ძებნის რეზულტატი:

ხათუნა სამნიძე: დარღვევებითა თუ მანიპულაციებით, ფაქტია, "ოცნებამ"  43% გადალახა, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი აღარ არის

" "ქართულმა ოცნებამ" ასე თუ ისე, სხვადასხვა დარღვევებითა თუ მანიპულაციებით 43% გადალახა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ფოკუსი შეიცვალა, აქცენტი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებზე აღარ არის", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია მოიგებს, ეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი ვერ გახდება,თუმცა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს რიგგარეშე არჩევნების საჭიროება მოიტანოს. "ახლა უკვე არჩევნების მეორე ტურზე უნდა ვკონცენტრირდეთ. რა თქმა უნდა, მხარი ყველა იმ ოპოზიციურ კანდიდატს უნდა დავუჭიროთ, ვინც მეორე ტურში გადავიდა. იმედი მაქვს, მეორე ტურის წინ "ქართული ოცნება" არ დაარღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც შეიძლება და ისეთ ძალადობაზე არ გადავა, რაც ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. შარლ მიშელის შთანხმების თანახმად, თუ სახელისუფლებო პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩვენები უნდა დანიშნულიყო. სწორედ ეს პუნქტი გახდა ამ შეთანხმების მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია დოკუმენტზე ხელმოწერას დათანხმდა. მოლაპარაკებების შედეგად დათანხმდა "ქართული ოცნებაც", თუმცა ზაფხულში განაცხადა, რომ შეთანხმების ანულირება მოახდინა, რადგან შეთანხმება ოპოზიციამაც დაარღვია. მმართველი პარტიის მხრიდან მიუხედავად შეთანხმების დარღვევისა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს, ერთგვარ რეფერენდუმად განიხილავდა და იმედი ჰქონდა რომ დასავლეთის მხარდაჭერით, 43 პროცენტზე ნაკლები შედეგის დადგომის შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიაღწევდნენ.

დღეს, პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

დღეს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას დეპუტატებმა მხარი 75 ხმით დაუჭირეს. კანონპროექტით ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზართან, ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან, ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზართან და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება. დღესვე პარლამენტმა განიხილა და მხარი 78 ხმით დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტირების წესებს უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში პარლამენტი მუშაობას საკომიტეტო მოსმენების ფორმატში განაგრძობს. დღეს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 78 ხმით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტს. სხდომაზე განიხილეს და 76 ხმით მიიღეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლითაც წესრიგდება ძეგლის მესაკუთრის , ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობასთან და ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისთვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. რესტავრირებული თუ „გარემონტებული“ ისტორიული ძეგლები

პატრიარქი: როდესაც ქვეყანაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა

"დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა და მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა. უწმინდესმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა. "იყო კარგი აღმზრდელი, ნიშნავს მყარი საფუძველი შექმნა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ნიშნავს მტკიცე ხიდი გასდო წარსულსა და მომავალს შორის და ერის მეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანო. დღეს თქვენ, ზოგიერთი პედაგოგი და ბევრი სხვაც, შიძლება ვერც აცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქვეყნის ცხოვრებაში. თქვენი სახელი და ღირსება ამიტომაც უნდა იყოს სათანადოდ დაცული და დაფასებული. თუმცა, აუცილებელია ისიც, რომ ამ საქმიანობას თავის პროფესიაზე შეყვარებული, ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ. მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო უცხოეთში, ჩვენს დიასპორებში, მოღვაწე პედაგოგებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულს უნერგავენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს პატარებს. ისინი, ფაქტობრივად, თავის თავში საქართველოს მოიცავენ და საგანთან ერთად, ბუნებრივად, სამშობლოს მცოდნეობასაც ასწავლიან აღსაზრდელებს. მე ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი პედაგოგები გაერთიანდით და შექმენით მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციას, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია. თქვენ ყველანი ჩვენი დიდი იმედი ხართ. ერთობით ხომ გაცილებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ მასწავლებლის დღეს და გლოცავთ! ღმერთმა გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, მოგცეთ უშრეტი ენერგია და სიყვარული, რათა თქვენი მოვალეობის ღირსეული აღმსრულებელნი იყოთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი მომავალი“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი

"საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან, წირავენ სასიკვდილოდ?, - აღნიშნულ განცხადებას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აკეთებს. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილი პირდაპირ საბოტაჟს უწევს საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შესაბამისად, სახელმწიფოს. „ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება. გაოგნებული ვარ. ვინმეს რომ ეთქვა ეს ჩემთვის და მე არ ვიყო ამ პროცესში ჩართული, არ დავიჯერებდი. ქვეყანაში გვაქვს სამი ათასი ახალი შემთხვევა, შევამსუბუქეთ რეგულაციები, გვაქვს 30-დან 40-მდე გარდაცვალების შემთხვევა, გვაქვს სამი მილიონი ვაქცინა, გვაქვს უნიკალური ქსელი აცრების მისაწოდებლად და ამ ფონზე დღიური აცრის მაჩვენებელი არის 3-4 ათასი. დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 65 პროცენტიან აცრას. ჩვენ სულ 20 პროცენტი გვყავს სრულად ორჯერადად აცრილი, ისრაელს 40 პროცენტი ჰყავს სამჯერ აცრილი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა მკაფიოდ დააფიქსირა თურქეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ

"უნდა გავაგრძელოთ შავი ზღვის რეგიონის ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა", - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, სოჭში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა ვლდიმერ პუტინთან საუბრისას, მკაფიოდ განსზღვრა თურქეთის პოლიტიკა და მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ. როგორც ჩავუშოღლუ აღნიშნავს, მათ მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატო-სთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას. „შავი ზღვა ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი სფეროა, ამიტომ მუდმივი ყურადღება უნდა მიექცეს სამხედრო თემას შავ ზღვაში და სწორედ ეს კეთდება ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების, შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოების მხრიდან. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ძალიან ღია და გულწრფელი ვართ. პრეზიდენტი ერდოღანი აგრეთვე ძალიან გულწრფელი იყო კოლეგა პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე. ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრეთ ჩვენი პოლიტიკა. მაგალითად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შავი ზღვის რეგიონის ორი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის დახმარება“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი: რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას

Europetime-მა ევროპარლამენტარ მიჰაილ გალართან (EPP, გერმანია) ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელმა პოლიტიკოსმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ამ კონტექსტში 2 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების როლი შეაფასა. რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, მიჰაილ გალარმა ამის საპასუხოდ რეფორმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ევროპარლამენტარი ასევე საუბრობს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის პერსპექტივასა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, მათ შორის „საქართველოს ამბიციურ მიზნებზე“. _ ბატონო მიჰაილ, რა როლი აქვს ამ არჩევნებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში? ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი ჩარჩო საქართველოსთან - ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ინტეგრაციის, თანამშრომლობისა და რეფორმის უზარმაზარ სპექტრს უზრუნველყოფს, ხოლო რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამ სამეზობლოს სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმების რეალურ პროცესს. მე ვფიქრობ, როდესაც ქვეყანას აქვს ამბიცია, განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მისი განვითარების გზაზე უნდა იყოს წარმატებული და ვშიშობ, ბოლო თვეები ძალიან არ დაგეხმარათ თქვენი საქმეების წარმოჩენაში. ამიტომაც მივმართავთ ქართველ პარტნიორებს, შეაფასონ სიტუაცია და იპოვონ წინსვლის გზები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვცდილობთ, განვმუხტოთ დაძაბულობა და ვიპოვოთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის გზები საქართველოში საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც სწორი მიმართულებით გადაიდგმება. ჩვენ განვახორციელეთ უზარმაზარი ძალისხმევა და ამის დასტურია ევროპული საბჭოს არაერთი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, მაგრამ ასევე კონსტრუქციულნი ვართ ჩვენს მიდგომებში. _როგორ შეაფასებთ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ამბიციურ მიზნებს? მათ აქვთ ამბიციური დღის წესრიგი და ჩვენ ამას მივესალმებით, განცხადების გაკეთება ან ამბიციური მიზანი პარტნიორებთან ერთად, ასევე კარგია, მაგრამ ამას არ ახლავს პოზიტიური განვითარებები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად დავასახელებდი სასამართლო სისტემას, როგორც ერთ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს. _თქვენ ახსენეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას? პერსპექტივა ჯერჯერობით არ არის ისეთი მკაფიო, როგორც ამას ეს სამი ქვეყანა ისურვებდა. ჩვენ გვაქვს 41-ე მუხლი, ყველა ევროპული ქვეყანა შეიძლება, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს მათთვის, ვინც წევრობისკენ ისწრაფვის და უბრალოდ მუშობს ამ უზარმაზარ და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგზე. და, თუ ქვეყანა დაინტერესებულია და ნამდვილად მიაღწევს განვითარების ისეთ დონეს, რომ ჩვენ გვექნება რაღაც სათქმელი - „ხედავთ, როგორი წინსწვლა აჩვენეს, როგორ განვითარდნენ“, ასეთ შემთხვევაში ჩვენგან არ იქნებოდა გამართლებული, ასეთი მიმზიდველი ქვეყნები ჩვენთან არ გვყოლოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ მხარს გიჭერთ, თუმცა უკანასკნელი თვეების და გასული წლის მოვლენები, დაპირისპირება არ წაადგა სასარგებლოდ თქვენს საქმეს. ამიტომაც ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაითვალისწინონ ეს. ჩვენ ვართ მეგობრული პარტნიორები, სხვები არ არიან მეგობრულები და ეს ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.

სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და ზეწოლის შესახებ

„მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ საქართველოს არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო“, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ს საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე, სენატორი ჯინ შაჰინის შეფასებით, საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის. „ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება და მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა. შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას მისი დემოკრატიული პრინციპები. მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის“, - აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი. „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად 4 ოქტომბერს, განცხადება გაავრცელა ასევე, სენატორმა ჯიმ რიშმაც. „საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურებზე“, - ამბობს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში. აშშ-ის საელჩო: არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო გარემო დაშინების და მოსყიდვის შესახებ საჩივრებმა დააზიანა ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელი: 2 ოქტომბრის კენჭისყრა იყო დაკარგული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები

როგორ აისახება საქართველოზე ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა და რა შედეგები მოჰყვება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტს

აზერბაიჯანის საზღვართან ირანის უპრეცენდენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების პარალელურად, ირანმა აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მდებარე ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანმა აზერბაიჯანს ოფიციალურად აცნობა. აღნიშნულ საჰაერო მარშრუტს აზერბაიჯანული თვითმფრინავები ნახიჩევანთან კავშირისთვის იყენებდნენ. როგორც რონდელის ფონდის ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი განმარტავს, ყველაზე ხშირად და მოკლე დროში ამ გზითაა შესაძლებელი ნახიჩევანის კავშირი დანარჩენ აზერბაიჯანთან. ბატიაშვილის ცნობით, საპასუხოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში მდებარე ირანის სულიერი ლიდერის წარმომადგენლობის ოფისი და ირანული მეჩეთი "ჰუსეინია" დახურა, თუმცა, დახურვის ოფიციალურ მიზეზად კოვიდპანდემია დასახელდა. "პარალელურად, ანკარამ ბაქოსადმი სოლიდარობის ნიშნად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით დამატებითი სამხედრო ნაწილები გადაისროლა აზერბაიჯანში და დაიწყო ერთობლივი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები. ირანი არაა ის ქვეყანა, რომ ეს ამბავი ადვილად გაატაროს. ასე, რომ ველით პასუხის პასუხს თეირანის მხრიდან. მართალია ოფიციალურ მოსკოვს ირან-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობაზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია, მაგრამ ბოლო 3 დღის განმავლობაში სამხედრო-სატვირთო თვითფრინავები (IL-76-ებით) ინტენსიურად მოძრაობს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით.ცხადია, რომ მათ დამატებითი რუსული ტექნიკა და/ან ცოცხალი ძალა გადაჰყავთ აქეთ. ვნახოთ რა შედეგებით დაბრუნდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვიდან.ახლა მთავარი კითხვაა: რამდენად შესაძლებელია რუსეთ-ირან-სომხეთის ალიანსის შეკვრა აზერბაიჯან-თურქეთ-ისრაელის კოალიციის წინააღმდეგ და სად იქნება საქართველოს ადგილი ამ შემთხვევაში?", - აღნიშნავს რონდელის ფონდის ანალიტიკოსი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამთავრობო წრეებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან დაპირისპირება სომხეთის დაკვეთით მოხდა. „ირანის მორიგი მცდელობა, დაარტყას აზერბაიჯანს, არ იმოქმედებს ნახიჩევანში სამხედრო ნაწილების მომარაგებაზე. აზერბაიჯანი ამ მარშრუტს ძალიან მცირე დოზით იყენებს და სხვა მარშრუტებზე ტრანსპორტირებას ამჯობინებს“, – აცხადებს აზერბაიჯანის სამთავრობო წყარო აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში. შეგახსენებთ, რომ ირანმა აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნებს დაიწყო. საპასუხოდ კი, ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქში აზერბაიჯანის და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, „ურყევი ძმობა“ მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს. „ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმი ეხმარება და მხარს უჭერს გარკვეულ რეგიონულ ქვეყნებს, რათა შეიქმნას უთანხმოება და განხეთქილება მუსულმანურ ერებს შორის“, - განაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა მოჰამად პაკპურიმ როგორც რონდელის ფონდის ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, საყურადღებოა, რომ ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანში გადასროლის ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი სასწრაფო წესით მოსკოვში გაფრინდა. ახლა მთავარი კითხვაა, რას მოიმოქმედებს მოსკოვი ასეთ დაძაბულ სიტუაციაში კავკასიაში? ირანმა აღნიშნულ სამხედრო წვრთნებს "ხაიბარის დამპყრობლები" უწოდა, ხაიბარი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და იგი მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება. საგულისხმოა, რომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს.რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებაში მარტო არაა. მას აქტიურად უჭერს მხარს მოძმე თურქეთი. ირანის საზღვართან გააქტიურდნენ თურქული დრონები. ასევე ანკარამ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა ირანის მიმართულებით, სადაც ტარდება თურქული სამხედრო წვრთნები. ირან-თურქეთის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები იწმინდება ნაღმებისგანაც. იმედია, საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მივა. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენს სამხრეთში ცხელი შემოდგომა დადგა. ამ ამბებს აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება, თავად ეს ბოლო დაძაბულობა კი ყარაბაღის მეორე ომის გაგრძელებაა", - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალი ხვალ დასრულდება. ფოტოზე: თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მოძრაობის ტრაექტორია დღეს კავკასიის მიმართულებით. ფოტოს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აქვეყნებს ზურაბ ბატიაშვილი: რაც კავკასიაში ხდება, შეგვიძლია დავარქვათ რუსეთის კავკასიაში დაბრუნების გეგმა რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

სტოლტენბერგი: თუ ვინმე ამბობს, რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, ეს ნიშნავს, რომ პატარა ქვეყნებს არჩევანი არ უნდა ჰქონდეთ, რაც სუვერენიტეტის ხელყოფაა. საქართველოს გაწევრიანება გარდაუვალია

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება გარდაუვალია, თუმცა ეს ხვალ არ მოხდება. მისივე თქმით, რუსეთს სურს, რომ მსოფლიოში გავლენის სფეროები არსებობდეს და, შესაბამისად, ის საკუთარ მეზობელ ქვეყნებს აკონტროლებდეს. „ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი გზა. ის აზრი, თითქოს რუსეთის მეზობელი ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება მოსკოვისთვის პროვოკაციას წარმოადგენს, აბსოლუტურად მცდარია. როდესაც ერთი ქვეყანა გადაწყვეტს, NATO-ში გაწევრიანდეს, ეს საკითხი ეხება მხოლოდ NATO-ს და ამ ქვეყანას - მეტს არავის. რუსეთს სურს, რომ მსოფლიოში გავლენის სფეროები არსებობდეს და, შესაბამისად, ის საკუთარ მეზობელ ქვეყნებს აკონტროლებდეს. ეს არაა მიდგომა, რომელითაც ჩვენ გვსურს, ვიხელმძღვანელოთ. თუ ვინმე ამბობს, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ქვეყნებს არჩევანი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ხომ სუვერენიტეტის ხელყოფაა? ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას, რეფორმების გატარებისა და NATO-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით“, - აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი. მისივე თქმით, ალიანსი შეთანხმდა, რომ როდესაც საქართველო და უკრაინა მზად იქნებიან ამისთვის, ისინი NATO-ს წევრები გახდებიან. „ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები იქნებიან. ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებაში და კორუფციასთან ბრძოლაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

50-მდე ბინის გაძარცვის ბრალდებით იტალიის პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა

იტალიის პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც იტალიური მედია "ბინების ოსტატებს" უწოდებდა. იტალიური მედიის ცნობით, ქართულმა კიმინალურმა დაჯგუფებამ სამ ქალაქში 50-მდე ბინა გაქურდა. ქართველების დასაკავებლად იტალიის პოლიციამ რეიდი, ერთდროულად, ქვეყნის სამ ქალაქში ჩაატარა - რომში, მილანსა და ტურინში. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენამდე დაჯგუფების წევრები ბინის კარზე სიგარეტის კოლოფს, ან სხვა შეუმჩნეველ ნივთს აკრავდნენ, მას შემდეგ კი რაც დარწმუნდებოდნენ, რომ ბინის კარი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაღებულა, სახლში შედიოდნენ. მიმდინარე წელს იტალიაში ქართველი მძარცველების დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ადგილობრივმა პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, 62 ადამიანი აიყვანა, საიდანაც 55 საქართველოს მოქალაქეა.

რომელი კოვიდრეგულაციები და შეზღუდვები იხსნება დღეიდან

დღეიდან, კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება. კვების ობიექტები კი 23 საათამდე მუშაობას შეძლებენ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კონცერტებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი. ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა 12 აგვისტოდან დღემდე სრულად იყო შეზღუდული. დღეიდან კვების ობიექტების მუშაობას 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე შეძლებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ღია წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ღია წერილს აქვეყნებს. ღარიბაშვილის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, ციხეში ყოფნის შემდეგ, მისი ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. „მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში. ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს. ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა. აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000 კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს. ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას. ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო იყო პირველი მერცხალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. იყო დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ არ გვეყო გამოცდილება და დამოუკიდებლობის მიღებიდან მალევე პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის მხედრიონის აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო. ამ ფონზე, 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა. სახელმწიფო და ინსტიტუტები იმდენად იყო დაკნინებული, რომ შევარდნაძე უკვე პირადი უსაფრთხოების სამსახურსაც კი ვეღარ აკონტროლებდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად. ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ. ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ. უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ - გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ღია წერილში.

2 410 ინფიცირების ახალი შემთხვევა, 24 გარდაცვლილი და 965 მძიმე პაციენტი

34 918 ტესტის შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაირადაიცვალა 24 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 255 პაციენტი იმყოფება. ამ ეტაპზე 20 001 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 077 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 ინფიცირებული. 623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 623 830-ს შეადგენს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.31%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 516 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669. დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 075-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 075-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 836 443 აცრა გაკეთდა. ამ ეტაპზე, 1 დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.9% სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.3 % 4 ოქტომბერს აიცრა 8 106 ადამიანი. საქართველოში სულ 300-ზე მეტი ვაქცინაციის პუნქტია. 34 918 ტესტის შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაირადაიცვალა 30 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 255 პაციენტი იმყოფება. ამ ეტაპზე 20 001 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 077 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 ინფიცირებული. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 623 830-ს შეადგენს.

მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები  2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

"მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო კორექტირებას ვთავაზობთ 2 წლით," - ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 66 ოჯახს გადაეცემა. მერიის გადაწყვეტილებით, მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემათ. "მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 ოჯახი მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ წინა ისტორიაზე გადაღებული ახალი სერიალის თიზერი გამოუშვა

HBO Max-მა „სამეფო კარის თამაშების“ წინა ისტორიაზე გადაღებული ახალი სერიალის თიზერი გამოუშვა. სერიალს „დრაკონის სახლი“ ქვია და მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე 200 წლით ადრე ვითარდება. სერიალი გამოგონილ სამყაროში - ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი. შეგახსენებთ, რომ სერიალმა "სამეფო კარის თამაშებმა" პოპულარობით, მანამდე არსებული ყველა მსოფლიო რეიტინგი მოხსნა.

მსოფლიო ბანკი: საქართველოში, მზარდი ინფლაციის და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაწყებული სწრაფი აღდგენის პროცესმა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურება განაპირობა ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებად ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში. ახლანდელი პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკა 2021 წელს 5.5 პროცენტით გაიზრდება, რაც მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებელია. ანგარიშის მიხედვით, აღმავლობა ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპით წლის პირველ ნახევარში, რაც ევროზონაში ეკონომიკის გამოცოცხლებას და სასაქონლო ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა. ასევე შიდა მოთხოვნა მომძლავრდა ვაქცინაციისა და დახმარებების პაკეტების ფონზე. თუმცა, ექსპორტის ზრდა შეიძლება შენელდეს COVID-19-ის უფრო გადამდები ვარიანტების გლობალური და რეგიონული გავრცელების გამო, რაც ასევე შემაფერხებელი ფაქტორია რეგიონული შიდა მოთხოვნის აღდგენისათვის. მსოფლიო ბანკის ცნობით, 2020 წელს სამხრეთმა კავკასიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის გამოშვების უმწვავესი ვარდნა განიცადა, რომელიც 5 პროცენტზე მეტით შემცირდა. გამოშვების მოცულობა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო მოხმარებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ, 2021 წელს მკვეთრად, 5.8 პროცენტით გაიზრდება, სადაც საქართველოს წამყვანი პოზიცია ენიჭება 8 პროცენტიანი აღმავლობით. 2022 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.5 პროცენტამდე შენელება, ხოლო 2023 წელს 5 პროცენტს მიუახლოვდება მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად. “სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2020 წლის შოკის შემდგომი აღმავლობა ძალას იკრებს, რასაც ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის ზრდა და სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, მზარდი ინფლაციის და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება. გარდა ამისა, მდგრადი აღდგენა „მწვანე“, ურყევი და ინკლუზიური უნდა იყოს. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ რეფორმებს, ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას და ინოვაციების თუ ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობას შეუძლია პროდუქტიულობის ამაღლება, ხოლო ეკონომიკური ბუფერების აღდგენა და კლიმატის ცვლილებისათვის მზადყოფნა ეკონომიკური ზრდის სიმტკიცეს უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. საგარეო და ადგილობრივი მოთხოვნის სტაბილიზაციის და პანდემიის საწინააღმდეგო სტიმულირების დასრულების პირობებში, 2022 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ზრდა სავარაუდოდ, ზომიერი იქნება 3.4 პროცენტამდე. პანდემიის გაგრძელება, განსაკუთრებით კი, ვაქცინაზე არათანაბარი წვდომა და ყოყმანი, სამომავლო ვითარებას გაურკვეველს ხდის. რეგიონულ აღდგენას თან ახლავს ინფლაციის დაჩქარება და ფინანსური სტრესის მიმართ მოწყვლადობა, რაც შეიძლება გარე დაფინანსების პირობების მოულოდნელი გამკაცრებით ან პოლიტიკის გაურკვევლობის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მკვეთრი ზრდით იქნას გამოწვეული. სპეციალური ანალიტიკური ანგარიში „კონკურენცია და ფირმების აღდგენა Covid-19 -ის შემდეგ“ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული საწარმოთა და ბიზნესის კვლევების მონაცემთა საფუძველზე მომზადდა. იგი მიუთითებს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გავლენა იქონია ფირმებზე. რეგიონის საწარმოებში ყოველთვიური გაყიდვები და სრული განაკვეთით მომუშავე პერსონალის რაოდენობა საშუალო მაჩვენებლებით მნიშვნელოვანად დაეცა. მიმდინარე წლის მაისისთვის ყოველი ოთხი ფირმიდან ერთი მაინც ელოდა ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. შედარებით მცირე, ახალგაზრდა ფირმებმა, რომლებსაც ქალები მართავდნენ, ვერ შეძლეს გაყიდვების გაუმჯობესება თავდაპირველი ვარდნის შემდეგ. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კრიზისები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ბევრი ფირმისთვის, მაგრამ ნაკლებად პროდუქტიული საქმიანობიდან მეტად პროდუქტიულ საქმიანობაზე რესურსების გადანაწილებით, მათ ხშირად შეუძლიათ გამოსავლის პოვნა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კერძოდ, გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი ბაზრების მქონე ქვეყნებში. მართლაც, ფირმები, რომლებიც კრიზისამდე მაღალი შრომითი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ, განიცდიდნენ გაყიდვების და შრომითი რესურსების ბევრად ნაკლებ ვარდნას, ვიდრე ფირმები, სადაც კრიზისამდე შრომის დაბალი ნაყოფიერება აღინიშნებოდა. ასევე, შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმები უფრო მეტად ახდენდნენ კრიზისთან ადაპტირებას ონლაინ აქტივობის და დისტანციური საქმიანობის საშუალებით. „კონკურენციის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ის ასოცირდება დინამიზმთან, ახდენს ფირმებში ინოვაციების წახალისებას, შედარებით ეფექტიან ფირმებს აიძულებს შევიდნენ ბაზარზე და გაფართოვდნენ, ნაკლებად ეფექტიანი საწარმოების ბაზრიდან გასვლისასთან პარალელურად. ქვეყნებში, სადაც არსებობს კონკურენტული ბაზრები და კონკურენციის ხელშემწყობი პოლიტიკა ძლიერია, ეს გადანაწილება შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმების მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბურია“, -აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ - კუნტმა. მისივე თქმით, რამდენადაც ქვეყნები ეკონომიკური აღდგენის ფაზაში შედიან, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებლებმა განსაზღვრონ მხარდაჭერის ღონისძიებების ეტაპობრივი დასრულება, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ფოკუსირება უნდა მოხდეს კონკურენტული ბიზნესგარემოს გაძლიერებაზე, რომელიც სწრაფი აღდგენის, კრიზისების მიმართ მედეგობის და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ელემენტია.

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა

დღეს, საქართველოში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა. სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა კახეთში, წინანდალში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, შემდეგი საკითხები განიხილეს: რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი შედეგიანია და რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება. „აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ. მან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს და ამ კუთხით ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის მშვიდობიან ინიციატივას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიაზე გააჟღერა. „შეხვედრებზე განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სხვა მიმართულებებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პერსპექტივით განვიხილეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. „დღევანდელი შეხვედრები წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ნიმუშს. სამმხრივი შეხვედრების დროს ხაზგასმით აღინიშნა მოძმე და მეგობარ ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და სამმხრივ ფორმატში გადასადგმელი ნაბიჯები. განვიხილეთ მომავალი პერსპექტივები და ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა. მინისტერიალის დასასრულს, სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. როგორ აისახება საქართველოზე ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა და რა შედეგები მოჰყვება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტს

ევროპარლამენტარები: მმართველი პარტიის კანდიდატებმა 43% -იანი ბარიერი გადალახეს

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხზე, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მთავარმა პარტნიორმა, ჩაატარა კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს, უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო ადგილობრივიდან ეროვნულ საკითხებზე. ევროპარლამენტის წევრთა დელეგაცია, ბატონი მიჰაილ გალარის ხელმძღვანელობით დააკვირდა ამ არჩევნებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის კოლეგებთან ერთად, როგორც ეუთოს/ODIHR- ის საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი - ჩვენ გვსურს უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ყველა მათგანს გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენ სათანადოდ ვაქცევთ ყურადღებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოცხადებულ შედეგებს - „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს ხმების 46,6% და გადალახეს 43% -იანი ბარიერი, რაც, ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, გამოიწვევდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ეს არჩევნები ჩატარდა არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ. ამომრჩეველს ჰქონდა რეალური არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის, არჩევნები ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია. კამპანია პოლიტიკური და მედია გარემოს გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც ზოგჯერ სიტყვიერ ან თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდიოდა. ძალიან ხშირად, პირადი თავდასხმები პოლიტიკურ დებატებზე ჭარბობდა, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა. საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ისევე როგორც გავრცელებული ბრალდებები მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების შესახებ მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული. საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, ეუთოს/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტასა და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას - ასევე აუცილებელია პოლიტიკაში ქართველი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის გათვალისწინება. „არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, აღმოიფხვრას პირველი ტურის დროს დაფიქსირებული ბოროტად გამოყენების შემთხვევები. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენს: მათ თავიანთი ერის ინტერესი პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დაპირისპირების გვერდი უნდა გადაშალონ ერთხელ და სამუდამოდ და ძალიან საჭირო რეფორმები განახორციელონ. ევროპარლამენტი მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები მზადყოფნას გამოხატავენ კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისში სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისში სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ასევე მიუთითებს იმ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შორის, თბილისში, 4 ოქტომბერს გაიმართა. „საქართველოს ელჩს გადავეცით ჩვენი შეშფოთება სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ მიღებული ცნობების გამო: ეს ეხება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის სერიოზულ დარღვევას, რაც საფრთხეს უქმნის ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, - აღნიშნულია ტექსტში. ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, აკრედიტებულმა ელჩებმა განაცხადეს, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. შესაბამისი განცხადება დიპლომატიური კორპუსის სახელით გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. „შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახან გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, იმავე დღეს გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „4 ოქტომბერს უწყებაში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, იმამურა აკირასთან. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები. დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა, დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს. თავის მხრივ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მიმართ“, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული.