ძებნის რეზულტატი:

რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან

24-26 ივნისს რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ Twitter-ში განაცხადა. "აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ევროკავშირის დიდ ჩართულობაშიც გამოიხატება, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხზე. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად 24-26 ივნისს საქართველოს ვეწვევით",- წერს ბოგდან აურესკუ.

აშშ-ის საელჩო: აშშ-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ მრავალ სექტორში, მათ შორისაა ჯანდაცვის სფეროც

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ მრავალ სექტორში, მათ შორისაა ჯანდაცვის სფეროც, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "გუშინ საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა B, C ჰეპატიტსა და COVID-19-ზე სეროპრევალენტობის მასშტაბური კვლევის დაწყება გამოაცხადეს. აღნიშნული კვლევა შეაფასებს C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის პროგრესს, B ჰეპატიტის იმუნიზაციით დადგენილი სამიზნეების მიღწევასა და SARS-CoV-2-ის გავრცელებას. აღნიშნული კვლევა, ასევე, დაეხმარება ჯანდაცვის პროფესიონალებს, განსაზღვრონ საქართველოში ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა. საქართველოში ვირუსული ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსზე, B და C ჰეპატიტებზე ლაბორატორიულ კვლევას იწყებს

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ გახდება ადამიანი, თუ ის შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულია როგორც მედიის წარმომადგენელი

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, თუ ის არის შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული როგორც პრესის და ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელი. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს. ინიციატივა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს ეკუთვნის, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა. კანონის მოქმედი რედაქცია მსგავს შეზღუდვას დამკვირვებლებთან და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელებთან მიმართებაში ითვალისწინებს.

შსს-მ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის 1 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.კ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მას ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებითა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ს.კ.-მ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს შესაბამისი პირობები შეუქმნა, კერძოდ ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ორგანიზება გაუწია საზღვარგარეთ მის გამგზავრებას და უკანონოდ დარჩენას. პოლიციამ, ს.კ.-ის საცხოვრებელი ბინისა და სამუშაო ოფისის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა მოქალაქის სახელზე გაცემული ავიბილეთების ჯავშნები, სასტუმროს ჯავშნები, სამედიცინო კვლევების გაყალბებული შედეგები, რეგისტრაციის ბარათები და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საჭირო სხვა დოკუმენტები. დაკავებულის ოფისის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 2500 ლარამდე თანხა.ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენის ორგანიზებისა და ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესი იცვლება

2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში შევა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით იქნა განხილული. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ცვლილებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის იგივე სტანდარტის დაწესდება, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გათვალისწინებული. კანონის მოქმედი რედაქციით, პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია იმგვარად უნდა შეადგინოს, რომ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.

ბათუმის პორტში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემი - “HMS Defender-ი” შემოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის 26-30 ივნისს, ბათუმის პორტში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემის - “HMS Defender” ვიზიტის მნიშვნელობას. "მარკ კლეიტონის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აღნიშნული გემის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური საშუალებაა. ვახტანგ გომელაურმა და მარკ კლეიტონმა ასევე განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა. ამასთანავე, მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაშია.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 914 ადამიანს დაუდასტურდა, 635 გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოწვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 360 055 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 346 217 , გარდაიცვალა 5199 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 953 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 003 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.55%. ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან 524 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 47, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 57, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 613, საიდანაც 2 698 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 452, აჭარაში - 176, იმერეთში - 364. მძიმე პაციენტი: 678, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 51, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 174 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 9, იმერეთში - 11. 605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 222- აჭარაში. 5 310 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 28, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 870 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 681ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 988, პირი, აჭარაში - 902, იმერეთში - 1 119.

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პირბადის ტარების ვალდებულება არ უქმდება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში. ამასთანავე, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე.

ირაკლი ღარიბაშვილი: ორ კვირაში შემოვა მილიონი ვაქცინა და და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ ვაქცინაციას

ორ კვირაში შემოვა მილიონი ვაქცინა და და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში Astrazeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო,Pfizer-ით კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, Sinovac-ით იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

რომელი შეზღუდვა არ უქმდება

"ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლო 00:00 საათამდე. 00:00 საათის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია კვებასთან. მათ შორის სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე" - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა. 1-ლი ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება

Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა

Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა. როგორც Europetime-ს Unicef-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე მწარმოებლის, მომწოდებლის მხრიდან არის შეფერხება და ჯერჯერობით უცნობია, როდის შემოვა ვაქცინის დოზები. "მწარმოებლის მხრიდან არის შეფერხება. 22 ივნისისთვის უნდა ყოფილიყო შემოტანილი. ზუსტად ვერ გეტყვით თარიღს, როდის შემოვა. იმედია, მალე იქნება", - განუცხადეს Unicef-ში Europetime-ს. ცნობისთვის, მოქალაქეებს გაუუქმდათ Astrazeneca-ს მეორე დოზის ჯავშნები. მათ ამის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღეს. გარდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა, ჯავშნები გაუქმდა სპეციალურ საიტზე – booking.mog.gov.ge-ზე, სადაც მოქალაქეები ვაქცინისთვის რეგისტრირდებოდნენ.

საქართველოს, მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივანი, თომას გარეტი ეწვია

2021 წლის 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს, მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივანი, თომას გარეტი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო სამეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კოალიციის გენერალურ მდივანს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თომას გარეტს საქართველოში ვიზიტისთვის. "შეხვედრაზე განიხილეს კოალიციის ფარგლებში საქართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თავმჯდომარეობით, კოალიციის სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ მიერ განსახორციელებელი აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს ჯგუფის წევრ ქვეყნებში არსებული დადებითი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და კარგი პრაქტიკების შესწავლას. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა კოალიციის გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რუსეთის მხრიდან მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებს, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის, ე.წ. „ბორდერიზაციის“, უკანონო დაკავებების, გატაცებებისა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეში დარღვევის ფაქტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. საქართველო, როგორც დემოკრატიული განვითარების მდგრადობის კუთხით გამორჩეული ქვეყანა, მთავრობათაშორისი კოალიციის პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით, 2019 წლის ოქტომბერში მიწვეულ იქნა კოალიციის მმართველი საბჭოს წევრად. მმართველ საბჭოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მთავრობათაშორისი კოალიციის მიერ 2019 წელს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველ საბჭოში საქართველოს მიღება იმ ხელშესახები პროგრესის შედეგია, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ეს ასახულია კონკრეტულ სარეიტინგო მაჩვენებლებში, მათ შორის, ფუნდამენტური უფლებების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების საკითხში. გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, დემოკრატიული პროცესების განმტკიცების კუთხით, ქვეყნის წინსვლის დადასტურებაა. გენერალურ მდივანს ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს და საკუთარი თვალით იხილოს საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე მიღწეული შედეგები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კოალიციის გენერალური მდივნის შეხვედრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან. ვიზიტის ფარგლებში თომას გარეტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, რათა პირადად გაეცნოს იქ არსებულ სავალალო ვითარებას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი

სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ Astrazeneca-ს მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რაც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ახლა არ ჩავუღრმავდები. ფაქტია, რომ ეს მოწოდება ვერ მოხდა. ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, Astrazeneca-ზე შექმნილ დეფიციტზე მოკვლევა მიმდინარეობს. "Astrazeneca-ს ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა 2-ჯერ, 86 600-მდე დოზა ერთად. ვაქცინის პირველი ნაწილი 13 მარტს შემოვიდა, მეორე შემოსვლა იყო აპრილის შუა რიცხვებში, ხოლო შემდგომი შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდეგ მოწოდების ამ ვადამ გადაიწია ივნისის დასაწყისში, შემდეგ კი მივიღეთ დასტური, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისს, გამთენიისას. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ Astrazeneca-ს მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რაც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ახლა არ ჩავუღრმავდები. ფაქტია, რომ ეს მოწოდება ვერ მოხდა. ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი. იმ დოზებზე, რომელზეც გახსნილი იყო ჯავშნები, 30 ივნისამდე ჩაწერილი იყო დაახლოებით 5 ათასამდე ადამიანი, მათ შორის პირველ დოზაზე ჩაწერილი იყო დაახლოებით 1 250 ადამიანი, დანარჩენები კი ჩაწერილი იყვნენ მეორე დოზაზე. ამ საკითხზე მოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. არ დავმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები და მათ შორის პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანთა ჯანმრთელობას ზიანი მიადგეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა

NCDC: ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა Astrazeneca-ს ვაქცინით აცრა, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა

Astrazeneca-ს დოზების მოწოდებაზე შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა Astrazeneca-ს ვაქცინით, აცრის ჩატარების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა. „ვსარგებლობთ შემთხვევით და პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს თანამოქალაქეებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის. აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და COVAX პლატფორმასთან მასობრივი შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია სამი მილიონი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება. ამასთან COVAX პლატფორმიდან შესყიდული Astrazeneca-ს ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო, ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან ათ კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტრირებული ადამიანების აცრა მათ მიერ განსაზღვრულ თრიღში. ყველა მოქალაქეს, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ აცრა Astrazeneca-ს ვაქცინით, აცრის ჩატარების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემათ, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში. Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი

ამირან გამყრელიძე: დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ არ გაუარესდეს სიტუაცია და მეორე მხრივ, ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს

"ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს და დანის პირზე უნდა ვიაროთ ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს სიტუაცია და მეორე მხრივ, ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოოსრდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორით უმჯობესდება. "ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორით უმჯობესდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ - ძალიან ნელი ტემპით. მხედველობაში მაქვს როგორც ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, როდესაც პიკი გვქონდა 17 მაისს და მას შემდეგ თანდათან ქვემოთ მოდის, ისევე დადებითობის მაჩვენებელი განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჯერ გაჩნდა ოდნავ ტენდენცია, დადებითობის მაჩვენებლის ერთ დონეზე სტაბილიზაციის, ამიტომ რომ შევაჯამოთ, ჩვენთან საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. ამიტომ ისევ და ისევ, ყველა ის, რაც დღეს გამოცხადდა, აუცილებელია, რომ ჩვენ რეკომენდაციის საფუძველზე მაინც ყველა რეგულაცია დავიცვათ. გასაგებია, რომ პირბადე გარე სივრცეებში რეკომენდირებული არ იქნება, მაგრამ ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, უნდა ატაროს. ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს და დანის პირზე უნდა ვიაროთ ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს სიტუაცია და მეორე მხრივ, ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს, რადგან გასაგებია, ტურისტული სეზონია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა რომელი შეზღუდვა არ უქმდება 1-ლი ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება

კელი დეგნანი: ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ოქტომბერში დაგეგმილი ადილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით. მისი თქმით, ყველა ელოდება, რომ მომავალი არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება და მისი შედეგების მიმართ მაღალი ნდობა იქნება. „ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესის მორიგი ტექსტი იქნება და ყველას სურს, რომ ის მშვიდობიანად ჩატარდეს და ისეთი შედეგი დადგეს, რომლის მიმართაც ყველა ამომრჩეველს ექნება ნდობა. ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოლაპარაკების შედეგად შექმნეს საარჩევნო რეფორმის დადგენილებების კარგი გზამკვლევი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული. ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიასა თუ ჩართულ მხარესთან მომხმარებელთა ინფორმირებაში სოციალური მედიის როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენებთან დაკავშირებით. ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ვიხილავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციას და მეტ დადებით გავლენას სოციალური მედიისა, რაც გულისხმობს ამომრჩეველთა ინფორმირებას პოლიტიკური პარტიების სტრატეგიებისა და გეგმების შესახებ, თუ როგორ აპირებენ ისინი ქართველი ამომრჩევლის პრიორიტეტების განხორციელებას. მადლობა ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთიდან ბრუნდება

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს სამშობლოში ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის მორიგი ნაკადი დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყებიც ცნობით, 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასავლეთის სარდლობისა და მესამე ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლები დახვდნენ, მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. "32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, NATO-ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას" ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მის მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. უახლოეს პერიოდში ქვედანაყოფი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდება. „მტკიცე მხარდაჭერის მისია" უკვე დაასრულა მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, რომელიც მაზარ-ი-შარიფში იყო დისლოცირებული და დაკისრებულ მოვალეობებს გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ავღანეთს ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ", - ნათქვამია ინფრომაციაში.

პირველი ივლისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი  მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება.

ამირან გამყრელიძე: პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია

"პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, რეკომენდაციები და რეგულაციები მაინც უნდა დავიცვათ. „გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს. ბევრს გეტყვით, რომ პირბადის ტარება მიზანშეწონილია, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული. პირბადის გამოყენება ძალაში რჩება დიდი თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე, ავტოტრანსპორტში, მეტროში და ა.შ. და რა თქმა უნდა, დახურულ შენობებში“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, ოქროს შუალედი უნდა შევინარჩუნოთ და დანის პირზე ვიაროთ. „ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს ეპიდვითარება და მეორე მხრივ, მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, რადგან გასაგებია, რომ ტურისტული სეზონია და ბევრი ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში“, - აღნიშნა გამყრელიძემ. დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. 1-ლი ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება რომელი შეზღუდვა არ უქმდება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვატიკანის დიპლომატიას შეუძლია ხელი შეუწყოს დიალოგს კავკასიაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Nova-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვატიკანის დიპლომატიას შეუძლია ხელი შეუწყოს დიალოგს კავკასიაში. ზურაბიშვილი ინტერვიუში განმარტავს, რომ მან ვატიკანში ჩასვლა გადაწყვიტა არა მხოლოდ იმიტომ, რომ „საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა და ჩვენთვის ამ ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ქრისტიანობა საქართველოსთვის იდენტობის საკითხია, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა, ფაქტობრივად, საქართველო მისი ისტორიის განვითარების ფაზას გადის და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ახალი თაობები მაქსიმალურად ღია იყვნენ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ“. გარდა ამისა, პრეზიდენტის განმარტებით, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში, როგორიცაა კავკასია". „საქართველო წლების განმავლობაში ცხოვრობს თავისი ტერიტორიის ორ ოკუპირებულ რეგიონთან ერთად. ვატიკანის დიპლომატიის როლი ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა არსებული სიტუაციის დეესკალაცია. მე პაპთან ხაზი გავუსვი, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარებაში დიალოგის გზით დახმარების გაწევა, რადგან ეს პრობლემის ერთადერთი გამოსავალია“, - თქვა მან. „ძალიან ბედნიერი ვიყავი Bambino Gesù საავადმყოფოს ლაბორატორიაში სტუმრობისას: შევხვდი თანამშრომლებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ კვლევით საქმიანობას, ჩვენ შეხედულებების შესანიშნავი ურთიერთგაცვლა გვქონდა ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით და შევთანხმდით, რომ ქართველ ექიმებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ამ საავადმყოფოს სასწავლო პროცესში. ეს არის ერთ-ერთი სფერო, რომელშიც საქართველომ ყველაზე მეტი პროგრესი განიცადა, მაგრამ მისი შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანია... მე პაპს ვესაუბრე რეგიონში სხვა კონფლიქტებზე, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტზე: საქართველომ პირველად უახლესი ისტორიის პერიოდში, და ჩვენი ტრადიციის მახასიათებლების წინ წამოწევით, შეძლო შუამავლობა ორ ქვეყანას შორის. ვიმედოვნებთ, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება, განსაკუთრებით სომხეთში არჩევნების შემდეგ“,- განაგრძო ზურაბიშვილმა. კონფლიქტის პირველი ეტაპის შემდეგ, გასულ შემოდგომას, საქართველომ „ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, ჩასულიყვნენ თბილისში დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიურ როლს შევასრულებთ. მნიშვნელოვანია, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ ქვეყანას ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. კიდევ უფრო მეტი ტრაგედია იქნებოდა ამ კონფლიქტის გაფართოება. ჩვენ გვინდა წარმოვადგენდეთ დიალოგისა და სტაბილურობის პლატფორმას. საქართველოსთვის დამახასიათებელი თვისებაა რელიგიური აღმსარებლობისა და ეთნიკური ჯგუფების თანაარსებობის ხელშეწყობა. საქართველოს გადარჩენისა და ზრდის სხვა გზა არ არსებობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „პაპი დამეთანხმა რეგიონში კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის“, - განმარტა ზურაბიშვილმა. ვატიკანის გარდა, პრეზიდენტის გეგმებში ასევე შედის იტალიაში ვიზიტი. „ასევე ვგეგმავ იტალიაში ჩასვლას. 2018 წელს მივიღეთ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და ახლა ნაცვალგებით ჩემი ვიზიტის დროა. ჩვენთვის იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და თქვენ იცით, რამდენს ვმუშაობთ ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად. 2024 წელს ჩვენ წარვადგენთ განაცხადს წევრობის შესახებ და ვნახავთ, რა კონსენსუსი იქნება ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ამ მოთხოვნის გარშემო“, - თქვა ზურაბიშვილმა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისტორიული წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის აღმოჩენა: უფრო ახალი ქვეყნები, რომლებთანაც ყოფილ საბჭოთა კავშირში საერთო წარსული გვქონდა, უფრო მეტად ემხრობიან ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზას და ამ მიზეზით უფრო მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ უფრო „ძველი“ წევრები“... იტალია ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ასევე, მნიშვნელოვანია, რადგან თქვენს ქვეყანაში ქართველების დიდი თემია. ბევრმა მათგანმა აქ სხვადასხვა ტიპის გამოცდილება მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა, რომ ჩვენც გადმოგვცენ. იმ ადგილების მონახულება, სადაც ჩვენი თანამემამულეების მეტი კონცენტრაციაა, მაგალითად ბარის, ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იქნება“, - თქვა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტის კიდევ ერთი თემა იქნება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. „ჩვენ უკან ვტოვებთ პანდემიას და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარების წახალისება. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო დღეებში რომში ტურიზმის გახსნის ნელი, მაგრამ პოზიტიური ნიშნები დავინახე, იგივე ვნახე თბილისშიც. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილების გაცვლა ამ სექტორში, თქვენი მტკიცე გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ აქ არის სხვა სფეროებიც, მაგალითად, აგრო-კვებისა და ღვინის სექტორი. საქართველო ახლახანს შემოვიდა ამ ბაზარზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინის ინდუსტრია, რომელიც ისტორიულია და ამ სფეროში შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ... ჩვენი საელჩო რომში ასევე თანამშრომლობს იტალიურ კომპანიებთან, რომლებიც პოტენციურად არიან დაინტერესებულნი, დაგვეხმარონ რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების წინ, რომლებსაც უახლოეს წლებში ვუმასპინძლებთ: 2022 წელს ვიქნებით Eurobasket-ის შტაბ-ბინა, ხოლო 2023 წელს თავისუფალი სტილით სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატებს ვუმასპინძლებთ. ასე რომ, დაგვჭირდება მოწყობილობები და ინფრასტრუქტურა და შესაბამისად, პარტნიორობის განვითარება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ამ სექტორში“, - განმარტა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა შიდაპოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დასრულდა მისი შუამავლობისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კონტრიბუციის წყალობით. „საქართველოს მახასიათებელი ის არის, რომ რაღაც ყოველთვის ხდება. პრეზიდენტ შარლ მიშელის შედგენილი დოკუმენტის მიღებამ და ხელმოწერამ პოლიტიკური პარტიების მიერ, მათ პარლამენტში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. ამ კონტექსტში შეიძლება არსებობდეს ყველანაირი ურთიერთობა, როგორც ეს ხდება ნებისმიერ ქვეყანაში და ამან საშუალება მოგვცა დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. მხარეთა დაბრუნებაზე პარლამენტში ძალიან ვწუხდი და ამიტომ გადავწყვიტე ჩავრთულიყავი მედიაციის პროცესში, მაგრამ ახლა ჩემი ჩართულობა აღარ არის საჭირო... ჩვენს ქვეყანას აქვს ორი ოკუპირებული რეგიონი და ამ პოლიტიკურმა დაყოფამ არ შეიძლება დაგვავიწყოს ამ პრობლემის მოგვარება. ახლა, როდესაც ეს გაყოფილი მხარეები მოვაგვარეთ, ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ. საბჭოთა დროიდან დღემდე საქართველო საპრეზიდენტო რეჟიმიდან გადავიდა დემოკრატიულ საპარლამენტო მოდელზე. ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება მომავალში კოალიციური მთავრობები ვიხილოთ, რადგან ვთვლი, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა. არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ასევე ვუყურებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას... ჩემთვის და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ძალიან მკაფიო დაყოფის თავიდან აცილება, სხვა ყველაფერს გავუმკლავდებით. განსაკუთრებით იმ ფაზაში, როდესაც ეკონომიკური დონე განახლებას იწყებს. ტურიზმის გახსნამდეც კი, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების აღრიცხვა, რომლებიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ველოდით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის თქმით, მიშელის შუამავლობამ საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში აჩვენა, ევროკავშირის განახლებული ინტერესი რეგიონის მიმართ. „როდესაც გასულ იანვარს ბრიუსელში ვიყავი, მე პრეზიდენტ მიშელს და სხვა ევროპელ ხელისუფლებს ვუთხარი, რომ ევროკავშირი საკმარისად არ იყო წარმოდგენილი მთიანი ყარაბაღის საკითხში, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში (სომხეთი აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში, უფრო აქტიური ჩართულობის ნიშანია... რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირი იმყოფება სადამკვირვებლო მისიით (Eumm). სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ამ ტიპის ოპერაციების განთავსება შეუძლებელი ჩანდა. ახლა მიზანი მისიის გაფართოებაა: 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია, რომ მისია უნდა აკონტროლებდეს ყველა ტერიტორიას“, - დასძინა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის თქმით, ვატიკანის დიპლომატიის წყალობით, პირველი მიზანი შეიძლება იყოს ოკუპაციის ხაზთან რეგულარულად მომხდარი ინციდენტების თავიდან აცილება. "ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. ეს მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება მოხდეს“, - განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა. „პანდემიის შემდეგ, ჩვენ განვაახლებთ ბათუმის კონფერენციის ტრადიციას, რომელიც ფოკუსირებულია ზუსტად ევროინტეგრაციაზე, ღონისძიება, რომელსაც რამდენიმე საერთაშორისო ლიდერი ესწრება. ამ ღონისძიების კონტექსტში შევეცდებით ყურადღება მივაქციოთ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ვითარების განვითარებას, რათა გავიგოთ რა ხდება ამ წუთებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. აღმოსავლეთის პარტნიორობა გარკვეულ პრობლემებს აწყდება, ძირითადად ბელორუსის გამო, მაგრამ ამ კონტექსტში შეიძლება კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოხდეს, რაც წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, იგივე სიჩქარით წინ წავიდნენ ევროინტეგრაციისკენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი ასევე კმაყოფილია NATO-ს სამიტის შედეგებით, რომელიც გასულ 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართა. „სამიტიდან გამოჩნდა სურვილი დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკა. ჩვენ ვნახეთ ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში, რომ ეს არის კონკრეტული მოქმედება და არა მხოლოდ სიტყვები. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის აღიარება, რომ ქვეყანამ პროგრესი განიცადა ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არ იყო სამიტი, სადაც დიდი გადაწყვეტილებები იყო მოსალოდნელი, ასევე იმიტომ, რომ იგი პირველი გაიმართა შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მონაწილეობით, ამიტომ ყურადღება გამახვილდა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებზე. ამასთან, ჩვენ ვნახეთ წინ გადადგმული ნაბიჯები, პროგრესი... საქართველოსთვის დგას საკითხი, გაგრძელდეს თუ არა წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), რჩევების, დახმარებისა და პრაქტიკული დახმარების პროგრამა, ადაპტირებული ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. უფრო მეტიც, ამ პროგრამაში მონაწილეობა შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ წევრ ქვეყანას, ხელი შეუწყონ ჩვენი გაწევრიანების პროცესს ასე რომ, ცხადია, რომ ბრიუსელის სამიტიდან არანაირი რევოლუციური ფიქრი არ გამოვლენილა, მაგრამ არა მგონია, რომ ამას ველოდით. ამასთან, აქტუალური იყო იმის გამეორება, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ზურაბიშვილის აზრით, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ შავი ზღვა გახდა უფრო მთავარი NATO-ს სტრატეგიაში: „ეს არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უშუალოდ მონაწილეობს ამ სცენარში. ჩვენი მონაწილეობის გარეშე შავ ზღვაში არაფერი შეიძლება მოხდეს და იგივე ეხება უკრაინას. შემთხვევითი არ არის, რომ უახლოეს დღეებში ვეწვევი კიევს: ეს არის შემდეგი კონკრეტული ნაბიჯი NATO-სთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის... როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ურთიერთობების კონკრეტულად გაღრმავება. ჩვენ ვიცით, რომ ამ ორ ორგანიზაციაში გაწევრიანება პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ამ პრობლემების მიღმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „დე ფაქტო ინტეგრაცია“ განხორციელდეს. NATO-ს შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ თანამშრომლობა შავ ზღვაში და კიბერუსაფრთხოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია; ევროკავშირთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ეკონომიკური სექტორების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრაციას, მაგალითად, ინფრასტრუქტურისა და კავშირგაბმულობის (connettività) თვალსაზრისით“, - დასძინა მან. „მე მჯერა, რომ ბევრი კონკრეტული სამუშაოა გასაკეთებელი, რომ ზოგადად იდეოლოგიური გადაწყვეტილებების მიღება უფრო ადვილი გახდეს“, - ასკვნის საქართველოს პრეზიდენტი.