ძებნის რეზულტატი:

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 26-27 მაისს ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ეწვევა, რათა ღაზის სექტორში ზავის შესრულება ადგილზე შეაფასოს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრნობით სააგენტო Reuters-ი წერს. მათივე ინფორმაციით, ტურნეს ფარგლებში ბლინკენი ასევე ჩავა ეგვიპტესა და იორდანიაში. მანამდე ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის, ისრაელისა და პალესტინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ გამოაქვეყნეს ბლინკენის სრული მარშრუტი.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით, განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები უკვე სამი დღეა, რაც განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები და მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადამიანი, რომელიც მრავალგზის არის ნასამართლევი მძიმე დანაშაულებისთვის, ტექნიკურ უნივერსიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს. „იქიდან გამომდინარე, რომ ის არის არაერთგზის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე ბრალდებებისთვის, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა არის ამორალური. უკვე სამი დღეა ვშიმშილობთ, რაზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა სამინისტროს მხრიდან. ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ შევხვდეთ მინისტრს და მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ დავით გურგენიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილი დაიწყეს.

სამასპინძლო ბიზნესი უნდა იყოს მზად, რომ ორჯერ ვაქცინირებულებს შესთავაზოს პერსონალი, რომელიც ასევე სრულად ვაქცინირებული იქნება - ივანე ჩხაიძე

რას გეგმავს საქართველო ვაქცინაციის წახალისების მიმართულებით, ამ საკითხზე, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-ს ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო დაახლოებით ერთი თვის წინ, მაშინ, როდესაც პირველი სრულად ვაქცინირებულები გამოჩნდნენ. „ეს საკითხი ასევე განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე, წახალისების მექანიზმები შეიძლება, სრულიად განსხვავებული იყოს, დაწყებული ევროპული პრაქტიკიდან, დამთავრებული ქართული ნიუანსით და ინოვაციით. მაგალითად, ერთ-ერთ სხდომაზე განვიხილეთ ერთ-ერთი კომპანიის ინიციატივა, რომ იმ თანამშრომელს, რომელმაც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, დამატებით ანაზღაურებადი შვებულება მიეცეს. ასევე არსებობს წინადადება, ხომ არ იყოს განხილული საბანკო პროცენტის შემცირების საკითხი, ასევე, კომენდანტის საათის განმავლობაში შეუზღუდავი გადაადგილების საკითხი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომპონენტია, ეს ყველაფერი დეტალურად არის ჩამოყალიბებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინადადებაში, რომელიც მთავრობის სხდომაზე უნდა იყოს განხილული უახლოეს პერიოდში. ანუ, ეს განსხვავებული პაკეტი არსებობს. საქართველოში ჩვენ ვერ წავედით და ვერ წავალთ მატერიალური წახალისების კუთხით, რა თქმა უნდა, თანხას ვერ მისცემ ვაქცინაციისთვის, მაგრამ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები შეიძლება იყოს შემოღებული იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს. ასევე განიხილებოდა სალონებსა და ფიტნეს კლუბებში შეუზღუდავი შესვლა. დღეს ფიტნეს კლუბში ვერ წახვალ, მაგრამ თუ მე ორი ვაქცინა მაქვს ჩატარებული და ფიტნეს კლუბში მხვდება ასევე ვაქცინირებული ტრენერი, ფიტნეს კლუბი აუცილებლად უნდა გავხსნათ. მაგალითად, თუ რესტორანში არ დამხვდება ორჯერადად ვაქცინირებული, გარკვეული რისკის ქვეშ მაინც ვარ. ამიტომ, სამასპინძლო ბიზნესი უნდა იყოს მზად, რომ ორჯერ ვაქცინირებულებს შესთავაზოს პერსონალი, რომელიც იქნება ასევე სრულად ვაქცინირებული“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში შეიძლება გვქონდეს რესტორანი, რომლის ყველა თანამშრომელი არის ვაქცინირებული და ამ რესტორანში ყველას შეეძლება შესვლა. „მაგიდასთან ყველა, ვინც წარადგენს კოვიდპასპორტს, შეიძლება დაჯდეს ნიღბის გარეშე. ანუ, დახურულ სივრცეშიც შეიძლება განიხილებოდეს ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაცია ორჯერადად აქვთ ჩატარებული“, - აღნიშნა ივანე ჩხაიაძემ.

ივანე ჩხაიძე ეპიდვითარებაზე: თუ 1500-დან სტაბილურად ჩამოვედით 1200-1000-ზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გვქონდა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე კვირა გადამწყვეტია ეპიდვითარების თვალსაზრისით. ამის შესახებ ის Europetime-ს ესაუბრა. „თუ ჩვენ 1500-დან ჩამოვედით 1200-1000-ზე და ასე შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გვქონდა. პიკი იყო 5 მაისს, როდესაც 2100 ინფიცირებული გვყავდა. სწორედ ამ რიცხვიდან ორი კვირა არის მნიშვნელოვანი. თუ სტაბილურად შემცირებისკენ წავალთ ამ კვირიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ წარმატებით დასძლია მესამე ტალღა. ახლა 15000 აქტიური შემთხვევა გვაქვს, მეორე ტალღის დროს - 31 000 გვქონდა. გარდაცვალების მაჩვენებელი ორი კვირის დაგვიანებით პასუხობს ინფიცირების მაჩვენებელს. მაისის დასაწყისში გვქონდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ორი კვირის შემდეგ ვიღებთ გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი მძიმედ დაინფიცირდა, ლეტალობა ინფიცირებიდან ორი კვირის შემდეგ დგება. ამიტომ ვამბობ, ინფიცირების პიკი და გარდაცვალების მაჩვენებელი ამ კვირაში გვექნება სავარაუდოდ მაღალი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 071 ადამაინს დაუდასტურდა, 680 გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გუშინ 1 064 შემთხვევა დადასტურდა, 1 135 გამოჯანმრთელდა, 29 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მდინარე მტკვარში 60 წლამდე კაცს ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, სოფელ მეტეხის მკვიდრს ეძებენ. როგორც თანასოფლელები ამბობენ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 50 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი, 3 მცურავი საშუალება და დრონია ჩართული. სოფლის მცხოვრებლებმა და მაშველებმა მისი ძებნა გუშინვე დაიწყეს, მაგრამ უშედეგოდ. ძებნის ოპერაცია დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

გადაადგილების შეზღუდვის სრულად გაუქმებაზე ჯერ საუბარი არ უნდა იყოს - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ გადადგილების შეზღუდვის გაუქმება ჯერ ადრეა. Europetime-თან ინტერვიუში, ივანე ჩხაიძე შარშანდელ გამოცდილებას იხსენებს. „შარშან ნოემბერში მკვეთრი მატება მივიღეთ შემთხვევების, ეს მწარე გამოცდილება გვაქვს და მისი გამორიცხვა არაფრით შეიძლება. კომენდანტის საათი აუცილებლად უნდა დარჩეს. მისი ორი საათით გადაწევა პირველი ნაბიჯია, თუმცა სრულად გაუქმებაზე ჯერ საუბარი არ უნდა იყოს, ვინაიდან ინფექცია სწორედ შეხვედრებზე ვრცელდება, მათ შორის, საყოფაცხოვრებო კონტაქტის და კვების დროს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

უნდა გაორმაგდეს იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება - ივანე ჩხაიძე

„კოლექტიური, პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყანას უნდა შეეძლოს დიდი ვაქცინების შეთავაზება. მილიონობით ვაქცინა გვჭირდება მასობრივი იმუნიზაციისთვის“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში. „დღეს შეზღუდვა გვაქვს როგორც ასაკობრივი, ასევე რაოდენობრივი. ამიტომ, დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა. მაგრამ თუ ჩვენ გვექნება ზაფხულში ეს რაოდენობა, ყოველდღიურად 15 000 ადამიანამდე უნდა აიცრას. ეს ნიშნავს, რომ ორ თვეში ავცრით ერთ მილიონ მოსახლეობას. დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ, მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. უნდა გაორმაგდეს იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. ეს საკითხი განხილულია, ძალიან დიდი მარაგი გვაქვს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სახით, რადგან ბავშვების ვაქცინაცია ამ რგოლში ტარდება და ეს ექიმები სრულიად მზად არიან. მათი გამოყენება მასიური ვაქცინაციის დროს გადამწყვეტი იქნება, რომ 60%-იან ზღვარს მივაღწიოთ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხული უკეთ ჩაივლის, თუმცა იმის თქმა, რომ ზაფხულში კორონავირუსი აღარ იქნება, არასწორია - ივანე ჩხაიძე

„მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხული უკეთ ჩაივლის, თუმცა იმის თქმა, რომ ზაფხულში კორონავირუსი აღარ იქნება, არასწორია“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში. „შარშან გვქონდა მოლოდინი, რომ კორონავირუსის გავრცელება, ისევე როგორც,სხვა რესპირატორული ინფექციების, შემცირდებოდა. ეს არ აღმოჩნდა მართალი და შემთხვევების მატება სწორედ აგვისტო-სექტემბერში დაგვეწყო მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ასე რომ, ზაფხული ისეთივე საშიშროების მომტანია ჩვენთვის, როგორც ზამთარი. ერთადერთი პლუსია, რომ ზაფხულში უფრო მეტი ადამიანია ღია სივრცეში, რაც ვირუსის გავრცელების ალბათობას ამცირებს. მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხული უკეთ ჩაივლის, თუმცა იმის თქმა, რომ ზაფხულში კორონავირუსი აღარ იქნება, არასწორია. ბევრმა ქვეყანამ პიკი სწორედ ამ პერიოდში გადაიარა“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

სტომატოლოგიურ კლინიკებში სავარაუდოდ არარეგისტრირებული საანესთეზიო აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში აზოტის ქვეჟანგის, ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენება იმ ექიმ-სტომატოლოგებისგან ხდებოდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ. გარდა ამისა, აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის. ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა. უკანონო საექიმო საქმიანობისთვის კი ოთხი სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს. „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, შესწავლილ იქნა სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისას, სედაციის მიზნით, ფარმაცევტული პროდუქტის – აზოტის ქვეჟანგის გამოყენების და აგრეთვე, სავარაუდო უკანონო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტები. დარღვევა გამოვლინდა ორ სტომატოლოგიურ დაწესებულებაში. ორივე დაწესებულება იყენებდა არარეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტს. გარდა ამისა, ორი დაწესებულებიდან ერთ-ერთში ინჰალაციურ ანესთეზიას არ ახორციელებდნენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და შესაბამისად, გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობა. აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამისი ოქმები გადაგზავნილია სასამართლოში. გარდა ამისა, უკანონო საექიმო საქმიანობისთვის, სტომატოლოგების საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს“, - აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, გავიგო, რას აპირებს გიორგი გახარია

„მინდა, გავიგო, რას აპირებს გიორგი გახარია, მინდა, გავიგო, მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ მის ქმედებებს მიეცემა შესაბამისი განმარტება. „ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ გიორგი გახარია: ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა

ნიკა მელია: პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მივიღებთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიას პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პოზიცია თვის ბოლოს ექნება ჩამოყალიბებული. ამის შესახებ მან უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მელია მიიჩნევს, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც საპატიმროს დატოვების შემდეგ არ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით: "გათავისუფლების დღიდან ყველასთვის ცნობილია, ვთქვი, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო შეიძლება იყოს ორი კვირა, შეიძლება, ოცი დღე. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. პირველ რიგში, პატივისცემის ღირსი არის ყველა ჯგუფი, ვინც ბლოკი "ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში არის გაერთიანებული. სამი თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე სამ დღეში ან მეორე დღესვე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას. ეს რომ გამეკეთებინა, მერწმუნეთ, ძალიან გაუმართლებელი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც ციხეში ყოფნის დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება თუ არგაგრძელებასთან დაკავშირებით. მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც, ამისთვის გამოვიყენე… მე ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად გვექნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია", - განაცხადა ნიკა მელიამ. როგორც მელიამ განმარტა, მნიშვნელოვანი იყო მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო ურთიერთგაგება. მისი თქმით, ის და სააკაშვილი ყველა ფუნდამენტურ საკითხზე თანხმდებიან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ უკვე დღეიდან, 22 მაისიდან დაიწყებს შეხვედრებს პარტიის წევრებთან და ასევე გეგმავს რეგიონებში ვიზიტსაც.

არ აკოცოთ ქათმებს - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) მოსახლეობას მოუწოდებს, სალმონელას ინფექციის აფეთქების ფონზე, თავი შეიკავონ ცოცხალი ფრინველის კოცნისგან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. CDC და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები სალმონელას ინფექციის გავრცელებას მას შემდეგ იკვლევენ, რაც 433 ქვეყანაში 163 ადამიანი დაავადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციის ყველა შემთხვევა ფრინველთან კონტაქტს უკავშირდება. "არ აკოცოთ და არ მოეფეროთ ფრინველებს, რადგან ამან შეიძლება თქვენს პირში მიკრობები გაავრცელოს და ავად გახდეთ”, - განაცხადა ჯანმრთელობის სააგენტომ. სააგენტოს განცხადებით, ნებისმიერ ფრინველს, ისევე როგორც ქათამს და იხვს, შეუძლია სალმონელას მიკრობები გადაიტანოს, მაშინაც კი, თუ ისინი ჯანმრთელად და სუფთად გამოიყურებიან. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, დიარეა, კუჭის ტკივილი და პირღებინება.

გერმანია ბრიტანეთიდან ტურისტების მიღებას კრძალავს

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, გერმანია ბრიტანეთიდან ტურისტების მიღებას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, გერმანიამ გაერთიანებულ სამეფოს კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტების გავრცელების ტერიტორიის კლასიფიკაცია მიანიჭა. 23 მაისიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩრდილოეთ ირლანდიიდან გერმანიაში გამგზავრება მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებსა და რეზიდენტობის უფლების მქონე პირებს შეეძლებათ. გარდა ამისა, გერმანიაში შესვლა შეეძლებათ მათ, ვისაც ექნებათ გადაუდებელი მიზეზი, მაგალითად გარდაეცვალა ოჯახის წევრი, ახლობელი. ამასთანავე, დიდი ბრიტანეთიდან გერმანიაში შესულმა მოქალაქეებმა ჩასვლისთანავე უნდა გაიარონ 2-კვირიანი კარანტი, მიუხედავად იმისა, ექნეთა თუ არა კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი.

Astrazeneca-ს რამდენი დოზაა ხელმისაწვდომი საქართველოში - WHO-ს განცხადება

Oxford/Astrazeneca-ს შვედურ-ბრიტანული ვაქცინის 15 000 დოზა ხელმისაწვდომია 32 სამედიცინო დაწესებულების 49 აცრის კაბინეტში, თბილისსა და რეგიონებში. ამის შესახებ WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას. „თუ ხარ 45 წლის და უფროსი ასაკის, ამ ვაქცინის აცრისთვის დარეგისტრირდი ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკე ნომერზე 1522.რეგისტრაციის ინსტრუქცია შემდეგ ბმულზეა ხელმისავწდომი. საქართველოში ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პროდუქციით 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ითაც მიმდინარეობს.

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" აქტივისტები შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქცია-მსვლელობას მართავენ

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" აქტივისტები შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ: - გაუქმდეს კომენდანტი საათი - გაიხსნას საზღვრები - გაიხსნას ყველა ბიზნესი - გაუქმდეს ჯარიმები. აღნიშნული მოთხოვნით, ისინი ეროვნული სტადიონთან შეიკრიბნენ. როგორც "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, უნდა მოიხსნას "კომენდანტის საათი", ამასთან, ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო არ იყოს.

ეკონომისტი: ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინები, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს, ერთი აშშ დოლარი დღეს 3.3056 ლარი ღირს. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.3537 ლარს შეადგენდა. 14 მაისს კი, ერთი დოლარის ფასი 3.4283 ლარი იყო. საქსტატის წინასწარი შეფასებით, ერთწლიანი ვარდნის შემდეგ, მარტში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. პირველი კვარტალის ჭრილში 4,2%-იანი კლება ფიქსირდება, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა იანვარში 11,5%-ით, ხოლო თებერვალში 5,1%-ით შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5%-ით გაზრდას ელოდებიან. ეროვნული ბანკის პროგნოზით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ის ფარგლებში გაიზრდება. საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმზე მოდის, ელჩის განცხადებით, ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს. რან გიდორმა რამდენიმე დღის წინ, Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. „2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო“, - აღნიშნა რან გიდორმა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი, მინისტრი 50%-იან ზრდასაც არ გამორიცხავს. ტურიზმის გააქტიურება ვაქცინაციის პროცესთანაც არის დაკავშირებული. 22 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში 109 395 ადამიანი აიცრა. სრულად ვაქცინირებულია 16 323 ადამიანი. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღევანდელი სტატისტიკით, წლის ბოლომდე 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ და მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. ვაქცინაციის გააქტიურების საჭიროებაზე Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილიც. _ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია რით აიხსნება? მიზეზებზე გადაჭრით საუბარი რთულია, თუმცა სავარაუდოა, რომ მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს. ასევე, ამ პოზიტიური მოლოდინების გაჩენას შეიძლება, ხელი შეუწყო კომენდანტის საათის გადაწევამ, რაც ცალსახად დადებითად აისახება როგორც ტურიზმზე, ასევე შიდა სარესტორნო ბიზნესზე და ასე შემდეგ. ტურიზმისთვის კომენდანტის საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არის ასევე გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეიძლება, რომ დადებითაც შეფასდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეა გაცხადებული, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ეხმარებიან იმაში, რომ აიცრან და თუ აიცრებიან, რეკლამირებას გააკეთებენ და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. _ვალუტის გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას უნდა ველოდოთ? პროგნოზი რთულია, რადგან ლარი თავისუფალ ცურვაზეა. ლარის კურსს მოთხოვნა-მიწოდების კანონები აყალიბებს და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება ზაფხულში ტურიზმის და ზოგადად გახსნის კუთხით. რამდენი ვალუტა შემოვა, ამაზე იქნება მათ შორის ლარის კურსი დამოკიდებული. _როგორ უყურებთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივას? ჯერჯერობით, პესიმისტურად, ვაქცინაციის პროცესი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო დიდი მოთხოვნა რომ გაჩნდა, ვიდრე ვაქცინა იყო, ამან არ უნდა მოგვატყუოს. სინამდვილეში, სიტუაცია ძალიან კრიტიკულია და რაც შეიძლება მალე გვჭირდება მასშტაბური ვაქცინაცია, თორემ სხვანაირად, გამორიცხული მგონია, ეკონომიკის მნიშვნელოვან აღდგენაზე ვისაუბროთ. _ვაქცინაციის გარდა, რამ შეიძლება ბიძგი მისცეს ეკონომიკის აღდგენას, მაგალითად გუშინ, ამერიკის ელჩმა საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოწერისას, რომელიც 5 წლის განმავლობაში 330 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას და შექმნის სამუშაო ადგილებს. დიახ, ნებისმიერი, გარედან შემოსული თანხები ეკონომიკას დაეხმარება გაჯანსაღებაში, ეს ცალსახად პოზიტიური ამბავია. უბრალოდ, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი და ისევ ვაქცინაციას ვუბრუნდებით. ვაქცინაციის დონის მნიშვნელოვნად ზრდის გარეშე არაფერი არ არის შესაძლებელი. ერთია, ფორმალურად გავხსნათ საზღვრები, მაგრამ თუ ვაქცინირებული ადამიანი არ გვეყოლება, ტურისტი თავს შეიკავებს, არ ჩამოვა. მხოლოდ ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროების თუ რესტორნების თანამშრომლები რომ აიცრან, კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ტურისტი მხოლოდ მათთან არ დადის და შესაძლოა, თავი შეიკავოს ჩამოსვლისგან. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიზეზი არის პანდემია. უბრალოდ, მთავარია, როგორ ხვდებიან და მართავენ მას კონკრეტული მთავრობები. ჩვენ მივიღეთ უმკაცრესი ზომები, უზარმაზარი პერიოდით, 6 თვით კომენდანტის საათი კატასტროფაა. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ღარიბია და ეკონომიკა სუსტია, ასეთ ზომებს ვერ უძლებს. არის არგუმენტები, რომ ევროპაშიც მკაცრი შეზღუდვებია, თუმცა ამას შეიძლება ევროპის ქვეყნების ეკონომიკებმა გაუძლოს, თუმცა ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

