ძებნის რეზულტატი:

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზად არის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნებისმიერ დროს შეხვდეს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ზელენსკის სურს დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, მოსკოვი ამას მიესალმება. „თუ მას ურთიერთობების აღდგენა სურს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად, უკრაინის ხელმძღვანელობას სჭირდება კომუნიკაცია დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციებთან და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთთან. ცნობისთვის, 20 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა. „მზად ვარ, დონბასში, სადაც ომი მიმდინარეობს, ვლადიმერ პუტინს შეხვედრის გამართვა შევთავაზო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სლოვაკეთი 3 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად სლოვაკეთის მთავრობა ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჰეგერმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ უცხოური დიპლომატიური მისიები სლოვაკეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი კანონებისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად მუშაობდნენ. „სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. მათ ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

მექსიკასა და პოლონეთში Pfizer-ის ყალბი ვაქცინები გამოავლინეს

The wall street journal-ის ინფორმაციით, მექსიკასა და პოლონეთში Pfizer-ის ყალბი ვაქცინები გამოავლინეს. როგორც გამოცემა წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შავ ბაზარზე pfizer-ისა და biontech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის ფალსიფიცირებული ვარიანტი გამოავლინეს. მექსიკის პოლიციამ ჯერ კიდევ თებერვალში დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც იმ კლინიკაში მუშაობდნენ, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობდა. ყალბი ვაქცინის ამპულაში ჩვეულებრივი გამოხდილი წყალი აღმოჩნდა. ასეთი ფალსიფიცირებული ვაქცინის ღირებულება შავ ბაზარზე 1000 დოლარი იყო. ყალბი ვაქცინა 80 ადამიანს გაუკეთეს. პოლონეთში იანვარში აღმოჩენილ ფალსიფიცირებულ ვაქცინაში კი, სავარაუდოდ ნაოჭების საწინააღმდეგო ხსნარი იყო ჩასხმული. ყალბი ვაქცინა კერძო პირის სახლიდან ამოიღეს. მას ბრალად ვაქცინის ფალსიფიცირება და მათი გაყიდვის მცდელობა წაუყენეს.

ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმისმასივის I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრვი), სამხედრო გზატეცილის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ჭიაურელის, ლიუბლიანას, ახმეტელის, ბელიაშვილის, მიქელაძის და ბოხუას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრვი), სამხედრო გზატეცილის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ჭიაურელის, ლიუბლიანას, ახმეტელის, ბელიაშვილის, მიქელაძის და ბოხუას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ალექსი მაჭავარიანის, დიმიტრი ბაქრაძის, ზანდუკელის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ჭოველიძის, შოთა მილორავას, არაგვის, ბელინსკის, კოსტავას და ზურაბ საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის (ნაწილობრივ), II ხეივნის და გულუას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის, შავთელის, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების, გია რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III კვარტლების, დავითაიას, შანდორ პეტეფის, ალუბლების, მშველიძის, სულაქველიძის, კვაჭანტირაძის, მუსხელიშვლის და ხელოვანთა ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ხელოვანთა, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვიქტორ დოლიძის, ქარელის, სიმონ ჩიქოვანის, ბაკურიანის, ბაკურციხის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ლიხაურის, თამაზ ჭილაძის, პიმენ ყურაშვილის, ქრისტინე შარაშიძის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, საბურთალოს, გივი კარტოზიას და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ხომლის (ნაწილობრივ) და ტოგო გუდავას ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის, პაატა გუგუშვილის, ფრისის და ბესო ბერიას ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V მიკორაიონების (ნაწილობრივ), ნიკო კეცხოველის, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავიშოღლუს შეხვდა. მინისტრები მიესალმნენ რუმინეთ-პოლონეთ-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის მონაწილეობას, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე მსჯლობისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისა და აღნიშნული საკითხების მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნებისთვის. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის იმ მნიშვნელოვან სტრატეგიული ხასიათის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული. განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას. მხარეები კიდევ ერთხელ მიესალმნენ საქართველოს ინიციატივას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამშვიდობო პლატფორმის შესახებ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ოფიციალური თბილისის პოზიცია რეგიონული ხასიათის სხვადასხვა ფორმატებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ აუციელებლია მასში მონაწილე ყველა მხარის კონსტრუქციული, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება. რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს გლობალური პანდემიის მიუხედავად ქვეყნებს შორის ურთიერთობების და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკა, სხვადასვხა დარგობრივი მიმართულებით განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები და მიღწეული შეთანხმებები. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა ასევე აქტიურად იმუშაონ საქართველოსა და თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს უახლოეს პერიოდში გამართვის შესაძლებლობაზე.

NATO მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანია

NATO მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანია. როგორც Reuters-ს NATO-ს წარმომადგენელმა განუცხადა, პროცესებს დააკვირდებიან. „რუსეთის მხრიდან დეესკალაციესკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანი და დროულია. ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინის ტერიტორიასა და უკრაინის საზღვრებთან გაუმართლებელ სამხედრო აქტიურობას ყურადღებით დააკვირდება“, - აღნიშნა NATO-ს წარმომადგენელმა. ალიანსში აცხადებენ, რომ მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და უკრაინის ტერიტორიიდან ყველა ძალის გაყვანისკენ მოუწოდებენ.

იენს სტოლტენბერგი: მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევას. „კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე ავღანეთში ჩვენი მისიის მხარდაჭერისთვის“, - დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.

პაატა იმნაძე: კაცს რომ ახლობელი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, რომ ნიღაბი გაიკეთოს?

რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყოველდღიურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. „დღეს ხომ დღეში 1 200-1 300 ახალ ავადმყოფზე ავედით და დათვალეთ, ცოტა ხანში, დღეში რამდენი ადამიანი დაგვეღუპება. აქედან გამოსავალი ისაა, რომ წესები დავიცვათ – პირბადე ვატაროთ, ხალხმრავალ შეკრებებს, ძირითადად, სუფრებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი და ა.შ“, – განაცხადა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. კითხვაზე, უნდა გაძლიერდეს თუ არა საინფორმაციო კამპანია, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის. „კაცს რომ ახლობელი, ნათესავი, ან ოჯახის წევრი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, ძალიან გთხოვ, ნიღაბი კაიკეთე-თქო?! ან, რამდენჯერ უნდა ვუთხრათ?! ჩვენთან პირბადის მოხმარება 50%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების ნახევარი რეგულაციებს არ იცავს. მე პიარის სპეციალისტი არ ვარ და ვერ ვიტყვი, როდესაც ქვეყანაში ამხელა მსხვერპლია და კოვიდის არ სჯერათ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანების გონებამდე დაიყვანო ის, რომ კოვიდი საფრთხეა? მე არ ვიცი და შეიძლება, პიარის სპეციალისტებმა იციან“, – განაცხადა იმნაძემ.

მზად ვართ, განვიხილოთ – ანდრიუს კუბილიუსი ნიკა მელიას თავდების ჩადგომის საკითხზე

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ არსებობს მზადყოფნა ნიკა მელიას თავდებში ევროპარლამენტარების ჩადგომაზე. „ თუ ეს იქნება გამოსავალი კრიზისიდან, ჩვენ მზად ვართ, ასეთი წინადადება განვიხილოთ. ევროპულ პარლამენტში, რა თქმა უნდა, აღმოაჩენთ ძალიან ბევრ მეგობარს საქართველოს, რომელსაც სურვილი აქვს თავდებში დაუდგნენ და პირადი გარანტიები გასცენ“, – განაცხადა მან ,,ფორმულას" ეთერში. ცნობისთვის, პარტია ,,ლელო" ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებში ჩადგომას სთავაზობს. ინიციატივას ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილიც შეუერთდა.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრისას მან ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილა. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის NATO-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, – წერს სალომე ზურაბიშვილი Tweeter-ზე.

მოვისმინეთ სიტყვებით, ახლა მოქმედებებს ველით - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანაზე

აშშ განაგრძობს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რომელიც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „უკრაინას მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ. ამ წლების განმავლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უკრაინას დახმარების სახით 2 მილიარდზე მეტი დოლარი გამოვუყავით. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის საზღვრებთან სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება. „მოვისმინეთ რუსეთის განცხადება უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ. სიტყვები მოვისმინეთ. ახლა მოქმედებას ველით. აშშ განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

ლორა თორნტონი: შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“

„საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი დემოკრატიაა. ეს არის ის, რის გამოც ქვეყანამ დაიმსახურა დასავლეთის პარტნიორების ყურადღება და აღფრთოვანება, რთულ რეგიონში მდებარეობის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნამდვილად შეხედა საქართველოს, როგორც იმედის შუქურას. შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“ (free pass)“, - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში ლორა თორნტონი, „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორი გერმანიის მარშალის ფონდში და NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში. მისი შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი უკან დახევა მკაცრად განიხილება; კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესმა უზრუნველყოს, რომ დემოკრატია ხალხისთვის მუშაობს. _ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარება ევროპისთვის ცუდი პრეცედენტი იქნება და ამის ნაცვლად, ძალისხმევა საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმაში უნდა ჩაიდოს. 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. ასეთ ფორმულირებას როგორ უყურებთ და ზოგადად, დაასრულებს თუ არა კრიზისს ეს დოკუმენტი? მადლობა ამ შეკითხვისთვის. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ვთქვი, რომ ახალი არჩევნების ჩატარება, როდესაც როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სანდოა, შეიძლება, პოტენციურად უარყოფითი პრეცედენტი ყოფილიყო. მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი არჩევნები ტარდებოდეს მხოლოდ ძალიან იშვიათ ვითარებაში, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი დარღვევები და ფართო, დადასტურებული ხარვეზები, რაც ცვლის საერთო შედეგს და სადაც არაპარტიულმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ეს პროცესი არც თავისუფალია და არც სამართლიანი. სხვა შემთხვევაში, წაგებულ მხარეებს ყველგან შეუძლიათ (და სინამდვილეში ამას აკეთებენ) ასეთი მოთხოვნების წამოყენება მტკიცებულებების გარეშე (როგორც ვნახეთ, მაგალითად, აშშ-სა და მიანმარში.) ამრიგად, 19 აპრილის შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღიარებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების უნიკალურობას და ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისის საჭიროებას. მე მივესალმები ამ შეთანხმებას და ვულოცავ ყველა მხარეს. ასევე მივესალმები პარლამენტში ძალთა ბალანსის შესახებ არსებულ განწყობას. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტთან და უმცირესობის უფლებები ძალიან შეზღუდულია. მე რომ ვიყო თავმჯდომარე კომიტეტში, ოპოზიციის მხრიდან, საბიუჯეტო საკითხებზე ვფოკუსირდებოდი, მნიშვნელოვანი იქნებოდა ზედამხედველობის უფრო მკაცრი დებულებები. საქართველოს საკანონმდებლო შტო საკმაოდ სუსტია. ვიმედოვნებ, რომ გარკვეული რეფორმების შედეგად, პარლამენტი უფრო ეფექტური მაკონტროლებელი გახდება. ვფიქრობ, პოლარიზაცია შეიძლება ასე სწრაფად არ დასრულდეს, თუმცა აპრილის კომპრომისი კარგი ნიშანია. რაც შეეხება კითხვას, დაასრულებს თუ არა ეს დოკუმენტი კრიზისს, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ კრიზისს. ეს ნამვდილად პოზიტიური განვითარებაა, რაც როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ არჩეული დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში ადგილებს დაიკავებს. საქართველოს არჩევნები მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე საზიანო ხარვეზები ნამდვილად არ ფიქსირდება არჩევნების დღეს, მაგრამ ეს ხდება მანამდე. განსაკუთრებით, დაშინება, სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და არათანაბარი გარემო (ფინანსური მხარდაჭერა). არჩევნების პარალელურად, ასევე პრობლემაა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა (ან ასეთი აღქმა). ეს არის გამოწვევები, რომელთა მოგვარება კანონმდებლობითა და რეგულაციებით რთულია და თან სდევდა ქართულ არჩევნებს წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობის დროს. არსებობს რამდენიმე საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილება, საჩივრების განხილვის პროცედურები, ოქმების დამუშავება და ასე შემდეგ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნები ამ ნაბიჯების შემდეგაც სხვა შედეგს მოიტანდა. მაგალითად, ვხედავთ, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ხალხი სამსახურს კარგავს, არამხოლოდ პოლიტიკურ და ადგილობრივ დონეებზე. ამრიგად, არსებობს სტიმული, რომ „თავი დახარონ“ და მთავრობას დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. ამას ემატება დაშინება, ან თუნდაც უბრალოდ „წახალისება“, რომელიც აღწერილი აქვს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ უამრავ თანამშრომელს - მასწავლებელს, სამედიცინო მუშაკს და ა.შ. საქმე იმაშია, რომ საარჩევნო რეფორმისა და ვადამდელი არჩევნების დროსაც კი ასეთი გამოწვევები იქნება, როგორც ეს 2012 წელს ვნახეთ. არ არსებობს პლურალიზმის ან ძალაუფლების განაწილების ნება, უფრო მეტიც, გამარჯვებულმა მხარემ უნდა „გაანადგუროს“ მისი ოპონენტი და დამარცხებული უნდა გაიქცეს, ან ციხეში აღმოჩნდეს. ეს ქმნის სტიმულს მმართველი პარტიისთვის, რომ მთავრობას ჩაებღაუჭოს და ამისათვის მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს - სასამართლოები, სახელმწიფო რესურსები, სახელმწიფო მოსამსახურეები. ვფიქრობ, საქართველოში სხვა „კრიზისიც“ არის: ქართველი ხალხი უკმაყოფილოა თავისი მთავრობით და, უფრო საგანგაშოდ, დემოკრატიით. მათ არ მოსწონთ პარტიები, არ სჯერათ არჩეული წარმომადგენლების და ქვეყნის მიმართულებით ბედნიერები არ არიან. ეს მიუთითებს ქართულ პოლიტიკაში უფრო საშიშ და დუღილის ტემპერატურაზე მყოფ კრიზისზე. _როგორც NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, კვლევების გათვალისწინებით, კარგად იცნობთ განწყობებს საქართველოში. ბოლო გამოკითხვით, ბოიკოტს 60% არ უჭერდა მხარს, რიგგარეშე არჩევნებს 45% ემხრობოდა, 45% - წინააღმდეგი იყო. თქვენი შეფასებით, რაზე მიუთითებს ამომრჩეველი? საინტერესო შედეგებია. ლოგიკურია, რომ ქართველების უმრავლესობას სურს, პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სახელით რამე გააკეთოს, ვიდრე აირიონ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებზე ხმების გაყოფას, ვფიქრობ, ეს უკავშირდება პოლიტიკურ პრეფერენციებს. შეიძლება, ვადამდელ არჩევნებს, როგორც ჩიხიდან გამოსვლის გზად ცოტა ვინმე განიხილავდეს. _ამ კრიზისის გამო, ხშირად ვისმენდით განცხადებებს, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად ზიანდება და რომ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეც დაემუქრებოდა, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, როგორ ფიქრობთ, ქვეყანამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რამდენად შეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება და საბოლოოდ, იმიჯის ასე თუ ისე შენარჩუნება? საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი არის დემოკრატია. ეს არის ის, რის გამოც ქვეყანამ დაიმსახურა დასავლეთის პარტნიორების ყურადღება და აღფრთოვანება, რთულ რეგიონში მდებარეობის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნამდვილად შეხედა საქართველოს, როგორც იმედის შუქურას. ამრიგად, როდესაც დემოკრატია უკან იხევს, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პარტნიორებში იმედგაცრუებას იწვევს. ვფიქრობ, ნამდვილად იყო იმედგაცრუება, როდესაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყველა მხარდაჭერა მიიღეს. ვფიქრობ, შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“ (free pass). შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი უკან დახევა მკაცრად განიხილება. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესმა უზრუნველყოს, რომ დემოკრატია ხალხისთვის მუშაობს. _საერთაშორისო პარტნიორები ხშირად მიუთითებდნენ, რომ ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციით სარგებლობდა რუსეთი იყო, როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედოს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ? მაგალითად, გენერალი ბენ ჰოჯესი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კრემლი ნამდვილად აღფრთოვანებული იქნება დემოკრატიის წარუმატებლობით საქართველოში თუ ჩემს ქვეყანაში, აშშ-ში. მათი მიზანია, დათესონ უნდობლობა დემოკრატიის მიმართ და შექმნან პოლიტიკური ქაოსი და ეს ამოცანა უფრო მარტივდება, როდესაც ქვეყანა ზიანს აყენებს საკუთარ თავს, თუნდაც რუსული დეზინფორმაციის და ჩარევის გარეშე. ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია - (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის მოსაზრებებს თუ დავუმატებთ) კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით. ასევე საჭიროა, მივიღოთ შედეგები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა, ნავალნის მდგომარეობა და უკრაინაში ბოლოდროინდელი ქმედებები. _არის თუ არა დრო უფრო ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდანაც, რაც შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კრიზისის დროს სარგებლობს რუსეთი ან მოიაზრება მის უკან. ეს რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა და ამ მიდგომას NATO-ს მხარდაჭერა აქვს. საქართველოს თავგანწირვა ავღანეთში და სხვაგან, უმაღლეს დონეზეა შეფასებული და აღიარებული და ეს არ უნდა იყოს დავიწყებული. თუმცა, NATO-ს გაფართოება საქართველოს შიდა პოლიტიკურ და დემოკრატიის პრობლემებს ვერ გადაჭრის. სინამდვილეში, ძლიერი შიდა დემოკრატიისა და მმართველობის დემონსტრირებაა წევრობის წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, კრემლი სარგებლობს საქართველოში დისფუნქციურობით, რასაც ამგვარი განხეთქილებები კიდევ უფრო ამწვავებს, საქართველომ პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. მჯერა საქართველოს შესაძლებლობის, გააძლიეროს მისი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები.

თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 271 ადამიანს დაუდასტურდა, 729 გამოჯანმრთელდა, 11 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 564 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 271 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 301 535-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 286-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 992 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 53, გურია - 41, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231, საიდანაც: 3 527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 921, აჭარაში - 404, იმერეთში - 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 584 პირი, მათ შორის, თბილისში - 276, აჭარაში - 70, იმერეთში -88. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში - 80, აჭარაში - 7, იმერეთში - 11. 682 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 - თბილისში, 317 - აჭარაში. 9 022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 225, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 22 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 485 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 233 პირი, აჭარაში - 2 711, იმერეთში - 1 199.

ლინას ლინკევიჩუსი: კრემლის ამ „მანევრის“ შემდეგ, უკრაინამაც და საქართველომაც MAP-ი უნდა მიიღონ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის ქმდებების გამო საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას ითხოვს. ლინკევიჩუსის აზრით, ქვეყნებმა NATO-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურებაც უნდა მოისმინონ. „რუსეთმა ახლახან კიდევ ერთი „გამჭრიახობა“ გამოავლინა იმის შესახებ, რომ უკრაინამ გაამწვავა სიტუაცია დონბასში, რომ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიეღო. კრემლის ყველა ამ „მანევრის“ შემდეგ, უკრაინამაც და საქართველომაც MAP-ი უნდა მიიღონ და NATO-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება მოისმინონ“, - აღნიშნავს ლიეტუველი დიპლომატი.

დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგასთან რეგიონში არსებული ვითარება და NATO-ს მომავალი სამიტის საკითხები განიხილა

რუმინეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მეორე დღეა, შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან. დღეს დავით ზალკალიანი შეხვდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, ნატო-ს მომავალ სამიტსა და მოლოდინებს. მხარეებმა ისაუბრეს იმ სამმხრივ მინისტერიალზეც, რომელიც დღეს ბუქარესტში რუმინეთის, თურქეთისა და პოლონეთის საგარეო და საქმეთა მინისტრების ფორმატში იმართება და რომელსაც წელს პირველად ესწრება საქართველო და უკრაინა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა. „პოლონეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ურთიერთობის სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის სტრატეგიული დიალოგ. დღევანდელი შეხვედრა იყო მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ამ ფორმატში არსებული ყველა ძირითადი საკითხი იყო განხილული. ბუნებრივია, უმთავრესი იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია და ის, თუ როგორ შეიძლება, ამ სიტუაციიდან მოიძებნოს გამოსავალი ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამ კონტექსტში დღევანდელ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც არამხოლოდ პოლონეთთან, არამედ სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებთან გვექნება ამის შესახებ საუბარი. მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობა და მათი ჩართულობა ყველა ამ პროცესში. ბუნებრივია, ეს მივიღე ჩვენი პოლონელი კოლეგის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდანაც ნატო-ში ინტეგრაციის თემები იყო განხილული“, – განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველო აუცილებლად იყოს გათვალისწინებული. „ვემზადებით ნატო-ს მომავალი სამიტისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველო აუცილებლად იყოს გათვალისწინებული. არ არსებობს პრობლემური საკითხი საქართველოსა და პოლონეთს შორის. მქონდა ვიზიტი ცოტა ხნის პოლონეთში, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე და მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას. მან მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების დასრულებას, ისე დასრულებას, როგორც ეს მოხდა. მე მას მივაწოდე კიდევ დამატებითი ინფორმაციები ამ პროცესთან დაკავშირებით და იმედი გამოითქვა, რომ საქართველო როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი რეგიონში, კვლავ გააგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ“, – განაცხადა ზალკალიანმა. რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს.. „ვისაუბრებთ უკვე ჩვენს მომავალზე, ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. საერთო გამოწვევები გვაქვს როგორც ოკუპაციის მიმართულებით, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, იმ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელიც ერთად უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინტერპოლმა საქართველოს მოქალაქეზე ძებნა ყვითელი ცირკულარით გამოაცხადა

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეზე, 21 წლის გოგი დოლიძეზე საერთაშორისო ძებნა ყვითელი ცირკულარით გამოცხადდა. როგორც ცნობილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მე-12 კლასის მოსწავლე, გოგი დოლიძე 2017 წელს გაუჩინარდა. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს სოფელ ბობოყვათიდან ქობულეთში გაემგზავრა და მისი კვალი სწორედ იქ გაქრა.

მაისიდან უელსი პაბებისა და რესტორნების გახსნას გეგმას

უელსში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება, მაისიდან ბარები, პაბები და რესტორნები გაიხსნება. BBC-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლის მაიკ დრეიკფორდის განცხადებით, დაწესებულებების გახსნა და სტუმრების მიღება 17 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ,,ჩემი შეფასებით, ბარები, რესტორნები და კაფეები 17 მაისიდან შეძლებენ მუშაობის განახლებასა და შენობების გახსნას”, - თქვა პირველმა მინისტრმა დრეიკფორდმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, შეთანხმებაზე ხელმოწერა ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს. ამის შესახებ მან ბუქარესტში განაცხადა, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა. „ეს არის კარგი შესაძლებლობა, გავცვალოთ მოსაზრებები, იდეები და შეფასებები სამყაროს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ უსაფრთხოების გარემო NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან. სწორედ ამიტომ, პირველად გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რადგან გვსურს, სიღრმისეულად გავიგოთ სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები. ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაკავშირებს საქართველოსთან. ეს შესანიშნავი თანამშრომლობაა. პოლონეთს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი და განვითარებული პარტნიორი რეგიონში. ამიტომ, მივესალმეთ ახალ ამბებს თბილისიდან, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს. მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო საქართველოს. ის პოლონეთის ნამდვილი მეგობარია და მთავარი პარტნიორია რეგიონში“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.

BBC: იერუსალიმში შეტაკებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა

ებრაელი ულტრამემარჯვენე აქტივისტების, პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, ასეულობით ებრაელი აქტივისტი სკანდირებდა: „სიკვდილი არაბებს“, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, აქციის ზოგიერთი მონაწილე ქვებს და ბოთლებს ისროდა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 100 პალესტინელი დაშავდა, 21-ს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა. იერუსალიმის ძველ უბანში, დამასკოს კარიბჭესთან, პოლიცია ებრაელებისა და არაბების განცალკევებას ცდილობდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირებისას 20 სამართალდამცველი დაშავდა. პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ებრაელი ახალგაზრდები არაბების სახლებს იერუსალიმის ძველ უბანში.