ძებნის რეზულტატი:

სირიის ქალაქ იდლიბში პირველი ვაქცინა ჩაიტანეს

იდლიბში კოვიდვაქცინის პირველი პარტია ჩაიტანეს. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ტვირთი სირიამ COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღო. ვაქცინაცია პირველ მაისს დაიწყება. იდლიბში სულ, AstraZeneca-ს 54,000 დოზა მიიღეს. პრიორიტეტი მიენიჭებათ სამედიცინო პერსონალს, 60 წელს გადაცილებულებს და ქრონიკული დაავადებების მქონეებს. 2020 წელს, გაეროს ეგიდით შექმნილი საერთაშორისო კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნის თანახმად, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამთავრობო ძალები სირიაში სისტემატიურად ახორციელებდნენ იერიშებს იდლიბში სამოქალაქო ობიექტებზე, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ იდლიბის დატოვება თითქმის მილიონ ადამიანს მოუწია, რისი მიზეზიც საბავშვო ბაღებზე, სკოლებსა და ბაზრობებზე მიტანილი იერიშები გახდა. საერთო ჯამში კომისიამ დააფიქსირა 52 იერიში, რომელთა უკანაც რუსეთისა და სირიის სამხედრო საჰაერო ძალები დგანან. .

ევროკავშირმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 246 000 დოლარის ღირებულების ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა

ევროკავშირმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობის მიზნით, ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. წარმომადგენლობის განცხადებით, 246,000 USD-ის ღირებულების ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის (GC-MS) სისტემა ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სპეციალური კვევების ჩატარებასა და დანაშაულის ეფექტურ გამოძიებაში. „20 აპრილს, ევროკავშირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტს 246,000 აშშ დოლარის ღირებულების გაზის ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის სისტემა გადასცა. აღნიშნული დახმარება განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „SAFE”-ის ფარგლებში, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობით“, - აცხადებენ წარმომადგენლობაში. გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, სიგრიდ ბრეტელი და შს სამინისტროს, ევროდელეგაციისა და UNOPS-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. „ეფექტიანი სამართალდამცავი სისტემა ყველა სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ გამოიყენება ევროკავშირის მიერ გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემული აღჭურვილობა დანაშაულის გამოძიების პროცესში. ეს არის დიდი პროგრამის - „SAFE”-ის ნაწილი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას ემსახურება. ეს პროგრამა, რომელშიც ევროკავშირმა 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ორი წლის წინ დაიწყო. ის მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და ტექნიკურ აღჭურვას“, - განაცხადა ბრეტელმა. ევროკავშირის დამხარების მნიშვნელობაზე თავის მხრივ ბუთხუზმაც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის დამხარების მნიშვნელობას და აღწერა რა მიმართულებით იყო შესაძლებელი სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესება ქრომატოგრაფ/მას-სპექტორმეტრის გამოყენებით. „საქართველოში 2019 წლიდან მოქმედი პროგრამა „SAFE”-ს ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს გადმოეცა მას-სპექტრომეტრი. აღნიშნული მოწყობილობა იძლევა საშუალებას უმაღლესი სტანდარტებით და უმოკლეს ვადებში დადგინდეს, როგორც ნარკოტიკული, ისევე ასაფეთქებელი საშუალებების კვალი. ასევე, განხორციელდეს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება ხანძრების, გარემოს დაცვითი ზედამხედველობისა და ანალიზის განხორციელების მიმართულებით. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება ერთ-ერთი პრიორიტეტია შინაგან საქმითა სამინისტროსთვის და ჩვენ ყოველწლიურად ვიღვწით საერთაშორისო სტანდარტის მიღწევისთვის“, - განაცხადა ბუთხუზმა. ღონისძიების დროს მონაწილეებმა დაათვალიერეს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მთავარ ლაბორატორია და გაეცნენ თუ როგორ ტარდება სპეციალური კვლევები სხვადასხვა სუბსტანციის იდენტიფიცირებისთვის გაზის ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის (GC-MS) სისტემის გამოყენებით. მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიების მსგავსად, აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა, მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენა, ხანძრის შემთხვევების გამოძიება, გარემოსდაცვითი ანალიზი, ასაფეთქებელი საშუალებების დადგენა და უცნობი ნიმუშების იდენტიფიცირება. აღნიშნული სისტემის მეშვეობით, შსს შეძლებს კვლევის შედეგები ერთ საათზე ნაკლებ დროში მოამზადოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამინისტროს ტექნიკურ შესაძლებლობებს მაღალხარისხიანი და სწრაფი საექსპერტო გამოძიების უზრუნველყოფით. „UNOPS-ი მოხარულია, რომ წარმატებით უზრუნველყო „GC-MS“ სისტემის შესყიდვა და მონტაჟი, რომელიც უკვე სრული დატვირთვით გამოიყენება შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში და საშუალებას აძლევს უწყებას, განახორციელოს მაღალი ხარისხის საექსპერტო კვლევები. გასულ წელს პროექტის დაწყებიდან დღემდე, სამინისტროსთვის ჩვენ უკვე შევიძინეთ სამი ტიპის აპარატურა, საერთო ღირებულებით ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის შედეგები უკვე გვიჩვენებს სამინისტროს ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და საქართველოს შს სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და პროექტის უწყვეტი მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა UNOPS-ის პროექტის მენეჯერმა, ელენე ალადაშვილმა. „GC-MS“ სისტემა, რომელიც საექსპერტო კრიმინალისტიკაში „ოქროს სტანდარტად“ არის მიჩნეული, შეძენილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის „SAFE“ პროგრამის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ და ტექნიკურ გაძლიერებას. პროექტის განმახორციელებელია UNOPS-ი და ის მიზნად ისახავს ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობას. პროექტი განსაზღვრავს სპეციფიკურ საჭიროებებს და შეიძენს თანამედროვე ტექნოლოგიას, რაც აუცილებელია უსაფრთხოების სექტორის განსაზღვრული აქტორების ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ევროკავშირის „SAFE“ პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია პროექტის განხორციელების პროცესში.

