ძებნის რეზულტატი:
ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი
ჰაიტის პრეზიდენტის ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვენდელე კოკ ტელოტია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. ყოფილ მოსამართლეს დაუსწრებლად ბრალი უკვე წარედგინა. გამოძიების მტკიცებით, ვენდელე კოკ ტელოტი შეხვდა კოლუმბიელ დაქირავებულ მკვლელებს, რომლებიც პრეზიდენტზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. ვენდელე კოკ ტელოტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ჟოვენელ მოიზის მკვლელობის საქმეზე მომუშავე გამომძიებლებისა და მოსამართლეების მისამართით რეგულარული ანონიმური მუქარები ხორციელდება, არაერთი მათგანი კონსპირაციულ მისამართებზე ცხოვრობს. მანამდე პრეზიდენტის ქვრივმა, მარტინა მოიზმა განაცხადა, რომ მისი მეუღლის მკვლელობა მხოლოდ ოლიგარქებს შეეძლოთ. 7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს. პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჟოზეფმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ჰაიტის პოლიციის ინფორმაციით, პრეზიდენტის მკვლელობაში კოლუმბიის 26 მოქალაქისა და აშშ-ის 2 მოქალაქისგან შემდგარი (წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის ორი მოქალაქისგან) შედგებოდა.
ჩეხეთში დასაქმებულები COVID-ვაქცინაციის შემთხვევაში დამატებითი შვებულებით ისარგებლებენ
Euronews-ის ინფორმაციით, ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში დასაქმებულებს, რომლებიც COVID-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ, დამატებით ორდღიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ. აღნიშნული შვებულებით სარგებლობა დასაქმებულებს 2021 წლის ბოლომდე შეეძლებათ. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიჩმა პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი ქმედებით სხვადასხვა კერძო კომპანიას თამამად შეუძლია, თანამშრომლებს აცრისთვის მეტი მოტივაცია მისცეს. თუმცა, აღნიშნულ ინიციატივას ქვეყნის ოპოციზიური პარტიები აკრიტიკებენ და ოქტომბრის არჩევნების წინ პოპულისტურ გადაწყვეტილებად აფასებენ. ჩეხეთის მთავრობაში კი ცალსახად ამბობენ, რომ ვაქცინაცია დღესდღეობით „ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი პოპულარიზაცია გაგრძელდება ვიდრე, ამის საჭიროება იქნება“.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსს 33 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 654 ადამიანს დაუდასტურდა, 1 319 გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 806 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 708 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 098 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 654 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 422 188-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95 % ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.57 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 319 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 384 712-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 597 საიდანაც: 5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 024, აჭარაში - 661, იმერეთში - 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში - 514, აჭარაში - 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 7, იმერეთში - 17. 2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 - თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 მოქალაქე მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 986 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 756 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, აჭარაში - 4 138, იმერეთში - 2 375.
გვანცას ბაბლი
ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე ზრუნვის ღიმილაკი ზრუნვის ღიმილაკი წლების წინ, ჩემი ყურადღება მიიპყრო რომელიღაც ამერიკული რეალითი შოუს ერთ-ერთმა სერიამ, სადაც ახლად გაცნობილი წყვილები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მსოფლმხედველობას და ღირებულებებს. მსგავსი შოუები ალბათ ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ეს შემთხვევითი ფრაგმენტი სამუდამოდ დამამახსოვრდა - ახალგაზრდები ერთმანეთს უყვებოდნენ, თუ რა მეთოდებით ისურვებდნენ მომავალი შვილების აღზრდას. ქალბატონმა თქვა, ბავშვებს არ ავცრი, ჩემი აზრით ბუნების კანონზომიერებაში ადამიანი არ უნდა ჩაერიოსო. მამაკაცმა უპასუხა, რომ არ სურდა მომავალი შვილების საფრთხის ქვეშ დაყენება და ანტივაქსერს ცოლად ვერ მოიყვანდა. ქალმაც არ გადათქვა და დაშორდნენ... იმ დროს ქართულ რეალობაში ქართველი ახალგაზრდა წყვილები ბებიების ახალგაზრდობას ან ბაბუების მატერიალურ შესაძლებლობებს არკვევდნენ, ამიტომ კარგად ვერ გავიგე რა ხდებოდა... მაშინ არც ვიცოდით, ანტივაქსერობა რა ხილი იყო, საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაცია ხომ მიღებული პრაქტიკა იყო ჩვენს საზოგადოებაში...ბოლო დროს, როდესაც ანტივაქსერობა ნაციონალურ ჰობად იქცა, ხშირად ვიხსენებ ამ ეპიზოდს და ისიც მახსენდება, სულ ახლო წარსულში, იგივე ხალხი როგორ უტევდა იმ რელიგიურ ჯგუფს, რომლის რწმენის მიხედვით მიუღებელია ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა ადამიანის ორგანიზმში.... ანტივაქსერობა - კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ჯგუფებად დაგვყო და ერთმანეთს გადაგვკიდა. იმედი ვიქონიოთ, იმ შოუს მსგავსად წყვილების დაშორებაზე არ მიდგება საქმე...მიმდინარე პანდემია იწვევს უამრავ ლეგიტიმურ კითხვას და ეჭვს: ნამდვილად ბუნებრივია თუ არა ვირუსი? რატომ აღმოჩნდა მისი მართვა ასეთი რთული თანამედროვე მედიცინისთვის? ათწლეულობით დამკვიდრებული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელთაც თამამად ვანდობთ საკუთარ შვილებს, ფორს მაჟორში შექმნილი ვაქცინები რამდენად არის ან უსაფრთხო, ან ეფექტური? რამდენად მოგვწონს საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ეროვნული მთავრობების პანდემიის მართვის მენეჯმენტი? აქვს თუ არა ადამიანს უფლება საკუთარი პასუხისმგებლობით თავად გადაწყვიტოს საკუთარი ჯანმრთელობის ბედი თუ ვალდებულია დათმოს პრინციპები საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის? დიახ, ჩვენ ყველას გვაქვს შეკითხვები და გვტანჯავს ეჭვები თუ ადამიანური შიშები... და ეს ჯანსაღი პროცესია. თუმცა, რაც დღეს საქართველოში ხდება, ალბათ შორს არის რაციონალური დისკუსიისგან და ისტერიას უფრო წააგავს...