ძებნის რეზულტატი:

აშშ მიესალმება შეთანხმებას და მზადაა პარლამენტს მხარი დაუჭიროს შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფაში

აშშ-ის საელჩო საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, აშშ მიესალმება შეთანხმებას და მზადაა პარლამენტს მხარი დაუჭიროს შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფაში "ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშველოვანი ნაბიჯია, რითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს. როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. დღეს, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა" პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.

დღეს საქართველოში შარლ მიშელი ჩამოვა

დღეს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვა. ამის შესახებ მან, გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ბრიუსელიდან გამართული ტელეხიდის დროს თქვა. პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ვიზიტისას ის შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, რომლებმაც უნდა გაამყაროს კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. "ხვალ ჩამოვალ თბილისში, რათა შეგხვდეთ ყველას და გავმართოთ დისკუსია იმაზე, როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე მოუთმენლად ველი ხვალ თქვენთან შეხვედრას. მადლობა", - თქვა შარლ მიშელმა.

დავით ზალკალიანი: ევროკავშირი და აშშ ყოველთვის მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას

"მივესალმები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და კრიზისის დასასრულებლად წინ გადადგან ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ში წერს. "მივესალმები პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და კრიზისის დასასრულებლად წინ გადადგან ნაბიჯი. მადლიერი ვარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციისთვის. ევროკავშირი და აშშ ყოველთვის მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას. საქართველოს მმართველი პარტია ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ შეუქცევადს ხდის", - წერს ზალკალიანი.

ზიგიმანტას პავილიონისი: დიდი ნაბიჯი საქართველოში შერიგებისკენ - შეთანხმებას ხელი მოეწერა

"დიდი ნაბიჯი საქართველოში შერიგებისკენ - შეთანხმებას ხელი მოეწერა", - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას Facebook-ზე ეხმაურება. "დიდი ნაბიჯი საქართველოში შერიგებისკენ! ევროკავშირის ჩართულობით გრძელი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ხვალ თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩავა, ხოლო მომდევნო კვირას - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი!“ - დაწერა ჟიგიმანტას პავილიონისმა Facebook-ზე.

"ქართული ოცნების" ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს

"ქართული ოცნების" ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს,სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის და ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს. "ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა. შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრები აღარ არიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს სტრასბურგში ქართული დელეგაცია საბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდება. შეხვედრა საარჩევნო რეფორმის ცვლილებებს შეეხება და მას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც დაესწრება. შეხვედრა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მეორე დღის ფარგლებში იმართება. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სტრასბურგში გუშინ გაემგზავრა. 1რამდენად დაცულია საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებები პანდემიის ფონზე - 19 აპრილის სესიაზე ამ თემაზე მოხსენებით უკვე წარსდგა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. ასევე საგაზაფხულო სესიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მომხსენებლებად აირჩიეს, რომლებიც 47 ქვეყნის შესახებ რეზოლუციის მომზადებას უხელმძღვანელებენ. მთავარი საკითხები კოვიდზეგავლენა, პატიმართა უფლებები და მედიასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება. "ამ შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ საარჩევნო კონტექსტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტში ამოქმედდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწორედ მუშაობს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და ევროპის საბჭოს კონგრესის მოსაზრება ამ განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ ფორმატში გვექნება საშუალება ამ შეხვედრაზე განვიხილოთ ეს საკითხები," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა თამარ ტალიშვილმა.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი გარდაიცვალა

უოლტერ მონდეილი, რომელიც აშშ-ის ყოფილის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. უოლტერ მონდეილი 93 წლის იყო. ის მინესოტაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

დეპუტატი გივი მიქანაძე, ევროსაბჭოს ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც 47 ქვეყნის ციხეებში კვლევას ჩაატარებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე თემაზე - „კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ მომხსენებლად აირჩია. კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს შუამდგომლობის საკითხი განიხილა, რომელიც მომხსენებლის არჩევას ითვალისწინებდა. შუამდგომლობის ავტორი თავად გივი მიქანაძე იყო. დეპუტატი სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც 47 წევრ სახელმწიფოში ციხეებში კვლევას ჩაატარებს, თუ როგორ შეიზღუდა პატიმართა უფლებები პანდემიის პერიოდში და როგორ მოხდა შეზღუდული უფლებების კომპენსირება, ასევე, რა პრევენციული ღონისძიებები გატარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციისთვის და როგორია პერსონალის ჩართულობა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტი მომზადდება, რომელიც 2022 წლის პირველ ნახევარში ჯერ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ხოლო შემდეგ, საპარლამენტო ასამბლეას პლენარულ სხდომაზე წარედგინება. „ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ამ შუამდგომლობის ავტორიც და შემდგომში, რეზოლუციის პროექტზე მოკვლევის განმახორციელებელიც ქართული დელეგაციის წარმომადგენელი იქნება და ამ დოკუმენტს მიენიჭება ევროპის საბჭოს რეზოლუციის სტატუსი, მაგრამ, რეალურად, ეს იქნება თავიდან ბოლომდე ქართული დელეგაციის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ იხელმძღვანელონ იმ სტანდარტებით, რომელიც სწორედ ამ რეზოლუციის ფორმატში იქნება გაწერილი“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით შეთანხმებას, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს განვითარებისთვის

"მივესალმებით შეთანხმებას, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს განვითარებისთვის", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი Twitter-ში წერს. "ჩვენ მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მისი განხორციელებაც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვრჩებით მზად, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად", - წერს ნედ პრაისი. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

საერთაშორისო მედია საქართველოში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე წერს

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაასრულა. ამ სათაურით სტატიას ბრიტანული სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაიწყო, ოპოზიცია მთავრობას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებდა. „თებერვალში, ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, დაიწყო საპროტესტო აქციები, გადადგა პრემიერ-მინისტრი და კრიზისი უფრო გამწვავდა“, - წერს Reuters-ი. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს მელიას გათავისუფლება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომელიც საპროტესტო აქციებზე ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულეს, რასაც თავად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე უწოდა. სააგენტო შეთანხმების ორ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას: 1. შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. 2. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. „ქართულმა ოპოზიციამ კრიზისის დასრულებისთვის შეთანხმებას მოწერა ხელი“, - Associated Press-ი ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს. გამოცემა წერს, რომ საქართველო მიუახლოვდა პოლიტიკური კრიზისის დასასრულს, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით შედგა. „ამასთან, მსხვილმა ოპოზიციურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერისგან. აცხადებენ, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ თუ არა დოკუმენტს, როდესაც შარლ მიშელი საქართველოს 20 აპრილს, სამშაბათს ეწვევა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, მაგრამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადანაშაულა მმართველი პარტია, რომ ხმები გაყალბდა და ხელახალი არჩევნები მოითხოვა. შეთანხმება ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პროკურატურის რეფორმებს. მისი მიხედვით, თუ პარტია „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს ხმების მინიმუმ 43% -ს წლევანდელ მუნიციპალურ არჩევნებში, ის თანახმაა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. დოკუმენტი ასევე გულისხმობს ნიკა მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლებას“, - წერს Associated Press-ი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს: პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა;კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება; მომავალი არჩევნები. პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს. პარლამენტში ძალთა გადანაწილება ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მომავალი არჩევნები 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. „მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თამარ ტალიაშვილი რეზოლუციაზე "ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია" მომხსენებლად აირჩია

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს, ასამბლეამ რეზოლუციაზე – „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის წევრმა იმ გავლენაზე ისაუბრა, რომელსაც პანდემიის პირობებში, ახალგაზრდობაზე თანამედროვე მედია ახდენს. „ევროსაბჭოს ქვეყნებსა და მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე მედიაში ახალგაზრდების როლი შეიცვალა. თანამედროვე მედიაში პასიური როლიდან ახალგაზრდები წამყვანი აქტორების როლში გვევლინებიან. ახალგაზრდები იღებენ ინფორმაციას, და ამავდროულად აქტიურად თვითონ ქმნიან საინფორმაციო და კრეატიულ საინფორმაციო, მედიაპროდუქტს. პანდემიის პირობებში ახალგაზრდობამ თანამედროვე მედია ფიზიკური იზოლაციის უარყოფითი ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის კიდევ უფრო მეტად მიმართა – აზრის გამოხატვის, სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისა და ახალი კავშირების დამყარების, შემეცნებითი, კრეატიული და საგანმანათლებლო აქტივობისთვის. ამ პროცესების პარალელურად, კვლევების თანახმად, გაიზარდა თანამედროვე მედიის ნეგატიური ზეგავლენაც ახალგაზრდებზე. ემოციური ძალადობის, რადიკალიზაციის, დისკრიმინაციისა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შემთხვევებისადმი ახალგაზრდები მოწყვლადი აღმოჩნდნენ“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თამარ ტალიაშვილმა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 792 ადამიანს დაუდასტურდა, 663 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 297 728-ს. მოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 282 237-მდე. ვირუსს ჯამში 3 959 ინფიცირებული ემსხვერპლა. დადებითობის მაჩვენებელი: 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.92%. ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 793, აჭარაში - 420, იმერეთში - 390. მძიმე პაციენტი: 581, მათ შორის, თბილისში - 296, აჭარაში - 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 89, მათგან თბილისში - 63, აჭარაში - 7, იმერეთში - 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 - თბილისში, 224 - აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 276, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 459 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 923 პირი, აჭარაში - 2 374, იმერეთში - 1 001.

კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს  ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად 20 აპრილს ეპატიჟება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს და 20 აპრილს, დილის 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ეპატიჟება. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი Twitter-ზე წერს. "მივმართავ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს - გეპატიჟებით შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სამშაბათს, 09:00 საათიდან. დიდი მადლობა", – წერსჰარცელი.

