ძებნის რეზულტატი:
ჩეხეთის სენატი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააუქმოს
ჩეხეთის სენატმა (ზედა პალატამ) ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააუქმოს. ჩეხმა სენატორებმა, მიიღეს რეზოლუცია, რომლის თანახმად, 2014 წელს ვრბეტიცეში აფეთქებებს, რომლების დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და რომლებთანაც, ჩეხეთის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ დაკავშირებული, უწოდა სახელმწიფო ტერორიზმის აქტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ის მიმართული იყო მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სენატორებმა მოუწოდეს მთავრობას, მაქსიმალურად შეამციროს ჩეხეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა. ზემო პალატამ მთავრობას ურჩია, აღნიშნული საკითხი განიხილოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, ასევე NATO-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებში. რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისგან გაძევებული ჩეხი დიპლომატების დაბრუნება მოითხოვა
აშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის კომიტეტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარი დაუჭირა. როგორც ,,ამერიკის ხმის" უკრაინული გამოცემა იუწყება, შესაბამისი კანონპროექტი 21 აპრილს განიხილეს. პროექტი უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა განკუთვნილი იქნება მათ შორის ლეტალური იარაღის შეძენისთვის. კიდევ ოთხი მილიონი დოლარი კი უკრაინელი სამხედროების წვრთნებზე დაიხარჯება. ამას გარდა, პროექტის ავტორები უკრაინაში აშშ-ის სპეციალური დესპანის დანიშვნის რეკომენდაციით გამოდიან. პროექტის წარდგენისას დემოკრატმა სენატორმა, რობერტ მენენდესმა განაცხადა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა „დროული გზავნილია“. მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სენატი უახლოეს ხანში დაამტკიცებს უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს.
ხვალ სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს, მათ შორის ექვსი სამხედრო, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ოჯახებისთვის ცხედრების გადაცემის და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი დაგეგმილია 23-24 აპრილს. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. უწყები ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 23 აპრილს, 17:00 საათიდან და 24 აპრილს 11:00-დან 14:00 საათამდე. "ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე; ხოლო იდენტიფიცირებულთაგან ოთხი ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე. საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენა კი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, შეიქმნა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორის კომისიას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპარატი ახდენს ნეშტების მოძიებასთან/ამოცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინირებას, მათ შორის, ოჯახების დახმარებას ამოცნობილი ნეშტების დაკრძალვის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში კორონავირუსი 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა
იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, კორონავირუსი საქართველოში 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა როგორც ჩხაიძე აცხადებს, იაშვილისა და ციციშვილის კლინიკების ბაზაზე არასრულწლოვნებისთვის კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებმა მუშაობა დაიწყო. ბავშვებს, რომელთაც COVID-19-ის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ, დაწესებულებებში მულტიპროფესიული ჯგუფი შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ დიაგნოსტირებას მოახდენს. „ინფექციის გადატანის შემდეგ დიდი პერიოდის განმავლობაში, 6-8 თვემდეც კი, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში აღინიშნება იმ სიმპტომების გახანგრძლივება, რომლებიც ჰქონდათ ამ პაციენტებს მწვავე ფაზაში, ან სრულიად ახალი სიმპტომების გამოჩენა. ზოგადად, ითვლება, რომ მოსახლეობის 10 პროცენტში შეიძლება აღინიშნოს 12 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში სიმპტომები და 30-33 პროცენტში უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ცნობილი არ არის, რა იწვევს ასეთ გახანგრძლივებულ სიმპტომებს, მაგრამ ამ სიმპტომებს შეფასება სჭირდება. შეიძლება, ეს იყოს ძილის დარღვევა, სუნთქვის უკმარისობა, ჰაერის უკმარისობა, ხველის გახანგრძლივება, საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი. პედიატრიულ პაციენტებში 100-მდე სიმპტომი არის აღწერილი, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის გადატანის შემდგომ მდგომარეობას. ჩვენ გუშინ დავიწყეთ ფუნქციონირება. ეს პაციენტები იღებენ მულტიპროფესიული ჯგუფის ერთობლივ შეფასებას, პედიატრთან ერთად შეფასების პროცესში მონაწილეობს კარდიოლოგი, პულმუნოლოგი, ნევროლოგი და ა.შ. ასევე, მნიშვენლოვანია ფსიქოლოგის მონაწილეობაც, ვინაიდან ხშირია დეპრესიის, ხასიათის ცვლილებები. ასე რომ, ეს ცენტრი ორიენტირებულია ამ ბავშვების შეფასებაზე, შეფასების შემდეგ გადაუდებელ მდგომარეობებში დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაზე. ქვეყანაში გვყავს 30 000 ბავშვი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი. ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, არ აქვს მნიშვნელობა, მძიმე იყო კორონავირუსი, მწვავე ფაზაში, თუ მსუბუქი, კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ თუ აღინიშნა რომელიმე ეს სიმპტომი, აუცილებლად მოგვმართოს. ამ ბავშვების მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად. მეთვალყურეობის ხანგრძლივობა შესაძლებელია, იყოს ერთი წელი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომლის შემთხვევაში გულის დაზიანებას სულ მცირე ერთწლიანი მონიტორინგი სჭირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები ორსულებისთვის სერიოზულ რისკს არ წარმოადგენს
CNN-ი New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ორსულებისთვის სერიოზულ რისკს არ წარმოადგენს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა 35 691 აცრილი ორსულის მონაცემები შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 16-დან 54 წლამდე მერყეობს. მათში რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა ინექციის ადგილის ტკივილია. მას თავისა და სახსრების ტკივილი და ცხელების შემთხვევები მოჰყვება. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სრულად ინფორმირებისთვის მეტი ინფორმაცია არის საჭირო, მათ შორის გრძელვადიანი დაკვირვება მათზე, ვინც კორონავირუსზე ორსულობის პირველ თვეებში აიცრა. ორსულები COVID-19-ის რისკ-ჯგუფად ითვლებიან. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ვაქცინაციის სარგებელი მის შესაძლო რისკს აღემატება. მანამდე რამდენიმე კვლევამ დაამტკიცა, რომ ორსულობისას აცრილიების შვილებს კორონავირუსისადმი თანდაყოლილი ანტისხეულები აქვთ.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ჯეიმს რობინსი: უკრაინის კრიზისი შესაძლოა, გამოცდა იყოს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის
„უკრაინის კრიზისი შეიძლება იყოს პუტინის გამოცდა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის“, - ამ სათაურით სტატია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ანალიტიკოსმა, ჯეიმს რობინსმა მოამზადა. კრემლი უკრაინაში ბაიდენის ადმინისტრაციას ტესტავს? თუ რუსეთი მზად არის ომისთვის? ანალიტიკოსი ამ შეკითხვებს სვამს და წერს, რომ შაბათს, რუსეთმა და უკრაინამ დიპლომატები გააძევეს, რაც ორ ქვეყანას შორის ესკალაციის სერიის უკანასკნელი ნაბიჯია. რუსეთმა ათიათასობით სამხედრო შეაიარაღა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ყირიმში, რასაც კრემლი უწოდებს „მზადყოფნის“ სწავლებას. რისთვის ემზადება ის? „მოსკოვის ნაბიჯები შვიდი წლის წინანდელ მოვლენებს მოგვაგონებს, როდესაც ის ყირიმის ოკუპაციისა და უკანონოდ ანექსიისთვის იყო მზად. ახლა საკითხი დონესკის სასაზღვრო რეგიონშია, სადაც ყირიმის მსგავსად ეთნიკური რუსების დიდი ნაწილია. ყირიმისა და საქართველოს განმეორება თუ „აჯანყებული მთავრობები“ მოსკოვს ჩარევას სთხოვენ, ეს იქნება იგივე „მიზეზი“ რომელიც რუსეთმა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის და 2008 წელს, საქართველოში შეჭრის დროს გამოიყენა. სინამდვილეში, 1956 წელს, უნგრეთში, მეგობრული მთავრობების თხოვნის საფუძველზე ჰუმანიტარულ ჩარევას იგივე ახსნა ჰქონდა, 1968 წელს - ჩეხოსლოვაკიაში და 1979 წელს - ავღანეთში, სცენარი იგივე რჩება. უკრაინის კრიზისი შესაძლოა, გამოცდა იყოს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის. გაუგებარია, რის გაკეთებას ისურვებდნენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, თუ რუსეთი