ძებნის რეზულტატი:
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ
ხვალ, 22 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენებენ. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. 26 მაისს კი, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, მთავარსარდალმა კვინიტაძემ მცირე ძალებით გადაწყვიტა თბილისის დაცვა. თავდაცვის სექტორების ჩამოყალიბების შემდეგ მან დედაქალაქზე რამდენიმე შტურმიც მოიგერია. ემიგრაციაში, კონკრეტულად კი საფრანგეთში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მთავრობისა და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად წავიდა. ის ქვეყნის ისტორიაში დარჩა, როგორც ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი.
ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი
სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 - დაშავდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ დალის მახლობლად, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია.
პარლამენტის ორმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებების დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულმა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით საარჩევნო კოდექსში არაერთი ცვლილება ხორციელდება. კერძოდ, არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს. იცვლება ცესკო-ს დაკომპლექტების წესიც. ცესკო-ს 8 პროფესიული და 9 პარტიული ნიშნით დანიშნული წევრები ეყოლება. ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება 2 მოადგილე, რომელთაგან ერთი ოპოზიციის მიერ იქნება შერჩეული. იცვლება ასევე საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირევით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3- ით მიიღებს. ცვლილება ეხება როგორც ცესკოს, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობასაც, თითოეულ შემთხვევაში წევრთა რაოდენობა იქნება არაუმეტეს 17 წევრისა. ამასთან, ცვლილებების პროექტით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება. გარდა ამისა, იზრდება საჩივრის შეტანის ვადებიც და საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ცესკოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და ცესკო-ს მდივანს არ ექნებათ უფლება საჩივარი დატოვონ განუხილველად.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. სერტიფიკატები ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა. სერთიფიკატი იქნება როგორც ციფრულ, ასევე ქაღალდის ფორმატით, შეიცავს QR კოდს და გაიცემა უფასოდ. დოკუმენტში მოცემული იქნება ინფორმაცია, რომ ევროპაში მოგზაურობის მსურველს გაკეთებული აქვს ვაქცინა, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან უკვე გადატანილი აქვს ვირუსი. "სერთიფიკატი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პანდემიის პერიოდში უფრო ნორმალური, თავისუფალი და უსაფრთხო ცხოვრებისკენ. ეს ხელს შეუწყობს ყველა ევროპელის თავისუფალ გადაადგილებას, ამ ზაფხულიდან", - განაცხადა პორტუგალისს პრემიერ-მოინისტრმა. 20 მაისს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. 26 მაისს შეთანხმებას კენჭს ევროპარლამენტის პროფილური კომიტეტი უყრის, ხოლო საბოლოო კენჭისყრა 7-10 ივნისისთვისაა ჩანიშნული.
გერმანია COVAX-ისთვის 100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინებს გამოყოფს
გერმანია ვაქცინების გლობალური COVAX პლატფორმისთვის კიდევ 100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების 30 მილიონამდე დოზას გაიღებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა COVAX-ის საკითხზე გამართული G20-ის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მერკელმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მიბაძონ გერმანიის მაგალითს დარჩენილი ვაქცინების გაცემაში იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი მარაგი. ”ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი”, - თქვა მან და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ასევე გაიმართება ლიდერების შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და Twitter-ში განცხადებას ავრცელებს. ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს. "მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის, რაც მიზნად ისახავს მომაკვდინებელი და ტრაგიკული საბრძოლო მოქმედებების დასრულებას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებსა და ხომალდებს სანქციები დაუწესა
აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებსა და ხომალდებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. შეერთებულმა შტატებმა "შავ სიაში" შეიყვანა 13 რუსული ხომალდი, რომლებიც გაზსადენის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, “შავ სიაში“ შესული კომპანიები არიან : Academic Chersky, rtemis Offshore, Bakhtemir, Baltic Reseracher, Finval, Captain Beklemishev, Murman, Narval, Sivuch, Spasatel Karev, Umka, Vladislav Strizhov, და Yuri Topchev. ამასთან, სახაზინო დეპარატმენტმა სანქციები დაუწესა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის პროექტის განხორციელებაში ჩართულ სამ რუსულ კომპანიას: „მორტრანსსერვისს“, „საზღვაო სამაშველო სამსახურს“, სამარის „თერმოენერგეტიკულ ქონებრივ ფონდს“, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებული სანქციების სიას დაემატა კიდევ ერთი კომპანია „კოკსოხიმტრანსი”, რომელიც უკვე არის აშშ-ის "შავ სიაში" უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.
პრინცი ჰარი: 28-დან 32 წლამდე ჩემი ცხოვრების კოშმარული პერიოდი იყო
პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრიმთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 20-დან 30 წლამდე ის ნარკოტიკებს იღებდა, ბევრს სვამდა და პანიკური შეტევებით იტანჯებოდა. როგორც პრინცმა აღნიშნა, ამ პერიოდში სამეფო ცხოვრების სიმძიმისგან თავის დაღწევას მთელი ძალისხმევით ცდილობდა. მან გადაცემის დროს დედის დანაკარგზე ისაუბრა და თქვა, რომ პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ იყო "ძალიან გაბრაზებული იმის გამო, რაც მოხდა". მისი თქმით, ის ბევრს სვამდა და იყენებდა ნარკოტიკებს, დაიანას გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გასაქრობად. ჰარიმ ასევე აღიარა, რომ მოზრდილობის ასაკში ის გაუმკლავდა პანიკურ შეტევებს და მწვავე შფოთვას. ”28-დან 32-მდე ჩემს ცხოვრებაში კოშმარი იყო”, - თქვა ჰარიმ. როგორც პრინცმა აღნიშნა, ის ძალიან ბევრს სვამდა მაშინ, როცა თავს უბედურად გრძნობდა. "მე თვითონ ვხვდებოდი, რომ ვსვამდი არა იმიტომ, რომ სიამოვნებას ვიღებდი, არამედ იმიტომ, რომ რაღაცის შენიღბვას ვცდილობდი", - განაცხადა პრინცმა. პრინცი ჰარის ინტერვიუ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჩაიწერა Apple TV-ის დოკუმენტური სერიალისთვის "The Me You Can"t See", რომელიც მიზნად ისახავს სტიგმის მოხსნას ამ თემის გარშემო. ცნობისთვის,პრინცესა დიანა ტრაგიკულ ავტოავარიაში 1997 წელს დაიღუპა, მაშინ პრინცი ჰარი 12 წლის იყო.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 071 ადამაინს დაუდასტურდა, 680 გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 336 840 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 069, გარდაიცვალა 4 602 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%. ინფიცირების 1 071ახალი შემთხვევიდან 581 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 96, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 42, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 55, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 365, აჭარაში - 482, იმერეთში - 525. მძიმე პაციენტი: 903, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 229, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 10, იმერეთში - 16. 701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 33. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 741 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 407 პირი, აჭარაში - 1 741, იმერეთში - 1 158.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. წითელი ხალიჩის გასწვრივ განლაგებული საპატიო ყარაულის წარმომადგენლები გენერლის ნეშტს საქართველოს სახელმწიფო და პირველი რესპუბლიკის დროშებით დახვდნენ. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ დამსწრე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ კვინიტაძის ხსოვნას. აეროპორტიდან გენერლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
სალომე ზურაბიშვილი გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენებაზე: ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში
"დღეს ძალიან სიმბოლური დღეა. პირადად მე, ემოციებით აღსავსე ვარ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას. "ძალიან სიმბოლური დღე არის დღეს და ძალიან დიდი ემოციებით ვარ აღსავსე მე პირადად, რადგან დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, რუსეთ-საქართველოს უკანასკნელი ბრძოლის დროს ყოფილი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე, დაბრუნება, გამარჯვება, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში", - განაცხადა ზურაბიშვილმა. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტიდან გენერლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საჯარო სკოლებში - განათლების სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას 13-21 მაისის პერიოდში საჯარო სკოლებში ჩატარებული ტესტირებების შესახებ. "ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 63 სკოლა და 188 ცალკეული კლასი. შემცირებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 120 მასწავლებელი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება. 2020-2021 სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასრულება ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყველაფერს აკეთებს, რომ პანდემიის მესამე ტალღა სასწავლო პროცესისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. ამ მიზნით სკოლებში მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენა. ამასთან, ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა სისტემური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ, პარალელურად კი გრძელდება ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
22 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში 109 395 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 16 323 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 3 895-მა ადამიანმა გაიკეთა.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ საქართველოში ამ კულტურის გაშენებისა და მისგან ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებზე იმსჯელა
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს გიორგი სვანიძეს და გენერალურ მდივანს აბდელატიფ გედირას შეხვდა, სადაც ქვეყნაში ზეთისხილის პოტენციალზე ისაუბრა და დარგს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე ამბობს, რომ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით, რისი ხელშეწყობაც თანმიმდევრულად ხორციელდება. „მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა - ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ტრეიდინგის 74%-ს. ამიტომ ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ზეთისხილის წარმოება ახალი დაწყებული აქვს და ნამდვილად გვესაჭიროება ბაზრები, სათანადო ცოდნა, ტრეიდინგი და დარგის სწორად განვითარება. ამაში კი ხელს სწორედ ეს ორგანიზაცია შეგვიწყობს, რომელიც იმავდროულად მზადაა ჩამოვიდეს საქართველოში და ამ დარგში უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციით უფრო ადრე მივაღწევთ დასახულ მიზანს. თავის მხრივ, დიდი მადლობა მინდა მთავრობას გადავუხადო, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა დელეგაციის ჩამოსვლით. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტმა გაეროს ორგანიზაციის ზეთისხილის საბჭოში საქართველოსადმი კეთილგანწყობა კიდევ უფრო გაზარდა და დარგის განვითარებისთვის ქვეყნის ხელისუფლების შესაბამისმა მხარდაჭერამ ინვესტორებს საქართველოსადმი სურვილი გაუღვივა. ასეთი მხარდაჭერის ფარგლებში კი მათი მხრიდან უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა მოხდება საქართველოში ამ დარგის სწორედ განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ინვესტორი როდესაც ქვეყანაში ჩადის და ქვეყნის მთავრობა მას გვერდით უდგას და ხელს უწყობს, ის უფრო მეტი ინვესტირებითაა დაინტერესებული. ქართველ მეწარმეებს, ფერმერებს და მათ ვინც ირწმუნა და ზეთისხილის დარგვა მასიურად დაიწყეს, მათთვის სახელმწიფო პროექტების ფარგლებში "დანერგე მომავალი", "აწარმოე საქართველოში" გაცემული დაფინანსება ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ჩვენს მოსახლეობას და საშუალებას აძლევს თავისუფლად განვითარდნენ, მეტი პლანტაცია გააშენონ და მეტი შემოსავალი მიიღონ", - აცხადებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით და თანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთისხილის ბაღები და იწარმოება ადგილობრივი ზეთისხილის ზეთი. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილისა და ზეთისხილის/ ზეთის წარმოების შემდგომ განვითარებას. საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი ამ ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს. "26 ნოემბერს საქართველოს მთელი მსოფლიოდან 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი წარმომადგენლები, 27 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა. საქართველოში ტარდება უდიდესი ასამბლეა, სადაც ინვესტორები, ამ დარგში ჩართული კორპორაციებს ჩამოვლენ საქართველოში", - აღნიშნა გიორგი სვანიძემ. "საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გარკვეული პირობების გათვალისწინებით შეხვდეს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს გარკვეული პირობების გათვალისწინებით შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის კიმ ჩენ ინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ მათი შეხვედრის ფარგლებში განსახილველი საკითხები წინასწარ იქნება განსაზღვრული. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მის მიზანს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ არსენალთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენს. „მე არ გავიმეორებ იმას, რაც წარსულში მოხდა. არ მივცემ კიმ ჩენ ინს იმას, რასაც ის ეძებს - საერთაშორისო აღიარებას და ლეგიტიმური მმართველის სტატუსს. იმისათვის, რომ შეხვედრა შედგეს, თეთრმა სახლმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა იქნება განხილული“, - განაცხადა ბაიდენმა.
მაშველებმა ომალოში დაშავებული მწყემსი თბილისში გადმოიყვანეს
მაშველებმა ომალოში დაშავებული მწყემსი თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისგორში მწყემსმა ფერდობზე დაგორების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები და ესაჭიროებოდა სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. მოქალაქე ადგილობრივი მწყემსების მიერ გადაყვანილი იყო სოფლის ექიმთან, რომელმაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მიღებული დაზიანებების გამო, მედიკოსის გადაწყვეტილებით, მამაკაცის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიმართულებით დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თბილისიდან გავიდნენ მეხანძრე-მაშველები და ექიმები“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლების მიერ, მწყემსი უკვე გადმოყვანილია თბილისში, სტაციონარში, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.
ირაკლი ღარიბაშვილი: გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს
გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ქვეყნისა და ხალხისათვის. „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი“ - ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვინც თავად იყო ამ დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, თავისი ხალხის შინაგანი ძლიერების თვალსაჩინო მაგალითი, ქვეყნის ღირსეული შვილი. გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა ჩემი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დავიწყეთ და დღეს, ასწლიანი განშორების შემდეგ იგი სამშობლოს დაუბრუნდა. გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სხვა დიდი მამულიშვილების გვერდით, მთაწმინდის პანთეონის მიწას მივაბარებთ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საპატიმროში მყოფი გოგი წულაია პარტიას აფუძნებს
პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი გოგი წულაია პარტიას აფუძნებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ გულშემატკივრებო გლდანის 18-ე სამკურნალო სასჯელაღსრულების 405 საკნიდან. მინდა გითხრათ , რომ როდესაც დავტოვე პარტია "თავისუფალი საქართველო" , ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას , ნუ აქ ყოფნამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა პარტიის დაარსება. პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა, იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ, ასევე თვითმმართველობის გაძლიერების მიმართ, რომ ახლანდელი თვითმმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე აი ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი, რადგან ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმმართველობას , სამართლიანობას და მრეწველობას, რომელიც გადაარჩენს ქვეყანას. მინდა, ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში. გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის. თქვენი გოგი წულაია, მადლობა ყველა იმ ადამინს ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტიის შექმნაში ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში!" – ნათქვამია გოგი წულაიას განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან.
ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა
ანა დოლიძემ პარტია "ხალხისთვის" დააფუძნა. ყრილობა "არტოს ბაღში" შედგა. პარტიაში 300 ადამიანი დარეგისტრირდა. ანა დოლიძის განცხადებით, პარტიის მთავარი მიზანი იქნება, პოლიტიკა ხალხის დღის წესრიგზე ააწყონ. "მოძრაობა "ხალხისთვის" დღეს გადადის ახალ ეტაპზე. ჩვენი სლოგანი აჩვენებს ჩვენს შინაარსს, ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი. ჩვენი მისწრაფება არის, რომ პოლიტიკა ავაწყოთ სახალხო დღის წესრიგზე, იმ დაკვეთაზე, რასაც ხალხი აძლევს პოლიტიკოსებს და არა პირიქით. ჩვენი ამოცანა იქნება ის, რასაც, წლიდან წლამდე ხალხი აყენებს - დასაქმებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, სასამართლოსთვის ვიბრძოლოთ. „ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი" - ეს არის ჩვენი სლოგანი",- განაცხადა დოლიძემ. შეკრებილებმა პარტიის თავმჯდომარედ, ერთხმად ანა დოლიძე აირჩიეს, ასევე აირჩეს, პოლიტსაბჭოს წევრები.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ღაზის სექტორში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა
ჰუმანიტარული დახმარების პირველი კოლონები ღაზაში ჩავიდა მას შემდეგ, რაც „ისრაელსა“ და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაში შევიდა. სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოს სატვირთო მანქანებმა, მათ შორის გაეროს წარმომადგენლებმა ღაზაში მედიკამენტები, საკვები და საწვავი ჩაიტანეს. ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ძალაშია.