ძებნის რეზულტატი:
მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს
მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება" ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. ბელარუსული ტელეგრამ-არხის „პულ პერვოგოს“ ცნობით, პრეზიდენტის განკარგულებით, თვითმფრინავის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. აღსანიშნავია, რომ რადარის მონაცემებით, თვითმფრინავი უკვე ლიეტუვის საზღვართან იმყოფებოდა, თუმცა ის მინსკისკენ მოაბრუნეს. თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რატომ შეიცვალა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალმა Ryanair-ის თვითმფრინავმა მიმართულება - BBC-ის სტატია
თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, ბელარუსში დაჯდა, რომ ბორტზე მყოფი ბელარუსელი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ. ამის შესახებ BBC ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. მედიაკომპანია Nexta-ს განცხადებით, დაკავებულია მათი ყოფილი რედაქტორი რომან პრატასევიჩი. ბელარუსის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ თვითმფრინავმა ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო შეიცვალა მიმართულება, ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ბორტზე არ აღმოჩნდა. ევროპული ქვეყნები მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა უკვე მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. ბორტზე 171 ადამიანი იმყოფებოდა. Ryanair- მა განაცხადა, რომ ეკიპაჟს ბელარუსმა (საჰაერო მოძრაობის კონტროლი) აცნობა ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ და დაავალა უახლოესი აეროპორტის, მინსკის მიმართულებით გადამისამართება". BBC წერს, რომ თვითმფრინავი ვებგვერდ flightradar124-ის მიხედვით, ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ბელარუსთან. Ryanair– მა განმარტა, რომ მინსკში ჩატარებულმა შემოწმებამ საფრთხე ვერ აღმოაჩინა და თვითმფრინავი დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ ადგილზე დაბრუნდა. რაიანერის განცხადებაში პროტასევიჩი არ არის ნახსენები. Nexta იყო პირველი, რომელმაც ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისმა რედაქტორმა ერთ-ერთი მგზავრის სიტყვები გამოაქვეყნა Twitter-ზე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი თავად გაეცნო მგზავრებს და თქვა, რომ მას მოკლავდნენ. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ლუკაშენკომ პირადად გასცა ბრძანება თვითმფრინავის მინსკში ჩაფრენის შესახებ, რადგან ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არსებობდა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა განაცხადა, რომ ბელარუსის მოქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რეაგირება უნდა იყოს მტკიცე და ეფექტური. შეშფოთება გამოხატეს საბერძნეთმა და საფრანგეთმაც. პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ კი თქვა, რომ „სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება არის სახელმწიფო ტერორიზმის უპრეცედენტო ქმედება, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება“. გაეროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ICAO- მ, განაცხადა, რომ შეშფოთებულია „აშკარა იძულებითი დაშვებით”, რომელიც შეიძლება „ეწინააღმდეგებოდეს ჩიკაგოს კონვენციას”, რომელიც ადგენს საჰაერო სივრცისა და თვითმფრინავების უსაფრთხოების წესებს. Nexta არის მედია, რომელიც ოპერირებს Telegram არხთან და ხელმისაწვდომია Twitter- სა და YouTube- ზე. BBC წერს, რომ ამ მედიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბელარუსის ოპოზიციისთვის არჩევნების დროს. პოლიტიკოსის და აქტივისტის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, 26 წლის პროტასევიჩმა ბელარუსი 2019 წელს დატოვა და Nexta– ს საშუალებით გააშუქა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ ბელარუსში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მისივე თქმით, ჟურნალისტს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, რადგან მას ტერორიზმში ადანაშაულებენ.
დღეიდან Sinovac-ით ვაქცინაცია იწყება
Sinovac-ის ვაქცინით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი საქართველოში დღეიდან იწყება. ქვეყანაში ამ დროისთვის Sinovac-ის ვაქცინის 100 ათასი დოზაა. Sinovac-ის ვაქცინით აცრისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყო. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სპეციალურ პორტალზე, ასევე ტელეფონის ნომერზე 15 22. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ,Sinovac-ის ვაქცინა,Sinopharm“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა Sinovac-ის“ ვაქცინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, Sinovac-ის ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization (SAGE) მიერ.
მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. როგორც ცნობილია, საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება. ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება
საქართველოს საგარეო უწყება: ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია „ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია“, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას უკავშირდება. „ჩვენ მივესალმებით Ryanair-ის რეისის უსაფრთხო დაშვებას თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე - ვილნიუსში და მოხარული ვართ ბორტზე მყოფ ხალხთან დაკავშირებით. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია“, - ნათქვამია Tweeter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა. რატომ შეიცვალა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალმა Ryanair-ის თვითმფრინავმა მიმართულება - BBC-ის სტატია მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს
მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს. „მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA). 2021 წლის 21 იანვრიდან მარიამ ქვრივიშვილი პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო 2021 წლის 18 თებერვლიდან - საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის სამეფოს, ლიბანის რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, პოლონეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, საუდის არაბეთის სამეფოს, საფრანგეთის რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია. საქართველოს პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო. 2010 - 2012 წლებში ქვრივიშვილი „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. მარიამ ქვრივიშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School) მაგისტრატურის კანდიდატი, ასევე დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი (მარკეტინგის განხრით) და ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი კალიფორნიაში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley). კერძო სექტორში მისი სამუშაო გამოცდილებიდან განსაკუთრებული წარმატებით შეიძლება აღინიშნოს ავიაკომპანიების - Flynas-ისა დ Salam Air-ის საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის გახსნის პროექტების ინიცირება და მართვა, ასევე ავიაკომპანიების - Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარმომადგენლობების საქართველოში გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებების გახსნა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მარიამ ქვრივიშვილს მიღებული აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ჯილდო „საქართველოს ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა
ქვევრი პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვევრის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის დამადასტურებელი მოწმობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ გადასცა. „ქართული ქვევრის ღვინო, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც ყურადღებას კიდევ უფრო ზრდის; სწორედ ამიტომ, ქვევრს, როგორც პროდუქტს, რომელიც ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს, მეტი ყურადღება სჭირდება. UNESCO-ს აღიარებამ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა. სახელმწიფოს მხრიდან ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ გააკეთა. სამინისტრომ იმუშავა და შექმნა ქვევრის სტანდარტი, სადაც გათვალისწინებულია ის ისტორიული მეხსიერება და მემკვიდრეობა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქპატენტთან და ქვევრი, როგორც არასასურსათო პროდუქტი პირველია საქართველოში, რომელსაც გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი გააჩნია. ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარეგისტრაციო მონაცემებში დეტალურად გაწერა ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის ფორმა, აღწერილობა, ზომები და მოცულობა, დასამზადებელი ნედლეული, დამზადების ტექნოლოგია და სხვა მახასიათებლები. აღნიშნული სპეციფიკაციების დაცვა ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. „გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს კიდევ ერთი დასახელება შეემატა ქვევრის სახით, როგორც თიხის საღვინე ჭურჭელი. რეგისტრაციის პროცედურა მინისტრის ინიციატივით განხორციელდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო. რეგისტრაცია გასულ წელს დაიწყო და ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა“, - განაცხადა მინდია დავითაძემ. ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება ეროვნულ საღვინე ჭურჭელს - ქვევრს უკავშირდება. ქვევრის დამზადება ქართველი ხალხის ინტელექტის ნაყოფს წარმოადგენს. ქვევრის ღვინოს დღეს თითქმის ყველა ქართული ღვინის კომპანია აწარმოებს, წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტში მისი წილი. ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სხვა ქვეყნებში აწარმოებენ.
UNICEF-ი: ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე გადაუდებელი ზომების გარეშე მსოფლიოს გაუთვალისწინებელი ფასის გადახდა მოუწევს
გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს COVID-19-ის ვაქცინების განაწილების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ტექსტი Unicef-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე გადაუდებელი ზომების გარეშე, მთელ მსოფლიოში ოჯახებს პანდემიის გაუთვალისწინებელი ფასის გადახდა მოუწევს. G7 სამიტის წინ, გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, COVID19-ის ვაქცინების დოზების გადაჭარბებული დოზების შეძლებისდაგვარად განაწილებისკენ მოუწოდებს. „დიდი შვიდეულის“ სამიტი 2021 წელს დიდ ბრიტანეთში, 11-13 ივნისს გაიმართება. დიდმა ბრიტანეთმა წელს სამიტის თავმჯდომარეობა შეერთებული შტატებისგან გადმოიბარა. პრემიერ-მინისტრ ჯონსონის პრესსამსახური იტყობინება, რომ ბრიტანეთი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა კორონავირუსის წინააღდეგ საბრძოლველად, პანდემიის შემდეგ მსოფლიოს აღსადგენად და უფრო პერსპექტიული, მწვანე მომავლის შესაქმნელად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები გააერთიანოს. დიდი შვიდეული არის შვიდი ქვეყნის არაფორმალური გაერთიანება, რომელიც ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.
COVID19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების საფრთხე და ვაქცინების ეფექტურობა - WHO-ს საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტება
COVID-19-ის ვარიანტები და მათი მნიშვნელობა ქვეყნებისა და ადამიანებისათვის - ამ საკითხებსა და მათთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ კითხვებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი პასუხობს. ინტერვიუს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს. რატომ იცვლება ვირუსები? პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ყველა ვირუსი, მათ შორის COVID-19 ის ვირუსიც, იცვლება დროთა განმავლობაში და ეს ბუნებრივი ფენომენია. მიუხედავად ამისა, ახალი ვარიანტები კვლავ წარმოადგენენ პანდემიაზე ჩვენი რეაგირებისათვის გამოწვევას. როდესაც ვირუსი მრავლდება ან გავრცელებისას ქმნის საკუთარი თავის ასლებს, ვირუსის გენომი (ორგანიზმისთვის გაცემული გენეტიკური ინსტრუქციების ნაკრები) ხშირად მცირედ იცვლება. ამ ცვლილებებს მუტაციებს ვუწოდებთ და ჩვეულებრივ ისინი უმნიშვნელოა. ვირუსს ერთი ან მეტი ახალი მუტაციით ვუწოდებთ ვირუსის საწყის ვარიანტს. რაც უფრო მეტად ცირკულირებს ვირუსი, მით მეტად იზრდება მისი ცვლილების ალბათობა. ამ ცვლილებების შედეგად ზოგჯერ შეიძლება ისეთი ვარიანტი წარმოიშვას, რომელიც უკეთ ადაპტირებულია მის გარემოსთან, ვიდრე საწყისი ვირუსი. ასეთი ცვლილების და წარმატებული ვარიანტების სელექციის პროცესს ვუწოდებთ ვირუსის ევოლუციას. რატომ იწვევს COVID-19-ის ზოგიერთი ვარიანტი მეტ ყურადღებას, ვიდრე დანარჩენები? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან SARS-CoV-2 (COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი) ცვლილებებს 2020 წლის იანვრის შემდეგ. ცვლილებების უმრავლესობას არ აქვს, ან ძალიან მცირე გავლენა აქვს ვირუსის თვისებებზე; ამავე დროს, ცნობილია რომ ზოგიერთი ახდენს გავლენას გადაცემაზე (მაგალითად, ვირუსი შეიძლება უფრო მარტივად ვრცელდებოდეს) ან სიმძიმეზე (მაგალითად, იგი შეიძლება მეტად მძიმე დაავადებას იწვევდეს). შექმნილია სისტემები განსაკუთრებულად საყურადღებო პოტენციური ვარიანტების განსხვავებული სიგნალების აღმოსაჩენად და მათ შესაფასებლად იმ რისკის მიხედვით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ჯანმო აკვირდება ამ ვარიანტებს მთელ მსოფლიოში. რომელია ამ მომენტისთვის ყველაზე საყურადღებო ვარიანტები და სად ხდება მათი გავრცელება? ამჟამად ოთხი (4) ძირითადი ვარიანტია, რომელთა აღმოჩენა და მათზე შემდგომი დაკვირვება ხდება მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქვეყანაში და რეგიონში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში ცირკულირებადი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია SARS-CoV-2 B.1.1.7. ეს ვარიანტი პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოჩნდა, ხოლო ახლა იგი ფართოდ გავრცელდა რეგიონის მრავალ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც. კიდევ მნიშვნელოვანი ვარიანტია აღმოჩენილი სამხრეთ აფრიკაში და ბრაზილიაში. 2021 წლის 11 მაისს, B.1.617 (თავდაპირველად ინდოეთში იდენტიფიცირებული ვარიანტი) ვირუსების ხაზი აგრეთვე დაემატა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყურადსაღები ვარიანტების კატეგორიათა რიცხვს. 2020 წლის ოქტომბერში მათი პირველი იდენტიფიცირების შემდეგ ვიღებთ ცნობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ ვარიანტების აღმოჩენის შესახებ, ყველაზე დიდი რაოდენობით კი ინდოეთში, რომელსაც გაერთიანებული სამეფო მოსდევს (სადაც B.1.617.2 დასახელდა ვარიანტად, რომელიც სახელმწიფომ საყურადღებოდ გამოაცხადა). არის ალბათობა, რომ უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდება? ეს შეშფოთებას იწვევს? COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება; თუმცა, შესაძლებელია ვიხილოთ ისეთი მომდევნო ვარიანტები, რომლებიც მეტად გადამდები იქნება ან მეტად მძიმე დაავადებას გამოიწვევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის პარტნიორებს დახვეწილი დაკვირვების სისტემები აქვთ ახალი ვარიანტების იდენტიფიცირებისათვის, მათ გავრცელებაზე დასაკვირვებლად და სიმძიმის შესაფასებლად. ზუსტად როგორ ხდება ახალი ვარიანტების იდენტიფიცირება და მათზე დაკვირვება? ეპიდემიის დაწყების შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობს საექსპერტო ლაბორატორიების ქსელთან მსოფლიო მასშტაბით ტესტირებისა და COVID-19 ვირუსის უკეთ შესწავლის მხარდასაჭერად. კვლევითმა ჯგუფებმა მოახდინეს ვირუსის ვარიანტების სეკვენირება, რაც ნიშნავს, რომ მათ „წაიკითხეს“ გენომის შემადგენელი გენეტიკური კოდი, და გააზიარეს იგი საჯარო მონაცემთა ბაზებში, მათ შორის „GISAID ინიციატივის“ მეშვეობით. ასეთი გლობალური თანამშრომლობა მეცნიერებს საშუალებას აძლევთ მიიღონ წვდომა გლობალურ მონაცემებზე ვირუსსა და მის ცვლილებებზე უკეთ დაკვირვებისათვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის SARS-CoV-2-ის გლობალური ლაბორატორიების ქსელი მოიცავს „ვირუსის ევოლუციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს,“ რომლის მიზანია ახალი მუტაციების სწრაფი აღმოჩენა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მათი გავლენის შეფასება. მრავალი ქვეყანა აგრეთვე დამოუკიდებლად ატარებს COVID-19-ის ვარიანტების სეკვენირებას და ახდენს ამ მონაცემების გაზიარებას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, რაც ხელს უწყობს გლობალურ დაკვირვებას და რეაგირებას. ხომ არ ახდენს ვირუსის ცვლილება გავლენას ვაქცინების ქმედითობაზე? მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის პროგრამებში ამჟამად გამოყენებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სულ მცირე, გარკვეულ დაცვას შექმნიან ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ, რადგან ყველა ეს ვაქცინა გათვლილია ფართო იმუნურ პასუხზე. თუ დადგინდა, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან მეტი ვარიანტის წინააღმდეგ, შესაძლებელი იქნება ვაქცინის შემადგენლობის ცვლილება ამ ვარიანტებისგან დასაცავად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს თანამშრომლობას მკვლევრებთან, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებთან და მეცნიერებთან, რომ დაადგინოს, როგორ ზემოქმედებენ ეს ვარიანტები ვირუსის ქცევაზე, მათ შორის როგორია მათი გავლენა ვაქცინების ეფექტურობაზე. ხომ არ იქონიებს ზეგავლენას ახალი ვარიანტების გავრცელება „ლოკდაუნის“ შემსუბუქებასა და საზოგადოებების ხელახლა გახსნაზე? ვარიანტები - გავრცელებული ფენომენია და თავისთავად საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა ეს შეიძლება საშიშიც გახდეს, თუ შეცვლის ვირუსის ქცევას. ამდენად, საჭიროა ასეთ განვითარებაზე მონიტორინგი და მოსახლეობაში ვარიანტების პროგრესზე დაკვირვება მათ შესაკავებლად და გასაკონტროლებლად ყველაზე სათანადო ნაბიჯების გადადგმით. ეს მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს მათი კონტროლიდან გასვლა. ეს არ ნიშნავს აუცილებლად შემდგომ „ლოკდაუნს,“ თუმცა ესეც არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ეს ერთ-ერთია ინსტრუმენტთა კომპლექტში საზოგადოებაში ვირუსის გავრცელებასთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული წუხილის გამოწვევი ვარიანტი დაკავშირებულია გადაცემის ზრდასთან. უნდა ვიმოგზაუროთ უცხოეთში სხვადასხვა ვარიანტის ცირკულირების პირობებში? ჩვენ კვლავ პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, COVID-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით, წუხილის გამომწვევი რიგი ვარიანტის პირობებში და ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილით კვლავ ვაქცინაციის გარეშე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ უწევს რეკომენდაციას მგზავრობას მხოლოდ არსებითი საჭიროების მიზეზით, როგორიცაა საგანგებო ვითარება, ჰუმანიტარული მოქმედება, არსებითად საჭირო პერსონალის გადაადგილება და ზოგიერთ სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული პირები. დაავადების მქონე და რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმა და მძიმე ქრონიკული ან თანმდევი დაავადებების მქონე პირებმა თავი უნდა შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში მგზავრობისგან, სადაც ცნობილია დაავადების საზოგადოებაში გავრცელების შესახებ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ თავი COVID-19-ის ვარიანტით ინფიცირებისგან? პანდემია არ დასრულდება, ვიდრე ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში არ წარიმართება. ვაქცინაცია მიმდინარეობს და ამ პერიოდში უნდა შევამციროთ ვირუსის გავრცელების შანსი, შევამციროთ ვირუსით ჩვენი დაინფიცირების რისკი და ვირუსით სხვების დაინფიცირების რისკი. ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ადამიანებმა უნდა დაიცვან რეკომენდებული ზომები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალურ ზომებს. ეს გულისხმობს ხელის ხშირად დაბანას, ნიღბის ტარებას, სულ მცირე ერთმეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვას, ჰაერის კარგ განიავებას და ხალხმრავალ ადგილებში ან ჩაკეტილ სივრცეებში სტუმრობისგან თავის შეკავებას. ეს ზომები კარგად მუშაობს ყველა ვარიანტის წინააღმდეგ, ამცირებს ვირუსის გადაცემას და ვირუსის შემდგომი მუტაციის შანსებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისარგებლონ მათთვის შეთავაზებული ვაქცინით, როცა რიგი მოუწევთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მოსალოდნელია, რომ ვირუსის ცირკულირება შემცირდება, რაც ასევე გამოიწვევს მუტაციების შემცირებას. როგორია ქვეყნებისადმი ჯანმოს რეკომენდაცია ვირუსის ცვლილებასთან დაკავშირებით? ქვეყნებში უნდა გაიზარდოს SARS-CoV-2-ის ვარიანტების სეკვენირება და მოხდეს შედეგების წარმოდგენა, რომ გაიზარდოს ჩვენ მიერ მათი გაგება ეფექტური პასუხის შესამუშავებლად. ჯანმო მოუწოდებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან და სოციალურ ზომებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი აპრობირებული ზომების გაგრძელებისა და გაორმაგებისკენ, ქვეყნებთან მიმართებით ეს აგრეთვე მოიცავს შემთხვევების ტესტირებას, იზოლირებასა და მკურნალობას, კონტაქტების გამოვლენას და შემთხვევების კონტაქტების კარანტინში მოთავსებას. მართალია, გადაცემის მაჩვენებლები ამჟამად კვლავ მაღალია, მაგრამ მთლიანობაში ვხედავთ COVID-19-ის შემთხვევების კლებას ევროპის რეგიონში. თუმცა, ეს უკვე გავიარეთ: როდესაც მრუდი სწორდება, ნაადრევია სიფხიზლის უგულვებელყოფა, პირიქით, საჭიროა მისი ხარისხის ზრდა, რომ არ მოგვიწიოს „ლოკდაუნის“ პირობებში დაბრუნება. თვითკმაყოფილება ამ მხრივ არ არის ჩვენი მეგობარი.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 388 ადამიანს დაუდასტურდა, 1 357 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 598 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 503 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 961-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.19%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 319 956-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 639 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 12, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც: 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 268, აჭარაში - 461, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 414, აჭარაში - 110, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 12, იმერეთში - 16. 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 33. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 758 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 404 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 343 პირი, აჭარაში - 1 786, იმერეთში - 1 586.
WHO-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი - COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. ,,COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება; თუმცა, შესაძლებელია ვიხილოთ ისეთი მომდევნო ვარიანტები, რომლებიც მეტად გადამდები იქნება ან მეტად მძიმე დაავადებას გამოიწვევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის პარტნიორებს დახვეწილი დაკვირვების სისტემები აქვთ ახალი ვარიანტების იდენტიფიცირებისათვის, მათ გავრცელებაზე დასაკვირვებლად და სიმძიმის შესაფასებლად", - განაცხადა პიბოდიმ. COVID19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების საფრთხე და ვაქცინების ეფექტურობა - WHO-ს საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტება
რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს - კახა კალაძე
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები სწორად იყოს გამოყენებული. ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციაზე კომენტირებისას. კახა კალაძის თქმით, ეს პროექტი მისი მინისტრობის დროს რომ ყოფილიყო, უკვე აშენებული იქნებოდა. „რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები სწორად იყოს გამოყენებული. ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისში ნამახვანჰესთან დაკავშირებული აქციის ორგანიზატორებმა გუშინ განაცხადეს, რომ დღეს, 12:00 საათამდე მათი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ. ,,ნამახვანჰესის" მოწინააღდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვებიც გაშალეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი
„თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს, დეტალურად გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება დანარჩენ ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნამახვანჰესს შეეხებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა და ეს მზაობა იყო, არის და იქნება. მისივე თქმით, მთავრობამ მოიწვია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს. „ჩემი პოზიცია არის შემდეგი - ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ეს მზაობა იყო, არის და იქნება. გაგრძელდება ეს მზაობა ჩვენი მხრიდან. ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე და გუბერნატორი, მთელი სამინისტროები ჩართულები იყვნენ და არიან. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს, ასევე მე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა, აღნიშნული პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან, აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს. კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს, დეტალურად გავერკვიო, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება დანარჩენ ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი და ჩვენ კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ კარგად მოგეხსენებათ, მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, დავკარგეთ მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ, სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. თბილისში ნამახვანჰესთან დაკავშირებული აქციის ორგანიზატორებმა გუშინ განაცხადეს, რომ დღეს, 12:00 საათამდე მათი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ. ,,ნამახვანჰესის" მოწინააღდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვებიც გაშალეს.
პანდემიის ფონზე, რეკომენდებულია თუ არა საერთაშორისო მოგზაურობა? - ჯანმოს წარმომადგენლის განმარტება
ჯანმო კვლავ უწევს რეკომენდაციას, რომ საერთაშორისო მგზავრობა მხოლოდ არსებითი საჭიროებები მიზეზით განხორციელდეს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რიჩარდ პიბოდიმ განაცხადა. ჯანმოს წარმომადგენელის თქმით, საერთაშორისო მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ დაავადების მქონე და რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმა და მძიმე ქრონიკული ან თანმდევი დაავადებების მქონე პირებმა . ,,ჩვენ კვლავ პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, COVID-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით, წუხილის გამომწვევი რიგი ვარიანტის პირობებში და ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილით კვლავ ვაქცინაციის გარეშე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ უწევს რეკომენდაციას მგზავრობას მხოლოდ არსებითი საჭიროების მიზეზით, როგორიცაა საგანგებო ვითარება, ჰუმანიტარული მოქმედება, არსებითად საჭირო პერსონალის გადაადგილება და ზოგიერთ სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული პირები. დაავადების მქონე და რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმა და მძიმე ქრონიკული ან თანმდევი დაავადებების მქონე პირებმა თავი უნდა შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში მგზავრობისგან, სადაც ცნობილია დაავადების საზოგადოებაში გავრცელების შესახებ", - განაცხადა პიბოდიმ. COVID19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების საფრთხე და ვაქცინების ეფექტურობა - WHO-ს საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტება WHO-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი - COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება
პოლიციამ 43 ადამიანი, მათ შორის 23:00 სთ-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის დამრღვევები დააჯარიმა
პოლიციამ 43 ადამაინი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 872 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 183 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გადაადგილების შეზღუდვა 17 მაისს შემსუბუქდა. შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათმდე. აქამდე ეს შეზღუდვა 21:00-დან მოქმედებდა. გადაწყვეტილება დღეიდან არის ძალაში.
ბაჩანა შენგელიამ, დედის, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში ახალი განცხადება შეიტანა
ბაჩანა შენგელიამ, დედის, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში ახალი განცხადება შეიტანა. მისი თქმით, ამ უკანონობის ავტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ბაჩანა შენგელია საქმის გამოძიების განახლებას, გიორგი გახარიას გამოკითხვას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. „წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ. გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ „ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას“. 6 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა. 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. ბაჩანა შენგელია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია. სკოლის დირექტორი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს. თუმცა ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ბაჩანა შენგელია გახარიაზე: ვიდრე ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, დედაჩემის საქმეზე ის გასამართლდება
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 798-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 113 000-მა მოქალაქემ გაიარა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 337 961 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 319 956, გარდაიცვალა 4 639 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერჯერობით არ გამოვლენილა
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოჩნდა სხვა შტამები - სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და მათ შორის ინდური. ყველა ამ შტამზე დღეს დაკვირვება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR-ტექნოლოგიებით, ისე გენომის სეკვენირებით ამ შტამების იდენტიფიცირების. ინდური შტამი ლაბორატორიულად ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. როგორც კი დადგინდება და თუ ეს მოხდა, შესაბამისად, გავაკეთებთ განცხადებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ. გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში ინდური შტამის შესაძლო შემთხვევას ლუგარის ლაბორატორია იკვლევდა. კვლევის მიხედვით, Pfizer-ი და AstraZeneca კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია. მანამდე, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორმა განაცხადა, რომ ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია Covid-19-ის ყველა ცნობილი შტამის წინააღმდეგ.
ენტონი ბლინკენი: ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელებულმა ამ შოკისმომგვრელმა აქტმა საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს
მინსკში ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავებასთან და ამ მიზნით ათენი-ვილნიუსის რეისის შეცვლასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს. როგორც ბლინკენი აცხადებს, აშშ გმობს მომხდარ ფაქტს და დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „აშშ მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლას და მინსკში ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელებულმა ამ შოკისმომგვრელმა აქტმა საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა. რატომ შეიცვალა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალმა Ryanair-ის თვითმფრინავმა მიმართულება - BBC-ის სტატია მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს
ლიეტუვის პრეზიდენტი ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვს
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირს ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მან BBC- ს განუცხადა, რომ ამ ნაბიჯებმა "შეიძლება უფრო დიდი გავლენა მოახდინოს ბელარუსის რეჟიმის ქცევაზე“. ათობით ბელარუსიელ მაღალჩინოსანს მათ შორის პრეზიდენტ ლუკაშენკოს უკვე დაწესებული აქვთ ევროკავშირის სანქციები, მათ შორის არის მოგზაურობის აკრძალვები და აქტივების გაყინვა. ეს სანქციები დაწესებულია ოპონენტების რეპრესიების საპასუხოდ. დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსის ქმედებები, თვითმფრინავის მიმართულების შეცვლისა და ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრების შემდეგ დაგმეს. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ საპასუხო ზომებს, რასაც კავშირის აღმასრულებელმა ორგანიზაციამ "გატაცება" უწოდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი თქვა, რომ ეს „შოკისმომგვრელი ქმედებაა“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეშფოთება გამოთქვა მინსკში ათენი-ვილნიუსის რეისის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აუცილებელია ინციდენტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოძიება. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ, რომან პროსტასევიჩის დაკავებით, საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და ინციდენტი საერთაშორისო დონეზე უნდა გამოიძიონ. „თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირის კომპანიის მფლობელობაშია, ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის ასრულებდა რეისს და 100-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, ბელარუსული სამხედრო თვითმფრინავით აიძულეს, დაშვებულიყო. ერთ-ერთი მგზავრი, ბატონი რომან პროტასევიჩი, დამოუკიდებელი ჟურნალისტია ბელარუსიდან. ის ხელისუფლებამ დააკავა და მინსკის აეროპორტში ბორტზე მოხვედრის საშუალება არ მისცა. ეს კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მცდელობაა ბელარუსის ხელისუფლებისგან, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. მოვუწოდებთ რომან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ამ იძულებითი აქტის განხორციელებისას, ბელარუსის ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება“, - აღნიშნა ევროკომისარმა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი 24-25 მაისს, ბრიუსელში იმართება.