ძებნის რეზულტატი:
შარლ მიშელი: რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება
"რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველჰყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, იმისთვის, რომ გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ ისევ, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტიდან 6 კვირის შემდეგ. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ერთად იმუშავებენ ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის. ჩემს პატივისცემას გამოვხატავ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართაც, იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და ეს არის ის გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველჰყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, იმისთვის, რომ გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის"-განაცხადა შარლ მიშელმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რაზეც ხელი მოვაწერეთ
"რაც შეეხება უშუალოდ იმპლემენტაციას და ასე ვთქვათ, შეთანხმების შესრულებას, მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ოპოზიციასთან შესაძლო კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ხელისუფლება კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის მომხრეა. „ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული და მომხრე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმისა და რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როდესაც არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პრალამენტში იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების, ნორმალური მუშაობის რიტმსა და რეჟიმს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის წევრებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტის წევრებს ხვდება. შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის ოთახში მიმდინარეობს. მას ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესწრება. ცნობისთვის, შარლ მიშელი უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.
კელი დეგნანი: შეთანხმების მიღწევა ძალიან შთამაგონებელი მაგალითი, საქართველო ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს
აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევა არის ძალიან შთამაგონებელი მაგალითი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ქვეყნის ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ დაიწყოს მუშაობა, როგორც მულტიპარტიულმა დემოკრატიამ. ელჩი დასძენს, რომ ასეთი პროგრესი ამარტივებს აშშ-ს ვალდებულებას, ერთ დღესაც დაადასტუროს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. „ეს არის ძალიან შთამაგონებელი მაგალითი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ეს მისწრაფება, რომ საქართველო გახდეს ტრანატლანტიკური ევროპული ოჯახის ნაწილი გულისხმობს პოლიტიკურ სიმამაცეს, რათა მიღწეულ ყოფილიყო ეს შეთანხმება. ასევე მნიშვნელოვანია, ამ ხელშეკრულების შესრულება. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდი მაგალითებს ამ ევოლუციის დროს, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, საქართველოში ინსტიტუტები იძენენ ძალას. მხოლოდ 20 წელია, ეს ქვეყანა დემოკრატიაზე მუშაობს. ჩემი აზრით, ძალიან შთამბეჭდავია, ეს ქვეყანა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ დაიწყოს მუშაობა, როგორც მულტიპარტიულმა დემოკრატიამ და მოაგვაროს სერიოზული გამოწვევები, რომელსაც საქართველო აწყდება. ასეთი პროგრესი ამარტივებს ამერიკისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება NATO-ს წევრი“, – განაცხადა დეგნანმა.
ჯორჯ კენტი: შექებას იმსახურებს პარლამენტის ყველა წევრი, რომელმაც მოაწერა ხელი შეთანხმებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჯორჯ კენტის განცხადებით, შექებას იმსახურებს პარლამენტის ყველა წევრი, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს. ამის შესახებ მან მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ვებინარზე „აშშ-ის ჩართულო სამხრეთ კავკასიის" ფარგლებში განაცხადა. „საბედნიეროდ, გუშინ საქართველოში ჩვენ ყველამ ერთგვარი გარღვევა ვიხილეთ. ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისსა და ვაშინგტონში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას კომპრომისის მიღწევისკენ მოვუწოდებდით, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური წინსვლის საშუალებას მისცემდა და ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევებზე ფოკუსირებას შეძლებდნენ, როგორიც არის რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია, პანდემიის შედეგად შემქნილი ეკონომიკური მდგომარეობა და ის დემოკრატიული რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ქართველი ხალხი ელის“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ აღნიშნა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ყველა პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან კომპრომისსა და გამბედაობას მოითხოვდა. „არჩევნების შემდეგ, ჩვენი თანმიმდევრული გზავნილი იყო, რომ ორივე მხარეს გვერდზე გადაედო საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და თავისი ქვეყნის სასარგებლოდ ემოქმედათ. პარლამენტის ყველა წევრს ვაქებთ, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვგულისხმობ იმ წევრებსაც, რომლებმაც შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, მიუხედავად საკუთარი პარტიების მხრიდან შეუთანხმებლობისა. იმ პარტიებს, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მოვუწოდებთ, პარლამენტში საკუთარ კოლეგებს შეუერთდნენ, მიღწეულ კომპრომისულ შეთანხმებას ხელი მოაწერონ და იმაზე იმუშაონ, რომ შეთანხმება სრულად განხორციელდეს“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.
ნინო ლომჯარია: პროკურატურას დღესვე შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა მელია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ლომჯარიამ განაცხადა, მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, პროკურატურას ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დღესვე გათავისუფლება შეუძლია. „გვქონდა ზოგადი საუბრები. ნამდვილად არ გამოვსულვარ ციხიდან იმ მიზნით, რომ ნიკას დანაბარები საზოგადოებას გადავცე. ამ ფუნქციას ალბათ მისი ადვოკატები შეასრულებენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა იქნება ხვალ და რა შეიძლება, იყოს იმისი წინაპირობა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. მას მიაჩნია, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და არ ყოფილა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული. ასევე საუბრობს, რომ მასთან არ ყოფილა გირაოსთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან. ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას დღესვე შეუძლია, გაათავისუფლოს ნიკა მელია. გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი და თუ ხელისუფლება დაინტერესებულია, პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, შეთანხმება და სამოქალაქო მშვიდობა იყოს, მათ ეს შეუძლიათ, თავისუფლად გააკეთონ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ჯიმ რიში: შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიშის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ. სენატორის თქმით, შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტვად. „პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. მოხარული ვარ, რომ შეთანხმება საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ოპოზიციის ორი დაპატიმრებული წარმომადგენლის საკითხის გადაწყვეტასა და პარლამენტში ოპოზიციის შესვლას შეიცავს. ორივე მხარემ ლიდერობა და გამბედაობა გამოავლინა ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ კომპრომისის მიღწევის ძალისხმევაში. ამ შეთანხმებამ საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე შეიძლება დააბრუნოს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში. ჯიმ რიში ასევე აცხადებს, რომ შეთანხმების მდგრადობის ნამდვილი გამოცდა მისი განხორციელება იქნება. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ. საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის გზას და ძლიერი და წარმატებული საქართველოს მშენებლობის გზით წავიდეს. ამ შეთანხმებას ქვეყანა ამ მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ შეერთებული შტატები, მათ შორის აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრები, ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენებს“, - აღნიშნა სენატორმა.
არჩილ თალაკვაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებაზე გადაწყვეტილებას
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაღალი ალბათობით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებაზე გადაწყვეტილებას, რაც შეეხება მელიას, ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებაა განსაზღვრული. „პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რათა ეს შეთანხმება შემდგარიყო და მისი ვადები მკაფიოდ დაასახელა. მაღალი ალბათობით, ის უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის შეთანხმება და ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მიერ ხელმოწერამდე, ეს მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს. პირველი-ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არა. შემდეგი ნაბიჯი, როდესაც კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტიის პროექტზე“, – განაცხადა თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. თალაკვაძის თქმით, სწორედ მისი მედიაციით, ძალისხმევით შეძლეს შეთანხმების დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და რომელიც უკვე მომავალი კვირიდან უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ისეთი სახით ფუნქციონირებას, როგორც ის საზოგადობამ აირჩია. „რასაკვირველია, რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ხელს ამ შეთანხმებას, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამ დროს, როცა რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა, ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ამ ხელმოწერის შემდეგ, დღეს უკვე ნათელია, თუ ვის აწყობდა და სურდა პოლიტიკური კრიზისი, ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. ფაქტი ერთია – რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გვითხრეს, მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ ოპოზიციას და უმრავლესობას უნდა ემუშავათ ერთად პარლამენტში. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ ამ თვეების განმავლობაში მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად, მომავალშიც საქართველოს პროგრესს ვუზრუნველყოფთ რასაკვირველია ერთად, მაქსიმალურ ყურადღებას და დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც აქვთ მოქალაქეებს პანდემიიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკური ამოცანებია, ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა, დემოკრატიის გაძლიერება და ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმება და პარლამენტში პოლიტიკური პროცესის სრულად გადატანა, ნდობის აღდგენა და საქართველოს ევროპული დღის წესრიგი იყო. აღინიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ აქტიურად ითანამშრომლონ. ხაზი გაესვა დოკუმენტზე ხელმოწერისა და პოლიტიკური პროცესების საპარლამენტო განზომილებაში გადატანის მნიშვნელობას. მხარეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ დოკუმენტში ასახულ საკითხებზე იმსჯელეს და აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მიშელს მედიაციისთვის და ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის.
ოლივერ ვარჰეი: მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს გამოწვევებს
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ეხმაურება. ვარჰეის თქმით, მიესალმება მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას, რომელიც საქართველოს საშუალება მისცემს რიგ გამოწვევებს გაუმკლავდეს. „ვესაუბრე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას არსებული კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა „კოვიდ-19“, ეკონომიკური აღდგენა და რეგიონალური საკითხები. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს ვარჰეი Tweeter-ზე.
ტოდ უოლტერსი: სამხრეთ კავკასიაში საქართველო რჩება სტაბილურ პარტნიორად, რომელსაც აქვს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში
ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაურის გენერალ ტოდ უოლტერის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს ჩარევას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკაში, მათ შორის, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ამის შესახებ მან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის თავდაცვის ქვეკომიტეტში დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც გენერალი საქართველოს საკითხსაც შეეხო. როგორც კომიტეტის მიერ უოლტერი გასაჯაროვებულ მოხსნებაში ვკითხულობთ, რუსეთი იყენებს არატრადიციულ საშუალებებს, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები, მავნე კიბერაქტივობები და სამხედრო კამპანიების გამოყენება. მნიშვნელოვანი ხაზი გაესვა იმ საკითხს, რომ "სამხრეთ კავკასიაში საქართველო რჩება სტაბილურ პარტნიორად, რომელსაც აქვს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კრემლი ახდენს გავლენას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე რეგიონული დაძაბულობის მანიპულირებისა და მოუგვარებელი სამხედრო კონფლიქტების გზით. მოხსნებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებებს ,,კრემლს მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქრონიკული არასტაბილურობა რუსეთის რეგიონული ჰეგემონიის შესაძლებლობას იძლევა. რუსეთი ინარჩუნებს ბერკეტებს საქართველოზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით, ბლოკავს ხალხისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე, აკავებს და ავიწროებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას და ძირს უთხრის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებებს,“ - მიიჩნევს ტოდ უოლტერსი.
ყირიმში რუსული ავიაგამანადგურებლების გაზრდილი რაოდენობა დააფიქსირეს
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ყირიმში რუსული ავიაგამანადგურებლების გაზრდილი რაოდენობა დააფიქსირეს. გამოცემა სატელიტიდან გადაღებულ ფოტოსურათებს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, გასულ თვეში ამ რაოდენობის ავიაგამანადგურებლები, ჯავშანტექნიკა და სამხედრო ინფრასტრუქტურა არ დაფიქსირებულა. ფოტოებზე ჩანს Su-34, Su-30, Su-27, Su-25 და Su-24-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებლები, ასევე სამხედრო ვერტმფრენები, მძიმე ჯავშანტექნიკა და სამხედრო ჰოსპიტლები.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მზადაა, დახმარება გაუწიოს საქართველოს პარლამენტს, რომ ამ შეთანხმების მისწრაფებები განხორციელდეს
მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა. მისივე თქმით, დეპარტამენტი მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერონ. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით წარდგენილი შეთანხმება მხარეებისგან რთულ კომპრომისსა და პოლიტიკურ გამბედაობას ითხოვდა. ეს შეთანხმება საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანია. მისი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია. პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ერთად მუშაობა დაიწყოს. აშშ მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს პარლამენტს, რომ ამ შეთანხმების მისწრაფებები განხორციელდეს. როგორც ყოველთვის, აშშ მზად არის, საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ანგელა მერკელი: რუსეთთან უამრავი კონფლიქტი გვაქვს, თუმცა დიალოგი უნდა განვაგრძოთ
გერმანიის კანცლერის ანგელ მერკელის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დევნა და უკრაინის მიმართ კრემლის პოლიტიკა ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობებს არსებითად აუარესებს, თუმცა ამ პირობებშიც საჭიროა დიალოგის შენარჩუნება. როგორც მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. „რუსეთთან უამრავი კონფლიქტი გვაქვს, თუმცა მივიჩნევ, რომ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ. დიალოგი უნდა განვაგრძოთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ანგელა მერკელმა ასევე ისაუბრა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტზე და აღნიშნა, რომ გერმანია ყოველთვის უჭერდა მხარს იმას, რომ უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის როლი შეენარჩუნებინა. მერკელმა ჩამოთვალა ქვეყნები და რეგიონები, რომლებშიც არსებული ვითარება მის შეშფოთებას იწვევს. „თუ გადავხედავთ ევროპის გარე საზღვებს, მაშინ ჩვენთვის ცხადი იქნება, რომ დღეს მშვიდობა და უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა არ არის ის, რაც თავისთავად იგულისხმება. სიტუაცია ბელარუსში, აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, დნესტრიპირეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში და, რა თქმა უნდა, სირიასა და ლიბიაში, საგანგაშოზე უარესია“,- აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ანდრიუს კუბილიუსი: ვიწყებთ დიალოგს ბრიუსელში, თუ როგორ გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი უფრო ამბიციური
,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატმა მთელს ევროპის კონტინენტს სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს", - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებას გეგმავს, ამიტომ მისი თქმით, რეზოლუციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის ნაწილში შთაგონება გარკვეულწილად საქართველოს ამ გადაწყვეტილებიდან იქნა მიღებული. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვის. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი გეოპოლიტიკური მიმართულებაა. საბოლოო ჯამში, ამ ფორმატმა მთელს ევროპის კონტინენტს სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაცია სურთ. იმედი მაქვს, რომ დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებიან. მოხარული ვარ, რომ ბელარუსის მხრიდან მოდის დადებითი სიგნალები და მათ სურთ ამ ფორმატში ჩართვა. გრძელდება რეზოლუციებზე ხმის მიცემის პროცესი. გვინდოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ყველა გამოწვევა ჩვენს მიერ შემუშავებულ ტექსტებში აგვესახა“, - განაცხადა კუბილიუსმა. მისივე თქმით, ევროკავშირი უფრო ღია იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციების მიმართ. „გვსურს ევროკავშირი უფრო ღია იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციების მიმართ. ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის კვლევა გვიჩვენებს, რომ განვითარების, ინტეგრაციის და მიღწევების კუთხით არ არსებობს განსხვავება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს შორის. საქართველო ბევრ შემთხვევაში ლიდერობს კიდეც. სწორედ ამიტომ, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ყოფს ევროკავშირი ამ ქვეყნების ჯგუფს ორად და მხოლოდ ერთს სთავაზობს გაწევრიანების პერსპექტივას. აქედან გამომდინარე, ვიწყებთ დიალოგს ბრიუსელში, სხვადასხვა ინსტიტუტებში და ევროპარლამენტში, თუ როგორ გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი უფრო ამბიციური და კონკრეტული ინტეგრაციის პერსპექტივების კუთხით“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა. ასამბლეის თანათავმჯდომარემ, საქართველოს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მიულოცა. „მსურს დავასრულო გულწრფელი მილოცვით საქართველოს პოლიტიკური საზოგადოების მიმართ. როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი სრულდება. მსურს შევაქო მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მსურს შევაქო შარლ მიშელი მისი ძლიერი მმართველობის სტილისთვის, რაც ევროპაში არც ისე ხშირია. ჩემი გამოცდილებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიები ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან. მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, ნუ გააგრძელებენ ამ ტენდენციას, იმედი მაქვს შემდეგი სესიაც საქართველოში მიმდინარე კრიზისს არ დაეთმობა“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი სრულდება
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას ულოცავს. როგორც მან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმედი აქვს, რომ შემდეგი სესიები საქართველოში მიმდინარე კრიზისს არ დაეთმობა. „მსურს დავასრულო გულწრფელი მილოცვით საქართველოს პოლიტიკური საზოგადოების მიმართ. როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი სრულდება. მსურს შევაქო მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მსურს შევაქო შარლ მიშელი მისი ძლიერი მმართველობის სტილისთვის, რაც ევროპაში არც ისე ხშირია. ჩემი გამოცდილებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიები ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან. მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, ნუ გააგრძელებენ ამ ტენდენციას, იმედი მაქვს შემდეგი სესიაც საქართველოში მიმდინარე კრიზისს არ დაეთმობა“, - განაცხადა კუბილიუსმა.
