ძებნის რეზულტატი:
იენს სტოლტენბერგი: საქართველოსთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას განვაგრძობთ, ეს მადრიდის სამიტის მომზადებისას განხილვის თემა იქნება
საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცება მადრიდის სამიტის მომზადებისას განხილვის თემა იქნება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინული მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რა სახის გადაწყვეტილებებს მიიღებენ ლიდერები მომავალ სამიტზე. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მოკავშირეები განაგრძობენ ადრე მიღებული გადაწყვეტილების - ჩვენი ახლო პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჩვენ ასევე ვეთანხმებით ჩვენს გადაწყვეტილებებს, როდესაც საქმე ეხება NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებებს. ჩვენ გავაგრძელებთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლა. მივესალმები იმ ფაქტს, რომ NATO-ს მოკავშირეები, როგორც ალიანსის ფარგლებში, ასევე ორმხრივად უზრუნველყოფენ მხარდაჭერას და ამით ეხმარებიან როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს. მე შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს რამდენიმე კვირის წინ, ნიუ იორკში. ჩვენ ვანვაგრძობთ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან. ეს იქნება საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ მომავალი, მადრიდის სამიტისთვის მომზადებისას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგი: თუ ვინმე ამბობს, რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, ეს ნიშნავს, რომ პატარა ქვეყნებს არჩევანი არ უნდა ჰქონდეთ, რაც სუვერენიტეტის ხელყოფაა. საქართველოს გაწევრიანება გარდაუვალია
უკრაინის პრემიერი: მჯერა, რომ მომავალში უკრაინასა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ გაღრმავდება
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. „უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის პირველ ნახევარში თითქმის 30%-ით გაიზარდა. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური ორმხრივი ურთიერთობების ძლიერი მტკიცებულება. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ გაღრმავდება“, - განაცხადა დენის შმიგალმა“, - წერს უკრაინის პრემიერი. ამავე თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ: ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესების მიზეზი
ყოფილი პრემიერის შეთავაზებას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე. „ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე. საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი, თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგება ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან. ამით მისი ამომრჩეველიც ნათლად გაიგებს, რა არის მისი პოლიტიკური არჩევანი ივანიშვილის პროექტად პოზიციონირებს თუ რეალურად სურს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. ასე რომ, ამ კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე“ , - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის თქმით, საჭიროების შემთხვევაში იქნება მოლაპარაკებები იმ ადამიანებთან, ვისაც საკრებულოებში შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხის ბედი გადაწყვიტონ. „საერთოდ, პოლიტიკურ სივრცეში მოლაპარაკებები არ არის უჩვეულო ამბავი, მაგრამ უჩვეულოა ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა, რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობა. რაც შეეხება საკრებულოებში მისი წარმომადგენლების პოზიციას, ის განპირობებული უნდა იყოს არა მოლაპარაკებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება „ნაცმოძრაობასთან“ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, თუნდაც, ცალმხრივ ფორმატში, არამედ იმ ინტერესებიდან, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია. აქედან გამომდინარე, თემატური პოზიცია უნდა შეარჩიონ მათმა წარმომადგენლებმა, პირადად გახარიაზე განზრახ არ მაქვს საუბარი და გადაწყვეტილება თემატური საკითხებიდან უნდა მიიღონ - რომელი შეთავაზება სჯობს საზოგადოებისთვის, რომელსაც ისინი ადგილზე წარმოადგენენ. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებები, ან ჩურჩული და კონსპირაცია რასაკვირველია, მისაღები არ იქნება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საჯარო ფორმატში მოლაპარაკებების გამართვის საჭიროება არ არსებობს და აუცილებელი არ არის ასეთი მოწოდებებით გამოსვლა საზოგადოების წინაშე ქულების დასაწერად. „სამი მუნიციპალიტეტია, სადაც გარკვეულ თემებზე კონსულტაციები აუცილებელი იქნება და რეალურად, ამას მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით თავისუფლად მოახერხებს „ქართული ოცნების" ხელისუფლება ადგილებზე, რაც იქნება აუცილებელი კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. კოალიციის შესაძლებლობებს რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ ასე პარტიასთან კონსულტაციები და გეგმები მათთან თანამშრომლობაზე არ არსებობს, იქნება თემატური და ცალკეულ პირებთან მოლაპარაკებები ცალკეული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. პოლიტიკურ დიალოგსა და შეთანხმებას გამორიცხავს „როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აქვს განცდა და ამბიცია, რომ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ვისთანაც მმართველი პარტია მოლაპარაკებაში აუცილებლად უნდა შევიდეს. ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას" ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს, დაბალანსებული საკრებულოების მიღების მიზნით. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობენ, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.
ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი და ევროპარლამენტარი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ იზიარებენ არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას. თუმცა აქვთ შენიშვნებიც და ამასთან, განცხადების ავტორები „ქართულ ოცნებას“, კერძოდ, პრემიერ-მინისტრს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ირგვლივ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ. „ჩვენ ვეთანხმებით დამოუკიდებელ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებას, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გარემო დააზიანა გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა ბრალდებებმა დაშინების, ხმის მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლისა და არათანაბარი საასპარეზე პირობების შესახებ. ჩვენ ვიზიარებთ ODIHR- ის შეშფოთებას პოლარიზებული მედია ლანდშაფტის, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსისა და კამპანიის ფინანსების არასაკმარისი ზედამხედველობის, კამპანიაში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ანგარიშებისა და ჟურნალისტების მიმართ ზეწოლის შესახებ. ამასთან, მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების დისბალანსის გარდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც. ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს საშიში რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებითი არჩევნების დარღვევები გარდაუვალი გახდეს. ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს მთლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს საარჩევნო პროცესში. დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ველით, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სისტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ, რომ დამატებითი ბრალდებები მის „ქცევაზეა“ დამოკიდებული. ეს აჩვენებს, რომ ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია, გადალახოს მართლმსაჯულების პოლიტიზირების ცდუნება, რომელიც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის წარმომადგენლისგან ამგვარი განცხადები მის დაუყოვნებლივ გადადგომას გამოიწვევდა. პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების პერსონალური თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია. მომწიფებულ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც დაფუძნებულია ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე, მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერების ასეთ ქცევას ვერ ვნახავთ. დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ადასტურებს, რომ შეუძლია, დააკმაყოფილოს ეს პირობები. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას, დაიწყონ ხიდების მშენებლობა ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური დიალოგის უზრუნველსაყოფად, დაუბრუნდნენ პროევროპულ რეფორმების გზას და ფოკუსირება მოახდინონ ქვეყნის განვითარებაში ძალიან საჭირო პროგრესის მიღწევაზე, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს უკვე მიღწეული შედეგები. ჩვენი მხრივ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გზაზე წარმატება მხოლოდ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის და ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალის ერთობლივი და თანმიმდევრული ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, რათა განახორციელონ ხალხის ძლიერი სურვილი, საქართველო იხილონ ევროკავშირში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ში, დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებსა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებაზე კომენტარი გააკეთა
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ კომენტარიც გააკეთა "ამერიკის ხმასთან". ადამ შიფის თქმით, მას ორივე საკითხთან დაკავშირებით აქვს შეშფოთების მიზეზი. ადამ შიფი საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისკენ და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. „ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა: სახელმწიფოს მიერ კანდიდატების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება და მათ მხარეს ჩარევა, ხმების დათვლა, ასევე ამომრჩევლის დაშინების ძალისხმევა. მე ვუერთდები სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს მოვუწოდებ, სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ და უზრუნველყონ სამართლიანი პროცესი. მე საქართველოში რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე ისეთ საკითხზე, როგორიცაა ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუციიდან, პროცესიდან, [უფლებების] დაცვიდან გადახვევა. ეს ყველაფერი წლების წინ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნაში კანონის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი და უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები სამართლიანია. ეს რთული დროა. რუსეთის ჯარი საქართველოს მეხუთედის ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ათწლეულის წინ რუსეთმა კონფლიქტის შემდეგ მიიტაცა. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. ქვეყანამ წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო, სხვათა შორის სააკაშვილის დროს, ბევრი წლის წინ. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ამ რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის გაძლიერება“, - განაცხადა კონგრესმენმა შიფმა „ამერიკის ხმასთან".
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ე.წ. წითელი ზონიდან ამოიღებს
ბრიტანეთი 11 ოქტომბრის დილის 4 საათიდან 47 ქვეყანას და, მათ შორის საქართველოს კორონავირუსის გავრცელების ე.წ. წითელი სიიდან იქნება ამოიღებს. დიდი ბრიტანეთი საქართველოს იმ ქვეყნების სიაში შეიყვანს, რომლებსაც ვაქცინაციის დამტკიცებული საბუთი აქვთ. ვაქცინის სერტიფიკატი ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მიერ უნდა იყოს გაცემული, ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე. მასში შემდეგი ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ვაქცინის სახელწოდება და მისი მწარმოებელი, თარიღი თითოეული დოზის, ვაქცინის ქვეყანა ან ტერიტორია ან/და სერტიფიკატის გამცემი. დიდი ბრიტანეთში შესვლაზე რეგულაციების შემსუბუქება იმ უცხოელებს შეეხებათ, რომლებიც იქ ავტორიზებული ვაქცინებით არიან აცრილები. ასეთია (AstraZeneca, Pfizer-ი, Moderna და Johnso&Johnson-ი). სხვა შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში შემსვლელებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, ბრიტანეთში ჩასვლისთანავე 10-დღიანი თვითიზოლაციის და მე-2 და მე-8 დღეს ტესტების გაკეთების წესი მოქმედებს.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის მეთაური: NATO-ს და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ
„სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ალიანსუს ურყევ მხარდაჭერას. NATO-ს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, - განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა NATO- საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლო იყო. ამ კუთხით მან ავღანეთის მისიაში, საქართველოს, როგორც NATO-ს არაპარტნიორქვეყნებს შორის, ყველაზე დიდ კონტრიბუტორზეგაამახვილა ყურადღება. ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი. ადმირალმა რობ ბაუერმასაქართველოს ნატოს კოსოვოს მისიაში, ასევე NATO-ს რეაგირების ძალების საქმიანობაში ჩართულობაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებულიყურადღება დაუთმო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებს. მისივე განმარტებით, ამ კონტექსტით NATO-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, არამხოლოდ საზღვაო სივრცეში, არამედ საჰაერო, სახმელეთო და კიბერ-უსაფრთხოებისმიმართულებით. ასევე, დადებითად შეაფასა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა დაშეფასების ცენტრის საქმიანობა, როგორც მრავალეროვნული სწავლებების შესაძლებლობების განვითარების საშუალება. NATO-ს სამხედროკომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ NATO განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
იაპონიაში მიწისძვრამ ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია
იაპონიაში მიწისძვრამ ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 52 -მდე გაიზარდა. იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობა ტოკიოს მოსაზღვრე საიტამასა და ტიბას პრეფექტურებიდან არიან. მათ უმეტესობას მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ზოგიერთს, ავეჯის და სხვადასხვა საგნის დაცემის შედეგად მოტეხილობა და სხვა სერიოზული ტრავმებიც აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სარკინიგზო მოძრაობა უმეტესწილად აღდგენილია, მუშაობა განაახლა მეტრომაც. თუმცა, კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ზონაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ შეფერხებით მოძრაობს. იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოსა და ტიბას პრეფექტურებს შორის საზღვარზე, 75 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
კორონავირუსი კიდევ 2661 ადამიანს დაუდასტურდა, 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
კორონავირუსი კიდევ 2661 ადამიანს დაუდასტურდა, 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 1 274 გამოჯანმრთდა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 840 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 119, PCR ტესტით – 14 721. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო შვიდი დღის – 6,16%. დღეს თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 559, ქვემო ქართლი - 158, შიდა ქართლი - 116, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 293, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 628 719 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 597 654 გამოჯანმრთელდა, 9 192 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 853 296 აცრა, დღიურად აცრილია 8 331. კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 4 201 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში - 660 ადამიანი. 7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 711 პაციენტი, გარდაიცვალა 28 კოვიდინფიცირებული.
პოლიციამ გურიაში, შინდისის გმირის და სხვა საფლავების გაქურდვის ფაქტზე ორი ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი უკვე სარგებლობს ტელევიზორით, სხვა საჭირო ნივთებით და მათი მიწოდების დაგვიანების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა
გაცნობებთ , რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზირით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებკობს ტყუილია ასევე ის ინფორმაცია რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს. აქვე განვმარტავთ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს .დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები, №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთებისა პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამჟამად რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ, საქართველოს და მონტენეგროს შორის შეთანხმება გაფორმდა
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ, საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში, მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დრაგიცა პონორაცს შეხვდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობას, როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე, მესამე ქვეყნებთან, საქართველო უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
უკრაინის პარლამენტის წევრი ტაქსით გადაადგილების დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა
უკრაინაში, დეპუტატი ანტონ პოლიაკოვი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ტაქსით გადაადგილების დროს ცუდად გახდა. იუწყება Reuters-ი. სასწრაფო დახმარების ექიმებს 33 წლის პოლიტიკოსი გარდაცვლილი დახვდათ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. პოლიაკოვი უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ სახელით შევიდა, თუმცა, ახლა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ჰქონდა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს
შსს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის - თორნიკე მარსაგიშვილის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა - ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. „მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დეტალურად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, აიღეს სხვადასხვა კვალი, ასევე, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და სხვადასხვა ნივთი. საქმეზე დაიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის დანაშაულის უშუალო თვითმხილველები, გარდაცვლილის მეგობრები, ნაცნობები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები“, - აღნიშნა თორნიკე მარსაგიშვილმა. მისივე თქმით, ჩვენებებისა და საქმის დეტალების ანალიზის საფუძველზე, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობისა და დანაშაულის მოტივის დასადგენად დაისახა რამდენიმე საგამოძიებო ვერსია, რომელთა გადასამოწმებლად, ინტენსიურად ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება. „ოპერატიულმა ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომობილი დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და ამოიღეს საქმისათვის მნიშვნელოვანი კვლები. დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც და მისი ჩვენების საფუძველზე, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის - გ.კ.-ის ვინაობა. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელებული თანმიმდევრული და კვალიფიციური მუშაობის შედეგად დადგინდა დანაშაულის ჩამდენი - უშუალოდ მსროლელი პირის - ა.ჭ.-ის ვინაობაც. სამართალდამცველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას ყველა იმ მტკიცებულების მოპოვების მიზნით, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულების მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას“, - განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა. მისივე თქმით, გამოძიებამ მოიპოვა ბრალდებულთა გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეოკამერების ათობით ჩანაწერი. „გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული. საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზეჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიურიექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა. ძებნილ ბრალდებულთა დასაკავებლად ორიენტირებული იყო ყველა ოპერატიული დანაყოფი. სამართალდამცველებმა, ძებნაში მყოფი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა. ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დაიკითხა ათობით მოწმე, დადგინდა იმ პირების ვინაობა, ვისთანაც შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ, გამოვლინდა ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ“, - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა. თორნიკე მარსაგიშვილის განცხადებით, ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებსა და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენასა და დაკავებას. „2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიულიდა სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს. პოლიციამ დაადგინა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ. ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა, აქტიური დევნის შედეგად, ისინი დააკავეს. ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახია მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და, შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე“, - აღნიშნა თორნიკე მარსაგიშვილმა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს სამაშველო სამსახური ეძებს
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე შვიდსართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოჰყვნენ კორპუსში მცხოვრებლები. სამაშველო სამსახური მათ პოვნას და ნანაგრევებიდან ამოყვანას ცდილობს. მათ შორის არის მცირეწლოვანიც. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი დაახლოებით 15 ოჯახი. მოსახლეობის თქმით, კორპუსის სარდაფში, კომერციული ფართის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნგრევა შესაძლოა სწორედ ამ სამუშაობმა გამოიწვია. ნანგრევებიდან გამოიყვანეს ორი ბავშვი, მათ შორის 1,3 წლის ბავშვი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ ბავშვს მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ნანგრევებიდან ორი ადამიანი პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთი მცირეწლოვანი გამოიყვანეს, სხვა მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს. მცირეწლოვანი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში. ნანგრევებში მოჰყვა კორპუსის წინ მდგარი ათამდე მანქანაც. კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია ორი ბავშვი. მათ შორის ერთ-ერთი წლის და სამი თვის არის. დაშავებულის მამის ინფორმაციით, სახლზე სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობდა. „ბავშვი კარგად არის, ფეხი აქვს დაზიანებული. მანქანაში ბავშვთან ერთად მეც ვიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ასე. პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ, აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო“, - აცხადებს გიზო ქავთარაძე. ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მედიკოსების განმარტებით, ის კონტაქტურია და კვლევები უტარდება. „ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ზედაპირული დაზიანებები, წვივის მოტეხილობა. მიმდინარეობს შემდგომი კვლევა“, - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი თამარ ბახტაძე.
შსს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება. შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ბათუმში, მაშველების მიერ ამოყვანილი ქალის ორი შვილი ნანგრევების ქვეშაა
მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვნების ამოყვანას ცდილობენ. ისინი იმ ქალის შვილები არიან, რომელიც ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამიოყვანეს. ბათუმში, სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. „მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. ვიკვლევთ პაციენტს, სავარაუდოდ აქვს ორივე ქვედა კიდურის მენჯის ძვლების მოტეხილობა. ჩატარდა კვლევა და ველოდებით პასუხს“, - განაცხადა რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა თამარ მხატვარმა, რომლის კომენტარს ტელეკომპანიები ავრცელებენ. ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ინგა მეკეიძის ქმრის, რამაზ დავლაძის განცხადებით კი, ნანგრევების ქვეშ მათი 1 და 9 წლის შვილები რჩებიან. დავლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე შეუძლოდაა და მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მაშველებმა დღის განმავლობაში მცირეწლოვანიც ამოიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. შს მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქებას 90%-ით გამორიცხავს. ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბათუმში ჩავიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩანაწერები ნახეს სამართალდამცველებმა და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აფეთქება საყრდენი კედლის გამოცლას უნდა გამოეწვია, რომელიც თავის მხრივ, შესაძლოა, სამშენებლო სამუშაოს უკავშირდებოდეს. მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. სამართალდამცველებს ეს ცნობა დაკარგულების ახლობლების გამოკითხვებზე დაყრდნობით აქვთ. ამასთან, მინისტრის თქმით, ორ ადამიანთან პოლიცია სატელეფონო კონტაქტზე გავიდა, თუმცა ისინი ზუსტ მდებარეობას ვერ ასახელებენ.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილია ამოყვანილი
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვია. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. ამავე თემაზე: შსს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე გაეროში ისაუბრეს
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საბჭოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 48-ე სესიის ფარგლებში, რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა გაიმართა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება. სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე. ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად პანდემიისა, უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს სიცოცხლის უფლების ხელყოფის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, გატაცებების, თვითნებური დაკავებების და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის შემთხვევებს. ამავე კონტექსტში ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია - რუსეთის მუდმივი დესტრუქციული ქმედებები ქმნის იძულებით გადაადგილების ახალ საფრთხეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან მავთულხლართების უკანონო აღმართვამ, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ და სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ გამოიწვია ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება და ადამიანების გარდაცვალება. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე, რომლის უახლეს ნათელ მაგალითებს, ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. „შეთანხმების“ ხელმოწერა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის დუმის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა წარმოადგენს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ხელყოფის ფაქტებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიერ პასუხისმგებლობაზე თავის არიდების მცდელობისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და ასევე, ადგენს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და აფერხებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას, რათა მოხდეს რუსეთის მიერ, ევროკავშირის შუამდგომლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების, უპირველესად, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვება. აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მომზადდა 2021 წლის 24 მარტს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის (თანამშრომლობა საქართველოსთან) მოთხოვნის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს, გასული წლების მსგავსად, კვლავაც არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, უმაღლესი კომისრის ანგარიში შეიცავს მოწოდებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო თუ რეგიონული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების დაშვების თობაზე. სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის დელეგაციებმა. დელეგაციები მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. ამასთან, დელეგაციებმა გამოხატეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. ასევე, შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, განათლებისა და საკუთრების უფლების დარღვევის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, თვითნებური დაკავებების, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევებზე. ხაზი გაესვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ ამ უკანასკნელმა დადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროება და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა.