ძებნის რეზულტატი:

თეა წულუკიანი: მოჩვენებაა, რომ გელათში ფრესკები "სკოჩითაა" დაწებებული, ეს სპეციალური მასალაა

მოჩვენებაა, რომ გელათში ფრესკები "სკოჩითაა" დაწებებული, ესაა სპეციალური მასალა, - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, გელათში ფრესკებს სპეციალური მასალა აქვს, რათა გამომარილების და გამოშრობის დროს ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს. "ფერწერის სპეციალისტებს და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. აღმოჩნდა, რომ წებოვანი ლენტები არ არის. ესაა სპეციალური მასალაა, მოჩვენებაა რომ ეს "სკოჩია". სპეციალისტებმა ისიც კი გვითხრეს, სანამ ვინმე რამეს იტყვის, გაიკითხონო... ესაა სპეციალური მასალა, როდესაც გამომარილებისა და გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს და არ მოწყდეს. ეს ფრესკები, რომ გადარჩეს მასშტაბური სამუშაოებია საჭირო“, - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გელათში ფრესკებს წებოვანი ლენტით ამაგრებენ და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.

ევროკომისიამ კოვიდვაქცინის დამატებით 1,8 მლრდ დოზაზე BioNTech-Pfizer-თან კონტრაქტი გააფორმა

ევროკომისიამ კოვიდვაქცინის დამატებით 1,8 მლრდ დოზაზე BioNTech-Pfizer-თან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსამსახურმა გაავრცელა. „დღეს ევროკომისიამ მესამე ხელშეკრულება გააფორმა ფარმაცევტულ კომპანიებთან BioNTech და Pfizer. ის არეზერვებს დამატებით 1,8 მილიარდ დოზას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სახელით, 2021 წლის ბოლოდან 2023 წლამდე. ეს საშუალებას მოგვცემს, შეიძინოთ 900 მილიონი დოზა, დამატებით 900 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობით. ხელშეკრულების თანახმად, 2022 წლიდან, როდესაც მომარაგება დაიწყება, ევროკავშირისთვის დოზების მიწოდება გარანტირებულია. კომპანიებთან არსებული კონტრაქტებისა და შეთანხმებებით უზრუნველყოფილია დოზების დროული მიწოდება. გაძლიერდა შესაძლებლობა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა შეისყიდონ ან გაუნაწილონ დოზები ევროკავშირის გარეთ მყოფ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს COVAX-ის საშუალებით, რაც ხელს უწყობს ვაქცინების გლობალურ და სამართლიან ხელმისაწვდომობას მთელ მსოფლიოში. „ჩვენი ხელმოწერით, ახალი ხელშეკრულება ძალაშია, რაც კარგი ამბავია ჩვენი გრძელვადიანი ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ევროპის მოქალაქეები ვირუსისგან და მისი ვარიანტებისგან! ევროკავშირში 1.8 მილიარდ დოზამდე წარმოება და მიწოდება გარანტირებულია. პოტენციური კონტრაქტები სხვა მწარმოებლებთანაც იგივე მოდელს დაეფუძნება, ყველას სასარგებლოდ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ჩინეთის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ხომალდი მის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შეიჭრა

ჩინეთის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ხომალდი მის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შეიჭრა. ამის შესხებ ინფრომაციას Usnews-ი ავრცელებს. როგორც ჩინეთის სამხრეთ ოლქის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, აშშ-ის საესკადრო ნაღმოსანმა „Curtis Wilbur”-მა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულებთან დაარღვია ჩინეთის ტერიტორიული წყლები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი გმობს აღნიშნულ ქმედებას და აშშ-ს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულობს. ჩინეთის განცხადებით, აშშ-ს ეს ქმედება ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. მოგვიანებით, აშშ-ის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდი საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და თავისუფალი ნაოსნობის სრული დაცვით იმყოფებოდა პარასელის კუნძულებთან, რომლებზეც სუვერენიტეტს ჩინეთი, ტაივანი და ვიეტნამი აცხადებენ. სამხრეთ ჩინეთის ზღვა, აშშ-ჩინეთის დაძაბულ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია. აშშ არ ცნობს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ წყლებზე ჩინეთის პრეტენზიებს და მას უკანონოს უწოდებს.

