ძებნის რეზულტატი:

თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს

თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში, Bayraktar TB2 თვითმფრინავების წარმოებისა და მოდერნიზაციის მიზნით ქარხანას ააშენებს. კომპანია ასევე შექმნის ცენტრს დრონების ტესტირებისა და პერსონალის მომზადებისთვის. ამის შესახებ Baykar Defence-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის პირველი წარმატებული გამოცდა იყო Akinci დრონის წარმოება Ivchenko-Progress-ის მიერ აშენებული ძრავით. ამის შემდეგ თურქულმა კომპანიებმა დაიწყეს ხელშეკრულებების გაფორმება უკრაინულ კომპანიებთან. ახლა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მსოფლიო მასშტაბით ფართოვდება. „შეთანხმებების თანახმად, თურქეთი ააშენებს Bayraktar-ი ტესტირების, პერსონალის მომზადებისა და ტექნიკურ ცენტრს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად და ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით შექმნის, რათა საფუძველი ჩავუყაროთ სრულ საიმედო სისტემას უკრაინაში“, - განაცხადა Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი თქმით, ახლა მხარეები ცენტრის მშენებლობისთვის დოკუმენტაციის გასაფორმებლად ემზადებიან, რის შემდეგაც კომპანია უკვე მუშაობას დაიწყებს. როგორც ცენტრის, ასევე საწარმოო ობიექტების მშენებლობას მთლიანად Bayraktar-ი დააფინანსებს. კომპანიის ცნობით, შერჩეულია ადგილი, სადაც ცენტრების აშენება იგეგმება და მიწის ნაკვეთებიც უკვე შეისყიდეს. ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნიან. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ქარხნის აშენებას თვითმფრინავების წარმოებისთვის თურქულ თვითმფრინავების მწარმოებელთან თანამშრომლობით. უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ქვების სროლის შედეგად ჩაამსხვრიეს. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ადგილზე მისულებს მინები ჩამსხვრეული დახვდათ. პარტიის წევრი ლაშა კილაბერია მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ. „მიუხედავად შანტაჟის, დაშინებისა და მოსყიდვის მცდელობისა, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ ახალ არჩეულ საკრებულოს წევრებს ვერ გადაიბირებენ. გადავიდნენ პირად აგრესიასა და ვანდალიზმზე, გამოუშვეს „ტიტუშკები“ და დააზიანეს ფანჯრები. მომხდარის გამო პოლიცია გამოვიძახეთ და არაერთი ფაქტის მიუხედავად, არცერთი გამოძიებული ამ დრომდე არ არის. აღნიშნული ოფისის, პირდაპირ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაა, ირგვლივ კამერებია და იმედია ნახავენ“, - აცხადებს ლაშა კილაბერი. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

სახელმწიფო მედიის მტკიცებით, გაუჩინარებული ჩინელი ჩოგბურთელი ტურნირზე დააფიქსირეს

სახელმწიფო მედიის მტკიცებით, გაუჩინარებული ჩინელი ჩოგბურთელი ტურნირზე დააფიქსირეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩოგბურთის ჩინელი ვარსკვლავი პენგ შუაი პეკინში ჩოგბურთის ტურნირზე სტუმრის სტატუსით გამოჩნდა. სახელმწიფო მედიის ჟურნალისტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია 35 წლის ჩოგბურთელი. თუმცა, როგორც BBC წერს, უცხოელი ოფიციალური წარმომადგენლებისთვის ეს ვიდეო საკმარისი არ აღმოჩნდა ჩოგბურთელის ირგვლივ არსებული შეშფოთების გასაქარწყლებლად. პენგ შუაი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ, ყოფილი ვიცე-პრემიერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი უსაფრთხოება საერთაშორისო შეშფოთების საგანი გახდა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ ფაქტით და მოუწოდა ჩინეთს, „სასწრაფოდ მიაწოდოს გადამოწმებული მტკიცებულებები მისი უსაფრთხოებისა და ადგილსამყოფელის შესახებ“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მას სურს, დაადგინოს პენგის ადგილსამყოფელი და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა.

აშშ-ის ორგანიზებით, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება დასრულდა

ამერიკული მხარის ორგანიზებით, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება დასრულდა. მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორის სწავლებაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. „ეს არის კიდევ ერთი იმ მრავალ ტრენინგს შორის, რომელსაც შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოში უკვე მრავალი წელია, ახორციელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში, შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებაში, დაიცვან საქართველოს საზღვრები და ხელი შეუწყონ მის ტერიტორიულ მთლიანობას მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხის მონიტორინგის ინსტრუმენტის მეშვეობით, როგორც ცოდნითა და უნარებით, ასევე აღჭურვილობით უზრუნველყონ ქვეყნის დაცვა შესაძლო ქიმიური და ბილოგიური საფრთხეებისგან“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ტრენინგს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინსტრუქტორები და უცხოელი ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მასობრივი განადგურების იარაღი და კიბერსაფრთხეები, ციფრული მტკიცებულებების შენახვა, ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, გამოძიების მეთოდები მობილური მოწყობილობის გამოყენებით და სხვ. სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. შსს-ს განცხადებით, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს.

ჯანმოს რეგიონული დირექტორი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის სამ ფაქტორზე მიუთითებს

ევროპაში კოორნავირუსის გავრცელების დონით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში უკიდურესად შეშფოთებულნი არიან. BBC-სთან საუბრისას, რეგიონულმა დირექტორმა დოქტორმა ჰანს კლუგემ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მარტამდე შეიძლება გარდაიცვალოს კიდევ 500,000 ადამიანი, თუ გადაუდებელი ზომები არ იქნება მიღებული. კლუგემ აღნიშნა, რომ ნიღბის ტარების მაჩვენებლის ეპიდვითარების გაუმჯობესებას აუცილებლად დაეხმარებოდა. კლუგემ დაამატა, რომ გავრცელების უკან დგას ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ზამთრის სეზონი, ვაქცინის არასაკმარისი დაფარვა და უფრო გადამდები „დელტას“ ვარიანტის დომინირება. ჰანს კლუგეს თქმით, ვაქცინაციის სავალდებულო ზომები უნდა განიხილებოდეს, როგორც „უკანასკნელი საშუალება“, მაგრამ „ძალიან დროული“ იქნებოდა ამ საკითხზე „სამართლებრივი და სოციალური დებატები“. მანამდე, არსებობს სხვა საშუალებები, როგორიცაა Covid-ის საშვი“, - განაცხადა კლუგემ და დაამატა, რომ ეს არ არის „თავისუფლების შეზღუდვა“, არამედ ეს არის ინსტრუმენტი ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლების შესანარჩუნებლად“. პარასკევს ავსტრია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ვაქცინაცია კანონის შესაბამისად მოითხოვება. ახალი წესები თებერვალში ამოქმედდება, რადგან დეტალები, თუ როგორ აღსრულდება ღონისძიება, ჯერ კიდევ განიხილება. ახალი ეროვნული ჩაკეტვის შესახებ განცხადება გაკეთდა რეკორდული შემთხვევებისა და ვაქცინაციის დაბალი დონის საპასუხოდ. ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა ახალი ზომები დედაქალაქ ვენაში. მრავალი სხვა ევროპული ქვეყანა შემთხვევების ზრდის ფონზე ასევე აწესებს ახალ ზომებს. ქვეყნებმა, მათ შორის ჩეხეთმა და სლოვაკეთმა, ასევე გამოაცხადეს ახალი შეზღუდვები არავაქცინირებულ ადამიანებზე, რადგან ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება მთელ კონტინენტზე. ღამით, როტერდამში, ახალი ზომების გამო ძალადობრივი აჯანყება დაიწყო. ასობით მომიტინგე შეიკრიბა, რათა გამოეხატა თავისი აღშფოთება მთავრობის გეგმებზე, დააწესოს მეტი შეზღუდვა ეპიდვითარების გაუარესების ფონზე.

მედიის ცნობით, ფინეთის ხელისუფლება რუსეთთან საზღვარზე ღობის გავლების შესაძლებლობას განიხილავს

ფინეთის ხელისუფლება რუსეთთან საზღვარზე ღობის აშენების შესაძლებლობას განიხილავს. ამ სასაზღვრო მონაკვეთის სიგრძე ათას კილომეტრზე მეტია. ფინური მედიის ცნობით, ეს საკითხი შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციური კოალიციური პარტიის დეპუტატმა კაი მიკენენმა წამოაყენა, რომელმაც მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ საზღვარზე ბარიერების აშენებას მიგრანტების ქვეყანაში შესვლის თავიდან ასაცილებლად. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრანტების შემოდინების გამო ასეთ ღობეებს უკვე აშენებენ პოლონეთი, ლიეტუვა და ესტონეთი. მანამდე ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლონეთიდან და ბელარუსიდან 30 ლტოლვილი შევიდა. მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან არალეგალი მიგრანტები ცენტრალურ ევროპაში ფინეთის გავლით ცდილობენ გადასვლას. 2018 წელს ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე დამატებითი პერსონალი განათავსა რუსეთიდან ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე მავთულხლართების მონტაჟი დაიწყო. პრემიერ-მინისტრ კაია კალასის თქმით, ესტონეთის საზღვარს ახლა სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ „მეზობლების გამოცდილება გვაიძულებს ვიყოთ ფხიზლად“. კალასი დარწმუნებულია, რომ სასაზღვრო ბარიერების მშენებლობა სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ესტონეთი იცავს თავისი ქვეყნის, ევროკავშირისა და NATO-ს საზღვრებს.

ლუკაშენკო: თუ ბელარუსის ტერიტორიაზე კონფლიქტი გაჩაღდება, მასში NATO და რუსეთი ჩაერთვებიან

თუ ბელარუსის ტერიტორიაზე კონფლიქტი გაჩაღდება, მასში NATO და რუსეთი ჩაერთვებიან, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ BBC-სთან ინტერვიუში. ლუკაშენკო: თუ ბელარუსის ტერიტორიაზე კონფლიქტი გაჩაღდება, მასში NATO და რუსეთი ჩაერთვებიან ლუკაშენკოს თქმით, დასავლეთს ჯერ „არ გადაუხდია ფასი“ ბელარუსი ხალხისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს განცდილი დანაკარგებისთვის, მაგრამ უკვე ცდილობს ახალი ომის გაჩაღებას. „თქვენ გესმით, რომ თუ თქვენ დაიწყებთ ომს აქ, ბელარუსში,NATO ჩაერთვება და რუსეთიც. ეს არის ბირთვული ომი", - განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, ბელარუსი ყოველთვის ცდილობდა მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას. „მოვაწყვე თუ არა რაიმე ბრძოლა პოლონელებთან, ლატვიელებთან, ლიეტუველებთან, უკრაინელებთან საზღვარზე? არასოდეს. აქ [დამოუკიდებლობის სასახლეში], უკრაინასთან დაკავშირებით, ნორმანდიის ოთხეულის სამიტი ჩატარდა და აქ ომი შეწყდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ექსკლუზივი: NATO: ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანურია. კრიზისზე პასუხისმგებლობა ბელარუსს ეკისრება

ევროპის რიგ ქვეყნებში კოვიდშეზღუდვებს აქციებით აპროტესტებენ

ევროპის რიგ ქვეყნებში კოვიდშეზღუდვებს აქციებით აპროტესტებენ. მაგალითად, ათიათასობით ადამიანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს აპროტესტებს. მომიტინგეების ნაწილმა პოლიციელებს ფოიერვერკი ესროლა, რომლებმაც თავის მხრივ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრანტები ძირითადად ეწინააღმდეგებიან კოვიდსაშვის გამოყენებას, რაც უკრძავალავს არავაქცინირებულებს ისეთ ადგილებში შესვლას, როგორიცაა რესტორნები ან ბარები. ნიღბების ტარების წესების გამკაცრებასთან ერთად, ბელგიელების უმეტესობას ასევე მოუწევს სახლიდან მუშაობა კვირაში ოთხი დღე დეკემბრის შუა რიცხვებამდე. ასევე იგეგმება ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაციის სავალდებულოობა. ჰააგაში, ხალხმა პოლიციას ფოიერვერკი ესროლა და ველოსიპედები დაუწვა ჰააგაში, მას შემდეგ, რაც როტერდამში საპროტესტო აქციები ძალადობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პროტესტის ჩასახშობად, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. BBC წერს, რომ ათასობით დემონსტრანტი ასევე გამოვიდა ქუჩებში ავსტრიაში, ხორვატიასა და იტალიაში. საფრანგეთმა კი კარიბის ზღვის კუნძულ გვადელუპეზე, არეულობის ჩასახშობად დამატებითი ძალები გაგზავნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ არეულობების ზოგიერთმა მონაწილემ სამართალდამცველების წინააღმდეგ „საბრძოლო მასალა“ გამოიყენა. მინისტრი „ტკიცე პასუხს დაჰპირდა მათ, ვინც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ის "ძალიან შეშფოთებულია" კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო. რეგიონულმა დირექტორმა, დოქტორმა ჰანს კლუგემ BBC-ს განუცხადა, რომ თუ ზომები არ გამკაცრდებოდა მთელ ევროპაში, მომდევნო გაზაფხულზე შეიძლება კიდევ დაფიქსირდეს ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილი. კონტინენტზე რიგი ქვეყნების მთავრობებს ახალი შეზღუდვები შემოაქვთ, ზიგიერთ ქვეყანაში გავრცელების მაჩვენებელი მზარდია. ჯანმოს რეგიონული დირექტორი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის სამ ფაქტორზე მიუთითებს

ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნული მექანიზმების შესახებ ანგარიშს წარადგენენ

„საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნული მექანიზმების სისტემური დოკუმენტირების“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ევროკვშირის წარმომადგენლობის ცნობით, 22 ნოემბერს, ონლაინ ღონისძიებაზე განიხილება „ამ ფენომენთან ბრძოლის პრიორიტეტული მიმართულებები“. „ანგარიში მოიცავს ქვეყანაში სიძულვილის ენის ელემენტებისა და დინამიკის მიმოხილვას და ასევე, ყველა დაინტერესებული მხარისთვის რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათზე რეაგირება. ანგარიში ეხმიანება ევროპის საბჭოს რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაცია No.15-ს, რომელიც ხაზს უსვამს სიძულვილის ენის დაძლევის ყოვლისმომცველი მიდგომის მნიშვნელობას და გამოხატვის თავისუფლების უფლების სხვა უფლებებთან, განსაკუთრებით სიძულვილის ენის სამიზნე ჯგუფების უფლებებთან, შეჯერების აუცილებლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრას სტეფან სირბუ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უხელმძღვანელებს, ხოლო ღონისძიებას გახსნიან ირენა გუიდიკოვა, ევროპის საბჭოს ინკლუზიური და ანტიდისკრიმინაციული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, და ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. სისტემური დოკუმენტირების ანგარიში მომზადდა პროექტის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება სასამართლოს მიღმა დაცვის მექანიზმებით” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო, პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” მეორე ეტაპის (PGGII) ფარგლებში.

აშშ-ში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში დიდი სიჩქარით შევარდა, დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში დიდი სიჩქარით შევარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ უოკეშოში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის მსხვერპლი, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. საავადმყოფოებში 11 ზრდასრული და 12 ბავშვი გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და ავტოსაგზაო ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძღოლი თავდაპირველად პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და ავტომობილის გაჩერების მიზნით სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გაისროლეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“ დონბასში რუსული ძალების წინააღმდეგ" – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, „ჯაველინებს“ თურქული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული სეპარატისტების საარტილერიო ჯარების წინააღმდეგ გამოიყენება, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური შემაკავებელი ღირებულება აქვს, რის გამოც რუსები თავდასხმაზე უფრო ფრთხილად არიან. კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინას ამერიკის მხრიდან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთთან ღია ომი აქვს.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში რეგისტრირებული 8 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2020 წლებში, მისი მართვს ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის გაწერა ჯამში 3 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც აღნიშნულ მეწარმე სუბიექტებს შეუქმნა დაახლოებით 500 000 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქტიური აქტივი, რომლის ნაწილს - 157 435 ლარს იგი თაღლითურად დაეუფლა, ხოლო ნაწილი გამოიყენა კომპანიებზე რიცხული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ავსტრიაში დღეიდან სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა

ავსტრიის მთელს ტერიტორიაზე დღეიდან სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა. შეზღუდვების ფარგლებში, მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად გავა. ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება. შეზღუდვები 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასება 10 დღის შემდეგ მოხდება.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5530 ადამიანი. გუშინ საქართველოში 22 012 ტესტი ჩატარდა.

პრემიერ-მინისტრი: ონლაინ კაზინოები უნდა აიკრძალოს

საქართველოში ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადი გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა და მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაგეგმილია ასევე ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც. „მქონდა საუბარი ჩვენ ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები. საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოეთში გაედინება. ეს არის მილიარდ 500 მილიონი ლარი და აქედან 99% პროცენტი არის გაჭირვებული მოსახლეობის, ვინც არ მუშაობს. ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა, ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები, მზად ვარ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრო. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს

"უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და აღნიშნულ საკითხს ის პირადად გააკონტროლებს. „საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვენება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი. "დაკავებულია 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ.ქ., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი გ.ვ., 1957 წელს დაბადებული ზ. ლ., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ., 1966 წელს დაბადებული ზ.პ., 1994 წელს დაბადებული ლ. ა., 1960 წელს დაბადებული ზ. თ., 1976 წელს დაბადებული ი.ლ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ს., 1993 წელს დაბადებული ა.ხ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ.დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 171 საბრძოლო ვაზნა.კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს. კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, "ტტ"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნ.მ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების დროს შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა. რაც შეეხება, 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.ვ.-ს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ა.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა .კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ თელავში, 1957 წელს დაბადებული ზ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.კახეთის პოლიციის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული ა.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ-1" -ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1971 წელს დაბადებული ა. ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.თ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1966 წელს დაბადებული ზ.პ.-ის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა ამოიღეს, ხოლო 1976 წელს დაბადებული ი.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია: “ტიგრის” და “ტოზის” მოდელების შაშხანები, 5 მჭიდი, 61 საბრძოლო ვაზნა და აკუსტიკური პისტოლეტი.სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ა.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი ამოიღეს.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი დაკავებულის - 1994 წელს დაბადებული ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 193 საბრძოლო ვაზნა.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებში ავტომობილის შეჭრის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

"აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებში ავტომობილის შეჭრის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ დროისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ეს რიცხვები შეიძლება შეიცვალოს, რადგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პროცესში ვართ,“- აცხადებენ უოკეშოშის პოლიციის დეპარტამენტში. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი წითელი ფერის „ჯიპი“ უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებში შევარდა.

პრემიერი: სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ

სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები. „არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები ზოგადად არის შემაშფოთებელი. პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ რეალურად არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ შემდეგ მას სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას, არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს რა თქმა უნდა, კატასტროფაა. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია და ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები. ამ მიზნით, მე უკვე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან, მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მე ვიტყოდი მანკიერი სისტემა ახალი, გაჯანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათიათასობით თითოეული ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის. ამაზე მუშაობა და საუბარი დაწყებული გვაქვს გუნდის, მთავრობის წევრებთან ერთად და მე მჯერა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებულია, რომ ეს არის სწორი ხედვა. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს და უმოქმედობას, მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. აქედან მინიმუმ 200 000, მეტი თუ არა, დაახლოებით ნახევარი არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომლებიც რა თქმა უნდა, არსებული სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული სამუშაო ადგილების მოსაძებნად, დასაწყებად. უამრავი მაგალითი ვიცით იმის, რომ მაგალითად ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, ქულები აკლდებათ და უწყდებათ სოციალური დახმარება. ან თუ სეზონური სამუშაოებია ბაზარზე ხელმისაწვდომი, ისინი არ არიან დაინტერესებული, რომ სხვა საქმითაც დასაქმდნენ და მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღონ, რაც, კიდევ ვიმეორებ, კატასტროფაა. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომლის შედეგადაც ერთის მხრივ, მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამას გარდა, სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო დამატებით, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება. ორი-სამი სამუშაო ადგილი შეუძლიათ, რომ პარალელურად იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში. იყიდონ ტელევიზორიც, მაცივარიც, სახლებიც იყიდონ, გაარემონტონ და აშ.. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მე დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად რეალობას შეცვლის და ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ. მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ განცდას, პერსპექტივას, მოტივაციას, რომ რეალური საქმით დასაქმდნენ. ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა მივაჩვიოთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო პირობებს არ უქმნის, ეს რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ბარიერია. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავებთ, ჩავრთავთ პროფესიულ სასწავლებლებს, უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, შეიძლება ერთობლივად შევიმუშაოთ რამდენიმე კვირიანი პროგრამები, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა და რეალურად შევცვლით ამ სტატიკურ, გაყინულ მდგომარეობას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიული ალასანია: მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ექიმების მიერ წარმოდგენილ, “თავისუფალი მკურნალობის” ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, თუმცა ეს მათზე დამოკიდებული არ არის. „გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. იყო დაპირება, რომ უნდა შევეშვი, ახლა ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, - აღნიშნა გიული ალასანიამ. ამასთან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე იმყოფებიან. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე და თავისუფალი მკურნალობის ინიციატივით გამოდის.