ძებნის რეზულტატი:

ეკატერინე ტიკარაძე: წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდი ტვირთია. პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურად ვმუშაობთ

მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულის საკითხები, ჯანდაცვის სამინისტროში განიხილეს. უწყების ცნობით, შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს. „დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო როგორც წამლის ხარისხი, ასევე წამლის ფასი, რომელიც უკვე წლებია, ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა 2019 წლის შემდეგ მიმდინარეობს, აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც მუშაობდა წამლის კანონის ნაწილზე, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა ბაზარი და დადო არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამასთან მიმართებით. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, დაგვენახა ამ ბაზრის პრობლემა სხვა ჭრილში და აქედან გამომდინარე ჩავრთეთ კონკურენციის სააგენტო, რომელმაც უკვე დაასრულა თავის ხედვებზე მუშაობა, მათ აქვთ მკაფიო 11 რეკომენდაცია. დღეის შემდეგ ჩვენ, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გავაგრძელებთ უკვე თითოეული მხარის მხრიდან დანახული პრობლემატიკის შეჯერებას და ამის მიხედვით უკვე გავიტანთ იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასები ძალიანაა გაზრდილი, დროული რეაგირება უნდა მოვახდინოთ

თამარ გაბუნია: ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს მობილობის მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია, რაც გარკვეულწილად მობილობის გაზრდას უკავშირდება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია მობილობის შემცირება და ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება. „სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. დღეს მთავარი ისევ არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ვირუსის გავრცელების შეკავება. ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი ბუნებრივია, არის მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. თუნდაც მიმდინარე აქციები. ყველას გვესმის, რომ ეს რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. ძალან საყურადღებოა, რომ დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებებითაც ვიფიქროთ. ბუნებრივია, უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ალეკო ელისაშვილი: ადამიანებს ადამიანურად ექცეოდით. ეს უპირატესობაც დაკარგეთ „ქართულმა ოცნებამ

„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტი პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სააკაშვილის მიმართ მისი დამოკიდებულების მიუხედავად, „ეს იყო უღირსობა“. „ქართულ ოცნებას“ გქონდათ „ძალიან დიდი უპირატესობა, რომელიც დაკარგეთ. გსაყვედურობდით კორუფციასა და ნეპოტიზმზე, მაგრამ ადამიანებს ადამიანურად ექცეოდით. მით უფრო - ციხეში. სააკაშილზე მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ის კადრები, რომლებიც ვიხილე, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, შეურაცხყოფა იყო. ის კადრები, რაც ვნახეთ, იყო უღირსობა. დაზიანდით პრაგმატულადაც, სახელმწიფოც დააზიანეთ და ადამიანურადაც იყო დამაზიანებელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თამარ გაბუნია: ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაცის ტემპმა მოიმატა

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაცის ტემპმა მოიმატა, რაც იმედისმომცემია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საწოლფონდი ისევ მაქსიმალურ დონეზეა მობილიზებული. „8871 საწოლია მობილიზებული. კლინიკაში იმყოფება 6718 პაციენტი, აქედან 1766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 371 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. 8 ნოემბრიდან ვაქცინაცის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა 60 წლის ზემოთ პირთა ფინანსური წახალისების სქემა, ამან სტიმული მისცა ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას. აცრილთა შორის სტრუქტურულად 28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯფგუფში პირთა რიცხვი. ვაქციინაციის გუშინდელი მაჩვენებელი 8 ათასს აჭარბებს, რაც იმედისმომცემია და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი მატება არის მოსალოდნელი. ასე მიმდინარეობს „ბუსტერ“ პოზების ადმინისტრირება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. „ბუსტერ“ დოზების განსაკუთრებით მაღალი გამოყენება არის 18-დან 49 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. რაც შეეხება 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, 643 დოზის ადმინისტრირება მოხდა. 16-დან 18 წლამდე აცრილია 11 ათასზე მეტი მოზარდი. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, ასევე ვმუშაობთ ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. მონოკლონური ანტისხეულები შემოვიდა ქვეყანაში გერმანიის მთავრობის დონაციით. ეს მედიკამენტები უკვე კლინიკებში განაწილდა. მათ აქვთ შესაძლებლობა, პაციენტს შესაბამისი ჩვენებით შესთავაზონ ეს მედიკამენტი, რომელსაც აქვს მაღალი ეფექტურობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება

"ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება, ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ბოლო 1 კვირის განმავლობაში აცრილია 12 ათასზე მეტი 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანი. „ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება. რამდენიმე ინდიკატორს საიმედო ტენდენცია აქვს. შემცირდა ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი. წინა ორ სამშაბათთან მიმართებაში 700-800 ერთეულით არის კლება, მაგრამ დღევანდელი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა რაოდენობა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია. ამას მხოლოდ აცრა შეაჩერებს. აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს 8 200-ის ფარგლებში იყო, აქედან საიმედო არის ის, რომ 60% არის პირველადი აცრა. ასევე იმატებს 60 წელს ზემოთ აცრილთა წილი. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აცრილია 12 ათასზე მეტი 60 წელს ზემოთ ასაკის პირი. ამ წამახალისებელმა ღონისძიებებმა ცოტა იმოქმედა და ეს დინამიკა გაჩნდა. თუმცა, ერთ კვირა ამისთვის მცირეა. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ხანდაზმული ასაკის აცრის მაჩვენებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დავით სერგეენკო: მონიტორინგი და კომუნიკაცია უფრო ინტენსიური უნდა იყოს

პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მიიღოს მკურნალობა ამ შემთხვევაში კონკრეტულმა ადამიანმა და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარადოქსი თუ უცნაურობაა, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში. „ყველასადმი მექნება სათხოვარი, მივცეთ ექიმებს მუშაობის საშუალება. იმ ადამიანებთან, ვინც ახლა შიმშილობს, უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება, რომ გამონახონ ძალა და თავის ჯანმრთელობას საფრთხეს ნუ შეუქმნიან და ვისურვებდი, რომ სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, პოლიტიკურ ინსტიტუციებში, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს. ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ და თავიანთ ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, მათ მაქსიმალური მოვლა ჭირდებათ და შესაბამისი სტანდარტის მონიტორინგი და მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ის პარადოქსი თუ უცნაურობა, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მიიღოს მკურნალობა ამ შემთხვევაში კონკრეტულმა ადამიანმა და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მჭიდრო მონიტორინგი გვქონდა, თუმცა, თავისთავად ცხადია, ეს მონიტორინგი და კომუნიკაცია უფრო ინტენსიური უნდა იყოს იმისათვის, რომ შესრულდეს ამოცანა - სამოქალაქო სექტორის ექიმებმა და სასჯელაღსრულების სისტემის ექიმებმა მონახონ საერთო ენა, რადგან საბედნიეროდ ისინი კოლეგები არიან, საბედნიეროდ, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი და უკლებლივ ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტესტი არის თვლადი და უბრალოდ შეუძლებელია, ორმაგი ინტერპრეტაციის გაკეთება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, ის რომ, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ნებისმიერი საზოგადოებისთვის უმაღლესი ღირებულებაა, ამაზე არავინ დაობს, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე თანაბრად მნიშვნელოვანია და ეს მმართველ ძალას ამ წლების განმავლობაში არამხოლოდ დეკლარირებულად აქვს ნათქვამი, არამედ რეალური საქმით აქვს დადასტურებული.

თამარ გაბუნია: კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება აღარ დგას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში არის, როგორც რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები და არც პერსონალის კვალიფიკაციასთან არსებობს კითხვები. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მე-18 დაწესებულებაში რეგულირების სააგენტომ მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა, ეს იყო ოქტომბრის ბოლო პერიოდში. არსებული დაწესებულების პირობები შეფასდა ნებართვების პირობებთან და იმ მიმართულებებთან, რაშიც 2014 წლიდან არის გარკვეული ნებართვები გაცემული ამ დაწესებულებისთვის. აქ შედის რიგი რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები. პერსონალი სერთიფიკატის არსებობის კუთხით შეფასდა და ასევე, იყო თუ არა ყველა მიმართულებით პერსონალი დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და ალბათ, თქვენც გქონდათ წვდომა. რაც შეეხება დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუნებრივია, მისი სერთიფიკატი არის ამ შეფასებაში და ჩვენ ამ სერთიფიკატებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ნამდვილად არ გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში „დელტას“ ახალი ვარიანტი ყოველთვის შეიძლება შემოვიდეს

„დელტას“ ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ მეზობელთან ცირკულირებს, ჩვენთან არ დაფიქსირებულა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება შემოვიდეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, „დელტა“ შტამის ახალ ვარიანტს ახასიათებს ოდნავ მეტი გავრცელება. “ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ საეჭვო შემთხვევებზე. „დელტას“ ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ მეზობელთან ცირკულირებს, ჩვენთან არ დაფიქსირებულა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება შემოვიდეს. ახლანდელი გამოცდილებით, მას ახასიათებს ოდნავ მეტი გავრცელება, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ვიდრე „დელტას“. დღეს ყურადღების ცენტრშია კლასიკური „დელტა“ შტამი, რომელიც ცირკულირებს“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს

„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე მზადაა, თავის კოლეგებთან ერთად ეწვიოს გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას და ადგილზე გაეცნოს მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემი სიტყვები, ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების საავადმყოფოს და ადგილზე შევისწავლი სიტუაციას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე ყველანაირი პირობაა შექმნილი. თუ დამატებითი საჭიროები გახდება საჭირო, არც ამაზე იქნება უარი. მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს. ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს. ჩემი სიტყვები რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას, ადგილზე შევისწავლით სიტუაციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძემ „დროას“ მოშიმშილე ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა საყურადღებოა. „ჩემი, როგორც ადამიანური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, და როგორც ექიმისთვის, ყველაზე საყურადღებო ამ პროცესში ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება, ის კიდევ მოვინახულოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. შიმშილობის 14-ე დღეს, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოინახულეს.

ქუთაისში, ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდეგ COVID19-ით გარდაიცვალა

ქუთაისში, ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდეგ COVID19-ით გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალი ქუთაისის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ სამეგრელოდან გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეში დროებითი ზომის შესახებ მიუთითა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (განცხადება No54641/21) მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დროებით ზომაზე მიუთითა. ევროსასამართლოს ცნობით, სასამართლომ მოითხოვა, რომ მთავრობამ აცნობოს მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს ის შესაბამისი სამედიცინო დახმარებით. მისივე ცნობით, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, დროებითი ზომების შესახებ მიუთითოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს. მისივე განმარტებით, დროებითი ღონისძიებები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს და გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი. „სასამართლოს ცნობით, სააკაშვილს ორჯერ ჩაუტარა გამოკვლევა ექიმთა ჯგუფმა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის შიმშილობს, იღებს მხოლოდ სითხეებსა და ვიტამინებს და დაკარგა წონის 10%, თუმცა რაიმე სერიოზული გაუარესება არ ყოფილა. სააკაშვილმა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ციხის საავადმყოფო არ იყო სათანადოდ აღჭურვილი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რომ მისი უსაფრთხოების გარანტია არსებობდა. ამგვარად, მან მოითხოვა, ეყრდნობოდა მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლებს (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, როგორც რეკომენდებულია სამედიცინო კოლეგიისა და საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველების მიერ. საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა. 2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა, მიეთითებინა საქართველოს მთავრობისთვის, რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, ეცნობებინა სასამართლოს განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შემდგომ, აღდგენის პერიოდში. ასევე უნდა შემუშავდეს განმცხადებლის (სააკაშვილის) გამოჯანმრთელების გეგმა. ამავე დროს, სასამართლომ მოუწოდა განმცხადებელს, შეეწყვიტა შიმშილობა. მან მხარეებს შესთავაზა, წარადგინონ ინფორმაცია ამ დროებით ზომებთან დაკავშირებით, ორ კვირაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე). სასამართლომ ასევე გადაწყვიტა საქმისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა 41-ე მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით

ამირან გამყრელიძე: სააკაშვილი გახდა პაციენტი, ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა აუცილებელი დახმარება

"ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა პაციენტი. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. "პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება. მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია, უკვე ის პერიოდია ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები,“- განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ის ორივე კონსილიუმის შემადგენლობას ენდობა. „მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია და რომლის შემადგენლობაშიც ხუთი გამორჩეული ექიმია. ვიცნობ თითოეულ მათგანს და პატივს ვცემ. ისინი არიან და ზოგადად, ექიმები აპოლიტიკური ხალხია, პაციენტი ჩვენთვის პაციენტია. ამ კონსილიუმშიც და მეორე, ალტერნატიულ კონსილიუმშიც ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან. ჩემი წინადადება, სურვილი და მოწოდებაა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ის უკვე პაციენტია და იმ ზღვარზე შეიძლება მივიდეს, როდესაც საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები და დახმარება. მოგეხსენებათ, რომ შიმშილობის შემდეგაც გამოსვლის და რეაბილიტაციის პერიოდიც საკმაოდ რთულია. დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას. მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება და რა ტიპის რეაბილიტაცია სად უნდა ჩატარდეს. თუ შეიძლება პოლიტიკოსებმა, მედიამ პოლიტიკური საკითხები გვერდით გავწიოთ და ჯანდაცვის საკითხებზე დავკონცენტრირდეთ. ამის გადაწყვეტილება მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს და ამ შემთხვევაში, შექმნილ კონსილიუმს როგორც ერთ, ასევე მეორეს, შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის დადება. კეთილი ვინებოთ და ეს დასკვნა აღვასრულოთ! თუ ისინი იტყვიან, რომ სჯობს პაციენტს ყველა კვლევა ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ მათ. მე არ ვარ დიდი ხანია ციხის საავადმყოფოში ნამყოფი და თუ იტყვიან, რომ არა ბატონო, შეიძლება აქ ყველაფრის გაკეთება, ვენდოთ ექიმებს და პოლიტიკა ამ საკითხს ჩამოვაშოროთ, იმიტომ, რომ დღეს ის პაციენტია,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყოს მის მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეგულარული ვიზიტები და ხელი არ შეუშალოს მათ ეფექტიან საქმიანობას, „სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან აკვირდება მისთვის პენიტენციურ სისტემაში მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და დროულობას. აპარატი ასევე ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის დასკვნებითა და რეკომენდაციებით. მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს, რაც შესაძლოა მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ამავდროულად, სამწუხაროდ, პატიმრის N18 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ (მეცხრე დღეა), სამინისტროს მიერ შექმნილ მულტიფუნქციურ კონსილიუმს დაწესებულებაში შესვლისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ეძლევა. სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მონიჭებული უფლებამოსილება და შექმნა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი ვერ და არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილში. სახალხო დამცველს უკვე არაერთხელ აქვს გამოყენებული საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ექიმ-სპეციალისტთა მოწვევის მანდატი სხვა პატიმრებთან დაკავშირებით. ამჟამად კი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოიწვია კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები: გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გრიგოლი ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი პალიატიური მედიცინის სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი თენგო წულაძე - ნევროლოგი ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით. სახალხო დამცველის მიერ მოწვეული მულტიპროფილურ ექპერტთა ჯგუფი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური რწმუნებებით, რის საფუძველზეც საჭიროებების შემთხვევაში, განახორციელებენ ვიზიტებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, შეამოწმებენ N18 სამკურნალო დაწესებულებას, შეისწავლიან შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას და დასკვნებს სახალხო დამცველს წარუდგენენ. სწორედ ექსპერტ-სპეციალისტთა დასკვნებით იხელმძღვანელებს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. აქვე კვლავ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - უზრუნველყოს მის მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეგულარული ვიზიტები და ხელი არ შეუშალოს მათ ეფექტიან საქმიანობას, მათ შორის, ბიუროკრატიული დაბრკოლებებით. ასევე, შემჭიდროვებულ ვადებში, შემუშავდეს მულტიფუნქციური კონსილიუმის საქმიანობის პროტოკოლი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, მოსახლეობა COVID19-თან დაკავშირებით აპლიკაციის ჩამოტვირთვას შეძლებს

"დაახლოებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა შეძლებს, ჩამოტვირთოს შესაბამისი აპლიკაცია, რომელშიც, COVID19-თან და კოვიდვაცინაციასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური მონაცემები იქნება ასახული", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სულ რამდენიმე დღეში, გაკეთდება განცხადებები, მოქალაქეებმა რომელი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ. „მოგეხსენებათ, ჩვენ მივუერთდით ევროკავშირის კოვიდპასპორტისა და აპლიკაციის ინსტრუმენტს. ესაა ურთიერთგაცვლის ინსტრუმენტი. სულ რამდენიმე დღეში, გაკეთდება განცხადებები, რომელი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ, სადაც აღნუსხული იქნება მონაცემები აცრის, ბოლო PCR-ტესტისა და კოვიდინფექციის გადატანის შესახებ. მისი მეშვეობით, საშუალება გექნებათ, რომ კოვიდპასპორტი 1-ლი დეკემბრიდან შევიდეს ძალაში და ასევე, მოგზაურობის დროს, პრობლემა არ შეგექმნათ. ეს სულ მალე, დაახლოებით ერთი კვირის ვადაში მოხდება. რამდენადაც ვიცი, ევროკავშირის შესაბამის უწყებებში დღეს უნდა გამოქვეყნდეს გადაწყვეტილება და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტექნიკურად, მონაცემების დაერთება დამთავრებულია. არ მგონია, ამას ერთ კვირაზე მეტი დრო დასჭირდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სილვიუ დომენტე: მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% მედიკამენტებზე მოდის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ფინანსური ანალიზის მიხედვით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% სწორედ მედიკამენტებზე მოდის. საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის და რეგიონული დირექტორის სილვიუ დომენტეს თქმით, მედიკამენტების ფასი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. „გლობალურად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ფინანსური ანალიზი გააკეთა, რამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ასევე შევისწავლეთ მედიკამენტების შესყიდვისა და მომარაგების ნაწილი. მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად მოსამზადებელი სამუშაო დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, - აღნიშნა ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა. მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეუწყდათ

საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე, მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს. კენჭისყრამდე, რეგისტრაცია 88-მა დეპუტატმა გაიარა. ზურაბ ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არცერთ კანონმდებელს არ მიუცია. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში კი, თანხმობა, ასევე, 79-მა დეპუტატმა დააფიქსირა და 2 წინააღმდეგი იყო. ამავე თემაზე "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქში ავტოკოლონებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ავტოკოლონებით საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებიან. პროტესტის მონაწილეები სამ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ, რესპუბლიკის მოედანზე, კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ასევე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მათივე განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კობა დავითაშვილის შვილი: შურისძიება კარგს არაფერს მოიტანს

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნას კობა დავითაშვილის შვილიც იზიარებს. „ერთადერთი, ვინც უნდა წყვეტდეს სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, არის ექიმი. თუ ის გადაწყვეტს, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის არ არის შესაბამისი პირობები, მაშინ ის უნდა გადაიყვანონ. თუ ექიმი ობიექტურ საფუძველზე ამბობს, რომ უნდა გადაიყვანონ, მეც ვემხრობი. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა ხდებოდეს სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში. უნდა მოვიწვიოთ ნეიტრალური მოსამართლეები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ სააკაშვილის ბედი. თუ ისინი იტყვიან, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს. ასევე უნდა იყოს საპირისპირო შედეგის დროსაც, თუ ნეიტრალური მოსამართლეები იტყვიან, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ეს ოპოზიციამ უნდა აღიაროს. მთავრობა ცდილობს, რაღაც ნაბიჯები გადადგას, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რაღაც შეცდომებს უშვებს. წესით არ უნდა უშვებდეს, რადგან საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთავრობა უნდა იყოს ყურადღებით, რადგან საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ქვეყანას დიდი ხანი მართავდა და დღესაც ბევრ ადამიანს მის მიმართ სიმპათიები აქვს. ეს არ არის მარტო მიშას საქმე, ეს ქვეყნის საქმეა. მთელი საზოგადოება მართლაც ბეწვის ხიდზე გადის, საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. უკეთესი იქნება, თუ მთავრობა შეძლებს სიტუაციის განმუხტვას“, - განაცხადა თორნიკე დავითაშვილმა „ტვპირველთან“.

კახა კალაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ამასთან, ის ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ შიმშილობა. „მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თბილისის მერმა. არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული და ვინ არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მისი უფლებები დაცულია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური. „რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის უფლება არის დაცული. მე არ მინდა ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლა. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს კომენტარი, რაც ვრცლად აჩვენებს, თუ როგორ არის მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული - სამედიცინო აღჭურვილობით, დამატებითი სამედიცინო ბრიგადებითა და ყველა საჭიროებით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანის მოთხოვნით, აქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები ყოველდღე მართავენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შპს „გაგუ“-ს დირექტორის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ამავე კომპანიის ყოფილმა კონსულტანტმა, ქრთამის აღების სანაცვლოდ, 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის იანვარში გამოცხადებულ ორ ტენდერში შესასყიდი პროდუქციის სპეციფიკაციები ხელოვნურად მოარგეს შპს „გაგუ“-ს, რომლის დირექტორთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. "აღნიშნულის გამო, ორივე ტენდერში მონაწილეობის მიღება შეძლო მხოლოდ ზემოაღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ხელოვნურად დარჩა უკონკურენტო გარემოში და გამოცხადდა გამარჯვებულად. ორივე ტენდერში გამარჯვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტის დახმარებით, ქრთამის სახით ჯამში 215 025 ლარი მიიღო.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შემდეგ, უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი კონსულტანტის დახმარებით, 2020 წლის აგვისტოში შეიძინა 43 850 ლარის ღირებულების ,,AUDI’’-ს მარკის Q5 მოდელის ავტომანქანა, რომელიც გამოძიების მიერ იქნა ამოღებული. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზემოაღნიშნული თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ამ დანაშაულში დახმარების და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. კერძო კომპანიის დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა - უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების კვალიფიკაციით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კორუფციის გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა. საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილებისა და გამოვლენის მიზნით", - აცხადებენ პროკურატურაში.