ძებნის რეზულტატი:
საკოორდინაციო საბჭო ხამდაზმულ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში
საკოორდინაციო საბჭო ხამდაზმულ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. დღეს საკოორდინაციო საბჭოს ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვასა და სხვა მოქმედ შეზღუდვებზე სახელმწიფო კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა მოქმედი შეზღუდვა ძალაში რჩება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედი შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება. როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განმარტა,ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგულაციების დაცვასა და მათ აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს. "მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით. ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე. როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე საზღვარზე შემოსული პირების PCR-ტესტირების ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ. საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი აქტიური ტესტირება. ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მოვუწოდებთ, მივმართავთ რეკომენდაციით მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორედ მოხმარება და დისტანციის დაცვა. ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია", - განაცხადა ღიბრაძემ. საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები: გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე.
ამირან გამყრელიძე: მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს და ამიტომ შესაძლებელია, რომ მომდევნო ტალღა შედარებით რბილი იყოს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ცივ პერიოდში, რომელიც რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტული დროა, ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ახლა შევდივართ შედარებით თბილ პერიოდში. უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს და ამიტომ შესაძლებელია, რომ მომდევნო ტალღა შედარებით რბილი იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
30 აპრილს საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 46 000 დოზა შემოვა
"30 აპრილს AstraZeneca-ს 46 ათასი დოზა შემოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზით ვაქცინაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა. "ამ დროისთვის 32 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. გუშინ ძალიან აქტიური იყო პედაგოგების ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი. 55 წელს ზემოთ ყველა ადამიანს შეუძლია, რომ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პროგრამაში, ახლა ძირითადად AstraZeneca-თი მიმდინარეობს ვაქცინაცია, ამასთან ერთად გრძელდება Pfizer-ით ვაქცინაცია ორგანოგადანერგილი პირებისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. ადგილები და ვაქცინების დოზები საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანები, 55 წლის ზემოთ დარეგისტრირდეს პროგრამაში. მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია UNICEF-დან, 30 აპრილს AstraZeneca-ს 46 ათასი დოზა ჩამოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებში და ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესი. ასევე, Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიხსნება 27 აპრილიდან. ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები Sinopharm-ის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაცია Sinopharm-ით და AstraZeneca-თი, - განაცხადა გაბუნიამ.
ამირან გამყრელიძე: ჩვენ პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევალთ
"ჩვენ პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევალთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ყველა მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია და მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით ჩვენ პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევალთ",- განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, გამოჯანმრთელების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის და ამ დროისთვის 94 %-ზეა.
გიორგი ღიბრაძე: სამსახურებს, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის ფუნქციონირებისთვის, დასვენების დღეები არ შეეხებათ
ცხადია, ნებისმიერი შემთხვევისთვის არსებობს სათადარიგო გეგმაც და უშუალო გეგმაც, რომელიც განხორციელდება კონკრეტულ ვითარებაში. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ეს ხორციელდება არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე და არსებული ინფორმაციის ანალიზით. შესაბამისად, ყველა დამატებითი ზომა შესაძლებელია იყოს მიღებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. ეს არ არის მოგონილი და არ არის საქართველოს „ნოუ ჰაუ“, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შეზღუდვების სათადარიგო გეგმას შეეხებოდა. მისივე თქმით, სამსახურებს, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის, არ შეეხებათ დასვენების დღეები და ისინი გააგრძელებენ მუშაობას. „უქმე დღეებზე შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ სამსახურებს, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის, არ შეეხებათ ეს დასვენების დღეები და ისინი გააგრძელებენ მუშაობას, არანაირ შეზღუდვებზე სხვა მიმართულებით საუბარი არ ყოფილა,“- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
ამირან გამყრელიძე: ჩვენი თხოვნაა, აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული ის რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად დაცული იყოს რეკომენდაციები. მისი თქმით, სასურველია ისევ მოხდეს ძირითადი ტაძრების რადიოფიცირება და მრევლის ძირითადი ნაწილი იყოს გარეთ. „დღეს იყო ეს საკითხი განხილული, გვექნება საპატრიარქოსთან კონსულტაციებიც. ჩვენი თხოვნაა აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული ის რეკომენდაციები რაზეც ვსაუბრობთ, ტაძრის შიგნითაც და გარეთაც პირბადის აუცილებლად ტარება, დისტანციის დაცვა, სანიტარიული წესების დაცვა და როგორც შარშან განხორციელდა, რომ ძირითადი ტაძრების რადიოფიცირება მოხდა, მრევლი იყოს ძირითადად გარეთ. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არ იყოს ზედმეტი რისკი გავრცელების. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რისკი მომატებული არ იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა
"დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს. უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, გარკვეული საფრთხე, რომ კორონაგადატანილ ადამიანებს ახლა ვირუსი უკვე „ბრიტანული შტამით“ შეხვდეს, არსებობს. „გიდასტურებთ, გარკვეული საფრთხე არის, მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც თუ შარშან ამ დროს რეინფიცირების ერთეული შემთხვევები იყო, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა ამან შესაძლოა გაზარდოს და არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ, ე.წ. ორმაგი შტამი ინდოეთის, სამხრეთ ამერიკული და ბრაზილიური შტამებიც. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, გარდა ბრიტანულისა, ეს შტამები ჩვენთან არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს. უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა. ლაბორატორიულად დადასტურებული 100-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა, ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით, 70-80% შემთხვევებში „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს ქვეყანაში, - განაცხადა გამყრელიძემ.
