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა ევროკავშირი და აშშ, რომლის ელჩმა კელი დეგნანმა დიდი როლი ითამაშა შეთანხმების საბოლოოდ მიღწევაში, ყველა, სიფრთხილით გიყურებენ. თუ მთავრობა სისრულეში არ მოიყვანს ამ საკითხებს, კრიზისს დაუბრუნდებით, თუმცა მთავრობის მხრიდან არსებული ამჟამინდელი დაპირება ამ კუთხით მნიშვნელოვანია. _თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა კრიზისის მიღმა ან მოიაზრება ან სარგებლობს რუსეთი, არის თუ არა დრო უკვე ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდანაც, ვგულისხმობ NATO-ს გაფართოების საკითხს? მე ვფიქრობ, რომ რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა ამ სიტუაციაში, თუმცა ახლა, როდესაც საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ მიაღწიეს შეთანხმებას, ეს საქართველოსთვის კარგია. ეს ასევე კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. ასევე მესმის იმ პოლიტიკური ლიდერების, რომლებმაც მოაწერეს და არ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას, იმედი მაქვს, რომ ისინი მალე იპოვიან გზას, რომ შეუერთდნენ ამ დოკუმენტზე ხელმომწერების რიცხვს. შესაძლოა, ეს მოითხოვდეს მოლაპარაკებებს, თუმცა საქართველოსთვის და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოზიტიური განვითარება - ვულოცავ ბატონ შარლ მიშელს, კრისტიან დანიელსონს და კელი დეგნანს, რომელთაც მხარეების შეკრება და შეთანხმების მიღწევა მოახერხეს. _დღეს საქართველოს შარლ მიშელი ჩამოვიდა, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოიწვია საქართველოში იმ მიზნით, რომ საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას... მე არ ვფიქრობ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი და NATO საქართველოსთან მიმართებით უფრო გააქტიურდებიან და უფრო მეტი სურვილი ექნებათ, დაეთანხმონ საქართველოს გაწევრიანებას ამ ორივე ორგანიზაციაში, რადგან პოლიტიკურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს მისწრაფებაზე წევრობის მიმართულებით. ასე რომ, ჯერ დროა საჭირო, ვიდრე ჯერ კიდევ შეთანხმება სრულად განხორციელდება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მაშასადამე, ევროკავშირს და NATO-ს დრო სჭირდებათ, დაინახონ, რომ საქართველოს დემოკრატია ნორმალურად მუშაობს.
,,შარლ მიშელს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი"
საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მზაობას, რათა ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. „შეხვედრაზე, პრეზიდენტ მიშელს მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მზაობა, მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების განხორციელებისკენ. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მზაობას, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე და შემდგომ ნაბიჯებზე, როგორიცაა მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციისა და სექტორული პოლიტიკის დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და გაძლიერება. შევეხეთ ასევე სხვა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებსაც, კერძოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.და ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს განსაკუთრებული, მართლაც უპრეცედენტო ჩართულობისთვის და მზაობისთვის, გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა კომპლექსური რეფორმების გზაზე, - გზაზე, რომელმაც ჩვენ საბოლოო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შარლ მიშელი: ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ
მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მადლობა, პრემიერ-მინისტრო. მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა პრემიერ-მინისტრო, ყველა მჭიდრო კონტაქტისთვის ბოლო კვირების განმავლობაში, მრავალი სატელეფონო ზარისთვის და ბრიუსელში თქვენი ვიზიტისთვის. ასევე თქვენი გამბედავი პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა. მისივე თქმით, დასაფასებელია ოპოზიციის ერთგულება. როგორც მიშელი აღნიშნავს, მათი გადაწყვეტილება არის არა სისუსტე, არამედ სიძლიერე. „ასევე მსურს, ჩემი დაფასება გამოვხატო ოპოზიცის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თვიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ აი, ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად იმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმებია ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, რათა გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშორომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა. ამასთან, მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის. „ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის, ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, საერთო ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. არსებული პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას, ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. დღეს მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებეში აქტუალურია. პრემიერო, გარწმუნებთ, რომ ყველა წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.