აშკარა სამხედრო მოქმედებებს განახორციელებდა. პუტინს შეეძლო 2014 წლის კრიზისის განმეორება, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ ეფექტური რეაგირება არ მოახდინა რუსეთის შესვლაზე ყირიმში. დონეცკის რეგიონის წართმევა შეიძლება მისი შემდეგი „ლოგიკური„ ნაბიჯიც კი იყოს. ჯერჯერობით, ბაიდენის გუნდი არაერთგვაროვანი გზავნილებით გამოვიდა, რომლებიც მკაცრად აფრთხილებენ კრემლს, მაგრამ ასევე ცდილობენ მოლაპარაკებებს. იგივე მიდგომა ვნახეთ გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე და შემდეგ პუტინისადმი სამიტის ჩატარების მოთხოვნა. რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ყველა აშშ-ს ცდის იგრძნობა, რომ ბაიდენის გუნდი შეეცდება ორმხრივი ურთიერთობების გამოსწორებას რუსეთთან, რომლებიც ასე ამაოდ დაზიანდა მწვავე რიტორიკითა და დემოკრატების მხრიდან დაუდასტურებელი პრეტენზიებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ამასთან, ეს შეიძლება თეთრი სახლის სისუსტედ იყოს აღქმული, რომელიც აგრესორისთვის მხოლოდ შესაძლებლობების პოლიტიკას გამოხატავს. ირანი ბირთვულ პროგრამას აძლიერებს და ჩინეთი ტაივანზე სამხედრო ზეწოლას ზრდის. ადმირალმა მაიკ გილდეიმ, საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი „ჩვენს ერთობას ცდიან უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ თუ ტაივანის სრუტეში”. რამდენიმე ანალიტიკოსის პროგნოზით, რუსეთი ჩაერევა უკრაინაში, ისევე როგორც ყირიმის ანექსია მოხდა, რაც ცოტამ თუ იწინასწარმეტყველა, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნებოდა. ამასთან, ღირს იმის კითხვა, თუ რა ფასი გადაიხადა მოსკოვმა ადრეული აგრესიისთვის და შეაჩერებს თუ არა ეს პუტინს? მაშინ, 2014 წელს, ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა: ვიდრე რუსეთი განაგრძობს ამ ბნელ გზას, მათ მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის წინაშე აღმოჩნდებიან”. ჩვენ ვიცით, რას მიაღწევს პუტინი უკრაინაზე თავდასხმით. თეთრმა სახლმა უნდა გაარკვიოს, რა უნდა უთხრას მას ამის შემდეგ“, - წერს ანალიტიკოსი.
აშშ-ს ელჩი ამნისტიის კანონპროექტზე: მნიშვნელოვანია, ქვეყანამ იპოვოს წინსვლის გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება
საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მას კარგად ესმის რამდენად მტკივნეულია 20 ივნისის მოვლენი საქართველოს ისტორიაში, თუმცა იმისათვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს, აუცილებელია შეთანხმება და ამნისტიის კანონპროექტის მიღებაც. „შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი. მოგეხსენებათ პროცესი იყო ხანგრძლივი და რთული. შესაბამისად, პარტიების მხრიდან საჭირო გახდა გამბედაობა იმისთვის, რომ წასულიყვნენ კომპრომისზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ 20 ივნისის მოვლენები საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მტკივნეული ეპიზოდი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ იპოვოს წინსვლის გზა, გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს შეთანხმება და ამნისტიის კანონპროექტიც. რაც შეეხება ნიკა მელიას, ცხადია, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. შეთანხმება მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უნდა შეძლოს გაგრძელება რეაგირება მის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევებზე. ეს იქნება კოვიდთან დაკავშირებული ვითარება, ეკონომიკური სიტუაცია და მრავალი სხვა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ვიმყოფებით ციცაბო პერიოდში
"ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვინმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. "ამ ეტაპზე, ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვინმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელაა მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან. საზოგადოებამ იცის ის ინსტრუმენტები, რითაც ხდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება - ესაა ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ა.შ. ამ ეტაპზე, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 1.47 ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ჩვენ უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას და არ ხდება კლასტერებზე მეთვალყურეობა, ვინაიდან, ამ მონაცემების თანახმად, ინფექცია ვრცელდება ძალიან სწრაფად,"- აცხადებს მინისტრი.
ეკატერინე ტიკარაძე: როგორც შარშან, წლევანდელ აღდგომაზეც ეკლესიის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს
როგორც შარშან, წლევანდელ აღდგომაზეც ეკლესიის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან. "მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან იდგა ეკლესია საეკლესიო დღესასწაულებზე ხალხისა და მთავრობის გვერდით, წელსაც დიდი იმედი გვქვს მათი მხარდაჭერის. საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან,"- ეკატერინე ტიკერაძე
აშშ-ს ელჩმა რუსეთი დატოვა - ის კონსულტაციებისთვის სამშობლოში გაემგზავრა
რუსეთში აშშ-ს ელჩმა ჯონ სალივანმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Bussiness Insider ავრცლებს. როგორც გამოცემა წერს, ელჩი დღეს მოსკოვიდან ლონდონში გაემგზავრება, რის შემდეგაც შტატებში დაბრუნდება. სამშაბათს, მოსკოვში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ სალივანი ამ კვირაში დაბრუნდება აშშ-ში "კონსულტაციებისთვის", მაგრამ გამგზავრების დრო არ იყო დაკონკრეტებული. აღსანიშნავია, რომ სალივანის შტატებში დაბრუნება, კრემლსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დიდი დაძაბულობის ფონზე ხდება. სანქციების საპასუხოდ, ოფიციალურმა მოსკოვმა მოუწოდა ვაშინგტონს სალივანი კონსულტაციებისთვის გამოეძახა, ამას კი წინ უსწრებდა ის პროცესი, რომ რუსეთმა 10 დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. გამოცემა წერს, რომ ამგვარი ჟესტი არც თუ ისე ხშირია დიპლომატიაში, როდესაც მასპინძელი ქვეყანა მეორე სახელმწიფოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, თავად რუსეთმა ელჩი ამერიკიდან მას შემდეგ გამოიძახა კონსულტაციებისთვის, რაც თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი ,,მკვლელად" მოიხსენია.
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების გაცვლა, სატრანსპორტო პროცედურების კონტროლის გამარტივება და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო სისტემების გამოყენებით. "მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ დმიტრო აბრამოვიჩმა მოაწერეს. ღონისძიებას “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების და საინფორმაციო სისტემების საავტომობილო გადაზიდვებში დანერგვის პროცესებში თანამშრომლობასა და ეტაპობრივად დღეისათვის არსებული ქაღალდის ნებართვების და მათი ხელით კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის საბორნე და საფიდერო გემების რეგულარული მიმოსვლა განიხილეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანას იწყებს
რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებიდან და ყირიმიდან ჯარის უდიდესი ნაწილი გაჰყავს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის საჯარისო შენაერთებმა აჩვენეს მათი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყონ ქვეყნის საიმედო თავდაცვა. მისი თქმით, სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებები დასრულებულია და არმია მუდმივი დისლოკაციის ადგილს 1 მაისამდე დაუბრუნდება. "მე მჯერა, რომ სწრაფი შემოწმების მიზნებს სრულიად მივაღწიეთ. ჯარებმა აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები, უზრუნველყონ ქვეყნის სათანადოდ დაცვა. ამ თვალსაზრისით, მე გადავწყვიტე რომ დავასრულო შემოწმება სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო რეგიონებში". - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. როგორც ცნობილია, ყირიმისა და დონბასის საზღვრებთან სამხედროების მცირე ნაწილი დარჩება, რომელიც ვითარების მონიტორინგზე იქნება პასუხისმგებელი.
საპატრიარქო: მღვდელმთავართან დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპირებას, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებას თავად ჭყონდიდელი მღვდელმთავარიც გააკეთებს. „მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით. ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა. აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გუშინ, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მას ტაძარი დაკეტილი დახვდა. ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებბმა და მრევლმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს.
ესპანეთი გეგმავს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით დოზები სხვა ქვეყნებს გაუნაწილოს
CNN-ის ინფორმაციით, ესპანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების სხვა ქვეყნებისთვის განაწილებას განიხილავს. პრემიერ მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი დაახლეობით 7.5 მილიონ ვაქცინის დოზას გამოყოფს სხვა ქვეყნებისთვის რაც დაახლოებით მათი ვაქცინის ჯამური რაოდენობის 5-10%-ია. მისივე თქმით, აღნიშნული სქემა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ესპანეთის მოსახლეობის 50% იქნება აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. გამოცემა წერს, რომ ესპანეთის მოსახლეობის მხოლოდ 7.6%-ია ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებული, ხოლო 21% კოვიდ-ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვთ მიღებული. ესპანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო 93 მილიონ ვაქცინაზე გააფორმა ხელშეკრულება ევროკავშირთან, საიდანაც ამ ეტაპზე 14,924,175 დოზა მიიღო.
სასამართლო პოლიტიკურ პარტიებს გოგი წულაიას საქმეზე დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
თბილისის საქალაქო სასამართლო, ბრალდებულ გოგი წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხოს და პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. "თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. სასამართლო განმარტავს, რომ სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა. მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა - პატიმრობა არასდროს გამოყენებულა. 2019-2021 წლებში აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე 6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა,"- აღნიშნულია განცხადებაში რამდენიმე ოპოზიციური პარტია გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ჩეხეთის მთავრობა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70-მდე თანამშრომელს გააძევებს
Reuters-ის ინფორმაციით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70-მდე თანამშრომელს გააძევებენ. „გუშინ რუსეთის ელჩს ვუთხარი, რომ თუ ჩეხ დიპლომატებს მოსკოვში არ დააბრუნებდნენ, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს შემადგენლობას შევამცირებდით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსულმა მხარემ ჩვენს მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა, ამ გადაწყვეტილების განხორციელებას შევუდგებით. პრაღაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობას მოსკოვში ჩვენი საელჩოს შემადგენლობის დონემდე დავიყვანთ. რუსეთს ჩეხეთიდან თავისი ხალხის გაყვანაზე მაისამდე ეძლევა დრო“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თურქეთში საქართველოს საელჩო: 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ
თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე. „ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა. ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში! დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80; ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00; ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26; ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში
იუსტიციის მინისტრი კარლ ჰარცელს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „რატი ბრეგაძემ კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევით წარმატებით დასრულებულ მედიაციაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის. აღინიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, მთელი ძალისხმევა მიმართოს მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრისათვის“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენს საზღვართან ჯარების შემცირება დაძაბულობას ამცირებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საზღვრიდან რუსეთის მიერ ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას ეხმაურება. „ჩვენს საზღვართან ჯარების შემცირება დაძაბულობას ამცირებს. უკრაინა ყოველთვის ფხიზლად არის, თუმცა მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებისა და დონბასში სიტუაციის დესკალაციის მიზნით. უკრაინას მშვიდობა სურს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი Tweeter-ზე.
საქართველოს პრეზიდენტსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების მიღწევა მიულოცა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო NATO-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას. სალომე ზურაბიშვილმა და იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა პორტებისა და ნატო-ს მხრიდან შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა ასევე განიხილეს ავღანეთის საკითხი და მომდევნო თვეებში ჯარების გამოყვანის პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს გამორჩეულ როლს ავღანეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, რაც დადებით როლს ითამაშებს მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით.