ძებნის რეზულტატი:

გიორგი ვოლსკი:  ჩემთვის გაუგებარია ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სუს-იდან, სავარაუდოდ, გამოჟონილი ფაილების შესახებ გაუგებარია, კარლ ჰარცელის შემართება. „აბსოლუტურად ნორმალურია ის, როდესაც ელჩთან აქვს საუბარი გარკვეულ თემებზე კონკრეტულ მასპინძელ ქვეყანას ან მასპინძელ ფორუმს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან, რა წარმოშობის არის ის მასალები, რომლებსაც ასე ატრიალებდნენ ჩვენი ოპონენტების მედიასაშუალებებში. ეს რეალობაა, რაც წარმოშობს დამატებით შეკითხვებს დანარჩენ შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. ფაქტია, რომ საზოგადოება თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, როგორც ფარული მოსმენებისგან, ისე ნებისმიერი სხვა მოქმედებებისგან, რომლისგანაც ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს ეს არის გარე, თუ შიდაგამოწვევები. აქედან გამომდინარე, დისკრედიტაცია ჩვენი სპეციალური სამსახურების არასწორი და ანტისახელმწიფოებრივია, რასაც ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში. მე ასე მგონია, რომ საკმაოდ ბევრ შეკითხვას პასუხი გაეცემა და დამატებითი კითხვებიც ბევრი იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ. კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე: არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს ელჩი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირის სათავო ოფისში დაიბარეს

დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს ივან კორჩოკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების არსებობას. "მინისტრებმა ორმხრივი დიალოგის გაგრძელებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას.შეხვედრის ფარგლებში, მინისტრებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და, ამ კუთხით, საქართველოს პრიორიტეტებზეც გაამახვილეს ყურადღება. დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.საუბრისას ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაც განიხილეს. დავით ზალკალიანმა გულწრფელი მადლიერება გამოხტა სლოვაკეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებაც გაცვალეს ინფორმაცია. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ის მოუთმენლად ელის სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ივან კორჩოკის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ახლო მომავალშია დაგეგმილი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობითვის, 20-26 სექტემბერს, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ორმხრივ შეხვედრებს მართავს თავის ევროპელ, აზიელ და აფრიკელ კოლეგებთან.

თეა წულუკიანი: ENKA-სთან ხელშეკრულების შეწყვეტა ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის

კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ENKA-სთან ხელშეკრულების შეწყვეტა მომავალი ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალი იქნება. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თავის დროზე გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო და ეს მომავლისთვის უნდა იყოს გაკვეთილი. "ეს ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის, ვინაიდან აქ იყო ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში. ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც ალბათ, უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისათვის და მომავალი განვითარებისთვის, როგორც გაკვეთილი, რომ იგივე არ განმეორდეს, ვგულისხმობ იმას, რომ ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო". - თქვა წულუკიანმა. ამავე თემაზე: ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ეკონომიკის სამინისტრო: „ენკამ“ გვაცნობა, რომ ერთ თვეში გეგმავენ ხელშეკრულების მოშლას

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გარკვეული ჯგუფების „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 65 წელს გადაცილებულებისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, ეს ნიშნავს, რომ ათეულობით მილიონ ამერიკელს უფლება აქვს მესამე დოზა გაიკეთოს. თუმცა, გამაძლიერებლებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დამტკიცება. FDA-ის განმარტებით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 6 თვის გასვლის შემდეგ უნდა აიცრან დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მიმართ ყველაზე დაუცველი ადამიანები და ასევე ისინი, ვინც, სამსახურის გამო, დაინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. ამის შესსახებ ინფორმაციას მთავრობის ადმიისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ანტონიო გუტიერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაეროსა და გენერალური მდივნის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, გაეროს გენერალური ასამბლეისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები უმნიშვნელოვანესი მექანიზმებია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაესვა გაეროს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობა. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა გაეროს ჩართულობისა და გადამწყვეტი ნაბიჯების მნიშვნელობაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენის საქმეში. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა

„ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს ოფიციალურად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა. „ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება. “ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ საჩუქარს გადავცემთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ჩემთვის დიდი პატივია მისი ოფიციალური გადმოცემა. მადლობა მინდა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ყველაფრისთვის - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც მათ შორის მდებარეობს დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება. ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ატულ ხარე დაესწრო. „თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო! მადლობა თქვენი ქვეყნის სახელით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის. მინდა, ქართველ ხალხს, თქვენი ლიდერობით, მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო დაწესებულებაში, ნიუ-იორკში. ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი - შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“ - მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო. ასეთი სტუმრები მრავლად გვყავს, მოგეხსენებათ. შოთა რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნის ლიტერატურულ ძეგლში დატოვებული ფასეულობები - მეგობრობა, ჰუმანურობა - დღემდე აქტუალურია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ეს საჩუქარი ძლიერი დასტურია იმისა, რომ საქართველო ერთგულია ერებს შორის მეგობრობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და - რა თქმა უნდა - საერთაშორისო თანამშრომლობისადმი“, - განაცხადა ატულ ხარემ. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა, რომელიც 2018 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან. ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. ქართველოლოგიის პროგრამაში ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევების და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევარები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა, დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ და ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტეფან ჯონსმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს საჩუქრად გადასცა უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის სამტომეული - „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, რომლის ავტორიც ქართული მუსიკისა და ფოლკლორის გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილია. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანალებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს. ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოდან და ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი: ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართველოლოგიის დარგში ახალი პროგრამა დაინერგა, რომელიც ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით აშშ-ში-ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა. მარკ ელიოტმა აღნიშნა, რომ ქართული ცივილიზაცია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და ამერიკელი მკვლევარებისთვის ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა პრივილეგიაა. „როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროგრამა დაინერგა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით. ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ამ მნიშვნელოვან პროგრამას. ქართული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის გონებათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა, რაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ჰარვადის უნივერსიტეტში ჩამოსვლის შესაძლებლობას მისცემს. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჰარვარდის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებსაც შეეძლებათ საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნონ, იმოგზაურონ და საკუთარი თვალით ნახონ ეს ქვეყანა. მე პირადად მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. საქართველოდან სტუდენტები მყოლია, მაგრამ აქამდე არ გამმართლებია და თქვენს ქვეყანაში დღემდე არ ვყოფილვარ. ეს ისტორიული დღეა. თავად ჰარვარდისთვის არის დიდი დღე და მიხარია, რომ ჰარვარდი ერთვება ამ შესანიშნავ საქმეში”,- განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა. "ჩვენ მოვაწყობთ ძალიან ბევრს სემინარს, კონფერენციას, დავპატიჟებთ ქართველ მეცნიერებს, აქ, ჰარვარდის კამპუსში, - ამის შესახებ ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტეფან ჯონსმა, განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი ქართული სწავლების პროგრამა ამერიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „გავაგზავნით ჩვენს სტუდენტებს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევქმნათ კადრები ამერიკელი მეცნიერების, რომლებიც სწავლობენ ქართულ ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას და ა.შ. ამიტომ, ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი არ გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა სტეფან ჯონსმა. ცნობისთვის, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება

ჰარვარდის დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს გაცნობა ამერიკელებისთვის აუცილებელია

2022 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. “მნიშვნელოვანი პროგრამაა. ეს იქნება ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის პირველი ცენტრი. ეს, დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მე თუ მკითხავთ”, - ამის შესახებ დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ, ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა. “კავკასიისა და საქართველოს მნიშვნელობა, ამ ცივილიზაციათა გაცნობა, ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში”, - აღნიშნა დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი: ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა და აშშ-მ ნდობის გასაძლიერებლად უნდა იმუშაონ

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაონ, რათა ფრანკო-ამერიკული კრიზისის შემდეგ, ერთმანეთის მიმართ ნდობა გააძლიერონ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს. „შეგვიძლია ნდობა გავაძლიეროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი ერთად მუშაობენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ავღანეთის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და ევროპის საკითხზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს. ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, ავსტრალიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების ახალი პაქტი აჩვენებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკუთარი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

აშშ-ში საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება

აშშ-ში საფრანგეთის ელჩი, ფილიპ ეტიენი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. როგორც Reuters-ი წერს, თეთრმა სახლმა აღიარა, რომ აშშ-მ შეცდომა დაუშვა პარიზის კონსულტაციის გარეშე, ავსტრალიამ ფრანგული წყალქვეშა ნავების ნაცვლად აშშ-ის ნავების ყიდვის გადაწყვეტილება რომ მიიღო. ორი ლიდერი შეთანხმდა დაიწყონ ღრმა კონსულტაციები ნდობის აღსადგენად და შეხვდნენ ევროპაში ოქტომბრის ბოლოს. "ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი ოქტომბრის ბოლოს ევროპაში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა საერთო გაგებას მიაღწიონ და ამ პროცესში იმპულსი შეინარჩუნონ. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა, რომ საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება. შემდეგ ის ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს აშშ-ის მაღალჩინოსნებთან", - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, საფრანგეთის ელჩი აშშ-ში ფილიპ ეტიენი და საფრანგეთის ელჩი ავსტრალიაში ჟან-პიერ ტებო კონსულტაციებისთვის პარიზში გაიწვიეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, მან ელჩები კონსულტაციებისთვის პარიზში პრეზიტენტის თხოვნით გაიწვია. ცნობისთვის, აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ამ გადაწყვეტილებამ საფრანგეთის უკმაყოფილება გამოიწვია. საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები გაიწვია

საქართველოში კორონავირუსი 1 653 ადამიანს დაუდასტურდა, 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 653 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 646 პაციენტი, 47 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 914 694 პაციენტი.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისში მომხდარზე კომენტარს აკეთებს

დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან, მიხეილ დაუთაშვილი მომხდარი დაპირისპირების შემდეგ აცხადებს, რომ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ მან "TV პირველს“ განუცხადა. მიხეილ დაუთაშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს „რა მიზეზით, რატომ უნდა მოვხსა კანდიდატურა? მერაბ ოქრიაშვილსა და კახა ოქრიაშვილს რომ აქვს ოცნებად, მაგიტომ?", - აცხადებს დაუთაშვილი. დაუთაშვილის თქმით, მას „კახა ოქრიაშვილის ზონდერები კლავდნენ, როცა გონება დაკარგულები მიწაზე იწვნენ“. მისივე განცხადებით, სწორედ მათ გამოიწვეს დაპირისპირება. მიხეილ დაუთაშვილი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა პნევმატური იარაღი. „პნევმატური იარაღი მქონდა, იმიტომ, რომ ჩემი ნათლულისთვის მეჩუქებინა. ამ იარაღის ტარებას ნებართვა არ სჭირდება, რადგან ჩვეულებრივი ტირის თოფია", - აცხადებს დაუთაშვილი. რაც შეეხება მის შვილს, დაუთაშვილის თქმით, მის შვილს „ცივი იარაღი ჰქონდა, რადგან საქეიფოდ იყო". ცნობისთვის, 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს. მომხდარზე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავეს. ამავე თემაზე: შსს: დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დააკავებულია ერთი პირი დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა აშშ-ის საელჩო: ვგმობთ ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს დმანისსა და რუსთავში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. იუწყება „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო. მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რათა დოკუმენტი კანონად იქცეს. ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. სანქციები შეეხება ყველა პირსა და კომპანიას, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობასა და ფუნქციონირებასთან არის კავშირში. აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტზე შეთანხმებას 21 ივლისს მიაღწიეს. შედეგად, გერმანია ვალდებულია, ზომები მიიღოს, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას. მისი მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. Nord Stream AG-აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება. ამავე თემაზე: რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა

პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დაინერგება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დაინერგება. მისი თქმით ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. „ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც ქვეყანაში უნდა დაინერგოს“ , - განაცხადა გამყრელიძემ იმუნიზაციის პროცესზე საუბრის დროს. როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში 1200 სოფლის ექიმია, მათი როლი კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმდინარეობაში განსაკუთრებით დიდია. „უფრო მეტად გააქტიურდება პირველადი ჯანდაცვა. სოფლებსა და რაიონებში, სოფლის ექიმები, კიდევ უფრო ახლოს მივლენ ადამიანებთან. გამსვლელი ბრიგადებიც მოიმატებს, უფრო გააქტიურდება ეს ყველაფერი. ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. ვინც უბანზეა და ბენეფიციარებთან არის მიმაგრებული, გააქტიურონ მუშაობა. სოფლის ექიმის როლი განსაკუთრებით დიდია. მოგეხსენებათ, ძალიან სჯერა მოსახლეობას სოფლის ექიმის, ამიტომ სოფლის ექიმებთან მიმდინარეობს მუშაობა. თითოეულ რაიონში სოფლის ექიმმა უნდა იცოდეს, რამდენი ჰყავს უბანზე აცრილი და აცრის რა გეგმა აქვს, თუნდაც 2 თვის განმავლობაში. ვინც ეწინააღმდეგება ეცადოს, რომ დაარწმუნოს. მოგეხსენებათ, აცრა ნებაყოფლობითია და არა ძალდატანებითი. ჩვენც მეტად ვმუშაობთ, სხვადასხვა დიდ ჯგუფთან მქონდა ჩართვა. ვხვდები ერთ-ერთი დიდი ბანკის წარმომადგენლებს, ასევე გვექნება შეხვედრები სოფლის ექიმებთან. ქვეყანაში 1200 სოფლის ექიმია. თითოეულმა რომ სულ მცირე თავისი უბნის 70-80% აცრას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც უნდა დაინერგოს ქვეყანაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 150 ათასი ვაქცინა შემოვა და რისკჯგუფი გაფართოვდება. მისი თქმით,მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყოს. „სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა იყიდა. თუ არ ვცდები, 43 ათასი დოზა უკვე შემოვიდა ორი დღის წინ, 4 ვალენტიანი, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. მოგეხსენებათ, გრიპზე პირველ რიგში, იცრებიან რისკჯგუფები. პირველი რისკჯგუფი ყოველთვის არის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ მსჯელობა იყო საბჭოზე და იქნებიან დიალიზზე მყოფები, ასევე ორსული ქალბატონები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოზების დაწესებულებებში განაწილება. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან, დაახლოებით 1 კვირის ვადაში დავიწყებთ ამ პირველი პარტიიდან აცრებს. ოქტომბრის განმავლობაში, კერძოდ, მეორე ნახევრიდან 150 ათასზე მეტი დოზა შემოვა ქვეყანაში და რისკჯგუფები კიდევ გაფართოვდება იმის მიხედვით, როგორც გვაქვს, კერძოდ, ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და ასე შემდეგ. ვნახოთ, როგორი იქნება ათვისება. შარშან არ იყო ძალიან აქტიური. მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც აქტიურობს. ზოგადად, გრიპის საწინააღმდეგო აცრების კულტურა ქვეყანაში იზრდება, ეს კარგია, რაც მეტი აიცრება, მით უკეთესი. უნდა შევეცადოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა ოქტომბერ-ნოემბერში იყოს ათვისებული“,- განმარტავს გამყრელიძე.

ჯანმო: ჰაერის დაბინძურების დონე იმაზე სახიფათოა, ვიდრე გვეგონა

მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების დონე იმაზე სახიფათოა, ვიდრე ექსპერტებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ BBC ჯანმოზე დაყრდნობით იუწყება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, ეკონომიკური განვითარებისათვის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების გამო. ჯანმო ჰაერის დაბინძურებას მოწევისა და არაჯანსაღი კვების დონეზე აყენებს და მოუწოდებს მის 194 წევრ ქვეყანას, მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, ნოემბერში დაგეგმილი სამიტის წინ.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პრინცი ენდრიუ სასამართლოს წინაშე წარდგება

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პრინცი ენდრიუ სასამართლოს წინაშე წარდგება. ინგლისის სამეფო ოჯახის წევრი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, შესაბამისი ოფიციალური საბუთები პრინცმა უკვე მიიღო. ელისაბედ მეორეს შვილს ვირჯინია ჯუფრე უჩივის. ქალის თქმით, ენდიუმ მასზე სექსუალურად იძალადა, იმ დროს დაზარალებული 17 წლის იყო. პრინცი ენდრიუ ელისაბედის მესამე შვილი და მეორე ვაჟია, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრეების რიგში მეცხრეა. სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

Wizz Air-ი ფრენებს ნოემბრიდან სამი მიმართულებით განაახლებს, დეკემბრიდან კი ახალ ავიარეისს ამატებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებას 16 დეკემბრიდან ამატებს, ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით კი რეისებს ნოემბრიდან განაახლებს. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება. „საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც პანდემიის დაწყებისას შეწყდა, ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქს, ვენის მიმართულებით რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება. ბერლინში მოხვედრა კი ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კვლავ დაემატება", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში. ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს, თელავის ცენტალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, გრიგოლ ვატიტაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მანამდე კი მოსამართლეს დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა. 11 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილებაზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. მათ არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა. შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, გასული წლის დეკემბერში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში მოკლა. გამოძიება, ვანო ზანდარაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების დასკვნით ეტაპზე გამართულ საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანის სასროლეთზე დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა. წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები. „ქარიშხალი 2021“-ის საჩვენებელ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უშუალოდ ჩაერთო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ტანკიდან, ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან და ამერიკული M2A1 ტყვიამფრქვევიდან განახორციელა გასროლა. „ქარიშხალი 2021“ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით გაიმართა. წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე ხელმძღვანელობდა და მასში სარდლობის ყველა ქვედანაყოფი იყო ჩართული. სამხედრო წვრთნების მიზანი აღმოსავლეთის სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულება იყო. „ქარიშხალი 2021“ ნოემბერში დაგეგმილ უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2021“ ერთგვარ წინამოსამზადებელ ვარჯიშს წარმოადგენდა.