ძებნის რეზულტატი:

კახა კუჭავამ და „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალურმა მდივანმა საარჩევნო რეფორმაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალურ მდივანს, თომას გარეტს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე, ყურადღება 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თავმჯდომარეობით, კოალიციის სამუშაო ჯგუფის , „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ მიერ განსახორციელებელ აქტივობებზე გამახვილდა. ხაზგასმით აღინიშნა არჩევნებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა და ამ მიმართულებით საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები. კახა კუჭავამ თომას გარეტს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა, ასევე იმსჯელეს პარლამენტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაძლიერების შესახებ. როგორც შეხვედრის დასასრულს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალურ მდივანმა აღნიშნა, საქართველოს გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კიევში უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში ხვალ, 23 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება. კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს. ასეთი პარტია ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით 79-ხმით, 22-ის წინააღმდეგი დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ კანონში შესატანი ნორმა საბოლოო მოსმენით შეცვლილი ფორმულირებით მიიღეს. ის ასეთი სახით დაამტკიცეს: - “პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან“. ამასთან, პარტია მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება. ასეთი გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან შეუჩერდება. აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის გათვალისწინებით, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგა, კანონის ამოქმედებისთანავე დაფინანსება აღუდგება. ასეთ პარტიას ის თანხაც მიეცემა, რომელსაც ის მიიღებდა, დაფინანსება რომ არ დაეხარჯა. საკანონმდებლო პაკეტი ფრაქცია “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა. კანონი ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის პირველი თებერვალი.

თენგიზ ცერცვაძე: მგონია, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს. მისი თქმით, საზოგადოება რეგულაციებს თუ დაიცავს, ინიფიცირების მაჩვენებელი არ გაიზრდება. „საბოლოოდ, დარჩენილი იყო გადაადგილების შეზღუდვა და პირბადის ტარება. საზოგადოება დაიღალა ამითაც. ვინაიდან, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჰქონდა ეს მოთხოვნა და დინამიკა იყო სტაბილური და მცირედ კლებადი, მესამე ტალღის პიკი გასულია, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, თუ ჩვენ დავიცავთ დარჩენილ ორ რეგულაციას, ერთი დახურულ სივრცეში კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს და მეორე თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, მაშინ მე მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება, არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას, ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს და შეიძლება არა, ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა. ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე პირადად ვიყავი მომხრე, რომ ღია სივრცეში პირბადეების ტარება გაუქმებულიყო“, – განაცხადა ცერცვაძემ. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა.

ილია მეორე ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს. ამის შესახებ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქის სახელზე უკვე მზადაა. „ზაზა გახელაძის ოჯახმა თხოვნით მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რათა პატრიარქს გაეწია შუამდგომლობა რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ზაზასთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ გულთან მიიტანა ეს ამბავი და გადაწყდა, პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი. წერილი უკვე მზად არის და გაიგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი რათა უკვე მათ თავის მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი. ზაზა დაკავებულია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ. ამის თაობაზე ჩვენ მოვუყვებით ოჯახს. ვერ ვიტყვით ამ თხოვნას, რა შედეგი მოჰყვება. ჩვენ დაველოდებით პასუხს, რას მოიმოქმედებს მხარე, რომელსაც ჩვენ მივმართეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ოჯახს, შეინარჩუნოს მხნეობა. ოჯახში ბავშვები არიან და ეს მათთვის რთული პერიოდია. ყველანი უნდა დაელოდონ და შეხვდნენ ზაზას მხნედ და ჯანმრთელად. დარწმუნებული ვარ, ოჯახის კარგად ყოფნა იქნება მისთვისაც ნუგეში და გამამხნევებელი“, – განაცხადა ზაზა გახელაძე ოჯახთან შეხვედრის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას. ის ამ დროისთვის უცვლელია და 23 ივნისს საპროტესტო აქცია ქვემო ჭალიდან დაიწყება. ცნობისთვის, ხვალ ზაზა გახელაძის დაბადების დღეა, ის 34 წლის ხდება, 11 ივლისს კი მისი დაკავებიდან ერთი წელი შესრულდება. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ ეფექტურია

AstraZeneca-ს ვაქცინა Covid19-ის ინდური – დელტა და კაპპა ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ინფორმაციით, კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ანადგურებს დელტა და კაპპა ვარიანტებს ვაქცინირებული ადამიანების სისხლში არსებული მონოკლონური ანტისხეულები. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერისა“ და AstraZeneca-ს ვაქცინები დელტა ვარიანტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 90%-ით ამცირებს.

ჯანმო: მსოფლიოში, გასულ კვირას კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ით ინფიცირების 2.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ კვირასთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ჯანმოს ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 505 344 ბრაზილიაში დაფიქსირდა, რაც 11%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით. მეორეა ინდოეთი 441 976 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 30%-ით ნაკლებია, მესამე ადგილზეა კოლუმბია, 193 907 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 10 %-ითაა გაზრდილი, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი არგენტინა ( 149 673 ახალი შემთხვევა) და რუსეთი (108 139 ახალი შემთხვევა) არიან. აღსანიშნავია, რომ რუსეთში, გასული კვირის განმავლობაში, დაინფიცირებულების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 31%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 64 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 12%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

პარლამენტში სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა გაგრძელდება. საპროცედურო კომიტეტზე დღეს აღნიშნულ ინიციატივაზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ, შემდეგ კი კანონპროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე გავა. რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის გათვალისწინებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭირო იქნება 90 დეპუტატის მხარდაჭერა 50-ის ნაცვლად. „ზოგადად, ოპოზიციისგან იყო გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრება. დღეს არის ჩვეულებრივი კვორუმი, ანუ დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ ორმოცდაათი დეპუტატისა. შესაბამისად, ეს კვორუმი ავწიეთ ოთხმოცდაათ დეპუტატამდე, გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისია ამ ეტაპზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ – უმრავლესობა ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, საჭიროა ოპოზიციის ჩართულობა იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია. ოპოზიციაშიც არის განსხვავებული მოსაზრებები; ზოგს მიაჩნია, რომ უფრო მაღალი კვორუმი უნდა არსებობდეს, მაგრამ ზოგს მიაჩნია, რომ უფრო მაღალი კვორუმი მეორე პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება დაბლოკოს პირიქით მოხსნის თემა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის 90 წევრის თანხმობა ამ ეტაპზე არის ყველაზე ოპტიმალური”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით გუშინ პლენარულ სესიაზე განიხილეს. კანონპროექტს მხარი 98 დეპუტატმა დაუჭირა.

სახალხო დამცველი პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს წარუდგენს

პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუსმენენ, რომელიც 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა. სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა, 15:00 საათზე დაიწყება. ანგარიშის მოსმენის პროცედურა პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება. სახალხო დამცველს ანგარიშის წარსადგენად 45 წუთი აქვს, რის შემდეგ პროცედურა დეპუტატების შეკითხვებს ითვალისწინებს. სახალხო დამცველი დეპუტატების შეკითხვებს 1-საათიანი შესვენების შემდეგ უპასუხებს. დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა 10-წუთიანი რეგლამენტით თანამომხსენებელს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დაეთმობა, ხოლო სხვა კომიტეტებისთვის 5-წუთიანი სიტყვით გამოსვლებია განსაზღვრული. რეგლამენტით, პოზიციების დასაფიქსირებლად უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის 3-წუთიანი გამოსვლებია გათვალისწინებული. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების გამოსვლებია გათვალისწინებული. თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, პარლამენტის რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. სახალხო დამცველის დასკვნითი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. პარლამენტის პლენარული სხდომა სახალხო დამცველის მოსმენის დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.

დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იმართება

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 10:00 საათზე დაიწყო. საბჭოს დღის წესრიგი უცნობია, თუმცა სხდომაზე სავარაუდოდ, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

ჯო ბაიდენმა თავდაცვის მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ექსპერტი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სელესტა ვალანდერი თავდაცვის მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს როგორც ცნობილია, ვალანდერი ექსპერტია რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში. ამ ეტაპზე კი ვალანდერი ამერიკა რუსეთის ფონდის ხელმძღვანელია. ის არის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს, შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი. ვალანდერის დამტკიცებას ახლა სენატის თანხმობა სჭირდება.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 773 ადამიანს დაუდასტურდა, 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 636 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 773 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 828-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.04 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.42%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.49%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 575 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 792-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 211 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 საიდანაც: 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 428, აჭარაში - 171, იმერეთში - 348. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 48, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში - 113, აჭარაში - 8, იმერეთში - 12. 583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 357 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 583 პირი ვირუსის მკურნალობას ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 872 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 837, პირი, აჭარაში - 829, იმერეთში - 1 119.

საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ბაიდენის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის გაფრთხილება - ლუის ნავარო

საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ბაიდენის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის გაფრთხილება. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლუის ნავარომ Europetime-ს განუცხადა. „NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, ასევე დაგმო რუსეთის ოკუპაცია და ქმედებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ აშკარა პასუხი პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნაზე, (თანხმობა ან უარი გაწევრიანებაზე) როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა რეპორტიორს, რომ უკრაინის გაწევრიანების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, დააკმაყოფილებენ თუ არა ისინი კრიტერიუმებს”. ვფიქრობ, ამის კონტექსტის უკან რამდენიმე გამოწვევა ჩანს, მათ შორის უკრაინის მერყევი ძალისხმევა, აღმოფხვრას კორუფცია და NATO-ს წევრი ქვეყნების, მაგალითად, პოლონეთისა და უნგრეთის, შიდა უკუსვლა“, - აღნიშნა ნავარომ. ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად ლუის ნავაროს თქმით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეს გაფრთხილება, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლო დანიშვნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში შექმნილი ვითარების კუთხით, ასევე მისი ანტაგონისტური მიდგომა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განსხვავებული აზრისადმი და ასე შემდეგ. მისივე თქმით, ოპოზიცია, განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ შეიძლება იყოს ზეწოლის ქვეშ. „NATO-ში გაწევრიანება ვერ გადაჭრის ამ საკითხებს და ის ეხება პოლიტიკურ კლასს, რომ იმუშაონ დემოკრატიული პირობების მისაღწევად, რაც საუკეთესოდ ემსახურება მის მოქალაქეებს და ხელს შეუწყობს NATO-ში გაწევრიანებას“, - აღნიშნა ნავარომ. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე ბაიდენის მკაფიო სიგნალი იყო, რომ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან - მეთიუ ბრაიზა

აშშ-დან ვაქცინაციის დონაციის საკითხი, ეკატერინე ტიკარაძემ და CDC-ის რეგიონულმა დირექტორმა განიხილეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (СDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისა და ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხებს.„ განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოში პრიორიტეტულია C ჰეპატიტის ელიმინაცია, ასევე მუშაობა სხვადასხვა გადამდები დაავადებების პრევენციისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხები და ყველა ამ მიმართულებით სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმუშავებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა საკითხი შეეხო ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. CDC-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობიდან ვაქცინების დონაციის დეტალები მალე გახდება ცნობილი. „ერთ-ერთი საკითხი რაც შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ს მთავრობისგან ვაქცინაციის დონაციის პროცესია. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ვარიანტების გავრცელება, რასაც უკვე ვხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითზე. როგორც კი ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა ქვეყანაში მოსახლეობამ უნდა აიცრას, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ის პირები ვისთანაც კონტაქტი აქვთ“, - აღნიშნა ჩარლზ ვიტეკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მაისტერი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში იყენებს კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში, რათა რეგიონში კონფლიქტი არ განახლდეს

Europetime-თან ინტერვიუში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის (სამხრეთ კავკასიის რეგიონის) ხელმძღვანელი, შტეფან მაისტერი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მიერ შუამავლის როლის შესრულებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში, რათა რეგიონში კონფლიქტი არ განახლდეს „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ცდილობს მოლაპარაკებას, როგორც შეთანხმების გულწრფელი მონაწილე და რომ ის იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში ასეთ რთულ ვითარებაში, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის განახლება. ეს აჩვენებს, რომ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ წვლილის შეტანა ვითარების გაუმჯობესებაში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის რეალობას შეცვლის. რუსეთი და თურქეთი ამ კონფლიქტში მთავარი აქტორები არიან და მოსკოვს სურს, აღიაროს მისი ეს როლი რეგიონში. მაგრამ ჩანს, რომ აქ არის ადგილი დასავლეთის მეტი ჩართულობისთვის და რომ საქართველოსაც შეუძლია დახმარება ზოგიერთ საკითხში“, - აცხადებს შტეფან მაისტერი Europetime-თან ინტერვიუში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. რეგიონში საქართველოს როლი და მნიშვნელობა იზრდება მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს. იტალიის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და NATO-სთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებულ მიმდინარეობაზე. ხაზგასმით აღინიშნა SNGP-ის ინიციატივების - NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განვითარებაში იტალიის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო პოლიციასა და კარაბინიერების კორპუსს შორის, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ხელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხიძემ და იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა დავიდ მორპურგომ მოაწერეს ხელი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კობახიძემ განაცხადა, შესაბამისად, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. კობახიძის შეფასებით, გაუგებარია განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან „შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება“. „ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის მიხედვით საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განმწესების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი განცხადებით, თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის. როგორც ელჩმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა არის ცალკე დამოუკიდებელი შტო ხელისუფლებისა და მათ უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა.

ვახტანგ გომელაური: ვიმედოვნებთ, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ზაზა გახელაძე მალე დაუბრუნდება ოჯახს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მინისტრი ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. „გამიჭირდება დეტალებზე საუბარი. მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტნიორები ჩართულნი არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებთ, მალე გათავისუფლდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ღიად საუბარმა შეიძლება, მოლაპარაკებები დააზიანოს და ჩაშალოს. პროცესში ჩაერთო საპატრიარქოც. იმედი მაქვს, მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გამოუშვებენ. ჩვენ ოჯახთან გვაქვს კონტაქტი და მათთან ვსაუბრობთ“, – განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანის მთავრობასთან დაკავშირებული მედიის ვებგვერდები დააყადაღა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების 33 ვებგვერდი დაბლოკა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. სასამართლოს განკარგულების თანახმად, აშშ-მა 33 ვებგვერდი დაბლოკა, რომელსაც ირანის ისლამური რადიოსა და ტელევიზიის კავშირი (IRTVU) იყენებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ კონტროლირებადი რადიოსა და ტელევიზიის კავშირი აშშ-ში ლიცენზიის გარეშე მომსახურეობით ვერ ისარგებლებს. აშშ-ის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის რეჟიმის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებისა და მავნე გავლენის ოპერაციების საპასუხოდ მიიღო. დაბლოკილ ვებგვერდებს შორისაა ირანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Press TV და al-Masirah TV, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები მართავენ.

უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერს და რადის თავმჯდომარეს შეხვდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.