კურტ ვოლკერი: ბრავო პარლამენტის ყველა დეპუტატს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან

"ბრავო პარლამენტის ყველა დეპუტატს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან და შეთანხმება შესრულდება", – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი Twitter-ში წერს. "ევროკავშირისა და აშშ-ის შეთანხმება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის, გამოვიდეს კრიზისიდან. აუცილებელი ნაბიჯი დემოკრატიული პოლიტიკის ნორმალიზებისკენ. აშკარად მეტია გასაკეთებელი, თუმცა საიდანღაც უნდა დაიწყოს. ბრავო პარლამენტის ყველა დეპუტატს, ვინც ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, სხვებიც შეუერთდებიან მათ და შეთანხმება შესრულდება“, - წერს კურტ ვოლკერი​.

ლანდსბერგისი: დამაიმედებელი სიახლე საქართველოდან, პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია

"დამაიმედებელი სიახლე საქართველოდან, პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია", – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ში წერს. "დამაიმედებელი სიახლე საქართველოდან, პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია. იმედი მაქვს, ყველა პასუხისმგებელი მხარე ხელს მოაწერს შეთანხმებას და შემდეგ ზედმიწევნით შეასრულებს მას. მადლობელი ვარ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ყველა მხარის, რომ შეთანხმების მიღწევაში დაგვეხმარნენ. ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია“,- წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლიეტუვის პრეზიდენტი: მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს, მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა

"მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს, მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა", - ამის შესახენ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ში წერს. "მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს! ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპული მისწრაფებებსა და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებ განმტკიცებას“, – წერს გიტანას ნაუსედა.

ირაკლი ქადაგიშვილი: 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა 60 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეა გათვალისწინებული

"იმ პუნქტებს, რაც გაწერილია შეთანხმებით, იმპლენეტაცია, შესრულება სჭირდება", – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთვის ყველა ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლაა საჭირო. როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა 60 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეა გათვალისწინებული. "კომიტეტების შევსების საკითხი ოპოზიციის მხრიდან დამოკიდებული იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შემოსვლაზე. ეს ხუთი კომიტეტი გათვლილი იყო 60- მდე დეპუტატის შემოსვლაზე, რომ ვიანგარიშოთ, თითოეულ 11 შემოსულ დეპუტატზე 1 კომიტეტის გათვლა ხდებოდა. რაც შეეხება დანარჩენ კონკრეტულ საკითხებს, ერთი ეხება პოლიტიკურ ამნისტიას და იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე საკითხი ცესკო-თან დაკავშირებით იყო, ცესკო-ს ფორმირებაც ახალი წესით მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ამ პროცესსაც დროში სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. გენერალური პროკურორის თემა კი აქტიური ხდება მას შემდეგ, რაც გენერალურ პროკურორს თავის უფლებამოსილების ვადა ამოეწურება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელსაც პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა აღნიშნულია, რომ პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისთვის პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ადამიანის უფლება თადაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი, საგარეო საქმეთა კომიტეტი. ამავე დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი უნდა დაიწყოს, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე.

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. ნასიძის ქუჩაზე დღეს სროლა იყო. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.

ესტონეთის საგარეო უწყება: მივესალმებით შეთანხმების ხელმოწერას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს კრიზისიდან გამოსასვლელად

"მივესალმებით შეთანხმების ხელმოწერას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს კრიზისიდან გამოსასვლელად", - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ეხმაინება. "ჩვენ მივესალმებით შეთანხმების ხელმოწერას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს კრიზისიდან გამოსასვლელად. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ ის“,- აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, როცა ნიკა მელია ჯერ ისევ ციხეშია შეთანხმება სწორად არ მიაჩნიათ. "მეორე პრინციპული პოზიციაა, ის რომ 20 ივნისის ამნისტიით და გირაოთი მელიას გამოშვება არ არის სამართლიანი და მისაღები. პრინციპულ პოზიციაზე ამ მიმართულებით მაინც შეგეძლოთ ყოფნა, რომ გამოვიდეს მელია და შემდეგ მოვაწერთ. "პოსლეზე" მოწერა არ მიგვაჩნია სწორად. ამნისტიით და გირაოთი გათავისუფლებაზე მელიასაც მყარი პოზიცია აქვს - ანუ, რომ არ ეთანხმება. ჩვენ ვართ პრინციპულები ჩვენს პოზიციაში. და თუ ისე მოხდა, რომ მელია უპირობოდ გათავისუფლდა მაშინ რა გამოვა ? რომ იჩქარეთ ხომ ? და თუ უპირობოდ არ გამოვა მაშინ სხვა ფორმით ენმ - ს ხელმოწერის შანსი - 0 . უპირობოდ გათავისუფლების შემდეგ ანუ არც გირაო და არც 20 ივნისის ამინისტია - შეიძლება დისკუსიის გახსნა და ამის შემდეგ უკვე პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას. პირადად არც ამის შემდეგ ვემხრობი შეთანხმებას - ჟვანიას და ქოცების ცესკოს მიერ ჩატარებული არჩევნები გვინახავს ( უარეს ცესკოს მივიღებთ ამ შემოთავაზებით ) კარგი ის არის, რომ დოკუმენტში ღიად არის საუბარი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ვადამდელი არჩევნების მისასვლელ გზებზე... რის აღიარება ოცნებასაც უწევს,"- უწერს ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძეს. შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა - "ნაციონალური მოძრაობა რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს,".