ძებნის რეზულტატი:
ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით შეუწყდება
20 მაისს ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს. "მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. 20 მაისს საღამოს 22:00 საათიდან 21 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის N82, 83, 84, ბაგების დასახლებას, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის მე-5 კორპუსს, უნივერსიტეტის, ქავთარაძის, ფხაკაძის, ნაფეტვრების გზის, ბათიაშვილის, იმედაძის, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს; კაკლების დასახლებას და ქუჩას, ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბელის, ნუშის ბაღების ქუჩებს; დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას, კვესეთს, ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს და კოჯორს" - აცხადებს GWP და მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის. "წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რადიო თავისუფლებამ რუსეთს ევროსასამართლოში უჩივლა
რადიო თავისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთის კანონები "უცხოელი აგენტების" შესახებ და მილიონობით დოლარის ოდენობის ჯარიმები, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მედიაკორპორაციის მოსკოვის ბიუროს გენერალურმა დირექტორმა ანდრეი შარიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ცნობისთვის, 14 მაისს, მოსკოვში, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. აღსრულების გადაწყვეტილება სასამართლოს 10 ვერდიქტის თაობაზე აღიძრა, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდის ორთვიანი ვადა ამოიწურა. ჯარიმების საერთო თანხა 5 მილიონ რუბლს შეადგენს.
მალდივის გარემოს დაცვის მინისტრი: შეიძლება, მალდივის კუნძულები საუკუნის ბოლოს გაქრეს
მალდივის კუნძულები შეიძლება საუკუნის ბოლოს გაქრეს, თუ მსოფლიო სწრაფად და თანმიმდევრულად არ იმოქმედებს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ქვეყნის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს. CNBC–სთან საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ თუ გარემოზე ზიანი მიმდინარე ტემპით გაგრძელდა, 2100 წლისთვის ქვეყანა "აქ აღარ იქნება". "ჩვენ ვერ გადავრჩებით", - თქვა მან. "კლიმატის ცვლილება რეალურია და ჩვენ ყველაზე დაუცველი ქვეყანა ვართ მსოფლიოში", - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, დღეს ქვეყნის 1,190 კუნძულის 80% ზღვის დონიდან მხოლოდ მეტრზეა, რაც მათ განსაკუთრებით დაუცველს ხდის. კუნძულების 90% წყალდიდობას განიცდის, სანაპირო ზოლის 97% ეროზიას და 64% სერიული ეროზიას განიცდის.
გერმანიის საოჯახო საქმეთა მინისტრმა პლაგიატში დადანაშაულების გამო თანამდებობა დატოვა
გერმანიის საოჯახო საქმეთა მინისტრმა, ფრანცისკა გიფაიმ პლაგიატში დადანაშაულების გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. თანამდებობს დატოვების შესახებ თავად მინისტრმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა პლაგიატი თავის სადოქტორო დისერტაციაში გამოიყენა. 43 წლის გიფაი ყურადღების ცენტრში მოექცა 2019 წლის თებერვალში, სადოქტორო დისერტაციის გამო, რომელიც მან 2010 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტს წარუდგინა. სავარაუდოდ, დისერტაცია პლაგიატულ მონაკვეთებს შეიცავდა. პლაგიატის ბრალდებებზე, გიფაიმ განაცხადა: "მე კვლავ ვუჭერ მხარს ჩემს განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩემი ნამუშევრები ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობებით დავწერე […] ვნანობ, თუ შეცდომები დავუშვი". ცნობისთვის, გიფაი ქალთა და საოჯახო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის მარტიდან იკავებდა.
