ძებნის რეზულტატი:

ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისიდან თელ ავივის და ერევნის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

"ქართული ავიაკომპანია Myway Airlines თბილისი - თელ ავივი - თბილისის და თბილისი - ერევანი - თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ფრენები აღნიშნული მიმართულებებით შემდეგი განრიგით განხორციელდება: • თბილისი - თელ ავივი - თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას; • თბილისი - ერევანი - თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიენიჭა. "გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარუდგინა და უწყებაში წარმატებული საქმიანობა უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გრიგოლ გიორგაძე პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. შესაბამისად, თავდაცვის უწყებაში ის იურიდიულ დეპარტამენტს გაუწევს კურატორობას. მისი საკურაციო მიმართულებები იქნება ასევე, ადამიანური რესურსები და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS). აღნიშნულ სფეროებს თავდაცვის სამინისტროში რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. გრიგოლ გიორგაძეს იურიდიული განათლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში აქვს მიღებული. ის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტიცაა. "თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გრიგოლ გიორგაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო საწარმოს „შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოადგილედ და სამინისტროს საპარლამენტო მდივნად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ასევე სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. მას სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებსა და კონფერენციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. პარალელურად, გრიგოლ გიორგაძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე ქართული სამართლისა და რომის სამართლის ისტორიის საკითხებზე ლექციებს კითხულობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან 587 ადამიანი გადმოვიდა, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა

ორი დღის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 587 ადამიანი გადმოვიდა, მათგან კორონავირუსი კი მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ორი დღეა დაიწო არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანთა ტესტირება, ანტიგენის სწრაფი ტესტებით. დღეს დილით მონაცემებით 587 ადამიანი იყო გადმოსული. თითქმის ყველა გადმოსულია გალის რაიონიდან. ორი იყო ცხინვალის რეგიონიდან, ოძისის გადმოსასვლელით. გალში დგას დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები. ყველა ადამიანი იტესტება და მხოლოდ ერთი იყო დადებითი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

20 ივნისის ღამეს დაზარალებულები ამნისტიასთან დაკავშირებით შარლ მიშელს წერილით მიმართავენ

2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას დაშავებული დემონსტრანტები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილით მიმართავენ. წერილის ხელმომწერებისთვის მიუღებელია მიშელის დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმ სამართალდამცველთა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, რომელთაც ძალას გადაამეტეს. მათი თქმით, ევროკავშირის მიერ შედგენილი შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები ამნისტია "მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას". დაშავებული მომიტინგეები და ჟურნალისტები შარლ მიშელს მოუწოდებენ, ისე დაეხმაროს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, რომ მათ შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება ჰქონდეთ. "პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის. მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას პატრიოტული მოტივით ვაპროტესტებდით. ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი(ხელისუფლების ცნობით 240 ადამიანი) მათ შორის 38 ჟურნალისტი, რამდენიმე დემონსტრანტმა დაკარგა მხედველობა და თვალი. დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია რომ თვალდათხრილ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხირდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 5 დემონსტრანტი ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას. ამ ყველაფრის ფონზე მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა სამართლებრივი განხილვა 19-21 ივნისის საქმეების, რადგან ერთი მხრივ ხელისუფლებას ჩადენილი ძალადობის ფონზე ვერ მივცემთ პასუხისმგებლობის არიდების ფუფუნებას და მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ამნისტიაზე. ხაზგასმელია რომ 19-21 ივნისის საქმეების დიდ ნაწილში იკვეთება არასათანადო მოპყრობის ნიშნები. საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკით კი როგორც მოგეხსენებათ ამნისტია ვერ ვრცელდება არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე. ამნისტიის მიზანშეუწონლობა იკვეთება განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 4 თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ამნისტია მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია, რომ თუკი ევროპის ეგიდით მოხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა, ეს დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს. გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე, რომ ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება გვქონდეს", - ნათქვამია წერილში. წერილს ხელს აწერენ: მაკო გომური გიორგი სულაშვილი კობა ლეთოდიანი ირაკლი ხვადაგიანი ირაკლი ფავლენიშვილი ვახტანგ ბერიკაშვილი გელა ჭიღლაძე ზაზა მღებრიშვილი გიორგი ბულესკირია ლუკა პეტრიაშვილი თამარ ბაღაშვილი

სალომე ზურაბიშვილი: 27 აპრილს, როგორ კი ოპოზიცია პარლამენტში შევა, გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი

"27 აპრილს, როგორ კი ოპოზიცია პარლამენტში შევა, გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა facebook-ზე დაწერა. "საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია. რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში, მჭიდროდ დასახლებულ სულხან ნასიძის ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, ო.ა.-მ შურისძიების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან ლ.ა.-ს მიმართულებით რვა გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ლ.ა.-მ ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო. ო.ა.-ს ქმედებით ასევე საფრთხე შეექმნა სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სამართალდამცველებმა ო.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება გამოძიების პირველ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში. თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახენ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კანონის შესაბამისად, უკრაინის მთავრობას ექნება საშუალება, ოპერატიულად დააკომპლექტოს სამხედრო ნაწილები ისე, რომ მობილიზაციის გამოცხადება საჭირო აღარ გახდება. როგორც გამოცემა წერს, პარლამენტის მიერ მარტის ბოლოს დამტკიცებულმა კანონმა შესაძლებელი გახადა შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერება, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან დაძაბულობის ფონზე. "ამით შესაძლებელი გახდება თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილების რეზერვისტებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ საბრძოლო ეფექტურობას სამხედრო აგრესიის დროს", - განაცხადეს პრეზიდენტის ადამინისტრაციაში. როგორც ცნობილია, კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო სამსახურის რეზერვში გავლის შესახებ კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. მათი გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვევის უგულებელყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება.

"პუტინი მკვლელია", "თავისუფლება ნავალნის" - თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა

"პუტინი მკვლელია", "თავისუფლება ნავალნის" - თავისუფლების მოედანზე ასაპროტესტო ქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აქცია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაწერად გამართეს. აქცია მოძრაობა "დროას" ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში  31 911ადამიანი აიცრა

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში 31 911ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ვაქცინა 892 ადამიანმა გაიკეთა. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

22 აპრილს, თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 22 აპრილს, თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი ქსელში გადასთვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის და მუხრანის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ლიახვის, ჩარგლის, აბესალომ ვეკუას, ნიკოლოზ შენგელიას და ჟინვალის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოელი შინდისის, რუსთაველის გამზირის, კოსტავას, მელიქიშვილის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი ქსელში გადასთვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I, II მიკრორაიონების, ილია სუხიშვილის, ჯავახეთის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ლოჭინის ხევის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, წურწუმიას, გურჯიევის, გურგენიძის, თურაშაულის, აფხაზის, ქვილითაიას და ოდიშელიძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, კონსტიტუციის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, მეფე მირიანის, სტრაბონის, ვეფხისტყაოსნის, კრისტიან სტივენის, არქანჯელო ლამბერტის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ჰუგო ჰუმბერტის, ბარონ დე ბაის, ქრისტეფორო კასტელის, მაქს ტილკეს, ოსკარ შმერლინგის, ფრედერიკ მონპერსეს და ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩების მოსახლეობას. "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ანთიძის განცხადება წასვლის თაობაზე, უკვე დააკმაყოფილა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. როგორც კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ნიკოლოზ ანთიძე აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისგან გაძევებული ჩეხი დიპლომატების დაბრუნება მოითხოვა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა რუსეთის ელჩს რუსეთიდან გაძევებული ჩეხი დიპლომატების უკან დაბრუნება მოსთხოვა. ჩეხეთმა რუსეთს მოსთხოვა, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება ქვეყნიდან ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევების შესახებ. "რუსეთში ჩეხეთის საელჩოს ყველა გაძევებული დიპლომატი მოსკოვში უნდა დააბრუნონ. რუსეთმა გადაწყვეტილება 22 აპრილის 12:00 საათამდე უნდა მიიღოს. თუ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს დიპლომატების რაოდენობას პარიტეტულ დონეზე შევამცირებთ. რუსეთიდან ოცი ჩეხი დიპლომატის გაძევებამ საელჩოს მუშაობის პარალიზება მოახდინა", - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრის თქმით, თუ 22 აპრილისთვის რუსეთი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, პრაღა გააძევებს ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების იმ რაოდენობას, რომ მათი რიცხვი არ აღემატებოდეს მოსკოვში დარჩენილი ჩეხი დიპლომატების რაოდენობას. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

გურიაში დაკარგული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა

გურიაში დაკარგული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, 17 წლის გოგო ოზურგეთში 3 დღის წინ გაუჩინარდა, ის ბოლოს მასწავლებელმა ნახა. რის შემდეგაც, ქობულეთში ერთ-ერთი ბენზინ გასამართი სადგურის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

მედია: ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აქცია ქალაქ უფაში გაიმართა, სადაც პოლიციელმა ქალს თავში ჩაარტყა. სანქტ-პეტერბურგში გამართულ აქციაზე კი სამართალდამცველებმა ელექტროშოკერი გამოიყენეს. ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა მოსკოვშიც. ნავალნის შტაბის განცხადებით, დაკავებულთა შორის არიან როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს. მათ შორისაა ალექსეი ნავალნის პრეს სპიკერი კია იარმუში და ლუბოვ სობოლი, რომლებიც დღეს დილით დააკავეს.

ახალი ზელანდია არამწეველი თაობის "შექმნას" ისახავს მიზნად

ახალმა ზელანდიამ გამოაცხადა წინადადებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი თაობისთვის მოწევის აკრძალვას და 2025 წლისთვის ქვეყნაში არამწეველი თაობის "შექმნას". ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანებისთვის სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის შეძენა და მოხმარება იკრძალება. კანონი კი ამ თაობისთვის მოწევას უკანონოდ აქცევს. "თამბაქოსგან ყოველწლიურად დაახლოებით 4500 ახალი ზელანდიელი იღუპება და საჭიროა სწრაფი რეაგირება. ჩვენ ახალი მიდგომა გვჭირდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ევროპარლამენტარები პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერას. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, მოუწოდებენ, საქაქართველოს კეთილდღეობისთვის მეტი სითამამე გამოიჩინონ და ხელი მოაწერონ. "ჩვენ გულწრფელად მივესალმებით 19 აპრილს მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომ დასრულდეს საქართველოს პოლიტიკური ჩიხი და ხელი მოაწერეს ევროკავშირის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალ გზავნილს. ახალი ტექსტი ეფუძნება სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით შეთავაზებულ წინა წინადადებებს, რომელიც უფრო სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული სამართლიანობის საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას და სასამართლო რეფორმას. მიგვაჩნია, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და ყველა ქართველი მოქალაქის საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს. ის არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზის შეთავაზებაა და შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რამაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოწამლა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება. მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა დ პარლამენტის ცალკეულ წევრებს, იგივე სიმამაცე გამოავლინონ საქართველოს სასიკეთოდ. ამ პოლიტიკური კრიზისის სრული და საბოლოოდ უკან ჩამორჩენით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულყოფილად ფუნქციონირებას დაიწყებს და უზრუნველყოფს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში. ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ კრიზისის საბოლოო დასრულებისთვის, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულად ფუნქციონირებადი იქნება, რაც უზრუნველყოფს შეთანხმების იმპლემენტაციას.

დავით ზალკალიანი რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

22-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა, სადაც ის, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. "ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამასთან, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას", -ნათქვამია ინფორმაციაში. აღნიშნულ ვიზიტს დავით ზალკალიანი Twitter-ში გამოეხმაურა. „მოხარული ვარ, რომ მივემგზავრები რუმინეთში, რათა ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთად მონაწილეობა მივიღო რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში და განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ქვეყნის შიდა და რეგიონული უსაფრთხოება. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა ამ შესაძლებლობისთვის," - წერს ზალკალიანი.

ჰუბერტ ქნირში: მოხარული ვარ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი დაჟინებით იღვწოდნენ

"მოხარული ვარ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ელჩი კელი დეგნანი და ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღვწოდნენ", – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალური Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. "ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი და ბატონი ელჩი კარლ ჰარტცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ. შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას", – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 226 ადამიანს დაუდასტურდა, 688 გამოჯანმრთელდა, 10 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 539 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 300 264-ს. ამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 283 557-მდე. გარდაიცვალა 3 981 ინფიცირებული. დადებითობის მაჩვენებელი: 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.38 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.55%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.37%. ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან 731 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 101, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 56, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 12 700, საიდანაც: 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 883, აჭარაში - 385, იმერეთში - 422. მძიმე პაციენტი: 568, მათ შორის, თბილისში - 272, აჭარაში - 70, იმერეთში -91. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 113, მათგან თბილისში - 79, აჭარაში - 8, იმერეთში - 11. 621 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 316 - თბილისში, 287 - აჭარაში. 8 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 473 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 989 პირი, აჭარაში - 2 340, იმერეთში - 1 082.

ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს

"ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მან ბრიუსელში მორიგი ვიზიტი დაასრულა. კობახიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" ყველა აქებს დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. "დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი: - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს - ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს - ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს - ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის - ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს - ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს - ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს - ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს - ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს - ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს - ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ევროკავავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. "ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში", - წერს კობახიძე.