ძებნის რეზულტატი:
რუსეთის გენპროკურატურა აპირებს, არჩევნების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვოს
რუსეთის გენერალური პროკურატურა აპირებს, სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვოს, ვინც არჩევნებთან დაკავშირებით შეგნებულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. „ასეთი ქმედებები აერთიანებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულებს ”, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ პროკურატურის წარმომადგენელს, რომელიც არამხოლოდ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვაზე, არამედ სამართალდამრღვევთა დასჯაზე საუბრობს. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომისიის თავმჯდომარემ ვასილ პისკარევმა განაცხადა, რომ 20 უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია „ავრცელებს არჩევნებზე ყალბ ინფორმაციას“. „იყო დაგეგმილი კამპანია კენჭისყრის დროს ინსინუაციების გავრცელებისა და გარკვეული უპირატესობის დაწესებისათვის რუსეთის მოქალაქეებზე", - განაცხადა პისკარევმა და დაამატაა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ღიად მოუწოდა Facebook- ს, Twitter- ს და Google- ს, არ შეასრულონ ხელისუფლების მითითებები. 17-19 სექტემბერს გამართული რუსეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ პირობებში, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ და სამართლიან პროცესებს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მთავრობის მიერ „ექსტრემისტული ორგანიზაციების“, „უცხოელი აგენტების“ და „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ მიღებულმა კანონებმა, მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა რუს ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში. ამავე თემაზე: ევროკავშირი რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Reuters-ი: შესაძლოა, ევროპის წამლების სააგენტომ Pfizer-ის მესამე დოზის გამოყენება დაუშვას
ევროპის წამლის სააგენტო (EMA) იმედოვნებს, რომ ოქტომბრის დასაწყისში Pfizer-ის ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზის გამოყენების ნებართვას დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. წყაროს განცხადებით, ეს იქნება ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს პირველი გადაწყვეტილება, აშშ-ის შემდეგ, რომელიც გამაძლიერებელ დოზას უკავშირდება. "EMA-ს გადაწყვეტილება Pfizer-ის მესამე დოზის გამოყენების შესახებ ოქტომბრის დასაწყისისთვისაა მოსალოდნელი", - თქვა წყარომ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით Pfizer-ის კომპანიამ კომენარის გაკეთებაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გარკვეული ჯგუფების „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა. აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის აცრიან 65 წელს გადაცილებულებსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს.
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ინციდენტზე: სრულიად შეგნებულად აღვივებენ პოლარიზაციას დასავლელი პარტნიორების ოფისის წინ
"დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა", - აღნიშნული განცხადებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მმართველი პარტიის ლიდერი აღნიშნავს, მისთვის ძალიან რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა. „რთულია პროვოკაციის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. მინდა ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად. ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში. დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან ნაციონალური მოძრაობის გეგმა იდგა. სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს. დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. 2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას", - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან იჩხუბეს. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ნიკა მელია მიუახლოვდა, რომელიც ასევე დიპლომატებთან შეხვედრაზე მივიდა. მან „ქართული ოცნების“ ლიდერს პასუხი მოსთხოვა დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე. პოლიტიკოსებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე ადგილიდან მისმა დაცვამ გაიყვანა.
ლიეტუვაში, კიბერ უსაფრთხოების სამსახურმა Xiaomi Corp-ის სმარტფონებში ფუნქციას მიაგნო, რომლის შესახებ სხვა ქვეყნებსაც აფრთხილებს
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა მომხმარებლებს, თავი აარიდონ ჩინური მობილური ტელეფონების ყიდვას და ასეთის ფლობის შემთხვევაში კი, გადაყარონ ისინი. ამ მოწოდებით სამინისტრო მას შემდეგ გამოვიდა, რაც მთავრობის ანგარიშმა დაადგინა, რომ მოწყობილობებს ცენზურის დაწესების შესაძლებლობა აქვს. სამინისტროს ცნობით, სმარტფონების მწარმოებლის Xiaomi Corp-ის ტელეფონები შეიცავს ცენზურას, რომელიც ავტომატურად აღმოაჩენს და ბლოკავს შემდეგ ტერმინებს: „თავისუფალი ტიბეტი“, „გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას“ ან „დემოკრატიულ მოძრაობას“. სულ კი ასეთი 449 ჩინური ტერმინია და ის მუდმივად განახლდება. „ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც Xiaomi-ს აღჭურვილობას იყენებს“, - ნათქვამია ცენტრის ანგარიშში. ეროვნული კიბერ ცენტრის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ Xiaomi-ს ტელეფონი სინგაპურის სერვერზე აგზავნის ტელეფონის დაშიფრულ მონაცემებს. უსაფრთხოების ხარვეზი აღმოჩენილია Huawei, P40-შიც, მაგრამ სხვა ჩინელი მწარმოებლის, OnePlus- ის ტელეფონში მსგავსი არ უნახავთ. „Xiaomi's Mi 10T-ის ტელეფონის 5G პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები გამორთულია „ევროკავშირის რეგიონისთვის“, მაგრამ მისი ჩართვა შესაძლებელია დისტანციურად ნებისმიერ დროს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ანგარიშში. Xiaomi კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, ლიეტუვასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში დაიძაბა. ჩინეთმა გასულ თვეს ლიეტუვისგან მოითხოვა ელჩის გაწვევა და თავადაც აღნიშნა, რომ გაიწვევდა მის დესპანს ვილნიუსში მას შემდეგ, რაც ტაივანმა გამოაცხადა, რომ ლიეტუვაში მის მისიას ტაივანის წარმომადგენლობა დაერქმევა. ევროპასა და შეერთებულ შტატებში ტაივანის მისიები ქალაქ ტაიპეის სახელს იყენებენ და თავს არიდებენ მითითებას თავად კუნძულზე, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი გასულ კვირას ესაუბრა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა სიმონიტეს და ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის მხარდაჭერას ჩინეთის მხრიდან ზეწოლის პირობებში.
Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი: პანდემია ერთ წელიწადში დასრულდება
Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდება ერთ წელიწადში, რადგან უფრო მეტი ვაქცინა გახდება ხელმისაწვდომი, მათ შორის ბავშვებისთვის. მისივე თქმით, მომავალი წლის შუა რიცხვებში უნდა იყოს საკმარისი ვაქცინები, რომ „დედამიწაზე ყველას შეეძლოს აცრა“ და ასევე საჭიროებისამებრ შესაძლებელი უნდა იყოს გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერ დოზები. „ვინც არ აიცრება, იმუნიტეტს ძალიან გადამდები „დელტა“ ვარიანტის პირობებში საკუთარი იმუნიტეტი ექნებათ. ამ გზით ჩვენ გრიპის მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით. თქვენ შეგიძლიათ, აიცრათ და გაატაროთ კარგი ზამთარი, ან არ გააკეთოთ ეს და დაინფიცირების რისკის ქვეშ დაყენოთ თავი, ასე შესაძლოა, საავადმყოფოშიც მოხვდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი იღუპება გრიპისგან ევროპასა და აშშ -ში“, - განაცხადა სტეფან ბანსელმა. შეგახსენებთ, Moderna კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინას შექმნის. კლინიკური ცდების დაწყებას კომპანია წლის ბოლომდე, ხელმისაწვდომობას კი 2023 წლისთვის გეგმავს. ცნობისთვის, პირველი კოვიდვაქცინის შემქმნელებმა პანდემიის დასრულების პერიოდად გაზაფხული დაასახელეს.
სამი კოვიდინფიცირებული ორსული კომაში იმყოფება
ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირებული სამი ორსულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სამივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ამჟამად Covid-19-ით ინფიცირებული 17 ორსული მკურნალობს. არცერთი მათგანი აცრილი არ არის. "ამ დროისთვის სამი ორსული გოგონა გვყავს მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში. სამივეს მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, ინდუცირებულ კომაში არიან. მდგომარეობა კრიტიკულია. მკურნალობა გრძელდება,“ - აცხადებს ალექსი ვაჩაძე. ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა. 23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 700 895-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%. სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად ვაქცინირებულია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად ვაქცინირებულია „Covid-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი დასრულდა. ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი აცრილია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ადმინისტრაციის თანამშრომლები „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით არიან აცრილები
ირაკლი ღარიბაშვილი: მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკიდან გაცხადებას აქვეყნებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან. საქართველოს პრემიერი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე იმყოფება. "ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან, ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს. მთავრობის მეთაური პოლიტიკურ პარტიებს, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში ემოციები მატულობს. მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან. ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს,თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ნიკა მელია მიუახლოვდა, რომელიც ასევე დიპლომატებთან შეხვედრაზე მივიდა. მან „ქართული ოცნების“ ლიდერს პასუხი მოსთხოვა დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე. პოლიტიკოსებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე ადგილიდან მისმა დაცვამ გაიყვანა.
ჯანდაცვის სამინისტრო: თურქეთი მზადაა, მედიკამენტები დაბალ ფასში მოგვაწოდოს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქული მხარე საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოხატავს. ამის შესახებ ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს თოლგა თოლუნაის შეხვდა. "შეხვედრაზე, თურქულმა მხარემ საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა. კერძოდ, საუბარი შეეხო ფარმაცევტული პროდუქციის მნიშვნელოვნად დაბალი ფასში მოწოდებას", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში. მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შორის კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღება. როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, მოხდება სამედიცინო ტრეინინგების ჩატარება, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას კიდევ უფრო გაზრდის. სამუშაო ვიზიტის მიზანი, სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმია. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ მემორანდუმის დადებისას აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, სახელმწიფოს ეცოდენება, თუ რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე და ამით „დააზღვევს წამლებზე 300%-იანი და 400%-იანი მოგების განცდას“.
ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტებს შორის სატელეფონო ზარის შემდეგ, თეთრმა სახლმა გაავრცელა. "მხარეები "შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია უკეთესად განვითარდებოდა მოკავშირეებს შორის ღია კონსულტაციები თუ გაიმართებოდა საფრანგეთისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია თეთრის სახლის განცხადებაში. მაკრონი და ბაიდენი ერთმანეთს ოქტომბრის ბოლოს რომში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიასთან ათეულობით მილიარდიანი კონტრაქტის ჩაშლის შემდეგ, საფრანგეთმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გამოიწვია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანს თქმით, აშშ-სთან ურთიერთობებში ნდობის აღდგენის დრო, რასაც შესაბამისი ნაბიჯები დასჭირდება. ეს განცხადება ფრანგმა დიპლომატმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროს გააკეთა. საფრანგეთი უკმაყოფილოა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შეთანხმებით, რომლის ფარგლებში ვაშინგტონი კანბერას ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიას გადასცემს, რის გამოც ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჟან-ივ ლე დრიანს ნიუ იორკში მას შემდეგ შეხვდა, რაც საფრანგეთის და აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს და ნდობის აღდგენის მიზნის სიღრმისეული კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდნენ.
პროკურატურამ დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარი ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დ.დ-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 სექტემბერს, დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ.დ.-მ დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, მ.ო-ს და შ.ს.-ს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს. „სამართალდამცველებმა დ.დ. 2021 წლის 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს გენმდივანმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს
გაეროში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ზრდასთან დაკავშირებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ალიანსის წევრი ქვეყნების ფლოტის ზრდის მნიშვნელობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინამ NATO-ს სტანდარტებით შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობა პრაქტიკულად დაასრულა. "მკაფიო პერსპექტივა უნდა არსებობდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც NATO-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური კურსი უცვლელია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელებმა ორწლიანი პაუზის შემდეგ, შეხვედრა გამართეს
აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელები ერთმანეთს ჰელსინკში გამართეს. მხარეებს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ. მედიის ცნობით, მარკ მილისა და ვალერი გერასიმოვის შეხვედრის მიზანი რისკების შემცირება და კონფლიქტების ოპერაციული მოგვარების საკითხები იყო. ორი ქვეყნის გენშტაბის უფროსები ერთმანეთს ბოლოს 2019 წელს შეხვდნენ.
კახეთის სამი მუნიციპალიტეტი დაისეტყვა, დედაქალაქში კი ძლიერმა წვიმამ ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა
დღეს სტიქიამ დედაქალაქი და რეგიონები დააზარა. თბილისში ძლიერი წვიმის პარალელურად კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. სეტყვამ ყვარლის, თელავის და საგარეჯოს, მუნიციპალიტეტებში სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ზარალის დამთველელი სპეციალური კომისიები მუშაობას ხვალ, დილიდან დაიწყებენ. ძლიერმა წვიმამ დღეს, თბილისში რამდენიმე ქუჩა დატბორა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში ხუთზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ასევე დაზიანებულია სოფლის ინფრასტრუქტურა, პრობლემები შეიქმნა გზებზეც. ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა. დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანენ.
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ. ოსური მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა, ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოქტომბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი 12-13 ოქტომბერს გაიმართება. 27 სექტემბერს კი, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუმთან და ანიკა სედერთან, შეხვედრაზე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, სამი საკითხის გადაჭრა მოითხოვა. „სამი ძირითადი საკითხი გადაუჭრელი რჩება - ეს არის უსაფრთხოების საკითხი, სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეები და უკანონო საგუშაგოს განთავსება უისტაში (წნელისში), - თქვა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, 23 სექტემბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე. ბიბილოვი შეეხო სხვა საკითხებსაც: „არსებობს დოკუმენტური ინფორმაცია, რომ სამი ბიჭი ნამდვილად იყო ქართველი პოლიციის ხელში. დაე, მოგვცენ მინიმუმ მათი ნეშტები, რათა ჩვენ დავმარხოთ ისინი ადამიანურად და ნათესავები მივიდნენ საფლავებთან". როგორც ოსური მედია იუწყება, ეუთოს მხრიდან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ანიკა სედერმა აღნიშნა, გაუჩინარებულთა ადგილსამყოფელის დასადგენად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ თემაზე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ტოივო კლაარი, ჯიჰან სულთანოღლუ და ანიკა სედერი საქართველოს გენერალურ პროკურორთან ამ საკითხზე შეხვედრას გეგმავენ. „მეჩვენება, რომ საქართველო ცხოვრობს ვირტუალურ სამყაროში. დროა, რომ შეეგუონ რეალობას, დაიწყონ საკითხების გადაწყვეტა და, უპირველეს ყოვლისა, აიღონ უკანონო პოსტი უისტიდან (ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთი). უნდა გავერიდოთ ორმაგ მიდგომებს, ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს", - აღნიშნა ბიბილოვმა. ევროკავშირის მხრიდან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა, განმარტა, რომ ის „ეყრდნობა დისკუსიების ყველა მონაწილის კეთილგანწყობას და მნიშვნელოვანია, რომ ერთმა მონაწილემ გაიგოს მეორის პოზიცია - მაშინ იქნება შედეგი". ანატოლი ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებს გაწეული სამუშაოსთვის. „თქვენი პოზიცია არის დაძაბულობის მოხსნა, ჩვენთვის ეს ნათელია, მაგრამ მხარეების პოზიციები მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ ვისაუბროთ დეესკალაციაზე”, - თქვა ბიბილოვმა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპოლიციო საგუშაგო განთავსებულია სოფელ ჩორჩანის ტყის მასივში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და მას შეხება არა აქვს ოკუპირებულ სოფელ წნელისთან, ამიტომ საგუშაგოს დემონტაჟის საკითხს არ განიხილავს. დე ფაქტო ხელისუფლება ტრადიციულად მოითხოვს საქართველომ ხელი მოაწეროს აფხაზეთთის და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას, ძალის გამოუყენებლობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლება ამ შეთანხმების ხელმოწერას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან განიხილავს. .
აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს
წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ახალი შესწორებით, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვა და გაყიდვა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე. არსებული სანქციები რუსეთის ახალი სუვერენული ვალის შესყიდვას კრძალავს, თუმცა ეს არ ეხება მეორად ვაჭრობას. რაც შეეხება ახალ შესწორებას, ის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტს დაემატება და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო მოსკოვის მიმართ გამოყენებული ზომების ნაწილია. ეს კანონი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ფართო მხარდაჭერით დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში, რის შემდეგაც ის სენატმა უნდა განიხილოს. კანონპროექტის ავტორების თქმით, სუვერენულ ვალზე სანქციამ შესაძლოა, რუსეთის მთავრობას სესხის ფასი 0.5 პროცენტიდან 0.8 პროცენტამდე გაუზარდოს. რუსეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ.
აშშ: ვგმობთ რუსული საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიაზე
"ჩვენ ვგმობთ რუსეთის საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე, – ამის შესახებ განცხადება ტვიტერით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს აშშ მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის რეპრესიულ ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობას და სანდოობას. "ჩვენ ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე. შეგახსენებთ რომ რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 17, 18 და 19 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცესკოს მონაცემებით ხმების უმრავლესობა რუსეთის მმართველმა პარტიამ და მისმა კანდიდატებმა მიიღეს. ე.წ. საარჩევნო უბნები იყო გახსნილი ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში. ასევე ანექსირებულ ყირიმში“, - წერს ნედ პრაისი.
კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი იტალიაში დააკავეს
კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი იტალიაში დააკავეს. „როიტერის“ ცნობით, დაკავების დროს პუჩდემონი სარდინიაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან შესახვედრად ჩავიდა. ესპანეთი კატალონიის ყოფილ ლიდერს, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე 2017 წელს ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში სდებს ბრალს. პუჩდემონი რამდენიმე წელია, ბელგიას ცხოვრობს. 2021 წლის მარტში ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონს ევროდეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა. კატალონიის ყოფილი მეთაურის ესპანეთში ექსტრადიციის საკითხის, იტალიის სასამართლო უახლოეს დღეებში განიხილავს.
ნიუ-იორკში, ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები საერთო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიის, თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას ეფუძნება. ირაკლი ღარიბაშვილმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტურიზმის განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი და აღნიშნა, რომ ასოცირებული პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ დაფასებას, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთს გაეროში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების თანაავტორობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მიხეილ ჩხენკელმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტს, ენდრიუ ჰამილტონს შხვდა. განათლების სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო. მინისტრმა ენდრიუ ჰამილტონს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.. შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტანდარტის ახალი აკადემიური პროგრამების შემუშავების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან ერთად. როგორც ჩხენკელმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი დაარსდება, სადაც ქართველ სპეციალისტებთან ერთად ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვის სურვილი უკვე არაერთმა უცხოელმა მეცნიერმა გამოთქვა. ეს პროცესი ორი ციკლოტრონის შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე კი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის. ულტრათანამედროვე მეთოდი – პროტონული თერაპია – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, სადაც ხდება სიმსივნით დაზიანებული უჯრედების მკურნალობის პროცესი. იგი იძლევა შესაძლებლობას, ებრძოლოს დაზიანებულ უჯრედებს და უვნებელი დატოვოს ჯანსაღი.