თბილისში "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა გაიმართა
"კავეა სითი მოლში" მძაფრსიუჟეტიანი ფილმ "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა გაიმართა. როგორც ცნობილია, აშშ-ში პრემიერა 25 ივნისს არის დაგეგმილი. ცნობილი ბლოკბასტერის გადაღება საქართველოში პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“-ის ფილმში ასახულია თბილისისა და რუსთავის კადრები, კერძოდ, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, თავისუფლების მოედანი, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩები, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორია. "ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. მთლიან ჯამში პროექტის ფარგლებში 4 000-მდე ადამიანი დასაქმდა. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ამერიკულმა კომპანიამ 32 მილიონ ლარამდე დახარჯა. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში. გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე. FF9 არის პირველი ჰოლივუდური დიდი, სტუდიური ფილმი არა მარტო საქართველოში არამედ მთელ რეგიონში, რომელიც "ენკენი ფილმსმა" და "იუნივერსალ სტუდიომ" ერთად განახორციელეს. "უნივერსალ სტუდიოს" წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს იყო ამ წლის ტექნიკურად ყველაზე რთული ფილმის, ყველაზე რთულად გადასაღები მონაკვეთი, რასაც ქართულმა გუნდმა უმაღლეს დონეზე გაართვა თავი. ამ პროექტის წარმატებით განხორციელებამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაზარდა და ამ ეტაპზე უკვე მიდის რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმზე მოლაპარაკებები", - ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში უკრაინის ელჩი, ანდრეი სიბიგა თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის აპარატმა 19 მაისს გამოაქვეყნა. "სიბიგა ანდრეი ივანოვიჩი გათავისუფლდა თურქეთის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან”, - ნათქვამია ტექსტში. ანდრეი სიბიგა 2016 წლის აგვისტოდან მუშაობდა თურქეთში უკრაინის ელჩად, ხოლო მანამდე ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის დეპარტამენტს. უკრაინიული მედიის განცხადებით, დიპლომატის გათავისუფლება გეგმურ როტაციას უკავშირდება. კანონი საგარეო სამსახურის შესახებ ითვალისწინებს, რომ საქმიანი ვიზიტის ხანგრძლივობა ზოგადად ოთხ წლამდეა.
პოლიციამ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია ერთი ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე ჰეზერ ბერგი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებიც ცობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი, სერგო ძაგნიძე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი - რებეკა ჰანტი ესწრებოდნენ. "მხარეებმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ და დაათვალიერეს: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის და სხვა ლაბორატორიები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
იტალიაში ტბაში ჩაძირული სოფელი გამოჩნდა
იტალიის წყალსაცავში სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოჩნდა სოფლის ნაშთები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ჩაძირული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტბა რეზიამ დროებით დაიწია და ადგილობრივებმა 70 წლის შემდეგ შეძლეს დაენახათ სოფელი, სადაც ოდესღაც ასობით ადამიანი ცხოვრობდა. სამხრეთ ტიროლის სოფელი, 1950 წელს ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად დატბორეს და მისი მოსახლეობა გადაასახლეს. 160-ზე მეტი სახლი ჩაიძირა და კურონის მოსახლეობა გადასახლდა - თუმცა ზოგიერთმა გადაწყვიტა დარჩენა ახლომდებარე სოფელში. რეზიას ტბა სამხრეთ ტიროლში მდებარეობს, ალპური რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ავსტრიასა და შვეიცარიას.
ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენს, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ვუპასუხებთ
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვედა. ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან აგრესიული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში ვაშინგტონი მას შესაბამის პასუხს გასცემს. "საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს შორის განსხვავებები არსებობს და როდესაც საქმე ეხება ამ უთანხმოებებს, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს განუცხადა, თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენს, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ჩვენ ვუპასუხებთ. არა ესკალაციისა და კონფლიქტის მიზნით, არამედ ჩვენი ინტერესების დასაცავად," - აღნიშნა ბლინკენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს. „ჩვენ რუსეთთან სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა გვსურს. ვფიქრობთ, რომ ეს კარგია ჩვენი ხალხისთვის, რუსი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის," - აღნიშნა ბლინკენმა. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მა და რუსეთმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ იმოქმედონ ორმხრივ ურთიერთობებში. „თუ სწორად მესმის ჩვენი პრეზიდენტების სატელეფონო საუბრები, ისინი თანხმდებიან, რომ უნდა ვითანამშრომლოთ იმ საკითხებში, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და სადაც პოზიტიური შედეგის მიღება შეგვიძლია“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა
აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, მათიას ვარნინგი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი დაზვერვის ოფიცერია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა. ბაიდენის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტისთვის სანქციების გაუქმება, რომლის საშუალებითაც, რუსული გაზი ბალტიის ზღვის გავლით დასავლეთ ევროპისთვის გახდება ხელმისაწვდომი. "დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ადმინისტრაციის ერთგულებას ევროპის ენერგოუსაფრთხოებისადმი, რაც შეესაბამება პრეზიდენტის დაპირებას, რომ აღადგენს ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპაში", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, 1 603 გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 776 PCR ტესტით. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 334 705 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 315 254, გარდაიცვალა 4 540 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.03%. ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან 607 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 83, იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 57, შიდა ქართლი - 40, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 14 885, საიდანაც: 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 302, აჭარაში - 486, იმერეთში - 542. მძიმე პაციენტი: 917, მათ შორის, თბილისში - 441, აჭარაში - 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 222, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 12, იმერეთში - 16. 689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 371 - თბილისში, 281- აჭარაში. 9 975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 33. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 724 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 284 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 515 პირი, აჭარაში - 1 483, იმერეთში - 1 583.
მადრიდში გამართულ პრეზენტაციაში „საქართველო - ღვინის აკვანი“ მონაწილეობა ქართული დელეგაციის წევრებმა მიიღეს
მადრიდში გამართულ პრეზენტაციაში „საქართველო - ღვინის აკვანი“ მონაწილეობა ქართული დელეგაციის წევრებმა მიიღეს. პრეზენტაცია ევროპის პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში, მადრიდის IE უნივერსიტეტში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ქართული ღვინის ისტორიაზე ისაუბრეს. "საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება ქართული ღვინის ისტორიით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბიზნესსკოლის დაინტერესების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდის და მის შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში. „მისასალმებელია, რომ მადრიდის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბიზნესსკოლა, სადაც ქართველებიც სწავლობენ, დაინტერესდა ქართული ღვინის წარმატების ისტორიით და შექმნა case study ქართულ ღვინოზე. ეს ფაქტი ხელს შეგვიწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში, რამდენადაც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ ბიზნესით დაინტერესებული სტუდენტები მთელი მსოფლიოდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა ისაუბრა იმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ, რომლის გადადგმა ღვინის ინდუსტრიაში უახლოეს მომავალში იგეგმება. მისი განმარტებით, გარდა იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ღვინის წარმოების განსაკუთრებული მეთოდები გააჩნია, საჭიროა მეტი კომერციალიზაცია და, გრძელვადიან გეგმაში, აქცენტი სწორედ ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზე გაკეთდება. ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ტურიზმის გამოფენის შესახებაც ისაუბრა, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიაში გამოკვეთილ ახალ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოსთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტურისტული ნაკადები მთელს მსოფლიოში და დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ტურისტული ინდუსტრია. თუმცა, უკვე გაზრდილია აქტივობა და მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას. ახალი ტენდენციები, რომლებიც თვალსაჩინოა, არის მეტი ინტერესი ეკოტურიზმის, აგრო და ღვინის ტურიზმის მიმართულებებით, რაშიც საქართველოს განსაკუთრებული უპირატესობები გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პრეზენტაციას „საქართველო - ღვინის აკვანი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ენტონი ფაუჩი: თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, შესაძლოა, მოვითხოვოთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება
ამერიკის შეერთებული შტატები ბავშვების ვაქცინაციას მიმდინარე წლის დასასრულს ან 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ფაუჩის თქმით, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს 8-12 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება. „თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, მოვითხოვთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაში“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
სერგეი ლავროვი: ენტონი ბლინკენთან გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა აშშ-iს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებს. ლავროვის თქმით, თანამოსაუბრემ გამოთქვა მზადყოფნა ორმხრივ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების მოგვარების შესახებ. ”საუბარი კონსტრუქციულად მეჩვენებოდა”, - თქვა ლავროვმა რეიკიავიკში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან საუბრის შემდეგ. სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენი და მისი გუნდი მზად არიან, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემები გადაჭრან. ლავროვის თქმით, ”არსებობს შესაძლებლობა იმ არაჯანსაღი სიტუაციის გადასაჭრელად, რომელიც წინა წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში ვითარდებოდა”. "ჩვენ მზად ვართ, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ინტერესთა ბალანსის ძიების საფუძველზე, განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგშია, რეგიონული და გლობალური პრობლემების გათვალისწინებით", - თქვა ლავროვმა.
დაპირისპირების დიდი სივრცე და საერთო ინტერესები აშშ-რუსეთის ურთიერთობებში
„ამერიკის ადმინისტრაციაში ჯო ბაიდენი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების საკმაოდ მძიმე გაუარესების ფონზე მივიდა. აშშ უკვე პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვი ამერიკის პოლიტიკურ პროცესებში ერეოდაა. ამასთან, ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ღიად საუბრობდა, რომ რუსეთის ფედერაცია აშშ-სთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, - აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების მოსალოდნელ შეხვედრამდე ქვეყნებს შორის არსებულ დაპირისპირების სივრცესა და თემებს, რომლებსაც საერთო ინტერესად ხედავენ, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან მიმოიხილავს: პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ რუსული და ჩინური საფრთხეები ერთ სიბრტყეში ჰქონდა დაყენებული. ბაიდენმა ისიც თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პუტინის ტირანიისგან რუსი ხალხის დახსნა იქნება. თავის მხრივ, თუ გადავხედავთ რუსეთის ჯერ კიდევ 2015 წლის უსაფრთხოების დოკუმენტებს, რომლებიც ახლაც ძალაშია, ამერიკა რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველ გამოწვევად მოიაზრება. რუსეთი ბოლო პერიოდში სიხისტით გამოირჩევა, რადგან თუნდაც ყარაბაღის ომით, ჯერ კიდევ ობამას ადმინისტაციის დროს, სირიაში თავისი ყოფნის დაფიქსირებით და უკრაინის მიმართულებით საკმაოდ მძიმე და კრიზისული ვითარების შექმნით ერთგვარი უპირატესობა მიიღო. შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვან კომპრომისს რუსული მხარისგან არ უნდა ველოდოთ, ისევე როგორც ამერიკული მხარისგან არ უნდა ველოდოთ სერიოზულ დათმობას, რადგან ამერიკის არამხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯი, არამედ ამერიკა როგორც ღირსეული მოკავშირეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა რაზე გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრაზე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენს, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ვუპასუხებთ სერგეი ლავროვი: ენტონი ბლინკენთან გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო რას შეცვლის ჯერ ბლინკენი-ლავროვის აუდიენცია, რომელიც პირველად გუშინ გაიმართა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში და შემდეგ ბაიდენი-პუტინის შეხვედრა, რომელიც მოსალოდნელია, რომ ივნისში, სავარაუდოდ, შვეიცარიაში უნდა შედგეს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის აზრთასხვადასხვაობის თემაა საქართველო, ექსპერტს ამის ნაკლები მოლოდინი აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემადგენელი კომპონენტიც არის, ისაუბრებენ თუ არა საქართველოს საკითხზე ბაიდენი და პუტინი, ბევრი რამ კი, მისივე აზრით, ქართულ დიპლომატიაზე და ქართული სახელმწიფოს ქცევაზეა დამოკიდებული: თუ აშშ განაგრძობს სტრატეგიულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპის თუ პოსტსაბჭოთა რეგიონის სახელმწიფოებთან, აუცილებად დადგება მომენტი, სადაც უნდა გაკეთდეს საბოლოო არჩევანი, ამ თანამშრომლობას მიჰყვება ის ბოლომდე და დაიცავს მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს ინტერესებსაც, თუ უკან იხევს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ მაშინ მთელი მისი საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია, რომელზეც საუბრობდა საარჩევნო კამპანიის დროს, სერიოზული ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბაიდენი არ განეკუთვნება „სოფთ ლაინერების“ ფრთას ამერიკულ პოლიტიკაში, ის არის ერთგვარი „ჰარდ ლაინერი“, „პოლიტიკური ქორი“, რომელსაც ექნება საკმაოდ მძიმე პოზიცია რუსეთისთვის და ეს არ იქნება რუსეთისთვის სასურველი და მარტივი პარტნიორი, თუნდაც როგორიც იყო დონალდ ტრამპი, რომლის დროსაც დაიწყო აშშ-მა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ამ პოლიტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას და რუსული ამერიკული ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლას. „საკმაოდ რთული და მძიმე მოლაპარაკებები იქნება წინ. ამას ემატება ცალკეული საკითხები, როგორიცაა, პოზიციები ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, რუსეთის პოზიციები პოსტ საბჭოთა რეგიონში, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს უკრაინის კრიზისსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე. ასევე უნდა აღინიშნოს ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე დაძაბულობა და თვითონ რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესები და ნავალნის პატიმრობა. ასე რომ, თემები არის საკმაოდ მძიმე და რთული. აშშ-ს და ევროპის რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, რუს დიპლომატებს ბალტიის ქვეყნებიც აძევებენ 6 რუსული კომპანია, 32 ფიზიკური და იურიდიული პირი - რა სანქციები აამოქმედა ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ერთადერთი პოზიტიური მოლოდინი ამ შეხვედრიდან რაც შეიძლება იყოს - კი ბატონო შევჯერდეთ საკითხებზე, რაზეც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ და ჩვენი ინტერესები არ მოდის წინააღმდეგობაში, მაგალითად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა და გლობალური თემები, რომლებიც შეიძლებას ითქვას, რომ წარმოადგენს ზოგად საკაცობრიო მასშტაბის გამოწვევას, თუმცა იმავდროულად გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა პროგნოზირებადი იქ, სადაც გვაქვს ინტერესთა კვეთა, კონფლიქტი და ღიად დავაფიქსიროთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაში ვერ ვთანხმდებით და სად ვერ ვხედავთ ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმებს. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრას რაიმე გარდატეხა მოჰყვება აშშ-რუსეთის ურთიერთობებში. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდეს და მეტად დაინახონ სიმძიმე იმ პროცესების, რომლებსაც აქვს ადგილი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და პრაქტიკულად, ახალი ფორმა შეიძინოს რუსულ-ამერიკულმა კონკურენციამ. ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის სავარაუდო ადგილი შვეიცარიაა ამის ფაქტორია ის, რომ რუსული მხარე არანაირ კომპრომისს არ აპირებს და ყველა ცოდვაში ვაშინგტონს ადანაშაულებენ. საუბრობენ ვაშინგტონის დესტრუქციულ როლზე იმ სივრცეში, სადაც რუსეთი საკუთარ თავს მოიაზრებს უსაფრთხოების სისტემის ძირითად არქიტექტორად. პარალელურად, ამერიკის მოწოდებებს შიგნით, პოლიტიკურ მოვლენებზე, შიდა ჩარევად აღიქვამენ. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსეთი უარყოფს პრაქტიკულად ყველა იმ ბრალდებას, რომელსაც აშშ მოსკოვს უყენებს, იქნება ეს ამერიკის თუ ევროპის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. მათ აქვთ ძალიან დიდი დაპირისპირების სივრცე მთელი მიმართულებებით: იქნება ეს პოსტ საბჭოთა რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი თუ ნებისმიერ სხვა, სადაც ამერიკა-რუსეთის ინტერესი იკვეთება. თვითონ ამერიკელი დიპლომატებიც ამას უსვამენ ხაზს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი აღარ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.
რაზე გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრაზე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს არქტიკული საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ისლანდიის დედაქალაქში, რეიკიავიკში შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცდილობდა უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას მოსკოვთან. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ბლინკენმა და ლავროვმა განიხილეს რუსეთის არქტიკული საბჭოს თავმჯდომარეობის საკითხი და თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონში აშშ-სა და რუსეთის საერთო წილის გათვალისწინებით. სახელმწიფო მდივანმა ასევე გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, დაიცვას აშშ-ის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედებენ აშშ-ის ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-ს ან მის მოკავშირეებს. ბლინკენმა განმარტა, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ამერიკის მოქალაქეები პოლ უელანი და ტრევორ რიდი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა გამოხატა აშშ-ის „ღრმა შეშფოთება“ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო განლაგების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ასევე შეშფოთება გამოხატა „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფალი ევროპის / რადიო თავისუფლების" წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების გამო და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ, ასევე ოპოზიციური ორგანიზაციების მიმართ „რეპრესიებზე“. ბლინკენმა ხაზი გაუსვა სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მათ ასევე განიხილეს რეგიონული საკითხები, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის პოლიტიკური გზები. „მათ ასევე განიხილეს ის სფეროები, სადაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ისარგებლონ მდგრადი და გაღრმავებული თანამშრომლობით, მათ შორის ავღანეთის, სტრატეგიული სტაბილურობისა და ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების შეზღუდვის საკითხები“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დისკუსიების გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
პრინცი უილიამი კორონავირუსის საწიმააღმდეგო ვაქცინით აიცრა
დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. გავრცელებული ინფორმაციით, პრინცმა აცრა ლონდონში, მეცნიერებათა მუზეუმში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში გაიკეთა. პრინცმა Twitter-ზე აცრის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით. „სამშაბათს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. ყველას, ვინც ვაქცინაციაშია ჩართული - მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ“, - დაწერა უილიამმა. ცნობისათვის, პრინცმა უილიამსმა კორონავირუსი გასული წლის აპრილში გადაიტანა.
საქსტატი: 2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა
2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 %-ით გაიზარდა და 21.9 % შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. 2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3 % შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 %-ით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2%-ით და 37.7 %-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 %-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.8%-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9 %-ით,ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.3 %-ით. 2021 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.4 %-ს შეადგენდა, რაც 1.2 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.7 %-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.4 %-ით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის Iკვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 4.0 %-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 3.3 %-ით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 38.2 %-ს, ხოლო კაცებში 60.0 %-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 3.5 %-ით,ხოლო კაცებში - 2.3 %-ით. 2021 წლის I კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 4.5 და 3.8 %-ით.
კარლ ჰარცელი: თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში განხილული არ ყოფილა
19 აპრილის შეთანხმების ფორმატში თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი განხილული არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თავად პარტიების გადასაწყვეტია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხზე მსჯელობის გაგრძელება. ამასთანავე, ელჩმა საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები პერსპექტიულად შეაფასა. „მე შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პერსპექტიულად გამოიყურება. იყო გარკვეული დისკუსია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას პოზიციასთან დაკავშირებული დისკუსია არ ყოფილა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში და თავად პარტიებზეა დამოკიდებული ამ განხილვის გაგრძელება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.