Johnson&Johnson ევროპაში ვაქცინის დისტრიბუციას განაახლებს
Reuters-ის ინფორმაციით, johnson&johnson ევროპაში Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციას განაახლებს. გამოცემა წერს, რომ კომპანიაში, ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროპის წამლის მარეგულირებმა განაცხადა, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება მის რისკს. ევროპის წამლის სააგენტომ რეკომენდაცია გასცა, რომ ვაქცინას თან ერთვოდეს გაფრთხილება იშვიათი სისხლის შედედების რისკის შესახებ, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება. ცნობისთვის, johnson&johnson-ის ვაქცინის გამოყენება გასულ კვირას ამერიკის მარეგულირებელმა შეაჩერა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თრომბის წარმოქმნის რამდენიმე შემთხვევა გახდა.
სენატორები: მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი მოუწოდებენ პოლიტიკურ მხარეებს გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება. ამის შესახებ განცხადებას სენატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. შაჰინი და ჯონსონი მზადყოფნას გამოთქვამენ, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის დახმარებისთვის. „გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რომ სამომავლოდ თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებს ემსახურება“, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს, დონბასის კონფლიქტის ზონაში, შესახვედრად იწვევს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დონბასის რეგიონში შესახვედრად იწვევს. აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ვდეო მიმართვის ფორმით გაავრცელა. "კონფლიქტის დასრულების და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, „ბატონო პუტინო, მზად ვარ, ნებისმიერ ადგილას დონბასში შეგხვდეთ, სადაც ომია,“ - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებსაც მოუწოდა, აჩვენონ ”მკაფიო სიგნალები” იმის შესახებ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირებაში. „ჩვენს მოქალაქეებს მკაფიო სიგნალები სჭირდებათ, რომ ომის მერვე წელს ქვეყანა, რომელიც ევროპისთვის ფარია, მიიღებს მხარდაჭერას არა მხოლოდ ტრიბუნებზე მდგომი პარტნიორებისგან, არამედ როგორც იმავე გუნდის მოთამაშეებისგან, პირდაპირ მოედანზე, მხარდამხარ,“- აღნიშნა ზელენსკიმ. " უკრაინას დიპლომატიური გზით სურს კონფლიქტის დასრულება. მაგრამ მზად არის, თავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი თავი დაიცვას.სურს უკრაინას ომი? - არა. მზად არის უკრაინა ომისთვის? - დიახ,“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ.
ჯერი კონოლი: შეთანხმება გზას უხსნის კრიტიკულ რეფორმებს, წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა – შეთანხმების შესრულება სრულად
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერი კონოლი მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. როგორც კონოლის განცხადებაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები აკვირდებიან საქართველოს, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტებს აძლიერებს იმისთვის, რომ უპასუხოს პოლიტიკურ პოლარიზაციას. ,,ეს შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც გზას უხსნის კრიტიკულ რეფორმებს. ეს პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანი ეტაპია დემოკრატიის ოჯახში საქართველოს როლის აღდგენისთვის. მივესალმები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ყველა ხელმომწერს იმისთვის, რომ მზად არიან, განსაზღვრონ საქართველოს ერთიანი კურსი, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისას. პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც იშვიათად არის მარტივი, არის მთავარი მახასიათებელი, რაც განასხვავებს დემოკრატიებს. წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა – შეთანხმების შესრულება სრულად და სკრუპულოზურად. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ. ასევე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მმართველი პარტიის მიმართ, აჩვენონ ერთგულება ოპოზიციის უფლებების დაცვის კუთხით. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილური მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გარშემო. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.