ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით

Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანოს Europetime-მა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. „სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატზე წინადადების შესახებ ცნობები და განცხადებები ევროკავშირისთვის ცნობილია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს და აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პატიმრების გათავისუფლებასა და „ნაღმების რუკების“ გადაცემაში. ევროკავშირმა ასევე დაუჭირა მხარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, რაც მოიცავს 17 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის განაღმვის სამუშაოსა და ადრეული აღდგენისთვის. ევროკავშირი ასევე მზადაა, ტექნიკური დახმარების გზით დაუჭიროს მხარი საზღვარზე დეესკალაციას და დელიმიტაციას, როგორც ეს მხარეებს ესაჭიროებათ. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ კავშირების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მომავალში, ყოვლისმომცველი შეთანხმება სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია. ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან აქტიურ კონტაქტს განაგრძობს და მათი მანდატის შესრულებას სრულად უჭერს მხარს, რაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობით, ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველ მოგვარებას გულისხმობს“, - განაცხადა პიტერ სტანომ Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ამავე თემაზე: რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ

პრეზიდენტი: ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით

საქართველოს პრეზიენტის განცხადებით, სამწუხაროა, რომ კონსილიუმს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით. პრეზიდენტის შეფასებით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ძალიან დიდი გამოწვევაა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისათვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. პრეზიდენტის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. „ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. „იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა - ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც , საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას, და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად იღებდა და იღებს ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან. მაგალითად მან სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო დაასახელა. „პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსაგვსოს წინამორბედს. ამიტომ, გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის. ასევე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის, თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, საჯარო და არა პირად მონაცემებს. იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს, რამეთუ ყველა კარგად ხვდება, რომ მათი [პრეზიდენტების] ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის სტაბილურობაზე. ასევე ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ არის კიდევაც. თავის მხრივ, საზოგადოებას უფლება აქვს, ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია - შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად და არა ნაწილობრივად შესრულებას. ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს, სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არაა და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას - შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს: რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრებს. ანუ, სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს, კიდევ ერთხელ ნუსხა არის საჭირო, და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას. ამასთან, ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა, ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე. „ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმიანობის გაგრძელების თუმცა, აღსანიშნავია, სახალხო დამცველის ინიციატივა, რომ ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას. არ შეიძლება, ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციის და მოზომილი კომენტარების მაგივრად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას. ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნეს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იყოს ყველა შესაძლო პროვოკაცია აცილებული და დაპირსიპირების მცდელობები. ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრი: სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და ის ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი რეანიმაციას ჯერ არ საჭიროებს, თუმცა მისი მდგომარეობის დამძიმება მოსალოდნელია იქედან გამომდინარე, რომ 48 დღეა, შიმშილობს. სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა ჯფუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა ჯფუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ ცნობილია. 16 ნოემბერს, განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი #18 დაწესებულებაში შემდეგი სპეციალისტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი გრიგოლია, გიორგი პაპიაშვილი. ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, გაეცნენ #18 დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს, ესაუბრნენ მთავარ ექიმს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებს. ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა 17 ნოემბერს და განიხილა მონიტორინგის შედეგები. განხილვის პროცესში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ. სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს. პაციენტის მდგომარეობის შეფასებამიმდინარე სტატუსი - კრიტიკულირისკის განმსაზღვრელი ფაქტორები: 1. შიმშილობის 48 დღე დასტურდება 2. ვერნიკეს ენცეფალოპათია 3. პერსისტენტული ჰიპოკალემია - 08.11.2021 იდან. 4. ანემია - თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა 5. სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა 6. მაღალი სტრესული გარემო მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში 1. ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება - კომით, ეპილეფსიური სტატუსით 2. ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა 3. გასტრო ინტესტინალური სისხლდენა 4. ჰემოლიზი - თალასემია + ჰიპოფოსფატემია 5. პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო) 6. გულის უკმარისობა 7. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს: 1. შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა 2. მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი 3. რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება 4. პოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა პაციენტის განთავსების სამკურნალო დაწესებულების სიტუაციური ანალიზი: 1. ყველა ჩვენ მიერ ნანახი ფაქტობრივი მონაცემი მიუთითებს, რომ კლინიკა ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე. სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. სამედიცინო პერსონალის დასაქმება, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიწყო 3 კვირის წინ. 2. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ნაწილი არ არის ადგილზე (მაგ. MRI, გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია), რის გამოც დახურული ციკლის შეკვრა შეუძლებელია.(იგულისხმება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დამძიმებისას მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროების მოხსნა.) 3. სამედიცინო პერსონალის კუთხით ამჟამად ადგილზეა შინაგანი მედიცინის ექიმი და რეანიმაციული ბრიგადა, რომელიც 24-საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო პაციენტისათვის პოტენციურად საჭირო სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ იმყოფება.მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემას წარმოქმნის, ვინაიდან ადგილზე არსებული ჯგუფის მიერ პაციენტის მართვა არ იქნება საკმარისი. მაგალითად: - ჩვენ მიერ აღმოჩენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არ იყო დიაგნოსტირებული ნევროლოგის რეგულარული კონსულტაციის არარსებობის გამო.- შესაძლო გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის ალბათობის გამოკვლევის აუცილებლობა, საჭიროების მიუხედავად, დღის წესრიგში არ დამდგარა.- ჰიპოკალემიის ფონზე პაციენტის უწყვეტი კარდიო ტელემეტრიის აუცილებლობა არ განხილულა - კარდიოლოგის მიერ პაციენტის შეუფასებლობის გამო. 4. დაწესებულებაში მუდმივად მორიგე რეანიმატოლოგის ხელმისაწვდომობა ქმნის უსაფრთხოების განცდას, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი საკმაოდ გამოფიტულია, რეანიმაციული ღონისძიებები, მათი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით არაეფექტური იქნება. 5. ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიში გართულების შემთხვევაში (მაგ: ინფარქტი, ინსულტი, თრომბოემბოლია), ადგილობრივი პერსონალის განმარტებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უკავშირდებოდა დაკარგულ დროს, რაც თავის მხრივ, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. 6. პაციენტის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაუდებელი გადაყვანის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს სხვადასხვა რგოლებს შორის ხანგრძლივ კოორდინაციას. დასკვნა პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 16 ნოემბრის #157 ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

ჩეხეთში, არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები იმოქმედებს

ჩეხეთში, არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები წესდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან არავაქცინირებულებს შეეზღუდებათ წვდომა საჯარო ღონისძიებებსა და სერვისებზე. ჩეხეთის მთავრობა 18 ნოემბერს დაამტკიცებს ახალ ზომებს, რომლის თანახმადაც, კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი ღონისძიებებზე დასწრებისა და სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლის „საშვად“ აღარ მიიჩნევა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთის მეზობელ გერმანიაში, ავსტრიასა და სლოვაკეთში კოვიდინფექციის გავრცელების დონე გაიზარდა, რის გამოც ზომებს ამკაცრებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიების ფარგლებში კონსილიუმის წევრი გამოკითხეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აპარატში გამოკითხვაზე დაიბარეს კონსილიუმის წევრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შეიქმნა. კონსილიუმის წევრმა ალექსანდრე ცისკარიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საუბარი იყო კონსილიუმის მუშაობის შესახებ. მისივე ცნობით, კონსილიუმის ყველა წევრი დაიბარეს გამოკითხვაზე. „ზოგადად დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ობიექტური და საქმის არსის გარკვევის თვალსაზრისით იყო ობიექტური. მე სიმართლე გითხრათ, თვითონ ვერ შევაფასებ კლინიკის პოტენციალს, თუმცა ერთ რამეში ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ უნდა იყოს, რაც შეიძლება მაღალი სამედიცინო სტანდარტი, რაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ მიაწოდოს მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა კარდიოლოგიის დარგში ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის რიგები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მის შემადგენლობაში არიან დავით მეტრეველი - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ​ ენდოკრინოლოგიის დარგში; ალექსანდრე ცისკარიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში; ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში. კონსილიუმი ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შეიქმნა. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში. გამოძიების დაწყების საფუძველი სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინება და სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია გახდა.

კახა კალაძე: პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, მსგავსი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა

პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა. ყველა პატიმარი არის პატიმარი, - თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ჟურმალისტების შეკითხვას უპასუხა. თბილისის მერის თქმით, მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის ყველანაირი პირობაა დაცული. „შესაბამისი სამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადებები. დღეს ასევე მთავარი ექიმის განცხადება მოვისმინეთ, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მკურნალობა ჩატარდეს თუ ამის აუცილებლობა იქნება. ტექნიკური შესაძლებლობებით ყველანაირად აღჭურვილია. გარდა ამისა შესაბამისი ბრიგადებია, რომლებიც მორიგეობენ, თუ რაიმე საჭიროება და აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მზად არის შესაბამისი სამსახური, რომ დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე საუბრისას ამბობს, აღნიშნული ფორმით საკანში გადაყვანა, მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა. „მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ წინააღმდეგობას უწევდა და ამის გამო იძულებული იყვნენ, რომ ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. ეს კადრები მოთხოვნილი იყო პირველ რიგში თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან, შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურმა ეს კადრები გაავრცელა “, - განაცხადა კახა კალაძემ. ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანს ეკისრება, რადგან „არავის დაუვალებია შიმშილობა “. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოშიმშილე ადამიანები, რადგან მათთვის არავის არ დაუვალებია შიმშილობა. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. პრეზიდენტი: ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანა „რთული განსახორციელებელია“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანის შემთხვევაში საფრთხეებზე მიუთითებს. „ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს, სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არაა და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე რისი დაზღვევაც ურთულესია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. პრეზიდენტი: ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ვხედავთ

სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა

"დღეს უკვე ოფიციალურად მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩაგვრთოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, თუ თხოვნა არ დაკმაყოფილდება, კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს თხოვნას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უშუალოდ წარმოვუდგინოთ სასამართლოს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვფიქრობ, რომ კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ევროკავშირი ბელარუსის საზღვართან თავმოყრილ მიგრანტებს დახმარებას უგზავნის

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების გადაუდებელი დახმარებისთვის 700 000 ევრო გამოიყოფა. აღნიშნულის შესახებ ევროპული კომისიის განცხადებაშია მითითებული. „ევროკავშირი მხარს უჭერს მის პარტნიორებს, რათა ისინი დაეხმარონ ბელარუსის საზღვარზე და სხვა ტერიტორიებზე ჩარჩენილ ადამიანებს ტანჯვის შემსუბუქებაში. მოვუწოდებ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუდმივი ხელმისაწვდომობის გაგრძელებას, რათა მათ მეტ მიგრანტს გაუწიონ დახმარება“, – განაცხადა ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა. არსებული ინფორმაციით, მობილიზებული თანხები გადაირიცხება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მეშვეობით და მოხმარდება საკვების, საბნების, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენას.

სიცილიაში ქარბორბალის შედეგად 60 წლამდე კაცი დაიღუპა

სიცილიაში ქარბორბალის შედეგად 60 წლამდე კაცი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, კაცის საცხოვრებელი სახლიც სტიქიის ზონაში მოყვა. ამ ეტაპზე, სხვა დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია. სტიქიას თან გადაუღებელი წვიმა დაერთო, რამაც კუნძულზე წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც დროებით დაიხურა სკოლები. აღსანიშნავია, რომ წელს აგვისტოში სიცილიაზე ევროპის მასშტაბით რეკორდული სიცხე 48.8 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგები უჩვეულოდ თბილ შემოდგომაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც შტორმების ფორმირებას განაპირობებს.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5320 ადამიანი. გუშინ საქართველოში 50 026 ტესტი ჩატარდა. "Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 026 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 320 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89% ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 072 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 954 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 446 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 800 293-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%, ბოლო 14 - 9.63% ხოლო 7 დღის - 9.05%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 320 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 737 316. ბოლო 24 საათში COVID19ით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 289 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა - 190, იმერეთი - 819, ქვემო ქართლი - 258, შიდა ქართლი - 422, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387, კახეთი - 315, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 662 საიდანაც: 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 567, იმერეთში - 1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 38, იმერეთში - 34. 1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 227 - აჭარაში. 43 987 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებშია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 081 ადამიანი.

