ძებნის რეზულტატი:
სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი ანუ 90 დეპუტატი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირკალი ქადაგიშვილის განმარტებით, რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტში არის შემდეგი სახის ჩანაწერი: „პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“
კახეთში, შირაქის მინდვრებში ნათესები დაიწვა
კახეთში, შირაქის მინდვრებში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად მინდორში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 8 ეკიპაჟი მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკიდა რამდენიმე ფერმერის მიწას, სადაც ქერისა და ხორბლის მოსავლის ნაწილი ჯერჯერობით აღებული არ იყო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გიორგი ვაშაძის ინიციატივას საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე მხარი არ დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. პარლამენტართა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, კომიტეტს ფრაქცია „ შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ გააცნო. მისი განმარტებით, კანონპროექტი პენსიის გაცემაზე მონოპოლიის გაუქმებას. საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების არარსებობას და თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის ავტომატურ კლებას უზრუნველყოფს. „ჩვენი ინიციატივა არის ერთი მუხლის ცვლილება კანონში. რომ პენსიონერს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება და სახელმწიფომ ის არ დაავალდებულოს საპენსიო სესხი აიღოს ერთ კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ. საკითხზე მსჯელობა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოხატეს კომიტეტის წევრებმა. პროექტით შეთავაზებულ ცვლილებებზე პოზიციები და შესაბამისი განმარტებები გააკეთეს ჯანმრთელობის დაცვის, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა. “პარლამენტის თავმჯდომარესთან საპენსიო თემაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ჯგუფში წარმოდგენილია ყველა სააგენტო, ეროვნული ბანკი, ფინანსთა, ჯანდაცვის სამინისტროები, სადაც ვფიქრობ, მოხდება პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება როგორც საპროცენტო განაკვეთთან, ასევე ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს რომ ამ საკითხს წერტილი დაესმება. ეს არის მტკივნეული საკითხი, რომელსაც უნდა კომპლექსური მოგვარება“,-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
პარლამენტის სპიკერმა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისს და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველო, NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. კახა კუჭავას განცხადებით, NATO-ში ინტეგრაციის საერთო სურვილს და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება NATO-ში გაწევრიანების პროცესში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და გამოწვევებთან ბრძოლაში, საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო NATO-ს შავი ზღვის სტრატეგიას, NATO-ს სამიტსა და გზავნილებს. როზარია პულისის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების განხორციელებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებზე ისაუბრეს. კახა კუჭავამ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, პარლამენტის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმებიც გააცნო. როზარია პულისის განცხადებით, ოფისი საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მხარდაჭერას გააგრძელებს. ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს NATO გაფართოებას აპირებს - კომუნიკეს ანალიზი საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე
სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა იწყება
სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები „სოციალური კოდექსის“ 2 წლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის წევრებს, საელჩოებსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს „სოციალური კოდექსის“ პრეზენტაცია საფრანგეთის განვითარების სააგენტომ წარუდგინა. „ვინაიდან დღეს არსებული სოციალური სისტემა ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს სათანადო მხარდაჭერას, მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება. სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის. პირველ ეტაპზე, საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემის მოწყობა და სოციალური დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა გაანალიზდება. განხორციელდება სისტემის ინსტიტუციური და ფუნქციური შეფასება. მოხდება ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთისა და ლიეტუვის სოციალური დაცვის კანონმდებლობისა და სისტემური მოწყობის მოდელების საქართველოსთან შედარება. შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების სოციალური დაცვის მინიმალურ სტანდარტებს დაეფუძნება. გაანალიზდება არსებული გამოწვევები და გამოიკვეთება სისტემაში არსებული ღია სივრცეები. სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების და განვითარების მიზნით, საკანონმდებლო და ინსტიტუციური მოწყობის კუთხით მომზადდება წინადადებები. ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა და ის ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე მხარდაჭერის ღონისძიებებს მოიცავს. სოციალური კოდექსის შემუშავება პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით თანმიმდევრულად განხორციელდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს დასრულდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე, B და C ჰეპატიტებზე ლაბორატორიულ კვლევას იწყებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე, B და C ჰეპატიტებზე ლაბორატორიულ კვლევას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. პროექტი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ფინანსდება. მათივე ცნობით, კვლევაში მასში მონაწილეობას შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 5-დან 17 წლამდე ბავშვები და 18 წლის ზემოთ მოზარდები მიიღებენ. "კვლევა დაიწყო დღეიდან და გაგრძელდება ორი თვის მანძილზე. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში შემთხვევითობის მეთოდით შერჩეულ მისამართებზე მცხოვრები 5-17 წლის ბავშვები და 18 წლის ან მეტი ასაკის მოზრდილი მოსახლეობა. ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ჩაატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს ჩაუტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები). აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა. კვლევის მიზანია გამოავლინოს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ B ჰეპატიტის იმუნიზაციის ჯანმო-ს მიერ დადგენილ სამიზნეებს და შეაფასოს B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში. ასევე, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმიანება. "ვულოცავთ სომხეთის რესპუბლიკას და სომეხ ხალხს წარმატებულ არჩევნებს! დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. ველოდები უფრო მჭიდრო თანამშრომლობას", - წერს ზალკალიანიანი. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშიანის პარტია ლიდერობს ნიკოლ ფაშინიანი: პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს ირაკლი ღარიბაშვილი ფაშინიანს: მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან
ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-მა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანა
ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-მა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანა. გავრცელებული იმნფორმაციით, აშშ-მა შავ სიაში ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, აგრეთვე ბელარუსის შს სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო შეიყვანა. როგორც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება ლუკაშენკოს მთავრობის "გამძაფრებული ძალადობისა და რეპრესიების საპასუხოდ" მიიღეს. "შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები არ შეეგუებიან დემოკრატიის წინააღმდეგ შეტევას", - განაცხადა ანდრეა გაკიმ, ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორმა. შავ სიაში მოხვდნენ ფიზიკური პირები, რომლებსაც ბრალი ედებოდა აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
თენგიზ ცერცვაძე: ვითხოვ როგორც კომენდანტის საათის, ისე ღია სივრცეში პირბადის მოხსნას
მე ვითხოვ კომენდანტის საათის მოხსნასაც და ღია სივრცეში პირბადის ტარების მოხსნასაც, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ცერცვაძემ ამ განცხადებით უპასუხა ოპოზიციონერ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ცერცვაძეს და ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს დაწესებული შეზღუდვების გამო აკრიტიკებს. მან პანდემიის დროს ქვეყნის მიერ პანდემიასზთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. „ზოგადად, უშეცდომო არავინ არის და რაღაცის უკეთესად გაკეთება ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო სწორი და საქართველოს ტიპის შეზღუდული ეკონომიკისა და სუსტი ჯანდაცვის ქვეყანამ როგორც ადამიანების გადარჩენის კუთხით, გააკეთა იმის მაქსიმუმი, რაც საქართველოს შეეძლო“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებებზე, ძირითად თავისუფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე შეტევით. დღეს კოორდინირებული ზომები მივიღეთ 23 მაისს Ryanair-ის კომერციული ფრენის იძულებითი დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების საპასუხოდ. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბელარუსის ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს და ერთად ვდგავართ, რომ გადავახდევინოთ რეჟიმს საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა უგულებელყოფის გამო. მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს რეპრესიული პრაქტიკა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ რეჟიმმა თავი აარიდა ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული პრინციპების დაცვასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობას. ლუკაშენკოს რეჟიმს მოვუწოდებთ, სრულად ითანამშრომლოს 23 მაისის მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიებასთან; დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი; შეასრულოს დამოუკიდებელი საექსპერტო მისიის ყველა რეკომენდაცია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში. დაიწყოს ყოვლისმომცველი და ჭეშმარიტი პოლიტიკური დიალოგი ხელისუფლებას, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რასაც ხელს შეუწყობს ეუთო.“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-მა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანა ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა
ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მე-8 კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში ზედიზედ მე-8 კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება. მისივე თქმით, მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. "გლობალურ დონეზე ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება, ხოლო სიკვდილიანობის რიცხვი - ზედიზედ მეშვიდე კვირა. ეს კარგი ამბავია, მაგრამ ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გლობალური მასშტაბით კვლავ მაღალია", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
საფრანგეთში ღამის კლუბები იხსნება
საფრანგეთში კონცერტებზე დასწრება 30 ივნისიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო ღამის კლუბები 9 ივლისიდან გაიხსნება, ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო. კულტურის მინისტრის განცხადებით, დახურულ სივრცეში გამართულ კონცერტზე აუდიტორიის 75% შეძლებს დასწრებას, ხოლო ღია სივრცეში - 100%. საფრანგეთში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ღამის კლუბებმა მუშაობა 2020 წლის მარტში შეწყვიტეს. ცნობისთვის, საფრანგეთმა შეამსუბუქა შეზღუდვები და 19 მაისიდან რესტორნებმა, ბარებმა და კაფეებმა ღია სივრცეებში განაახლეს მუშაობა. როგორც France24 წერს, სტუმართმოყვარეობის პროფესიული კავშირის UMIH-ის თანახმად, საფრანგეთში 1600-დან 100-ზე მეტი ღამის კლუბი სამუდამოდ დაიხურა, პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.
პანდემიის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიებების გატარება მთავრობას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. კანონპროექტის თანახმად, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესებისა და ღონისძიებების დადგენისთვის საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე უგრძელდება. ფრაქციის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუღებელია აღნიშნული ვადის მეოთხედ გადაწევა. ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებით, საკანომდებლო ორგანო თავისი ნებით თმობს კონსტიტუციით მასზე დაკისრებულ უფლებას და მოვალეობას კრიზისულ სიტუაციაში თავად დააწესოს და წარმართოს კოვიდთან ბრძოლის პოლიტიკა, რაც მიუღებელია. ანა ნაცვლიშვილმა შეკითხვა დასვა, ასევე კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. შეკითხვებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ უპასუხა. მისი თქმით, წარმოდგენილ რეგულაციებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ ამ ცვლილებებით ადამიანის კონსტიტუციური უფლებები არ ირღვევა. „კანონპროექტის მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა“, - განაცხადა მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ. ცვლილებები ასევე შედის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“. ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2022 წლის 1 იანვრამდე ექნებათ შესაძლებლობა განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ მიმართული ყველა აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებები. კანონპროექტი გამარტივებული წესით იხილება და მასზე დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ. მოქმედი კანონით, აღნიშნული უფლებამოსილება მთავრობას 2021 წლის 1 ივლისს ეწურება. კანონპროექტს მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს. ფრაქციის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა შავგულიძემ ხმა წარმოდგენილი ცვლილებების წინააღმდეგ მისცა.
თურქეთში „კომენდანტის საათი“ უქმდება
1-ლი ივლისიდან თურქეთში „კომენდანტის საათი“ უქმდება, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოქმედებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ერდორანის განცხადებით, იმავე დღეს თურქეთის მთავრობა გააუქმებს საქალაქთაშორისო მოგზაურობასა და საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს. "ვირუსების შემთხვევების შემცირების წყალობით, თურქეთის მოსახლეობა 1-ლი ივლისიდან დაუბრუნდება ნორმალურ მუშაობას საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში", - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. ამასთანავე, ერდორანმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. ცნობისთვის, 1-ლი ივნისიდან თურქეთის ხელისუფლებამ „კომენდანტის საათი“ 22:00-დან 05:00 საათამდე შეამცირა. კაფე-რესტორნებმა და სპორტდარბაზებმა მუშაობა გაანახლეს.
სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას 23 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. "შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება. კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოლიმპიურ თამაშებს მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება
ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც იაპონიაში 23 ივლისიდან უნდა გაიმართოს, მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. ამის შესახენ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, მაყურებელთა ადგილები მხოლოდ 50%-ით შეივსება და მაქსიმუმ 10,000-მდე ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრება. ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, დაახლოებით 3.6-3.7 მილიონი ბილეთია გაყიდული ადგილობრივ გულშემატკივრებზე, ხოლო რაც შეეხება საზღვარგარეთელ გულშემატკივრებს, რამდენიმე თვის წინანდელი ინფორმაციით, ისინი თამაშებზე დასწრებას ვერ შეძლებენ. ტოკიო-2020 გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობას შეამცირებს ტოკიოს ოლიმპიადას უცხოელი გულშემატკივრები არ დაესწრებიან
საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი შეღავათებით ისარგებლებენ
საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ასევე, აღნიშნულ პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი. ეს ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს. ინიციატივა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს ეკუთვნის, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა. აღნიშნული შეღავათებით, კანონის მოქმედი რედაქციით, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სარგებლობენ.
საქართველოს უფრო თვალსაჩინო ადგილი უნდა ჰქონდეს ვაშინგტონის საერთაშორისო დღის წესრიგში - ფილიპ ბრიდლავი
საქართველოს უფრო თვალსაჩინო ადგილი უნდა ჰქონდეს ვაშინგტონის საერთაშორისო დღის წესრიგში. თუ საქართველო განაგრძობს თავის დაცვას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პარალელურად, ეს დასავლელი პარტნიორებისგან მეტ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამერიკის ინტერესებშია ნაბიჯის გადადგმა. ამ შინაარსის საავტორო სტატია (Georgia on My mind) აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის ფილიპ ბრიდლავის და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ლულია ჯოჯას ავტორობით Newsweek-ში გამოქვეყნდა. ავტორები სამიტებით დატვირთულ კვირას მიმოიხილავენ, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ჩათვლით. Europetime წერილის თარგმანს გთავაზობთ: ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა შეგვახსენა, რომ ათი წლის წინ, ბაიდენი-პუტინის ბოლო შეხვედრაზე, მოსკოვში, ორმა ლიდერმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე მკვეთრად განსხვავებული პოზიციები გაცვალა. უკრაინაში რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესია უნდა ახსენებდეს ყველას, რომ კრემლმა გასცა ბრძანება, 2008 წელს შემოჭრილიყო საქართველოში, NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სიგნალის პასუხად. დღეს რუსი ჯარისკაცები კვლავ იკავებენ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს. ელჩმა მაკფოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აუცილებელი იყო, საქართველოს უკანონო ოკუპაცია ჟენევის სამიტის დღის წესრიგში ყოფილიყო. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ასევე უნდა გაამახვილონ ყურადღება უფრო ფართო თემებზე, როდესაც განიხილავენ ვაშინგტონის სტრატეგიულ პარტნიორობას თბილისთან. საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. 2020 წლის ბოლოს შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი გაყინული კონფლიქტი გაღვივდა, რუსეთის მონაწილეობით გაფორმებული შეთანხმება რეგიონში მისი ყოფნის გაზრდას ნიშნავდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ სამხედრო ყოფნას დამატებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ აგრესიას განიცდის, მოსკოვი ცდილობს რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნას სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანს, რუსეთსა და თურქეთს შორის. ეს პლატფორმა მიზანმიმართულად გამორიცხავს შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს. თბილისის შუამავლობას მხარს უჭერდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მას მიესალმა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. საქართველოს წვლილი მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარების პროცესში აჩვენებს მის მნიშვნელოვან როლს, როგორც აშშ-ის მტკიცე მოკავშირის, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპის აღმოსავლეთით. როდესაც ამერიკა მოუწოდებს მის მოკავშირეებს სამხედრო მხარდაჭერისკენ, საქართველო პირველი პასუხობს. ქართული ჯარები შეუერთდნენ ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის ეგიდით ჩატარებულ ოპერაციებს, საქართველომ დაუყოვნებლივ განახორციელა დიდი კონტრიბუცია კოალიციის ძალებს შორის. თბილისმა შეიარაღებული ძალები ერაყიდან გადაანაწილა, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დაიპყრო მისი ტერიტორია, მაგრამ ავღანეთში საქართველო ერთგულებას დღემდე ადასტურებს. საქართველო წლებია, ებრძვის რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიას, შეიარაღებული ძალების რეფორმირების კვალდაკვალ და ემზადება ქვეყნის საბოლოოდ გასაწევრიანებლად NATO-ში. კონფლიქტებში მსხვერპლის მიუხედავად, როგორც სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთ, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა კვლავ გასაოცრად მაღალია, როგორც საზოგადოებაში, ასევე ორპარტიულ პოლიტიკურ დონეზე. და ბოლოს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები ნათელია: გაწევრიანება NATO-სა და ევროკავშირში, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატია. საქართველომ მოახერხა შედარებით სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება რუსეთთან, მიუხედავად მუქარისა და ოკუპაციისა. საქართველომ ასევე მოახერხა ნაყოფიერი, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება თურქეთთან. თბილისის როლი, როგორც ხიდი აშშ-სა და ამ ორ სახელმწიფოს შორის, მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის სტაბილიზაციისთვის. საქართველოს უფრო თვალსაჩინო ადგილი უნდა ჰქონდეს ვაშინგტონის საერთაშორისო დღის წესრიგში. თუ საქართველო განაგრძობს თავის დაცვას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პარალელურად, ეს დასავლელი პარტნიორებისგან მეტ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამერიკის ინტერესებშია ნაბიჯის გადადგმა.
შარლ მიშელი: ევროკავშირი სომხეთის გვერდით დგას რეფორმების გაღრმავების მხარდაჭერის კუთხით
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „გულითადად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას. ევროკავშირი სომხეთის გვერდით დგას რეფორმების გაღრმავების მხარდასაჭერის კუთხით. ჩვენ ასევე მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეგიონულ სტაბილიზაციასა და კონფლიქტის ყოვლისმომცველ მოგვარებას“, - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშიანის პარტია ლიდერობს ნიკოლ ფაშინიანი: პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს
ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა შეიცვლება
ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში იქნება სულ მცირე 9 და არაუმეტეს 11 წევრი. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერებისა კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით კანონპროექტში უნდა ყოფილიყო ჩანაწერი საკონკურსო კომისიის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე. კანონპროექტის პირველი რედაქციით საკონკურსო კომისიის რაოდენობა განსაზღვრულია 10 წევრით. ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა