ძებნის რეზულტატი:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკომიტეტო მოსმენა, დაახლოებით, 7 საათს გაგრძელდა. ცვლილებებისთვის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოს წევრებმა, ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას განიხილება. კანონპროექტი უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და საქართველოს პარლამენტი მის დასკვნას ელოდება. ანა ნაცვლიშვილის თქმით, შესათანხმებელი რჩება მნიშვნელოვანი საკითხები. „ორი კანონპროექტი რომ შევადაროთ ერთმანეთს, რა იყო სასტარტო მდგომარეობა და რა იხილებოდა თუნდაც დღეს, ცვლილებები ჩანს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე, შეთანხმების ყველა მუხლი და პუნქტი ისე გაიწეროს, რაც არა ფორმალურ შესრულებას, არამედ რეალურ შესრულებას უზრუნველყოფს. ვიდრე არ ვნახავთ ამ სიცხადეს ტექსტში, მხარდაჭერის დაფიქსირებისგან თავს ვიკავებთ“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. მომავალ კვირაში ცვლილებების პროექტი უკვე სესიაზე გადის. ამასთან, პროექტი ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს.

აშშ-ის საელჩო 23 მაისის აქციასთან დაკავშირებით, საელჩოს თანამშრომლებს აფრთხილებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო 23 მაისს, თბილისის ცენტრში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საელჩო თანამშრომლებს მოუწოდებს მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია, რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება. „მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან,“- აღნიშნულია განცხადებაში. 23 მაისს, თბილისში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება

დღეს აფხაზეთის დღეა. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2014 წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კვირეულს მართავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მზიურის პარკში ფოტოგამოფენით – „კადრები აფხაზეთიდან“ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ასევე, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრი „აფხაზეთის თასზე“. ამასთან, აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში, თბილისში, ვარკეთილი-3-ის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 733 ადამიანს დაუდასტურდა, 1 530 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 573-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.21%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 318 599-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 425 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 54, ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 18, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 326, საიდანაც: 4 152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 258, აჭარაში - 476, იმერეთში - 526. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 880 პირი, მათ შორის, თბილისში - 418, აჭარაში - 104, იმერეთში -155. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი, მათგან თბილისში - 150, აჭარაში - 12, იმერეთში - 14. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 - თბილისში, 271- აჭარაში. 9 505 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 33. სულ 6 ოქტომბრიდან - 22 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 748 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 942 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 652 პირი, აჭარაში - 1 792, იმერეთში - 1 644.

ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთობა მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი - ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. მინდა, მივულოცო ეს დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი - ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს კი ალტერნატივა არ გააჩნია. „აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია. მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, დარწმუნებული ვარ, გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ, ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ზეე გაავრცელა. .

Pfizer-ი და AstraZeneca კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია - კვლევა

BBC ინფორმაციით, ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევავ დაადასტურა, რომ Pfizer-ი და Astrazeneca კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია. გამოცემა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა - ინგლისის“ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე ვაქცინა ისევე იცავს ადამიანს სიმპტომური დაავადებისგან, როგორც - კორონავირუსის ბრიტანული შტამის შემთხვევაში. დადგინდა, რომ პირველი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინა 33%-ით ეფექტურია ინდური ვარიანტის მიმართ, ბრიტანულის შემთხვევაში - 50%-ით. Pfizer-მა ორივე დოზის მიღებიდან ორ კვირაში, ინდურ ვარიანტთან, 66%-იანი ეფექტი აჩვენა, ბრიტანულთან კი - 93%-იანი. AstraZeneca 60%-ით ეფექტურია ინდური ვარიანტის მიმართ, ბრიტანულის მიმართ კი - 66%-ით. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია - კომპანიის დირექტორი ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი: ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია Covid-19-ის ყველა ცნობილი შტამის წინააღმდეგ

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე თავის უფალი პოსტმოდერნულ სამყაროში ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი, იყვნენ მართულნი - მათ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება სწყურიათ... თავისუფლება ყველას უნდა, მაგრამ რას ნიშნავს იყო თავის უფალი? რისგან თავისუფალი და ვისგან თავისუფალი? დღეს არ ვიმსჯელებ სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე, არც ისტორიასა და თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებზე. დღეს მინდა დავფიქრდეთ ადამიანურ ბედ-იღბალსა და ემოციებზე, ადამიანურ თავისუფლებაზე, იმიტომ, რომ ადამიანები ქმნიან სახელმწიფოებს და მხოლოდ თავის უფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ სახელმწიფოებს... თავისუფლება უცებ არ მოდის. გალიის ჩიტს კარს რომ გაუღებ, კარგა ხანს ვერ გაბედავს გარეთ გამოსვლას, შემდეგ გამოიჭრება და კედლებს მიეხლება - ფრენა არ იცის... მალევე სიხარულით გაიფრთხილებს ღია ცის ქვეშ, მაგრამ არ ექნება თვით-გამოკვების და თვითგადარჩენის ჩვევა და ინსტინქტი... მოენატრება პატრონი, „ტკბილი ტყვეობა“ და უკუ გზასაც ვეღარ იპოვის... რამდენი ასეთი „ჩიტია“ ჩემს გარშემო, თქვენს გარშემო... ულვაშებდაწკეპილი კოსტაია ხომ ყველას გახსოვთ, თავის ბედ-იღბალს შეგუებული, მხიარული და ხალისიანი... მისთვის უცხოა ტყვეობის ვარამი და ინდივიდის ეგზისტენციალური ამბოხი. კოსტაიას არ აქვს ჩვევა, მაგრამ მასაც აქვს ინსტინქტი, რომელიც ნაპერწკალივით მოულოდნელად გაღვივდება და სიტყვებად ამოხეთქავს: „წაი, გოგო; წაი, გოგო, სახში...“ კოსტაიას ისევე სჭირდება ცეცხლმოკიდებული გამურული პატარძალი, როგორც პატარძალს კოსტაია... მათი დუეტი ფილმის კულმინაციაა და ფილმის ბედნიერი დასასრულის წინაპირობა... ვინ კოსტაია ვართ დღეს და ვინ „მაჯლაჯუნა“ პატარძალი... კოსტაიებო, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და თითო ადამიანს მაინც შესძახეთ - „წაი გოგო; წაი ბიჭო; წაი და გახდი თავის უფალი...“ ჩემი თაობისთვის დამოუკიდებლობის მოპოვება სკოლის დამთავრების და ახალი ცხოვრების დაწყების წლებს დაემთხვა. პირველი ნაბიჯები პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არც თუ ისე საოცნებო აღმოჩნდა - სამოქალაქო ომი, ტოტალური ნგრევა, კონფლიქტები... გაურკვევლობა, მომავლის შიში და უსასოობა... ჩაშხამებული სტუდენტობის ერთ მშვენიერ დილას, როდესაც სანთლის შუქზე აცაბაცად წავითხიპნე კოსმეტიკა და კილომეტრები ფეხით გავიარე უნივერსიტეტში მისასვლელად, საკუთარ თავს ვკითხე, რა იყო ის ადამიანური მოტივაცია, რის გამოც ეს უცნაური ყოფა მიღირდა თავისუფლებისთვის? პასუხი სწრაფი და მარტივი აღმოჩნდა - სულ რამდენიმე წლით ადრე რომ დავბადებულიყავი, როგორც ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტს, აუცილებლად მომიწევდა ლენინის ტომების დაზუთხვა და ციტატების შერჩევა საკუთარი სტუდენტური თხზულებებისთვის; დერეფანსა თუ აუდიტორიაში ისევ დამხვდებოდა საბჭოთა სამების (მარქსი, ენგელსი, ლენინი) უზარმაზარი პორტრეტები მოვარაყებული ჩარჩოებით; ალბათ ვიქნებოდი აქტიური კომკავშირელი და წითელ კუთხეში მოწყობილ ღონისძიებებს თვითრეალიზაციის ამაყი განცდით შევუერთდებოდი... ზამთრის იმ მშვენიერ, სუსხიან დილას მივხვდი, რომ ვიყავი თავის უფალი... მას შემდეგ ბევრი ასეთი მშვენიერი დილა დადგა - სამყაროს შეცნობის ლამაზი წუთები, როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობ ფრენას და საკუთარ თავში აღმოაჩენ ახალ და ახალ შესაძლებლობებს; როდესაც არჩევანის გაკეთება ყოველდღიურობის ნაწილი ხდება და არაფრის დიდებით აღარ დაუთმობ ამ უფლებას სხვას... როდესაც პასუხისმგებლობა აღარ გაშინებს და აღარ ეძიებ, ვინ უნდა აიღოს შენს მაგივრად პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი შენს არჩევანზე... პირადად თქვენთვის რა არის თავის უფლება? რისგან და ვისგან გინდათ რომ იყოთ თავისუფალი? *** უქმე დღეების თუ დღესასწაულების რაოდენობით ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ერი ვართ. დღესასწაულების აღნიშვნა წმინდათა წმინდა ტრადიციაა ჩვენს კულტურაში - ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა, საყვარელი ქართული კერძები, კარგი ღვინო, ტრადიციული სადღეგრძელოები... ყოველდღიური და მძიმე ყოფითობის თეატრალიზება ჩვენი იდენტობის საინტერესო ნაწილია. აღვნიშნავთ ძველს თუ ახალს; ისტორიულ, რელიგიურ, საბჭოთა თუ დასავლური კულტურიდან იმპორტირებულ სიმბოლოებს... ამ საყოველთაო ტაში-ტუშში მხოლოდ დამოუკიდებლობის დღე რჩება უმეტესობისთვის ფორმალურ დღესასწაულად. დღე, რომელმაც ვერ შეაღწია ოჯახებსა და გულებში... რიგითი ქართველი ყოველ დღე ეძებს ჭიქის აწევის საბაბს და თუ ვერ პოულობს, ხალისით იმპროვიზირებს; რიგითი ქართველი მუდამ მზად არის სამშობლოს სიყვარულს ორიგინალური სადღეგრძელოები მიუძღვნას; რიგით ქართველს 26 მაისს არ ეზეიმება... ქვეცნობიერის თუ ზეცნობიერის ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ მაინც ვიკითხავ, რატომ გვეშინია თავისუფლების? *** ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ მასშტაბურ დემონსტაციაზე, აკაკი ბაქრაძემ უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის ბიბლიური მეტაფორა შეგვახსენა. ხალხს არ მოეწონა, სტვენა გაისმა სხვადასხვა მხრიდან... 30 წელი უკვე გავიდა და ისევ გალიის ჩიტებივით ვაწყდებით კედლებს. მე მჯერა ბიბლიური მეტაფორების. მჯერა, რომ დარჩენილ 10 წელიწადში ყველაფერი შეიცვლება, რადგან დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა მიაღწევს ინტელექტუალური და პოლიტიკური სიმწიფის ასაკს. დაბადების დღეს გილოცავ, საქართველო! გისურვებ, ჩვენი შვილებისთვის ეს დღე ყოფილიყოს საყოველთაო სახალხო ზეიმი.

