ძებნის რეზულტატი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში ძირითად აქცენტებს გაამახვილებს რეგიონული უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არის განპირობებული ოკუპაციისგან, იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ქვემო ალვანში ხანძარის შედეგად აგრო მაღაზია და ღვინის მარანი დაიწვა
ხანძარი ახმეტის მუნიციპალიტეტში - სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივი ბიზნესმენის თემურ თელაურიძის კუთვნილი აგრო მაღაზია, ღვინის მარანი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაიწვა. ხანძრის შესახებ ოჯახმა დილით მეზობლებისგან შეიტყვეს, თუმცა ცეცხლი უკვე დიდ ფართობზე იყო გავრცელებული, რის გამოც, მათ შენობიდან ნივთების გამოტანა ვეღარ შეძლეს. ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. წინასწარი ინფრომაციით ზარალი 200 ათას ლარზე მეტია. თელაურიძეები დახმარებას ითხოვენ.
ჟოზეფ ბორელი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ: რიგ საკითხებზე უთანხმოება რჩება, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტის შელახვის გამო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები და აქტუალური საერთაშორისო საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოება რჩება. „ბორელმა ლავროვთან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობებში. მისი ამოცანა იყო უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების ჩამოყალიბება. უთანხმოება რჩება, კერძოდ რუსეთის მეირ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გამო, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე და ასევე კიბერ, დეზინფორმაციისა და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებზე“, – ნათქვამი პრესრელიზში. ევროკავშირის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ავღანეთის, ლიბიის, მალის, ახლო აღმოსავლეთისა და ირანთან გაფორმებული „ბირთვული შეთანხმების“ საკითხები.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლექსო ლაშქარავას საქმეზე სამართალდარღვევებისთვის შსს-ს ჯარიმა დააკისრა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნით, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი არ ჰქონდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, უწყების მიერ ჩატარებული შემოწმებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მათივე ცნობით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ მათ გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი. კერძოდ, სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ გამართული ბრიფინგების მიზანს წარმოადგენდა ლექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. თუმცა, 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელმა არ/ვერ დაასახელა ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი და აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები. აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ ბრიფინგებზე გაასაჯაროვა ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, შესაბამისი კომენტარებით, თუმცა საზოგადოებას არ მიაწოდა ინფორმაცია მათი გასაჯაროების მიზნებისა და მიმდინარე გამოძიებასთან ვიდეოჩანაწერების მიზეზობრივი კავშირის შესახებ. უფრო მეტიც, სამინისტრომ თავი შეიკავა გამოძიების კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისაგან (იმ მოტივით, რომ მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი პირის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის დადგენა), საზოგადოებას მოუწოდა გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერებიდან არ გამოეტანათ ნაადრევი დასკვნები და დალოდებოდნენ გამოძიების შედეგებს. ვინაიდან 2021 წლის 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით და ამასთან, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი, სამინისტროს მიერ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2021 წლის 11 და 12 ივლისს, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამართული ბრიფინგების ფარგლებში გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტრომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა 2021 წლის 12 ივლისის ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვებულ იქნა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულ აუდიო-ვიდეოჩანაწერზე (2021 წლის 12 ივლისს, 00:21, 00:24, 00:28 და 00:52 საათებზე) წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს სამინისტროს მიერ არ შედგენილა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლების) დარღვევა, სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დათვალიერებისა და გადმოწერის ფაქტზე. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2021 წლის 11 და 12 ივლისს, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გასაჯაროებული სხვა ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებას, სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტრომ ისინი სხვადასხვა პირისაგან მოიპოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-126-ე მუხლებით დადგენილი წესით (დათვალიერების გზით), ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მფლობელების წერილობითი თანხმობის საფუძველზე და ვიდეოჩანაწერების დათვალიერება განხორციელდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ვიდეოჩანაწერების დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების შეფასების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში, ვერ/არ შეაფასა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტის მტკიცებულების სახით დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების საკითხი. 2020 წლის 11 ივლისს ინტერნეტსივრცეში (მათ შორის, Facebook-ში) ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ: ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში – info.pol.ge აღრიცხული მონაცემების იდენტურია. ინტერნეტში გავრცელებული და სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში მითითებული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან, როგორც სტრუქტურით და თანმიმდევრობით, ასევე ტექსტში გამოყენებული სიმბოლოებით (სასვენი ნიშნებით); საინფორმაციო ბაზა – info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა 2021 წლის 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჰქონდათ მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაცემებზე წვდომა განახორციელა 2021 წლის 11 ივლისს; საინფორმაციო ბაზა – info.pol.ge-ში დაცულ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მონაცემებთან წვდომა ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა (თითქმის ყველა) სტრუქტურული დანაყოფის 82 თანამშრომელს. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტზე. ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შემოწმების პარალელურად, 2021 წლის 12 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს თანამშრომლების მიერ ერთიან საინფორმაციო ბანკში განხორციელებული არასანქცირებული წვდომებისა და 2021 წლის 11 ივლისს ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული ზემოაღნიშნული შემოწმებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) და 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე (მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება), 44-ე (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) და 46-ე (მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა) მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, შსს-მ ვიდეოჩანაწერები 2021 წლის 11 ივლისს გაასაჯაროვა.
თიანეთში მწყემსი მოკლეს
თიანეთში 70 წლის მწყემსი მოკლეს. მწყემსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა და წინასწარი ინფორმაციით ჭრილობები თანასოფლელმა თიანეთში მიაყენა. მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაღუპული და ეჭვმიტანილი თიანეთის მთებში მწყემსად ერთად მუშაობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. მედიასთან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.
COVID19: 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 1698 დაინფიცირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1698 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1910 პაციენტი, 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 603 763 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 572 353, გარდაიცვალა 8 749 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 692 კოვიდტესტი.
ინფიცირების 22 635 აქტიური შემთხვევიდან 1 087 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ამ ეტაპზე საქართველოში 22 635 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც: 4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში გადის. მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში - 410, აჭარაში - 128, იმერეთში - 299. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 32, იმერეთში - 33. 964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 514 - თბილისში, 287 - აჭარაში. 16 861 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 165 პირი.• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 039 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 692 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 910 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61 % Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 692 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 310 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 382 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 603 763-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.46% ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 910 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 572 353. • ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა - 120, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 92, შიდა ქართლი - 72, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 250, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
ევროკავშირის წინადადებით, ყველა ტელეფონს, მათ შორის iPhone-ს, ერთი, უნივერსალური დამტენი უნდა ჰქონდეს
ევროკავშირის წინადადებით, ყველა ტელეფონს, მათ შორის, iPhone-ს, ერთი, უნივერსალური დამტენი უნდა ჰქონდეს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოწყობილობების დატენვა USB-C ტიპის დამტენებით იქნება შესაძლებელი. შესაბამის საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. წინადადება ასევე მოიცავს ტაბლეტებს, კამერებს, ყურსასმენებს, პორტატულ დინამიკებს და ვიდეო თამაშების კონსოლებს. „ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი მომხმარებლებისთვის და გარემოსთვის და ჩვენი მწვანე და ციფრული ამბიციების შესაბამისად“, - განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგარეტ ვესტაგერმა. რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს ყოველი ახალი გაჯეტის შეძენისას, ახალი დამტენების ყიდვა აღარ დასჭირდეს. ევროკავშირის წინადადებით, ყველა ტელეფონს მათ შორის, iPhone-ს, ერთი, უნივერსალური დამტენი უნდა ჰქონდეს
„თალიბანი“ მისი მთავრობის ვიცე-პრემიერსა და ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „წარმომადგენელს“ შორის შეხვედრაზე იუწყება
„თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენელს“ შეხვდა. ეს ინფორმაცია „თალიბანმა“ Twitter-ზე გაავრცელა. მისი მიხედვით, ავღანეთის ისლამური საამიროს ვიცე-პრემიერი, მოლა ბარადარ ახუნდი „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის უშიშროების სააგენტოების ოფიციალურ „წარმომადგენელს“, ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა. „შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოება, ავღანეთში არსებული მდგომარეობა და ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მაქსიმოვის შესახებ გამოცემა Jam-news-ი სექტემბრის დასაწყისში წერდა. „სამხრეთ ოსეთში მოულოდნელად ყურადღების ცენტრში ადგილობრივი სპეცსამსახურის მაღალჩინოსანი, მოსკოვიდან მოწვეული რუსეთის მოქალაქე მოექცა. ამის მიზეზი გახდა საეჭვო ფაქტები მის ბიოგრაფიაში, რომლებიც უცხოური წყაროს წყალობით გახდა ცნობილი. კერძოდ, მისი არარსებული სამხედრო დამსახურებები და ყალბი ჯილდოები. ხელისუფლება ამ სკანდალურ დანიშვნაზე კომენტარს არ აკეთებს. ალექსეი მაქსიმოვის შესახებ, რომელიც სკანდალის გმირი გახდა, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, მაქსიმოვი „სამხრეთ ოსეთში“ საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა ალექსეი ვარზიევმა 2019 წელს მიიწვია. მან ერთ დღეში რესპუბლიკის მოქალაქეობის და პოლკოვნიკის წოდების მიღება მოახერხა და სამსახურის უფროსის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. შემდგომში მან დაიკავა სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ოსური წყაროების ცნობით, მაქსიმოვი ახლა მოსკოვშია მივლინებული, სადაც საკუთარ თავს „სამხრეთ ოსეთის“ დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად წარადგენს“, - წერს Jam-news-ი ამავე წყაროს ცნობით, მაქსიმოვი პირველად საჯაროდ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას „სამხრეთ ოსეთში“ ოფიციალური ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის აგვისტოში გამოჩნდა. სწორედ მაშინ ვიდეოკამერებმა დაზვერვის ახალი მაღალჩინოსანი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელთა წინა რიგებში დააფიქსირეს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მაქსიმოვი 1991-93 წლებში, „იუგოსლავიაში გაეროს სამშვიდობო ძალების რუსეთის კონტინგენტის შემადგენლობაში” მსახურობდა. თუმცა, ასეთი კონტიგენტი იმ დროს არ არსებობდა. პირველი რუსული ქვედანაყოფები ბოსნიაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში მხოლოდ 1996 წელს გამოჩნდა.
დავით ზალკალიანი დანიელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს თავის უცხოელ კოლეგებთან. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ - იეპე კოფოდთან შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სწრაფად მზარდი დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ 2022 წელს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება. დიპლომატებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ. დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. მან იეპე კოფოდს მადლობა გადაუხადა დანიის მხრიდან საქართველოს, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა დანიის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე. ამასთან, საქართველოს პირველმა დიპლომატმა განაცხადა მზაობა დანიელი კოლეგის საქართველოში მასპინძლობისთვის.
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა, მათ შორის 26 211 კაცი და 24 326 ქალი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2020 წლის მონაცემებით, მოკვდაობის ზოგადმა კოეფიციენტმა (გარდაცვლილთარიცხოვნობა ყოველ 1 000 კაცზე) შეადგინა 13.6 პრომილე. საქსტატის ცნობით, ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2020 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – 27.5%, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 1.5 %. რაც შეეხება გარდაცვალების ძირითად მიზეზებს, როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ისევე როგორც ევროპის რეგიონის უმეტეს ქვეყნებში, გარდაცვალების მიზეზებს შორის დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (43.8 პროცენტი) და სიმსივნეები (16.0 პროცენტი). თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკატორის მეათე გადახედვას დაემატა გარდაცვალების ახალი მიზეზი, „U07.1 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია“. აღნიშნული მიზეზით, საქართველოში 2020 წელს 2 587 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მთლიანი გარდაცვალებების 5.1 პროცენტს შეადგენს. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, გარდაცვალების მიზეზები განსხვავდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ხუთ წლამდე ასაკში გარდაცვალების სამ ძირითად მიზეზს წარმოადგენს პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა, თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები და უბედური შემთხვევები. 5-14 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს უბედური შემთხვევები და ავთვისებიანი სიმსივნეები ორივე სქესისთვის. ბიჭებისთვის ასევე დიდ წილს იკავებს ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოების სხვა ავადმყოფობები (10.3 პროცენტი), ხოლო გოგონებისთვის − პნევმონია (11.4 პროცენტი). ავთვისებიანი სიმსივნეებით გარდაცვალება ჭარბობს ისეთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორიცაა 15-69 (კაცების შემთხვევაში 20.5 პროცენტი, ქალების − 32.2). ამ ასაკობრივ ჯგუფში ასევე დიდ წილს იკავებს გულის იშემიური და ცერებროვასკულური ავადმყოფობები. აღსანიშნავია, რომ 15-69 წლის ასაკის ქალებს შორის გარდაცვალების სამ ძირითად მიზეზს შორის დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება და მისმა წილმა მთლიან ქალების გარდაცვალებაში შეადგინა 8.0 პროცენტი. 70 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, როგორც მოსალოდნელია, ჭარბობს გულის და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები.
აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციისთვის საქართველოს $15 მლნ-იანი სესხი დაუმტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციისთვის საქართველოსთვის $15 მლნ-იანი სესხი გამოყო. ეს ფინანსური რესურსი ქვეყანას დაეხმარება დაახლოებით 700,000 დოზა კოვიდვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში. ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა, რომ ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად. ასევე წაიკითხეთ: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $100 მლნ-იანი სესხი დაუმტკიცა „ეს პროექტი საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, შეამცირებს დაავადების გავრცელებასა და მისით გამოწვეულ სიკვდილიანობას და აღადგენს მოსახლეობის თავდაჯერებულობას. ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს COVID19-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე და ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია“. „ახლად დამტკიცებული პროექტი ADB-ის მიერ საქართველოს COVID19-ის საპასუხოდ გაწეული დახმარების კიდევ ერთი საფეხურია. ADB-მ საქართველოს უკვე გამოუყო $100 მილიონიანი სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის დასაფინანსებლად. $200 მილიონიანი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად გამოიყო და $2.5 მილიონიანი გრანტი გაიცა ლაბორატიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. ADB-ის დახმარება 300,000-ზე მეტი მოქალაქის, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ს აცრას გახდის შესაძლებელს. ამ დროისთვის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 26%, ხოლო ორი დოზით აცრილია მთლიანი მოსახლეობის 20%.
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში საუკეთესო ხელმძღვანელად დასახელდა
ყაზახეთში, Growth Forum-ის ყოველწლიურ ფორუმზე წლის საუკეთესო მენეჯერებისა და საუკეთესო კომპანიებისათვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მიხეილ ლომთაძე, Kaspi.kz- ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი, ზედიზედ მესამედ დასახელდა „წლის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად“. მან ჯილდო ინოვაციური განვითარებისთვის მიიღო. „წლის ტრანსფორმატორის“ წოდება ასევე მიენიჭა მის კომპანიას Kaspi.kz-ს. დაჯილდოებაში ყოველწიურად 500 საუკეთესო კომპანია და მათი ხელმძღვანელები მონაწილეობენ. 9 სექტემბერს, გამოცემა Forbes-ის მიერ გავრცელებული ცნობოთ, მიხეილ ლომთაძემ ივანიშვილს $200 მლნ-ით გაუსწრო და საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე გახდა.
გზის დამეწყვრის გამო, ლანჩხუთის რაიონში 40-მდე ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი
ლანჩხუთში, სოფელ ომფარეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფლისკენ მიმავალი გზა ჩახერგა. სტიქიის გამო 40-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. გზის მეორე მხარეს ჩარჩენილი ოჯახები გზის აღდგენას და დახმარებას ითხოვენ.
„თალიბანი“ სიკვდილით დასჯის გამოყენებას აპირებს
„თალიბანი“ ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ადამიანებს ხელების მოჭრით დასჯის. „თალიბანის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მოლა ნურუდდინ ტურაბი The Associated Press-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯის გამოყენებასაც აპირებენ, თუმცა არა საჯაროდ. მოლა ნურუდდინ ტურაბი იყო იუსტიციის მინისტრი და „რელიგიური პოლიციის“ უფროსი, როდესაც თალიბები ბოლოს იყვნენ ხელისუფლებაში 1990-იან წლებში. იმ დროს მსჯავრდებული მკვლელები თავში ერთი გასროლით მოკლეს, დამნაშავე ქურდებს კი ხელი ამპუტირებული ჰქონდათ. ჩვეულებრივ, დასჯა ხდებოდა სტადიონზე ან მეჩეთში ხალხის წინაშე. ტურაბი Associated Press-თან აცხადებს, რომ ასეთი სასჯელები დაბრუნდება.
საქართველოში სურსათის ბანკის შექმნის საკითხი განიხილება
სურსათის ბანკის შექმნასა და სურსათის მარაგების სწორად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანის და საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ფრანსუა ჰენრი კლოარეკს შორის გამართულ შეხვედრაზე. პარლამენტის ცნობით, ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ „აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, „კარფურთან“ თანამშრომლობითა და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ერთობლივი ხედვით, საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება იგეგმება, რომელიც სურსათის მარაგების სწორად განაწილებას შეუწყობს ხელს. „აღნიშნული ინიციატივა შესაძლებელს გახდის, ქვეყნის მასშტაბით, უვნებელ სურსათზე კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას გახდის შესაძლებელს. ფრანგული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის საელჩოს ატაშესთან შეხვედრაზე, საელჩოს მხრიდან ქართველი სპეციალისტებისთვის საფრანგეთში სასწავლო ვიზიტის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოითქვა, რაც ჩვენ სპეციალისტებს სურსათის მარაგების მართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცოდნას შესძენს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
Reuters-ი: თეთრი სახლი სავარაუდოდ, სთხოვს ფედერალურ სააგენტოებს, აშშ-ის მთავრობის შესაძლო „შათდაუნისთვის“ მოემზადონ
თეთრი სახლი სავარაუდოდ, სთხოვს ფედერალურ სააგენტოებს, აშშ-ის მთავრობის შესაძლო „შათდაუნისთვის“ მოემზადონ. Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სენატს რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი კენჭისყრისთვის, რომ შეინარჩუნოს ფედერალური სააგენტოების ფუნქციონირება ფისკალური წლის ბოლოს. „თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისი ელოდება, რომ კონგრესი ორპარტიულად იმოქმედებს მთავრობის დაფინანსების გასაგრძელებლად „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და ეკონომიკის აღდგენას ვაძლიერებთ", - განაცხად OMB-ის სპიკერმა აბდულა ჰასანმა კითხვების პასუხად. თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისი სავარაუდოდ სთხოვს სააგენტოებს, გადახედონ და განაახლონ „შათდაუნის“ გეგმები, ახალი დაფინანსების დროულად დამტკიცების პერსპექტივების მიუხედავად. აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, პანდემიის დროს მსგავსი გადაწყვეტილება გამართლებული არ იქნება. შეგახსენებთ, ისტორიაში ბოლოს, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა 2018 წლის დეკემბერში შეაჩერა. ამის მიზეზი კანონმდებლებს შორის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, მიგრანტებისგან დამცავი კედლის დაფინანსების საკითხზე შეუთანხმებლობა გახდა.
სენატორი მიჩ მაკკონელი: ქართველებს უწევთ, მტკიცედ დაუდგნენ რუსებს, მადლობა სიმამაცისთვის
„მადლობა საქართველოს სიმამაცისთვის და რუსების მიმართ მტკიცე დგომისთვის, ჩვენც გვიწევს მათთან გამკლავება, თუმცა დისტანციურად, რაც გარკვეულწილად იოლი უნდა იყოს სამეზობლოში მათ გვერდით ცხოვრებასთან შედარებით”, - ამის შესახებ სენატორმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა. ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ქართველებს უწევთ, დაუდგნენ რუსებს, თან ძალიან ახლოდან, მათ შორის შემოჭრისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 15 წელია, გრძელდება. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში არ არის არანაირი სენტიმენტი რუსეთის მიმართ. ასე რომ, მადლობა საქართველოს სიმამაცისთვის და რუსების მიმართ მტკიცე დგომისთვის. ჩვენც გვიწევს მათთან გამკლავება, თუმცა დისტანციურად, რაც გარკვეულწილად იოლი უნდა იყოს სამეზობლოში მათ გვერდით ცხოვრებასთან შედარებით“, - განაცხადა სენატორმა მიჩ მაკკონელმა. RNLA-ის მმართველთა საბჭოს წევრმა რებ ბრაუნელმა მადლობა გადაუხადა ელჩს ასოციაციის მასპინძლობისათვის და სენატორ მიჩ მაკკონელს ედვინ მეზის ჯილდო გადასცა, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვისთვის არის დაწესებული. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, ელჩმა დავით ბაქრაძემ საელჩოში უმასპინძლა რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებს (Republican National Lawyers' Association - RNLA) და სპეციალურ სტუმარს აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს სენატორ მიჩ მაკკონელს.
კოვიდინფიცირებულებმა არჩევნებზე ხმის მისაცემად, ცესკოს ზეპირი განცხადებით 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე უნდა მიმართონ
სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს ცნობით, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამის მონაცემთა ბაზაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით,25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით უნდა მომართონ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0)და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება #ცესკო #არჩევნები2021 #ერთადვატარებთარჩევნებს #CEC როგორც ბრიფინგზე იოსელიანმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. "სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა. სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილები იქნებიან სპეციალური ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვით და უსაფრთხოების სრული გარანტიით. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერზე: 2 51 00 51 შიდა ნომერი 0 და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ -სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი მერის არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვადების გათვალისწინებით დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა. ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჯო ბაიდენთან თანამშრომლობა კარგად არ დაწყებულა
თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი თანამშრომლობა ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან კარგად არ დაწყებულა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. ერდოღანის თქმით, ის კარგად მუშაობდა აშშ -ის წინა პრეზიდენტებთან, ჯორჯ ბუშთან, ბარაკ ობამასთან და დონალდ ტრამპთან. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და აშშ, როგორც NATO-ს ორი წევრი ერთმანეთს მეგობრულად და არა მტრულად მოეკიდებიან. „ჩვენ ვიყიდეთ F-35-ი, გადავიხადეთ 1.4 მილიარდი დოლარი და ეს ავიაგამანადგურებლები ჩვენ არ მოგვცეს. აშშ-მა თავდაპირველად ეს უნდა მოაგვაროს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. „შეერთებულმა შტატებმა ეს უნდა გაიგოს. ჩვენ, თურქეთი, პატიოსნად ვმოქმედებთ, მაგრამ სამწუხაროდ, შეერთებული შტატები ასე არ იქცეოდა და არ იქცევა“, - განაცხადა ერდოღანმა.