ძებნის რეზულტატი:
ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდება
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, მაგრამ რამდენიმე დღეში დამძიმდება. როგორც მან ციხის დატოვების შემდეგ მედიას განუცხადა, "პაციენტი, როგორიც დღეს მიხეილ სააკაშვილია, ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია'. „სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას", - განაცხადა გრიგოლიამ.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4732 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 707 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 426 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 281 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.33%, ბოლო 14 - 9.77% ხოლო 7 დღის - 9.11%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 812 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 731 996-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 212 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა, აჭარა - 136, იმერეთი - 878, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 425, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 408, კახეთი - 285, მცხეთა-მთიანეთი - 112, სამცხე-ჯავახეთი - 158, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 613 საიდანაც: 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 584, აჭარაში - 569, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 642, აჭარაში - 128, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 371 პაციენტი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 239 - აჭარაში. 44 824 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 375 ადამიანი.
კახა კალაძის განცხადებით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინდივიდუალური საცხოვრებლების მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, ხოლო უკვე დაჯარიმებულ ნებართვის მფლობელებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ, გაუუქმდათ ჯარიმა. მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით მოქალაქეებისთვის შემცირდება ბიუროკრატიული პროცედურები და ფინანსური ხარჯი. „პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამარტივებს სამშენებლო პროცედურებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის. კერძოდ, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება. რაც შეეხება არაინდივიდუალურ სახლებს, ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმების წარუდგენლობაზე პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდნენ 2022 წლის 1 იანვრამდე, თუმცა მათ დარჩათ ვალდებულება წარადგინონ საეტაპო ოქმები და საჭიროების შემთხვევაში დასკვნები. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალური სახლების მშენებლობის პროცესის კონტროლი სუსტდება. მშენებლობის ნებართვის მფლობელმა სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას თან უნდა დაურთოს შეფასება ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ცვლილებების მიზანია, მოქალაქეებს ავარიდოთ ბუნდოვანება და შევამციროთ ბიუროკრატიული პროცედურები, ასევე ავარიდოთ ფინანსური ხარჯი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ნაძვის ხის განახლებაზე ტენდერი არ ჩატარდება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო განათებებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის ჯამში 207 ათასი ლარის ღირებულების სამი ტენდერი გამოცხადდა, ხოლო ნაძვის ხის განახლებაზე ტენდერი არ ჩატარდება. ,როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საახალწლოდ დედაქალაქის მორთვის პროცესში ბიზნესის მხრიდანაც დიდი ინტერესია. „ძალიან დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მათი ჩართულობა, ბევრი წერილი და თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომ ამ სივრცეების გალამაზება შეძლონ. სამი ტენდერიდან ორი არის საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი საახალწლო თემატიკის, დეკორატიული მატარებლის შესყიდვის მიზანით. ამ სამივე ტენდერის საერთო ღირებულება 207 ათასი ლარი გახლავთ. არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა. თბილისი იქნება განსაკუთრებულად ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული, განათებული და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას, სად იქნება განთავსებული საახალწლო სოფელი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
სახალხო დამცველი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის ჩართვას მისივე ბრალდების სასამართლო განხილვებში
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეზღუდვა, მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სასამართლო განხილვებში, უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მიხეილ სააკაშვილს, დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელიც სასამართლომ დამატებითი კრიტიკული მსჯელობის გარეშე გაიზიარა. სასამართლოში ბრალდებულის მიყვანაზე უარის მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა. "პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ აბსტრაქტულად იმაზე მითითება, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნება მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად. ეს პრაქტიკულად წაართმევს ყველა მოშიმშილე პატიმარს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ბრალდების საქმეში და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. უფრო მეტიც, კანონმდებლობა განიხილავს მსგავს შემთხვევაში მოქმედების პროტოკოლსაც და ჯანმრთელობის რისკების შემთხვევაში ბრალდებულის გადაყვანის პროცესში სამედიცინო მუშაკის თანხლებას მოითხოვს. რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბადრაგირება ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის მისაღებად საერთო სასამართლოების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, კანონმდებლობა არ იცნობს პენიტენციური სამსახურის მხრიდან რომელიმე საქმის გამოძიების გამო ბრალდებულის სასამართლოში გადაყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს. ამრიგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესზე მითითება პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაძლებელია კანონშეუსაბამოდ, თვითნებურად და პერმანენტულად გაგრძელდეს, რაც ბრალდებულის დაცვის უფლების ფაქტობრივი ანულირება იქნებოდა. დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხები მკაფიოდ უნდა განიმარტოს და შეესაბამებოდეს აუცილებლობის (necessity) კრიტერიუმებს. მოსამართლეებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც არის ნაკლებად მზღუდავი და გამოიყენონ ყველაზე ნაკლებად მკაცრი შესაძლებლობა, რომელიც უსაფრთხოების საფრთხეებს აკმაყოფილებს. სამართლიანი სასამართლოსა და საჯარო მოსმენის გარანტიები დარღვეულად არის მიჩნეული, როდესაც ეროვნული სასამართლო არ განმარტავს, თუ რატომ ვერ შეძლებდა სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატი უსაფრთხოების რისკების გამკლავებას. ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სათანადო არგუმენტი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს უნდა ეზღუდებოდეს სასამართლოს წინაშე პირადად წარდგომის შესაძლებლობა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიცია ვერ გადაწონის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც სხვა გარანტიებს შორის მოიცავს ბრალდებულის უფლებას პირადად და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საქმის ზეპირ, საჯარო განხილვაში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის უზრუნველყოფით. სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები და უზრუნველყოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს წინაშე წარდგენა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი გარანტიებით. ასევე, მიმართავს სასამართლოს, სამივე მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში მისცეს ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობისა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ენტონი ფაუჩი: მომავალ წელს კორონავირუსი ენდემურ დაავადებებად შეიძლება, იქცეს, თუ აშშ ვაქცინაციის მაჩვენებელს გაზრდის
მომავალ წელს კორონავირუსი ენდემურ დაავადებებად შეიძლება, იქცეს, თუ აშშ ვაქცინაციის მაჩვენებელს გაზრდის, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ ნიშნულის მისაღწევად, კოვიდვაქცინების გამაძლიერებელი დოზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID19 შეიძლება ვერ აღმოიფხვრას და, სავარაუდოდ, ენდემური გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის იქნება გარკვეული ხარისხით მოსახლეობაში, როგორც მაგალითად, გრიპი, ან ჩუტყვავილა. „ხალხი მაინც დაინფიცირდება. ადამიანები შესაძლოა, მაინც მოხვდნენ ჰოსპიტლებში, მაგრამ - დაბალი დოზით. ჩვენ ამაზე მუდმივად არ უნდა ვიფიქროთ. ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს საქმიანობაზე“, - აღნიშნავს CDC-ის დირექტორი. ენტონი ფაუჩის თქმით, თუ შეერთებული შტატები ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის გამაძლიერებელ დოზებს, შესაძლებელია, ქვეყანამ ვირუსის კონტროლი 2022 წლის გაზაფხულისთვის შეძლოს. ცნობისთვის, გამაძლიერებელი აცრები ამჟამად ხელმისაწვდომია ვაქცინაციის დასრულებიდან მინიმუმ ექვსი თვის შემდეგ, იმუნოდეფიციტის, 65 წელზე უფროსი ასაკის და სხვა მძიმე დაავადების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. ზოგიერთმა შტატმა და ნიუ-იორკმა ხელმისაწვდომობა გააფართოვეს.
ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა ლეიბები სხდომათა დარბაზში გაშალეს
ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ლეიბები საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაშალეს. მათი განცხადებით, აღნიშნული ფორმით წინა მოწვევის დეპუტატების მიერ, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებას და მის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებენ. „რადგანაც ჩვენ სხვა თემაზე ვართ გადასული, რომ გადავარჩინოთ ადამიანი, გადაწყვიტეს სასწრაფოდ დაამტკიცონ ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი არის „ოცნების“ აქტივისტების, მათი სიდედრების, სიმამრების და იმ ადამიანების, ვისაც ცისფერ დროშაზე ეჭირა ხელი. უნდათ მიიღონ წინასწარ, სანამ ჩვენ უკვე არჩეული საკრებულოს წევრები შემოვალთ და მივცემთ ლეგიტიმაციას",- განაცხადა საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაია კალანდიამ. საკრებულოს შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში 15 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ოთხმა ახლად არჩეულმა დეპუტატმა და ერთმა ექიმმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს. „საოკუპაციო რეჟიმის მიერ გენადი ბესტაევის უკანონოდ დაკავების დღიდან განხორციელდა დაუყოვნებელი და კოორდინირებული რეაგირება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს, საკითხი დაყენებული იყო ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყველა შეხვედრაზე, ასევე ყველა შესაბამის ორმხრივ თუ მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატში პარტნიორებთან მჭიდრო და ინტენსიური კოორდინაციით. მას შემდეგ, რაც „ცხელი ხაზით“ მივიღეთ ინფორმაცია გენადი ბესტაევის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, პირველივე წუთებიდან მისი გადმოყვანის პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის დონეზე შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთოს თანათავმჯდომარესთან, ისევე როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან. ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებით მოხერხდა უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყვანა. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური, კონსოლიდირებული ძალიხმევით იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და ინტერესები იყოს დაცული. ადამიანების უკანონო დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში. ამავე თემაზე: ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი კომატოზურ მდგომარეობაშია
მოშიმშილე ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოინახულეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ღრმად შეწუხებულები არიან ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენი საჯარო თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა. „რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მთელი გუნდი არის შეწუხებული, რა თქმა უნდა, შეწუხებულია ამ მდგომარეობით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით. უამრავი მსურველია მისი მონახულების, თუმცა იმ მიზეზების გამო, ერთი არის კოვიდი და ამის გარდა, არ გვინდა ზედმეტად შევაწუხოთ ელენე ხოშტარია, ამის გამო, სამწუხაროდ, ბევრი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, ვერ ახერხებს მის მონახულებას. ჩვენი საჯარო თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა. რა თქმა უნდა, ეს არის მისი უფლება და მისი გადასაწყვეტი. ჩვენ გვქონდა მეგობრული საუბარი, ეს შემიძლია გაგიზიაროთ. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტზე გვქონდა საუბარი, მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ეს იყო ჩვენი საუბრის შინაარსი - ინფორმაციის გაზიარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ჩვენი მხრიდან იყო მიწოდებული ინფორმაცია გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, რაზეც საჯაროდ საუბარი გამიჭირდება და არ იქნება სწორი, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გვქონდა საკმაოდ გულწრფელი საუბარი. ბუნებრივია, ამ ჩვენს თხოვნას, რომლებიც ჩვენ დღეს მასთან გვქონდა, რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი ვერ ექნებოდა და ასეთი მოლოდინიც არ გვქონდა. ვთხოვეთ, ვესაუბრეთ, რომ მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ბუნებრივია, ეს ადამიანი ამ პოზიციას არ იზიარებს - ორივე მხრიდან საკმაოდ გულწრფელი საუბარი იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მივიდნენ. ელენე ხოშტარია მე-15 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.
ბენ ჰოჯესი: NATO-მ და ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის უკრაინამ და საქართველომ კრემლს მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ საერთაშორისო სამართლის და სუვერენიტეტის დარღვევას არ მოვითმენთ
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი საუბრობს ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის თავმოყრაზე, NATO-სა და პარტნიორების მხრიდან უფრო მკვეთრი და მტკიცე გადაწყვეტილებების საჭიროებასა და NATO-სა და აშშ-ის მხრიდან ერთიანი სტრატეგიის აუცილებლობაზე შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ET: მოგესალმებით ბატონო გენერალო, მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. იმდენი რამ ხდება, აღარ ვიცი საიდან დავიწყო კითხვა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, ყველაფერი საბოლოოდ ერთმანეთთან კავშირშია.. ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ლუკაშენკოს მიერ სანქციების საპასუხოდ, მუქარის ინსტრუმენტად გამოყენებული ლტოლვილებიდან დაწყებული, დამთავრებული რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის და ტექნიკის განმწესებით. ამ ფონზე კი ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი NATO-ს მეოთხე მუხლის ამოქმედებაზე იწყებენ საუბარს.. ასევე ნიშანდობლივია NATO-ს გენერალური მდივანის განცხადებებიც უკრაინასთან მიმართებაში.. როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს, ფაქტია, დაძაბულობამ პიკს მიაღწია..როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში? უკრაინაში მიმდინარე კინეტიკური კონფლიქტის გაფართოება არ არის გარდაუვალი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრემლი გადაწყვეტს მოქმედებას, არსებული კონფიგურაცია მას ამის საშუალებას მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო NATO-ს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან და მისთვის NATO-ს შეშფოთების გამოხატვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ET: საქართველო როგორ გამოიყურება და სადაა მიმდინარე პოლიტიკურ ლანდშაფტში? საკმაოდ მღელვარე და გამოწვევებით სავსე პროცესებია ქვეყანაშიც... ასევე მოგეხსენებათ, ციხეში შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხოლო უკვე თითქმის 14 დღეა, საკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია. მთელი ეს სიტუაცია ხაზს უსვამს NATO-ს და აშშ-ის სტრატეგიის აუცილებლობას შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. საქართველო არის ერთგვარი ღუზა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის უკიდურეს აღმოსავლეთში და ადგილი, რომელიც წარმოადგენს კარიბჭეს ევროპასა და ევრაზიას შორის. ამგვარად, აშშ-ის მთავრობა და NATO დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო იყოს სტაბილური, უსაფრთხო, დემოკრატიული, კრემლის მავნე გავლენისადმი მდგრადი და შეძლოს, მოახდინოს თავისი, როგორც ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების პოტენციალის რეალიზება. ზოგადად, ვერიდები სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით ისეთი მეგობრის, როგორიც საქართველოა. თუმცა, შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით. მიუხედავად იმისა, ბრალი ედება თუ არა მას დანაშაულში, საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს პატივი სცენ და სურს, იყოს ევროპის ნაწილი. იმედგაცრუებული ვარ ამ სამარცხვინო საქციელით. ET: უკრაინაში ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაცია, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ლტოლვილების კრიზისი... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ჩემი აზრით, უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულ მოვლენები არის ერთგვარი გაგრძელება, მომდევნო ფაზა იმისა, რაც მოხდა უკრაინაში და მის ირგვლივ ჯერ კიდევ გაზაფხულზე. მას შემდეგ, მიუხედავად თავდაცვის მინისტრ შოიგუს ცრუ განცხადებებისა, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის (RF) შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ დაბრუნებულან თავიანთ ყაზარმებში - რუსეთმა ადგილზე დატოვა ლოგისტიკის დიდი ნაწილი „ზაპად-21“ წვრთნების შემდეგ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაჟღერდა უამრავი ძალიან მკვეთრი/უხეში გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიერ, ასევე იყო კითხვები და ტრაბახი უკრაინის მომავლისა და მისი ლეგიტიმურობის შესახებ. თუ შევხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - ჯარების გადაადგილებას/განლაგებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეწოლის და სამხედრო შესაძლებლობების სტაბილური ესკალაცია რეგიონში არც არასოდეს შეჩერებულა. რა თქმა უნდა, ამას საქართველოზეც აქვს გავლენა, თუ გათვალისწინებით ყირიმთან და აზოვის ზღვასთან მის სიახლოვეს. ჩვენ ვიცით, რომ რუსები მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა მათ აჩერებენ. NATO-ს და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხრიდან საჭირო იქნება მტკიცე გადაწყვეტილება, რათა კრემლს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის შემდგომ დარღვევას. ET: საფრანგეთმა კონკრეტული და ძალიან მკაფიო მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთთან მიმართებით... ზოგადად, ევროკავშირიც ნამდვილად არაა პასიური... ვფიქრობ, მიგრანტების შეიარაღება პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ბელარუსის საზღვრის გასწვრივ არ არის შემთხვევითი და ის დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის აქტივობებთან უკრაინასა და მის გარშემო; კერძოდ, ეს შეიძლება იყოს დაზვერვითი ხასიათის, საბოტაჟის ან ყურადღების გადატანის მცდელობასთან დაკავშირებული ქმედებები, ან ყველა ზემოაღნიშნული. რამდენიმე დღის წინ, ლატვიის მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრისას, მათ აღნიშნეს, რომ ამას სულ მცირე სადაზვერვო მოქმედებად თვლიან; ისინი აკვირდებოდნენ ბელარუსის (ან რფ?) სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებიც ითვლიდნენ, თუ რა დრო დასჭირდებოდათ ლატვიის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს მიგრანტების შემოჭრის მცდელობებზე რეაგირებისთვის. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება, იყოს უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორჯერ ვიყავი კიევსა და ოდესაში და გეტყვით, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან ყოველივე ამით. ვფიქრობ, ევროკავშირი როგორც იქნა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათი ყურადღება მეტად უნდა იყოს მიმართული კრემლზე და ნაკლებად ლუკაშენკოზე. ლუკაშენკო იმსახურებს ნებისმიერ სანქციებს და სხვა სახის არაკონსტრუქციულ ქმედებებს, თუმცა ამაზე მეტი მის წინააღმდეგ არც არაფერია გასაკეთებელი; მიგრანტების/სასაზღვრო კრიზისის გასაღები არის თვითონ კრემლი, რომელიც ამ მომენტში არ გრძნობს არანაირ ზეწოლას და შესაბამისად, არც არანაირი ინტერესი აქვს, ბოლო მოუღოს ამ კრიზისს. რა თქმა უნდა, თურქეთი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირი მათ ნაწილობრივ ადანაშაულებს ბელარუსში მიგრანტების ჩაყვანაში, რაც ასევე ხელს უწყობს კრემლის მიზნების განხორციელებას და აძლიერებს განხეთქილებას ალიანსში და/ან თურქეთსა (გასაღები შავი ზღვაზე) და ევროპას შორის. სუვალკის დერეფანიც ყოველივე ამის მთავარი ნაწილია. პოლონეთი-ლიეუტვის ტერიტორიის ეს ვიწრო ნაწილი, რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადს შორის მდებარეობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ის არის სახმელეთო კავშირი ჩვენს ბალტიისპირელ მოკავშირეებს (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი) და დანარჩენ NATO/ევროკავშირს შორის. თუ რუსეთის ფედერაციის და ბელორუსის შეიარაღებული ძალები დაკეტავენ მას, მაშინ რეალური პრობლემა შეგვექმნება. არსებობს ამის შესაძლებლობა (არა გარდაუვალი), მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ბელარუსის საზღვარზე (რომელიც მთლიანად ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შექმნილია) გადაიზრდება სერიოზულ პრობლემაში, რა დროსაც რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ უნდა ჩაერიოს „ჰუმანიტარული კრიზისის“ ან სხვა რაღაცის გამო და ამ პროცესში „დროებით“ დახურავს დერეფანს, თავისი ორი გზითა და ერთი რკინიგზით. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელი. მთლიანობაში, სწორედ ეს არის კლასიკური რუსული „ომი“ - ყველანაირი ინსტრუმენტის, ბერკეტების, მუქარის ენის, დეზინფორმაციის, მიგრანტების გამოყენებით. ET: ენერგორესურსები და რუსული გაზი ასევეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, მოლდოვის მაგალითიც კმარა ამისთვის... რუსული გაზი ასევე წარმაოდგენს აშკარა „იარაღს“ და ისიც ზემოაღნიშნულის ნაწილია; ყველა ერთადაღებული კი მიზნად ისახავს ევროკავშირში არეულობის/დესტაბილიზაციის შეტანას, დასავლეთის თვალში უკრაინის წარმოჩენას „არშემდგარ სახელმწიფოდ“ და ჩვენს გამოყვანას წონასწორობიდან - ცივი ზამთრის მოახლოებასთან ერთად, და ვიდრე გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობა შეიქმნება, იმედია - დეკემბრის შუა რიცხვებამდე. აშშ-ის ადმინისტრაცია სამართლიანად არის შეშფოთებული ამით და მიხარია, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბოლოსდაბოლოს გარკვევით საუბრობს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა ასევე გარკვევით ისაუბრა, მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ შავი ზღვის რეგიონში ვიზიტით ყოფნისას.
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ვხედავთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განუცხადა. „კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. თან, არ არსებობს ამის საჭიროება და უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული და საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ რა რისკებია, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ, მე მგონია ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნას. მხოლოდ იმიტომ, რომ ახირებული მოთხოვნაა, ამას ვერ დავუშვებთ. ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება შეასრულოს, შეწყვეტს ის შიმშილობას და შეწყვეტს ელენე ხოშტარიაც. მაგრამ არ აკეთებს ამას იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლოსთან არის ღირებულებით კონფლიქტში და ზოგადად ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
20-ზე მეტი არასამთავრობოს განცხადება: ხელისუფლების დაპირისპირება დასავლელ პარტნიორებთან ტენდენციის ფორმას იღებს
20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ბოლო განცხადება „ცალსახად ემსახურება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას“. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმიან თავს უცხოელ პარტნიორებს, როცა ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს“. ორგანიზაციები „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავენ და მიაჩნიათ, რომ „აშკარაა, უკვე ტენდენციის ფორმას იღებს ხელისუფლების დაპირისპისპირება დასავლელ პარტნიორებთან“. „კრიტიკა ხშირად ეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს, საარჩევნო დარღვევებს თუ სხვა საკითხებს, რომლებიც მათ, როგორც ქვეყნის გულშემატკივრების, სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად ადანაშაულებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ, ვის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც საქართველოს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ასეთი რიტორიკით, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა განვითარების დასავლურ ვექტორს უჭერს მხარს, სულ უფრო მეტი ზიანი ადგება. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებსა და დასავლეთის ფინანსურ დახმარებებზე საჯაროდ უარის თქმა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისების დარეგულირებაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაწეული უდიდესი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, რომლებიც საბოლოოდ უგულებელყოფილი იქნა ხელისუფლების მხრიდან. როგორც ჩანს, მმართველი პარტია არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ამისთვის მზადაა, დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც გაიფუჭოს, ქვეყანას კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ღია საზოგადოების ფონდი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; ევროპის ფონდი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; მედიის განვითარების ფონდი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საზოგადოება და ბანკები; საქართველოს გაეროს ასოციაცია; ადამიანის უფლებათა ცენტრი; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; “უფლებები საქართველო”; „საფარი“; „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“. ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა
"მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს, მგონი, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და ამ შემთხვევაში ხელისუფლება, შეიძლება მის მიმართ შედარებით ლოიალური გახდეს. „პოლიტიკაში წარმატებას - საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც, სჭირდება ერთი და იგივე რამ, ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ამას თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაში. აქედან გამომდინარე, გადადიან ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე. მათ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რომელიც კვირაზე მეტია არ ასრულებს სტრასბურგის მოწოდებას, - შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება. სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება - ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ამაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა
პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა ახალი მოწვევის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ წევრებს, რომლებმაც მანამდე, სხდომათა დარბაზში ლეიბები გაშალეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გარდა მოითხოვეს, რომ 2017 წლის მოწვევის საკრებულომ არ განიხილოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი. „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა წევრმა და პარტიის ერთმა მხარდამჭერმა ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ოთახში შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. დღეს, 17 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა ფრაქციის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და ლეიბები გაშალეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ასეთი გამოცდილება გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალს აქვს. „გუშინ გამოვიდა ლომჯარიას მიერ შერჩეული კონსილიუმის ექიმი და თქვა, რომ მე-18 დაწესებულებაში გამოცდილება არის ნაკლები. რა დარჩა, კედლების გამოცდილებაზე იყო საუბარი? ვერ გავიგეთ. თუმცა, თუ ავიღებთ გამოცდილებას, ბოლოს როდის გახსენდებათ, ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც ელენე ხოშტარიაა, ამ პერიოდამდე ციხის გარეთ შიმშილობა? რამდენი წელია არ გახსენდებათ? ანუ, ჩვენს სამოქალაქო კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. მოშიმშილის მართვის გამოცდილება, გამოდის, რომ რადგან იქ ათეულობით და ასეულობით მოშიმშილე იყო, მხოლოდ იმ დაწესებულებას აქვს, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილია განთავსებული, სხვა კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. როგორც შიმშილობის დროს, ასევე შიმშილობის შემდეგ. თუ გამოცდილებაზეა საუბარი, ამ კლინიკას გამოცდილება აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ესაუბრა
ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და არარატ მირზოიანს ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე განიხილეს, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის გაძლიერების და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის მნიშვნელობა. დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მომავალშიც არ დაიშუროს ძალისხმევა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთთან საზღვრის სიახლოვეს შეიარაღებული შეტაკებებისას, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. სომხეთის მხარის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი, ხოლო 13 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს. კიდევ 24 ჯარისკაცი დაკარგულად მიიჩნევა. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს
ელენე ხოშტარია: "ქართული ოცნების" წევრებს შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება გამოსავალი იყოს
"ქართული ოცნების" წევრებს შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება გამოსავალი იყოს. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ბევრი დრო იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება , - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხოშტარიას განცხადებით, მისი ამოცანა არ არის ვინმეს კედელთან მიმწყვდევა. "პირველი მინდა ვთქვა, რომ მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც კატეგორიულად ხაზს ვუსვამ, იქნება შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა. მეორე მე ცხადია, ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში. ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რომ გამოვიდეთ ჩიხური ვითარებიდან", - განაცხადა ხოშტარიამ.
სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოზე: ღირსების და პატივის შემლახველი კადრების გავრცელება მიუღებელია
„ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტის შესრულებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, რეგულარულად იღებს ინფორმაციას ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე. მისივე თქმით, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, „მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და მის სტატუსს პატივი უნდა სცენ“. „დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბენ ჰოჯესი ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე: საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროპის ნაწილი
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში), საქართველოს ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს შეეხო. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ბენ ჰოჯესი აღნიშნავს, რომ „შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით“. „ზოგადად, ვერიდები სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით ისეთი მეგობრის, როგორიც საქართველოა. თუმცა, შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით. მიუხედავად იმისა, ბრალი ედება თუ არა მას დანაშაულში, საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს პატივი სცენ და სურს, იყოს ევროპის ნაწილი. იმედგაცრუებული ვარ ამ სამარცხვინო საქციელით“, - აღნიშნავს ბენ ჰოჯესი. ინტერვიუს სრულად ამ ბმულზე წაიკითხავთ
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სახალხო დამცველს შეხვდა
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობა სწორედ სახალხო დამცველისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უმნიშვნელოვანესი მანდატის ნაწილია. „ელჩი მიესალმა სახალხო დამცველის და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად შექმნილ დამატებით სამედიცინო ექსპერტიზას, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობა სწორედ სახალხო დამცველისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უმნიშვნელოვანესი მანდატის ნაწილია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.