ძებნის რეზულტატი:

სენატორი რობ პორტმანი: საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში

„ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა თბილისი მარიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო აშშ-ის მეგობარია. „ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში. ჩვენ გვესმის, რომ უნდა გაგრძელდეს ის კურსი აშშ-ის მხრიდან, რომელიც 30 წლის წინ აირჩიეს და 30 წლის განმავლობაში ვხედავდით მის განხორციელებას, როდესაც აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენტიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს გულისხმობს ამავე დროს აშშ-ის მიერ მხარდაჭერას, რომ საქართველომ შეძლოს უზრუნველყოფა ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების იმისათვის, რომ მოქალაქეებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. საქართველო აგრძელებს გზას თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, ხოლო აშშ მას ამაში მხარს უჭერს. სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო მეგობარია და მასთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. თანაბრად გვსურს, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც იმოძრავებს დემოკრატიის გაუმჯობესებისა და დაწინაურების გზაზე", - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ თავად უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შს სამინისტორს განცხადებით, 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას რათა შესწავლილ იქნეს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი. აქვე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება. 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადება გაავრცელა. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.

სენატორი რობ პორტმანი: საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ს, რაც  ხელს შეუწყობდა საქართველოს სვლას NATO-ს წევრობისკენ

„მიმაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ს“, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს სვლას NATO-ს წევრობისკენ“, - ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმანმა თბილისი მარიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სენატორის თქმით, საქართველოს უნდა მიეცე NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა. „მიმაჩნია, რომ საქართველო არა მხოლოდ აპლიკანტი, ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს NATO-ში გაწევრიანების, რომელიც სურვილს ადასტურებს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. NATO-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ის პროცესი. მიმაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს სვლას NATO-ს წევრობისკენ. ამისათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმა, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. ეს რასაკვირველია, დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას", - განაცხადა პორტმანმა მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს NATO-ს წევრობასაც, რაც საქართველოს აღჭურვავს დამატებითი თავდაცვის საშუალებებით რუსული საფრთხის წინააღმდეგ. პორტმანის განმარტებით, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის მონახულებისას მათ კიდევ ერთხელ თვალნათლივ ნახეს, რომ რუსეთი არღვევს 6 პუნქტიან შეთანხმებას, რომელზეც ხელი მოაწერა. პორტმანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ე.წ საზღვრის მეორე მხარეს გადასვლის უფლება არ აქვთ, მაინც ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ახლა რუსეთი სულ უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს, უკრაინაში, ბელარუსში და აქაც საქართველოში. ჩვენ დღევანდელი დღე ძალიან ადრე დავიწყეთ და ადმინისტრაციული საზღვრის მოსანახულებლად წავედით. რაც ჩვენ ვნახეთ, არის იმის დასტური, რომ რუსეთი აგრძელებს მარტივი 6 პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას, რომელსაც მან ხელი მოაწერა. პირველ რიგში, არ არის ტრანზიტი, მოსახლეობას არ ეძლევა გადაადგილების საშუალება, ჩვენ ვნახეთ ღობეები, ვნახეთ მავთულხლართები, ეს იმისთვისაა, რომ ოკუპირებულ ტერირიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცენ. ჩვენ, ასევე ვესაუბრეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ ეძლევათ ე.წ საზღვრის მეორე მხარის გადასვლის საშუალება - მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება კარგი არ არის ე.წ საზღვრის მეორე მხარეს და ადამიანის უფლებები იქ ირღვევა“, - განაცხადა რობ პორტმანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ტურიზმის სექტორს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და შეუძლია დადებითი წვლილის შეტანა საერთაშორისო საზოგადოებაში

საქართველოს არჩევას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს წევრად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საქართველოსთვის მდგრადი ტურიზმის განვითარების გლობალური დღის წესრიგის ხელშეწყობაში ჩართვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. „ძალიან კარგი სიახლეა, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს არის მდგრადი ტურიზმის განვითარების გლობალური დღის წესრიგის ხელშეწყობაში ჩართვის შესანიშნავი შესაძლებლობა. საქართველოს ტურიზმის სექტორს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და შეუძლია დადებითი წვლილის შეტანა საერთაშორისო საზოგადოებაში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

შარლ მიშელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან Facebook-ში განაცხადა. "მადლობა მინდა გადავუხადო ნადიას, რომელმაც მომცა ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს: თავისუფლების დოზა. ნადია და მსოფლიოს ყველა ჯანდაცვის მუშაკი გვეხმარება, რათა ნელ-ნელა დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. ამას გარკვეული დრო დასჭირდება და ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ სწორ გზაზე ვართ", - წერს შარლ მიშელი.

ამერიკელმა სენატორებმა და კახა კუჭავამ შეხვედრისას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობა განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამერიკელ სენატორებს დემოკრატ ჯინ შაჰინს და რესპუბლიკელ რობერტ პორტმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მიღწევებზე, რომელიც პარტნიორობის ყველა მიმართულებით არსებობს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. "პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამერიკელი კანონმდებლების ვიზიტი აშშ-ის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია. კახა კუჭავამ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ამ მიმართულებით სენატორების მოსაზრებები მოისმინა. ხაზი გაესვა მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, ასევე ამნისტიის კანონპროექტზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტის შესახებ და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს და ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობას. სენატორებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯინ შაჰინი: აშშ საქართველოში ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით დაკვირდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. მისი თქმით, არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი რომ იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით. „ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სამართლიან არჩევნებს, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის განხორციელებას, 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით - დიახ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილად დაკვირვების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოგზავნიან საქართევლოში დამკვირვებლებს, რომელიც ამ პროცესს უშუალოდ ადგილზე დააკვირდებიან. იმისათვის, რომ ეს არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით", - განაცხადა სენატორმა.

თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს

აშშ მზად არის, მსოფლიოს სულ 80 მილიონი ვაქცინა გაუზიაროს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვაქცინების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოშიც გააგზავნის. ვაქცინების 75%-ს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების განაწილების პლატფორმას, COVAX-ს მიაწვდის, რისი საშუალებითაც ვაქცინები გადანაწილდება სხვადასხვა ქვეყანაში. დანარჩენ 25%-ს აშშ პირდაპირ გაუნაწილებს მეზობლებს, გასაჭირში მყოფ ქვეყნებს, მათ ვისაც ეპიდემიის სწრაფი გავრცელება აქვთ და მათ, ვინც აშშ-ისგან სასწრაფო დახმარება მოითხოვეს. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6 მილიონი დოზა გამიზნულია რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით და პარტნიორებისთვის, რომელთა სიაში შედიან მექსიკა, კანადა, კორეის რესპუბლიკა, დასავლეთ სანაპირო და ღაზის სექტორი, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი და იემენი, აგრეთვე გაეროს მუშაკები. Covax-ის ფარგლებში ვაქცინების განაწილებისას პრიორიტეტული იქნება ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის, სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის რეგიონები. "ვაქცინის მილიონობით დოზის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება აშშ-ის მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ვალდებულებისადმი ერთგულებას წარმოადგენს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ 4 ივლისისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს. ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის.

სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში და ასე შემდეგ

Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანი ექსკლუზიურად ჩაწერა. სენატორი საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრობს. Europetime-თან კომენტარში კონგრესის დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. Europetime სენატორ რობ პორტმანის ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. სენატორი რობ პორტმანი: საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში სენატორი რობ პორტმანი: საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს სვლას NATO-ს წევრობისკენ სენატორი რობ პორტმანი: აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია

რა საკითხები განიხილა ოპოზიციამ სენატორებთან შეხვედრაზე

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისა და სენატორების რობ პორტმანისა და ჯინ შაჰინის შეხვედრა დასრულდა. როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, „საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს“. „აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ - რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას. ცხადია, ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ., თუმცა ამის მიღმაც იყო საუბარი“, - განაცხადა ჯაფარიძემ. „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში. „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მეგობრები გვყავს ჩვენი ამერიკელი მეგობრების სახით. სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში. როცა მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში - ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი, მართლა ასეა და ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და მათ გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი, ამის განხილვა და ყოველშემთხვევაში დისკუსიის დაწყება ამაზე. რა თქმა უნდა, ველაპარაკეთ სასამართლოს ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე, ვილაპარაკეთ პოლიტიკურ გამოძიებებზე: გვარამია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ოქრუაშვილი და უგულავას ქეისებზე. ასევე, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ვილაპარაკეთ, რომელიც მათთვისაც არის როგორც ლაკმუსის ქაღალდი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს და გვითხრეს და დაგვიდასტურეს, რომ სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს. ადამიანურად ვთხოვეთ, რომ როგორმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში დაგვეხმარონ და აქაც გვითხრეს, რომ რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრისას განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. „ეს არის NATO-ში გაწევრიანება, ეს არის საგარეო გამოწვევები, ეს არის შიდა გამოწვევები, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ განიხილება, როგორც გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გვქონდა ძალიან შინაარსიანი და კარგი საუბარი. უნდა ითქვას, რომ განვიხილეთ ისეთი საკითხებიც, როგორიც არის NATO-ში გაწევრიანება იმ ფორმულით, როდესაც შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ NATO-ს წევრი, ოღონდ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და ამოქმედდება მაშინ, როცა მოხდება ამ რეგიონების რეინტეგრირება ჩვენს ქვეყანაში. თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი. სენატორებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან. განვიხილეთ საკითხი, რომ ჟენევის ფორმატი აიწიოს და შესაძლებელია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დონეზე იყოს აწეული. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აშშ–ის უფრო მაღალი ჩართულობა იყოს აქაც და ამას ძალიან დიდი ყურადღებით მოეპყრნენ სენატორები. გარდა ამისა, სენატორები მართლმსაჯულების რეფორმასს განიხილავენ, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორი ჯინ შაჰინი განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. „გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს, მათ შორის შიდა პოლიტიკური ვითარება, ასევე გეოპოლიტიკური გარემო, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს...მათ აინტერესებდათ ოპოზიციის ხედვები, როგორ გვესახება ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის შემადგენლობით მოვალთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დამკვირვებლების რაოდენობა ოქტომბრის არჩევნებზე მაქსიმალურად ბევრი იყოს და შეხვედრაზე ეს თემაც განიხილეს. „სასიხარულოა, რომ ასეთი მეგობრები ქვეყანას ჰყავს და ისინი არამხოლოდ ვაშინგტონიდან ადევნებენ თვალს აქ მიმდინარე მოვლენებს, უშუალოდ თბილისში არიან. მნიშვნელოვანია რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი აღარ იყოს მართვის სადავეებთან. ამ ყველაფერზე იყო საუბარი, ისინი კარგად არიან ინფორმირებული, რა ჭირდება სახელმწიფოს რომ ჩადგეს განვითარებული სახელმწიფოების რიგებში“, - განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ 2 კვირაში მას ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან პერსონალური შეხვედრები ექნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სენატორებთან „განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო. „შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ყველა საკითხზე, რომელიც ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვილაპარაკეთ სენატორებთან. პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო ერთ ერთი მთავარი თემა და ყველა საქმეზე, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას - ყველა საქმეზე, რომელიც დღესაც აქტუალურია, ვისაუბრეთ. ხაზი გავუსვით მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობას, რომ ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები აღარ იყოს ქვეყანაში. ეს აუცილებელია, მათ შორის იმისთვისაც, რომ მივიღოთ ინვესტიციები და შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე. ვისაუბრეთ გახელაძის საქმეზე, შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებზე. ვისაუბრეთ ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. შეგახსენებთ, ოპოციციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ სენტარეობს ჯინ რიშსა და რობ პორტმანს საქმიან ვახშამზე შეხვდნენ. კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ კონგრესის დელეგაციის წევრებმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს ამერიკელმა სენატორებმა და კახა კუჭავამ შეხვედრისას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობა განიხილეს

გლობალურად საკვების ფასები ბოლო ერთ თვეში რეკორდულად გაიზარდა - გაეროს კვლევა

შარშანდელთან შედარებით, მაისის თვეში საკვების ფასები გლობალურად 39.7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევაში, რომელიც მსოფლიოში ბურღულეულის, მცენარეული ზეთის, რძის პროდუქტებისა, ხორცისა და შაქრის ფასებს აანალიზებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ხუთივე ჩამოთვლილი სახეობის პროდუქციის ფასი გაზრდილია, თუმცა ყველაზე მეტად გაძვირდა მცენარეული ზეთი, შაქარი და მარცვლეული. როგორც გაერო-ში აცხადებენ, საკვებ პროდუქტების ღირებულება მსოფლიოში ბოლო 12 თვეში სტაბილურად მზარდია. ამჟამად, საკვების ფასები მსოფლიოში 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. გამოცემა წერს, რომ აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიაა, რის გამოც წარმოებისა და ტრანსპორტირების პროცესი შეფერხდა. ამავე დროს ქვეყნების ერთ ნაწილში სურსათზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა, თუმცა წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. გაერო-ში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ მოსალოდნელი მაღალი ინფლაცია და გაზრდილი ფასები უარყოფითად აისახება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესზე. ეს განსაკუთრებით ემუქრება ქვეყნებს, რომლებიც „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებენ და კარანტინის რეჟიმიდან გამოდიან. თუმცა, გაეროში პროგნოზირებენ, რომ მაგალითისთვის ბურღულეულის წარმოება წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს, რაც მაღალი ფასების ზეწოლას შეამცირებს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 779 ადამიანს დაუდასტურდა, 959 გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 527 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 499 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 779 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.59 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.90%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 24, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც: 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 943, აჭარაში - 350, იმერეთში - 435. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 776 პირი, მათ შორის, თბილისში - 367, აჭარაში - 87, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 14. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 223- აჭარაში. 7 045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 812 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 592 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 083, პირი, აჭარაში - 2 330, იმერეთში - 1 374.

ქუთაისში მეტალურგიული ქარხანის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

ქუთაისში მეტალურგიული ქარხანის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

თამარ კორძაია "რესპუბლიკურ პარტიას" ტოვებს. ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია. როგორც კორძაია წერს, პარტიას "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილების გამო ტოვებს. ამ გადაწყვეტილებით პარტია "შარლ მიშელის სამუშაო ჯგუფში" ფრაქციაში გაერთიანდა: ,,გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6–წლიანი თანამშრომლობა “რესპუბლიკურ პარტიასთან” და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა “რესპუბლიკური პარტიის” ორ წევრს უფრაქციოდ, დამოუკიდებლად საქმიანობით, პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების”, - წერს კორძაია Facebook-ზე. ის “რესპუბლიკურ პარტიას” წარმატებებს უსურვებს, ხოლო თავად პარლამენტში საქმიანობას როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი გააგრძელებს. “რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია - პარლამენტში ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ. ხათუნა სამნიძე, “სტრატეგია აღმაშენებელთან” და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად 3 ივნისს ახალ ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” გაერთიანდა.

ენტონი ფაუჩი ჩინეთს მოუწოდებს, უხანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ისტორიები გაასაჯაროოს

Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაასაჯაროოს ცხრა ადამიანის სამედიცინო ისტორია, რამაც შესაძლოა, დაასრულოს კორონავირუსის წარმომავლობის საკითხზე მიმდინარე დისკუსია. „მე ვისურვებდი, ვიხილო იმ სამი ადამიანის სამედიცინო ისტორია, რომლებიც გავრცელებული ცნობით, 2019 წელს დაავადდნენ. დაავადდნენ თუ არა ისინი ნამდვილად და თუ კი, რით?“, – განაცხადა ფაუჩიმ. „კოვიდ-19“-ის წარმოშობის საკითხი კვლავ დავის საგანს წარმოადგენს. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები სწავლობენ ცნობებს, რომლის თანახმადაც, უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარები სერიოზულად ავად გახდნენ 2019 წლის ნოემბერში, „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევის აღრიცხვამდე ერთი თვით ადრე. რაც შეეხებათ მაღაროელებს, ექვსი მაღაროელი ავად გახდა 2012 წელს ღამურების გამოქვაბულში შესვლის შემდეგ. ჩინეთის ხელისუფლება და ჩინელი მეცნიერები კატეგორიულად უარყოფენ ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის თეორიას და არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი ჩინეთში იმპორტირებული გაყინული სურსათის შედეგად მოხვდა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონის დატოვება 6 არასრულწლოვანს სურს, კიდევ 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, დაწესებულების დატოვების სურვილი ექვსმა არასრულწლოვანმა გამოთქვა. ,,სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეისტიტუციონალიზაციის პროცესი. მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა. მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც", - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო: ამერიკის მიერ საქართველოსთვის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე მიანიშნებს

„ამერიკის მიერ საქართველოსთვის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს. მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდებაზე გადაწყვეტილების შესახებ პირველად, 3 ივნისს, თბილისში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, საქართველოს გამოუყოს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები. მოგვიანებით, თეთრმა სახლმაც გაავრცელა განცხადება, რომ აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი და სალიცენზიო კომისიის წარმომადგენელმა ტარიელ კაშიამ განუცხადა, ჯანდაცვის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს სწავლობს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რაიმე სახის დარღვევა, სააგენტო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. „ჩვენ უნდა შევისწავლოთ 66-ე დადგენილების მიხედვით სააღმზრდელო დაწესებულების სალიცენზიო პირობები. ჩვენი კომპეტენცია არ არის მაინცდამაინც ძალადობის ფაქტები. ჩვენ ვამოწმებთ წელიწადში ერთხელ, სალიცენზიო პირობების შემოწმების უფლება კანონით გვაქვს მინიჭებული. თუკი გამოჩნდება რაიმე მითითება ან ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში შესაძლოა, დაირღვეს სალიცენზიო პირობები, ჩვენ ვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა ტარიელ კაშიამ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ჯანმოს ხელმძღვანელი: სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების გაზიარებასთან დაკავშირებით აშშ-სთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აშშ-ს გადაწყვეტილებას, ვაქცინები გაუნაწილოს სხვა ქვეყნებს, დადებითად აფასებს. „ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ აშშ COVAX-ის მეშვეობით გაუზიარებს ქვეყნებს COVID19-ის ვაქცინებს, რათა დაიცვას რისკის ქვეშ მყოფები და სხვებსაც უბიძგონ იგივეს გაკეთებისკენ. ვიმედოვნებთ, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ აშშ-სთან ივლისამდე 80 მილიონი დოზის გასაზიარებლად“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს. ამერიკის საელჩოს ცნობით, კონკრეტული ვაქცინის და რაოდენობის შესახებ, ლოგისტიკური, სარეგულაციო და მსგავსი საკითხების გადაწყვეტის შემდეგ გამოცხადდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა გააფართოვა ჩინური კომპანიების სია, სადაც ამერიკულ კომპანიებს ინვესტიციების დაბანდება აეკრძალებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფართოვა ჩინური კომპანიების სია, რომელშიც ამერიკულ კომპანიებს ინვესტიციების დაბანდება აეკრძალებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, თეთრი სახლის ლიდერის ახალი აღმასრულებელი განკარგულება ძალაში 2 აგვისტოს შევა. ე.წ. შავ სიაში მოხვდა 59 ჩინური კომპანია. მათ შორის არის სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei. ამავე დროს, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამ სიას შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კომპანია დაემატოს. ბაიდენის განკარგულების მიხედვით, ამერიკელ ინვესტორებს აკრძალული ექნებათ ჩინური კომპანიებისგან უსაფრთხოების სისტემების შეძენა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აღნიშნული ნაბიჯით, აშშ-ის მთავრობა უზრუნველყოფს, რომ „ამერიკელებმა არ დააფინანსონ ჩინეთის ხელისუფლების სამხედრო ინდუსტრია“.