ძებნის რეზულტატი:
ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 000 მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 000 მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართული იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა. „ქვეყნისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა 3 000-იანი ნიშნული, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია. მაგრამ წინა ტალღებთან შედარებით, მთავარი საპირწონე არის ის, რომ გვაქვს უზარმაზარი და უძლიერესი ძალის ინტერვენციის საშუალება, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. ბუნებრივია, ვიცით, რომ საქართველოში, უცებ ხვალ ვერ გავიღვიძებთ და ჩვენი სურვილის მიუხედავად, ყველა ორჯერადად აცრილი ვერ იქნება, ამას ობიექტური დროის ფაქტორი აქვს და ის ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 000 მიაღწევს, ჩემი, როგორც ერთი ექსპერტის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს, სხვანაირად ეპიდემიის კონტროლი ვერ იქნება. ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება, თუმცა, სამწუხაროდ, რაც მეტი ადამიანია ინფიცირებული, მეტია ჰოსპიტალიზებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ მეტია გარდაცვლილი“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირს დასჭირდება, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გადახედვა დასჭირდება. მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს. „ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით საქმეების მიმდინარეობას ჩვეულებრივ. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან. ჭეშმარიტებაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და მისმა უარმა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, მისცა „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი. საქართველოს ხალხი იმსახურებს პოლიტიკოსებს, ვინც ქვეყნის ინტერესს ყველაფერზე უფრო მაღლა აყენებს. ამიტომაც, მე არასდროს არ ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებდი, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმდა და ვალდებულების, რომელებიც აიღეს. ჯეროვნად უნდა შევაფასოთ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის სამუშაოა, აკონტროლოს მთავრობა და არ დარჩეს პარლამენტს მიღმა. ამ კონტექსტში, მომავალი ადგილობრივი არჩევნები გახდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგას მათ ბრძოლაში სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მკვიდრმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ხმა მისცეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობაში შედის, რომ დარწმუნდეს, ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე წვლილი შეიტანონ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. პრესკონფერენცია ევროპარლამენტარმა ჟურნალისტების მიმართ მხარდაჭერის დაფიქსირებით დაიწყო. 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის ღირებულებას წარმოადგენს ჟურნალისტების დაცვა ისეთ პოლარიზებულ გარემოში, როგორიც საქართველოშია. ,,ძალიან კარგია, რომ საქართველოში დავბრუნდი. პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ქართული მედიის მიმართ განსაკუთრები იმ 53 ჟურნალისტის მიმართ , რომელსაც სასტიკად თავს დაესხნენ ძალადობრივი ჯგუფები. „ქართული ოცნების" განცხადებამ ვერ მიაღწია მიზანს, რაღაც მომენტში წაახალისეს დაუსჯელობა, ეს ძალიან საშიში ნიშანია დემოკრატიის უკან დახევისა. ევროკავშირის სხვა ღირებულებები არის ჩადებული დევიზში - ერთიანობა მრავალფეროვნებისთვის. მრავალფეროვნება ნიშნავს დაცვას ყველასი და ყველაფრის - თქვენი კულტურის , ტრადიციების, რელიგის, მაგრამ ასევე უმცირესობის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. როგორც მან აღნიშნა, მისი ამოცანა იყო, მხარი დაეჭირა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში ჩართვისთვის და გაეზიარებინა ევროპული გამოცდილება. ,,მეშინია, რომ ,,ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ, გაეუქმებინა 19 აპრილის შეთანხმება, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს ვიდრე ის იყო 3 თვის წინ", - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.
ვიოლა ფონ კრამონი: ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით
სურს თუ არა ხელისუფლებას მიზანმიმართულად საგარეო კურსის შეცვლა და დაადგა თუ არა მმართველი პარტია პრორუსულ გზას, ჟურნალისტების ამ შეკითხვას თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა. ,,ეტაპობრივად არის რუსეთთან დაახლოება, მაგალითად ასეთ გადაწყვეტილებებს რუსეთი მიესალმება - იქ საუბარია ფრენების აღდგენაზე. ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით და ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის. ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. მე აქ პროტესტს ვერ გამოვთქვამ. აქ მნიშვნელოვანია, თქვენ იყოთ დაცული ქუჩაში, ასოცირების ხელშეკრულება განხორციელდეს და ყველას ის შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც მთავრობამ მოახდინა. თუ ექნებათ რუსეთთან უფრო მჭირდო ურთიერთობა, ეს მათი გადასაწყვეტია. ასოცირების ხელშეკრულებას თუ რეგულარულად დაარღვევენ, მაგალითად, პრესა თუ წნეხის ქვეშ იქნება, ეს ევროპული ღირებულების დაღვევად ჩაითვლება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირს დასჭირდება, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან
„ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაასახელა. მათ შორის არის სამი ქალი კანდიდატი. ერთი - ანივარდ მოსოიანი, მოქმედი მერია. ნინო ლაცაბიძე კი პარლამენტის წევრი. კანდიდატებს შორისაა ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე. მთლიანი სია კი ასეთია: რუსთავის მერობის კანდიდატი: ამჟამად პარლამენტის წევრი, ნინო ლაცაბიძე; გარდაბანი - დავით კარგარეთელი; მარნეული - კენან ომაროვი; ბოლნისი - დავით შერაზადიშვილი; დმანისი - კობა მურადაშვილი; წალკა - ილია საბაძე; თეთრიწყარო - გიორგი წიკლაური; თელავი - ლევან ანდრიაშვილი; ახმეტა - ალექსი ფიცხელაური; ყვარელი - გივი ზაუტაშვილი; ლაგოდეხი - ჯონდო მდივნიშვილი; გურჯაანი - ზურაბ უტიაშვილი; საგარეჯო - ავთანდილ გულიკაშვილი; სიღნაღი - მალხაზ ბეგიაშვილი; დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი; გორი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; კასპი - ვახტანგ მაისურაძე; ქარელი - ზაზა გულიაშვილი; ხაშური - თენგიზ ჩიტიაშვილი; ახალციხე - ირაკლი ლაზარაშვილი; ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე; ბორჯომი - ოთარ არბოლიშვილი; ადიგენი - გოჩა ქიმაძე; ახალქალაქი - მელქონ მაკარიანი; ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი; მცხეთა - დიმიტრი ზურაბიშვილი; დუშეთი - მანანა ნარიმანიძე; თიანეთი - ლევან წიკლაური; ყაზბეგი - შალვა ელოშვილი; ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი; ბაღდათი - კახა ენუქიძე; ჭიათურა - გივი მოდებაძე; წყალტუბო - გენადი ბალანჩივაძე; საჩხერე - ლევან ივანაშვილი; სამტრედია - დავით ბახტაძე; თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი; ტყიბული - დავით ჩერქეზიშვილი; ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი; ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი; ხონი - ლადო ჯურხაძე; ზესტაფონი - ვასილ გველესიანი; ამბროლაური - ლაშა ჭიჭინაძე; ონი - სერგო ხიდეშელი; ცაგერი - გიორგი ნემსაძე; ლენტეხი - გიორგი ონიანი; ზუგდიდი - მამუკა წოწერია; წალენჯიხა - გოგა გულორდავა; ჩხოროწყუ - დათო გოგუა; ხობი - დავით ბუკია; სენაკი - ვახტანგ გადელია; მარტვილი - თორნიკე ჯანაშია; ფოთი - ბექა ვაჭარაძე; აბაშა - გიგა გაბელაია; მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ოზურგეთი - ავთანდილ თალაკვაძე; ლანჩხუთი - ალექსანდრე სარიშვილი; ჩოხატაური - დავით შარაშენიძე; ბათუმი - არჩილ ჩიქოვანი; ქობულეთი - ლევან ზოიძე; ხელვაჩაური - ზაზა დიასამიძე; ქედა - როლანდ ბერიძე; შუახევი - ომარ ტაკიძე; ხულო - ვახტანგ ბერიძე. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
ვიოლა ფონ კრამონი: ევროპარლამენტში კოლეგების რეაქციიდან დავასკვენი, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე
„ვეცდებით, ჩვენი გადაწყვეტილებების სინქრონიზაცია მოვახდინოთ აშშ-სთან“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, ითქვა, რომ გადაიხედება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ის ვეღარ გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, ეს გულისხმობს თუ არა მიკროფინანსურ დახმარებებსაც, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ მისი კოლეგები ევროპარლამენტში მიკროსაფინანსო ტრანშის შეჩერებაზე სერიოზულად ფიქრობენ. „რაც შეეხება იმას, თუ არ დაუბრუნდებიან ხელშეკრულებას, ჩვენ მარტში ვსაუბრობდით, რომ შეჩერდებოდა მიკროფინანსური ტრანში. კოლეგების რეაქციიდან პარლამენტში მე დავასკვენი, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე. მე პროცედურებზე, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მარკეტა გრეგორევა გახლავთ ამაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა აშშ-სთან“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Middle East Airlines-ი შემოდის
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს. ლიბანური ავიაგადამყვანი Middle East Airlines (MEA) მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი - თბილისი - ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის 31 ივლისიდან 18 სექტემბრამდე, კვირაში ერთხელ (შაბათი), Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს, 30 ივლისს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ დიდ თანხებს ვაწვდით საქართველოს და გვინდა, ეს ფული სწორი მიმართულებით დაიხარჯოს, სწორ პროგრამებსა და პროექტებში