რა უწყობს ხელს ანტივაქსერულ ისტერიას საქართველოში? დეზინფორმაციული შტურმის (რომლის უკან მავანთა პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესები იკვეთება) გავლენა რომ დიდია ამ საკითხზე, მგონი ყველანი ვთანხმდებით. კიდევ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ადამიანებს, რომელთაც ყველა სავალდებულო აცრა აქვთ ჩატარებული, მებრძოლ ანტივაქსერებად ყოფნა ხიბლავთ და სჯერათ მითიური რეალობების? - პანდემიები აქამდე მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებსა თუ ფილმებში გვხვდებოდა. ყველამ ვიცით, შავმა ჭირმა როგორ გაწყვიტა ქალაქები შუა საუკუნეებში თუ სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ ე. წ. „ისპანკამ“ როგორ შეიწირა მილიონობით ადამიანი სიცოცხლე... ვიცით, მაგრამ ეს ცოდნა ჩვენი ადამიანური ემოციების მიღმა რჩებოდა ყოველთვის. მედიცინისა თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებით გათამამებულებს ვერ წარმოგვედგინა იმ ყოფის რეალურობა, რომელშიც მერამდენე თვეა ვცხოვრობთ... და ამ კონტექსტში მარტივია გახდე მოწყვლადი მანიპულატორთა ისტორიების თუ ისტერიების მიმართ... *** კოვიდ პანდემიის საერთაშორისო ანტივაქსერული მითების ძირითადი საფუძველი ტექნოლოგიების შიში და ტექნოლოგიებით დაშინებაა. ადამიანური ბუნების ეს სისუსტე არ ახალია და მუდმივი - ოდესღაც ელექტროენერგია თუ რადიო მიმღები ისევე ზაფრავდა საზოგადოებებს, როგორც დღეს კოვიდ ვაქცინა... საერთაშორისო მითებზე სხვებმა იმსჯელონ, ჩვენ კი ლოკალურ, ეროვნულ ანტივაქსერულ მითებს მივხედოთ, რომლებიც სავარაუდოდ ქართველმა სახალხო მთქმელებმა შექმნეს...ანტივაქსერულ ფანტაზიებში განსაკუთრებულ სტატუსს მივანიჭებდი მითს „ჯვარცმა“, სადაც „ჯ“ შპრიცის ვიზუალური გამოსახვაა, ხოლო დარჩენილი ასოების უკუღმა წაკითხვით ვიღებთ - „ამცრავ“. ყველა გვერდს თუ ინდივიდუალურ ექაუნთს, სადაც ინფორმაცია ვრცელდება, ახლავს სლოგანიც: „იფიქრე, იაზროვნე“. რატომ ვანიჭებ ამ მითს უპირობო პირველ ადგილს? - ლაღი ფანტაზია, ქართული ლიტერატურის მხატვრულ მეთოდებთან ზიარების სურვილი (პალინდრომი...), ანბანის გრაფიკულ-ფილოსოფიური გააზრება, კრიტიკული აზროვნების სურვილი... ერთი პატარა დეტალი - „ამცრავ“ გრამატიკული შეცდომაა... ქართულ ენაში ზმნა რთული ფენომენია, ხანდახან მთელ კრეატივს წყალში რომ ჩაგიყრის...მეორე ადგილს ეთნოცენტრული მითების ჯგუფს ვანიჭებ: საშიშ ვირუსებს თბილისში ვქმნით და შემდეგ ვავრცელებთ (ეს მითი მეზობელ ქვეყანაში შექმნეს, მაგრამ სწრაფად ავიტაცეთ და ვარიაციების შექმნა დავიწყეთ); ვაქცინა იმიტომ გამოიგონეს მავანთ, რომ ქართული დნმ შეცვალონ თუ ჩვენი გენეტიკური მასალა მოიპარონ... რატომ ვანიჭებ ამ მითებს მეორე ადგილს? - დიდი ეროვნული ამბიცია, გამორჩეული გენეტიკის რწმენა... ერთი პატარა დეტალი - გენეტიკაზე ნაცისტური ფილოსოფიური მსჯელობები მიუღებელი და აკრძალულიც კი არის ცივილიზებულ სამყაროში, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული კი (ვირუსის შექმნა-გავრცელება) მკაცრად ისჯება... კიდევ კარგი, არავის სჯერა ჩვენი სახალხო მთქმელების ეთნოცენტრული ამბიციების...მესამე ადგილს იმ პოსტებს (და არა მითებს) ვანიჭებ, სადაც ვაქცინაციის „პროპაგანდისთვის“ (რა გაუგებარ სიტყვად იქცა ეს „პროპაგანდა“ პროპაგანდის იმპერიაში დაბადებული ადამიანებისთვის) საუკუნო წყევლას გვპირდებიან ქართველი „სასოწარკვეთილი დიასახლისები“, პოსტებს კი მრავალრიცხოვანი „ამინები“ მოყვება... არ ვიცი, რამდენად არის ეს ქმედება ქართული გამოგონება, მაგრამ გამოხატვის ფორმები კი აშკარად ქართულია. რატომ ვანიჭებ ამ ტიპის პოსტებს მესამე ადგილს? - ქართველი მანდილოსნები (ვიღაცის თბილი დედა და ტკბილი ბებია) მზად არიან სხვების გადასარჩენად სული დაიმძიმონ წყევლა-კრულვის ცოდვით... ერთი პატარა დეტალი - თანამედროვე სამყაროში სხვათა დასარწმუნებლად მეტი კრეატივია საჭირო...რომელია თქვენი ფავორიტი ანტივაქსერული არგუმენტი, ქმედება თუ ეროვნული მითი? *** კოვიდ ისტერია მხოლოდ მამათა და შვილთა ბრძოლა არ არის, თუმცა დიდწილად ასაკობრივ ჯგუფებად ყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას... ეს პრობლემა არ ახალია ჩვენს საზოგადოებაშიც - ჯერ კიდევ 120 წლის წინ „შვილები“ წუხდნენ, რომ „ნემეცებმა“ ვაქცინით დაამარცხეს ყვავილი და ქართული საზოგადოება (და ზოგადად, რუსეთის იმპერიის ხელისუფლება) ვერ იაზრებდა მედიცინის მიღწევების მნიშვნელობას... უცებ წარმოვიდგინე, ლუარსაბ თათქარიძეს ან თუნდაც გრიგოლ ორბელიანს როგორ აძალებს ვინმე ყვავილის ვაქცინას და გულწრფელად გამეცინა...სოც-მედიას არც ისე დიდი ხანია დაემატა ზრუნვის ღიმილაკი („care“). მე პირადად გამიჭირდა ჩახუტების სიმბოლოსთან მეგობრობა - ზედმეტად პირადულად მიმაჩნია, დადებითი ემოციის გამოსახატად ისევ გულის ღიმილაკს ვიყენებ... სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მხოლოდ მე არ ვყოფილვარ ასე - თურმე ზრუნვის სიმბოლოს ძირითადად XX ს-ის მიწურულს და XI ს-ში დაბადებულები იყენებენ - ალბათ მათ უკეთ გამოსდით სხვაზე ზრუნვა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე დარდი...ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ შვილებს იმისთვის, რომ ხშირად თქვენგან მალულად ეწერებიან ვაქცინის მისაღებად - ფაქტი სახეზეა, ასეულ ათასობით ვაქცინა პირველივე დღეს იჯავშნება და ადამიანები საკუთარი საცხოვრებლიდან დაშორებულ ადგილებში მიეშურებიან კუთვნილი დოზის მისაღებად (შიდა ტურიზმის პანდემიური ვარიაცია...). ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ შვილებს იმისთვის, რომ თქვენს ანტივაქსერობას არ იზიარებენ - მათ ისეთები უყვარხართ, როგორიც ხართ და თქვენგანაც იგივეს მოელიან...სულ რამდენიმე დღეში მეც შევუერთდები ორჯერადად ვაქცინირებულთა არმიას და მჯერა, რომ ჩემი არჩევანით ერთ ადამიანს მაინც გადავარჩენ...პანდემია დასრულდება (მჯერა, რომ მალე) და ყველანი ერთად ბევრს ვიცინებთ დღევანდელ ვნებათაღელვაზე...
ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებენ. „სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
იტალიური მაფიის არქიტექტურა - როგორ გამოიყურება გავლენიანი იტალიური მაფიოზური კლანების წარმომადგენლების ვილები დღეს
როგორ გამოიყურება დღეს, სამხრეთ იტალიაში, მაფიის ბოსების მიერ აგებული ვილები - ფოტოგრაფმა ალესიო მამომ აღბეჭდა ის უზარმაზარი და ბრუტალისტური ვილები, რომლებიც მაფიის გავლენიანმა ბოსებმა არალეგალურად ააშენეს. როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, მაფიის ბოსებმა გავლენების გასაძლიერებლად, შეცვალეს ქალაქების ფორმა და ულამაზესი იტალიის პეიზაჟები ბეტონის ვილებით გაანადგურეს. 1970-იანი წლების ბოლოს, მაფიის სუპერ ბოსმა მიკელე გრეკომ, მეტსახელად "პაპმა", პიცო სელაზე, 314 არალეგალური ვილის მშენებლობა დაიწყო. როდესაც იტალიის ხელისუფლებამ კორუფციული სქემების გამოძიება დაიწყო, ვილების ნახევარზე მეტის მშენებლობა დასრულებული იყო, ხოლო მეორე ნახევარი დაუმთავრებელი. დღეს, პიცო სელა, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "სამარცხვინო გორა", გავს საგვარეულო ადგილს საშინელებათა ფილმიდან, სადაც 170 საცხოვრებელი ვილის ,,ჩოჩხია" შემორჩენილი. ვილების ნაწილი ხელისუფლებამ მაფიის ბოსებს ჩამოართვა, თუმცა დაუსრულებელი შენობის ნაწილი არ დაუნგრევიათ. როგორც Guardian-ი წერს, დღეს ეს შენობები ფრინველებისა და ვირთხების თავშესაფრად იქცა. აღსანიშნავია, რომ ათობით დაუმთავრებელი და დანგრეული კონსტრუქცია განლაგებულია პლაჟებთან. თუმცა, პიცო-სელა არ არის ერთადერთი ადგილი სამხრეთ იტალიაში, სადაც მაფიის ბოსების ვილებია. კასტელ-ვოლტურნოში, ნეაპოლიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში, უჩვეულო სილამაზის ლანდშაფტში, უკანონოდ 24 000 შენობა აშენდა. ზოგიერთი ვილა ნეაპოლური მაფიოზური კლანის ,,კამორას" წევრებს ეკუთვნოდა. სხვა მრავალი შენობის მსგავსად, ვილების ნაწილის კონფისკაცია მოხდა. კასტელ-ვოლტურნოს სანაპიროზე აღმართული შენობების უმეტესობა მაფიოზების ავტორიტეტების მხარდაჭერით აშენდა. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თუკი ვინმეს სურდა იტალიის ამ ულამაზეს მხარეში არალეგალურად სახლის აშენება, მაფიოზურ კლან ,,კამორასთან" დაკავშირებული კომპანიებისგან უნდა ექირავა მუშები. ასევე ამ კლანისგან უნდა შეეძინა სახლის ასაშენებელი საჭირო მასალებიც კი. დღეს, კასტელ-ვოლტურნოში მიტოვებული შენობების ნანგრევები წარმოადგენს ერთგვარ არქეოლოგიურ არტეფაქტებს. მაფიის არქიტექტურა არ არის მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირება. ეს არის ასევე იმის ილუსტრირება, რომ მაფიის კლანები სხვადასხვა მომგებიან ბიზნესებს ფლობდა და ამ გზებით მილიონებს აგროვებდა. მაფიოზური ვილები ასევე ასახავს, კლანისა და მაცხოვრებლების ხასიათს. აღნიშნული ვილა, რომელიც ეკუთვნოდა იტალიური მაფიის ,,კოზა ნოსტრას" წევრ ჯუზეპე გრეკოს, აშენებულია პალერმოს მახლობლად, ულამაზეს კლდეზე. ვილის სიმაღლე თითქმის 40 მეტრია. საცხოვრებლის კიბე კი პირდაპირ ზღვაზე გადის. მაფიის ბოსები ძალიან დიდ დროს ატარებდნენ სახლებში. აქ მართავდნენ შეხვედრებს, აყალიბებდნენ ალიანსებს და ხვდებოდნენ პოლიტიკოსებსაც. აღსანიშნავია, რომ კასტელ-ვოლტურნოში ვილა ასევე ჩამოართვეს ,,კამორას" ბოსს. Guardian-ი წერს, რომ ინტერიერის დიზაინსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ,,კამორას" წევრებისთვის. მათი საცხოვრებელი სახლები სავსე იყო მდიდრული ნივთებით. ზოგიერთის სახლში შეხვდებოდით ფაიფურის ლომის ქანდაკებებს, მოპარულ ხელოვნების ნიმუშებს და ა.შ. განსხვავებულ მიდგომებს ამჟღავნებდნენ კალაბრიული მაფიის ,,ნდრანგეტას" ბოსები, რომელთა ვილები არ გამოხატავდა თავიანთ ძალაუფლებას. ეს ვილა, რომელიც კლანის უფროს ჩამოართვეს გავდა გიგანტურ ცემენტის კუბს. როგორც გამოცემა წერს, იტალიური მაფიის ამ ჯგუფის წევრებმა იცოდნენ, რომ მდიდრული სახლი წარმოშობს შურს, განწყობას, რომლის თავიდან აცილებაც კალაბრიელ ავტორიტეტებს სურდათ მოსახლეობის ფართო წრეებში. მაფიამ გაანადგურა სამხრეთ იტალიის ლანდშაფტი იმ სამშენებლო პროექტების საშუალებით, რომლებიც არც აშენებულა. ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში, კლანებმა ააშენეს ქუჩები, სკოლები, საავადმყოფოები და ხიდები იმ ადგილებში, რომლებიც მეწყერსაშიშია და წყალდიდობის საშიშროების რისკიც დგას. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს, ,,ნდრანგეტას" ბოსის სახლში. ერთი შეხედვით მაფიის ბოსების უბრალო სახლებში არსებობდა საიდუმლო გვირაბები, ბუნკერები. ,,ნდრაგეტას" ერთ-ერთმა ავტორიტეტმა ააგო ბუნკერი, რომლის შესასვლელი პიცის საცხობი ღუმელიდან იყო. ბოლო 30 წლის განმავლობაში, იტალიის ხელისუფლებამ აღმოაჩინა 400 -ზე მეტი ბუნკერი კალაბრიაში, რომლებიც გამომძიებლებმა აღწერეს, როგორც "უმაღლესი ინჟინერიის ნამუშევრები".
ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა მასანორი ტაკაიამ განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ორ სპორტსმენს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ესენი ქართველი ძიუდოისტები იყვნენ. ტაკაიას თქმით, მათ დატოვეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ და COVID რეგულაციების გამო ამის უფლება არ ჰქონდათ. „ჩვენ მათ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან ვფიქრობთ, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა, მაგრამ მათი ვინაობა არ გაუმხელია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე 4 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი) მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ჯამში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე კი 5 მედალია.
იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა. ჩვენმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქეს სუფთა გამარჯვებით ორ წუთში სძლია.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 495 381 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 161 069 ადამიანი. ამასთან, 31 ივლისს აიცრა 13 792 ადამიანი. ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს ოთხი ვაქცინით: Pfizer-ი, Astrazeneca, Sinopharm- და Sinovac-ი..
თურქეთის პრეზიდენტმა ანტალია და კიდევ 4 პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთში 5 პროვინცია: ანტალია, ადანა, მერსინი, მუღლა და ოსმანიე სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა კურორტის ზონიდან ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ცნობისთვის, სამხრეთ თურქეთში, 40-მდე ლოკაციაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან. 6 ადამიანი დაიღუპა. 275 დაშავდა. ცეცხლის ჩაქრობას 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩაერთვნენ თვითმფრინავები, ვერტმფრენები და წყლის ავზით აღჭურვილი ავტომობილები. თავდაპირველად, ტყის ხანძარი სამი დღის წინ, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში გაჩნდა.
ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები კოვიდვაქცინით აიცრნენ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები აიცრნენ. ვაქცინის საკუთარი დოზა მიიღო ანსამბლის მთავარმა ქორეოგრაფმა, ფრიდონ სულაბერიძემაც. "ეს არის ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაც" - აცხადებენ ანსაბლის წევრები. უნივერსიტეტში ამცრელი ორი კაბინეტი გუშინ გაიხსნა. იმუნიზაცია, კი მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალე, ამავე ტერიტორიაზე, ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.
კელი დეგნანი Agile Spirit 2021-ზე: ასეთი ტიპის სწავლების რეგულარულად ჩატარება მნიშვნელოვანია
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ Agile Spirit 2021-ის სწავლება რეგულარულად ჩატარდეს. ამის შესახებ ელჩმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე განაცხადა, სადაც მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით, საჰაერო-სადესანტო სწავლება მიმდინარეობდა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ძალიან შთამბეჭდავ სანახაობას, როგორ დაეშვნენ პარაშუტისტები თვითმფრინავიდან, ისინი იყვნენ ჯარისკაცები საქართველოს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი და წარმოჩენა იმისა, რომ ეს ძალები არიან მზად, მათ აქვთ ურთიერთთავსებადობა და მობილურობა. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის სწავლების რეგულარულად ჩატარება არის მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ეს ნაწილი გახლავთ იმ ფართომასშტაბიანი სწავლებისა, რომელიც უკვე 1 კვირაა საქართველოში მიმდინარეობს - „მტკიცე სული“, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც გახლავთ NATO-ს პარტნიორები და რა თქმა უნდა, წევრები. ისინი ამ სწავლებას იმისათვის გადიან, რომ გააუმჯობესონ თავიანთი უნარები და თავსებადობა, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი აგრესიის შესაჩერებლად და იმისათვის, რომ მათ იგრძნონ თავი დარწმუნებულად, იმაში რომ ისინი მზად არიან რეაგირება მოახდინონ სხვადასხვა გამოწვევებზე“, - განაცხადა დეგნანმა.
აშშ-ის ელჩი: საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები - იმედი გვაქვს, შეთანხმება ძალაში დარჩება
ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდა მრავალპარტიული რეფორმები, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, განცხადებები, რომელიც გაკეთდა, აჩვენებს იმედგაცრუებას. „თითოეული განცხადება, რომელიც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს თუ რამდენად იმედგაცრუებულები ვართ შეთანხმების დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. ეს იყო საუკეთესო გზამკვლევი, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს სჭირდება განახორციელოს. შეთანხმების მთავარი ღირებულება იყო პარტიების ერთობლივი მოლაპარაკება რეფორმების განსახორციელებლად. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გახდება მთავარი სტრუქტურული ჩარჩო პარტიებისთვის, რათა ერთობლივად იმუშაონ. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდა მრავალპარტიული რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და გააგრძელებს იმ გზამკვლევის ფუნქციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან. შეკითხვაზე: დაუწესებს თუ არა აშშ საქართველოს სანქციებს? ელჩმა უპასუხა, რომ „სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“. ამასთან, ის პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, 28 ივლისს,, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა". „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.
რუსმა ჰაკერება აშშ-ის ფედერალური პროკურორების ელექტრონული ფოსტის ანგარიშები გატეხეს
აშშ-ის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც გასული წლის ბოლოს აშშ-ის კომპანია SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვის უკან დგანან, შარშან მაისშიც გატეხეს აშშ-ის ფედერალური პროკურორების ელექტრონული ფოსტის ანგარიშები. გამოცემის ცნობით, ანგარიშები გატეხეს 2020 წლის შვიდი მაისიდან 27 დეკემბრამდე პერიოდში როგორც ცნობილია, ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტის მონაცემთა 80% გატეხეს Microsoft-ის სერვერებზე, რომლებითაც სარგებლობდნენ ნიუ-იორკის ოთხი პროკურორის ოფისების თანამშრომლები. მთლიანობაში ელექტრონული ფოსტის ანგარიშები გაუტეხეს სხვადასხვა შტატის პროკურორების 27 ოფისის თანამშრომლებს.
აშშ-ის საელჩო: Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას
„Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები, რომელიც თავს უყრის 15 მოკავშირე და პარტნიორი ძალების 2,500 სამხედროს, ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას“, - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. „Agile Spirit 2021 მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც საქართველოს და ამერიკის ძალები უდგას სათავეში. ეს ერთობლივი წვრთნები, რომელიც თავს უყრის 15 მოკავშირე და პარტნიორი ძალების 2,500 სამხედროს, ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას.დღეს მოწმენი გავხდით ამ ერთობლივი წვრთნების შთამბეჭდავი სანახაობისა, როდესაც 150 ამერიკელი და ქართველი მედესანტე ვაზიანის აეროდრომზე დაეშვა“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. Agile Spirit 2021 მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც საქართველოსა და ამერიკის ძალები უდგას სათავეში.
მიანმარის გადატრიალების მეთაურმა თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა
BBC-ის ინფორმაციით, მიანმარის სამხედრო გადატრიალების მეთაურმა, გენერალმა მინ აუნგ ჰლაინგმა თავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა და საგანგებო მდგომარეობა 2023 წლამდე გაახანგრძლივა. როგორც გამოცემა წერს, გენერალმა მიანმარის ყოფილ მთავრობას, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში სამხედროებმა ჩამოაგდეს, ტერორისტები უწოდა. მინ აუნგ ჰლაინგის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები მასზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ და მიზნად გენერლის რეპუტაციის შელახვა აქვთ. მიანმარში სამხედრო გადატრიალება თებერვალში მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით არაერთხელ დაარბია. აქციებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.
Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა
საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლება ორ ქვეყანას - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო სადესანტო წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა.საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილეები, Agile Spirit 2021-ის ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვაზიანის აეროდრომზე იმყოფებოდნენ „გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებიც.საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების შვიდი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. C-130 თვითმფრინავები გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე არიან დისლოცირებული, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საჰაერო კომპონენტის მხარდასაჭერად კი, ბორტი ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე იმყოფება.საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 თვითმფრინავიდან სამხედრო მძიმე ტექნიკის გადმოსროლით დაიწყო, რის შემდეგაც დანარჩენი თვითმფრინავებიდან პირადი შემადგენლობის დესანტირება განხორციელდა. პარაშუტებით გადმოხტომისას სამხედროებმა Agile Spirit 2021-ში მონაწილე ქვეყნების დროშები გაშალეს. საჰაერო დესანტირების შემდეგ სადესანტო ჯგუფების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა პარტნიორობისა და მეგობრობის ნიშნად ერთმანეთს პარაშუტისტების ბეჯები გაუცვალეს. სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის ერთობლივ წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) რეინჯერთა ასეული, იტალიის ქალაქ ვიჩენზაში დისლოცირებული ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის 1-91 საკაველერიო პოლკისა და 173-ე სადესანტო ბრიგადის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფი მონაწილეობდა.სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით ჩაატარეს.
თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ აღჭურვილობა გადასცა
თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ აღჭურვილობა გადასცა. უწყების ინფორმაციით, 24 დასახელების სამხედრო დანიშნულების სანივთე, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა ახალგაზრდულმა ლეგიონმა თავდაცვის უწყებისგან მიიღო. აღჭურვილობა ვაზიანის აეროდრომზე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა დაათვალიერეს. სამხედრო, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, უსასყიდლოდ უვადო სარგებლობაში გადაეცა. ვაზიანის სამხედრო აეროდრომის სამწყობრო მოედანზე ქონების მიღება-ჩაარების დოკუმენტის ხელმოწერაც გაიმართა. თავდაცვის სამინისტრო და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ 2016 წლიდან თანამშრომლობს. ლეგიონერების საქმიანობა ახალგაზრდა თაობაში სამხედრო საქმის პოპულარიზაციასა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ეკატერინე გორგოძემ პოლონეთში საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე პოლონეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. მსოფლიო რეიტინგის 185-ე ნომერი, ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და სამ სეტში გაიმარჯვა. ამ გამარჯვების ხარჯზე ეკატერინე მსოფლიო რეიტინგში 21 პოზიციით დაწინაურდება.
ღარიბაშვილმა და ერდოღანმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ. სატელეფონო საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტზე ანკარაში, რომელიც 1 ივნისს შედგა. მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში კიდევ ერთხელ მიიწვია. ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობას, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე.