ძებნის რეზულტატი:

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სანქციების მოხსნა აშშ-ისა და პირადად ბაიდენის მარცხი იქნება, რუსეთისთვის კი გეოპოლიტიკური გამარჯვება

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სანქციების მოხსნა აშშ-ისა და პირადად ბაიდენის მარცხი იქნება, რუსეთისთვის კი გეოპოლიტიკური გამარჯვება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზეც. "მე ვთვლი, რომ ეს შეხვედრა აუცილებელია. პრეზიდენტმა ბაიდენმა იცის ჩემი პოზიცია ... ისინი განიხილავენ უკრაინის თემებს მხოლოდ იმ სივრცეში და იმ დღის წესრიგში, რომელსაც მანამდე შევათანხმებთ. რსებობს რაიმე რისკი, რომ ისინი წამოჭრიან ზოგიერთ საკითხს ჩვენი შეთანხმების მიუხედავად? დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ასეთი რისკები", - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მთავარი რისკია, რომ, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მოხსნას სანქციები "ჩრდილოეთის ნაკადი -2"- ის მილსადენზე. "დიდი რისკია, რომ მათ (რუსებმა) შეიძლება ზეწოლა მოახდინონ შეერთებულ შტატებზე, ან მათ რაიმე სახის შეთანხმება ექნებათ და მოხსნან სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით... მივიჩნევ, რომ ეს აშშ-ის მარცხი იქნება, პირადად პრეზიდენტ ბაიდენის მარცხი იქნება. ამას ვამბობ გულწრფელად. ეს რუსეთისთვის იქნება სერიოზული გეოპოლიტიკური გამარჯვება და ძალისა და გავლენის ახალი გადანაწილება. მე მაშფოთებს ეს სიტუაცია“ , - განმარტა უკრაინის ლიდერმა. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახადა, რომ აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტში ჩართულ კომპანიისთვის (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა პოზიტიური სიგნალია

საფრანგეთიდან საქართველოში ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 19 მაისს, საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების - ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ საერთაშორისო ძებნილი ვ.გ. 2018 წელს, ხოლო ძებნილი თ.ჟ. 2019 წელს წინა საექსტრადიციო პატიმრობაში იქნენ აყვანილი. მათი ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ვ.გ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით ძებნას, 1994 წელს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩადენილი ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს და ფ.მ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა. „სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან გამოსასყიდის მიღების შემდგომ გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახის წევრმა განცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი შვილის გამტაცებლების ვინაობა, ჩადენილ დანაშაულში მხილების შიშით და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ვ.გ. და მისი თანამზრახველები 1994 წლის 19 თებერვალს, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განაჩენით, ვ.გ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილით (ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი ადამიანის სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით განესაზღვრა. საქართველოს გენერალური პროკურატურა მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულის თ.ჟ.-ს ძებნას ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვის და გასაღების ფაქტზე ახორციელებდა. სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2005 - 2008 წლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფმა თ.ჟ.-მ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, საფოსტო გზავნილის და ავტომანქანის მეშვეობით, რამდენჯერმე გაუკეთა ორგანიზება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ საქართველოში შემოტანას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის განაჩენით, თ.ჟ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და გასაღებისათვის, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს საფრანგეთიდან საქართველოში ეტაპირება განხორციელდა და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნენ შესახლებულნი. საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება მომავალშიც მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვენაში ირანის მიმართ სანქციების ნაწილობრივ მოხსნაზე შეთანხმდნენ - ირანული მედია

Fars News Agency-ს ინფორმაციით, ვენაში, ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ირანის მიმართ სანქციების ნაწილობრივი მოხსნის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული. როგორც პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე პრინციპული შეთანხმებაა მიღწეულია და მეორე მხარემ გადაწყვეტილება მიიღო ნავთობის, ნავთობქიმიკატების, გადაზიდვების, სადაზღვეო და საბანკო სექტორების მიმართ სანქციების მოხსნის თაობაზე. რუჰანი იმედოვნებს, რომ საბოლოო შეთანხმების გასაფორმებლად მხარეებს შორის სხვა საკითხებზეც იქნება მიღწეული თანხმობა. ”ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და პრინციპული შეთანხმება მიღწეულია", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა დიდი პრობლემები შეუქმნა ირანის ეკონომიკას, მათ ვერ შეაჩერეს ირანის ეკონომიკური ზრდა. "სანქციებმა ვერ დაბლოკა ჩვენი განვითარება. მიუხედავად კორონავირუსისა და სანქციების ზეწოლისა მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება შევძელით", - დასძიინა რუჰანმა. ცნობისთვის, ირანის ატომური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ავსტრიის დედაქალაქში უკვე ექვსი კვირაა, მიმდინარეობს. მასში ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. მხარეები შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხზე და ირანის მიმართ სანქციების მოხსნის თაობაზე მსჯელობენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე. ხაზი გაესვა, რომ ესპანეთი საქართველოს მკაფიო და სერიოზული მხარდამჭერია ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. აქვე, ესპანეთის პრემიერმა დაადასტურა მზაობა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდეს ყველა დონეზე. გამოითქვა სურვილი, რომ გაღრმავდეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა. შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, რომელსაც ასევე ექნება ბიზნეს კომპონენტი. ამ კუთხით ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, ესპანური კომპანიები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში. საუბარი შეეხო კოვიდპანდემიით მსოფლიოში გამოწვეულ რთულ ვითარებას. ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, გამოთქვა მზადყოფნა, ევროკავშირის პროექტებში ჩართულობის გზით, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მონკლოას სასახლეში გამართულ შეხვედრას, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ილია გიორგაძე ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი - პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გავმართავთ ბიზნეს ფორუმს

ჩემი კოლეგა პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნესფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე მიმოვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიც არის კოვიდპანდემიასთან ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის დარგში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და ასევე შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნესფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატით. ჩვენი მონაწილეობა FITUR-ის გამოფენაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო უკვე იხსნება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტურისტები საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არიან

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არიან. წყარო, რომელიც ზავის შესახებ მოლაპარაკებებს იცნობს, BBC- ს განუცხადა, რომ ისრაელმა ეგვიპტელ შუამავლებს აცნობა, რომ სამხედრო მოქმედებების დასრულებას ეთანხმება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ისრაელს ჯერ არ დაუდასტურებია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება. სარაკეტო იერიშები 10 მაისს დაიწყო.

ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვის რეზოლუციით ბერნი სანდერსმა კოგრესს მიმართა

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატორმა, ბერნი სანდერსმა კონგრესს წარუდგინა რეზოლუცია, რომელიც ისრაელისთვის იარაღის მიყიდვას კრძალავს. სანდერსის თქმით, როდესაც ამერიკული ბომბები ღაზას ანადგურებენ, ბავშვები და ქალები იღუპებიან, აშშ-მა, კონგრესში განხილვის გარეშე, არ უნდა დაუშვას იარაღის კიდევ ერთი მსხვილი გარიგების განხორციელება. სენატორმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით უნდა დააკვირდეს, იარაღის მიყიდვით კიდევ უფრო ხომ არ აღვივებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, რამდენიმე დღის წინ, გადაწყვეტილება მიიღო ისრაელისთვის 735 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის შესახებ.

ევროპარლამენტმა ევროკავშირ-ჩინეთის შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე განხილვები შეაჩერა

Reuters-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა ევროკავშირ-ჩინეთის შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე განხილვები შეაჩერა. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მტკიცედ დაგმო ჩინეთის მიერ ევროპელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ და თვითნებურად დაწესებული სანქციები. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი პეკინის აღნიშნულ ქმედებას ძირითად თავისუფლებებზე თავდასხმად აღიქვამს და ჩინეთს მათი გაუქმებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ჩინეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ევროპარლამენტი აჩერებს ინვესტიციების შესახებ ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველ შეთანხმების(CAI) განხილვას. გარდა ამისა, ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებით, ყოვლისმომცველი შეთანხმების განხილვისას, მხედველობაში მიიღებენ ჩინეთში და ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.

ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ციფრულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხება მიღწეულია

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ციფრულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხებას მიაღწიეს. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა. „მიღწეულია შეთანხმება COVID-19-ის ციფრულ სერტიფიკატზე. მივესალმები დღევანდელ წინასწარ შეთანხმებას“, - განაცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა. 26 მაისს შეთანხმებას კენჭს ევროპარლამენტის პროფილური კომიტეტი უყრის, ხოლო საბოლოო კენჭისყრა 7-10 ივნისისთვისაა ჩანიშნული.

საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ. როგორც Europetime-ს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, უნგრელმა მეგობრებმა პირველებმა მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება და პანდემიის პირობებში საქართველოს ვაცქინირებულ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა იმოგზაურონ უნგრეთში. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ თავის მხრივ ,საქართველოში შემოსვლა შეუძლია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ,,როგორც მოგეხსენებათ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან და მათ შორის უნგრულ მხარესთან პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის და პანდემიის ნეგატიური შედეგების გამოსწორების კუთხით. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული აღნიშნული შეთანხმების მიღწევაში და მოხარული ვართ, რომ უნგრელმა მეგობრებმა პირველებმა მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება და პანდემიის პირობებში საქართველოს ვაცქინირებულ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა იმოგზაურონ უნგრეთში. თავის მხრივ საქართველოში შემოსვლა შეუძლია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს", - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტოს თქმით, საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ. ამის შესახებ განცხადება მან ბრიუსელში გააკეთა.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლს ცალმხრივად შეწყვეტენ. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შევა ძალაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა მედია იუწყება, რომ ის ღამის 02:00 საათზე ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ კაბინეტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მხარის დაჭერამდე, BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არიან. შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ისრაელის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნას მოძრაობა "ჰამასიც" გამოთქვამს

Reuters-ის ინფორმაციით, მოძრაობა „ჰამასში“ ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ. როგორც გამოცემა, „ჰამასის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ცეცხლი დღეს, ღამის 02:00 საათიდან „ორმხრივად და ერთდროულად“ შეწყდეს. ცნობისთვის, ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

საქართველო აშშ-სგან 67 მილიონ აშშ დოლარამდე გრანტს მიიღებს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID) ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. ცერემონიას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონი აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ჯო ბაიდენი: მჯერა, პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ ცხოვრებას

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ ცხოვრებას. „ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის ტრაგიკული სიკვიდილი, მათ შორის ბავშვების. ვუსამძიმრებ პალესტინელებსა და ისრაელელებს, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები და ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას. აშშ მოწოდებულია, იმუშაოს გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სათავეში ჩაუდგეს ღაზაში მცხოვრები ხალხის გადაუდებელ ჰუმანიტარული დახმარებისა და ღაზაში რეკონსტრუქციისკენ მიმართულ ძალისხმევას. ჩვენ ამას გავაკეთებთ პალესტინის მთავრობასთან შეთანხმებით და არა „ჰამასთან”, არამედ მთავრობასთან ისე, რომ არ დავუშვათ, რომ “ჰამასმა” რაკეტების არსენალი შეავსოს. მჯერა, პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ ცხოვრებას და თავისუფლებით, კეთილდღეობით და დემოკრატიით სარგებლობას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 20 მაისს გამოაცხადეს. შეთანმხება ძალაში 21 მაისის ღამეს შევიდა ძალაში.

დღეიდან Sinovac-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება

Sinovac-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო თავად აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 15 22 Sinovac-ის ვაქცინა, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა Sinovac ვაქცინა.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია - კომპანიის დირექტორი

Pfizer-BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი უღურ შაჰინი აცხადებს, რომ ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე თქმით, უკვე ჩატარდა კვლევა, რომლის წინასწარი შედეგების მიხედვითაც, Pfizer-ის ვაქცინა COVID19-ის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში ორგანიზმში 20-25%-ით ნაკლები ანტისხეულები წარმოიქმნება. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ითაა ეფექტური“, - განაცხადა შაჰინმა. ცნობისთვის, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორმა განაცხადა, რომ ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია Covid-19-ის ყველა ცნობილი შტამის წინააღმდეგ.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 064 ადამიანს დაუდასტურდა, 1 135 გამოჯანმრთელდა, ხოლო 29 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 564 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 676 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 335 769-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.13%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 135 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 316 389-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 25, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 785, საიდანაც: 4 261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 333, აჭარაში - 486, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 893 პირი, მათ შორის, თბილისში - 430, აჭარაში - 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 11, იმერეთში - 16. 705 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 379 - თბილისში, 285- აჭარაში. 9 819 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 33. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 732 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 885 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 822 პირი, აჭარაში - 1 584, იმერეთში - 1 610.

ჯო ბაიდენმა ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომი პირადად გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკული აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები პირადად გადასცა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად მყოფ ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა. კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე. USCGA-ს კურსდამთავრებულები: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაგზავნილი პირველი კადეტები არიან, რომლებიც, საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ. ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია (USCGA) წელს 240 კურსანტმა დაასრულა. 7 უცხოელ კურსდამთავრებულს შორის ორი ქართველი: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე არიან. სანაპირო დაცვის აკადემია ამერიკის საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო USCGA–ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, 2017 წელს პირველად ჩაერთო. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, USCGA–ში სწავლის უფლება, ოთხი წლის წინ, მხოლოდ ნიკოლოზ ტვილდიანმა და სანდრო სტაჟაძემ მოიპოვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კელი დეგნანი აშშ-ის ახალ დახმარებაზე: საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოწერას ელჩმა კელი დეგნანმა სტრატეგიულ პარტნიორობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ღონისძიებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე ელჩმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 330 მლნ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. „ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამადასტურებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს, ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. ეს შესძლებელს გახდის, რომ საქართველოს მოსახლეობას ხარჯები შეუმცირდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორის ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიღმა მყოფ საზოგადოებას“, - აღნიშნა ელჩმა. კელი დეგნანის განცხადებით, აშშ განაგრძობს ინვესტიციებს სასკოლო განათლებაში, იმ 7 მილიონის მიღმა, რომელიც აშშ-ის განვითარების სააგენტოს საშუალებით ხორციელდება და რომელიც გასულ წელს დაიწყო. ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის რესურს, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში. USAID-ი დაეხმარება ქვეყანას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვლობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხალხის წინაშე. ბოლოს, ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ USAID-მა ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარება/გაფართოებას სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ძალიან გვახარებს ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების და საბაზრო ეკონომიკის განვითარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას ეფუძნება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-სთან საგრანტო შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს, დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას

დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე განაცხადა. როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეთანხმების ფარგლებში, „იუესეიდი“ პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა. „დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. იგი მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას – კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებსა და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას, ასევე თავისუფალი ბაზრის და ზოგადად, დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. „იუესეიდი“ პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა. ჩვენი ქვეყნისადმი USAID-ის დახმარება შეადგენს 1.8 მილიარდ აშშ დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით 335 პროგრამა. სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ს ყველაფერი, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შემქნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობისა და ხალის სალით, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ქალბატონ ელჩს, ასეთი მნიშნელოვანი დახმარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით. საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით – კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.