აუდიტი: თავდაცვის სამინისტროში ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ 697,406,534 ლარი შეადგინა
თავდაცვის სამინისტროს აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში არსებული ნაკლოვანებები, რაც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების უტყუარ და სამართლიან წარდგენას“, - ამის შესახებ აუდიტის სახელმწიფო დასკვნაშია აღნიშნული. აუდიტის დასკვნის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, 2019 წლის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ ჯამურად 697,406,534 ლარი შეადგინა. „სარდლობებისა და მათი ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში და ჯლუსში დამოუკიდებლად (ინდივიდუალურ დონეზე) წარმოდგენილი აქტივების რაოდენობრივი მონაცემები და აქტივებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინფორმაცია, ვერ უზრუნველყოფს ურთიერთშესადარისობასა და სანდოობას. კერძოდ, სამხედრო ქვედანაყოფების სააღრიცხვო ინფორმაციაში მოცემული საბალანსო ანგარიშების ნაშთები არსებითად განსხვავდება მათ შესახებ ფინანსების მართვის დეპარტამენტში არსებული ნაშთებისაგან. 2019 წლის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ ჯამურად 697,406,534 ლარი შეადგინა. სამინისტროს განმარტებით, 2020 წელს განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები მონაცემებს შორის სხვაობების შემცირების მიზნით და აღნიშნული უზუსტობების ჯამური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული მიმართულებით პრობლემის გამოსწორების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება სამუშაო პროცესი“, - აღნიშნულია დასკვნაში. აუდიტის ანგარიშის თანახმად, სამინისტროს არ აქვს დეტალურად შესწავლილი ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობის გამომწვევი მიზეზები, თუმცა აღსანიშნავია, რომ უზუსტობები ძირითადად გამოწვეულია აღრიცხვა- ანგარიშგების პროცესის ნაკლოვანებებით და არაერთგვაროვანი მიდგომების გამოყენებით. „ ამასთან, ხშირ შემთხვევაში არ არის დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ქვედანაყოფებსა და სამინისტროში ეკონომიკური მოვლენები აისახება სხვადასხვა პერიოდში. მაგალითად: 2019 წლის დეკემბრის თვეში გრანტის სახით მიღებული14 4,758,776 ლარის სატრანსპორტო საშუალებები, ქვედანაყოფის მიერ აღრიცხულია დაგვიანებით, 2020 წლის თებერვალში. ზოგიერთ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული არ არის, ხოლო ქვედანაყოფები ასეთ აქტივებს აღრიცხავენ მხოლოდ რაოდენობრივად.15 მაგალითად, 2019 წელს ქვედანაყოფების მიერ მიღებული 3,734,819 ლარის16 ღირებულების განუბაჟებელი აქტივები, თანხობრივად აღრიცხული არ არის. II ქვეით ბრიგადას 2018 წლის აგვისტოში გადაეცა 1,603,967 ლარის სათადარიგო ნაწილები, რომელიც ბრიგადის მიერ აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად. ერთ-ერთ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანება, ღირებულებით 39,280 ლარი, ჩამოწერილია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც17 , კომპანიას დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივების სამინისტროსთვის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელს დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია, სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული დავალიანების ჩამოწერა და აქტივების შემოსავლებში აღრიცხვა, ხოლო ქვედანაყოფის მიერ მარაგები მიღებული და შესაბამისად აღრიცხული არ არის. ü საინჟინრო ბრიგადამ 2019 წელს სამხედრო სისტემებს დაარიცხა 1,936,540 ლარის ცვეთა, თუმცა სამინისტროს არ აქვს შემუშვებული და დამტკიცებული აღნიშნული კატეგორიის ქონებაზე ცვეთის ნორმა. მონაცემთა სხვაობის მიზეზები დაკავშირებულია სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობასთან და რიგ შემთხვევებში ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების კომპეტენციასთან“, - წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა.
