ძებნის რეზულტატი:
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დღეიდან დაიწყება და 2021 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, საკანონდებლო მაცნეზე 28 ივლისს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1 400-ით განისაზღვრა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 684-ით, შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად, უწყებაში სამხედრო სავალდებულო სამსახურს 1 395 მოქალაქე გაივლის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი – 200 მოქალაქე. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
ცნობილი Youtuber- ები და ბლოგერები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინაზე დეზინფორმაციას ანაზღაურების საფასურად ავრცელებდნენ
გამოცემა Repubblica-ს ინფორმაციით, ცნობილი Youtuber-ები და ბლოგერები Pfizer-ის ვაქცინაზე დეზინფორმაციას ანაზღაურების საფასურად ავრცელებდნენ. როგორც ცნობილია, ფრანგმა Youtuber- მა და მწერალმა ლეო გრასეტმა მაისში განაცხადა, რომ მიიღო უცნაური ტიპის შეთავაზება მარკეტინგული სააგენტოსგან, რომლის მიხედვითაც, მას უნდა გამოექვეყნებინა თემატური ვიდეო სპეციფიკური მოწოდებებით. კერძოდ, როგორც გრასეტი აცხადებს, მას უნდა ესაუბრა, რომ საფრანგეთში Pfizer-ის ვაქცინით აცრილი ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. თუმცა, ფრანგი Youtuber-ერი არ იყო ერთადერთი, რომელმაც მსგავსი ტიპის შეთავაზება მიიღო. როგორც გამოცემა წერს, ამავე კომპანიისგან მიიღო შეტყობინება გერმანელმა მეცნიერმა, რომელსაც ეს კომპანია სთხოვდა, მისი მიმდევრებისთვის ეთქვა, რომ Pfizer-ის ვაქცინა AstraZenecas-თან შედარებით საფრთხის შემცველია. Repubblica-ს ინფორმაციით, სააგენტო ითხოვს, რომ Pfizer-ის ვაქცინის წარმოსაჩენად სხვადასხვა წყაროდან და კონტექსტიდან ამოღებული ინფორმაციები დააკავშირონ და ამ გზით გაავრცელონ. როგორც კი დროცმანი და გრასეტი გამოაქვეყნებდნენ სააგენტოს შეთავაზებას და გარკვეულ ინფორმაციას, სტატიები ინტერნეტიდან ქრებოდა. გერმანელმა ჟურნალისტმა დანიელ ლაუფერმა, რომელმაც ამ Youtuber- ების ვიდეოები შეისწავლა, აღმოაჩინა, რომ მაისში გამოქვეყნებული ორი ვიდეო მათთვის არადამახასიათებელი იყო, თუმცა ამ ვიდეოებიდან ისინი არანაირად არ ავლენდნენ არც ვიდეოში გაზიარებული მონაცემების რეალურ წარმოშობას და არც იმ გარემოებას, რომ მათ კონკრეტული მარკეტინგული სააგენტოსგან გარკვეული დეზინფორმაციის გასაჟღერებლად ფული ჰქონდათ აღებული. როგორც ცნობილია, ამ ადამიანებმა ფაქტობრივად გერმანიისა და საფრანგეთის კანონები ფარული რეკლამის შესახებ დაარღვიეს. დეზინფორმაციის კამპანიის მთელი ქვაკუთხედი მდგომარეობდა ცხრილებში. კერძოდ, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ადამიანების გარდაცვალების რიცხობრივ მაჩვენებელთან. მაგალითისთვის, კომპანიამ გერმანელ ბლოგერს თავად მიაწოდა გარკვეული მონაცემი გარდაცვალების მაჩვენებლებზე. პოულ ერლიკის ინსტიტუტის თანახმად, გერმანული ორგანო, რომელიც აწარმოებს ვაქცინების რეგულირებას, ცხრილში მოცემული მონაცემები არის უხეში და შეცდომაში შემყვანი. რიცხვები არსებითად არ აჩვენებს პირდაპირ კორელაციას ვაქცინასა და გერმანიის ორგანოს მიერ დაფიქსირებულ სიკვდილიანობას შორის. Repubblica-ს ინფორმაციით, მარკეტინგული სააგენტო, რომელიც აწარმოებდა დეზინფორმაციის კამპანიას, სინამდვილეში მხოლოდ ფასადია, რომელსაც მკაფიო კავშირი აქვს რუსეთთან. ეს არის ლონდონის მისამართზე რეგისტრირებული ვირტუალური ოფისი, რომელთანაც დაკავშირებულია ასობით კომპანია. კომპანია BellingCat– ის ანგარიშის თანახმად, კომპანიამ დაარეგისტრირა ასობით შპს ბრიტანეთში, რომელიც კავშირშია რუსეთთან და ბევრი კომპანიის საქმიანობა უკავშირდება აზარტულ თამაშებს, ვაჭრობასა და სხვა საეჭვო საქმიანობას. ბრიტანული ბიზნეს რეესტრის ვებგვერდიდან, სადაც Fazze არ არის რეგისტრირებული, აღმოჩნდა, რომ სხვა მარკეტინგული კომპანია, AdNow Llp ასევე იმავე მისამართზე 2014 წელს დაარსდა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მიიჩნევს, რომ საქართველო წამყვანი ელემენტია რეგიონული თანამშრომლობისთვის
თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მრავალმნიშვნელოვანი გახდა და თურქეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის წამყვანი ელემენტი რეგიონული თანამშრომლობისთვის, – თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ერთად მოქმედება, განსაკუთრებით რეგიონულ სატრანსპორტო და ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებთან დაკავშირებით. თურქული მედია წერს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე გამოხატა თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მექანიზმის განახლების სურვილი. ერდოღანმა ღარიბაშვილს ხანძრებთან დაკავშირებით მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. თურქეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად, რეგიონულ საკითხებზეც ისაუბრეს.
დღეს პრეზიდენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღის განმავლობაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნებიდან" ირაკლი კობახიძესა და არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ოპოზიციიდან კი, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ვახტანგ მეგრელიშვილს, ლევან იოსელიანსა და ხათუნა სამნიძეს შეხვდება. ცნობისთვის, 28 ივლისს პარტია ,,ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმებამ ,,თავი ამოწურა". აღნიშნულთან დაკავშირებით, შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს
მედია: Pfizer-მა და Moderna-მ ევროკავშირს ვაქცინების ფასი გაუზარდეს
Financial Time-ის ინფორმაციით, Pfizer-მა და Moderna ევროკავშირს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფასი გაუზარდეს. გამოცემის თანახმად, კომპანია Pfizer-ის ერთი დოზა ვაქცინის ფასი ბრიუსელისთვის 15.5 ევროდან 19.5 ევრომდე გაიზარდა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, კომპანია Moderna -ს ერთი დოზა ვაქცინა ევროკავშირისთვის 25.5 დოლარი ეღირება. მანამდე იგივე ვაქცინა 22.6 დოლარი ღირდა. Financial Time-ი წერს, რომ გარიგების პირობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც გამოცდის მესამე ეტაპის შედეგების მიხედვით, ორივე კომპანიის ვაქცინებმა კორონავირუსულ ინფექციაზე უფრო მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე Oxford/AstraZeneca და Jonson&jonson-ის ვაქცინებმა.
საქართველოში კორონავირუსი 1 655 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 655 ადამიანს დაუდასტურდა, 2 286 გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 661 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 041 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 620 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1655 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 423 843-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.08 % ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.68 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 286 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 386 998-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 876 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა - 392, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 50, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც: 6082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 060, აჭარაში - 715, იმერეთში - 824. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 214 პირი, მათ შორის, თბილისში - 551, აჭარაში - 112, იმერეთში -277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 7, იმერეთში - 15. 2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 - თბილისში, 819- აჭარაში. 22 633 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5 სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 171 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, აჭარაში - 4 315, იმერეთში - 2 602.
პრემიერი: ეკონომიკის აღდგენა უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
ეკონომიკის აღდგენა უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმითმ, ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის. „ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. ეკონომიკური ზრდის 6 თვის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა. ეს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაა. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, ახალი პროექტების დაფინანსებას. ამისთვის, ქალბატონი ნათია თურნავა დღეს განახლებულ პაკეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენთვის საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვითარება. ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და ეპიდსიტუაციის მართვა. ამისთვის, სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები ემატება
პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი კომპონენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა. „ჩვენ დღეს დავამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან - იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების პროგრამა დღეს დამტკიცდება
დღეს ვიწყებთ სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამას მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება, როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. „ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის სწინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ“, - აღნიშნა პრემიერმა. მან მთავრობის სხდომაზე პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების საპროცენტო განაკვეთის დაწევაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. ამავე თემაზე: პრემიერი: მრავალშვილიან ოჯახებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით
მთავრობამ რთველის სუბსიდირების შესახებ განაცხადა
„უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა. მან აღნიშნა, რომ ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. „მე მინდა, ფაქტები მოვაწოდო ჩვენს მოსახლეობას - ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. ეს არის სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. შედარებისთვის, მოსახლეობას რომ ვუთხრათ, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ღვინის კომპანიების რაოდენობა ქვეყანაში იყო - 39. 2020 წელს 350 ღვინის კომპანიაა, ამაში შედის ღვინის მარნები, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიები. მთლიანობაში, კახეთის რეგიონისთვის, მეღვინეობიდან გამომდინარე 2012 წელს იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს აღნიშნული შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა. 323 მილიონი შევიდა კახეთის რეგიონში, მხოლოდ ყურძნისგან. ეს არის რეალურად შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და განსხვავებას მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს საკუთარ ჯიბეზეც“, - განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება ყურძნის გადამუშავებას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს - 283 ათასი ტონა ყურძენი. „ასეთი სხვაობა, ამხელა პროგრესი გვაქვს ამ დარგში. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიმკით და ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად გვესმის, ლევან დავითაშვილმა შეაფასა ქვეყანაში არსებული სიტუაცია, წელს ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 ათას ტონას და ჩვენი ინფორმაციით, აშკარაა, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს ჭარბი მოსავლის გამო, რომელიც წინა წლებშიც ჰქონდათ. მათ, შეიძლება, გაუჭირდეთ დაბინავება-რეალიზაცია და სწორედ ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. 1 კგ რქაწითელი ეღირება არანაკლებ 0,90 ლარისა, აქედან კომპანიები სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებს 0,35 ლარს, ანუ რეალურად, მოსახელობა მიიღებს ამ დანამატს და ჯამში, მინიმუმ 0.90 ლარი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი: ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია, ეს კარგად უნდა შევისწავლოთ
„ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია, წინასწარი ინფორმაციით, ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და უმოკლეს დროში მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს. მისივე თქმით, არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია „ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. ჩვენ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ. არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პენსიონერებისთვის საბანკო გადასახადებმა უნდა დაიკლოს. „ასევე მინდა მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო, პარლამენტში გამოსვლისას მტკივნეულად დაისვა ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, პენსიონერებს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა, საუბარი გვქონდა, მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და მოვილაპარაკეთ, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება მე გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში, ბუნებრივია, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები იქნებიან ჩართულები. ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120% შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ეხლა არის დაახლოებით 35 %, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
App Store-დან ანტივაქსერების გაცნობის აპლიკაცია წაშალეს
Business Insider-ის ინფორმაციით, App Store–დან წაშალეს აპლიკაცია Unjected, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა გაცნობის მიზნით შეიქმა. როგორც გამოცემა წერს, Apple-ში აცხადებენ, რომ Unjected COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის მიმართ პოლიტიკა დაარღვია. კორპორაციის წარმომადგენელმა მოიყვანა პროგრამის შემქმნელის ციტატა, რომლის თანახმად "Unjected განკუთვნილია თანამოაზრეებისთვის, რომლებიც არ არიან აცრილნი". ამასთან, Apple–ში ასევე განაცხადეს, რომ აპლიკაციის შემქმნელები მომხმარებლებს სთხოვდნენ, არ გამოეყენებინათ კონკრეტული სიტყვები, მაგალითად "მიკროჩიპი", რითიც App Store–ის მოტყუება სურდათ.
აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, COVID19-ის გავრცელების ძალიან მაღალი დონის გამო საქართველოში არ იმოგზაურონ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოს შესახებ მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც ქვეყანაში COVID19-ის გავრცელების ძალიან მაღალ დონეზე მიუთითებს. „თქვენი დაინფიცირების და მძიმე სიმპტომების განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო დაბალი, თუ სრულად ხართ აცრილი FDA-ს მიერ აღიარებული ვაქცინით. ვიდრე მოგზაურობას დაგეგმავთ, გთხოვთ, გადახედოთ CDC- ს სპეციფიკურ რეკომენდაციებს სრულად აცრილ და არავაქცინირებულ მოგზაურთათვის. არ იმოგზაუროთ: რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში, ამ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩადენის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების არსებობის რისკის გამო. თუ გადაწყვეტთ საქართველოში გამგზავრებას: იხილეთ აშშ-ის საელჩოს ვებ გვერდი: „რუსეთის ჯარები და მესაზღვრეები ახდენენ როგორც „სამხრეთ ოსეთის“, ასევე აფხაზეთის ოკუპაციას. რთულია „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ ზუსტი განლაგების განსაზღვრა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა გამოიწვევს თქვენს დაკავებას, დაპატიმრებას და/ან დაჯარიმებას. ამ ტერიტორიებზე ძალადობრივი თავდასხმები და კრიმინალური ინციდენტები ხდება. ნაღმები საფრთხეს ქმნის მოგზაურთათვის ორივე ტერიტორიის სასაზღვრო ხაზებთან ახლოს. აშშ-ის მთავრობა ვერ ახერხებს საგანგებო მომსახურების უზრუნველყოფას აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში მოგზაურობენ, რადგან აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისთვის იქ მოგზაურობა აკრძალულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Disney-სა და Walmart-ის თანამშრომლებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო გახდა
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ორი უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიის, Disney-სა და Walmart-ის თანამშრომლობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. Disney აუცრელ თანამშრომლებს ვაქცინაციისთვის 60 დღეს აძლევს. ამასთან, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, ოფისებში დაბრუნებამდე აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. Walmart-ი კი აცრილ თანამშრომლებს 150 დოლარის ოდენობის ბონუსსა და სამდღიან დასვენებას შესთავაზებს. ამასთან, თანხას კომპანიის ახალი თანამშრომლებიც მიიღებენ, რომლებმაც აცრა Walmart-ში დასაქმებამდე გაიკეთეს. Walmart-ის თანამშრომლები 4 ოქტომბრამდე უნდა აიცრნენ. Netflix-მა აშშ-ში მსახიობებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა
საქართველოში კოვიდვაქცინით აცრილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 126-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილია 506 780 მოქალაქე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 655 ადამიანს დაუდასტურდა, 2 286 გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 ინფიცირებული გარდაიცვალა.
კონგრესმენების ანგარიში: მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ კორონავირუსმა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა
,,მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ვირუსმა, რომელმაც COVID-19-ის პანდემია გამოიწვია, ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა",- ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები კორონავირუსების მოდიფიცირებაზე მუშაობდნენ, რათა ადამიანების ინფიცირება მომხდარიყო. „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესახებ ორპარტიული გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებულმა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა. „ახლა ვფიქრობთ, რომ დროა, სრულად გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი, როგორც წყარო. ასევე მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ვირუსმა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა და რომ ეს 2019 წლის 12 სექტემბრამდე მოხდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ცესკოს ექვსი თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა დღეს გაიმართა. გიორგი კალანდრიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა. ამასთან, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკოს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყარა კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით ასარჩევად, პირველ ჯერზე საჭირო იყო დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ 100 ხმა. არასაკმარისი ხმების გამო, ხელახლა დაინიშნა კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზება იყო აუცილებელი. საკმარისი ხმების მოგროვება ვერც მეორე კენჭისყრაზე მოხერხდა. საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, დაინიშნა მესამე კენჭისყრა, რომელზეც უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა, თუმცა საჭირო ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საბოლოოდ კანდიდატების დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდა, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით, შემდეგ კი, კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.
სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა
სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. შესაბამისი ბრძანება არმენ სარქისიანმა დღეს გამოაქვეყნა. მანამდე პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, აიკ კონჯორიანმა ქვეყნის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს გაუგზავნა გადაწყვეტილება, რომ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარედგინა. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი, ახლად არჩეული ეროვნული ასამბლეის მუშაობის დაწყების შემდეგ, დაუყოვნებლივ ნიშნავს პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, კონსტიტუციის 89-ე მუხლით დადგენილი წესით. მანამდე, ნიკოლ ფაშიანიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 2 აგვისტოს დაიწყო. სომხეთის ახალ პარლამენტში 107 დეპუტატი იმუშავებს. 71 დეპუტატი წარმოადგენს პარტია, „სამოქალაქო შეთანხმებას“, 29 დეპუტატი ჰყავს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკს „სომხეთი“, 7 კი ბლოკს „მაქვს პატივი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, არტურ ვანეციანია.
ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა. „სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს. სამინისტრო მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ეტაპობრივ ამაღლებას. 2020 წელს შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო. სპეციალიზებული დანაყოფი აღჭურვილია ყველა იმ ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და მეორე მხრივ, მათი ჩართულობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებას. დედაქალაქის გარდა, მსგავსი დანაყოფები შეიქმნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, 2030 წლამდე, კვლავაც გაგრძელდება ქვეყნის დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა. გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე სწრაფი და ქმედითი რეაგირების უზრუნველსაყოფად, 2024 წლისთვის სრულად განხორციელდება სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია და მათთვის მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე, მათი დაცვა ხელახალი და გამეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2024 წლისთვის იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ეტაპობრივად გაძლიერება და საქართველოს მასშტაბით გაფართოება. სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებულია სქესობრივი დანაშაულის პრევენციული მონიტორინგის პლატფორმა, რაც საშუალებას მოგვცემს, განხორციელდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმადაც მოხდება მსჯავრდებული და უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმის წარმოება, ასევე, სკოლებისა და ორდერების მონიტორინგი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ გაიმართება
მწერალთა სახლი ლიტერატურულ კონკურს ,,ლიტერასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მწერლების პროტესტის გამო, წელს კონკურსი აღარ გაიმართება. „ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს „მწერალთა სახლის“ ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. პრემია ყოველწლიურია და 6 ნომინაციაში გაიცემა. წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 (03.06.2021) ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს. შესაბამისად, „ლიტერას“ ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე „მწერალთა სახლი“ ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია. „მწერალთა სახლი“ ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „მწერალთა სახლმა“, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა. ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92 წიგნი. არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება. „მწერალთა სახლი“ იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის. „მწერალთა სახლის“ საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, - ნათქვამია განცხადებაში. „ლიტერას“ ავტორები და ჟიურის წევრები ტოვებენ