ძებნის რეზულტატი:
ისრაელში არავაქცინირებულ მასწავლებლებს ხელფასსაც აღარ გადაუხდიან
ისრაელის სკოლებში მასწავლებლებს ე.წ. "მწვანე პასპორტის" გარეშე 2 სექტემბრიდან არ უშვებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბრიდან, არავაქცინირებულ მასწავლებლებს ხელფასსაც აღარ გადაუხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას TimesofIsrael-ი ავრცელებს. განათლების სამინისტროს განცხადებით, 3 ოქტომბრიდან მასწავლებლებს დასჭირდებათ წარადგინონ "მწვანე ბარათი", რომელიც აჩვენებს ვაქცინის გაკეთებას, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებას, ან უარყოფითი ტესტის შედეგს. როგორც ცნობილია, პედაგოგებს, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ ექნებათ, არც დისტანციურად მუშაობის საშუალება არ მიეცემათ. ცნობისთვის, სასწავლო წლის დაწყებიდან, 2 სექტემბერიდან, მასწავლებლებს სკოლებში შესასვლელად მოეთხოვებოდათ ჰქონოდათ "მწვანე პასპორტი". მათ, ვისაც საბუთი არ ჰქონდათ, მაინც უხდიდნენ ხელფასს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ მუშაობდნენ. მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი რან ერეზი მომხრეა არავაქცინირებული პედაგოგები არ შეუშვან სკოლაში, თუმცა მათთვის ხელფასის შეწყვეტას არ ეთანხმება. მანვე სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის თანახმად, სკოლაში არ უნდა დაუშვან არც მწავნე პასტორტის არ მქონე 12 წლის ზემოთ მოსწავლეები. ამ საკითხს სასამართლო 20 ოქტომბერს განიხილავს.
აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები უქმდება
აზერბაიჯანში ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდისა და ინფექციების დინამიკის სტაბილური ვარდნის გათვალისწინებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შაბათ -კვირას, ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისევე როგორც ბაქოს მეტრო. ამასთანავე 1-ელი ოქტომბიდან მუშაობას გაანახლებენ დასასვენებელი და გასართობი ადგილები (კლუბების ჩათვლით), ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები (მათ შორის ბულვარებსა და პარკებში); განახლდება კულტურული ობიექტების მუშაობა (მათ შორის საკონცერტო დარბაზების), აგრეთვე საკონფერენციო დარბაზების, კინოთეატრების, თეატრების საქმიანობა. აუცილებელი პირობად შევსება რჩება, რომელიც 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. როგორც ცნობილია, ეს ობიექტები მუშაობას 00:00-მდე შეძლებენ. ამ ტიპის დაწესებულებების მომსახურებით დახურულ სივრცეში მხოლოდ 18 წელს გადაცილებული პირები შეძლებენ, ვისაც COVID-პასპორტი აქვს.
ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილი დაცხრილეს
ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილი დაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბესარიონ ბენდელიანის და, ირმა ბენდელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და სურათებს აქვეყნებს. როგორც ირმა ბენდელიანი წერს, ავტომობილი დილით სახლის წინ დაცხილეს. ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აწარმოებს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ შსს-ს თანამშრომლები „პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან“. როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. „გვსურს გამოვეხმაუროთ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან. აღნიშნული ინფორმაცია არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სომხეთში, ყველა დასაქმებულისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო ხდება
პირველი ოქტომბრიდან, სომხეთში, ყველა დასაქმებულისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, ან არავაქცინირებულმა დასაქმებულებმა უნდა ჩაიტარონ კორონავირუსის ტესტი ყოველ 14 დღეში და წარუდგინონ უარყოფითი პასუხი დამსაქმებლებს. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. "გამონაკლისი არის ორსული ქალები და მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინაზე აქვთ უკუჩვენებები. თუ მარტში მოსახლეობის მხოლოდ 10% იყო მზად ვაქცინაციისთვის, დღეს უკვე 40% -ია. ეს კარგი მაჩვენებელია. აუცილებელია დაჩქარებული ტემპით გადავიდეთ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაზე ვაქცინაციის სტიმულირებისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით ეს ეხება ყველა სახის ბიზნესს. "პირველი ოქტომბრიდან დამსაქმებელმა თანამშრომელს თვეში 2-ჯერ ტესტირება უნდა მოსთხოვოს, ეს ყველა სახის ბიზნესს ეხება. საწყისად 1-ლი ოქტომბერი ავიღეთ, მეტ დროს ვეღარ დავკარგავთ". - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 14 000-მდე ადამიანი აიცრა
25 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა ჯამში 1 729 672-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 967 441 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.1% სრულად ვაქცინირებულია 762 231 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.7% 24 სექტემბერს აიცრა 13 580 ადამიანი. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 1 597 ადამიანს დაუდასტურდა, 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
გზის დაზიანების გამო, თუშეთში ჩარჩენილი მოქალაქეებისა და ტურისტების ნაწილი ვერტმფრენით თელავში ჩაიყვანეს
სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით, გზის დაზიანების გამო, თუშეთში ჩარჩენილი 50-მდე მოქალაქე, მათ შორის ტურისტები, თელავში ჩაიყვანეს. გუშინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა. შსს-ს ცნობით, ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, დღეს დილიდან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთვნენ. ამავე თემაზე: უხვი ნალექის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი ჩაიკეტა.
პრეზიდენტი: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა და სიმამაცის დადასტურებაა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მალიში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. მისი თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა და სიმამაცის დადასტურებაა. "ვუსამძიმრებ ემანუელ მაკრონს და სრულიად საფრანგეთს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა და ასევე, სიმამაცის დადასტურებაა. საქართველო განაგრძობს საჰელის რეგიონში სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. ამავე თემაზე: მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა
მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა
მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას, ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. ინფორმაციას France24 ავრცელებს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცი, მაქსიმ ბლასკო ფრანგული დანაყოფის წევრი იყო, რომელიც მალისა და ბურკინა-ფასოს საზღვარზე მდებარე ტყეშია განლაგებული. როგორც France24 წერს, 2013 წლიდან, როდესაც საფრანგეთმა მალიში კონტრტერორისტული ძალები განალაგა, 50 ფრანგი ჯარისკაცია დაღუპული. გავრცელებული ცნობით, ფრანგი ჯარისკაცი სნაიპერმა მოკლა. ლიკვიდირებულია თავად სნაიპერიც.
ვაშინგტონში „ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში „ოთხეულის“ - აშშ-ის, ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგას უმასპინძლა. "ჩვენ ვიზიარებთ საერთო ხედვას მომავლის შესახებ და ჩვენ ერთად ვიკრიბებით 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევების დასაძლევად", - წერს ბაიდენი Twitter- ზე. "ჩვენ მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობას, ნავიგაციისა და ფრენების თავისუფლებას, დავების მშვიდობიან მოგვარებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია ოთხი ლიდერის ერთობლივ განცხადებაში. როგორც ცნობლია, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ვაქცინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე კოსმოსურ და სუფთა ენერგიის სფეროებში. იაპონიის ლიდერის თქმით, „ოთხეულის“ შეხვედრა წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობის განსახილველად იყო მოწვეული და ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება. მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი თემა პანდემია და ვაქცინების წარმოება იყო. ნარენდრა მოდის განცხადებით, ინდოეთი ოქტომბრის ბოლოსთვის 8 მილიონ ერთდოზიან „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის წარმოებას გეგმავს. გარდა ამისა, „ოთხეულის“ ლიდერების განცხადებით, წლის ბოლომდე აზიის რეგიონს მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან. ორსაათიანი შეხვედრის დასასრულს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბაიდენი და სხვა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თვალყურს ადევნებდნენ პაკისტანს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი თემა პანდემია და ვაქცინების წარმოება იყო. ნარენდრა მოდის განცხადებით, ინდოეთი ოქტომბრის ბოლოსთვის 8 მილიონ ერთდოზიან Jhonson&Jhonson-ის ვაქცინის წარმოებას გეგმავს. გარდა ამისა, „ოთხეულის“ ლიდერების განცხადებით, წლის ბოლომდე აზიის რეგიონს მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან.
დეკანოზი თამაზ ლომიძე: ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში, ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი
დეკანოზი თამაზ ლომიძის განცხადებით, ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. "ვეთანხმები, რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში. ოღონდ, მხოლოდ ასე: ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება, ვინც ასრულებს დანაპირებს, ვინც არ “გადააგდებს” პარტნიორებს, ვინც საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ კურსს ცივილიზირებული სამყაროსკენ არ გადაუხვევს და ისევ რუსეთს არ დაგვამონებს, ვინც რეალურად ყოველდღე იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ოკუპანტთან მონურად არ თანამშრომლობს, ვინც მოღალატეებს და უცოდინრებს არ დააწინაურებს, ვინც სირთულეებზე, შეცდომებზე და ხალხის გაჭირვებაზე ღიად ისაუბრებს, იშრომებს და გადაჭრის მათ პრობლემებს და არა უსასრულო ტყუილებით და თავის მოსულელებით დაიმალება მათგან და ბოლოს, ვისაც ესმის რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყანა, ვინც პატივისცემით მოეპყრობა და ღირსებას აღუდგენს ქართულ სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს. ეს ნამდვილად უნდა უთხრას ეკლესიამ მრევლს არჩევნების წინ. შემდეგ ყველამ საკუთარი ჭკუა-გონებით შეაფასოს და აირჩიოს", - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე. ცნობისთვს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ "ერთსულოვნების" ეთერში განაცხადა, რომ კიდევ დავაკვირდებია რა რიტორიკა იქნება, "მერე არავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე". როგორც ჯაღმაიძემ აცხადებს, ტელევიზიები დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა სასულიერო პირის შესახებ. მისი თქმით, მედია ცდილობს, ეკლესია პოლიტიკაში ჩართოს.
გერმანიაში ანგელა მერკელის გამოსახულებით ოქროს მონეტები გამოუშვეს
გერმანიის ონლაინმაღაზიებმა გასაყიდად გამოიტანა ოქროს მონეტები, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული. გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინმაღაზიებმა მონეტების გამოშვება გერმანიის კანცლერის 16-წლიანი ეპოქის დასასრულის აღსანიშნავად გადაწვიტეს. მონეტაზე მითითებულია წლები 2005-2021, რა პერიოდშიც ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობა ეკავა. ოქროს მონეტა 0,3 გრამია, ხოლო ღირებულება 49 ევროს შეადგენს.
ევროკავშირი რუსეთს მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს
ევროკავშირი რუსეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კიბერსაქმიანობა მიუღებელია, რადგან მიმართულია ევროკავშირის ერთიანობისა და უსაფრთხოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე ევროკავშირის დემოკრატიის ფუნქციონირების საფუძვლების წინააღმდეგ. „ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ მავნე კიბერაქტივობები დააფიქსირა, რომელიც ერთობლივად მოხსენიებულია როგორც Ghostwriter-ი და რუსეთის სახელმწიფოს უკავშირდება. ასეთი საქმიანობა დაუშვებელია, რადგან მიზნად ისახავს, საფრთხე შეუქმნას ჩვენს მთლიანობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს და ჩვენი დემოკრატიების ფუნქციონირების საფუძვლებს“, - ნათქვამია განცხადებში. ამასთან, ბორელის განცხადებაში ნათქვამია, რომ მავნე კიბერსაქმიანობის სამიზნეს წარმოადგენენ ევროკავშირში პარლამენტის წევრები, სამთავრობო მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ევროკავშირი და მათი წევრები მკაცრად გმობენ მავნე კიბერსაქმიანობას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაიცვას კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები. „ეს საქმიანობა ეწინააღმდეგება კიბერსივრცეში პასუხისმგებელი სახელმწიფოს ქცევის ნორმებს და ცდილობს, შეაფერხოს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულირების შესაძლებლობის ჩათვლით. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მკაცრად გმობენ ამ მავნე კიბერსაქმიანობას. რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, კიბერსივრცეში პასუხისმგებელი სახელმწიფო ქცევის ნორმები დაიცვას“, - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც ცნობილია, ევროკავშირი აღნიშნულ საკითხზე მომავალ შეხვედრებზე იმსჯელებს და მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.
ანდრიუს კუბილიუსი: საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული რეფორმები უნდა დააჩქარონ
აღმოსავლეთ პარტნიორობა „დასავლეთის ნაკლებობა“ : ახალი შესაძლებობა ევროინტეგრაციისათვის - ამ სათაურით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და მისი მრჩეველი რამიუნას სტანიონისი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალზე 12-გვერდიან პუბლიკაციას აქვეყნებენ. მიმოხილვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ესტონეთის პრეზიდენტის მოსაზრებებით და მასზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის რეაქციით იწყება, რაც მიმოხილვის ავტორების შეფასებით, კრემლის პროპაგანდისთვის ძალიან გასახარი ამბავია. კერსტი კალიულაიდი: უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის წლები“ აშორებს დმიტრო კულება: უკრაინა კი არ არის მოუმზადებელი ევროინტეგრაციისთვის, ევროკავშირი არაა მზად უკრაინის მისაღებად „პირადად ჩვენ, არ ვეთანხმებით ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის მკაცრ განცხადებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, პროგრესი უკრაინისა და სხვა ორი ქვეყნის, რომლებიც ასოცირებული ტრიოს (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) წევრები არიან, შესაძლებელია, იყოს ბევრად ამბიციური, დინამიკური და ეფექტური. მაგრამ ამასთანავე ვთვლით, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მეთაურის ასეთი კრიტიკული განცხადება არის ეფექტური გამოღვიძების ზარი ყველა ჩვენგანისთვის, ორივე მხარეს. ერთი მხრივ, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა ევროპული რეფორმები უნდა დააჩქარონ. მეორე მხრივ, ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები უახლოეს მომავალში უნდა გამოვიდნენ ბევრად უფრო ამბიციური დღის წესრიგით, რათა ევროკავშირში ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ინტეგრაციის პროცესს ახალი იმპულსი მისცენ. მიგვაჩნია, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, 2030 წლამდე, ასოცირებულ ტრიოს შეუძლია, ევროკავშირში ინტეგრაციის რეალურ პროგრესს მიაღწიოს. მაგრამ ამ მიზნით, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მხარემ ახალი იდეებით უნდა გადადგას ნაბიჯები ამ პროცესის დასაჩქარებლად. აშკარაა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში გეოპოლიტიკურ უპირატესობას სწრაფად კარგავს. ის კარგავს უპირატესობას და არ აქვს დიდი პოლიტიკური სტიმული რეფორმების მხარდასაჭერად, ასოცირებული ტრიოს ყველაზე მოწინავე ქვეყნებშიც კი. დასავლეთის ამგვარი არარსებობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების განხორციელებას აფერხებს და ისინი შორდებიან ევროკავშირს. დღეს ევროკავშირს, როგორც არასდროს შეუძლია, ეს მდგომარეობა შეცვალოს და აღმოსავლეთ სამეზობლოში გეოპოლიტიკა დააბრუნოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაცია, სულ მცირე ყველაზე ამბიციური მიზანია, ანუ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო (ასოცირებული ტრიო), ევროკავშირში არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ამოცანა, რადგან ის ეხება არამარტო ამ ქვეყნებს, არამედ მთლიანად ევროკავშირის პოლიტიკას აღმოსავლეთისადმი, ევროპის კონტინენტზე, მათ შორის მის პოლიტიკას რუსეთის მიმართ. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიერ ახლახან დაარსებული ასოცირებული ტრიო არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ამ ქვეყნებს სურთ, უფრო ამბიციური ინტეგრაციის დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირისგან სათანადო რეაქციას მოითხოვს. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია? მათი დაჩქარებული ევროპული ინტეგრაცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დემოკრატიის, ეკონომიკური და სოციალური წარმატებების და ევროპული წესრიგის დამყარება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ევროპის კონტინენტზე არ არსებობს არცერთი ისტორიული მაგალითი პოსტ ტოტალიტარული სახელმწიფოსი, რომელმაც, როგორც ევროკავშირის მეზობელმა შეძლო, დამოუკიდებლად გამხდარიყო წარმატებული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის გარეშე. არჩევანი ნათელია - მხარი დაუჭირო ფუნქციონირებადი დემოკრატიისათვის აუცილებელ ევროინტეგრაციის რეფორმებს, ან მიატოვო ისინი და განაგრძო ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრება სულ უფრო და უფრო მეტი უკუსვლით. უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებების ხელმოწერამ კარგი სტიმული მისცა ამ ქვეყნების წინსვლას, მაგრამ მთელი წინა ათწლეულის განმავლობაში გაურკვევლობას შემდგომი ინტეგრაციისა და წევრობის პერსპექტივაში ოდნავადაც არ მოეფინა ნათელი და იწვევს მზარდ იმედგაცრუებას. ამ ქვეყნების ზოგიერთი მინისტრი ხმამაღლა ამბობს, რომ მათ აღარ სურთ „დახურულ კარზე“ დაკაკუნება, რადგან ის მაინც არ გაიხსნება. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის ძალისხმევით, სიტუაციის დესტაბილიზაცია კიდევ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ევროკავშირის ლიდერები ვერ ბედავენ იმავეს გამეორებას, რასაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ აკეთებენ, და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კვლავ რჩებიან შემდგომი ინტეგრაციის შესახებ მკაფიო ნაბიჯების, მით უმეტეს, წევრობის პერსპექტივების გარეშე. ასევე წაიკითხეთ: ანდრიუს კუბილიუსი: მოლდოვა ევროპის იმედია ეს განსხვავება ევროკავშირის რიტორიკასა და პოლიტიკაში, ქმნის დამატებით გეოპოლიტიკურ უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის, ვინაიდან კრემლში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი ნაკლებად არის ერთგული ამ ქვეყნების მიმართ, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ. კრემლის ახლანდელი აგრესიული პოლიტიკა (შიდა და საგარეო) უბიძგებს დასავლეთს, გადახედოს თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტად მტკიცდება, რომ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ინტეგრაციის წარმატებები რუსეთს საკუთარი თავის გარდაქმნაში საბოლოოდ დაეხმარება“, - აღნიშნულია წერილში. ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს.თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობაა 1 002 900. „საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობაა 1 002 900 , აქედან 41 314 რეგისტრირებულია კრწანისის ოლქში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც წელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 39 135. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 15 სექტემბერს გადაეცა. კანონმდებლობის შესაბამისად ცესკომ დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული საარჩევნო სია ცესკოს ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. აქვე გაცნობებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისით 1 015 186-მა ამომრჩეველმა ისარგებლა, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით საკუთარი მონაცემები 18 121-მა ამომრჩეველმა გადაამოწმა. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. აქვე გაცნობებთ, რომ დღეიდან დაიწყო საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი და მიმდინარეობს 9 სტამბაში. აღნიშნულ პროცესს აკვირდებიან როგორც ცესკოს წევრები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები“, - განაცხადა იოსელიანმა.
ნორვეგია კოვიდშეზღუდვების მოხსნის შემდეგ: რა ეტაპზე გადავიდა ქვეყანა
დღეიდან, ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდა. სკანდინავიური ქვეყანა შეუერთდა მცირე, მაგრამ მზარდ ქვეყნებს, მათ შორის დანიასა და ბრიტანეთს, რომლებმაც კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს. როგორ მიაღწია ამას ნორვეგიამ და რა ნაბიჯები გადადგა შედეგის მისაღწევად, ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურად საუბრობს. როგორც ირკვევა, ნორვეგია პანდემიის მართვას პრემიერის სლოგანის კვალდაკვალ, კოვიდვითარების 4 ინდიკატორით შეფასების საფუძველზე განაგრძობს. ქვეყანა პანდემიის კონტროლის რეჟიმზე გადავიდა. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთხოვნაა, რომ ადამიანი დარჩეს სახლში და გაიკეთოს კოვიდტესტი. ეს ასევე ეხებათ ვაქცინირებულებსაც. „უპირველეს ყოვლისა: უნდა აღნიშნოს ის დევიზი/სლოგანი, რომელიც გამოიყენა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, როდესაც მან შეზღუდვების მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება. მან აღნიშნა, რომ შაბათიდან, 25 სექტემბრიდან, ნორვეგიაში იწყება ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება გაზრდილი მზადყოფნით. ანუ, შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა „თავქუდმოგლეჯილი გადაეშვება პანდემიამდე არსებული ცხოვრებისკენ“. ქვეყანა კარგად აანალიზებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ყოველდღიური ცხოვრება ნორმალურს უბრუნდება, პანდემია არ დასრულებულა. ზოგიერთი ადამიანი მაინც დაავადდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს აცრილი რაც შეიძლება მალე. გარდა ამისა, ნორვეგიამ გამოიყენა პანდემიის წელიწადნახევარი, რათა ესწავლა პანდემიის მართვა, გაეძლიერებინა მზადყოფნა, რომ ქვეყანამ შეძლოს სწრაფად განახორციელოს ზომები, თუკი სიტუაცია ამას მოითხოვს. პირობების შემსუბუქებასთან ერთად, ეროვნულ დონეზე გაგრძელდება ძლიერი მონიტორინგი, რომელიც სწრაფად გამოავლენს ეპიდაფეთქებებს და ვირუსის ახალ ვარიანტებს, და ადგილზევე გაგრძელდება ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება ისე, რომ ქვეყანა მზად იქნება სიტუაციის მოსაგვარებლად, თუ ის შეიცვლება. რა იყო ამ გადაწყვეტილების მთვარი მიზეზი - ვაქცინაციის მაღალი დონე, რაც ეპიდემიის გავრცელებას აფერხებს. ახლა ვაქცინაციის მაჩვენებელი თითქმის 84%-ს შეადგენს, იმავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანას ჯერ არ მიუღწევია მიზნისთვის, რომ 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 90 პროცენტი სრულად იყოს აცრილი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ახლა კონტროლის ქვეშაა, არსებობს მნიშვნელოვანი გაურკვევლობა ზამთართან, კორონავირუსთან, გრიპთან და სხვა ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით. ამიტომ გრძელდება მოთხოვნა ჰიგიენური წესების დაცვისა, ხოლო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთხოვნაა, რომ ადამიანი დარჩეს სახლში და გაიკეთოს კოვიდტესტი. ეს ასევე ეხებათ ვაქცინირებულებსაც. თუ კორონავირუსით ხართ დაინფიცირებული, თქვენ უნდა იზოლირდეთ, რათა სხვები არ დაინფიცირდნენ. ეს არ იქნება რეკომენდაცია, მაგრამ წესია, რომლის დარღვევისთვისაც შეიძლება, დაჯარიმდეთ. აქამდე მთავრობის სტრატეგიის მთავარი მიზანი იყო პანდემიასთან ბრძოლა, ახლა, რაც აცრით მოცვა ასეთი მაღალია, ქვეყანა გადავიდა პანდემიის კონტროლის რეჟიმზე. ახალი მიზანი მთავრობის სტრატეგიაში არის ის, რომ პანდემიამ არ გამოიწვიოს დაავადების მნიშვნელოვანი გაზრდა და შესაბამისად, გადატვირთოს მუნიციპალიტეტებისა და საავადმყოფოების შესაძლებლობები. ამავე დროს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ყველაზე ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება. ნორვეგია განაგრძობს შუქნიშნების მოდელის გამოყენებას სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის. თუ ცალკეულ მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ ინფექციის მდგომარეობა მიუთითებს ადგილობრივი ზომების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე, შუქნიშნის მოდელი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებების მიღებას. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მივცეთ მაქსიმალურად ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია აცრილი, შეიძლება, კვლავ შეიქმნას სიტუაციები, როდესაც საჭიროა ადგილობრივი ზომების მიღება და მუნიციპალიტეტები ამისთვის მზად არიან. სიტუაცია თვითდინებაზე არ იქნება მიშვებული და ქვეყანა მუდმივად შეაფასებს არსებულ მდგომარეობას საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად. კოვიდსიტუაციის შესაფასებლად კი, ეს ოთხი ინდიკატორი იქნება გამოყენებული: რამდენი ადამიანია ჰოსპიტალიზებული; რამდენია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში; ჰოსპიტალიზებულთა ასაკობრივი განაწილება, მუნიციპალიტეტების (ჰოსპიტლების და პირველადი ჯანდაცვის სისტემის) შესაძლებლობები, ანუ, რომ გავიმეოროთ ის, რაც დასაწყისში აღვნიშნე - შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ ნორვეგია თავქუდმოგლეჯილი გადაეშვა პანდემიამდე არსებულ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
კანადამ Huawei-ის მთავარი ფინანსური დირექტორი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა
ვანკუვერში უზენაესმა სასამართლომ Huawei-ის დამაარსებლის ქალიშვილი და მისი მთავარი ფინანსური დირექტორი მენ ვანჟოუ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. ის უკვე ჩინეთისკენ გაემგზავრა. BBC-ის ცნობით, მენ ვანჟოუმ აშშ-ის პროკურატურასთან გარიგებას მიაღწია. Huawei-ის მთავარი ფინანსური დირექტორი 20018 წლის დეკემბერში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან შეცდომაში შეიყვანა HSBC ბანკი, როდესაც ირანში Huawei-ის ბიზნესის შესახებ არ შეატყობინა ბანკს, რითაც HSBC-ს შეეძლო, თეირანის მიმართ აშშ-ის სანქციები არაგანზრახ დაერღვია. CBS წერს, რომ მენ ვანჟოუმ ბრალდება ნაწილობრივ აღიარა. „ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ეს ჩემთვის დამღუპველი პერიოდი იყო", - განუცხადა მენ ვანჟოუმ ჟურნალისტებს.
ქუთაისში, ავარიისას 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა
ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი წინ მიმავალ მანქანას შეეჯახა, რომელშიც ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო. ავარიის დროს ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი სახის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს. მას ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს გამოძიება.
ხატია დეკანოიძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს
ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხეს. როგორც ხატია დეკანოიძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, მან გამოძიებას დაუდასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებს. „დავადასტურე იმ ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც ეხებოდა ისრაელის სალჩოს წარმომადგენლსა და ჩემს შორის საუბრის ჩანაწერს, როდესაც ისრაელის ელჩთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მე გამოძიებას დავუდასტურე ჩემი არა მხოლოდ გონივრული ეჭვი, არამედ რეალურად სხვადასხვა ფაქტებით გამყარებული ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ჩემზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ფაილები, რომლებიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით, პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის და თვალთვალის შედეგად არის მოპოვებული.
Associated Press-ი: „თალიბანმა“ ცხედარი ქალაქ ჰერათის ცენტრალურ მოედანზე ჩამოკიდა
„თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰერათის ცენტრალურ მოედანზე, ამწეზე ადამიანის ცხედარი ჩამოკიდა. ამის შესახებ The Associated Press-ი თვითმხილველის მონაყოლზე დაყრდნობით იუწყება. ვაზირ აჰმად სედიქმა, რომელიც ცენტრალურ მოედანზე, აფთიაქში მუშაობს, The Associated Press-ს განუცხადა, რომ მოედანზე თავდაპირველად, 4 ცხედარი მიიტანეს და შემდეგ სამი, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, საჯაროდ გამოსაჩენად წაიღეს. მანვე აღნიშნა, რომ თქვა, „თალიბანმა“ მოედანზე გამოაცხადა, რომ ოთხი ადამიანი დაიჭირეს გატაცებაში მონაწილეობის დროს და ისინი პოლიციამ მოკლა. „თალიბანმა“ გუშინ განაცხადა, რომ ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ადამიანებს ხელების მოჭრით დასჯიდა. „თალიბანის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მოლა ნურუდდინ ტურაბი The Associated Press-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სიკვდილით დასჯის გამოყენებასაც აპირებენ, თუმცა არა საჯაროდ.