ხატია დეკანოიძე: პარლამენტში შესვლის საკითხზე, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო რამდენიმე დღეში იმსჯელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ის მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდეს. „მესმის, რომ საზოგადოება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ელოდება. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სამომავლო გეგმები და სტრატეგია, რადგან ეს მხოლოდ შესვლა/არ შესვლაზე კიარ აისახება, არამედ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია რეჟიმის დამარცხებაში. მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. რეგიონებში გასვლა და ჩვენს აქტივთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პოზიცია საზოგადოებამ იცის, მე ძალიან მკვეთრი პოზიცია მაქვს. ვფიქრობ, ეს ბერკეტი გამოსაყენებელია. ვესაუბრებით ცალკეულ ჯგუფებს და გადაწყვეტილების მიღებაში ამ ადამიანების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. პარტიის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით დაახლოებით რამდენიმე დღეში პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კახა კუჭავა: მთავარი გზავნილი ბრიუსელიდან არის, საქართველო ევროკავშირში

"ბრიუსელში მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ მივიღეთ - საქართველო ევროკავშირში, აქ საკითხი დგას უბრალოდ, რამდენად მალე მოხდება ეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „იმედის“ ეთერში, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას. „ჩემთვის სასიამოვნო იყო ევროპარლამენტარების არა მხოლოდ განცხადებების, არამედ ემოციების მოსმენა, როდესაც საუბრობდნენ, რომ ელოდებიან საქართველოს ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ვსაუბრობდით იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ამ სამ-ნახევარ წელიწადში იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საბოლოო შედეგამდე მისვლა. არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ემოციურადაც ძალიან იგრძნობოდა მათი მხრიდან. ისინი მიესალმებიან პროგრესს, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ. ისინი ნამდვილად წუხდნენ იმ პროცესზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა. მათ არ უნდოდათ ეხილათ პოლიტიკური ჩიხი და სურდათ მალე გადაჭრილიყო ეს საკითხი. ხაზს უსვამდნენ შარლ მიშელის პირად ჩართულობას ამ პროცესში, რომელიც ხაზს უსვამს მაღალი ინტერესს საქართველოს მიმართ. საქართველო რეფორმების პროგრესულობის, დასავლურობის, დემოკრატიულობის მაგალითს წარმოადგენს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი ნახონ და შეფერხებები არ იყოს. ბევრი ვისაუბრეთ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე, სხვა ამბიციურ რეფორმებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელსაც ჩვენ უკვე ვეძახით – ევროპულ დღის წესრიგს, და ასევე ვისაუბრეთ საბოლოო განაცხადის შეტანაზე 2024 წელს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

თბილისში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი იხსენება

თბილისში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი იხსენება. დათო დოიაშვილის დასი, ახალ შენობაში, მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. თეატრი დასის სავიზიტო ბარათით "მაკბეტით" გაიხსნება. შემდეგ ვოდევილები "გაყრა" და "შეყრა", ბოლოს კი ახალ თეატრში მაყურებელი პრემიერას - ჩეხოვის "თოლიას" იხილავს. თეატრი 5 ივნისს გაიხსნება. ახალი დარბაზი 450-მდე მაყურებელს დაიტევს.

საქართველოს საელჩო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, იტალიაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. „ძვირფასო მოქალაქენო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიგეგმა სპეციალური აქცია. აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის 24 მაისიდან – 2021 წლის 07 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის და/ან ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, ერთჯერადად გათავისუფლდებიან: პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად; ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50%-ით. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აქციის პირობებს პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ, პირობას: არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პირველადი დოკუმენტის გაცემა); ფლობს პირადობის არაელექტრონულ (ძველი ტიპის) მოწმობას (თუნდაც მოქმედს); მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე,; ბიომეტრიულ პასპორტს, 50% შეღავათით (60,82 ევრო) მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ, პირობას: არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს),; მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე. გისურვებთ წარმატებებს!“ – აღნიშნულია საელჩოს მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში.