ძებნის რეზულტატი:

ლავროვმა და ჩავუშოღლუმ ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონული საკითხებზე ისაუბრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან, იუწყება TASS-ი. სააგენტო თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და მთელი რიგი რეგიონული საკითხები. მხარეებმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვმა ჩავუშოღლუს მოუწოდა, „სერიოზულად მოეკიდოს მოსკოვის შეშფოთებას კიევსა და ანკარას შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს უკრაინის მილიტარიზაციას“. ცნობისთვის, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების მრჩევლებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია

დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. მისი თქმით, საქართველომ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია მოცემული პლატფორმის ინიციატორებთან, ბაქოსა და ანკარასთან საუბრისას. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. „ეს შეუძლებელია მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. რამე სახის პოლიტიკურ გეოპოლიტიკურ პროექტში ჩართვა შეუძლებელია, სამაგიეროდ ჩვენ ვთავაზობთ სხვა პლატფორმებს, რაც არის სამხრეთ კავაკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა - თბილისი ვაქციოთ როგორც დიალოგის ადგილი კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხალხთაშორის ურთიერთობებზე და ეს გახდეს გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველი რეგიონში. ამას ემსახურობოდა პრემიერის ინიციატივა სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანოს Europetime-მა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. საპასუხოდ, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით უჭერს მხარს. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინით აცრა ხვალიდან ყველას შეეძლება

სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, წელს სახელმწიფომ 200 ათასი დოზა ფრანგული, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. „პირველ რიგში ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალეზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა. შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება ბრძანება, რომ ყველას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა. სასურველია, დეკემბრის თხუთმეტამდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში. იცით, რომ ვაკვირდებით. გვაქვს ყოველკვირეული მონიტორინგი მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით. ზედამხედველობა კარგად არის აწყობილი. ჯერ არის გრიპის მსგავსი ვირუსები, გრიპის ვირუსი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება და ამიტომ ჯობია, ყველა მომზადებული ვიყოთ და ყველა აიცრას. ამ ეტაპზე აცრილია 90 ათასი ადამიანი, 100-110 ათასი დოზა კიდევ არის ქსელში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ-ინფოზე“: კონსტიტუციის მიხედვით, მისი აკრძალვა შესაძლებელია. ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია

სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ ინფოს“ როგორც პარტიის არსებობას, ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს. გიორგი ბურჯანაძის თქმით, კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა. კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:ა. პრეზიდენტს; ბ. მთავრობას; გ. 30 დეპუტატს; ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება. რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად“, - წერს სახალხო დამცველის მოადგილე მისივე Facebook გვერდზე. "ალტ ინფომ" პარტია დააფუძნა და თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით

ამირან გამყრელიძე: მესამე დოზა უფრო ხანგრძლივად 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს

"მესამე დოზა უფრო ხანგრძლივად მუშაობს 10-12 თვის განმავლობაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, 8 ათასამდე პირია აცრილი „ბუსტერ“ დოზით. „დღევანდელი მონაცემებით, 8 ათასამდე „ბუსტერია“ ქვეყანაში გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა „სინოფარმით“ იყავი აცრილი, „სინოვაკით“ თუ „ფაიზერით“. სასურველია, რომ აიცრან 6 თვის შემდეგ. მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე „ბუსტერი“ და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ. როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებ, შესაძლებლობები გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს მიესალმა. შესაბამისი ტექსტი ელჩის Twitter გვერდზე განთავსდა. „მივესალმები გუშინ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა და ასევე, ელენე ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევა და სათანადო სამართლებრივი პროცესი საკვანძო რჩება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ამავე თემაზე 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია.

პაატა იმნაძე: ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა

ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა იქედან გამომდინარე, რომ ეპიდსიტუაცია დაძაბულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბულია. სამწუხაროდ, ყოველდღიურად 4 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, კვლავ მოიმატოს შემთხვევების რაოდენობამ. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე. თუ ისევ მოიმატებს ავადმყოფების რაოდენობა, როგორც ზაფხულში გახდა საჭირო დამატებითი საწოლების მობილიზება, ე.წ. საველე ჰოსპიტლების სახის, შეიძლება, კვლავაც გახდეს საჭირო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 70 პაციენტი.

