ძებნის რეზულტატი:
დავით ზალკალიანი: ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება
ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარესთან, მერიჩელ ბატეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან მიმართულებებს და ასევე საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში ესპანეთ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს უაღრესად ნაყოფიერი თანამშრომლობა, ყველა ორმხრივი მიმართულებით, გაღრმავდეს ასევე საპარლამენტთაშორისო დონეზე საქმიანობა და საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით შემდგომი პერსპექტიული ნაბიჯები განხორციელდეს. ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს. ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ასევე, ესპანეთის წარმომადგენლები ევროპარლამენტში საქართველოს ერთ-ერთი მკაფიო, სერიოზული მხარდამჭერები არიან. ბუნებრივია, საუბარი შეეხო რეგიონში ჩვენს როლს, ასევე იმას, თუ რა ნაბიჯები იყოს შემდგომ გადადგმული, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების თვალსაზრისით, ასევე ხალხთაშორის და კულტურული ურთიერთობების გაფართოების კუთხით. ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იყო და ამ შეხვედრის შედეგებს ჩვენ აუცილებლად, მომავალში ვიხილავთ, როდესაც განხორციელდება პრაქტიკული ნაბიჯები“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მამუკა ხაზარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. „მეგობრებო, დღეს ასტრაზენეკათი ავიცერი. ამ ვერაგ დაავადებას მხოლოდ ვაქცინით შეგვიძლია ვებრძოლოთ“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
ჰუბერტ ქნირში გერმანიაში დასაქმებული ქართველების პრობლემაზე: მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულდეს
დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში გერმანულ უწყებებს ესაუბრა. „ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი. პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“, - ელჩის წერილობითი კომენტარი Europetime-ს საელჩოს პრესსამსახურმა მიაწოდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. პროფკავშირების გაერთიანებამ გერმანიის ელჩს საკითხის შესწავლა სთხოვა.
საქართველოს ევროპული მომავალი აქვს - შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი სტატია
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ერთობლივი Op-ed: საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 30 წლის წინ, განაახლა თავისი ისტორიული მისწრაფება ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ევროკავშირმა სaქართველოს 2004 წელს ამ პროცესის გახსნით უპასუხა, რის შედეგადაც საქართველომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკიდან (2004) აღმოსავლეთ პარტნიორობის სტატუსს (2009) მიაღწია. საქართველოს ევროპისაკენ სვლა 2014 წელს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) ხელმოწერით დაჩქარდა, 2017 წელს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებით გაგრძელდა და ქართველებს ევროკავშირში მოკლე ვადით უვიზოდ მოგზაურობის საშუალება მისცა. დღეს ევროკავშირისა და საქართველოსა კავშირი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოდესმე - ასეთ მიღწევაზე ვერავინ იფიქრებდა 1991 წელს, მაშინ როდესაც ქვეყანა საბჭოთა მმართველობისაგან გათავისუფლდა. თუმცა, 2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა. ფარულმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა. ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების ფასილიტაციის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. ამასთანავე, 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის გამო რეგიონის სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგა, რამაც საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობის კონსოლიდაცია აუცილებელი გახადა. საქართველოს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის მედიაციის ინიციატივით გამოვიდა, რის შემდეგაც პოლიტიკური დიალოგი 1 მარტს საქართველოში მისი ვიზიტისას განახლდა. ჩვენ, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, გვსურს ჩვენი უდიდესი კმაყოფილება გამოვხატოთ შეთანხმების მიღწევისა და მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მასზე ხელმოწერის გამო. ეს შეთანხმება ასრულებს კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, გასული ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლა შეეფერხებინა და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე. ლიდერების, დიალოგისა და კომპრომისის მეშვეობით საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ქვეყნის კეთილდღეობისათვის განსხვავებები გვერდით გადადეს, რაც ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით გაკეთდა და საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი დემოკრატიის იმიჯი გააცოცხლა. პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, ახლა უნდა შენარჩუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, შეასრულონ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოსათვის, ქართველი ხალხისა და ევროკავშირისათვის გამარჯვებაა. გამარჯვება საქართველოში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციებისათვის ევროპის მხარდაჭერით, ეს შეთანხმება ქვეყნის ინსტიტუციების რეფორმებს გააღრმავებს: საარჩევნო პროცესი უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებს, სასამართლო სისტემის რეფორმა კი, სამართლის ნებისმიერ პოლარიზაციას დაასრულებს, ძალაუფლების გადანაწილების პროცედურები საქართველოს პარლამენტს ერთ-ერთ ყველაზე პლურალისტულს გახდის. ეს ცვლილებები კი, არა მხოლოდ გააძლიერებს და გააფართოებს საქართველოს დემოკრატიას, არამედ უზრუნველყოფს ინკლუზიურ და ქმედით რეფორმებსაც. გამარჯვება ქართველი ხალხისათვის პარტიული დაპირისპირებების მიღმა, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე არსებული მწვავე საკითხების მოგვარებაზე: პანდემიასთან და მისგან გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაზე; სტაბილურობის შენარჩუნებაზე; მომავალში ინვესტირებაზე. ქართველებმა დაინახეს, რომ კრიზისის დაძლევაში მარტო არ იყვნენ. დღემდე, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტითა და ჯამურად, 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია დაახლოებით, 1,85 მილიარდი ევროა (რამდენიმე რომ ჩამოვთვალოთ) ეკონომიკურ განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. ამას მოჰყვება ევროპის მხრიდან მეტად ხელშესახები მხარდაჭერა. შეთანხმება „საქართველოს სამომავლო გზა“ გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო ახლო თანამშრომლობას: ფინანსური დახმარება პოსტკოვიდური დარტყმის შესამსუბუქებლად; ევროკავშირის პროგრამებში გაზრდილი მონაწილეობა; ფოკუსირება ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ევროპასთან კავშირის გაძლიერება და ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლია. გამარჯვება ევროკავშირისათვის ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც სტაბილურსა და მტკიცედ ევროპულ პარტნიორს რეგიონში, რაც აუცილებელია ევროპული ღირებულებების, უსაფრთხოებისა და ურთიერთკავშირისათვის. მაშინ, როდესაც რეგიონული ლანდშაფტი ფორმირებას განიცდის, საქართველო იმაზე უფრო მეტად მნშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ახლა ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გაღრმავება და თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება სჭირდებათ. ორმხრივ დღის წესრიგთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ განახლებულ და გაღრმავებულ აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის მუშაობას, რომელიც თანამშრომლობის არეალს აფართოებს, ზრდის ევროკავშირის მხარდაჭერას და აფართოებს ჩვენს ხალხებს შორის კავშირებს. პარალელურად, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაში ასოცირებულ პარტნიორებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის ხაზგასასმელად, ევროკავშირ-საქართველოს ბათუმის კონფერენციის ფარგლებში, გთავაზობთ ლიდერების შეხვედრას უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტებთან ერთად. რეგიონში გაზრდილ გეოპოლიტიკურ ზეწოლაზე საუკეთესო პასუხი ევროპისა და საქართველოს მიერ ახლახან დემონსტრირებული მაგალითია, რაც ერთი მხრივ, გადამწყვეტი ევროპული პოლიტიკური მხარდაჭერაა პატარა, მაგრამ ცოცხალი დემოკრატიის მიმართ და ასევე, მხარდაჭერაა ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის ასარიდებლად. მეორე მხრივ კი, ეს მაგალითი საქართველოს მიზანდასახულობაა, იმისათვის, რომ შეუფერხებლად განაგრძოს არჩეული გზა ევროატლანტიკური მომავლისაკენ.
პაატა იმნაძე: აცრის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის
აცრის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. "ზოგი ჩვენი კოლეგა აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო და მე მგონი, ზოგი ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო.კიდევ ერთხელ ვამბობ: არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. აცრიდან იმავე წუთს ვერ ვიბანავებთ და ცოტა დროის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კარლ ჰარცელი ზურაბიშვილისა და მიშელის სტატიაზე: ეს იყო ძალიან კარგი შეჯამება, თუ რა მოლოდინები აქვს ევროკავშირს
ეს სტატია არის საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკმაოდ ფართო პერსპექტივა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის შესახებ და იმ სამომავლო მოლოდინებზე, რაც 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებობს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას გამოეხმაურა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, სტატია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი. "ეს არის სტატია, რომელიც აჩვენებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით საკმაოდ ფართო პერსპექტივას, ცოტა ისტორიას და არის ცოტა წინ მჭვრეტელი. ის არსებითად ეხება საქართველოს და ევროკავშირს, მათ ურთიერთობებს, თუ რას ნიშნავს 19 აპრილის შეთანხმება და რა არის ახლა სამომავლო მოლოდინები. მე განვიხილავ ამ სტატიას, როგორც კარგ შეჯამებას იმისა, თუ რა ეტაპზეა მოვლენები ახლა და რას ელოდება ევროპა. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაღრმავებას. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სტატიის აუდიტორია საქართველოს ფარგლებს სცდება. ასე რომ, ის ასევე მიმართულია საერთაშორისო აუდიტორიისადმი და მე ამას მივესალმები, რადგან ეს ასევე არის საქართველოსა და ჩვენი პარტნიორობაზე საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის გზა", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
თენგიზ ცერცვაძე: ზაფხულს თუ მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, წლის ბოლოს გაცილებით კომფორტულად ვიგრძნობთ თავს
ბოლო 2-3 დღის განმავლობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს
ისრაელის ქალაქ ხაიფას წინააღმდეგ ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. განგაშის სიგნალები ჩაირთო შფარამის, აკრეს და კრაიოტის რეგიონებში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ოთხი რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემამ „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა, ერთი ღია ველზე დაეცა, ორი კი ისრაელის სანაპიროსთან ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. თავშესაფრებისკენ გაქცევისას ორი ადამიანი დაეცა და მსუბუქად დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში იმ ტერიტორიებს ბომბავს, საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.
რუსეთში სამართალდამცავი ორგანოებისა და მოსამართლეების შესახებ მონაცემების შეგროვება აიკრძალა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტები, რომლებიც კრძალავენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მოსამართლეთა პირადი მონაცემების შეგროვებას, თუ ეს დაკავშირებულია მათ სამუშაოსთან. გარდა ამისა, ასეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის ჯარიმა 40-ჯერ გაიზარდა და მონაცემთა გასაჯაროების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის მოქმედება გაფართოვდა. ცვლილებების ტექსტი სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის ვებგვერდზეა განთავსებული. ამჟამად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება 1000 რუბლამდე ჯარიმით ისჯება - მოქალაქეებისთვის და 5 000-მდე - თანამდებობის პირთათვის. ამიერიდან მოქალაქეთათვის მაქსიმალური ჯარიმა გაიზრდება 10 000 რუბლამდე, თანამდებობის პირთათვის კი - 40 000 რუბლამდე. დაწესდება ცალკე სასჯელი იურიდიული პირებისთვის - 200 000 რუბლამდე ჯარიმა.
კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშნელოვან, აქტუალურ საკითხებს და სამომავლო ურთიერთობების გეგმებს. განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის გავლით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავებაზე გაკეთდა.
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. "ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს. ჩვენ მოხარულები ვართ და ეს ძალიან მისასალმებელია. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობები ევროკავშირისთვის და რა დატვირთვა აქვს საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. როგოც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ძალიან კარგი შეხვედრა გამართეს. „ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში მდგარ საკითხებზე. ევროკავშირის მხარდაჭერაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასევე სამომავლო გეგმებზე. თუ რა ტიპის პროექტები და პრიორიტეტები გვექნება ევროკავშირთან ურთიერთობებში უახლოესი წლების განმავლობაში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
კახა კუჭავა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა , ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ჯოანა მირჩეას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესსა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. "ყურადღება გამახვილდა ერთიანი გეგმის შექმნაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო NATO-ს სამიტსა და არსებულ მოლოდინებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და იმ წვლილზე, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად შეაქვთ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კახა კუჭავა: მეტი NATO საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
მეტი NATO საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კახა კუჭავას თქმით, საუბრის თემები, ასევე, იყო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო, ერთიანი გეგმა, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ში კარგად ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა. „მათ მადლობა გადაგვიხადეს თანამშრომლობისთვის იქნება ეს ავღანეთი თუ სხვა ფორმატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რომელიც იქნება შემდეგი სამიტის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა და ის სიახლეები, რომელსაც საქართველო ამ სამიტზე ელოდება. ჩვენ ვითხოვთ წევრობას, ეს მიღწეული იქნება მაპით, მაპის გარეშე, რაც ასევე შესაძლებელია, თუ სხვა გზებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, - განუცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს.
აშშ ალბანეთის ყოფილ პრეზიდენტს სანქციებს უწესებს
აშშ ალბანეთის ყოფილ პრეზიდენტს, სალი ბერიშას სანქციებს უწესებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. გარდა ყოფილი პრეზიდენტისა, აშშ-ში შესვლა ეკრძალება მისი ოჯახის წევრებს - მეუღლეს და ორ შვილს. სალი ბერიშას სახელმწიფო ქონების მითვისება, საზოგადოებრივ პროცესებში ჩარევა, ძალაუფლების ბოროტად, პირადი ინტერესებისთვის გამოყენება და საკუთარი ოჯახის წევრებისა და პოლიტიკური მოკავშირეების გამდიდრებისთვის ხელშეწყობა ედება ბრალად. "ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტის სალი ბერიშას კორუფციული ქმედებები ძირს უთხრის ალბანეთში დემოკრატიას. მე საჯაროდ ვნიშნავ ბერიშას და მისი ოჯახის უახლოეს წევრებს, როგორც მათ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება არ აქვთ. ჩვენ ვრჩებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კორუფციის წინააღმდეგ ალბანეთში", - წერს ბლინკენი Twitter-ში. სალი ბერიშა 1992-1997 წლებში ალბანეთის პრეზიდენტი, 2005-2013 წლებში კი პრემიერ-მინისტრი იყო.
რა შემდგომი ნაბიჯებია საჭირო და რაზეა დამოკიდებული „ასოცირებული ტრიოს“ გეგმის განხორციელება
