ძებნის რეზულტატი:
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ლაშა ბექაურს ვარსკვლავი საზეიმოდ გაუხსნეს
ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნეს. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეზოში, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, სპორტის დამსახურებული ოსტატი შოთა ხაბარელი, საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ტიტულოვანი სპორტსმენები ესწრებოდნენ. შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავსაც, რომელმაც ოლიმპიური თამაშები ზედიზედ მეორედ მოიგო (2016-2021 წლებში). ამავე თემაზე: ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან
დიეგო კოლასი: საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულების შემთხვევაში
„საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი, დემოკრატიულ ინსტიტუტების გაძლიერების და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულების შემთხვევაში“, ამის შესახებ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დიეგო კოლასმა საქართველოში ჩატარებული 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები შეაფასა. დიეგო კოლასმა უპასუხა კითხვას, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები და რა გავლენას იქონიებს ის პოლიტიკურ კრიზისზე, ახალი პოლიტიკური განვითარებების დამატებით და ბოლო პერიოდში არაერთი კრიტიკული შეფასების გათვალისწინებით. „მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქეების, თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის გამო. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ სრულფასოვანი საერთაშორისო საარჩევნო მისია აკვირდებოდა 2 ოქტომბრის კენჭისყრას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის დასკვნებს. ევროკავშირის განცხადებაში ასევე კმაყოფილებით აღვნიშნეთ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ჩვენი რეკომენდაცია იყო და რამაც გაააუმჯობესა საკანონმდებლო ჩარჩო, რაც კარგია. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ რიგი ხარვეზები, რომლებიც, ჩვენი აზრით, საჭიროებს გადაუდებელ დამატებით ძალისხმევას, როგორც მეორე ტურის წინ, ასევე მის მიღმა. ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამოვხატე ჩემი შეშფოთება განსაკუთრებით ჟურნალისტების დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ, რომლის გარეშეც არ შეიძლება, არსებობდეს ჯანსაღი, დემოკრატიული ევროპული სტილის სახელმწიფო. მე ხაზი გავუსვი ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულებას. ჩემი აზრით, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც საქართველო დგას, საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალისხმევა განხორციელდება; თუ დემოკრატიული ინსტიტუტები ამგვარად გაძლიერდება, სასამართლო და კანონის უზენაესობა კი ფართოდ იქნება განხილული, როგორც ღირსეული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი“, - განუცხადა დიეგო კოლასმა Europetime-ს. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის ელჩთან
კახა კუჭავა: სააკაშვილთან დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია - საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე
რატომ შეიზღუდა ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში, ჟურნალისტების ამ შეკითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში უპასუხა. მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულება კონკრეტული წესებით ხელმძღვანელობს და ციხე სასტუმრო არ არის. „იმ რაოდენობით, რამდენიც მათ უნდათ - 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია. უკვე მე ვწყვეტ რა რაოდენობით შევლენ გამომდინარე უსაფრთხოების ნორმებიდან და პენიტენციური დაწესებულების წესებიდან. არც ვაპირებ რომ ხვალაც ვინმეს ვუთხრა უარი, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მნახველების რაოდენობა. ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის, თუ არ ვცდები ოჯახის წევრებიც, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნუ აქვს ვინმეს მოლოდინი, რომ ყველა შეძლებს ერთ დღეში შესვლას, ეს გამორიცხულია. საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც შეუძლიათ, ლობიში ისაუბრონ. როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მიეცემათ შესაძლებლობა მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი“, - განაცხადა კახა კუჭავამ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, კიევში, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მზადაა, ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი და პრემიერ ღარიბაშვილსაც მოუწოდებს, იგივე გააკეთოს კანცელარიაში
„ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში ან სამხარაულის ბიუროში, არამედ ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი - ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი”, კანცელარიაში ჩააბაროს ტესტი“, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. „მთელი წლების მანძილზე გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას და თხილამურებზე, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი”, რომ კანცელარიაში ჩააბაროს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. „ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი“, - ეს არის ნაწილი წერილიდან, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაავრცელა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. სხვა ბრალდებებთან ერთად, მას ბრლად ედება საქრთველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
მოლდოვის გენერალური პროკურორი დააკავეს
მოლდოვის გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო დააკავეს. იუწყება Reuters-ი. მას კორუფციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. ალექსანდრ სტოიანოგლო გენერალურ პროკურორად 2019 წელს მოლდოვის წინა პრეზიდენტმა, პრორუსულმა ლიდერმა იგორ დოდონმა დანიშნა და ის ალექსანდრ სტოიანოგლოს დაკავებას ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაია სანდუს მხრიდან ანგარიშსწორებად მიიჩნევს. „დღეს გამოუსწორებელი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს სტოიანოგლოს დაპატიმრებით", - განაცხადა დოდონმა. თავის მხრივ, ალექსანდრ სტოიანოგი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მოლდოვის მოქმედი ხელისუფლება მას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ საქმის აღძვრაში არწმუნებდა, რაზეც უარი განაცხადა.
ცესკო: 239 უბნის მონაცემები უცვლელი დარჩა, 121 უბანზე მონაცემები მცირედითაა შეცვლილი, იყო ხარვეზებიც
ქვეყნის მასშტაბით გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი; იყო ხარვეზებიც, რომლებიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა. „წელს პირველად, საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ ვალდებულება, თითოეულ საარჩევნო ოლქში ხელახლა დაეთვალათ შემთხვევითი შერჩევით, წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. საარჩევნო ადმინისტრაციამ უმოკლეს ვადებში - 4 ოქტომბერს (კანონმდებლობით გადათვლის უკიდურესი ვადა კენჭისყრიდან მეექვსე დღეა) გადათვალა შესაბამისი საარჩევნო უბნების ბიულეტენები. საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო აღნიშნულმა ხელი პროცესის გამჭვირვალობას, ასევე ცხადყო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ეფექტიანი მუშაობისთვის დამატებითი მოტივაცია მისცა. გადათვლის ცენტრებში უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. კრწანისის გარდა, გადათვლა ყველა საარჩევნო ოლქში განხორციელდა. ხელახალი დათვლის პროცესს ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. რაც შეეხება კრწანისს, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რადგან აღნიშნულ ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდა. რაც შეეხება სტატისტიკას, გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. გადათვლის ცენტრებში სრულად იყო გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები, ცენტრში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს, COVID19 ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდა“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში
ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს. პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები იმართება. როგორ ისარგებლებს რუსეთი რეგიონში შექმნილი კრიზისით, როგორ აისახება ეს საქართველოზე და რა გახდა ვითარების დაძაბვის მიზეზი, ამ საკითხებზე, Europetime რონდელის ფონდის ანალიტიკოსს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. რა გავლენას მოახდენს საქართველოზე ირანის დაპირისპირება აზერბაიჯანთან და თურქეთთან. რუსეთის შესაძლო ნაბიჯები რეგიონში შექმნილი კრიზისის ფონზე როგორც Eropetime-თან საუბარში რონდელის ფონდის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, ბოლო ათწლეულებში კავკასიაში არაერთი კონფლიქტური სიტუაცია შექმნილა და დღეისათვის, როგორც ჩანს, რეგიონში კიდევ ერთი ახალი, ამჯერად უკვე ირანულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება მომწიფდა, რომელიც მხოლოდ ამ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება. ანალიტიკოსის თქმით, მას შემდეგ რაც ირანსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაიძაბა, რუსეთს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსეთის კუთვნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით (IL-76-ებით) სავარაუდოდ ცოცხალი სამხედრო ძალის გადასროლა მოხდა რეგიონში. „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის სულერთი არ არის რა მოხდება და როგორ მოხდება. როცა ირანი და თურქეთი საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს, რუსეთიც არ გამორიცხავს ძალისმიერი ქმედებების ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაზე რუსეთს ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, ცხადია, რომ მოსკოვში ყურადღებით აკვირდებიან აქ მიმდინარე მოვლენებს და დიდი ალბათობით, მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მათი რეაგირების დრო ჯერჯერობით არ დამდგარა. თუ გავიხსენებთ, კრემლი ასევე მოიქცა ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სიჩუმეს ინარჩუნებდა. რუსეთის ნებისმიერი ქმედება, საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ საქართველო მისი თითოეული ნაბიჯის მიმართ ყურადღებით უნდა იყოს. ჯერჯერობით, დაძაბულობა არის აზერბაიჯან-ირანის საზღვართან, სომხეთის სამხრეთთან, რომელიც ესაზღვრება ნახიჩევანსაც და დანარჩენ აზერბაიჯანსაც. სწორედ ამ საზღვრის გარშემოა კონცენტრირებული რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალები. რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, დასავლეთს ამ ეტაპზე ნაკლებად სცალია კავკასიისთვის, ირან-აზერბაიჯანის დაძაბულობისთვის, თუ დაძაბულობა ცხელ ფაზაში არ გადავიდა", - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა. აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის განმარტებით, ირანმა აღნიშნულ სამხედრო წვრთნებს „ხაიბარის დამპყრობლები“ უწოდა, ხაიბარი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება. „საგულისხმოა, რომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებაში მარტო არაა. მას აქტიურად უჭერს მხარს მოძმე თურქეთი. ირანის საზღვართან გააქტიურდნენ თურქული დრონები. ასევე ანკარამ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა ირანის მიმართულებით, სადაც ტარდება თურქული სამხედრო წვრთნები. იმედია, საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მივა. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენს სამხრეთში, ცხელი შემოდგომა დადგა. ამ ამბებს აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება, თავად ეს ბოლო დაძაბულობა კი ყარაბაღის მეორე ომის გაგრძელებაა“, - აცხადებს ანალიტიკოსი. აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად, საქართველოში, თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საზღვრის ორივე მხრიდან მიმდინარე სამხედრო წვრთნების და რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალების კონცენტრირების პარალელურად, ირანმა აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მდებარე ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. აღნიშნულ საჰაერო მარშრუტს აზერბაიჯანი ნახიჩევანთან კავშირისთვის იყენებდა. თურქეთმა კი, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, დამატებითი სამხედრო ნაწილები გადაისროლა აზერბაიჯანში, ერთობლივი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წრთვნებისთვის. „ირანი არაა ის ქვეყანა, რომ ეს ამბავი ადვილად გაატაროს. ასე რომ, ველით პასუხს თეირანის მხრიდან. საქართველოს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ვხედავთ, რომ თურქული სამხედრო სატრანსპორტო საშულებები საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ. სხვანაირად, ფიზიკურად ვერ დაუკავშირდება აზერბაიჯანს. იმის გათვალსიწინებით, რომ თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა და საქართველო კი NATO-ს მოკავშირე, რაიმე შეზღუდვა და ვალდებულება არ გვაქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უარი უთხრას თურქეთს საჰაერო სივრცის დათმობაზე. ირანის კონკრეტულ რეაგირებას რაც შეხება, ირანი ცნობილია თავისი ძლიერი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებით. ეს არ ეხება მხოლოდ აზერბაიჯანს. ეს ეხება ყველა ქვეყანას. პასუხის გაცემა არის მისი პოლიტიკის ნაწილი. ამას ვხედავთ ისრაელთან და პაკისტანთან მიმართებით. ირანი ის ქვეყანაა, რომელსაც მის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე აქვს რეაგირება. რა ნაბიჯს გადადგამს ძნელი სათქმელია. ამისთის არაერთი ბერკეტი გააჩნია. სამხედრო შესაძლებლობების გარდა, მას აქვს ასევე ეკონომიკური ბერკეტები, პოლიტიკური და ა.აშ“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა. როგორც აღმოსავლეთმცოდნე Europetime-თან საუბარში აღნიშნავს, კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა არ შედის საქართველოს ინტერესებში, თუმცა, ოფიციალური თბილისის შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე, ამ მხრივ ძალზედ შეზღუდულია. რამ გამოიწვია ირანის და აზერბაიჯანის სამხედრო დაძაბულობა რამდენიმე დღის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს. „ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმი ეხმარება და მხარს უჭერს გარკვეულ რეგიონულ ქვეყნებს, რათა შეიქმნას უთანხმოება და განხეთქილება მუსულმანურ ერებს შორის“, - განაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა მოჰამად პაკპურიმ. Europetime-თან საუბარში ზურაბ ბატიაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ირანი აზერბაიჯანს დაუპირისპირდა. ანალიტიკოსი დაპირისპირების ორ მთავარ მიზეზს გამოყოფს: ირანის პოზიციების შესუსტებას ყარაბაღის ომის შემდეგ და ისრაელთან აზერბაიჯანის თანამშრომლობას. „ვითარების დაძაბვის მიზეზების სია გრძელია და შორს წაგვიყვანს. ამ შემთხვევაში დაპირისპირების ახალი ტალღა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ძალთა ახალ ბალანსს მოჰყვა, როდესაც თეირანმა საკუთარი პოზიციების შესუსტება იგრძნო და რასაც, მისი შეფასებით, საფრთხეების მომატება მოჰყვა. თეირანისთვის მიუღებელია, როგორც აზერბაიჯან-ისრაელის და აზერბაიჯან-თურქეთის მჭიდრო კავშირები, ისე სომხეთის პოზიციების მკვეთრი შესუსტება რეგიონში, რაც აშკარად შესამჩნევია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. ამას მოყვა თუქრულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები, ამას მოჰყვა კორიდორების გახსნის მოთხოვნა სომხეთის მიმართ, რომელიც ასევე აღიზიანებს ირანს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი თავისი ნებით არ დათანხმდება კორიდორის გახსნის წინადადებას, მაშინ ამას აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით გააკეთებდა. ცხადია, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არამხოლოდ იკეტებოდა რუსეთთან და შავ ზღვასთან ირანის დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზები, არამედ, თეირანის გადმოსახედიდან, ირანის გარშემო შეიკვრება ერთიანი თურქულ-აზერბაიჯანული რკალი, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო გააღვივოს ნაციონალისტური განწყობები ჩრდილოეთ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ნაციონალისტური გრძნობები გაღვივდა როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისე ირანის ჩრდილოეთში, სადაც დაახლოებით 20 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. თვითონ აზერბაიჯანის მოსახლეობა კი სულ 10 მილიონს შეადგენს", - განმარტავს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი. ანალიტიკოსის განმარტებით, ისრაელის ფაქტორი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ირანი აზერბაიჯანთან დაპირისპირებას არ მოერიდა. „ცნობილია, რომ ისრაელში წარმოებული დრონები აქტიურად იყო ჩართული ყარაბაღის მეორე ომში. ამჟამად ირანი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო დანაყოფებია განლაგებული. აღნიშნული ბრალდებაც რამდენიმე დღის წინ ღიად წამოაყენა ოფიციალურმა თეირანმა. მეორე მხრივ კი, ისრაელი ვარაუდობს, რომ ირანს უკვე მალე ექნება ბირთვული იარაღი და ექსპერტები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე იმ მიზნით, რომ თეირანს მოუსპოს ასეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობა. სწორედ ეს მოვლენები შეაფასა ირანმა, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხე და გადაწყვიტა, აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარება აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, რომელშიც ჩართეს 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში - 50 000 ირანელი ჯარისკაცით“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს დაპირისპირება არ ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზრდება, თუმცა იგი გრძელვადიანია და ეს პრობლემა კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს ამ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების გამწვავების შემდეგ საქართველომ მედიატორის ფუნქცია იკისრა, რის გამოც როგორც დასავლეთისგან, ისე თურქეთიდან და კონფლიქტში ჩართული მხარეებისგან არაერთი დადებითი შეფასება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა, განაგრძოს აქტიური მედიაციის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის აღსადგენად, რაც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის ერდოღანი: ფაშინიანისგან პოზიტიურ გზავნილებს ვიღებთ ფაშინიანი ერდოღანის განცხადებას პასუხობს და შეხვედრის მზაობას გამოთქვამს რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია გიორგი ბადრიძე: რუსეთი ცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო დერეფნები ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, გათავისუფლებულია. დე-ფაქტო საზღვართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს გაათავისუფლეს, რომელიც დაკავების მომენტში 10-12 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა. ამ დროისთის, ცხინვალიდან გათავისუფლებული 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის განცხადებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ გამოყენებით, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებულ სხვა პირთა გასათავისუფლებლად.
