ძებნის რეზულტატი:

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

22 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 238 220-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელეებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 84 756 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინით 3 810 ადამიანი აიცრა.

ევროკავშირი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთის სტაბილურ, დემოკრატიულ და წარმატებულ მომავალს, - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "ჩვენ ველით მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის ახლად არჩეულ პარლამენტთან და მთავრობასთან. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთად ითანამშრომლონ სომხეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე სომხეთის წინაშე მდგარი გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად. ევროკავშირი მზადაა გააძლიეროს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და მხარი დაუჭიროს სომხეთს მნიშვნელოვან რეფორმებში, რომელიც ეფუძნება ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაღრმავებული პარტნიორობის შეთანხმებაში ერთობლივ ვალდებულებებს" ,- ნათქვამია ევროკავსირის განცხადებაში. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს საფუძვლიანად და სწრაფად სომხეთის სამართლებრივ ჩარჩოთი გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გამოყენებით.

იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას 23-30 ივნისს ადგილზე შეისწავლის

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას 23-30 ივნისს ადგილზე შეისწავლის. მათივე ცნობით, ისინი ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევის შედეგად, მიუხედავად პანდემიისა, იუნესკო-ს (UNESCO) უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოდის და როგორც კედლის მხატვრობის დაზიანების, ასევე სახურავის მოწყობის ხარვეზების დიაგნოსტიკის მიზნით მუშაობას 23 ივნისს შეუდგება. კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება. სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აქვთ გადაწყვეტილი. ისინი თვლიან, რომ მედიის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მხოლოდ მისიის დასასრულს, თბილისში დაბრუნებისას არის შესაძლებელი შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვა. 12 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პირადად გაეცნო გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად – გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რაც უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალებას მისცემთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნათია თურნავა: მზად ვართ, შევხვდეთ ღამის კლუბების წარმომადგენლებს და განვიხილოთ ინდუსტრიის დახმარების საკითხი

"მზად ვართ, შევხვდეთ ღამის კლუბების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განვიხილოთ ინდუსტრიის დახმარების საკითხი", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად მზად ვართ, მათ შევხვდეთ და განვიხილოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ. თუ კლუბებისგან ეს ინიციატივა წამოვა, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და აუცილებლად მოვნახავთ გამოსავალს ისევე, როგორც მთელი ეს პერიოდი ჩვენ ბევრ სხვა ინდუსტრიასთან მიმართებაში ვნახულობდით გამოსავალს“, - განაცხადა თურნავამ. როგორც თურნავამ აღნიშნა, პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მოლოდინი არსებობდა, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება, მათ შორის, ღამის კლუბებზე. „სამწუხაროდ, ჯერ ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე, რადგან ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ღამის კლუბებთან ერთად უნდა განვიხილოთ, თუ დახმარების რა შესაძლებლობები არის, რადგან ეს ინდუსტრია მართლაც არის დაზარალებული, ისევე როგორც ბევრი სხვა ინდუსტრია დაზარალდა კოვიდისგან, მაგრამ ყველაზე დიდხანს, როგორც ჩანს, შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ. დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. 1-ლი ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება რომელი შეზღუდვა არ უქმდება

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ აფთიაქში ვადაგასული წამლები ამოიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას ვადაგასული წამლები ამოიღო. რეგულირების სააგენტოს განცხადებით, საერთო ჯამში საწარმოს 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა. სააგენტოს ცნობით, საწარმომ, ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი ვერ წარმოადგინა. "გარდა ამისა, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა. შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით, გადაეგზავნა სასამართლოს.", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჯონ კირბი: „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე, აშშ-მა ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის პროცესი შესაძლოა, შეანელოს

BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ავღანეთში „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე, აშშ-მა ქვეყნიდან სამხედროების გაყვანის პროცესი შესაძლოა, შეანელოს. მისივე თქმით, 11 სექტემბრამდე სრული გაყვანის ბოლო ვადა კვლავ მოქმედებს, მაგრამ ტემპი შეიძლება შეიცვალოს. გასულ კვირას პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯარის დაახლოებით ნახევარი ავღანეთიდან უკვე გასულია. ბოლო თვის განმავლობაში თალიბებმა შეტევები გაააქტიურეს და 30-ზე მეტ ოლქზე კონტროლი დაამყარეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისლამისტურმა ჯგუფმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა მოიპოვა, ასევე მოკლა, დაჭრა ან ტყვედ აიყვანა ათობით ჯარისკაცი. „თალიბანი“ აცხადებს, რომ დაჯგუფებამ ჩრდილოეთით მდებარე ყუნდუზის პროვინციაზე სრული კონტროლი დაამყარა და ავღანეთის მთავრობამ მხოლოდ პროვინციის დედაქალაქი შეინარჩუნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ყუნდუზს თალიბებმა ალყა შემოარტყეს.

საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები არსებული მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდიან

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ფრენების ინტენსივობა იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, რეგულარული ფრენები არსებულ მიმართულებებზე შემდეგი სიხშირეებით განხორციელდება: 15 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში, ავიაკომპანია FlyDubai დუბაი - თბილისი - დუბაის მიმართულებით 19 დამატებითი რეისის შესრულებას გეგმავს; 1-ლი ივლისიდან 11 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირეს დაამატებს და ამ პერიოდის განმავლობაში, ჯამში რეისები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება; 1-ლი ივლისიდან 29 აგვისტომდე, ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი ტაშკენტი -თბილისი - ტაშკენტის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირის დამატებას გეგმავს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. 20 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი დაამატებს 1 სიხშირეს ნურსულთანი - ქუთაისი - ნურსულთანის საჰაერო ხაზზე. შესაბამისად, რეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით შესრულდება. ამასთან ავიაკომპანია ზრდის ფრენის სიხშირეს აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს მიმართულებით და 5 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე, ავიარეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს, ნაცვლად 3 სიხშირისა; 1-ლი ივლისიდან 12 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Belavia მინსკი - ბათუმი - მინსკის საჰაერო ხაზზე 4 სიხშირის დამატებას გეგმავს. ჯამში, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 18 სიხშირით განხორციელდება; უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 24 ივნისიდან ამატებს კიდევ 1 სიხშირეს ოდესა - თბილისი - ოდესის საჰაერო ხაზზე. ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა. გაზრდილი სიხშირით ოპერირებას ავიაკომპანია სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი გეგმავს). "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭათ. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კელი დეგნანი: მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერება სისტემის რღვევას არ გამოიწვევს

"დამოუკიდებელი შეფასებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ [მოსამართლეების დანიშვნის] პროცესის დროებით შეჩერება სისტემის რღვევას არ გამოიწვევს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ISFED-ის ღონისძიების შემდეგ განაცხადა. ელჩის თქმით, პარლამენტს კონსტიტუციითა და 19 აპრილის შეთანხმებით დაკისრებული აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დროებით შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. როგორც დეგნანმა განაცხადა სისტემაში არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა, რათა გაიმართოს დეტალური განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი დამატებითი რეფორმებია საჭირო საქართველოს სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად. "მოსამართლეების დანიშვნისპროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ჩემს მოწოდებაზე უფრო მნიშვნელოვანი ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აიღეს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით, რაც რეფორმების გატარებამდე დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. ისინი ასევე დათანხმდნენ, რომ რეფორმების სრულად გატარებამდე უნდა გაიმართოს ფართო განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი რეფორმებია საჭირო. შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოლაპარაკების გზით მიაღწიეს ამ შეთანხმებას და სასამართლო რეფორმის შესახებ ამომწურავი განხილვის ჩატარებამდე ამ პროცესის დროებით შეჩერებაზე დათანხმდნენ. საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად არის ნათქვამი, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არის ძალიან სერიოზული ვალდებულება და დაპირება ქართველი ხალხისადმი. კონსტიტუციაში უმეტესწილად განსაზღვრულია პროცედურები და პროცესები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საერთო კანონმდებლობით, სასამართლოების შესახებ საერთო კანონითა და სხვა კანონებით, რომელთა ამოქმედება და შეცვლაც პარლამენტის უფლებამოსილებაშია. ახლა პარლამენტს კონსტიტუციითა და 19 აპრილის შეთანხმებით დაკისრებული აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დროებით შეაჩეროს [მოსამართლეთა] დანიშვნის პროცესი, რათა უზრუნველყოს დებატების გამართვა და მოხდეს წინა რეფორმების შეფასება, - რაც 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის მოცემული, - რათა საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებული იყონ, რომ მათი სასამართლო სისტემა ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელია, როგორსაც კონსტიტუცია მოითხოვს. ვფიქრობ, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც იმედია პარლამენტარები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. როგორც უკვე ვთქვი, დამოუკიდებელი შეფასებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ [მოსამართლეების დანიშვნის] პროცესის დროებით შეჩერება სისტემის რღვევას არ გამოიწვევს. სისტემაში არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა, რათა გაიმართოს დეტალური განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი დამატებითი რეფორმებია საჭირო საქართველოს სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად. ეს არის რაზეც ყველა საუბრობს და რაზეც პარტიებმა ვალდებულება აიღეს მოლაპარაკების შედეგად მიღებული შეთანხმების ხელმოწერით", - განაცხადა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით

კელი დეგნანი: კარგი იქნებოდა 19 აპრილის შეთანხმებაში სრულად ასახულიყო ვენეციის კომისიის ძველი და ახალი რეკომენდაციები და არა ნაწილობრივად გათვალისწინება

"კარგი იქნებოდა 19 აპრილის შეთანხმებაში სრულად ასახულიყო ვენეციის კომისიის ძველი და ახალი რეკომენდაციები და არა მათი ნაწილობრივად გათვალისწინება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ISFED-ის ღონისძიების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება არის საარჩევნო რეფორმის კარგი გზამკვლევი. "გავიმეორებ, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ 6 თვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებაა და ჩვენ გაგვიხარდა, რომ საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი უფრო ინკლუზიური იყო, ვიდრე ადრე. სამოქალაქო საზოგადოებას, სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და ოპოზიციას მიეცა საშუალება ჩართულიყვნენ საკითხების განხილვასა და იმგვარი კანონპროექტის ჩამოყალიბებაში, რომელშიც ასახული იქნება ყველას ინტერესები და სატკივარი. მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ასახულია ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები, რომელთა ასახვა ადრე არ მოხდა. ჩემი აზრით, კარგის ნიშანი იქნებოდა ძველი და ახალი რეკომენდაციების სრულად ასახვა და არა მათი ნაწილობრივად გათვალისწინება. ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ეს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა იყოს ყოვლისმომცველი და აღმოიფხვრას წინა არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები. ცოტა გასაკვირი კი იყო, რომ საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის განხილვა ღამის 10 საათზე ჩაინიშნა, თუმცა მაინც კარგი დასაწყისია და როგორც ვიცი, კარგი განხილვა მოეწყო, რომელიც იმედია გაგრძელდება და შედეგად შეიქმნება კანონი, რომელიც ოპოზიციის, მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების, სხვა დაინტერესებული პირებისა და, რაც მთავარია, ქართველი ამომრჩევლის აზრით გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესს საქართველოში", - განაცხადა დელი დეგნანმა. კელი დეგნანი: მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერება სისტემის რღვევას არ გამოიწვევს კელი დეგნანი: ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით

ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "Echowaves 2021"გაუქმდა

2021 წლის ზაფხულში ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაუქმდა. ამის შესახებ ფესტივალის ოფიცილურ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით, Echowaves 2021 წელს 19-22 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. "დიდი სურვილისა და შემართების მიუხედავად, წელს ანაკლიაში შეგხვედროდით, სამწუხაროდ, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდ ვითარება ამის საშუალებას არ გვიტოვებს. Echowaves-ის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფესტივალი 2021 წლის 19-22 აგვისტოს აღარ ჩატარდება.Echowaves 2022 წლისათვის გადაიდო. ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, პირველ რიგში, სტუმრების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. ფესტივალებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი", - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზატორები, მათ მიმართავს, ვისაც მულტიპასი აქვს: შესაძლებელი იქნება მისი შენახვა და 2022 წელს გამოყენება;შესაძლებელია ბილეთის ღირებულების დაბრუნება (თანხის მისაღებად გადადით www.tkt.ge-ს მიერ მულტიპასის შეძენის დროს მეილსა და მობილურის ნომერზე გადმოგზავნილ ლინკზე და მიჰყევით ინსტრუქციას). ბილეთის ფასის დაბრუნების მსურველებისთვის ლინკი 21 ივნისიდან 21 ივლისამდე იმუშავებს;თუ მოცემულ თარიღებში ბილეთებს უკან არ დააბრუნებენ, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2022 წლის ფესტივალზე. "Echowaves 2022 წლის 18-21 აგვისტოს ჩატარდება. მალე შევხვდებით ანაკლიაში!" - აცხადებენ ორგანიზატორები.

აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, მოსკოვში ამ კვირაში დაბრუნდება

აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, მოსკოვში მომავალ კვირაში დაბრუნდება, - ამის შესახებ 21 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური დაპირისპირების გამო სალივანმა რუსეთი აპრილში დატოვა. პრაისის თქმით, აშშ მიესალმა რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის ვაშინგტონში დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ ჟენევის 16 ივნისის სამიტის დროს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმა, ორმხრივი დაძაბულობის განსამუხტავად, ელეჩების სასწრაფოდ დაბრუნების შესახებ მოილაპარაკეს. აშშ-ს ელჩმა რუსეთი დატოვა - ის კონსულტაციებისთვის სამშობლოში გაემგზავრა რუსეთის ელჩი აშშ-ში ბრუნდება

ევროკავშირის გარდა, ბელარუსისთვის საჰაერო სივრცეს 7 ქვეყანა კეტავს

ევროკავშირის გარდა, 7 ევროპული სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობაში არ შედის, ბელარუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეავენ. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა როგორც ცნობილია, ბელარუსისათვის ცა ჩაკეტა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ, მონტენეგრომ, სერბეთმა და ალბანეთმა, ასევე ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა და ნორვეგიამ. ბელარუსისათვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის აკრძალვა ძალაში 5 ივნისიდან შედის. ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განმარტა, რომ ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლას მანამ განაგრძობს, სანამ მთავრობა ბლოგერ რომან პროტასევიჩს არ გაათავისუფლებს. ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ანგელა მერკელი ორი სხვადასხვა ვაქცინით აიცრა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორი სხვადასხვა ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას, კანცლერის პრეს სპიკერზე დაყრდნობით, AFP ავრცელებს. 66 წლის მერკელმა ვაქცინის პირველი დოზა აპრილში გაიკეთა. მაშინ ის AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, თუმცა მეორე აცრის დროს არჩევანი ამერიკულ Moderna-ზე შეაჩერა.

ფილიპინების პრეზიდენტი პატიმრობით ემუქრება მათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე პატიმრობით ემუქრება იმ მოქალაქეებს, რომლებიც Covid19-ის საწინააღმდეგო აცრაზე უარს იტყვიან. კორონავირუსის ე.წ. დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ფილიპინების მთავრობამ საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა. ფილიპინების 110-მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 1.95 პროცენტია აცრილი. დუტერტე ამბობს, რომ ვინც აცრაზე უარს იტყვის, ქვეყანა უნდა დატოვოს და ინდოეთში ან აშშ-ში წავიდეს. „თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ: მიიღებთ ვაქცინას ან მე ციხეში გაგგზავნით“, – განაცხადა დუტერტემ. ფილიპინებმა ვაქცინაციის პროგრამა მარტში დაიწყო, მაგრამ აცრის რამდენიმე ცენტრში მოსახლეობის დაბალი აქტივობაა. როდრიგო დუტერტეს განცხადებით, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აბრაზებენ და მათ „ღორებისთვის განკუთვნილი ვაქცინით აცრის“.

ევროსასამართლომ 2005 წელს ჩეჩნეთში 11 ადამიანის გაუჩინარებისთვის რუსეთს 2 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, 2005 წელს ჩეჩნეთის სოფელ ბოროზდინოვსკაიას 11 მოსახლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რუსეთს თითქმის 2 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ევროსასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მრავალი მუხლი, მათ შორის - სიცოცხლის უფლება. "განმცხადებლები ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები უკანონოდ ჩხრეკდნენ სახლებს, აპატიმრებდნენ და ცუდად ექცეოდნენ მოსახლეობას, რამდენიმე ადგილობრივი მოკლეს, ცეცხლი წაუკიდეს ოთხ სახლს და 11 მოსახლე გაიტაცეს.", - ნათქვამია განაჩენში. როგორც ცნობილია, ბატალიონის სამხედროთა უმრავლესობა ჩეჩნეთიდან იყო. რუსეთმა დამოუკიდებლად გამოიძია მომხდარი. „ვოსტოკის“ ხელმძღვანელობამ ყველა ბრალდება უარყო. 2005 წლის ოქტომბერში გროზნოს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა „ვოსტოკის“ ასეულის მეთაურს, მუჰადი აზიევს. ბოროზდინოვსკაიას წმენდისთვის მას პირობითი პატიმრობა მიესაჯა. აზიევი თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ცნეს დამნაშავედ. გაუჩინარებულთა ნათესავებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ამ საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა 2006 წლის ბოლოს გაიმართა.

აშშ და იაპონია ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

იაპონიის თავდაცვის მინისტრის კიში ნობუოს განცხადებით, იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედროები ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას სახელწოდებით Orient Shield-ს ჩაატარებენ. როგორც ცნობილია სწავლებაში ორივე მხრიდან დაახლოებით 3 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, წვრთნები ხუთშაბათს, 24 ივნისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება. „ამ სწავლებების ისტორიის მანძილზე, ეს წვრთნები იქნება ყველაზე მასშტაბური იქნება. იაპონიის გარშემო არსებული რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. უმნიშვნელოვანესია იაპონიის თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს იაპონურ-ამერიკული სტრატეგიული ალიანსის განმტკიცებას“, – განაცხადა იაპონელმა მინისტრმა. იაპონია-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები Orient Shield 1985 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ის შექმნილია ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის ურთიერთქმედების გასაზრდელად, ასევე ტაქტიკური და საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად.