ევროპარლამენტარების სურვილია, საქართველო რაც შეიძლება ახლოს და რაც შეიძლება მალე იყოს ევროკავშირთან. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „19 აპრილის შეთანხმებამდე, მარტში, მე საქართველოში ვიყავი და მერე განხილვა გვქონდა სიტუაციისა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობდით იმ დროს შესაძლებლობაზე, შეგვეჩერებინა ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა ასეთი საუბარიც შედგა, მაგრამ შემდეგ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და ჩვენ ძალიან მოხარული ვიყავით, რომ ეს იქნებოდა ათვლის წერტილი ყველა სხვა საჭირო რეფორმის განსახორციელებლად. ამიტომ არ იყო ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად განხილვის საჭიროება, მაგრამ ახლა დავუბრუნდით ძველ მდგომარეობას და უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ გადავწყვიტოთ შექმნილი მდგომარეობა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება ახლოს იყოს ევროკავშირთან, რაც შეიძლება მალე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო ბრწყინვალე ქვეყანაა და ჩვენ გვჭირდება საქართველო. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დიდ თანხებს ვაწვდით საქართველოს, ჩვენ გვინდა რომ ეს ფული სწორი მიმართულებით დაიხარჯოს, სწორ პროგრამებში, სწორ პროექტებში. ეს არის გადასახადის გადამხდელთა თანხები და ეს თანხები არ უნდა აღმოჩნდეს რამდენიმე ადამიანის ჯიბეში. ამ საკითხებზე იქნება დისკუსია, თუ „ქართული ოცნება“ არ გადახედავს თავის პოზიციას, მაგრამ მოდით, დაველოდოთ. იქნებ, იქ უფრო პოზიტიური განწყობა სუფევს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ალექსანდრ ლუკაშენკო: საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ჯარს დაუყოვნებლივ მოვიწვევთ
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდ ლუკაშენკოს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ჯარს დაუყოვნებლივ მოიწვევს, თუმცა მისი თქმით ჯერჯერობით, ქვეყანაში შემქნილი მდგომარეობა ამის საჭიროებას არ მოითხოვს. როგორც ლუკაშენკო აცხადებს, ქვეყანაში საპრეზიდენტი არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას ,,ბელარუსმა თავი გაართვა", თუმცა მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მზად იყო რუსეთის შეიარაღებული ძალებიც შემოეყვანა. ,,ჩვენ საკმაოდ ძლიერი, ერთიანი და კომპაქტური შეიარაღებული ძალები გვყავს. თუ ეს საკმარისი არ იქნება, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მოვიწვევთ... ეს თუ საჭირო იქნება, არ დავაყოვნებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ვიოლა ფონ კრამონი: 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური განცხადებები ზაფხულის დასვენების შემდეგ გაკეთდება
19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური განცხადებები ზაფხულის დასვენების შემდეგ გაკეთდება. ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელმა განაცხადა. „შეთახმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, საზოგადოება განსაკუთრებით ელოდა, რას იტყოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, თუმცა მან გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საკმაოდ მოზომილი იყო. როგორ შეაფასებთ მიშელის განცხადებას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროპის მხრიდან უფრო მკაცრი და მკაფიო განცხადებების დაფიქსირების დროა“, - მიმართა ჟურნალისტმა ევროპარლამენტარს. „შარლ მიშელის პრესმდივანი არ გახლავართ, თუ შეიძლება, მივმართავ ჩემს საკუთარ გამოცდილებას, რომელიც შევიძინე ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ყოფნისას. სხვადასხვა ადამიანს შევხვდი და ეს მაძლევს საშუალებას, შესაბამისი განცხადებები გავაკეთო დღეს. არსებობს მიზეზები, რატომაც მიშელი არის ფრთხილი თავის განცხადებებში და მესმის რატომაც. შეიძლება, მართალია, არ იყო ისეთი მკაცრი და ამბიციური, როგორსაც საქართველოში ბევრი ადამიანი ელოდა. ჩვენ ევროკავშირში გვყავს ძალიან აქტიურად ჩართული ჯგუფი. ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში. ზაფხულის დასვენების შემდეგ, იმედი გვაქვს, დავუბრუნდებით ამ სიტუაციას, ამის შემდეგ მოხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და სიტუაციის მეტად კონკრეტიზაცია. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, შარლ მიშელის განცხადებაზე დამატებით კომენტარებს ვერ გავაკეთებ“, - უპასუხა ვიოლა ფონ კრამონმა. „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას შემდეგ, პირველი განცხადება Twitter-ისა და ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შარლ მიშელმა და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციების დაწყება დააანონსა. შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: კულტურის მინისტრის ქცევამ ჩვენი დიდი გაოცება გამოიწვია, დაგვამუნჯა
„ის, რაც გააკეთა კულტურის მინისტრმა მიკროფონთან დაკავშირებით, რომ იტყვიან ჩვენი ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია, დაგვამუნჯა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად არ ახასიათებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს. „ჩემი პირველი განცხადება გავაკეთე ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმაც უნდა გადადგამ შესაბამისი ნაბიჯები. ნამდვილად ვერ გავამართლებ იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება, მინისტრმა გამოგლიჯოს ხელიდან ჟურნალისტს, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პირადი ცხოვრების მომენტები დაიცვან პოლიტიკოსებისა. ბოლოს ვიტყვი, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში თეა წულუკინმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
კვიპროსში, 12-15 წლის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან
კვიპროსში, 12-15 წლის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კვიპროსში კორონავირუსის 100 784 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 416 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. „ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომლითაც ახალი აგრესიული შტამების გაჩენა შეგვიძლია შევაჩეროთ“, - აღნიშნა კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრმა. 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაციის კამპანიისთვის Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები გამოიყენება. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია მხოლოდ მშობლების თანხმობის შემთხვევაში მოხდება.
იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 95% „დელტა“ ვარიანტია
იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 95% „დელტა“ ვარიანტზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 22 ივნისის მდგომარეობით, „დელტა“ ვარიანტზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 22.7% მოდიოდა. „ახლა უკვე დომინანტური „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელება შეესაბამება ევროპულ მონაცემებს. აუცილებელია შემთხვევების სისტემატური მონიტორინგი და ვაქცინაციის ციკლის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, - ნათქვამია იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში.
ევროკავშირის მარეგულირებელმა კომპანია Amazon-ი 746 მილიონი ევროთი დააჯარიმა
პერსონალური მონაცემების დარღვევებით დამუშავების გამო, ევროკავშირის მარეგულირებელმა კომპანია Amazon-ი 746 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის ეროვნულმა კომისიამ (CNPD) Amazon-ს ჯარიმა 16 ივლისს დააკისრა. კომპანია Amazon-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია მოითხოვს, რომ კომპანიებმა მომხმარებლების თანხმობა უნდა მიიღონ მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებამდე.
ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება, ვინაიდან ვირუსი მუტაციას განაგრძობს. „ჯანმო გაფრთხილებით გამოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, ის იცვლებოდა და კვლავ განაგრძობს ცვლილებას. ჯერჯერობით, ოთხი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდა და უფრო მეტი იქნება, სანამ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. გებრეიესუსის განაცხადებითვე, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 200 მილიონს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადააჭარბებს. „გასულ კვირას, ჯანმომ კორონავირუსის თითქმის 4 მილიონი შემთხვევა დააფიქსირა და მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ შემთხვევების საერთო რაოდენობა 200 მილიონს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადააჭარბებს“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ანდრიუს კუბილიუსი: იმედი მაქვს, ყველა მხარეს ესმის, რომ გაზრდილი დაძაბულობა სასწორზე დებს ქვეყნის მომავალს და ევროპული რეფორმების პროგრესს
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება იყო რთულად მოპოვებული გამარჯვება და მმართველი პარტიის მხრიდან ამ შეთანხმებიდან გასვლა ცუდი სიგნალია. Europetime-თან კომენტარში კუბილიუსი იმედოვნებს, რომ ყველა მხარეს ესმის, გაზრდილი დაპირისპირება სასწორზე დებს ქვეყნის მომავალს და ევროპული რეფორმების პროგრესს. „იმედი მაქვს, იპოვიან გზას უთანხმოების გადასალახად“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ კარგავს საერთაშორისო ნდობას და, სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოზეც. ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება არჩევნებისთვის მოსამზადებლად კარგი საფუძველი იყო, ახლა კი გაუქმებულია ეს შეთანხმება. „ვერ გეტყვით, რამდენად შეუძლია ამ ნაბიჯს, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას და უზრუნველყოს პოლიტიკური დიალოგი. საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, დაეხმარონ საქართველოს ევროპული რეფორმების გზაზე და ევროკავშირმა ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი ჩართულობით აჩვენა“, - აღნიშავს ანდრიუს კუბილიუსი. ცნობისთვის, 29 ივლისს, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ მისია ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“. ამავე თემაზე: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნა აცრილებში „დელტა“ ვარიანტის შესაძლო გავრცელებაზე
„დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებულების ცხვირი და ყელი დიდი რაოდენობის ვირუსის მატარებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) შეფასებით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტს აცრილებიც მარტივად ავრცელებენ. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებული პირების ცხვირი და ყელი დიდი რაოდენობის ვირუსის მატარებელია. „დელტა“ ვარიანტი უფრო გადამდებია ვიდრე ვირუსები, რომლებიც იწვევენ შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს, მწვავე რესპირატორული სინდრომს, ებოლას, გაციებას, სეზონურ გრიპს და ჩუტყვავილას. 11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი. CDC-ი: „დელტა“ ვარიანტს მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია და ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა
„არ ვართ ბავშვები, სერიოზული ხალხი ვართ“ - ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გაუქმებაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს
შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ არ გააუქმებს და ამაზე საუბარიც არასერიზულად მიაჩნია. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება პრინციპულია. „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა ერთადერთი ფაქტორი არ იყო. „ხელის არმოწერა იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, რამაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა. იყო სხვა ფაქტორებიც. მათ შორის ის, რომ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბოიკოტი პარლამენტს. შარლ მიშელის შეთანხმების ერთადერთი მიზანი პოლარიზაციის დასრულება იყო. როცა ამ დროს ჩვენი ოპონენტების ყველა ნაბიჯი პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება, ბუნებრივია, შეთანხმებაში დარჩენას არავითარი ლოგიკური აზრი არ აქვს. იყო ამორალური პროტესტი, რასაც ეს პოლიტიკური ძალა ახორციელებდა. იყო უამრავი ნაბიჯი, მხარს არც ერთ ინიციატივას არ უჭერდნენ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობდა. ყველა ნაბიჯით შარლ მიშელის დოკუმენტს და მის სულისკვეთებას უპირისპირდებოდნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი: სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობა განმუხტოს
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. დიპლომატის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს. „პოლიტიკური უკუსვლა - ზოგიერთის უარი საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის იგნორირება, აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს“, - წერს უილიამ კორტნი Twitter-ზე. ამასთან, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ „გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა. დასავლური გადმოსახედიდან, თავდაპირველად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე და ახლა კი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის დახმარებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა, ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს“. უილიამ კორტნი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველმა პოლტიკოსებმა გაიაზრონ შარლ მიშელის ჩართულობის მნიშვნელობა და ის უდიდესი ძალისხმევა, რაც ევროკავშირმა ამ შეთანხმების მიღწევაში ჩადო. „არ ვართ ბავშვები, სერიოზული ხალხი ვართ“ - ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გაუქმებაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს
კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა ისევ 3000-ზე მეტია
საქართველოში კორონავირუსი 3 196 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 147, გარდაიცვალა 27, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 965 ტესტი, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით. დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 820 ადამიანი გარდაიცვალა. დღეს თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა - 517, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 157, კახეთი - 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19. აქტიური შემთხვევა - 31 295 საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 905, აჭარაში - 620, იმერეთში - 751. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 105, იმერეთში -255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 226, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 6, იმერეთში - 18. 1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 - თბილისში, 614- აჭარაში. 23 655 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 982 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 021, იმერეთში - 2 325. საქართველოში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა ბოლოს 27 ივლისს დაფიქსირდა.
ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში
მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს ხელი შეუწყოს საკუთრი ცოდნის რეალიზებაში - განაცხადა საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას. „ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას. საბჭოოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის, შესაძლებლობების გამოყენება საქართველოს გასაძლიერებლად. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ტრაგედიაა, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმები გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით. როცა დაინგრა საბჭოოთა კავშირი და ქვეყანამ ხელმეორედ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ძალიან ბევრი საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი და სპეციალისტი წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისი და მე ვიტყოდი ტრაგედიაა, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოშ, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მეორე მხრივ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, საკუთრი ცოდნის რეალიზებაში. მაქსიმალურად უნდა გავუღოთ კარი ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს. მე გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იყოს აღიარებული. ამ წლების განმავლობაში 43 მილიონამდე არის დახარჯული. ეს არ არის საკმარისი, ჩვენს შეგვიძლია, ეს ციფრი გავაორმაგოთ მომდევნო წლების განმავლობაში და ბატონ მინისტრთან ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. 1150 უნდა გახდეს 10 000. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, ვიდრე ბატონი მინისტრი შეძლებს, რომ ის სწავლის დონე და ხარისხი იყოს მიღწეული საქართველოში, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. განათლების საერთაშორისო ცენტრმა წელს 150-ზე მეტი სტიპენდიანტი შეარჩია.