ძებნის რეზულტატი:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნიკა გვარამიას და თეა წულუკიანის სატელეფონო ნომრების გასაჯაროების კანონიერების შემოწმება დაასრულა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნიკა გვარამიას და თეა წულუკიანის სატელეფონო ნომრების გასაჯაროების კანონიერების შემოწმება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს, განურჩევლად მათი სტატუსისა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სხვა პირების პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების საკითხს. „2021 წლის 02 თებერვალს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ - თეა წულუკიანმა, საპარლამენტო დებატების დროს, საჯაროდ გააჟღერა შპს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომერი. აღნიშნულის შემდგომ, ამავე დღეს, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით ჟურნალისტებმა ელისო კილაძემ და ნანა (ნანუკა) ჟორჟოლიანმა გაასაჯაროვეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის - თეა წულუკიანის მობილური ტელეფონის ნომერი. შემოწმების ფარგლებში, სამსახურის მიერ თეა წულუკიანს, ელისო კილაძეს და ნანა ჟორჟოლიანს ეთხოვათ ინფორმაციის წარმოდგენა როდის, რა გზით და რა მიზნით მოიპოვეს მათ მიერ გასაჯაროებული ტელეფონის ნომრები და ასევე, რომელი სამართლებრივი საფუძვლითა და მიზნით გაასაჯაროვეს ისინი. ელისო კილაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა სამსახურს წარმოუდგინეს მოთხოვნილი ინფორმაცია. თეა წულუკიანმა სამსახურს ინფორმაცია არ მოაწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების კანონიერების შეფასების მიზნით, მოიძია სხვადასხვა წყაროების საშუალებით ნ. გვარამიას შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია. დადგინდა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში. სამსახურმა ასევე გაანალიზა ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციები, სასამართლო პრაქტიკა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან და საჯარო პირის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული ტელეფონის გამსაჯაროებელი პირისა და ტელეფონის ნომრის მფლობელის სტატუსი, გასაჯაროებული მონაცემების ხასიათი, პარლამენტის საქმიანობის მარეგულირებელი და პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი. პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების მიზანი არის ის, რომ მათ მიეცეთ მნიშვნელოვან დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათზე დაკვირვებების, შეზღუდვების ან მოსაზრებების რედაქტირების, ასევე, სასამართლოს ან სხვა ამგვარი ორგანოს წინაშე წარდგენის საშიშროების გარეშე. იმუნიტეტი, პარლამენტარისთვის „გარე პირის“ (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო, პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს, შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წლის 02 თებერვალს პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე (ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება), საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ამგვარ ვითარებაში, ფიზიკური (თუნდაც საჯარო) პირის ტელეფონის ნომრის გამჟღავნება მონაცემთა დამუშავების სახიფათო პრეცედენტია. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, დებატების დროს, გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში“,- აღნიშნავენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ როგორც საპარლამენტო დებატების, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებების სტანდარტების პატივისცემას. "სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებზე (მათ შორის, პარლამენტის წევრის მიერ პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროებისას) შიდა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენება საკითხის გადაწყვეტის ეფექტიანი საშუალება იქნებოდა, რაც სრულად ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. საქართველოს პარლამენტში შექმნილი ე.წ. თვითრეგულირების მექანიზმის - ეთიკის საბჭოს კომპეტენცია სწორედ პარლამენტის წევრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებაა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და ვენეციის კომისიის მოსაზრებებზე. რაც შეეხება, ჟურნალისტების ნანა ჟორჟოლიანისა და ელისო კილაძის მიერ თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს, შემოწმებით დადგინდა, რომ მათ ტელეფონის ნომერი მოიპოვეს ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულია ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოება. რაც შეეხება ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას, მათი განმარტებით თეა წულუკიანი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და იგი ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე. მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ მისი ტელეფონის ნომერი, რათა დაუკავშირდნენ სხვადასხვა საკითხზე. შესაბამისად, თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების მიზნად მათ მიუთითეს საზოგადოების ინფორმირება. ვინაიდან ჟურნალისტებმა ელისო კილაძემ და ნანა ჟორჟოლიანმა გაასაჯაროვეს, პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული, საჯარო პირის (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის) სატელეფონო ნომერი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჯარო ინტერესი განიმარტა ფართოდ და საკითხი გადაწყდა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, ნანა ჟორჟოლიანს და ელისო კილაძეს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა თვითრეგულირების მექანიზმის - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიას და აღნიშნა, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი როლი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გამოხატვის თავისუფლებასთან ურთიერთმიმართებისას დაბალანსებული პრაქტიკის შექმნის პროცესში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ როგორც საპარლამენტო დებატების, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებების სტანდარტების პატივისცემას. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვაზე მსჯელობისას განსაკუთრებული პრობლემა მაშინ წამოიჭრება, როდესაც საქმე ეხება საჯარო პირების პირადი ცხოვრების უფლებას. პირის შესახებ ინფორმაციის ახალ ამბებში ხშირად მოხვედრა, მას არ ართმევს პირადი ცხოვრების უფლებას. როდესაც პირის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება და პირის გამოხატვის თავისუფლება წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, გამოხატვის თავისუფლებამ პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებას მნიშვნელობა არ უნდა დაუკარგოს", - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

21 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ჯამში 105 500-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 16 147 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 4 085-მა ადამიანმა გაიკეთა.

Unicef-ი ბავშვთა უფლებების მონიტორინგი შესაბამისი უწყებების მიერ ყველგან უნდა ხორციელდებოდეს

„ბავშვთა უფლებების მონიტორინგი შესაბამისი უწყებების მიერ ყველგან უნდა ხორციელდებოდეს“, - ამასთან დაკავშირებით Unicef-ი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ბავშვთა დიდი ზომის დარჩენილი ინსტიტუციების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ, რათა ბავშვთა უფლებები სრულად იყოს დაცული. გაეროს ბავშვთა ფონდი ახდენს ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფის ადვოკატირებას, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციას და საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსს ეფუძნება. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვის სრულყოფილი და ჰარმონიული განვითარებისთვის ის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, რომელშიც ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფერო სუფევს. კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვი საკუთარი ნების წინააღმდეგ ან სიღარიბის გამო არ იქნას მშობლებისგან განცალკევებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომპეტენტური უწყებების გადაწყვეტილებით, შესაბამისი კანონმდებლობისა და პროცედურების გათვალისწინებით, ამგვარი განცალკევება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის უფლებათა კოდექსი სახელმწიფოს ავალდებულებს, მიიღოს საჭირო ზომები ოჯახის მიერ ბავშვის მიტოვების ან მისი ოჯახისგან განცალკევების თავიდან ასაცილებლად, ხოლო თუ ბავშვის ოჯახისგან განცალკევება აუცილებელია, ნებისმიერი სახის ალტერნატიული მზრუნველობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან და მასზე მზრუნველობის ალტერნატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ბავშვთა დიდი ზომის დარჩენილ ინსტიტუციებთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს და გაძლიერდეს ალტერნატიული მომსახურებები დეინსტიტუციონალიზაციის საერთო სტრატეგიის ფარგლებში, სადაც ზედმიწევნით იქნება გაწერილი შესაბამისი მიზნები და ამოცანები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნული ინსტიტუციების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული სერვისებით თანდათანობით ჩანაცვლებას. გაეროს ბავშვთა ფონდის აზრით, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. უპირველეს ყოვლისა, დეინსტიტუციონალიზაცია გულისხმობს ბავშვზე მზრუნველობის ინსტიტუციურიდან ოჯახსა და თემზე დაფუძნებული მოდელით ჩანაცვლებას. ამავდროულად, ყველა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციას უნდა შეეძლოს მონიტორინგი აწარმოოს ყველგან, სადაც ბავშვები არიან, რათა მათი უფლებები დაცული იყოს. ყველა ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებია: შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვთა სახლების ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვით ჩანაცვლება. დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამასობაში, ბავშვთა ყველა სახლში უნდა დაიშვებოდნენ ქვეყნის შესაბამისი ინსტიტუციები/უწყებები მონიტორინგისა და ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ მოთავსებული ყველა ბავშვის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე უნდა დაწესდეს აქტიური მეთვალყურეობა, ასევე რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებები. უნდა დადგინდეს ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის გამომწვევი ფაქტორები, რაც საფუძვლად დაედება კონკრეტულ გრძელვადიან სტრატეგიასა და პრევენციული და ბავშვისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნის შესახებ რეკომენდაციებს. კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ოჯახის გაძლიერების, ოჯახისგან განცალკევების პრევენციისა და ინსტიტუციურ მზრუნველობიდან გამოსულ ბავშვთა, მათი ოჯახებისა და მათთან მომუშავე პროფესიონალების მხარდაჭერის მიზნით უნდა შემუშავდეს საზოგადოებრივი და ოჯახის მხარდაჭერი მომსახურებები, ასევე სოციალური დაცვის სხვა ზომები“.

როდის ჩამოვა საქართველოში Pfizer-ის მილიონი დოზა - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაჟღეროთ თუ ზუსტად როდის შემოვა ქვეყანაში pfizer-ი. თუმცა ზაფხულში pfizer-ი ჩვენ აუცილებლად გვექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. "ხშირად ჯანდაცვის სამინისტრო კრიტიკის ობიექტი და მსხვერპლი ხდება. მნიშვნელოვანია, როდესაც კონფიდენციალურობის ხელშეკრულება არსებობს, ორივე მხარის ინტერესი იყოს დაცული. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაჟღეროთ თუ ზუსტად როდის შემოვა ქვეყანაში Pfizer-ი. თუმცა ზაფხულში Pfizer-ი ჩვენ აუცილებლად გვექნება. მე მექნება ერთი თხოვნა, ხშირია სპეკულაციები, ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მიიღეს pfizer-ის ვაქცინა, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ხშირად ამოწმებს ამ ინფორმაციას და ეს სიმართლეს არ შეესაბამება,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ასევე ჯანდაცვის მინისტრმა იმ მოქალაქეებს მოუწოდა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და Pfizer-ით აცრა ეკუთვნით, გააგზავნონ წერილობითი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროში, რის შედეგადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, Pfizer-ის დიდი მოცულობის ჩამოსვლამდე, მიიღონ მათთვის განკუთვნილი დოზები.

ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შემდეგ: ჩემი კოლეგისგან მოვისმინე, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის მოსალოდნელი

„ჩემი კოლეგისგან მოვისმინე, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის მოსალოდნელი, მაგრამ დღის წესრიგში ეს საკითხი დგას და მისი განხილვა მიმდინარეობს“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ Europetime-ს განუცხადა. „ორივე მხრიდან თუ არ იქნება მზაობა, ავიამიმოსვლას ვერ აღადგენ. თავის დროზე, ეს გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო 2019 წელს. ქართული მხარე მზადაა ავიამიმოსვლის აღსადგენად, რუსეთის მხარე თუ არ იქნება მზად, ვერ აღდგება ავიამიმოსვლა, მაგრამ იყო ასეთი კომენტარი, რომ უახლოეს პერსპექტივაში ეს არ იგეგმება, თუმცა დღის წესრიგში ეს დგას. რუსეთის მხარე დღის წესრიგში ასეთ შესაძლებლობას განიხილავს. თუ აღდგება ავიამიმოსვლა, ეს ადამიანების მიმოსვლას და ტურიზმს ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. ცნობისათვის, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა.

ჰუბერტ ქნირში: მადლობა საქართველო, მადლობა სამხედროებო. ამაყი ვარ, რომ ჩვენს გვერდით იყავით

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბატონ ჯუანშენ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დღეს ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ კონტინგენტს მიესალმა. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. ელჩმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა. „მადლობა საქართველო, მადლობა სამხედროებო. თქვენ თქვენი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების ძალიან კარგი წარმომადგენლები ხართ. ამაყი ვარ, რომ ჩვენს გვერდით იყავით,“- განაცხადა ელჩმა. ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო 2015 წლის დასაწყისიდან ქართველი სამხედროები მათ გერმანელ თანამებრძოლებთან ერთად ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მსახურობდნენ. NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.

Freedom House-მა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

გავლენიანი საერთაშორისო უფლედამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის ,,გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების” მიხედვით, საქართველო გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის თვალსაზრისით, შეფასების 100 ბალიან შკალაზე 36 ქულით ფასდება, რაც გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, შეფასების რეიტინგში დემოკრატიის პროცენტული მაჩვენებლის კომპონენტში საქართველოს 100-დან 36.31% აქვს და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1.19%-ით არის შემცირებული. “Nations in Transit” აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყანაში. 2021 წლის ანგარიში 2020 წლის მოვლენებს მიმოიხილავს. დოკუმენტში საქართველს ნაწილთან დაკავშირებით მიმოხილულია 2020 წლის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, ეროვნული დემოკრატიული მმართველობა. საარჩევნო პროცესი. სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და ასე შემდეგ. „2020 წელს საქართველოს დემოკრატია მრავალი თვალსაჩინო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ეს წელი ასევე აღინიშებოდა საარჩევნო კანონმდებლობის გარკვეული გაუმჯობესებებით და სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი ჩართულობით. საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს დემოკრატიზე დიდი ზეწოლა განახორციელა. წლის ბოლოსთვის, ქვეყანა ჩიხში შევიდა, რადგან მოქმედმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამართა არჩევნების შემდგომი პირველი საპარლამენტო სესია, როგორც ერთადერთმა მონაწილე პარტიამ“, – ნათქვამია ანგარიშში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი შედარებით თავისუფალი და კონკურენტული იყო, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გამძაფრდა ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების, ასევე ძალადობისა და პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევები. ამის მიუხედავად, 31 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა აღინიშნა 2012 წლის არჩევნების შემდეგ. COVID-19-ის პანდემიის ფონზე არჩევნების ჩატარება შეფასდა როგორც ეფექტიანი, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენა მასზე მმართველი პარტიის კონტროლმა. სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთელი რიგი ხარვეზები არჩევნების დროს, მათ შორის ზეწოლა ამომრჩევლებზე და საარჩევნო უბნებზე აგიტატორების მობილიზაცია, ასევე საოლქო შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი და შემდგომი ცვლილებები. საარჩევნო ხელისუფლებამ საჩივრებზე რეაგირება არ მოახდინა. ამ საკითხებმა უარყოფითი გავლენა იქონია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, ასევე არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობაზე“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 21 ნოემბერს აჩევნების მეორე ტური, რომელსაც ოპიზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, 30 მაჟორიტარული ოქლიდან 17-ში ჩატარდა. მეორე ტურში ამომრჩეველთა დაბალმა აქტივობამ – 26,29% და ოპოზიციის ბოიკოტმა საშუალება მისცა მმართველ პარტიას, გაემარჯვა ყველა ოლქში, როგორც იყო ნავარაუდები, რამაც ფაქტობრივად ქვეყანაში პოლიტკური კრიზისი გამოიწვია. ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების აღიარებაზე და რამდენიმე მასობრივი საპროტესტო აქცია გამართეს. საერთაშორისო პარტნიორები ცდილობდნენ, დახმარებოდნენ პარტიებს პოლიტიკური დაპირისპირებების დაძლევაში. 2020 წლის ბოლოს მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, ოპოზიციის მიერ ხაზგასმული ძირითადი საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმება არ შედგა. „ეს წელი იყო გარდამტეხი საქართველოს საარჩევნო კანონის ცვლილების კუთხით. მანამდე, ხანგრძლივი დისკუსიისა და ლობირების შემდეგ, მმართველმა პარტიამ თავდაპირველად 2019 წელს უარი თქვა საარჩევნო კანონში ცლილებების დამტკიცებაზე. ამან გამოიწვია ფართო პროტესტი, რამაც აჩვენა ახალი საარჩევნო სისტემის საზოგადოებრივი მოთხოვნა. საბოლოოდ, საარჩევნო კანონში ფართო ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების წინ, 2020 წლის ზაფხულში შეიტანეს. 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთი სისტემით, რომელშიც პარლამენტი 120 წევრი აირჩიეს პროპორცული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით, მანამდე არსებული შერეული სისტემისგან განსხვავებით. ამასთან ერთად, რეფორმა ითვალისწინებდა უფრო მეტად პლურალისტური პარლამენტის ჩამოყალიბებას საარჩევნო ბარიერის ერთ პროცენტამდე შემცირებით და ქალი დეპუტატების წარმომადგენლობის გაზრდით. რეფორმების პროცესში შედგა კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, თუმცა მათი რეკომენდაციები, განსაკუთრებით საარჩევნო დავების დარეგულირებასთან დაკავშირებით, საბოლოო შესწორებების მიღმა დარჩა“,- ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია – „არჩევნებისა და საარჩევნო რეფორმების გარდა, ქართველი პოლიტიკოსები კვლავ გრძნობდნენ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგებს, როდესაც ოპიზიციური პარტიები და მოქალაქეები შეიკრიბნენ ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს წინ რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტის გასაპროტესტებლად, რომელმაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა. დემონსტრაციების შემდგომ გაიმართა ფართო დისკუსიები პოლიციის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის (მათ შორის ცრემსლადენი გაზისა და რეზინის ტყვიების) გამოყენების საკითხზე. დებატები გაგრძელდა 2020 წელსაც, რა დროსაც დამკვირვებელი ჯგუფები აკრიტიკებდნენ ოფიციალურ გამოძიებებში ხარვეზებს. ანალოგიურად, კრიტიკის ობიექტი იყო სასამართლო პროცესები შერჩევითი სამართლის განხორციელების გამო, რადგან არეულობის მონაწილეობასთან დაკავშირებით ბრალდებები წაუყენეს მხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რამაც კიდევ უფრო გააუარესა საზგადოების ნდობა სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი“. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ზომები აამოქმედა, რომლებიც შეფასდა როგორც დროული, ეფექტიანი და, რასაც შედეგად მოჰყვა პანდემიის პირველი ტალღის დროს ინფექციის შეადრებით დაბალი გავრცელება. ეს აისახა საზოგადოების ნდობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC), მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიმართ. „მაისში დამტკიცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებები, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს სპეციალური ზომები საგანგებო მდგომარეობისთვის, პარლამენტის ზედამხედველობის გარეშე. ეს მოიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ისეთი სამოქალაქო უფლებების ცალმხრივ შეზღუდვას, როგორებიც არის გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება, რაც არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს დამკვირვებელმა ჯგუფებმა. პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა განსაკუთრებით დააზარალა ეთნიკური უმცირესობები, LGBT+ ადამიანები, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები და შშმ პირები. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის პოლიტიკა არ არის დისკრიმინაციული რომელიმე კონკრეტული სოციალური ჯგუფის წინააღმდეგ, პანდემიის დროს კიდევ უფრო აშკარა გახდა მთავრობის პოლიტიკის არარსებობა ან არასათანადო გამოყენება ამგვარი ჯგუფების მიმართ. კრიზისის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში“, – ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელი რთული იყო საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის. ქვეყნის პლურალისტული მედიაგარემო კვლავ ზარალდებოდა პოლიტიკური პოლარიზაციისგან და პარტიული კუთვნილების გავლენისგან. ტელეკომპანია „აჭარაზე“ მიმდინარე ზეწოლა კვლავ წარმაოდგენდა გამოწვევას მისი დამოუკიდებლობისთვის და გამოიწვია ფართომასშაბური საკადრო ცვლილებები, ასევე შიში ეტაპობრივად სამთავრობო კონტრლის დაწესებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შევიდა ეროვნული კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რამაც გაოიწვია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგეელთა კრიტიკა, რადგან ის უფლებამოსილებას ანიჭებს მარეგულირებელ უწყებას, კერძო კომპანიებში „სპეციალური მმართველები“ დანიშნოს.ანგარიშის მიხედვით, „წინა წლის ტენდენციის გაგრძელებით, საქართველოს სასამართლო სისტემაში კრიზისი 2020 წელს კიდევ უფრო გაძლიერდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პროცედურული გამჭვირვალობის არარსებობა, ასევე საერთო სასამართლოების კანონში მდგრადი ხარვეზები უკიდურესად პრობლემატური რჩებოდა იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ფართო კრიტიკას უპასუხა გარკვეული რეფორმით. წლის განმავლობაში დამკვირვებლებმა პოლიიტკური მოტივები მიაწერს რამდენიმე გახმაურებულ სასამართლო პროცესს. „2020 წელი აღმოჩნდა კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის, რადგან ქვეყანას ებრძოდა მრავალ გამოწვევას, რომლებიც განპირობებული იყო „კოვიდ-19“-ის პანდემიითა და საპარლამენტო არჩევნებით. დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა შეიძლება არამდგრადი აღმოჩნდეს ქვეყნის აშკარა პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. საპასუხოდ, პოლიტიკურმა სპექტრმა ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ერიანობასა და დემოკრატიული პრაქტიების მშვიდობიან შესრულებას. მთავრობის ლეგიტიმურობა, ასევე მმართველობის საკვაძო ინსტიტუტების ფუნქციონირება შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩეს, ვიდრე პარლამენტი ერთპარტიული წარმოამდგენლობით მუშაობს. სასამართლო სისტემაში კრიზისი შესაძლოა, ასევე გაგრძელდეს, 2018 წლიდან ფართოდ გაკრიტიკებული სტრუქტურული და პროცედურული ცვლილებების გათვალისწინებით. მედიასაშუალებებმა უნდა იმუშაონ, რათა გადალახოს ღრმა პოლარიზაცია და ჰიპერპატიულობა, რომლებმაც გააუარესეს ქვეყნის საინფორმაციო გარემო და საზოგადოებრივი დისკურსი“, – ნათქვამია 2020 წლის ანგარიშში.

დავით ზალკალიანი: რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებ, გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან

"რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები და გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტერიალი ონლაინფორმატის რეჟიმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის უკანონო ქმედებები უმძიმეს შედეგებს იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და მათ მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. „ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის მიერ, ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევევების, მათ შორის მკვლელობების, უკანონო დაკავებების, საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებს. ასევე, ჩვენ ე.წ. გამშვები პუნქტების უპრეცედენტოდ ხანგრძლივი დროით დაკეტვისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწმენი ვართ. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ოთხი ადამიანი, რომელიც მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მისასვლელად მდინარე ენგურის გადაკვეთას ცდილობდა, დაიხრჩო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისათვის 12 წლით ტყვეობის გახანგრძლივების ფაქტს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი და ხმამაღალი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისათვის. „ნება მომეცით, თქვენი ყურადღება გავამახვილო ზაზა გახელაძის საქმეზე, რომლის უკანონო დაკავება ცხინვალში 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლების მისაღწევად. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დარღვევები, დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს ორივე რეგიონში, ასევე გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმები და პრინციპები. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთზე ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი, დასრულდეს ოკუპაცია და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა. „მინისტერიალის ფარგლებში, ცნობად იქნა მიღებული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ანგარიშს გენერალური მდივანი მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგის მუდმივი 2.1 საკითხის: „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შესაბამისად წელიწადში ორჯერ წარადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი საუკეთოდ დასახელდა

ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე „FITUR“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საპრეზენტაციო სტენდი საუკეთესო სტენდად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური სიგელი მადრიდის გამოფენის დირექტორმა მარია ვალკარსემ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადასცა. „FITUR-2021-„ზე საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.პანდემიისა და ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნიკალური შესაძლებლობა მიიღო FITUR-ის ფარგლებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს, რაც გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით, როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. ყველა კომუნიკაციაში საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილია ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით ბრენდირებულია მადრიდის საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები. მადრიდის 5 დღიანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა. გამოფენას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკანიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდნენ, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

EUROCONTROL-ი: ევროპაში საჰაერო მოძრაობის ნაკადი COVID19-მდე არსებულ დონეს მხოლოდ 2025 წელს მიუახლოვდება

საავიაციო ორგანიზაცია ევროკონტროლის განცხადებით, ევროპაში საჰაერო ნაკადი COVID19-მდე არსებულ დონეს შესაძლოა, 2025 წლამდე ვერ დაუბრუნდეს. Euronews-ის ცნობით, ამის შესახებ შესაბამის ანგარიშშია აღნიშნული. დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ბრიუსელში მდებარე საჰაერო მიმოსვლის მართვის სააგენტომ აღნიშნა, რომ ფრენების რაოდენობა ევროპის საჰაერო სივრცეში, მიმდინარე წლის იანვარსა და აპრილში 65 პროცენტით შემცირდა, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ვაქცინაციის გათვალისწინებით, საუკეთესო სცენარის მიხედვით, შეზღუდვების გაუქმება 2021 წლის ზაფხულისთვის იყო ნავარაუდევი, 2019 წლის დონემდე დაბრუნება კი 2024 წლისთვის. ევროკონტროლის თქმით, თუ ვაქცინის წვდომაზე ევროპაში და გლობალურად პრობლემა იქნება, ეს ხელს შეუშლის ფრენებს, ისევე როგორც მგზავრთა ნდობის საკითხს და შეიძლება, სრული აღდგენა კიდევ უფრო გადაავადოს. „მომავალი წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი ევროპაში მხოლოდ 72%-მდე აღდგება და მხოლოდ 2025 წელს მივუახლოვდებით იმ დონეს, სადაც პანდემიამდე ვიყავით“, - აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა.

კარლ ჰარცელი: ევროკავშირს სჯერა საქართველოს სიძლიერისა და წარმატების

ევროკავშირს სჯერა საქართველოს სიძლიერისა და წარმატების, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აჭარაში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ევროკავშირს სჯერა საქართველოს სიძლიერისა და წარმატების, რაც ასევე გულისხმობს ძლიერ და წარმატებულ აჭარას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი საქართველოს განვითარების გზაზე მისი ყველაზე მტკიცე პარტნიორია 200–ზე მეტი პროგრამით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება და განათლება, ინსტიტუციური განვითარება, გარემოს დაცვა და ხალხთა შორის კონტაქტები. ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ულამაზეს აჭარაში სტუმრობა, დაწყებული ქედის მწვანე მთებიდან, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, გაგრძელებული ბათუმის ხმაურიანი ქუჩებით, სადაც ჩვენ ვეხმარებით საზღვაო სექტორს, ბიზნესს და ხელს ვუწყობთ ქალაქის გათანამედროვებას სუფთა ელექტროავტობუსების საშუალებით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, 19-21 მაისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ რეგიონისთვის გაწეული დახმარების წარმოსაჩენად აჭარაში იმყოფებოდა. ელჩი ჰარცელი შეხვდა ეკონომიკის და სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს, აგრეთვე ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.

ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შემდეგ: ყურადღება გავამახვილე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების სასწრაფოდ გათავისუფლებაზე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა,ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ Europetime-თან ისაუბრა. „უმთავრესად ვისაუბრეთ ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო პრობლემატიკა, ჰუმანიტარული თემები. ვიდრე დღის წესრიგზე გადავიდოდით, ჩემი ინიციატივით, როგორც ადრე, ყურადღება გავამახვილე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რთულ ვითარებაზე, მათ შორის ჰუმანიტარული პრობლემების, ადამიანის უფლებების დარღვევის და უსაფრთხოების კუთხით. ყურადღება გავამახვილე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების სასწრაფოდ გათავისუფლებაზე. ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ჟენევის ფორმატში არსებობს ინსტრუმენტები. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის, ორგანიზაციების ჩართულობა. იმედი მაქვს, რომ შედეგს მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში ხაზი გავუსვით, რომ ამის გაკეთება აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატია მთავარი საქართველოს და რუსეთს შორის ამ საკითხების განსახილველად. საკმაოდ დეტალურად გავიარეთ სავაჭრო-ეკონომიკური სტატისტიკა ამ 4 თვის განმავლობაში. ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც ეს პრობლემები განიხილება. ჩვენ არ გვაქვს საელჩოები, კონტაქტები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა უამრავი თემის განხილვა, რაც სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული და ტვირთბრუნვა საკმაოდ დიდია და ამ წინა წელთან შედარებით, ზრდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ წინა წელს იყო ჩავარდნა პანდემიის შოკის გამო. ზოგადად, არის დინამიკა პანდემიისგან გამოწვეული ვარდნის გადალახვის. ვისაუბრეთ ასევე გარკვეულ ქონებრივ საკითხებზეც. ყაზბეგი-ლარსის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაო, მოდერნიზება ხდება როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხარეს. ასევე, მისასვლელ გზებზეც მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაო. ამასაც შევეხეთ და ითქვა, რომ ექსპერტების კონტაქტებია საჭირო ამ თვალსაზრისით. ასევე აღვნიშნეთ, რომ საჭიროა მუშაობის გაგრძელება 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ საბაჟო ადმინისტრირების და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმება“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. ცნობისათვის, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა. ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შემდეგ: ჩემი კოლეგისგან მოვისმინე, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის მოსალოდნელი

შეიძლება თუ არა აცრის შემდეგ რუჯის მიღება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი "ქრონიკასთან" განმარტავს შეიძლება თუ არა აცრის შემდეგ რუჯის მიღება. „ვაქცინაციის წინ და ვაქცინაციის შემდგომ, არ არსებობს რაიმე პროცედურა ან რაიმე ყოველდღიური ქცევა, რომელიც უნდა შეიცვალოს. აბსოლუტურად არაფერი. თუ ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენა განვითარდა, ვთქვათ ტემპერატურული სახით, რა საკვირველია ამ დროს ადამიანი რუჯზე ან სოლარიუმში არ უნდა წავიდეს და აუცილებლად სახლის პირობებში უნდა იყოს, მშვიდ და მოსვენებულ მდგომარეობაში. თუ ადამიანი ვაქცინაციის შემდგომ საგაზაფხულო ალერგიულ პროდუქტს დიდი რაოდენობით მიირთმევს და ალერგიული პროცესის პროვოცირებას ამით ხელს შეუწყობს, გაუჭირდება ექიმს იმის განსაზღვრა ეს კვებისმიერი რეაქციაა თუ ვაქცინისმიერი. ამიტომ, ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ნუ მიეძალებიან დიდი რაოდენობით კენკროვან ხილს, ციტრუსებს, ალკოჰოლს, რათა არ მოხდეს ზედდება ალერგიული რეაქციების, თორემ ეს ვაქცინასთან არანაირი წინაღობა არ არის. იგივე ეხება მზესა და სოლარიუმს. არც ისე იშვიათად, არიან პაციენტები, რომელთაც მზეზე ექსპოზიციიდან რამდენიმე საათში გამონაყარი ეწყებათ. ვაქცინაციის შემდეგ მზეზე მიფიცხება ამიტომ არ მიმაჩნია სწორად, რომ აქაც ზედდება არ მოხდეს“, - განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საფრანგეთი სხვადასხვა ქვეყანას ვაქცინის 30 მილიონ დოზას გაუნაწილებს

საფრანგეთი 2021 წლის ბოლომდე, ევროპული ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 მილიონ დოზას გაუნაწილებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Twitter-ში განაცხადა. „ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა არ დასრულებულა. ევროპული ინიციატივის ფარგლებში, საფრანგეთმა ვალდებულება აიღო, 2021 წლის ბოლომდე ვაქცინის 30 მილიონი დოზა გაუნაწილოს სხვა ქვეყნებს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ჯანმო: ვაქცინების უთანასწორო განაწილება კაცობრიობისთვის მარცხია

"ვაქცინების უთანასწორო განაწილება კაცობრიობისთვის მარცხია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გნაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფად შექმნა მეცნიერების ტრიუმფია. "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფი განვითარება მეცნიერების ტრიუმფია, მაგრამ მათი უთანასწორო განაწილება კაცობრიობისთვის მარცხია. გლობალურ დონეზე, გახარჯული ვაქცინების თითქმის 90% "დიდი ოცეულის" ქვეყნებზე მოდის. პანდემიის დასრულება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუ ყველას აქვს მისი შეჩერების საშუალება საშუალება", - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ბოლო პანდემია არ იქნება. "ეს არ იქნება ბოლო პანდემია. შეიძლება ზოგიერთი პანდემიის პრევენცია შევძლოთ, მაგრამ ყველას ვერ ავიცილებთ თავიდან. ჩვეული საქმიანობა ჩვეულ შედეგს გამოიღებს: სამყარო, რომელიც არ არის უსაფრთხო, მოუმზადებელი და უსამართლოა“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ესპანეთი ვაქცინიებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

ესპანეთი, 7 ივნისიდან, ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. მიზანი ტურიზმის სექტორის აღდგენაა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ესპანეთში ჩასვლა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ვაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. როგორც გამოცემა წერს, პამნდემიის ფონზე, გასულ წელს, ესპანეთში უცხოური ტურიზმი 80% -ით შემცირდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შესვლის უფლება ექნება ვაქცინირებულ მოგზაურებს, ქვეყნის მიუხედავად, განსაკუთრებით შეერთებული შტატებიდან. ესპანეთი ასევე საშუალებას მისცემს ტურისტებს, ევროკავშირის 10 არაწევრი ქვეყნიდან, რომლებიც თვლიან, რომ დაბალი რისკის მატარებლები არიან, კორონავირუსის უარყოფითი PCR ტესტის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში 24 მაისიდან.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიხედვით, საჩივრის შეტანის ვადები იზრდება, საჩივრის შეტანა კი ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული, საჩივრის შეტანის ვადები იზრდება. ამასთანავე საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. როგორც ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე არაუფლებამოსილი პირების მიერ საჩივრების შეტანის ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, ინტერპარტიულ შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ შეიქმნას რეესტრი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები საჩივრების შეტანაზე უფლებამოსილ პირებს დაარეგისტრირებენ. „საჩივრების შეტანის ვადები გაიზარდა, ფაქტობრივად გაორმაგდა, ერთი დღე იყო 2 დღე გახდა ზოგან, ზოგან კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დამკვიდრდება საჩივრის ელექტრონულად შეტანის შესაძლებლობა. ცესკო ტექნიკურად უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული სახით მოხდეს საჩივრის შეტანა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც იყო ხოლმე საუბარი, არის ის, რომ, სამწუხაროდ, ხშირად არაუფლებამოსილ პირს შეჰქონდა საჩივარი, იმიტომ, რომ ყველა ზუსტად ვერ ერკვეოდა ამ პროცედურებში და არასწორად იყო შედგენილი მინდობილობები, ბევრი გვქონდა ასეთი შემთხვევა. ჩვენ შევთანხმდით ინტერპარტიულ ფორმატში, ცესკო-სთან გვქონდა კონსულტაცია და იქნება შესაძლებელი, რომ გაკეთდეს უფლებამოსილი პირების რეესტრი. არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ პარტიებს შეეძლებათ დაარეგისტრირონ ის წამომადგენლები, რომლებიც მათ ჰყავთ სხვადასხვა ადმინისტრაციაში ელექტრონულად და ექნება შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა, რომ გადაამოწმოს, პირი, რომელმაც შეიტანა საჩივარი, არის თუ არა უფლებამოსილი. ეს პრობლემაც, საბოლოო ჯამში, ამ კუთხით მოგვარდება და აღარ იქნება აქაც სპეკულაციებისთვის რაიმე სივრცე",- განაცხადა პაპუაშვილმა.

„საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება

„საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება. ამის შესახებ ცნობისთვის, კანონის ძველი რედაქცია ითვალისწინებდა მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებას. ახალი რედაქციით ეს 25- მეტრიანი რადიუსიც იზრდება და დაუშვებელი ხდება როგორც კენჭისყრის შენობაში, ასევე კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია, ასევე, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა“, - განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსებას, ამ ნაწილში კანონის არსებული მოთხოვნა უცვლელი რჩება და შენობიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, კვალავაც ჩამოხსნას/ დემონტაჟს/ აღებას ექვემდებარება.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უბნების საერთო რაოდენობის 10% გადაითვლება

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული, არჩევნების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა მოხდება. როგორც ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უბნების საერთო რაოდენობის 10% გადაითვლება. მისივე თქმით, უბნების გადათვლას ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს - კონტროლისა და პრევენციის. „მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც, საბოლოო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ 73 ოლქი გვაქვს, გამოდის 365 უბანი, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%. ხვდებით ყველა, რომ უდრის არჩევნების სრულად გადათვლას, ვინაიდან, ძალიან დიდი რეპრეზენტატულობა აქვს ამ რიცხვს. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი მექანიზმი ჩაიდო, ორი დატვირთვა აქვს ამ მექანიზმს - ერთი, რა თქმა უნდა, ეს არის კონტროლი, თუმცა არანაკლებ და შეიძლება უფრო დიდი ეფექტი, ეს არის პრევენციის ეფექტი. მაშინ, როდესაც არავინ არ არის დაზღვეული, რომ რომელიმე უბანი მოხვდება გადათვლაში, რა თქმა უნდა, ბოროტად გამოყენება გარკვეული პროცედურების პრევენციულად იქნება აღკვეთილი და არ იქნება ამისი სურვილი, რომ რამენაირად ბოროტად გამოიყენონ პროცედურული უფლებამოსილება, რომელიც კომისიაში აქვთ,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

რას ითვალისწინებს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. "საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლითაც საარჩევნო კანონმდებლობა დაიხვეწება, უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიული პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაიზრდება არჩევნების მიმართ სანდოობა და შესრულდება პარტიებს შორის მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებები", - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების წესის, ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. კანონპროექტით შემოთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი. ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები, იცვლება საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნისა და არჩევის წესი. ცესკოს 8 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიით შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე მოგვიახლოვდა და უნდა გავითვალისწინოთ ის ვადები, რომელიც კანონის მიღებასთან არის დაკავშირებული. ცესკოში 2 ვაკანსია წარმოიქმნება და საჭირო იქნება შერჩევა, რისთვისაც სპეციალური წესი არის გაწერილი დაბლოკვის საწინააღმდეგო, რომელიც ამ მომენტში იმოქმედებს“, - აღნიშნა, შალვა პაპუაშვილმა. მისივე განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს. კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე. „დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია, ასევე, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები. ​ შემოთავაზებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესი. „გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც საბოლოო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ 73 ოლქი გვაქვს, გამოდის 365 უბანი, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%. ფაქტობრივად, უბნების 10% გადაითვლება ხელახლა, რაც უდრის არჩევნების სრულად გადათვლას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. მისი თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილია არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობები. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.