პოლონეთი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, საქართველოდან და კიდევ 9 ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას COVID-19-ზე ნეგატიური ტესტის პასუხის საფუძველზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Schengenvisainfo-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. Schengenvisainfo.com-ის მიხედვით, პოლონეთში შესვლას ტესტზე ნეგატიური პასუხის საფუძველზე საქართველოს გარდა შემდეგი ქვეყნები შეძლებენ: აშშ, იაპონია, კანადა, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ტუნისი, ავსტრალია, ისრაელი, სამხრეთ კორეა. პოლონეთის მთავრობის განცხადებითვე, კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის ხარჯების გაწევა თავად მგზავრებს მოუწევთ.

ისრაელში 20 აპრილის შემდეგ პირველად, კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გამოცემა Hazeert-ი ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 125 შემთხვევა დაფიქსირდა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ჩეზი ლევის განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 70% დელტა ვარიანტია. ლევისმა ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია, ხოლო ინფიცირებულთა მესამედი აცრილი იყო. ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა თავდაცვის ძალებშიც. ეპიდსიტუაციის გამო, თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა გასცა ბრძანება, რომ თავდაცვის დაწესებულებების, სარდლობისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების კორონავირუსის ტესტირების პროცესი განახლდეს. ისრაელში ნიღბების ტარების ვალდებულება გასულ კვირას გაუქმდა. ამჟამად ისრაელში 434 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 258-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია. ისრაელის 5.5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ კორონავირუსის ვაქცინაციის პირველი დოზა, ხოლო 5.1 მილიონმა მეორე დოზა მიიღო. ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები სამხედროებს მოუწოდებენ, მზად იყვნენ ქვეყნის მასშტაბით ტესტირების ცენტრების გასახსნელად.

ინდურ შტამს განსხვავებული სიმპტომები აქვს, რაც დიაგნოსტიკურ პროცესს ართულებს - ივანე ჩხაიძე

ინდურ შტამს განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს, რაც დიაგნოსტიკურ პროცესს ართულებს. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრობს. „აქ წამყვანია ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და სურდო. მას არ ახასიათებს ცხელება და ხველა, როგორც ძირითადი სიმპტომი. ჩინური შტამის შემთხვევაში, წამყვანი სიმპტომები იყო ცხელება და ხველა. ინდურ შტამს ახასიათებს განსხვავებული სიმპტომატიკა და უფრო მეტად აგრესიულია ახალგაზრდებსა და 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ეს შტამი გადმოწევს ინფიცირებულთა საშუალო ასაკს. გრიპის დროს, ერთი ადამიანი აინფიცირებს მის გარშემო 1,3-ს, ჩინური შტამის დროს - 2,5-ს, ჩინურ შტამთან შედარებით ბრიტანული 60%-ით გადამდებია. დელტა შტამის შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო შეიძლება აინფიცირებდეს 4-5 ადამიანს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

Google-ის წინააღმდეგ ევროკავშირმა ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო

Euronews-ის ინფორმაციით, კომპანია Google-ის წინააღმდეგ ევროკავშირმა ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, გამოძიებამ უნდა გამოავლინოს, დაარღვია თუ არა Google-მა ევროკავშირის კონკურენციის წესები. აქცენტი გაკეთდება იმაზე, ახშობს თუ არა კომპანია კონკურენციას მესამე პირებზე, მომხმარებლის მონაცემებზე წვდომის შეზღუდვით, ვებგვერდებსა და აპლიკაციებში სარეკლამო მიზნებისთვის. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაადგენს, იყენებს თუ არა ამერიკული გიგანტი თავის პოზიციას ბოროტად, როდესაც საქმე ონლაინ ციფრულ სარეკლამო ტექნოლოგიებს ეხება. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში ციფრულ რეკლამირებაზე დახარჯულმა თანხებმა 2019 წელს დაახლოებით 20 მილიარდ ევროს მიაღწია. მესამე მხარის ვებგვერდებზე კონტრაქტებში შემზღუდველი პუნქტების დაწესების გამო, 2019 წლის მარტში ბრიუსელმა Google-ი 1.49 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.