პატრიარქმა ეუთოს დელეგაციას უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ანიკა სოდერს შეხვდა. საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. "აღინიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მშვიდობიანი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი უწმინდესობის ძალისხმევის მნიშვნელობა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ეუთოს საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ქალბატონ ანიკა სოდერს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა მათ და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების იმედი გამოთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გლდანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გლდანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ვ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გლდანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.მ.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. "პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი გარდაიცვალა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრები ავრცელებენ. წინასწარი ინფორმაციით, საკრებულოს ახალი წევრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა იყო. ნუგზარ ფუტკარაძე ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი. ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე ბათუმის ახალ საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. მისი გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 წევრი დარჩა საკრებულოში, „ლელოს“ – 1 წევრი, გახარიას პარტიას – 2 წევრი და 1 დამოუკიდებელი წევრი [გახარიას პარტიის მესამე წევრმა ირაკლი თავდგირიძემ არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია]. „ქართული ოცნება“ კი 16 წევრით არის წარმოდგენილი საკრებულოში.

საიას თავმჯდომარე: ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. როგორც სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს. „როდესაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ არგუმენტებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, ფაქტია, რომ ეს საკითხი ასე კომპლექსურად არ შესწავლილა. შეისწავლა მხოლოდ ამ კონსილიუმმა და არ გავქვს იმის საფუძველი, რომ ეს დასკვნა ეჭვქვეშ დავაყენოთ. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ განსხვავებული პოზიციები უნდა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს, თუმცა რასაც ვხედავთ, ფაქტია, რომ საფუძველი არაა, რომ ამ დასკვნაში ეჭვი შევიტანოთ. მეტიც, ვფიქრობთ, რომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სტიქიურ უბედურებას მინიმუმ 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაკარგულად ითვლება

წყალდიდობის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. BBC-ის ინფორმაციით, პროვინციაში აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სტიქიურმა უბედურებამ საავტომობილო და სარკინიგზო გზები ჩახერგა. სტიქიურ ზონაში ჩარჩენილი ათასობით ადგილობრივის გამოყვანას მაშველები და სამხედროები 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას მინიმუმ 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაკარგულად ითვლება.

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი: მიმდინარე წელს COVID19-ით გარდაცვლილი 18-მდე ორსული გვყავს

"მიმდინარე წელს COVID19-თ გარდაცვლილი 18-მდე ორსული გვყავს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან“, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა "მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. როგორც მან ორსულობის მეორე ნახევარში გართულებების ტემპი და სიმძიმე უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში. „მომატებულია ინფიცირება ორსულებში. გართულებების ტემპი და სიმძიმე ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც. ინფიცირების დროს იზრდება დედის სომატური პრობლემა. კვლევა იმისთაობაზე, რომ იწვევს ნაადრევ აბორტს ან სიმახინჯეს არ არის. კვლევებით ვნახულობთ, რომ არის ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა“, - აღნიშნავს პაატა ჟორჟოლიანი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ხელისუფლებისგან გონივრულ ქმედებებს ველოდოთ

"სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, ხელისუფლებისგან გონივრულ ნაბიჯებს არ ელის. "ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა ექსპერტების ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით სააკაშვილის გადაყვანა და მისი მკურნალობის გაგრძელება მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში არის აუცილებელი. მანამდე მსგავსი დასკვნა მოსმენილი გვქონდა თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმისგან. ამ დაწესებულების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიზანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბუნებრივია, ეს დიდი ხანი გაკეთებული ექნებოდათ, მაგრამ ისინი სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმძღვანელობენ არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მათგან გონივრულ ნაბიჯებს, ან ქმედებებს ველოდეთ”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს. “სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი. სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს. 2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ იქნა დაკითხული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის. ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა. აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება,ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან. დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვინაიდან ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, - წამებისათვის - ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს,”- განაცხადეს პროკურატურაში.