ძებნის რეზულტატი:
დღეს, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ყატარში შეხვდებიან
დღეს, ავღანეთის მთავრობის და „თალიბანის“ დელეგაციები ერთმანეთს ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას France24 აცრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეხვედრაზე განიხილავენ გარდამავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების, ასევე ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმართა გაცვლის საკითხებს. 2020 წლის სექტემბრიდან ყატარში შიდაავღანური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე ჯერ ვერ თანხმდებიან. კერძოდ, ვერ თანხმდებიან სამთავრობო ძალებსა და „თალიბანს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
რუსეთში რადარებიდან გამქრალი თვითმფრინავი იპოვეს
რუსეთში, მცირე ზომის თვითმფრინავი, An-28, რომელიც ციმბირში, ტომსკის ოლქში რეგიონულ რეისს ასრულებდა და რადარებიდან გაქრა, იპოვეს. თვრამეტივე მგზავრი ცოცხალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ პილოტს ფეხი აქვს მოტეხილი. როგორც მისი კოლეგა ჰყვება, თვითმფრინავის ავარიულად დაშვება მოუწიათ, რადგან ორივე ძრავი გაითიშა. რუსეთის რეგიონებში, ავიაკატასტროფები საკმაოდ ხშირია, რისი ძირითადი მიზეზიც ძველი თვითმფრინავებია. ტომსკის ოლქში, მცირე ზომის თვითმფრინავი, "ანტონოვ-28" 2012 წელსაც ჩამოვარდა. შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, კატასტროფის მიზეზი გამოძიების მიხედვით, ის გახდა, რომ ორივე პილოტი ნასვამი იყო.
ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის შესახებ სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2021 წლის 15 ივლისის N00014916 ბრძანებით, დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, რაც მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმის თანახმად მოქმედებებს გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამოქმედო გეგმა 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და ის დეტალურად, კონკრეტული თარიღებით და თითოეულ პუნქტზე პასუხისმგებელი პირებით არის გაწერილი. "გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე უნდა იქნეს მოძიებული მუზეუმის საჭიროებებზე მორგებული დროებითი სივრცე თანამშრომლებისა და საცავებისათვის, ხოლო 2022 წლის 5 თებერვალს მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა დასრულებული უნდა იყოს. მოცემულ პერიოდში, თავდაპირველად დროებითი სივრცის რეკონსტრუქცია და ფონდების სხვადასხვა საჭიროებაზე მორგება მოხდება, ხოლო ფონდებისა და კოლექციების მიგრაცია ექვს ეტაპად განხორციელდება. მუზეუმს პირველი ქსოვილებისა და ნაქარგობის ფონდი და არქივისა და მემუარების ფონდი დატოვებს (2021 წლის 10 სექტემბერი), ხოლო ყველაზე ბოლოს, ახალ დროებით სივრცეში ოქროს ფონდი იქნება გადატანილი. ამასთან, ოქროს ფონდის ზოგიერთი, UNESCO-ს საექსპერტო დასკვნის თანახმად ყველაზე დაზიანებული ხატები ამავე დასკვნის შესაბამისად მომზადდება გადასატანად. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე დაზიანებული ჭედური ხატების საყრდენი ხის დროებითი გამაგრება უნდა მოხდეს, რაც გადატანისას ხის ჩამოშლის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ამისათვის, შეიქმნება ქართულ-უცხოური პროფესიონალთა ჯგუფი, რისთვისაც სამოქმედო გეგმა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ვადას აწესებს. 2022 წლის 1-ელ იანვრამდე კი საგანძურში დაცული ექსპონატების გადამტანი ჯგუფი დაკომპლექტდება და ამგვარი ექსპონატების გადატანის მიმართულებით გაივლის სპეციალურ გადამზადებას. კულტურის მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის N00014916 ბრძანებით, დამტკიცებული შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://cutt.ly/2mZBpWC კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას აცნობა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მუზეუმის შენობაზე ჩატარებული ექსპერტიზა და საგანძურის კონკრეტულ ექსპონატებზე (ხახულის ღვთისმშობლის ხატი; ანჩის ხატი; აწყურის ღვთისმშობლის ხატი; წილკნის ღვთისმშობლის ხატი; ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი; ზარზმის ფერისცვალების ხატი; ზარზმის ღვთისმშობლის ხატი (ლაკლაკიძეები); კაცხის მაცხოვრის ხატი; ახალი შუამთის ღვთისმშობლის ხატი) კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. მოცემული დასკვნის თანახმად, ყველა შესწავლილი ხატის (როგორც ფერწერული, ისე ჭედური) საყრდენი ხე დაზიანებულია და არ არის გამორიცხული, ხის დაზიანების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობდეს. ამასთან, სხვადასხვაგვარად არის დაზიანებული ხატების ფერწერული და ჭედური ნაწილებიც. შესაბამისად, ზოგიერთი ხატის გადაადგილება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მეთოდითაა რეკომენდებული, ხოლო დანარჩენი ხატების გადაადგილება იმავე მეთოდით მხოლოდ ხის დროებითი გამაგრების შედეგადაა შესაძლებელი. რაც შეეხება მუზეუმის ძირითადი შენობაზე (ე.წ. ყოფილი სემინარია) ჩატარებულ ექსპერტიზას, შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის თანახმად: ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური; ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება; შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი; შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან და შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველო ამერიკის მთავრობისგან საჩუქრად Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს
მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ფართო ვაქცინაცია შესთავაზოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, Pfizer-ის ვაქცინები საქართველოში ყოველ შაბათ-კვირას შემოვა. „ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს. ამ სიტუაციაში, მთავრი გამოსავალი არის ვაქცინაცია. იქამდე, იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არ იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები ჩამოგვეტანა. მილიონი ვაქცინაა ადგილზე. ერთი მილიონი დოზა Pfizer-ის მოწოდება უკვე დაიწყო და ყოველ შაბათ-კვირას, ჩვენ შემოგვივა Pfizer-ის ვაქცინები. ასევე, აღსანიშნავია მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომლებიც ტრადიციულად დამზადებული ვაქცინებია და ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ. Pfizer-ს რაც შეეხება, მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი შემოვა საქართველოში. ინფიცირების შემთხვევებმა იმატა ბავშვებში. მე, როგორც მშობელმა, მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას; გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ფართო ვაქცინაცია შესთავაზოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მთავრობას სჭირდება თანადგომა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები და ახლა საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება. „გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა - 10 000 აცრა ჩავატარეთ, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ავიდეთ 20-30 ათასზე მინიუმ, რომ თვეში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე ავცრათ. ამის გარდა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა, რაც არის ძალიან შემაწუხებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მე მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გავიაზროთ, კერძო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება, ერთობლივი ძალისხმევით, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ტვ პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ორ ბრალდებულებულს პატიმრობა შეეფარდა
„ტვ პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. ორივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა. ვანო ბურდულის ადვოკატი, თორნიკე გვენეტაძე აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელს მხოლოდ ორი მოწმე - პოლიციელები ადებენ ხელს. მისივე თქმით, პოლიციელებს ჩვენებაში ნათქვამი აქვთ, რომ ბურდულს ნაცრისფერი შარვალი ეცვა, რეალურად კი, მას მოკლე შარვალი ეცვა, რაც ადვოკატის თქმითვე, იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიციელებს ბრალდებული ვიდეობიდან ჰყავთ ნანახი. გვენეტაძის თქმით, დაზარალებული ოპერატორიც ვერ ახდენს აღწერს იმ პირის, ვინც მას თავს დაესხა. ვანო ბურდულის და დავით ქოჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს. „შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
იან კელი მოსამართლეების დანიშვნაზე: ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი დასავლური დემოკრატიიდან ერთპარტიული სისტემისკენ
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი უზენაესი მოსამართლეების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი დასავლური დემოკრატიიდან ერთპარტიულ მმართველობისკენ. "აშშ-მ მილიარდები დახარჯა ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად. რაც, ალბათ, ყველაზე მთავარია ძალთა ბალანსის დასადგენად. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი დასავლური დემოკრატიიდან ერთპარტიული მმართველობისკენ. ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეაჩეროს ეს პროცესი". - წერს იან კელი Twitter-ზე.
ჯო ბაიდენი ერაყის პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში უმასპინძლებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 26 ივლისს თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრს მუსტაფა ალ-კადიმს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციათ თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით,მხარეები შეხვედრაზე აშშ-სა და ერაყს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს განიხილავენ. "პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებსა და ერაყს შორის და ხელს შეუწყობს ორმხრივ თანამშრომლობის გაღრმავებას "სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმების" შესაბამისად. ასევე განიხილავენ საერთო ინტერესის მნიშვნელოვან სფეროებს, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებს. პრეზიდენტი ბაიდენი ასევე ელოდება ერაყთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, რათა ერთობლივი ძალისხმევითდაამარცხონ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო" (ISIS-ი)", - ნათქვამია განცხადებაში.
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად შექმნილ სამთავრობო კომისიას საკმაოდ ამბიციური ამოცანები აქვს - ლაშა დარსალია
დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად შექმნილ სამთავრობო კომისიას საკმაოდ ამბიციური ამოცანები აქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ლაშა დარსალიას განცხადებით, მოიაზრება ექვსთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მეტ-ნაკლებად საერთო ხედვაზე უნდა მოხდეს ჩამოყალიბება და რომლის ფარგლებშიც მოიაზრება ყველა აქტორთან, არამარტო სახელმწიფო აქტორთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან, Think-Tank-ებთან ჩართულობას სხვადასხვა პროცესის ფარგლებში. „დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად, სამთავრობო კომისია არის შექმნილი. გუშინ იყო პირველი შეხვედრა და პრაქტიკულად დაიწყო პროცესი. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა კომისიის წინაშე. მე ვიტყოდი, საკმაოდ ამბიციური ამოცანებია. პირველ რიგში, ეს არის უწყებათაშორისი პროცესის წარმართვა და მეორე მხრივ, ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბება. აქ იგულისხმება ის, რომ არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ საზოგადოების ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და მერამდენე ათეული წელია, ეს საკითხი საქართველოს წინაშე დგას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე იყოს საერთო ეროვნული კონსენსუსი და ყველა აქტორი, ვინც მეტ-ნაკლებად ჩართულია ამ საკითხში, კომისიის მიერ მოიაზრება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და როგორღაც შევძლოთ ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბება ამ საკითხებზე. მოიაზრება ექვსთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მეტ-ნაკლებად საერთო ხედვაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოვიაზრებთ ყველა აქტორთან, არამარტო სახელმწიფო აქტორთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან, Think-Tank-ებთან ჩართულობას სხვადასხვა პროცესის ფარგლებში, რომ ერთიანი აზრი ჩამოყალიბდეს. დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი, რადგან ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეროგატივა. მასზე უნდა არსებობდეს საერთო ეროვნული კონსენსუსი თავად საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ ყველა დაინტერესებული ჯგუფი, ვინც არის ჩართული პროცესებში, იყოს ამ პროცესის ნაწილი“, - განუცხადა ლაშა დარსალიამ Europetime-ს. მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ აშშ-ის და ევროკავშირის პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს - ლაშა დარსალია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა
აჭარაში ტურისტებს კორონავირუსის "დელტა" შტამი დაუდასტურდათ
აჭარაში კორონავირუსის "დელტა" შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. "დელტა" შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან კონტაქტში მყოფები კი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში იმყოფებიან. გარდა ამისა, ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელსაც დაუდასტურდა. კაფემ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფები იზოლაციაში გადავიდნენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, ამ დროისთვის ბავშვთა საავადმყოფოში ინფიცირებული 15 ბავშვი მკურნალობს. ზოგადად კი, მიმართვიანობა გაზრდილი არ არის. მინისტრის თქმით, მიმართვიანობის გაზრდის შემთხვევაში სამინისტრო მზადაა საწოლები დაამატოს.
ლაშა დარსალია ოკუპანტების მიერ დაკავებულებზე: მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკითხები ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაიჭრას
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ოკუპანტების მიერ დაკავებულებზე საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, ასეთი საკითხები ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაიჭრას _რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, უკანონო პატიმრები ტყვეობაში არიან. მათგან ერთ-ერთი, ზაზა გახელაძე ოკუპანტების მიერ გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ გათავისუფლდა. ვრცელდება ცნობები, რომ მისი გაცვლა მოხდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია? „მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის პროცესები საკმაოდ რთულია. ადრეც გვქონდა წარმატებული შემთხვევები, როდესაც დავაბრუნეთ ჩვენი მოქალაქეები. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკითხების ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაწყვეტა მოხდეს, რადგან მისი პოლიტიზება კიდევ უფრო ართულებს ხოლმე ასეთი ნაბიჯების გადადგმას. კიდევ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დარჩენილი და ამაზე მუშაობა გრძელდება. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე არ დასრულდება ყველა ეს პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ფორმატები, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები და ყველა მექანიზმი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა, ეს არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხოლმე პროცესის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მთავარია საკითხის ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაჭრა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ Europetime-თან. ცნობისთვის, გუშინ, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ შეიწყალა. მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ აშშ-ის და ევროკავშირის პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს - ლაშა დარსალია
მთავრობამ ყველა ჟურნალისტის და აქტივისტის წინააღმდეგ თავდასხმა უნდა გამოიძიოს. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე - მეთიუ ბრაიზა
მთავრობამ ყველა ჟურნალისტის და აქტივისტის წინააღმდეგ თავდასხმა უნდა გამოიძიოს. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „ძალიან დამწუხრებული ვარ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ასევე ღმრმად შეშფოთებული ვარ ლგბტ თემის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო. ისინი იყენებდნენ დემოკრატიულ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას. მე როდესაც ვმუშაობდი თეთრ სახლში, ბუშის ადმინისტრაციის დროს, მთავარი საკითხი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ მოახდინა, აშშ-ის გადმოსახედიდან, ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების პროტესტი ქუჩებში და დემოკრატიული უფლების განხორციელება. ახლაც ასეთი სიტუაციაა. როდესაც საქართველოს მთავრობა ვინმეს აძლევს შესაძლებლობას, შელახოს ადამიანის უფლებები, და არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, ესაა „გეი აღლუმი“ თუ სხვა დემოკრატიული საკითხი, ეს სახიფათო სიტუაციისა და ძალიან დიდი სოციალური აღშფოთების საფუძველია. რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ: პირველ რიგში, გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფა, მთავრობის მტკიცება, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ნარკოტიკულ ნივთიერებასთან იყოს კავშირში, ძალიან საეჭვოა. ნდობის აღსადგენად, მთავრობამ ყველა ჟურნალისტის და აქტივისტის წინააღმდეგ თავდასხმა უნდა გამოიძიოს, რადგან ასეთი სახის თავდასხმა, დემოკრატიული უფლების გამოყენების დროს, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ვლოცულობ, რომ საქართველოს მთავრობამ სიტუაციის კონტროლი მოახდინოს და პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებზე თავდასხმა გამოიძიოს“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ. ცნობისთვის, ,,ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სასტიკად სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა. 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. ამის შემდეგ თბილისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და პასუხისმგებლობა პირადად პრემიერ-მინისტრს დააკისრეს, რადგან მათი შეფასებით, სწორედ მან წაახალისა ძალადობა 5 ივლისს. მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, კიდევ ერთი აქცია დღეს, 18:00 საათზეა დაგეგმილი. საელჩოები: ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას „ტვ პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ორ ბრალდებულებულს პატიმრობა შეეფარდა მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დროს
დღეს, მედიასაშუალებების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს, 18:00 საათზე, მედიასაშუალებების ორგანიზებით პარლამენტის წინ მორიგი აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და 5-6 ივლისს დედაქალაქის ქუჩებში მომხდარი ძალადობის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
მარინა კალიურანდი 5 ივლისის მოვლენებზე: ეს უნდა იყოს გაკვეთილი
„ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ლგბტქი ადამიანების უფლებები, თუ სურს, რომ EU-სთან დაკავშირებით მისი ამბიციები ბრიუსელში სერიოზულად მიიღონ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მარინა კალიურანდის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მტკიცედ დაგმობა საკმარისი არ არის და არ შეიძლება, უგულვებელყოფილი იყოს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აჩვენა არასაკმარისი მზაობა, უზრუნველეყო პოლიციის საკმარისი რაოდენობით დაცვა ღონისძიებაზე და არ დაგმო ხმამაღალი და მკაფიო მუქარები. „რაც მოხდა, ტრაგედიაა და გულწრფელად ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მეგობრებს. მე ასევე გამოვხატავ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ და ვურჩევ მათ, განაგრძონ ბრძოლა თავიანთი უფლებების დასავად, ბრმა ფანატიზმის მიუხედავად. ეს უნდა იყოს გაკვეთილი და მომხდართან დაკავშირებით დადგინდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოხელეებისა და სამართალდამცავი ორგანოების დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად ვაფასებ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მტკიცედ დაგმობას მედიის წარმომადგენლებზე, გასული კვირის მოვლენების შემდეგ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აჩვენა არასაკმარისი მზაობა, უზრუნველეყო პოლიციის საკმარისი რაოდენობით დაცვა ღონისძიებაზე და არ დაგმო ხმამაღალი და მკაფიო მუქარები, სიძულვილის ენა, - სისუსტე, რომელიც ზოგიერთ რადიკალურ ძალას შეიძლება, გაეგო როგორც „მწვანე შუქი“ ძალადობისკენ. მომავალში, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ლგბტქი ადამიანების ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის მათი მშვიდობიანი შეკრების და ორგანიზების უფლება. ეს აუცილებელია, თუ მათ სურთ, რომ ბრიუსელში სერიოზულად იყოს განხილული ევროკავშირთან დაკავშირებული მათი ამბიციური მიზნები. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების/პოლიტიკურად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებიც თვითონ არასდროს ყოფილან LGBTQI + ადამიანების უფლებების დამცველები“, - აღნიშნავს კალიურანდი Europetime-თან. მთავრობამ ყველა ჟურნალისტის და აქტივისტის წინააღმდეგ თავდასხმა უნდა გამოიძიოს. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე - მეთიუ ბრაიზა საელჩოები: ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას „ტვ პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ორ ბრალდებულებულს პატიმრობა შეეფარდა მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დროს
შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში, ასევე განამტკიცოს კავშირები რეგიონთან
ევროკავშირი სურს უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში, ასევე განამტკიცოს კავშირები რეგიონთან, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "ევროკავშირს სურს უფრო აქტიური როლი ითამაშოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გააძლიეროს კავშირი რეგიონის ქვეყნებთან და აქტიურად იმუშაოს აღოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებლად"- განაცხადა შარლ მიშელმა. მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება ეუთო-ს „მინსკის ჯგუფს“ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებას. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება სამხედრო ტყვეების საკითხის მოგვარება, დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია... იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების საშუალებით შესაძლებელი გახდება საუბარი თანამშრომლობის საკითხებზე, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას. სამშვიდობო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზადაა, იყოს ახლოს და იყოს კონსტრუქციული პარტნიორი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის", - განაცხადა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე. ევროსაბჭოს პრეზიდენტი სომხეთში გუშინ ჩავიდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
კელი დეგნანი: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ ლიდერების, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია“. კელი დეგნანს დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, ვის შეიძლება გულისხმობდეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის“, რაზეც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს,“- განაცხადა კელი დეგნანმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ,,ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს.
კელი დეგნანი: ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, როდესაც შეთანხმებას აწერ ხელს, ეთანმხები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული
„19 აპრილის შეთანხმება მკაფიოდ აჩვენებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ განხორციელდება ფართო, ყოვლისმომცველი მსჯელობა რეფორმაზე და შემდეგ უკვე ამბიციური რეფორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა დანიშვნები. ეს არ მომხდარა“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, მისთვის უცნობია, იყო თუ არა რაიმე სიტყვიერი შეთანხმება მხარეებს შორის, რაც შეეხება ხელმოწერილ შეთანხმებას, ელჩის განმარტებით, ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, როდესაც შეთანხმებას აწერ ხელს, ეთანმხები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული. ინფორმაციისთვის „ქართული ოცნების“ განცხადებაში გუშინ აღნიშნული იყო, რომ შემაშფოთებელია, „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. მოგვიანებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართველ ჩინოსანს“ არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვეს დღეს შეკითხვა ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა. „ამ საკითხზე განმარტებისთვის „ქართული ოცნების“ ლიდერებს უნდა მიმართოთ. მე კი გეტყვით, რომ 19 აპრილის შეთანხმება მკაფიოდ აჩვენებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ განხორციელდება ფართო, ყოვლისმომცველი მსჯელობა რეფორმაზე და შემდეგ უკვე ამბიციური რეფორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა დანიშვნები. ეს არ მომხდარა, არ ყოფილა პროცესი, რომელიც იყო მრავალპარტიული, ინკლუზიური და შესაბამისად არ განხორციელებულა სასამართლო სისტემის რეფორმა. სწორედ ამიტომ უნდა შეჩერებულიყო ეს დანიშვნები. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დაწერილ ტექსტს, მე არ ვიცი, იყო თუ არა რაიმე სიტყვიერი შეთანხმება. ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, როდესაც შეთანხმებას აწერ ხელს, ეთანმხები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული. აშშ 30 წელია, მხარეს უჭერს საქართველოს და მას უთანამშრომლია ათასობით ქართველთან იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიის აღმშენებლობა და იმისთვის, რომ განვითრებულიყო მთელი რიგი მიმართულებები, როგორიცაა, თავდაცვა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეკონომიკის განვითარება. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, განვაგრძოთ ეს თანამშრომლობა ქართველებთან, რომელთა სურვილია, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, განვითარებული და მათთან, ვინც იზიარებენ ქართველი ხალხის სურვილს“, - განაცხადა კელი დეგნანმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ,,ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს
კელი დეგნანი პრემიერის განცხადებაზე: რაც ახლა ხდება, არის ან რუსული დეზინფორმაცია, ან რუსეთს აძლევს ხელს და ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ
„ის, რაც ახლა ხდება არის, ან რუსული დეზინფორმაცია, ან რუსეთს ხელს აძლევს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, როგორ შეაფასებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება“. ელჩმა აღნიშნა, სანქციები არის ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელში, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ აზრთა სხვადასხვაობა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას და დიალოგი საუკეთესო გზაა. „როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, სანქციები არის ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვამჯობინებთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა დიალოგის გზით აღმოვფხვრათ და ეს არის რისკენაც მივისწრაფვით. დიდწილად დიალოგი არის ის საშუალება, რომლითაც უნდა გადაწყდეს საკითხები გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოველგვარი სპეკულაციები, სანქციები და ა.შ. ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება. კელი დეგნანი: განცხადებები, რაც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის, საელჩოს და სახელმწიფო მდივნის მიერ, ეს არ არის ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით
კელი დეგნანი: მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ვწუხვარ, თუ ზოგიერთ მედიას ამის საშუალება არ ეძლევა
მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, ვწუხვარ, თუ ზოგიერთ მედიას არ ეძლევა ამის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჟურნალისტთა ნაწილის არმიწვევის საკითხს ეხებოდა. „ცხადია, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. სწორედ ასე იღებს ხალხი ინფორმაციას და შეუძლია, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ვწუხვარ, თუ ზოგიერთ მედიას არ ეძლევა ამის საშუალება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, ბინათმშენებლობის პროექტის „ჯარის ქალაქის“ სამშენებლო პროცესის ღონისძიებაზე მთავრობამ რამდენიმე მედიასაშუალება არ მიიწვია. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, „ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „ფორმულამ" გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“. „დღეს რამდენიმე კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან დაისვა კითხვები, რატომ არ იყვნენ ისინი მოწვეული პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღონისძიებაზე. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა. „მთავარ არხს", „ტვ პირველს" და „ფორმულას" არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან. შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პრემიერის გადადგომას ითხოვენ
საქართველოს პარლამენტთან მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია პრემიერ-მინისტრის გადადგომა და 5-6 ივლისის ძალადობრივი ქმედებების მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯა. აქციაზე ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები. რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პროტესტის მონაწილეები აქციაზე შეკრებილებს მიმართავენ. "იქნებ, ვინმეს ეგონა, რომ "მთავარი არხი" დღეს აქ არ გამოჩნდებოდა, ან იქნებ ვინმეს ეგონა, რომ მე აღარ ვიყავი „მთავარი არხიდან“ და აქ არ გამოვჩნდებოდი. ვინ არ გამოჩნდება ძალიან მალე, ვის წინაშე დაიხურება ყველა კარი, ეს არის საქართველოს დღევანდელი მთავრობა და მისი პრემიერი ღარიბაშვილი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ,,ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდე არ დაისჯებიან დამნაშავეები და ვიდრე პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერი, რომელიც დღეს ჟურნალისტებს დაემალა, რომელმაც დღეს გვაჩვენა, რომ ისე ეშინია ხელისუფლებას უკვე კრიტიკული და მეტად ადეკვატური შეკითხვების, რომ ჩვენი არხების გარეშე ატარებენ ღონისძიებებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება არის უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მე მინდა, რომ ვუსურვო მათ რომ დროულად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები“, - მიმართა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ შეკრებილებს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუ ღარიბაშვილი არ გადადგება, მასთან ერთად საარჩევნო კამპანიის წარმოება პრაქტიკულად წარმოუდგენელია მათთვისაც კი. "როგორც მოიქცევიან, მათი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, 2 ოქტომბერს ეს ხელისუფლება წააგებს, რადგან დაუპირისპირდა ყველას, როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ჟურნალისტებს. ამიტომ, ელემენტარული ადამიანური და პროფესიული სინდისი რომ ჰქონდეთ ამ ადამიანებს, უკვე უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამენ”, - აღნიშნა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, როდესაც ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებაში „ჩაიდინა სისულელე“ და მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია, „თუმცა ამ ხელისუფლებამ გააკეთა კიდევ უფრო უარესი, როდესაც მთელს ჟურნალისტთა ოჯახს ფიზიკურად დაუპირისპირდა“. აქციაზე იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევანი მუდმივად გასაკეთებელი გვაქვს, რომელი საქართველოა ის, რომელსაც ჩვენ ვაძლიერებთ. "რომელ ჩვენ წარსულს ვხედავთ მომავალში და რომელს ვაქცევთ ზურგს. ამ არჩევანის გაკეთება თქვენთვის ნათელია, ეს არჩევანი გააკეთა ლექსომაც და გახდა ამ არჩევანის მოწამე და შეეწირა ამ არჩევანს, იმისთვის, რომ ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენი შვილებისთვის მიეცა ის მომავალი, რომელსაც ემსახურებოდა ილიაც, ვაჟაც და რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. მე აქ ვდგავარ ლექსოსთვის და ჩემი სამშობლოსთვის, რათა ხვალინდელი დღე ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული, არ იყოს „პაგრომები“, არ იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ გათელონ ინდივიდი და მასა აღაზევონ. ყოველთვის ეს ბრძოლა რაღაც ფრონტზე მიმდინარეობს. დღეს მინდა იცოდეთ, რომ ეს ბრძოლა მიმდინარეობს მედიასთან. არ გეგონოთ, რომ რეპორტაჟებით გაღიზიანდნენ, ეს არის მეთოდური ბრძოლა. ერთადერთი დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხელისუფლების შტო არის მედია, დანარჩენი ყველაფერი ჩამოშალეს. ერთადერთი, რაც დარჩა, არის მედია და მის ჩამოშლას ცდილობენ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და არა გემოვნების. ეს არის ბრძოლა ხელისუფლების ერთადერთი ფუნქციური შტოს ჩამოსაშლელად. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ აქ, რუსთაველის გამზირზე, თუ თქვენ საქართველოს და თქვენი შვილების მომავლისთვის გიძგერთ გული. ეს ბრძოლა ჩემი თაობისთვის აქ 30, წელია მიმდინარეობს. მინდა ამ ბრძოლის პათოსი გადმოგაბაროთ და თქვენ დადგეთ აქ ჩვენი სამშობლოს დასაცავად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.