ძებნის რეზულტატი:

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა

23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 700 895-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8% სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9% 22 სექტემბერს აიცრა 12 948 ადამიანი.

ჰარვარდის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის პირველ ლექციას ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს, პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტი ისტორიულია და ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება. „დღეს ჩვენ ჭეშმარიტად ისტორიულ მოვლენას დავესწარით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტის ისტორიულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას. მინდა ასევე ხაზი გავუსვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება. პროგრამა ფუნქციონირებას 2022 წლის თებერვალში დაიწყებს და პირველი ლექციით გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი: ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა ჰარვარდის დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს გაცნობა ამერიკელებისთვის აუცილებელია

სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. გუშინ, გვიან ღამით მომხდარისას არავინ დაშავებულა. ადგილობრივივი მედიის ცნობით, შენობაში აფეთქება ბანკომატის გატეხვის მიზნით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სხვა დეტალები უცნობია.

თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი მორიგ კვლევაში განისაზღვრა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას 27.8%, ხოლო გიორგი გახარიას 5.3%. „კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: კახა კალაძე-„ქართული ოცნება“-57.9% ნიკანორ მელია -„ნაციონალური მოძრაობა“-27.8% გიორგი გახარია-„საქართველოსთვის“-5.3% ანა ბიბილაშვილი-„ლელო“-2.5% გიორგი ლომია-„პატრიოტთა ალიანსი“-2.1% ანა დოლიძე-„ხალხისთვის“-1.6% თამარ კეკენაძე_“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“-0.6% მიხეილ ქუმსიშვილი-„ლეიბორისტული პარტია“-0.5% სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა 1.7%. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია 3%. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში კახა კალაძეს გამოკითხულთა 56,1%, ნიკა მელიას - 28,3%, გიორგი გახარიას კი 6% ჰქონდა. ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი Edison Research-ის კვლევის შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება ზემოთ აღნიშული მაჩვენებლისგან და რომელმაც კანდიდატთა რეიტინგი მოწონების მიხედვით განსაზღვრა. გამოკითხულთა 55%-ს კახა კალაძე მოსწონს, გიორგი გახარია - 55%-ს, მელია - 46%-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტიუტის, IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 58%-ს ძალიან მოსწონს კახა კალაძე, გიორგი გახარია კი ძალიან მოსწონს 56%-ს. GORBI-ის კვლევით, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 61,4% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 38.6% კი ნიკა მელიას. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის ბოლო კვლევით, გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს, 25% - ცუდად. კვლევა ჩაატარა „ლელომაც“. 22 სექტემბერს, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანების მიერ დაკვეთილი წინასაარჩევნო კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 25%-ზე დაბალია. თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ISFED-მა წინასაარჩევნო პერიოდზე ანგარიში გამოაქვეყნა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 20 დღის განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის, სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების სავარაუდო ფაქტები. ISFED-ის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო მონიტორინგი 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შუალედური აგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 2; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 4, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 20, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 3, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 5, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 1, არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის - 12, საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების - 5 ფაქტი. ქვეყნის მასშტაბით, შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები. როგორც ანგარიშში წერია, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ. „საგანგაშო იყო „TV პირველის“ გადაცემაში, 2021 წლის 11 სექტემბერს გასული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში, იქცა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად“, - ნათქვამია ანგარიშში. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო კომისიების, სასამართლოსა და სხვა რელევანტური უწყებების წინაშე 27 განცხადება-საჩივარი წარადგინა.

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში ავიაკატასტროფისას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში ჩამოვარდნილი An-26 თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. "ცხედრები ნაპოვნია კატასტროფის ადგილზე. გადარჩენილები არ არიან", - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, An-26-ის ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან გუშინ, 22 სექტემბერს გაუჩინარდა. ავიაკატასტროფის ადგილას მაშველები დასაგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია არ იყო საკმარისად აგრესიული მსოფლიოს უმსხვილესი კრიზისების მოსაგვარებლად, იუწყება Associated Press-ი. ზელენსკის თქმით, ასეთ საერთაშორისო კრიზისებს შორისაა ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და შიმშილი. „გაერო არის პენსიაზე გასული სუპერგმირი, რომელსაც დიდი ხანია, ავიწყდება, რისი გაკეთება შეეძლო ოდესღაც“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. მან მიუთითა წარუმატებლობაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა კორონავირუსის ვაქცინების გაზიარება, კლიმატის ცვლილების შეჩერება და მისი ქვეყნის ნაწილის ანექსია რუსეთის მიერ. უკრაინის პრეზიდენტმა წინადადებით მიმართ გაეროს, გლობალურად, ცხელ წეტილებში შეხვედრებს უმასპინძლოს. „გაერომ უნდა „გამოიღვიძოს“ და შეებრძოლოს მსოფლიოს წინაშე არსებულ უმწვავეს პრობლემებს. ის საკუთარ თავს აღიქვამს ტვირთად, სუსტ, მყიფე, უსარგებლო მოხუცად, რომლის ცხოვრებასაც აზრი არ ჰქონდა“, - აღნიშნა ვოლოდიმი ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთი, როგორც უკრაინის აღმოსავლეთში ომის ხელშეწყობისთვის, ისე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისთვის მწვავედ გააკრიტიკა.

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან იჩხუბეს. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ნიკა მელია მიუახლოვდა, რომელიც ასევე დიპლომატებთან შეხვედრაზე მივიდა. მან „ქართული ოცნების“ ლიდერს პასუხი მოსთხოვა დმანისში მომხდარზე. პოლიტიკოსებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე ადგილიდან მისმა დაცვამ გაიყვანა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს. მომხდარზე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავეს. ამავე თემაზე: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისში მომხდარზე კომენტარს აკეთებს

პაატა იმნაძე აცრების შემცირებაზე: როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, გვექნება მაღალი ავადობა და ძალიან მაღალი სიკვდილიანობა

NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ყოველდღიური აცრების რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე დასმულ შეკითვას უპასუხა. პაატა იმნაძის თქმით, რაც დაგეგმილი იყო, იმის მეოთხედია აცრილი. „დავეთანხმები ბატონ თენგიზ ცერვცაძეს შეფასებებში, წარმოიდგინეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა, იმის მეოთხედია აცრილი. შესაბამისად, როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ისევ იმას ნიშნავს, რომ ისევ გვექნება არამარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ, ძალიან მაღალი სიკვდილიანობა, ჩვენ ხომ გვაქვს უკვე მაგალითები, ნებისმიერ მსოფლიო პლატფორმაზე რომ შეხვიდეთ, ისრაელში, ჩვენზე გაცილებით მეტია ავადობაა 100 000 მოსახლეზე, მაგრამ სიკვდილიანობაა, ჩვენზე რვაჯერ-ათჯერ ნაკლები. ასევეა იგივე სერბეთში, ბრიტანეთში. ეს არის გადამწყვეტი - ვიქნებით აცრილი, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე დღეები მოგველის, რაც დღესაც არის და რაც იყო კიდევ უფრო კატასტროფული აგვისტოში“, - აღნიშნა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა.

კახა კალაძე: ნამახვანჰესის ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

თბილისის მერი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის შეწყვეტას სახელმწიფოსთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. "ენერგეტიკის დარგისთვის პირდაპირ ვიტყვი უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი პროექტები ჩერდება. ჩვენ ქვეყანას რა რესურსიც გააჩნია მაქსიმალურად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, რომ ენერგეტიკულად, ენერგიის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი. ამ კომპანიასთან თუ შეწყდა ხელშეკრულება ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალიან სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ ენერგია მიეწოდებოდეს ქვეყნის მოსახლეობას", - განაცხადა კალაძემ. კომპანია ENKA Renewables-მა „ნამახვანჰესის“ პროექტის შეწყვეტის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. "ენკამ" საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. „ჩვენი კომპანიის შვილობილმა, საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო აუცილებლად გააგრძელებს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. "ვაგრძელებთ კომუნიკაციას, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იენს სტოლტენბერგი: ჩინეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს და უდიდესი ფლოტი ჰყავს, რასაც NATO-მ უნდა უპასუხოს

NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩინეთს სულ მალე ექნება მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა, ასევე მას უკვე აქვს სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი და მსოფლიოში უდიდესი ფლოტი, ეს ყველაფერი კი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, NATO ჩინეთს არ განიხილავს როგორც მოწინააღმდეგეს. „ჩვენ არ განვიხილავთ ჩინეთს როგორც მოწინააღმდეგეს და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩინეთთან მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან შეიარაღების კონტროლი. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩინეთს მალე ექნება მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა, მათ უკვე აქვთ მეორე უმსხვილესი თავდაცვის ბიუჯეტი და აქვთ ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტი მსოფლიოში - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ამიტომ, NATO-მ, როგორც ალიანსმა, რომელიც იცავს ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას, უნდა უპასუხოდ ამ ცვლილებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის განცხადებით, მსოფლიოში ბალანსის ცვლილების კვალდაკვალ NATO-მ უნდა ითანამშრომლოს აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში პარტნიორებთან, კერძოდ, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ახალ ზელანდიასთან და ავსტრალიასთან.

კახეთში, ადიდებულმა მდინარემ 20-მდე საცხოვრებელი სახლი, ამბულატორია და საბავშო ბაღი დატბორა

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ კალაპოტი გაარღვია და მიმდებარე სოფლები დატბორა. საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლის სარდაფები, კულტურის სახლი, ამბულატორია, საბავშვო ბაღი და საკარმიდამო ნაკვეთები. სახლებში განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებენ.

რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში

საქართველოში ვაცქინაციის მაჩვენებელმა 16 სექტემბრიდან საგრძნობლად იკლო. დღიური მაჩვენებელი 30 000-ს აღწევდა, თუმცა ახლა ეს მონაცემი განახევრებულია. ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას ჯანდაცვის სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ და კოვიდვაქცინირებულთა მცირე რაოდენობის არსებობის შემთხვევაში მძიმე მოლოდინები აქვთ. მაშინ, როდესაც რიგ ქვეყნებში ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი 60-80%-ს აღწევს, საქართველოში ჯერ მხოლოდ 27%-ია სრულად ვაქცინირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, 24 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას ვაქცინაციის ტემპის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა დაასახელა. „ვაქცინაციის კუთხით, აგვისტო ძალიან კარგი იყო, დღეში გვქონდა 23 000 აცრა. 715 000 აცრა ჩატარდა მთლიანად აგვისტოში. სექტემბრის 15-16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით. გვქონდა დღეში 24 000 აცრა. ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრების რაოდენობა, ვიდრე აგვისტოში, ავსულიყავით 800-900 ათასზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ გამოდის. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კომუნიკაციას კიდევ ვაკლებთ მოსახლეობას. მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმცია. რაიონულ ცენტრებში კი არ ჩამოვიყვანოთ ასაცრელად, არამედ, მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არის დიდი სიკეთე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. კვლევების მიხედვით, რომელიც NDI-მ ჩაატარა, საქართველოში მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია (47%) სოფლის ტიპის დასახლებებში. მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45% ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71%-ია. რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის კლების მიზეზი. მაგალითად, NDI-ის კვლევებში 47% ამბობს, რომ არ აიცრებოდა, 35% თანახმაა, აიცრას. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მსურველები უკვე აიცრნენ და სკეპტიკოსებში განწყობა ვერ შევცვალეთ? ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ გარემოებას იზიარებს. „საქართველოში ვაქცინაციის კლების მიზეზი მრავალია, თუმცა ძირითადი ალბათ არის, ის რაც თქვენ ახსენეთ. სამწუხაროდ, ქვეყანამ ვერაფერი დაუპირისპირა ანტივაქსერულ განწყობებს საქართველოში, ქვეყანამ ვერ მოახერხა, რომ ჩაეტარებინა მასობრივი საგანმანათლებლო კამპანია, რათა მოსახლოებისათვის მიეცა ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინების შესახებ. ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ძნელი ხდება იმ ადამიანების გადარწმუნება, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე ორჭოფობენ. შესაბამისად, საქართველომ შეიძლება ითქვას, დაკარგა 8 თვე მაინც, რომ ასეთი კატეგორიის ხალხისთვის მიეცა ამომწურავი ინფორმაცია და ეს პროცესი რატომღაც თვითდინებასა და თვითშეგნებაზე მიუშვა. ყველანი აიცრებიან, აბა რას იზამენ, ზედმეტი ენერგიის დახარჯვა არ არის საჭირო - ასეთი განწყობით დაიწყო კოვიდიმუნიზაციის პროგრამა და რა სამწუხარო შედეგებიც დადგა, ყველა ხედავს. სამუშო არ ჩატარდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთა დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გამოვიდა და ზოგიერთის ორაზროვანი სტატუსებით კიდევ უფრო დააბნია ის მოსახლეობა, რომელიც ორჭოფობდა. ამას დაემატა ისიც, რომ სუსტ პირველად ჯანდაცვის სისტემას არ ეყო სიმძლავრეები, რომ აქტიურად ჩართულიყო იმუნიზაციის პროცესში. ზედმეტად ოპტიმისტური განცხადებები კი, რომ ყველაფერი მაინც კარგად არის და იქნება, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა Europetime-თან. ცნობისთვის, NDI-სი მიერ, 12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევით, აცრაზე უარის თქმის მიზეზები განსაზღვრა. 47% ვაქცინის ხარისხს არ ენდობა და აუცრელობის მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. შემდეგ მოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიზეზით 20% ამბობს აცრაზე უარს. 13% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. 7%-ის აზრით, ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია 2%. კითხვაზე პასუხი: სხვა - 5%, არ ვიცი - 5%. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება. აცრის დასაჯავშნად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3 ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე: უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია

პაატა იმნაძე: შეიძლება, კოვიდმა დააზიანოს სქესობრივი ფუნქციები, განსაკუთრებით კაცებში, მაგრამ ვაქცინა არ აზიანებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ აცხადებს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით ადამიანების უმრავლესიბას აინტერესებს, იწვევს თუ არა ვაქცინაცია უშვილობას. ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ასეთ კითხვესბს უნდა გაეცეს პასუხი. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ტყუილია, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს, ან სქესობრივ ფუნქციას აზიანებს. "უამრავ ადამიანს ვხვდები მთელი საქართველოს მასშტაბით. ზოგს პირადად ვხვდები, ზოგთან ჩართვები მაქვს. ადამიანებს აინტერესებთ ისეთი კითხვები, როგორიც არის მაგალითად, ხომ არ გამოიწვევს ვაქცინაცია შემდგომ რაღაც პრობლემებს უშვილობის კუთხით, ასეთ რაღაცებს ავრცელებენ. ამ ადამიანებს ეს აინტერესებთ, ამაზე უნდა გავცეთ პასუხი, რომ ეს ტყუილია. შეიძლება, კოვიდმა დააზიანოს, განსაკუთრებით კაცებში სქესობრივი ფუნქციები, მაგრამ ვაქცინამ არა, თითქმის 6 მილიარდი აცრაა მსოფლიოში ჩატარებული და არავითარი გართულება სქესობრივი ფუნქციის მხრივ, ვაქცინისგან არ არის მხოლოდ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ირაკლი კობახიძე: სად არის დიპლომატიური სკანდალი?!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისში, ელჩებთან შეხვედრისას ფარულ მოსმენებზე საუბარი არ ყოფილა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე საარჩევნო საკითხები განიხილეს. ასევე წაიკითხეთ: ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „რა დიპლომატიური სკანდალი?! სად არის დიპლომატიური სკანდალი?! არავითარი დიპლომატიური სკანდალი. ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ დასმულიყო კითხვები, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც ტელევიზიებს აწვდის ამ ინფორმაციას და შემდეგ ვინც ამას აქვეყნებს. ესენი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ საქართველოს ელჩი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირის სათავო ოფისში დაიბარეს ახსნა-განმარტებებისთვის. „არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ელჩი ბრიუსელში სათაო ოფისში მიიწვიეს შეხვედრაზე“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირის პოზიცია გააცნეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის თაობაზე განუცხადეს. ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.

20 ივნისის საქმეზე, სასამართლომ ლუკა პეტრიაშვილის სასარგებლოდ, სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ 20 ივნისის ღამეს დაზარალებული ერთ-ერთი მშვიდობიანი დემონსტრანტის ლუკა პეტრიაშვილის საქმეზე, სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 35 000 ლარის გადახდა დააკისრა. ლუკა პეტრიაშვილმა 20 ივნისის ღამეს დარბევისას ჯანრთელობის დაზიანების გამო, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 100 ათას ლარს ითხოვდა. პეტრიაშვილის ადვოკატების თქმით, 20 ივნისის ღამეს მიყენებული ტრამვის შედეგად, მათი დაცვის ქვეშ მყოფს შრომისუნარიანობა შეეზღუდა. . პეტრიაშვილის საქმეს, სასამართლოში იურისტი გვანცა კვარაცხელია და ბექა ბასილაია იცავდნენ. როგორც მედიასთან საუბრისას ადვოკატმა გვანცა კვარაცხელიამ განაცხადა, ეს პირველი პრეცედენტია 20 ივნისის საქმეზე, როცა სასამართლომ აღიარა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. "ლუკა პეტრიაშვილის სასარგებლოდ სასამართლომ სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დააკისრა და დაადგინა, რომ დარღვევა იყო მის მიმართ, სახელმწიფომ გადაამეტა თავის ძალას, არაპროპორციული ღონისძიება გამოიყენა და მშვიდობიან მოქალაქეს ლუკა პეტრიაშვილს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ეს არის პირველი პრეცედენტი 20 ივნისის საქმეზე, როდესაც დაზარალებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ანუ აღიარა, რომ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფომ გადაამეტა ძალას. სხვა დაზარალებულების საქმეებზეც გვაქვს შეტანილი და იმედი გვაქვს, იმ საქმეებზეც ასეთ გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო". - ამბობს გვანცა კვარაცხელია. ბექა ბასიალიას თქმით, მათთვის თანხა არ იყო გადამწყვეტი, გადამწყვეტი იყო იმის დადგენა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან იყო არამართლზომიერი ქმედება. 2019 წელს, პარლამენტის წინ, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს 300-მდე ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი და 73 პოლიციელი დაშავდა; ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა; რამდენიმემ მხედველობა. სახელმწიფომ აღიარა, რომ ძალის გადამეტება იყო დაზარალებული ადამიანების მიმართ.

პაატა იმნაძე: გრიპის ვაქცინაცია ჩატარდება კოვიდვაქცინასთან ერთად, ან ორი კვირის ინტერვალით

"გრიპის ვაქცინაცია ჩატარდება კოვიდვაქცინასთან ერთად, ან ორი კვირის ინტერვალით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისი თქმით გრიპის ვაქცინაცია ჩატარდება ისე, როგორც ყოველწლიურად ტარდებოდა. "გრიპის ვაქცინაცია ჩატარდება კოვიდვაქცინასთან ერთად, ან ორი კვირის ინტერვალით. ეს არის უკვე გამოქვეყნებული და დარიგებულია სამედიცინო დაწესებულებებში. ჯერ დაიწყება მაღალი რისკის ადამიანების აცრა, ეს არის პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი, ეს არის, რა თქმა უნდა, დიალეზზე მყოფი ადამიანები და ორსულები. ოსულები, რომლებიც ორივე შემთხვევაში, როგორც გრიპის, ასევე კოვიდის შემთხვეაში წარმოადგენენ გართულებების მაღალი რისკის ჯგუფს", - განაცხადა იმნაძემ. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 150 ათასი ვაქცინა შემოვა და რისკჯგუფი გაფართოვდება. მისი თქმით,მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყოს.

უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ოლიგარქების გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს“, რომლის მიზანიც ოლიგარქების გავლენის შემცირებაა. კანონპროექტი იურიდიულად განსაზღვრავს სიტყვას „ოლიგარქი“ და აწესებს შეზღუდვებს ყველას მიმართ, ვინც აკმაყოფილებს ამ განსაზღვრებას. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ზელენსკი, გააფართოებს უფლებამოსილებებს და შეიმუშავებს ოფიციალურ ოლიგარქთა რეესტრს. ამ სიაში შესულ ოლიგარქებს აეკრძალებათ პირდაპირი ან არაპირდაპირ შემოწირულობა პოლიტიკური პარტიებისთვის. კანონპროექტი ზელენსკის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში. აშშ მოუწოდებდა უკრაინას, ზომები მიეღო „სცენის მიღმა“ მყოფი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც უზარმაზარი პოლიტიკური გავლენით სარგებლობენ.

პოლონეთის სამხრეთ რეგიონმა ანტი-ლგბტ რეზოლუცია ევროკავშირის დაფინანსების დაკარგვის საფრთხის გამო გააუქმა

პოლონეთის სამხრეთ რეგიონმა ანტი-ლგბტ რეზოლუცია ევროკავშირის დაფინანსების დაკარგვის საფრთხის გამო გააუქმა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სვიეტოკრისკის რეგიონულმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე კენჭი უყარა რეზოლუციის გაუქმებას, რომელიც პირველად მიიღეს 2019 წელს. მასში ნათქვამია, რომ „ეწინააღმდეგება ლგბტ იდეოლოგიის დანერგვის მცდელობებს ადგილობრივი მმართველობის თემებში და ამ იდეოლოგიის პოპულარიზაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში". ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის მთავრობამ რამდენიმე რეგიონის ხელისუფლებას სთხოვა, გააუქმოს მათი მეტწილად სიმბოლური ანტი-ლგბტ რეზოლუციები. ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს რეზოლუცია და მას დისკრიმინაციული უწოდეს, ხოლო ევროპარლამენტმა რეაგირება მოახდინა ამ წლის დასაწყისში და მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 27-წევრი ევროკავშირი ლგბტ ადამიანებისთვის გამოცხადებულია „თავისუფლების ზონად“.

NATO-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით NATO-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანს არსებული პროფესიული სამხედრო განათლების მიმოხილვა, NATO-საქართველოს შორის თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების განხილვა და საქართველოს საჭიროებების შესაბამისად თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. NATO-ს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა უმასპინძლეს. "შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ამოცანით მართვის მიდგომის დანერგვასა და ამ მიმართულებით NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ვიზიტის ფარგლებში NATO-ს დელეგაციამ შეხვედრები გამართა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებთან, სადაც ადგილზე გაეცნენ სამაგისტრო და დისტანციური სწავლების პროგრამებს. სამუშაო შეხვედრები ასევე, გაიმართა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, უმაღლეს სამეთაურო სკოლაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. NATO-ს დელეგაციის წევრებმა ადგილზე შეაფასეს სასწავლო დაწესებულებების შესაძლებლობები და არსებულ აკადემიურ პროცესებსა და სასწავლო პროგრამებს, პროფესიული სამხედრო განათლების ინსტიტუტების სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებს გაეცნენ", -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.