საქართველოში ინდური შტამის შესაძლო შემთხვევას ლუგარის ლაბორატორია იკვლევს

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის. ინფორმაციას ,,რუსთავი 2" ავრცელებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, საბოლოო პასუხი ჯერ სპეციალისტებმა არ იციან. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, შესაძლოა, აღნიშნული შტამი ყველა ქვეყანაში გამოვლინდეს და ამ კუთხით საქართველო გამონაკლისი არ არის. " შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი, გამოვლინდეს [ინდური შტამი], საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

,,შესწავლა მიმდინარეობს" - გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შესაძლო დაფიქსირებაზე

შესწავლა მიმდინარეობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შესაძლო დაფიქსირებაზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან ,,რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით ინდური შტამი საქართველოში დაფიქსირებული არ არის. მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული შტამი ყველა ქვეყანაში გამოვლინდეს და ამ კუთხით საქართველო გამონაკლისი არ არის. " შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს [ინდური შტამი], საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, 2021 წლის 24 მაისიდან-2021 წლის 7 ივნისამდე, მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის ან/და ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, მოქალაქეები ერთჯერადად გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50 პროცენტიით. „პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას: არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ფლობს პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (თუნდაც მოქმედს); მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონულ მოწმობა გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის. ბიომეტრიულ პასპორტს, ნახევარ ფასად (65 დოლარად) მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას: არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს); მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის. პირებს, რომლებსაც ეკუთვნის აქციით სარგებლობა, პროგრამა ავტომატურად განუსაზღვრავს შესაბამის შეღავათს. ამასთან, (ბიომეტრიულ პასპორტზე) თუ პირს ეკუთვნის აქციით დადგენილზე მეტი შეღავათი (მაგალითად – უფასოდ), ასეთ შემთხვევაში, პროგრამის მიერ განსაზღვრული შეღავათი უნდა შეცვალოთ შესაბამისი შეღავათით“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

ინდოეთში იშვიათი დაავადების 9 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში იშვიათი დაავადების, „შავი სოკოს“, იგივე „მუკორმიკოზის“ 8 800 შემთხვევა გამოვლინდა. „მუკორმიკოზი“ იშვიათი ინფექციაა, რომელიც აზიანებს სინუსებს, ტვინს და ფილტვებს. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც იმუნური სისტემის პრობლემები აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანების უმეტესობისთვის ინფექციის გადატანა საკმაოდ რთულია და დაავადებულების გადარჩენის მხოლოდ 50%-იანი შანსი არსებობს. შემთხვევების უმეტესობა გუჯარატისა და მაჰარაშტრას შტატებში ფიქსირდება. როგორც გამოცემა წერს, ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფექციის გავრცელება შესაძლოა, კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ მედიკამენტებთან იყოს დაკავშირებული. არსებული ინფორმაციით, იშვიათი ინფექცია, ძირითადად, კორონავირუსისგან განკურნებიდან 12-18 დღის განმავლობაში ვლინდება. მუკორომიკოზი გამოწვეულია მუკორის სახეობის ობის სოკოებით. ესაა მიკროსკოპული სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების ზედაპირზე. ჩვეულებრივ, ის გვხვდება ნიადაგში, მცენარეებში, სასუქებში და ლპობის პროცესში არსებულ ხილსა და ბოსტნეულში. ასევე - ჯანმრთელი ადამიანის ცხვრისა და ლორწოშიც კი. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით, სიმსივნით ან აივ ინფექციით დაავდებული ადამიანებისთვის. ინფექცია მაშინ ვითარდება, როდესაც ობის სოკო ადამიანის ტვინში, ფილტვებში ან ფისტულებში გაიდგამს ფესვებს.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ინიციატივა ამოქმედდება - რა შემთხვევაში მიიღებენ ბიომეტრიულ პასპორტსა და პირადობას

საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი ნახევარ ფასად. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე, რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა; რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს. „პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე, რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს; რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, დაცული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტებია. სპეციალური აქციით სარგებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთას, საქმისწარმოებას და იმ ელექტრონული სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს, რომლებსაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, ასევე, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში დაეხმარება. სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

თბილისში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს 15:00 საათისთვის სიტყვით მიმართავენ და სამოქმედო გეგმებს გააცნობენ. აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოალაქეებიც შეუერთდნენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ დედაქალაქში კარვები გაშალონ და პროტესტის ეპიცენტრი გახდეს თბილისი. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკასათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ უახლოეს დღეებში მოუწევს პარლამენტში შესვლა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ნაციონალურ მოძრაობა“ პარლამენტში შესვლა მოუწევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თითქოს არასწორ პოზიციაზე იყვნენ, თუმცა ახლა მათ უწევთ პარლამენტში შემოსვლა. „ნაცმოძრაობას“ მოუწევს უახლოეს დღეებში პარლამენტში შესვლა. ეს ნიშნავს მათ სისუსტეს, მათ არათანმიმდევრულობას და მათ მარცხს“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელია განცხადებით, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით

ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე კომენტარისას განაცხადა. „ჩვენს ქვეყანაში, 2012 წლიდან მოყოლებული, არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალური ის, რაც ხდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

ჩრდილოეთ იტალიაში საბაგირო კაბინის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

Rainews-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ იტალიაში საბაგირო კაბინის ჩამოვარდნას სულ მცირე ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ტბა მაჯორეს მახლობლად მოხდა. . მედიის ინფორმაცით, საბაგიროს კაბინაში 11 მგზავრი იმყოფებოდა. ორი ბავშვი სამაშველო ვერტმფრენით გადაიყვანეს ტურინის საავადმყოფოში. ინციდენტი სავარაუდოდ ბაგირის დაზიანებამ გამოიწვია.

თბილისში ნამახვანჰესთან დაკავშირებული აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნით მიმართეს

თბილისში მიმდინარე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ისაუბრა იმ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ამჟამად აყენებენ. გოლეთიანის თქმით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და მასთან გაწყდეს ხელშეკრულება, გაუქმდეს 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დოკუმენტაცია და გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში. „დღეს ჩვენი მოთხოვნები მკაფიოა – კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გადაცემას. ზოგადად გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ საზოგადოების აზრი იქნას გათვალისწინებული, ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამაში უნდა იყოს ყველას ჩართულობა. ამისთვის საჭიროა პაუზა, გვჭირდება დრო, რათა ყველა იყოს ჩართული და გავითვალისწინოთ მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა, ზოგადად, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი პროტესტი და ამ პრობლემისგან შეწუხებული ადამიანები. ამისთვის ვითხოვთ მორატორიუმს და განვითარების ნაწილში ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, რადგან ხშირად გვდებენ ხოლმე ბრალს, რომ ჩვენ ვლობირებთ რუსული კილოვატ საათების გაყიდვას ქვეყანაში და ვართ დესტრუქციული ძალა, არ გვინდა, რომ ჰესი აშენდეს, ვართ კამპანია „არა ჰესებს“, ეს ასე არ არის, მეგობრებო, ჩვენ ამისთვის გვჭირდება პაუზა და განსაზღვრა იმ ენერგოპოლიტიკის, რომელიც დღეს ქვეყანას არ აქვს და ასე ქაოტურად ხდება ამ პროცესის წარმართვა, დაბეტონება ყველა ხეობის, რისთვის და ვისთვის, ეს არის გაუგებარი. ის, რომ აქ იკვეთება კონკრეტულად ვიწრო ინტერესები ამა თუ იმ პერსონის და ჩინოვნიკების, ამის შესახებ თქვენ მეტ-ნაკლებად იცით. ეს არის ჩვენი მოთხოვნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. გარდა ამისა, გოლეთიანის განმარტებით, ითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს „ნამახვანჰესის“ პროექტთან მიმართებაში. „ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა მუნიციპალიტეტის შენობაში, ქუთაისში და როცა გვაბრალებენ, თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით რვა ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ამიტომ ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში და აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არა მარტო ნათია თურნავასთან, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებაში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. მისივე თქმით, ხვალ, 12:00 საათამდე მათი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ. „ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული თუ არ იქნება, ჩვენ მთლიანად დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ, ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმრავლე და უფრო მეტი ადამიანი მოგვემატოს, ვიდრე დღეს აქ ვდგავართ. ამიტომ, თუ წყვეტთ იმას, რომ ხალხის ნება და სურვილი უპირატესია, მაშინ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და პასუხი ვაგებინოთ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის შემოქმედიც და ავტორიც ამ შემთხვევაში ხელისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, ვაგრძნობინოთ პასუხისმგებლობა ყველას, ვინც ჩათვლის, რომ დღეს და მომავალში ამ ქვეყანაში თანამდებობრივად უნდა იყოს ჩვენი ნების აღმსრულებელი. მან ამ პროცესზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და მისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო იმ სკამზე მოთავსება, სადაც ისაა, ეს პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა შევქმნათ. მოგიწოდებთ უპრეცედენტო გაერთიანებისკენ, რისი არნახული მაგალითიც დღესაა, ამას კიდევ მეტი გაერთიანება სჭირდება, წამზომი ჩართულია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: პარტიულ ორგანიზაციებს მივეცით მთავარი დავალება, მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ამომრჩევლების

მთავარი დავალება, რაც მივეცით პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ამომრჩევლების, რათა ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა. „მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ დავიწყეთ ჩვენი პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, ჩვენს აქტივთან შეხვედრები. გუშინ ვიყავით აჭარაში, დღეს უკვე სამეგრელოს მხარეში ვიმყოფებით. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მოგეხსენებათ, რომ არჩევნები გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში. მთავარი დავალება, რაც ჩვენ მივეცით ადგილზე პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების, აქტივის იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს პარტიაში მზაობა და მოტივაცია არის ძალიან მაღალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტია გაიმარჯვებს დამაჯერებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

Reuters: ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნება

ირანის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ თეირანსა და გაეროს ბირთვულ მაკონტროლებელს შორის სამთვიანი შეთანხმების ვადა შაბათს ამოიწურა და შესაბამისად, სააგენტოს მათი ობიექტების მონაცემებზე წვდომა აღარ ექნება, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. „22 მაისიდან, სამთვიანი შეთანხმების დასრულების შემდეგ, სააგენტოს არ ექნება წვდომა იმ კამერების მონაცემებზე, რომლებიც ბირთვულ ქარხნებშია დამონტაჟებული“, - აღნიშნულია ირანის პარლამენტის განცხადებაში. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის განუცხადა. გროსი ირანში მონიტორინგის შეთანხმების გახანგრძლივების თაობაზე იმყოფება, რომელმაც 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი. Reuters-ის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაართულოს ვენაში, თეირანსა და ექვს სახელმწიფოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. 2015 წლის შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულებაში გაიწერა დამატებითი პროტოკოლი, რაც სააგენტოს მოკლევადიან ინსპექციებს ითვლისწინებს იმ ობიექტებზე, რომლებზეც ირანს ინფორმაცია არ მიუწოდებია. ინსპექციები ტარდება იმის გასამყარებლად, რომ ბირთვული სამუშაოები არ მიმდინარეობს ფარულად და სამხედრო მიზნებისთვის. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, პროტოკოლის მიზანი ირანისთვის ბირთვული იარაღის დამზადების შესაძლებლობაში ხელის შეშლაა. მისივე თქმით, ბირთვული იარაღის დამზადება თეირანს არასოდეს სურდა. გალიბაფის განცხადებით, უმაღლესი ხელისუფლება და სულიერი ლიდერი, ალი ხამენეიც მხარს უჭერენ პარლამენტის გადაწყვეტილებას. ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს, რომელზეც ირანის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნისა და შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხები განიხილება. 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია. 3-5%-ით გამდიდრებული ურანი ბირთვული ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოების მიზნით გამოიყენება, 20%-მდე გამდიდრებული ურანი კი - კვლევით ბირთვულ რეაქტორებში.

,,ნამახვანჰესის" მოწინააღდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს. საპროტეტსო აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ცნობისთვის, "ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს დროს იმისთვის, რომ მათ მოთხოვნებზე შესაბამისი პასუხი მიიღონ. სწორედ ამ დრომდე აპირებენ ისინი რესპუბლიკის მოედენაზე დარჩენას.