2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება

მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შემდეგი სამიტი გაიმართება 2021 წლის 14 ივნისს, NATO-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. "ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ნატო, როგორც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მჭიდრო კავშირის განსახიერება. მივიღებთ გადაწყვეტილებებს 2030 წლამდე პერიოდისთვის აქტუალურ დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ არსებულ და მომავალ გამოწვევებს: რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმის საფრთხეს, კიბერშეტევებს, საზიანო ტექნოლოგიებს, ჩინეთის აღზევებასა და უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას", - აცხადებს სტოლტენბერგი.

Reuters-ი: მოსალოდნელია, რომ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, ოფიციალურად აღიარებს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა-ჟლეტას, როგორც გენოციდის ფაქტს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი თურქეთის აღშფოთებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააუარესებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. „ბაიდენი, სავარაუდოდ, გამოიყენებს სიტყვას „გენოციდი“, როგორც განცხადების ნაწილს, 24 აპრილს, როდესაც მსხვერპლთა ხსოვნას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიაგებენ პატივს“, - ამბობს წყარო Reuters-თან. აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 2019 წლის დეკემბერში მიიღო. გასულ თვეს, ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა კი, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს. სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერია სისტემატურად ცდილობდა სომხური მოსახლეობის განადგურებას, რის შედეგადაც 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, ხოლო ასობით ათასი ადამიანი სამშობლოდან გააძევეს. ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“. გუშინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნებისმიერი ნაბიჯი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ კიდევ უფრო დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ამავე თემაზე: National Interest-ი: იქნება თუ არა ადამიანის უფლებები თურქეთთან ბაიდენის ურთიერთობებში წამყვანი საკითხი

თავდაცვის მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდიცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა უნგრელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენტიტეტისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, კერძოდ, სამხედრო განათლების კუთხით განხორციელებულ პროგრამებს. "ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-შო ინტეგრაციის კუთხით უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა; ასევე, შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებისა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებს. მინისტრმა SNGP-ის ფარგლებში ლოჯისტიკის ინიციატივის კონტექსტით, ასევე NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების საქმეში უნგრეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მხარეებმა ბუდაპეშტის სამხედრო სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო შეხვედრების საკითხებიც განიხილეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელმა სირიაში სავარაუდოდ ირანული სარაკეტო და იარაღის წარმოების ცენტრებზე საჰაერო თავდასხმა გააძლიერა

ისრაელმა სირიაში სავარაუდოდ ირანული სარაკეტო და იარაღის წარმოების ცენტრებზე საჰაერო თავდასხმა გააძლიერა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ისრაელისა და დასავლეთის სადაზვერვო წყაროების თანახმად, ირანს სარაკეტო და შეიარაღებული ინდუსტრიის ნაწილები მიწისქვეშა ნაგებობებში გადააქვს და არსენალს აფართოებს. ისრაელი ირანს მისი არსებობისთვის საფრთხედ მიიჩნევს და ცდილობს, ხელი შეუშალოს ირანის მიზანს, რაც გულისხმობს რეგიონული ძალაუფლებისკენ სწრაფვას სამხედრო და ფარული მოქმედებებით, მათ შორის ის, რასაც თეირანი აცხადებს, რომ საბოტაჟური შეტევები განხორციელდა მისი ბირთვული პროგრამის მიმართ. სირიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ უპასუხეს Reuters-ის შეკითხვას იმის შესახებ, რომ ირანი იყენებდა სირიის ბაზებს ისრაელისთვის საფრთხის შექმნისთვის. ისრაელმა სირიაში სავარაუდოდ ირანული სარაკეტო და იარაღის წარმოების ცენტრებზე საჰაერო თავდასხმა გააძლიერა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 33 337-მა ადამიანმა გაიკეთა

22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 33 337-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფრომაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვაქცინა 1 426-მა პირმა გაიკეთა. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამდენიმე ოპოზიციური პარტია გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

"გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე", - ამის შესახებ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განაცხადებაშია ნათქვამი. განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. „ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება თუ რა ფორმით და როგორ ახდენდნენ ზეწოლას, ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან თუნდაც უცენზურო ტერმინების შემცველი პოსტი დაწერეს „ფეისბუქზე“. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟისა და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა. ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის, რაც მოქალაქეებმა „ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯარო გახდა ბევრი სხვა ანალოგიური ბრალდებაც. ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა – ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ „ტვ პირველიდან“ კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს, რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია. სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნითა და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საშიშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა, შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში“, – ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები:​ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ „ევროპული საქართველო“ მოძრაობა „დროა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ლეიბორისტული პარტია“ „გამარჯვებული საქართველო“ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ „სამართლიანობისთვის“ „ლელო საქართველოსთვის“ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ „ევროპული დემოკრატები“ „კანონი და სამართალი“ „პროგრესი და თავისუფლება“ „ქართული არჩევანი“ „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ „სახელმწიფო ხალხისათვის“ „თავისუფალი საქართველო“ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ „ქრისტიან-კონსერვატული პარტია“ „ემსახურე საქართველოს“

ნიკა მელია: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!

"20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!", - ამის შესახებ "ერთაინი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.

ბრიტანეთის ელჩი: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებსაც ჯერ არ მოუწერია ხელი, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მიესალმება იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას. "გაერთიანებული სამეფო სრულად უჭერს მხარს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. მე გულთბილად მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას. ჩვენ სრულად მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის პროგრესისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად. ბრიტანეთი ამას სრულად უჭერს მხარს", - განაცხადა მარკ კლეიტონმა.

ბეიკერის ვიზიტიდან 18 წლის შემდეგ, ქართველები ისევ ვერ აგვარებენ კრიზისს დასავლეთის შუამავლობის გარეშე? - დე ვაალი

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი, თომას დე ვაალი მიმდინარე მოვლენებსა და 2003 წელს განვითარებულ მოვლენებს შორის ავლებს პარალელს, როდესაც ჯეიმს ბეიკერი თბილისს ეწვია. „18 წლის შემდეგ, როდესაც ჯეიმს ბეიკერი ჩაფრინდა თბილისში კრიზისის გადასაჭრელად, ქართველები ისევ ვერ აგვარებენ კრიზისს დასავლეთის შუამავლოლბის გარეშე? პოლიტიკური კულტურა კვლავ მოითხოვს: „მე უნდა დავარტყა სხვას, ვიდრე ამ ბრძოლიდან არ ამომათრევენ“. როდის შეიცვლება ეს? კარგია, რომ ქართველი პოლიტიკოსები კრიზისის დასრულებისთვის ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებულ დოკუმენტს დაეთანხმნენ. ჩვენ ალბათ ვნახავთ პატიმრების შეწყალებას, პარლამენტის ბოიკოტის დასრულებას. შეიძლება, ახალი არჩევნებიც წელს. თუმცა რატომ...“, - ამბობს ანალიტიკოსი. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი თბილისს 2003 წლის 5 ივლისს ეწვია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე ბეიკერი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხს განიხილავდა. თეთრი სახლის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ ბეიკერის მისიის ძირითადი მიზანი პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით ქვეყანაში გასატარებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხილვა იყო. 5, აგვისტოს, პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციების, ასევე „აღორძინებისა“ და „მრეწველების„ ხმების მხარდაჭერით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა, მაინც დაამტკიცა. ამ წესის თანახმად ცსკოს ხუთ წევრს დაამტკიცებდა პრეზიდენტი, სამს - აღორძინება, ორს - მრეწველები, ხოლო თითო-თითოს - „გაერთიანებული დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტები“ და „ახალი მემარჯვენეები“. მიღებული წესით დაირღვა პარიტეტის პრინციპი, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იყო მოდელში, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, იმ პერიოდში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა წარუდგინა. მანამდე, 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა და მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, სრულად განეხორციელებინათ ე.წ. ბეიკერის გეგმა და დროულად შეთანხმებულიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაზე. „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რაც წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის აუცილებელ პირობას. სწირედ ამ მოტივით იყო ჩამოსული აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მოთხოვნით, რომელის გეგმაც ნათლად აჩვენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისაკენ მიმავალ გზას”, - ნათქვამი იყო აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 2003 წლის 31 ივლისს კი, ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, რომელიც (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის გეგმის მიხედვით) ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებისკენაა მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი გასულ კვირას პირველი მოსმენით იქნა მიღებული, სენატორი შიშობს, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ შეძლებს დოკუმენტის მეორე და მესამე მოსმენით მიღებას. მხარს ვუჭერ ისეთი საარჩევნო კოდექსის მიღებას, რომელიც სრულად ასახავს „ბეიკერის გეგმას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე. პოლიტიკური პარტიების ან მთავრობის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, პარიტეტის დარღვევის ხარჯზე უპირატესობა მოიპოვონ საარჩევნო კომისიაში, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ნოემბერში დანიშნული არჩევნების სამართლიანობას”, - ნათქვამი იყო სენატორის განცხადებაში. „ბეიკერის გეგმა“ აშშ-ს ყოფილმა სახელწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა თბილისში ვიზიტის დროს ორი რეზოლუცია წარადგინა: ერთ-ერთი დოკუმენტი ითვალისწინებდა საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას, რომლის მიხედვით 9 წევრი ოპოზიციური პარტიებიდან იქნებოდა წარმოდგენილი, 5 კი - მთავრობიდან. კომისიის თავმჯდომარე კი ეუთოს წარმომადგენელი იქნებოდა. ამ რეზოლუციების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველოში დარჩა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ელიზაბეტ ჯონსი, რომელიც თან ახლდა ჯეიმს ბეიკერს. შარლ მიშელის დოკუმენტი - სამომავლო გზა საქართველოსთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს, მათ შორის საარჩევნო რეფორმის საკითხსაც. პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს. პარლამენტში ძალთა გადანაწილება ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მომავალი არჩევნები 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. „მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, პატიმრების ოჯახის წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

მოხდეს საყოველთაო ამნისტია და სასჯელი 1/4 -მდე შემცირდეს, გათავისუფლდეს ქრონიკულად დაავადებული პატიმრები - საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან მოძრაობა ,,შემახე ამინისტია"-ს წევრებმა აქცია გაიმართეს. პატიმრების ოჯახის წევრები შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ ერთ-ერთ პუნქტს, ამნისტიას ეხმაურებიან და ითხოვენ მათი ოჯახის წევრების გათავისუფლებასაც. მათი განცხადებით, კანონი ყველასთვის თანასწორია, ამიტომ მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საყოველთაო ამნისტია, რომელიც ციხეში მყოფ მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. აქციის მონაწილეების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შენობის პიკეტირებას აანონსებენ.

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ

NATO-ს მოკავშირეები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ ევროატლანტიკური სივრცის მასშტაბით, მათ შორის ალიანსის ტერიტორიის მასშტაბით, დესტაბილიზაციის გამოწვევი ქმედებების გამო და სრულ სოლიდარობას უცხადებენ ჩეხეთის რესპუბლიკას. ამის შესახებ განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა Twitter-ზე გაავრცელა. „NATO-ს მოკავშირეებს რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ, რამაც 2014 წელს, ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება გამოიწვია. მოკავშირეები ჩეხეთს სოლიდარობას უცხადებენ და გამოხატავენ შეშფოთებას რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება

დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს, მათ შორის იგულისხმება ლეტალური იარაღით დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ აქტით უკრაინას 2026 წლამდე წელიწადში 300 მილიონ დოლარამდე მოცულობის სამხედრო დახმარება გაეწევა, საიდანაც 150 მილიონი დოლარი ექვემდებარება პირობებს. ის უნდა მიიღონ პალატამ და სენატმა და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომ იქცეს კანონად. უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, უკრაინის მთავრობას ექნება საშუალება, ოპერატიულად დააკომპლექტოს სამხედრო ნაწილები ისე, რომ მობილიზაციის გამოცხადება საჭირო აღარ გახდება. პრეზიდენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო სამსახურის რეზერვში გავლის შესახებ კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. მათი გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვევის უგულებელყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება. შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. კიევის ცნობით, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და ყირიმში მობილიზებულია 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი. შეერთებულ შტატებსა და NATO-ში აცხადებენ, რომ რუსული ჯარის მობილიზება ყველაზე მასშტაბურია 2014 წლის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა უკანონო ანექსია მოახდინა

ხატია დეკანოიძე გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას ემიჯნება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას ემიჯნება. ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერ. "როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას". - დაწერა დეკანოიძემ. 23 ოპოზიციური პარტია პოლიტიკოს გოგი წულაიას მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენებასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე განცხადებას ავრცელებს. პარტიები განცხადებაში მიუთითებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ანალოგიურ ბრალდებებზე პრაქტიკულად არასდროს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ იყენებს. 23 პარტიიდან ერთ-ერთი ხელმომწერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა. ამის შესახებ Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ცნობით, ელჩი შარაშნიძე კიევში უკვე შეუდგა მოვალეობების შესრულებას. "ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან. შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე. შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა. საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტროს განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

Reuters-ი: საფრანგეთი რუსეთს სანქციების შესახებ აფრთხილებს

„პატიმრობაში მყოფი ნავალნის გარდაცვალების შემთხვევაში, საფრანგეთი რუსეთს სანქციების დაწესების შესახებ აფრთხილებს“, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს. „საჭირო სანქციებს მივიღებთ და პასუხისმგებლობას პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებას დავაკისრებთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ უკიდურესობამდე არ მივალთ“, - ჟან-ივ ლე დრიანმა. ნავალნი თირკლმის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ არის, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს.

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვენ და პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ

14 ბიზნესასოციაცია პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები კომენდანტის საათის გაუქმებას, ტურისტული სეზონისთვის მზადების დაწყებას და ვაქცინაციის დაჩქარებას მოითხოვენ. "ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის ამ ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ნაკლები დანაკარგით დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის გახსნის პროცესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გადარჩენისათვის, ნელი ტემპით მიდის. სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა განცხადებები კი მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალი "ლოკდაუნის" საშიშროებაზე (ე.წ. მესამე ტალღა). ქვეყნის ეკონომიკა წელიწადზე მეტია, ნაწილობრივ ჩაკეტილია და 6 თვე კი სრული „ლოკდაუნი“ გვაქვს, რაც ჩვენი საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულება, რომლებსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნესსექტორი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია. აუცილებელია: 1. სასწრაფოდ მოიხსნას კომენდანტის საათი: ქვეყანაში სამუშაო პროცესები 4-5 საათით ადრე წყდება, რის გამოც ეკონომიკა ყოველდღიურად მილიონობით ლარის ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 8 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია. 2. ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისათვის აქტიური მზადება: ასეთი მზადების მაგალითს არაერთი ტურისტული ქვეყანა აჩვენებს, მაგალითად თურქეთი. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უცხოელი ტურისტი უნდა მივიღოთ. მზადების გარეშე საგრძნობი რაოდენობის ვიზიტორების მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია. 3. სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (რეგულაციების გათვალისწინებით): სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა კერძო სექტორის ტერიტორიებზე აბსოლუტურად უკონტროლო, ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას იწვევს. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი. 4. დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი: იმისათვის, რომ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, აუცილებელია, გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღეს როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა - არადამაკმაყოფილებელია. 5. შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე: მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულია, ამ კრიზისის დროს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ უნდა მოექცეს. ეს როგორც ზოგიერთი დარგის დოტაციას, ასევე საგადასახადო წნეხის მოხსნას, ან მინიმუმ შემცირებას ეხება. 6. შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება: ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია დადებითი მესიჯების და პოზიტიური განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა, დაკავებულია მხოლოდ უარყოფითი მესიჯების გაჟღერებით: ეპიდ-სიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ლარის კურსზე, მკვლელობებზე და ა.შ. ბატონო პრემიერო, თქვენ მიერ არის დაანონსებული, რომ სულ მალე წარმოდგენილი იქნება ანტიკრიზისული გეგმა - მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ გეგმის მომზადებაში. ამ თემებზე სასაუბროდ გთავაზობთ დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა", - ნათქვამია ბიზნესასოციაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ დარგთაშორისი პლატფორმის მონაწილე ბიზნესასოციაციები: 1. საქართველოს რესტორატორტა ასოციაცია – კოტე გაბრიჩიძე (250,000 დასაქმებული) 2. საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია – ლევან ქოქიაშვილი (400 დასაქმებული) 3.საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია -თამრიკო სიხარულიძე (800 დასაქმებული) 4. საქართველოს სასტუმროების ფედერაცია - შალვა ალავერდაშვილი (2000 დასაქმებული) 5. საქართველოს რითეილერთა (ფეშენ) ასოციაცია – კახა ხაზარაძე (25,000 დასაქმებული) 6. საქართველოს დისტრიბუტორტა ასოციაცია – ივა ჭყონია (15,000 დასაქმებული) 7. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია – ელგუჯა მელაძე (70,000 დასაქმებული) 8. საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია – ლევან ყარალაშვილი (17,000 დასაქმებული) 9. საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი – სანდრო რატიშვილი (30,000 დასაქმებული) 10. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია – ლევან სილაგავა (3,000 დასაქმებული) 11. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია – დავით მესხიშვილი (50,000 დასაქმებული) 12. მთის კურორტების ბიზნესასოციაცია – მაია ბიჭიკაშვილი (1,000 დასაქმებული) 13. საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია – თამარ შარაშენიძე (1500 დასაქმებული) 14. საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია – ირაკლი როსტიაშვილი (6000 დასაქმებული)

რუსეთთან დაკავშირებით ბაიდენის პოლიტიკას ადამიანის უფლებებზე ხაზგასმა სჭირდება - ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

რუსეთთან დაკავშირებით ბაიდენის პოლიტიკას ადამიანის უფლებებზე ხაზგასმა სჭირდება. ამის შესახებ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი მეთიუ სეზარე მისივე სტატიაში წერს. „პრეზიდენტად არჩევიდან სამი თვის შემდეგ, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად ეკიდება რუსეთს. გასულ კვირას, პრეზიდენტმა გამოაქვეყნა სანქციების ახალი სერია რუსეთის წინააღმდეგ, ამის მიზეზი სხვა საკითხებთან ერთად, 2020 წლის არჩევნებში ჩარევა და აშშ-ს სამთავრობო უწყებებზე მასიური კიბერშეტევა იყო. ამავდროულად, ბაიდენმა პუტინს შესთავაზა ზაფხულში, ევროპაში სამიტის ჩატარება. მას სამიტის ფარგლებში სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობის იმედი აქვს. ამ სამიტზე შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შეიძლება დაიწყონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა. თუმცა ადმინისტრაციის დღის წესრიგში მეორე ადგილზე ასევე უნდა იყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ბაიდენს სჭირდება ახალი პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს უფრო მეტ ყურადღებას ადამიანის უფლებებზე რუსეთში, ეს იქნება გაბედული ნაბიჯი - ის, რაც ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, გადალახოს წინამორბედების შემორჩენილი პოლიტიკა, რათა უკეთესად გაამახვილოს ყურადღება მოსკოვის გამოწვევაზე. ეს ბაიდენმა უნდა განიხილოს, რადგან ის უფრო დაუახლოვდება დიალოგს თავის რუს კოლეგასთან“, - წერს მკვლევარი.