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ასოცირებული ტრიოს“ ევროინტეგრაციის გზაზე ეფექტური ერთიანი სტრატეგიის შემუშავების შესახებ ინიციატივა და მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ გააჟღერა. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისთვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. „ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან“, - განუცხადა კუბილიუსმა Europe Time-ს. ამასთან, Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებდა, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთად უნდა იპოვონ რეალისტური გზები, რათა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი. უცხოელი პარტნიორების მოსაზრებებს საექსპერტო წრეებში მიესალმნენ. თეონა ლავრელაშვილმა, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, ეს ინიციატივა ევროდეპუტატებთან ერთად Europetime-თან ინტერვიუში გააჟღერა. მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიის ჰოლისტიკური სტრატეგია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიურ და ინსტიტუციურ (მათ შორის აკადემიური/ არასამთავრობო) აქტორებთან თანამშრომლობის მეტ კოორდინაციას. ამასთან, თეონა ლავრელაშვილი აცხადებდა, რომ უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა ე.წ. think-tank-ებთან და სხვადასხვა ფონდთან და კარგი იქნებოდა, თუკი მართლაც შემუშავდება ხედვა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ ბრიუსელში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით (მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩამოაყალიბონ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით წარმოადგინონ ევროკავშირში ერთიანი პოზიციები, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი). მოგვიანებით, 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი კიევში გააფორმეს. „ასოცირების ტრიო“ - ეს არის გზავნილი, რომ სამი ევროპელი სახელმწიფო ევროპული კავშირის განუყოფელი ნაწილია“, - ასე შეაფასეს დოკუმენტზე ხელმომწერებმა მემორანდუმის გაფორმება. ამასთან მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ეფექტურად წავიდეს წინ სამივე ქვეყანა. „ასოცირების ტრიოს“ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს დროული ინიციატივა უწოდა თავად კუბილიუსმა. „მივესალმები ამ ინიციატივის განხორციელებას უფრო მეტად იმის გამო, რომ თავადაც ვგრძნობდი ჩართულობას და ეს ჩემთვის პრაქტიკული დადასტურებაა იმისა, რომ საგარეო პოლიტიკაში, ჩვენ, ლიეტუველებს სერიოზული წვლილის შეტანა შეგვიძლია საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინების ფორმირებაში“, - ეს არის ამონარიდი კუბილიუსის ტექსტიდან, რომელიც Facebook-ზე გამოაქვეყნა. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა - ლიეტუვას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გრძელვადიან პოლიტიკაზე, თუ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი იდეები და გვაქვს შესაძლებლობა, ასეთი იდეების ირგვლივ თანამოაზრეების რიცხვი გავზარდოთ როგორც ევროკავშირში, ისე საზოგადოებაში, ჩვენს პარტნიორებში. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ევროკავშირს ვუყურებთ რაღაც ისეთს, რაც ჯერ კიდევ უცხოა, ჩვენგან შორსაა, ჩვენი გავლენის მიღმა. ჩვენ მართლაც მეტის მიღწევა შეგვიძლია, უბრალოდ ვისწავლოთ, როგორ ვიმუშაოთ თანმიმდევრულად. ამას მოითხოვს შედეგი, მუშაობა არის გზა ამის მისაღწევად, როგორც ეს ტრიოს სტრატეგიის შედეგმა აჩვენა", - დაწერა კუბილიუსმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ინიციატივის საბოლოოდ განხორციელებას მიესალმება თეონა ლავრელაშვილი, რომელიც Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ იდეას აქვს დიდი პოტენციალი, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტრატეგიულად განხორციელდება ამ სამი ქვეყნის პოლიტიკური, დიპლომატიური და სამოქალაქო აქტორების მიერ: _ქალბატონო თეონა, რამდენიმე ხნის წინ, ჩვენთან ინტერვიუში, ევროპარლამენტარ და ევრონესტის პრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსთან ერთად, იყავით ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერი მოლდოვის, საქართველოს და უკრაინის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებით. ფაქტია, ორი დღის წინ ხელი მოეწერა ე.წ ტრიოს შეთანხმებას, ამ ქვეყნების მონაწილეობით. როგორც ინიციატორი და მხარდამჭერი ამ იდეის, რა პერსპექტივებს ხედავთ ამ შეთანხმებაში? მიხარია, რომ ეს ინიციატივა საბოლოოდ შედგა. დიახ, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვსაუბრობდი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ერთიანი მიდგომის ინსტიტუციონალიზაციაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. ამის იდეის ირგვლივ რამდენიმე სტატიაც კი გამოვაქვეყნე და ასევე მქონდა არაერთი შესაძლებლობა, რომ ევროპის პოლიტიკოსებთან მესაუბრა გუმ-ის, (GUM – Georgia, Ukraine, Moldova) იგივე ტრიოს შექმნის აუცილებლობაზე. სამწუხაროა, რომ იმ დროს არ მიექცა აღნიშნულ იდეას სათანადო ყურადღება ქართულ დიპლომატიურ წრეებში, და მისი განხორციელება მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ერთგვარად ‘აიტაცა’ და ე.წ. top-down მიდგომით სამი ქვეყანა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთიანი სტრატეგიით უფრო ეფექტური იქნება ევროკავშირთან დაახლოება. მიმაჩნია, რომ აღნიშნულ იდეას აქვს დიდი პოტენციალი, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტრატეგიულად განხორციელდება ამ სამი ქვეყნის პოლიტიკური, დიპლომატიური და სამოქალაქო აქტორების მიერ. _რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები და რა სახის სამუშაოა საჭირო, რომ ამ სამი ქვეყნის ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, ბოლომდე იყოს მიყვანილი? ვფიქრობ, რომ ამ იდეის წარმატება დამოკიდებული იქნება ერთი მხრივ იმაზე, თუ რა პროექტებსა და ინიციატივებს განახორციელებენ ქვეყნები ამ ფორმატის ფარგლებში. ხოლო მეორე მხრივ კი იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ ტრიოს დიპლომატები ამ იდეის ევროკავშირის ინსტიტუციებამდე მიტანას და იმ სკეპტიკური უწყებების დარწმუნებას, რომლებიც თვლიან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 6 ქვეყნას მეტი დიფერენციაცია არ სჭირდება (კერძოდ ვგულისხმობ ევროკავშირის დიპლომატიურ უწყებას (European External Action Service). მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ პოლიტიკური წრეები, არამედ ამ სამი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც მოახდინონ ძალისხმევის კოორდინაცია და ერთიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, რაც მიმართული იქნება ევროინტეგრაციის პროცესს დაჩქარებისაკენ. დიახ, ერთ-ერთი სამომავლო ნაბიჯი, რომელიც კუბილიუსთან ერთად გავაჟღერე, არის ბრიუსელში ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank-ის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით. მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია შეიძლება ჩამოაყალიბოს სწორედ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით მოახდინონ ევროკავშირში ლობირება და ერთიანი პოზიციების წარმოდგენა, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი. _არიან ექსპერტები, რომლებიც თვლიან რომ ამ სამი ქვეყნის კავშირი, გარკვეულწილად შეაფერხებს პროცესს, რადგან ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევები და სირთულეები, მაგალითად კორუფცია, დემოკრატიული განვითარების დონე და ასე შემდეგ...ეს ფაქტორები ხომ არ შეუშლის ხელს ამ ქვეყნებისთვის განსაკუთრებული სტატუსის ერთდროულად მინიჭებას თუ პირიქით, ეს შეიძლება კვალიფიცირდეს სწორედ დემოკრატიული პროცესების განსამტკიცებლად და ამავე დროს ევროკავშირის როლის გაზრდისკენ მიმართულ ნაბიჯად. არ ვიზიარებ ექსპერტთა ნაწილის ამ მოსაზრებას სულ მცირე 2 მიზეზის გამო. პირველი, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ინიციატივა არ გულისხმობს ამ ქვეყნების ერთიან პოლიტიკურ ფორმატში მოთავსებას - ეს არის რეგიონული ინიციატივა, რაც გვაძლევს მოქნილობის შესაძლებლობას, ხოლო იმ საკითხებში, რომლებშიც ევროკავშირთან ინდივიდუალისტური მიდგომა არის უკეთესი, ქვეყნებს აქვთ ამის ცალსახა შესაძლებლობა. ტრიო არ წარმოადგენს შემზღუდავ ფაქტორს. მეორე, ამ სამ ქვეყანას ტრიოს ფორმატში გაცილებით მეტი პოლიტიკური წონა ექნება ერთიანი მიზნის - ევროკავშირში წევრობის (ასოცირების, დამკვირვებლის თუ სრული) მიღწევის პროცესში, ვიდრე ცალ-ცალკე. ამაში დამეთანხმებიან ალბათ ის პროფესიონალებიც, ვინც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კარგად იცნობენ. ჩვენი ე.წ. ჩვენი ‘negotiation position’ იქნება უფრო მყარი და მეტად სერიოზულად აღქმული ევროკავშირის მხრიდან, ვიდრე ქვეყნების ფრაგმენტული და ნაკლებად სისტემური მიდგომა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებს ეწვევა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი 20 მაისს ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებს ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეიკო მაასი ისრაელის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები ისრაელის პრეზიდენტთან. პალესტინის ქალაქ რამალაში ჰეიკო მაასი პალესტინის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. „პოლიტიკური მოლაპარაკებები ორიენტირებული იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციაზე და ძალადობის დასრულების მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევაზე“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
დღეიდან Provax.ge-ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა
ვებ.გვერდ Provax.ge-ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. "ვებგვერდი provax.ge ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. Provax.ge-დან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე. ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლუკ კოფი: NATO-ს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა
NATO-ს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა, - ამის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლმა, ლუკ კოფიმ Twitter-ში დაწერა. „წევრები, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ყოყმანობენ, MAP-ის საკითხს იყენებენ როგორც პროგრესის დაბლოკვის საშუალებას. მხოლოდ რუსეთი იღებს სარგებელს ამ იმედგაცრუებით, რომელიც MAP-ზე მიმდინარე დებატების შედეგად შეიქმნა. NATO-ს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა“, - წერს ლუკ კოფი ლუკ კოფიმ აღნიშნა, რომ დროა შეიცვალოს MAP-ის როლი საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების გზაზე. „შემდეგ სამიტზე NATO-მ თავის დეკლარაციაში უნდა გამოტოვოს ფრაზა „MAP-ი, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი“. ეს საშუალებას მისცემს ალიანსს ნამდვილი დებატები გამართოს საქართველოსთვის MAP-ის გამოყენებისა და როლის შესახებ“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.
პაატა იმნაძე: აცრის წინ არავითარი ანალიზები არაა საჭირო, გაუფრთხილდით თანხას და ნერვებს
აცრის წინ არავითარი ანალიზები არაა საჭირო, გაუფრთხილდით თანხას და ნერვებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. "კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, არავითარი კვლევები, არავითარი ანალიზები აცრის წინ საჭირო არ არის. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ გაიდლაინს, ვერც ერთ პუბლიკაციას, მსოფლიოში, სადაც წერია, რომ ამ ანალიზის პასუხების დროს ვაქცინის გაკეთება შეიძლება და ამ ანალიზის პასუხებისას - არა. ამიტომ, აცრის წინ ამის გაკეთება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული, გაუფრთხილდით თქვენს თანხებს და ნერვებს", - აცხადებს პაატა იმნაძე.
პაატა იმნაძე: 1-2 ჭიქა ალკოჰოლი არც აცრამდე და არც აცრის შემდეგ ნამდვილად არაა პრობლემა
"1-2 ჭიქა ალკოჰოლი არც აცრამდე და არც აცრის შემდეგ ნამდვილად არაა პრობლემა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, აცრის დროს, დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღება არ არის მიზანშეწონილი. "დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, გინდა იყო აცრილი, გინდა არ იყო, მაინც არ არის მიზანშეწონილი, მითუმეტეს აცრის დროს, დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღება ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ, რომ ეს ჩვენი იმუნური სისტემის პასუხს ხელს უშლის. მაგრამ 1-2 ჭიქა ალკოჰოლი არც აცრამდე, არც აცრის შემდგომ ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ვიმეორებ, ყველამ თავისი ზომა იცის, 1-2 ჭიქას რომ ვამბობ, ზოგისთვის შეიძლება ესეც დიდი რაოდენობაა, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას", - განაცხადა პაატა იმნაძემ. ამავე თემაზე შეგიძიათ იხილოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტება ვაქცინაციასა და ალკოჰოლს შორის კავშირზე.