საბერძნეთში, კორინთოს ყურეში ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე 6 სოფელი და 2 მონასტერი ევაკუირებულია

საბერძნეთში, კორინთოს ყურის სანაპიროზე, ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე 6 სოფელი და 2 მონასტერი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Euronews-ი ავრცელებს. სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ადგილი 90 კილომეტრით არის დაშორებული ათენიდან და ამ ეტაპზე საშიშროებას არ წარმოადგენს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში, დაახლოებით 180 მეხანძრე, 17 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენა ჩართული. სამაშველო სამსახურის განცხადებით, დაზიანებულია რამდენიმე სახლი. თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონულ უსაფრთხოებასა და NATO-ს ოპერაციებში

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩეა ჯეოანა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. „საქართველო NATO-ს უახლოესი პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონალურ უსაფრთხოებასა და NATO-ს ოპერაციებში“, - წერს მირჩეა ჯეოანა. კახა კუჭავას თქმით, საუბრის თემები, ასევე, იყო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო, ერთიანი გეგმა, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

Sinovac-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

ჩინური Sinovac-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ, 21 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, თავად აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება. "Sinovac-ის ვაქცინა, Sinopharm-ის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა. Sinovac-ი ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.

ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი: ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია Covid-19-ის ყველა ცნობილი შტამის წინააღმდეგ

„Covid-19-ის ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია ყველა ცნობილი ვარიანტის წინააღმდეგ, მათ შორის ინდურის“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა. ინფორმაციას Agence France Presse ავრცელებს. „Covid-19-ის ყველა ვარიანტს, რომლებიც აქამდე გაჩნდა, არსებული, დამტკიცებული ვაქცინები პასუხობს”, - განაცხადა კლუგემ და აღნიშნა, რომ Covid-19-ის ყველა ვარიანტის კონტროლი შესაძლებელია ჯანდაცვის და სოციალური ზომებით, რაც აქამდე გამოიყენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების სიაშია Pfizer, Moderna, Johnson&Johnson და Sinopharm-ი, Astrazeneca.

ენტონი ბლინკენი: "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს

"ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტში ჩართულ კომპანიისთვის (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. "სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ანგარიში წარუდგინა "ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის აქტის" (PEESA) შესაბამისად, რომელშიც ჩამოთვლილია ოთხი ხომალდი, ხუთი ორგანიზაცია და ერთი ფიზიკური პირი, რომლებიც ჩართულნი არიან Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში. მათ შორის არის Nord Stream 2 AG-ი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მატიას ვარნიგი. ანგარიშში იდენტიფიცირებული პირები სანქციებს ექვემდებარებიან, თუ ეს სანქციები არ გაუქმდება. ანგარიშში ჩამოთვლილი ოთხი გემი და დამატებით კიდევ 9 გემი, რომელიც ფედერალურ სახელმწიფო საბიუჯეტო უწყებას "საზღვაო სამაშველო სამსახურს" ეკუთვნის, ასევე ექვემდებარება სანქციებს. გარდა ამისა, დასკვნამდე მივედი, რომ შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია უარი თქვას სანქციების გამოყენებაზე Nord Stream 2 AG-ის, მისი აღმასრულებელი დირექტორისა და Nord Stream 2 AG-ის თანამდებობის პირების მიმართ", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. ბლინკენის განცხადებით, აშშ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტის დასრულებას ეწინააღმდეგება, რადგან ის ევროპის, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას შეასუსტებს. "ჩვენი წინააღმდეგობა Nord Stream 2-ის გაზსადენის მიმართ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვთანხმდებით, ჩვენი კავშირები მტკიცეა და ჩვენი პოზიცია შეესაბამება ჩვენს ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხი", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა,

დიმიტრი პესკოვი: აშშ-ის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა პოზიტიური სიგნალია

აშშ-ის უარი "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე, დადებითი სიგნალია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. ”ეს ნამდვილად დადებითი სიგნალია”, - თქვა პესკოვმა. პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტის ყველა მონაწილე დაინტერესებულია მისი ადრეული განხორციელებით, მიუხედავად ყველა სირთულისა. "პროექტი, მიუხედავად ყველა სირთულისა, გაგრძელდა, სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, დარწმუნებულნი ვართ, რომ პროექტი მესამე ქვეყნების მხრიდან ზეწოლას არ უნდა განიცდიდეს. ეს უკანონოა და საერთოდ არ შეესაბამება საერთაშორისო კომერციულ საქმეთა წესებს. ამ პროექტის გაგრძელება და, რაც მთავარია, მისი სწრაფად დასრულება აკმაყოფილებს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამ პროექტში მონაწილე ქვეყნების ინტერესებს ”, - თქვა მან. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტში ჩართულ კომპანიისთვის (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება. ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე. გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება. რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე, 07:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები - N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, რუსთაველის გამზირზე (პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდებიან, რომლის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ. ავტობუსები - N31, N37, N46, N301 და N345, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდგომ მათთვის დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ. N2, N31, N72, N120, N133, N137 და N170 მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ და შემდეგ, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან, საიდანაც უკვე არსებული სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები - N50, N71 და N344, ასევე, მიკროავტობუსები - N10, N140, N149 და N176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ; ავტობუსები - N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ; ავტობუსები - N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მგზავრთა მომსახურებას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ; მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას ასევე, ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებს. რაც შეეხება N124 მარშრუტს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით გადაადგილდება, შემდგომ კი სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით იმოძრავებს; მიკროავტობუსი N4, ბარათაშვილის ხიდიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსეს, ჯავახიშვილის, კოსტავას, ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩებით ისარგებლებს. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, მელიქიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებს და კოსტავას, ჯავახიშვილის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. "თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისში სადეზინფექციო ხსნარებს აყალბებდნენ - საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ახდენდა სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და მის შემდგომ რეალიზაციას. გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები. ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ, პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

საელჩო: ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს

ისრაელიდან ტურისტების ჩამოსვლაზე საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს. ისრაელელები საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების სიდიდით მეორე ჯგუფს წარმოადგენენ. გასულ თვეს არანაკლებ 10,098 ტურისტისა ჩამოვიდა ისრაელიდან - ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. ამასთან, უცხოელი ვიზიტორების ტოპ 10 ქვეყნიდან მხოლოდ ისრაელია, რომელსაც არ აქვს სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან და არ ყოფილა საბჭოთა კავშირის წევრი. 2019 წელს ისრაელიდან არანაკლებ 200 000 ტურისტისა ეწვია საქართველოს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა რამდენიმე დღის წინ, Europetime-თან ისაუბრა. „გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო“, - აღნიშნა რან გიდორმა.

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატზე კვლევის ავტორი თბილისშია

თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. EXO-CD24 ისრაელში შეიქმნა და მკვლევრების ჯგუფს ნადირ არბერი ხელმძღვანელობდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს ნადირ არბერს შეხვდნენ. როგორც Europetime-ს უწყებაში განუცხადეს, შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარება იყო. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატთან (EXO-CD24) დაკავშირებით, თუმცა როგორც სააგენტოსთან საუბარში უწყების წარმომადგენელმა განმარტა, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მედიკამენტის შემოტანა იგეგმება. ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, როგორც დამაკმაყოფილებელ, ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. სამედიცინო მკვლევრების განცხადებით მედიკამენტი ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და ის გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება. „კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრ ადამიანს დაეხმარება“, - ამის შესახებ თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა ნადირ არბერმა განაცხადა. ისრაელის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიც დაათვალიერეს. ქართველმა ექიმებმა ისრაელიდან ჩამოსულ მკვლევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ისრაელიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა კი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს. ისრაელში ჩატარებული კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა პაციენტები კორონავირუსისგან 5 დღეში განკურნა. 28 აპრილის მონაცემებით, ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა.

ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანებს ჰგონიათ, აცრა რომ გაიკეთეს, კაბინეტს დატოვებენ და დაცულები არიან, ეს ასე არ არის

ადამიანებს ჰგონიათ, რომ აცრა გაიკეთეს კაბინეტს დატოვებენ და დაცულები არიან, ეს ასე არ არის, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა. ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შეიძლება აცრის შემდეგ და რისგან უნდა შეიკაოს ვაქცინირებულმა ადამიანმა თავი. ის ყველაზე გავრცელებულ კითვებს პასუხობს. შეიძლება, თუ არა ალკოჰოლის მიღება აცრის შემდეგ? "სამედიცინო წრეებში არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ რეკომენდაციებში ალკოჰოლი საერთოდ არაა ნახსენები, რუსეთში კი მოქალაქეებს ურჩიეს, აცრიდან 2-3 დღის განმავლობაში დალევისგან თავი შეიკავონ". "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ, შრატისგან განსხვავებით, ვაქცინასთან ალკოჰოლი რეაქციაში არ შედის. "ალკოჰოლი ვაქცინამდე და ვაქცინის შემდგომ 2 ჭიქა შეიძლება. რაც შეეხება თრობას ეს არ შეიძლება, რადგან ძლიერი თრობის დროს იმუნიტეტი სუსტდება და ანტისხეულების გამოყოფა შემცირდება, ვაქცინაცია კი თავის მიზანს ვერ შეასრულებს,- აცხადებს იმუნოლოგი. შეიძლება, თუ არა ვაქცინაციის შემდეგ დაბანა? "რატომ გაჩნდა ეს კითხვა ნამდვილად არ ვიცი,არავითარი კავშირი დაბანას და ვაქცინაციას შორის არ არის. აცრამდე და აცრის შემდეგაც ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიბანოს," არის, თუ არა დიეტური შეზღუდვები ვაქცინაციის შემდეგ? "კვებას არავითარი კავშირი არ აქვს ვაქცინაციასთან. უბრალოდ ვაქცინაციის შემდეგ, თუ მივირთვით 3 კილოგრამი მარწყვი, შესაძლოა ალერგია მომცეს. მერე გართულდება გარკვევა ეს არის ვაქცინის რეაქცია თუ უბრალოდ მარწყვის ალერგიაა, იგივე ეხება ციტრუსებსაც." მზე და სოლარიუმი? "თუ მზეზე არ აქვს ალერგია ადამიანს შეიძლება. მზეც და სოლარიუმიც. თუ ადამიანი მზეზე იფოთლება ან აყრის თავი უნდა შეიკავოს," აქვეითებს, თუ არა აცრა იმუნურ სისტემას? - იმუნოლოგი აცხადებს, რომ აცრა იმუნურ სისტემას აძლიერებს. აცრის შემდეგ, თუ გავცდივდით, როგორ ვიქცევით? "თუ გავცდივდით სიმპტომურ მკურნალობას ჩავიტარებთ ოჯახის ექიმთან აუცილებლად. აცრიდან ორი კვირის მანძილზე არ ვართ დაცულები, კორონავირუსის შემთხვევები მეორე მეხუთე დღესაც ფიქსირდება. ადამიანებს ჰგონიათ, აცრა რომ გაიკეთეს, კაბინეტს დატოვებენ და დაცულები არიან ეს ასე არ არის,"-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ევროპარლამენტი:  ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა და არსებით გადახედვას საჭიროებს

ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ ევროკავშირმა თურქეთთან ურთიერთობას უნდა გადახედოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთი სულ უფრო მეტად შორდება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. შედეგად, ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანეს. გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ თუ თურქეთი არ შეცვლის თავის ამჟამინდელ უარყოფით ტენდენციას, კომისიამ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ შეჩერებას. ანგარიშის მიხედვით, დეპუტატები თურქეთის ინსტიტუციონალურ რეფორმებს აკრიტიკებენ და შეშფოთებული არიან „საპრეზიდენტო სისტემის ავტორიტარული ინტერპრეტაციით“, რაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობასა და „საპრეზიდენტო ძალაუფლების ჰიპერცენტრალიზაციაზე“ მიუთითებს. ევროპარლამენტარები თურქეთის შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები, ადვოკატები, აკადემიკოსები და სხვები, რომლებიც მთავრობამ დაუსაბუთებელი ბრალდებით დააპატიმრა. ევროპარლამენტარებს ასევე აწუხებთ თურქეთის მტრული საგარეო პოლიტიკა, მათ შორის საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ, ასევე მისი მონაწილეობა სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტებში, რაც მუდმივად ეჯახება ევროკავშირის პრიორიტეტებს. ისინი ასევე იმეორებენ თავიანთ წახალისებას თურქეთის მიმართ, სომხეთის გენოციდის აღიარებითვის, რაც ხელს შეუწყობდა თურქი და სომეხი ხალხის შერიგებას. მოხსენებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 480-მა წევრმა, 64 წინააღმდეგ წავიდა, 150-მა კი თავი შეიკავა.

შემოვა თუ არა საქართველოში COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

შემოვა თუ არა საქართველოში COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი EXO-CD24, ამ საკითხთან დაკავშირებული შეკითხვით Europetime-მა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელისა და COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის კვლევის ავტორი ნადირ არბერის უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება იყო. ,,შეხვედრის მიზანი იყო საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღნიშნული მედიკამენტის შემოტანა იგეგმება", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა სააგენტოსთან საუბრისას. ცნობისთვის, დღეს, თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი - EXO-CD24 ისრაელში სამედიცინო მკვლევარებმა რამდენიმე თვის წინ შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა პაციენტები კორონავირუსისგან 5 დღეში განკურნა. 28 აპრილის მონაცემებით, ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა.

თურქეთის პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიის ლიდერს უჩივლა, რომელმაც ის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეადარა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციური პარტიის "კარგი პარტიის" ლიდერს, მერალ აკსენერს უჩივლა, რადგან მან ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეადარა. გავრცელებული ინფორმაციით, მერალ აკსენერმა პარტიის სხდომაზე ისრაელში მთავრობის კრიზისის შესახებ ისაუბრა, სადაც ორი წლის განმავლობაში საერთო არჩევნები ოთხჯერ უნდა ჩატარებულიყო და თქვა, რომ ნეთანიაჰუ ერდოღანივით ზეწოლას ახდენს თავის კონკურენტებზე. "ის( ნეთანიაჰუ) არის ერდოღანის ისრაელური ვერსია”, - თქვა აკსენერმა ნეტანიაჰუსთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ის უყოყმანოდ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს, რომ შეაჩეროს კონკურენტები. ერდოღანმა ამ კომენტარს „უზნეო" უწოდა და აღნიშნა: „ნეთანიაჰუ ჩვენი მეგობარი არასდროს ყოფილა და არც იქნება." ერდოღანის ადვოკატმა ანკარის სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმ ბრალდებებით, რომ აკსენერმა სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ერდოღანს, რამაც დაარღვია მისი პირადი უფლებები. თურქეთის პრეზიდენტი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 250 000 თურქულ ლირას (30 000 აშშ დოლარი) ითხოვს.

ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს აბდელატიფ გედირას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში ზეთისხილის გაშენებისა და ზეითუნის ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებს და სამომავლო პერსპექტივებს. "აღინიშნა, რომ ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით, რისი ხელშეწყობაც თანმიმდევრულად ხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეითუნის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით და თანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთისხილის ბაღები და იწარმოება ადგილობროვი ზეითუნის ზეთი. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის წარმოების შემდგომ განვითარებას. შეხვედრას ესწრებოდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში გიორგი სვანიძე. საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება. საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი ამ ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში, თემქაზე ხანძარია

თბილისში, თემქის მესამე მიკრორაიონში ხანძარია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჯერჯერობით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ზელენსკის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პუტინთან შეხვედრისთვის მზადება დაიწყო

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის გამართვის თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც თავად ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონბასში ომის დასრულება მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის მიუხედავად, ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებები ჩიხშია შესული „ისინი მხარს უჭერენ უკრაინას. ომის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმებული კლასტერები არსებობს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის კლასტერები. თანხმობა რუსული მხარისგან არ არის. ამიტომაც შევთავაზე რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 21 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას დონბასში შეხვედრა შესთავაზა.