ომბუდსმენი: 2019-2020 წლებში საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის მიმართულებით 150 ადამიანი დააკავეს, აფხაზეთის მიმართულებით - 40
2019-2020 წლებში საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის მიმართულებით 150 ადამიანი დააკავეს, აფხაზეთის მიმართულებით - 40, ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმების გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. "ოფიციალური მონაცემებით, საოკუპაციო ხაზზე 2019 წელს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86 პირი დააკავეს, აქედან 9 ქალი და 2 არასრულწლოვანი, ხოლო 2020 წლის მონაცემებით - 64 პირი. აქედან, 6 ქალი და ერთი არასრულწლოვანი. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 2019 წელს, 27 პირი დააკავეს, აქედან 2 ქალი და 2 არასრულწლოვანი. ხოლო 2020 წელს - 13. აქედან, 1 ქალი და 2 არასრულწლოვანი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმების გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა ბოლო წლებში, ორივე ოკუპირებულ რეგიონში გახშირდა უკანონოდ დაკავებულების გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში დარჩენის შემთხვევები. საოკუპაციო ხაზზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების 2019-2020 წლების პრაქტიკის შესწავლით იკვეთება, რომ წინა წლებში საოკუპაციო რეჟიმი უფრო ხშირად ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დე ფაქტო მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყო“,- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ინდონეზიის სამხედრო წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა
BBC-ის ინფორმაციით, ინდონეზიის სამხედრო წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა, გაუჩინარდა. გამოცემა წერს, რომ წყალქვეშა ნავი კუნძულ ბალიდან ჩრდილოეთით სასწავლო მანევრებს ატარებდა. გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის საპოვნელად ინდონეზიის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ხომალდი გაგზავნეს. მთავრობამ სამძებრო ოპერაციაში დახმარების თხოვნით ავსტრალიასა და სინგაპურს მიმართა. გერმანული წარმოების წყალქვეშა ნავი მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ეკიპაჟმა ოკეანის სიღრმეში დაშვება გადაწყვიტა.
ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო 2 პოლიციელი დააკავეს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის მომართვა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ", - ნათქვამია განცხადებაში.
წარმომადგენელთა პალატა ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ეუთოს დამკვირვებლობის ქვეშ უნდა გაიმართოს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, ხოლო არჩევნების შემდგომმა პროტესტმა ბელარუსების დემოკრატიული საზოგადოებისკენ სწრაფვა ცხადყო. წარმომადგენელთა პალატის წევრები ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ, ხოლო ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ლეგიტიმურ ინსტიტუტად მიიჩნევენ.
30 აპრილიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. როგორც ცნობილია, უკრაინული ავიაგადამზიდველი კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გეგმავს. "შესაბამისი განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის 15 აპრილს შემოვიდა. ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა განხორციელდეს უკრაინული ავიაკომპანიის დაშვება საქართველოს ავიაბაზარზე და შესაბამისი ნებართვის მინიჭება", – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთმა აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
რუსეთში აშშ-ის ელჩის მოადგილეს ნოტა გადასცეს, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მათ რუსეთი 22 მაისამდე უნდა დატოვონ. "21 აპრილს რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ბარტ გორმანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და გადასცეს ნოტა იმის შესახებ, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდა. აღნიშნულმა პირებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 21 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ. ეს ღონისძიება წარმოადგენს სარკისებურ პასუხს ამერიკული მხარის მტრულ ქმედებებზე ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს და ნიუ იორკში რუსეთის გენერალური საკონსულოს რიგი თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც პერსონა ნონ გრატად უსაფუძვლოდ გამოაცხადეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
Forbes-ის მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა - ვინ არის კომპანია "კასპის" მფლობელი მიხეილ ლომთაძე
ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი მოხვდა. მიხეილ ლომთაძე $3.8 მილიარდის ქონებას ფლობს და მილიარდერთა რეიტინგში, 812-ე ადგილს იკავებს. Forbes-ი ცნობით, ყაზახური კომპანია Kaspi მიხეილ ლომთაძე და ვიაჩესლავ კიმმა დააფუძნეს, მილიარდერები კი მას შემდეგ გახდნენ, რაც აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსეს. როგორც ირკვევა ყაზახეთში, Kaspi საგადასახადო და ფინანსური ტექნოლოგიების ყველაზე დიდი კომპანიაა . ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. "კასპი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ. . ცნობისთვის, 1975 წელს ბათუმში დაბადებულმა მიხეილ ლომთაძემ ბაკალავრი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში დაამთავრა. სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო და მაგისტრის ხარისხიც მიიღო. 2008 წლიდან რუსეთში ხელმძღვანელობდა "კასპი ბანკს". რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-600 უმდიდრესი ადამიანია..
National Interest-ი: იქნება თუ არა ადამიანის უფლებები თურქეთთან ბაიდენის ურთიერთობებში წამყვანი საკითხი
ანალიტიკური ონლაინ პლატფორმა Nationalinterest-ი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიკრობლოგში, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს მიმოიხილავს და წერს, რომ ურთიერთობების გაუარესების ასეთი პრეცედენტი, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეზიდენტობის დროს შეინიშნება, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს 90-წლიან ისტორიაში არ არსებობს. „ეს ურთიერთობები შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც სომეხთა გენოციდს მიმდინარე თვეს აღიარებს. ერდოღანისთვის ამის გადაყლაპვა ალბათ მძიმე იქნება და სავარაუდოდ, მას მკაცრი პასუხი ექნება. თურქი რეფორმატორების აზრით, გენოციდის აღიარება წარსულს გააღვივებს და თურქეთს დასავლეთის წინაშე უფრო ანგარიშვალდებულად აქცევს. ისტორიის წინაშე მდგარ თურქეთს მოუწევს, აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ისტორიკოსების უდიდესი უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არის გენოციდი: მილიონნახევარი სომეხის გადასახლება და მკვლელობა. ბაიდენიც აღიარებს ამას, მან მისი მოღვაწეობის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს სენატში, რომ ეღიარებინათ სომეხთა გენოციდი და მოგვიანებით, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, როდესაც თქვა, რომ „თუ ჩვენ სრულყოფილად არ ვაღიარებთ, ვახსენებთ და ვასწავლით ჩვენს შვილებს გენოციდის შესახებ, სიტყვები მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს“. ვაშინგტონის მიერ გენოციდის აღიარებამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას აშშ-ის დაშვებას ინჯირლიკის ავიაბაზაზე, ისევე როგორც თურქეთში სხვა სამხედრო ბაზებზე. აშშ-ის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარება ალბათ არ გამოიწვევს ანკარის საზიანო ქმედებების დასრულებას. პრეზიდენტმა ბაიდენმა და კონგრესმა უნდა დაიწყონ ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა, მათ შორის თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 შეძენის გამო, სანქციების გაძლიერება. ასევე შეიძლება დაწესდეს ახალი სანქციები. ერდოღანმა იცის, რომ თურქეთს არ ძალუძს ეკონომიკური ომი შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. თურქული ლირა უკვე ჩამოიშალა არასათანადო მენეჯმენტის წყალობით“, - აღნიშნულია სტატიაში. აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 2019 წლის დეკემბერში მიიღო. გასულ თვეს, ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა კი, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს. სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერია სისტემატურად ცდილობდა სომხური მოსახლეობის განადგურებას, რის შედეგადაც 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, ხოლო ასობით ათასი ადამიანი სამშობლოდან გააძევეს. ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“. დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნებისმიერი ნაბიჯი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ კიდევ უფრო დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
"ლელოს" ერთ-ერთმა წევრი დავით უსუფაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდა და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ფოტოს და ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ჩეხეთში დააკავეს 5 ადამიანი, რომლებიც დონბასში პრორუსულ შეიარაღებულ ძალებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი
Reuters-ის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიციამ დონბასში პრორუსულ შეიარაღებულ ძალებთან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა. ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ საუბარია ჩეხეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან. დაკავებული პირები ეჭვმიტანილნი არიან ისეთი დანაშაულების ჩადენაში, როგორიცაა ტერაქტი, ტერორიზმის დაფინანსება და ტერორიზმის მხარდაჭერა.
მარინა კალიურანდი: პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია ფურცელზე. თუ რამე არასწორი მიმართულებით წავა, ეს ევროკავშირის იმედგაცრუებას გამოიწვევს
"პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია ფურცელზე. თუ რამე არასწორი მიმართულებით წავა, ეს ევროკავშირის იმედგაცრუებას გამოიწვევს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა "TV პირველს" განუცხადა. (TV პირველის თარგმანი) მისი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა გაითავისონ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების განხორციელებას. "პოლიტიკური კრიზისი მორჩენილია ფურცელზე. შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა. პრეზიდენტმა მიშელმაც თბილისში ვიზიტის დროს თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისი მორჩენილია და ამაში მეც ვეთანხმები. მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ შეთანხმებული კომპრომისი საჭიროებს განხორციელებას. გადამწყვეტი მნიშვნებლობა აქვს, პოლიტიკოსებმა გაითავისონ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ხელშეკრულების განხორციელებას. რადგან თუ რამე არასწორი მიმართულებით წავა, ეს ევროკავშირის იმედგაცრუებას გამოიწვევს. ასევე მნიშვნელოვანია კომპრომისი, პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის გაგრძელება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, რომელმაც მათ მანდატი მიანიჭა - განაცხადა მარინა კალიურანდმა