თიანეთის პოლიციამ შვილის მკვლელობის ბრალდებით 81 წლის კაცი დააკავა
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, 81 წლის მამამ 59 წლის შვილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა.დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს დღეს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა
საქართველოს დღეს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველო უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. სხდომას კომიტეტის ახალი თავმჯდომარეს, ადმირალი ბაუერი უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმათება ასევე NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა, რომელზეც ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე. დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
მონტენეგროს პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ასევე გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. ამასთან, მონტენეგროს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მილო ჯუკანოვიჩი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.
NATO-მ ბრიუსელში რუსეთის მისიის 8 წევრს აკრედიტაცია გაუუქმა
NATO-მ ბრიუსელში რუსეთის მისიის 8 წევრს აკრედიტაცია გაუუქმა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიზეზად სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი "მტრული საქმიანობა“ დაახელა. როგორც NATO-ში აცხადებენ, აღნიშნული პირები, ფარულად, დაზვერვის ოფიცრებად მუშაობდნენ. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მოსკოვში და აცხადებენ, რომ ალიანსის ამ გადაწყვეტილებას საპასუხო ნაბიჯი აუცილებლად მოჰყვება.
ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა, 28 გარდაცვლილი და 959 მძიმე პაციენტი
31 828 ტესტის შედეგად, ბოლო 24 საათში ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გაირდაიცვალა 28 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 711 პაციენტი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 ინფიცირებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 626 058-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.61%. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 596 380. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 162 ადამიანი ემსხვერპლა. 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 15 707 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 227 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი.
პაკისტანში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5.7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს, მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. . პირველადი მონაცმეებით, პაკისტანის სამხრეთ ნაწილში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა 300-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია უამრავი ნაგებობა. ასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კვეტას აღმოსავლეთით 102 კილომეტრში დაფიქსირდა.
სარეკლამო კომპანია "ალმა", სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო მასალების აკრძალვას ითხოვს
სარეკლამო კომპანია "ალმა", სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო მასალების აკრძალვას ითხოვს. საკანონომდებლო ინციატივის შესახებ ინფორმაცია თავას კომპანიამ გაავრცელა. "უნდა შეზღუდოს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და მისცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე", - ვკითხულობთ კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში. მას შემდეგ, რაც "ალმას" სკანდალური "სიძულვილის ბანერების" განთავსების ვადა ამოეწურა, აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გააგრძელებენ და კანონის მიღებამდეც, უარს ამბობს "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე. "ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა ნებისმიერ სუბიექტთან მიმართებაში და ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯით ჩვენი მხრიდან მცირე წვლილს შევიტანთ საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებასა და გარე რეკლამის სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ცივილური ურთიერთობის სტანდარტის დამკვიდრებაში", - აცხადებს "ალმა". ცესკომ ე.წ. „სიძულვილის ბანერების" გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო
ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. ხანძარმა აფეთქება გამოიწვია. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ადგილზე მობილიზებულია ამდენიმე სახანძრო ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
საქართველო „ბუსტერ“ დოზებით აცრას იწყებს
საქართველო „ბუსტერ“ დოზებით აცრას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ეს ეხება 50 წელს გადაცილებულებს და ქრონიკული დაავადების მქონეებს. აცრა ჩატარდება მეორე დოზიდან 6 თვის შემდეგ. აცრა შეეხებათ მაღალი რისკის პროფესიებს, როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრებნი და იქ დასაქმებულები. „გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე უწევს მოგზაურობა და ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. ამერიკაში დასაშვებია განსხვავებული ვაქცინაციით აცრა პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ და ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნეს მიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს ფაიზერის ვაქცინა ან ის ვაქცინა, რომელსაც ეს კონკრეტული ქვეყანა იყენებს, ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ ცენტრებს და თან იქონიონ მიზნობრიობის საბუთი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 815 ადამიანი აიცრა, ორი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 29%-ია აცრილი
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 6 ოქტომბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 815 ადამიანი აიცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.0%. სრულად ვაქცინირებულია 849 946 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.8 % 6 . ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ზე ნაკლებია. აცრის ტემპმა შემცირება დაიწყო სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როცა დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევდა, მაშინ როცა წინა პერიოდში დღეში იცრებოდა თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, 60% საკმარისი აღარ არის და ეპიდემიის შესაჩერებლად საჭიროა, რომ ვაქცინირებული იყოს 80%. "ქვეყანაში გვაქვს სამი ათასამდე ახალი შემთხვევა, შევამსუბუქეთ რეგულაციები, გვაქვს 30-მდე გარდაცვალების შემთხვევა, გვაქვს სამი მილიონი ვაქცინა, გვაქვს უნიკალური ქსელი აცრების მისაწოდებლად და ამ ფონზე დღიური აცრის მაჩვენებელი არის ძალიან მცირე. დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 65 პროცენტიან აცრას. ჩვენ სულ 20 პროცენტი გვყავს სრულად ორჯერადად აცრილი, ისრაელს 40 პროცენტი ჰყავს სამჯერ აცრილი", - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე 12 წელს გადაცილებული მოზარდები აიცრებიან
საქართველომ 12 წელს (12-15) გადაცილებული მოზარდების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა, თუმცა აცრა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონეებს შეეხებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ სხდომის შემდეგ განმარტა, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანა დაიწყებს ვაქცინაციას რისკის ჯგუფებში და შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და გადაწყვეტს, გაფართოვდება თუ არ ეს ჯგუფები. დღეს ვაქცინაციის საბჭოს შევთავაზეთ ე.წ გერმანული მოდელი, რომელიც გულისხმობს, პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვების ვაქცინაციას. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაღალ რისკთან. ეს არის ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები, ეს არის გულის, ღვიძლის, თირკმლის და ა.შ თანდაყოლილი დაავადებები. ასე რომ, პირველ ეტაპზე ქვეყანა დაიწყებს ვაქცინაციას რისკის ჯგუფებში და შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და გადაწყვეტს, გაფართოვდება თუ არ ეს ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უნივერსალური რეკომენდაცია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ამავე თემაზე: საქართველო „ბუსტერ“ დოზებით აცრას იწყებს როდის დაიწყება საქართველოში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია
სამოგზაუროდ წასასვლელად, აცრილებს სასურველი ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია შეეძლებათ
სამოგზაუროდ წასასვლელად, აცრილებს სასურველი ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია შეეძლებათმ თუ ისინი მიზნობრიობის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. „ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე უწევს მოგზაურობა და ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაშვებულია განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღეში. შეგვიძლია, იმ პირების ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან. ეს შეიძლება იყოს Pfizer-ის ან ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა აღიარებს, სადაც ის პირი მიემგზავრება. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათი ვაქცინაცია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. კერძოდ, თუ მოქალაქე უკვე აცრილია ორი დოზა Sinopharm-ით ან Sinovac-ით და მისთვის სასურველი ქვეყანა არ აღიარებს ამ კონკრეტულ ვაქცინას, შეუძლია აიცრას, მაგალითად, Pfizer-ით. საქართველო „ბუსტერ“ დოზებით აცრას იწყებს საქართველოში მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე 12 წელს გადაცილებული მოზარდები აიცრებიან