პატრიარქი: მხატვარ ლევან ცუცქირიძისთვის ეტაპად იქცა სიონის საკათედრო ტაძრის მოხატვა, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყო

მხატვარ ლევან ცუცქირიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილს გამოქვეყნდა. „ცნობილი მხატვარი, პორტრეტისტი, მრავალი წიგნის ილუსტრაციათა ავტორი, დავით გარეჯის კომპლექსის ფრესკების ასლების შემქმნელი... ბატონი ლევან ცუცქირიძე 95 წლის ასაკში განეშორა მიწიერ ყოფას. შეიძლება ითქვას, რომ მისი პიროვნებისთვის ეტაპად იქცა სიონის საკათედრო ტაძრის მოხატვა. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყო. ბატონმა ლევანმა, ბატონ ალექსანდრე (შურა) ბანძელაძესთან ერთად, გაარღვია დიდი ბარიერი, ათწლეულების განმავლობაში ინტელიგენციას და ეკლესიას შორის ხელისუფლების მიერ აღმართული, და თავისი ცოდნა და შესაძლებლობა რელიგიიის სფეროს დაუკავშირა. ეს იყო საოცარი ბიძგის მიმცემი და ჩვენს ცხოვრებაში დიდი შემობრუნების დასაწყისი, რასაც შედეგად საეკლესიო ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულების აღორძინება მოჰყვა. მადლობა მას ამისთვის. შევთხოვთ ღმერთს, წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს ბატონი ლევანის უკვდავ სულს, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს“, - აღნიშნული სამძიმრის წერილში. 95 წლის ასაკში გარდაიცვალა ფერმწერი, გრაფიკოსი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი ლევან ცუცქირიძე. ლევან ცუცქირიძე იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. ლევან ცუცქირიძე იყო არაერთი წიგნის ილუსტრატორი, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანი“, „შუშანიკის წამება“, „სადღეგრძელო“ (გრიგოლ ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, „ფაუსტი“ (გოეთე) და სხვ. 1980-იანი წლების ბოლოს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. ლევან ცუცქირიძის პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში. 2016 წელს 90 წლის იუბილეზე ლევან ცუცქირიძეს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება გადაეცა.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: იქნებ, გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად. ასეთ ადამიანს მკურნალობის უფლებას მივცემდი ამ ციხეების გარეთ

ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, ის სუსტად არის, ჰწონდა წნევის პრობლემა და ყურადღებას საჭიროებს მისი ნევროლოგიური მდგომარეობა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს და ძალიან მოეწონა მისი სტაფი. „გარკვეული პრობლემები მოხდა დილას ბადრაგთან დაკავშირებით. არ მისცეს ფანჯრის გახსნის უფლება და აშ. ეს მოგვარდა, მაგრამ მაინც, რაღაც, ეს სიტუაცია გრძელდება. კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ ორი სიტყვით, მე რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო თუ ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთი ავადმყოფისთვის“, - აღნიშნა ნიყოლოზ ყიფშიძემ და დაამატა, რომ მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს: „ამიტომ, ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, შეიძლება საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს მკურნალობის უფლებას მივცემდი ამ ციხეების გარეთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობაზე არ საუბრობს. „თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით, დასწრებით და ა.შ. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. მე არ ვარ იურისტი და არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი არ ვარ. არასდროს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ეს ჩემი გულწრფელი აზრია. შეიძლება ეს ვინმეს მოეწონოს ან არ მოეწონოს. ეს განცხადება, რასაც მე ვაკეთებ პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, რომ შეუძლებელია ასე გაგრძელება, რამდენი ხანი უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე. უნდა მისცე ადამიანს საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს სად იმკურნალოს, ვისთან იმკურნალოს, როგორ იმკურნალოს და თავისუფლად იმკურნალოს. ხომ შეიძლება ეს გადავადდეს, არ ვიცი იურიდიული საკითხები“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. კითხვაზე, ითხოვს თუ არა მის რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას, ექიმი ასე პასუხობს - „კი, ბატონო“. „იმიტომ, რომ დამიჯერეთ, ეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში. თუ გინდა ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, კიდევ ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ ასე იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი თქმით, მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. „ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოს - თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ, მე შემომაქვს ასეთი კითხვა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. კონსილიუმის წევრებმა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დეტალურად შესწავლისა და ჩატარებული კვლევების გაცნობის საფუძველზე დღეს დაწერენ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი იხელმძღვანელებს. ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე იმედოვნებს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე სააკაშვილის მდგომარეობა არ დამძიმდება. მისივე თქმით, ე.წ.რეფიდინგის პროტოკოლი შეთანხმებულია. რაც შეეხება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს, ცისკარიძის თქმით, გუშინდელთან შედარებით გარკვეული და პოზიტიური დინამიკა აღინიშნება. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

რას გულისხმობს ამერიკელი კონგრესმენების რეზოლუცია რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით

ამერიკელი კონგრესმენების სარეზოლუციო წინადადების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის აღიარება, თუ ის ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება. ორი ამერიკელი კონგრესმენის (სტივ კოენი და ჯო უილსონი) მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები უკანონო იყო და ვლადიმირ პუტინის ნებისმიერი მცდელობა, 2024 წლის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩეს, გამოიწვევს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უღიარებლობას. კრემლი გმობს და „აბსურდულს“ უწოდებს ამერიკელი კანონმდებლების სარეზოლუციო წინადადებას, რომლის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის აღიარება, თუ ის ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება. რუსეთი ამ ინიციატივას ქვეყნის შიდასაქმეებში ჩარევად აფასებს. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსების გადასაწყვეტია, მათი პრეზიდენტის არჩევა და რომ რუსი კანონმდებლები, სავარაუდოდ, საპასუხო რეაქციას მოახდენენ. პუტინის პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს დასრულდება და მისი პრეზიდენტობის დროს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მას შეუძლია, მოითხოვოს კიდევ ორი ვადა. 69 წლის პუტინს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა ხელახლა კენჭისყრას 2024 წელს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი, თბილისის დროით 07:48 საათზე, დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ_ში, დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 76 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 361 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 776 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 585 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 772 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 749 699. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 498 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 621, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 242, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი -260, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 51 023 საიდანაც: 6 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 568, აჭარაში - 561, იმერეთში - 1 412.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 667 პირი, მათ შორის, თბილისში - 660, აჭარაში - 124, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 390, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 46, იმერეთში - 37.1 157 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 766 - თბილისში, 227 - აჭარაში. 43 261 სახლში მკურნალობს.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე „თარგმანში დაკარგულები“ თარჯიმნობას ოდესღაც ვაჭრები ითავსებდნენ, რომლებიც ენებს სხვადასხვა ქვეყასა და კულტურაში მოგზაურობით სწავლობდნენ და კაცმა არ იცის, რას თარგმნიდნენ სწორად და რას არა... შემდეგ გამოჩნდნენ პროფესიონალი მთარგმნელები და ისევ კაცმა არ იცის, რას თარგმნიან სწორად და რას არა... დღეს აპლიკაციები თარგმნის ტექსტებს და აბა რას გაუგებ ხელოვნური ინტელექტის ხელოვნურ ტვინსა და ემოციას... და თუნდაც მოვახერხოთ ტექსტის ზუსტად და გამართული თარგმნა, მთავარ გამოწვევად რჩება თარგმანის ყველაზე რთული ასპექტი, კულტურული თარგმანი - ერთი და იგივე ტექსტს სხვადასხვაგვარად იგებს სხვადასხვა კულტურა, ერთი და იმავე სიტყვებსა თუ მოვლენებს სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებულად აღიქვამენ... ხშირად ვამაყობთ ჩვენი წარსულითა და ტრადიციებით და გვგონია, რომ სხვამ ყველამ დაივიწყა საკუთარი წარსული და ტრადიცია. რასაკვირველია, ეს ასე არ არის. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ყველაზე მეტად მუზეუმებში მეტირება - გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მულტიმედიური საშუალებებით 3 D განზომილებაში გაცოცხლებული ისტორია და უნებურად მახსენდება ჩვენი, ქართული მუზეუმები კედლებზე გაკრული ფურცლის ნაგლეჯებით... ბევრ ქვეყანაში სახალხო დღესასწაულები ტრადიციების ნამდვილი ზეიმია - ეროვნულ კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებს აცოცხლებენ - მოგებულ თუ წაგებულ ომებს, ადამიანთა ეთნოგრაფიულ ყოფას... ყოველდღიურ ცხოვრებაში რელიგიურ თუ ოჯახურ დღესასწაულებს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან - თეთრი შურით მშურს შობის დღესასწაულების პომპეზურობა და საყოველთაობა ქრისტიანულ ქვეყნებში... კილტებით მოსიარულე შოტლანდიელები, კილტის კუბოკრული პრინტით მათი ამა თუ იმ საგვარეულოს მემკვიდრეობას რომ გამოხატავენ... ტრადიციაში თუ ისტორიის პატივისცემას და ღირებულებებს ვიგულისხმებთ (და არა 600 კაციან ქორწილ-ქელეხებს მემთვრალეობითა და უცილობელი ფინალური კონფლიქტით), მაშინ ერთადერთები ნამდვილად არ ვართ და უფრო მეტიც, არც ისე კარგად გვესმის საკუთარი ტრადიციები და არც ისე ღირსეულად ვცემთ მათ პატივს... დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში არასოდეს ვცადეთ „გადაგვერჩია“ საკუთარი ტრადიციები და შეგვექმნა ახალი ღირებულებები, რომლებსაც მემკვიდრეობად გადავცემთ მომავალ თაობებს... სიტყვა აშკარად გამიგრძელდა, დღეს ტრადიციებზე მსჯელობას არ ვაპირებ, შესაძლებელია სხვა დროს დავუბრუნდე ამ საკითხს. დღეს ტერმინ „ტრადიციულ საზოგადოებაზე“ მინდა ვიმსჯელო ჩემს ბაბლში, ტერმინზე რომელიც განსხვავებულად ესმით ტერმინის შემქმნელებს და განსხვავებულად ჩვენ, კულტურულ თარგმანში დაკარგულებს... ევროპოცენტრულობის ისტორია ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომს უკავშირდება, სადაც საკუთარ ხალხს „მოქალაქეს“ უწოდებდნენ, სხვებს კი ბარბაროსებს... მას შემდეგ, რაც ევროპის კონტინენტი მსოფლიო ცენტრი გახდა, ამ ძველმა დიქოტომიამ ახალი განზომილება შეიძინა თეორიებში - სამყაროს დაყოფა ცივილიზებულ, ბარბაროსულ და ველურ ხალხებად... ეს დაყოფა მთავარ კრიტერიუმად კულტურულ განვითარებას მოიაზრებდა, სადაც ბარბაროსულ ნაწილში აღმოვჩნდით ისტორიული ბედუკუღმართობით... ცივი ომის დროს სამყარო ისევ დაიყო პირველ, მეორე და მესამე სამყაროდ, ამჯერად ეკონომიკური განვითარების მიხედვით, სადაც მეორე სამყაროს მიგვაკუთვნეს, როგორც კომუნისტური სისტემის ნაწილი... დღეს სამყაროს დაყოფა შელამაზებულია პოლიტკორექტული ტერმინოლოგიით, თუმცა შინაარსით იგივე რჩება - მოდერნული, ტრადიციული და პრიმიტიული საზოგადოებები... ვინმეს რომ ბარბაროსი ეწოდებინა ჩვენთვის, ავფეთქდებოდით და ხმალს ვიშიშვლებდით, თუმცა თარგმანში დაკარგულებს გვიხარია, როდესაც ტრადიციულ საზოგადოებად მოგვიხსენიებენ, რომელიც შინაარსით იგივეს გამოხატავს, რასაც ბარბაროსობა... შესაძლოა გვაღიზიანებდეს ევროპოცენტრულობა თუ ყველა სხვა ცენტრულობა, რომელიც კავკასიონის ქედზე არ გადის, თუმცა თუ მაინც შევეცდებით გავარკვიოთ ამგვარი დაყოფის საფუძველი, ბევრ დამაფიქრებელ დეტალს აღმოვაჩენთ და პრინციპში, დავეთანხმებით... მოდერნული საზოგადოებები „დიდი გამიჯნულობით“ შეიქმნა - დაწესდა მტკიცე საზღვრები კანონის შემქმნელთა და კანონის განმახორციელებელთა შორის, დამნაშავესა და მსაჯულს შორის, რელიგიასა და პოლიტიკას შორის, პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის, პირად სურვილსა და ლეგიტიმაციას შორის... მოდერნულ, ანუ თანამედროვე საზოგადოებებს მართავს კანონები და არა ადამიანები, მოდერნული საზოგადოებები მთავარ ღირებულებად ადამიანის უფლებას განიხილავს და მასზე აფუძნებს პოლიტიკურ თუ რელიგიურ ღირებულებებს... ტრადიციულ საზოგადოებებსაც აქვთ სისტემები და კანონები, მაგრამ ისინი ადამიანის უფლებებს არ ეფუძნება... ტრადიციულ საზოგადოებებში კანონი ყველასთვის ერთნაირი არ არის - მართავენ ჯგუფები, რომელთა კანონები სხვადასხვაგვარად ეპყრობა „სხვებს“ და „თავისიანებს“... ტრადიციულ საზოგადოებებში პატივს სცემენ იმის მიხედვით, ვისიანი ხარ და ვის ჯგუფში დაიბადე და არა იმის მიხედვით, რას წარმოადგენ თავად... ტრადიციულ საზოგადოებებში ქალი არასდროს უდრის კაცს და ღარიბი არასდროს მდიდარს... ტრადიციულ საზოგადოებებში დაუწერელი მტკიცე იერარქიაა, რომლის ლოგიკას ვერასდროს ამოხსნი თუ ამ საზოგადოების „კანონმდებელი“ არ ხარ თავად... ტრადიციულ საზოგადოებებში კანონები ფურცელზე წერია და რეალურად არაფორმალური მმართველები მართავენ - ვიღაც ბელადები, ვიღაც ავტორიტეტები, ვიღაც შამანები, რომლებსაც კაცმა არ იცის ვინ და რატომ მიანიჭა ჩვენი ცხოვრების განკარგვის ლეგიტიმაცია... ტრადიციულ საზოგადოებას დაუწერელი კანონები მართავს, რომლებიც ადგენს ვისი დაჩაგვრა შეიძლება და ვისი არა, ჩაგვრა კი მართვის სტილია... ტრადიციულ საზოგადოებებში მხოლოდ ერთეულთა უფლებებს იცავენ და სხვები უბრალოდ „ღირსები“ არიან ანგარიშსწორების... *** დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, საქართველოში ყველა მთავრობა არღვევს ადამიანის უფლებებს - ისიც რომელიც მოგვწონს და ისიც, რომელიც არ მოგვწონს... ამას საზოგადოება მდუმარედ ეთანხმება, იმიტომ რომ გვეზიზღება ადამიანის უფლებები და მას საკუთარი იდენტობის საფრთხედ განვიხილავთ - მართლაც, ადამიანის უფლებების საყოველთაოობა არღვევს ტრადიციული საზოგადოებების იერარქიულ წესრიგს და იერარქია დარღვეულები ვეღარ გავიგებთ სად ვართ, ვინ ვართ, ვინ არის ჩვენი პატრონი და ბატონი... დღიდან დამოუკიდებლობისა, მხოლოდ ორჯერ ვიხილეთ მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობა „უფლებების“ და „დემოკრატიის“ სახელით - პირველი და მესამე პრეზიდენტის შემთხვევაში, რომლებსაც უწოდებდნენ და უწოდებენ ფაშისტებსა და სისხლისმსმელებს... ხშირად მიფიქრია, რატომ არავის ახსენდება მეორე მთავრობის დროს ტყვიებით დახვრეტილი დემონსტრაციები, პოლიციის განყოფილებებში ადამიანების მასობრივი თვითმკვლელობები, გამოსასყიდისთვის გატაცებული ადამიანები... რატომ არავის ახსენდება იმ სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც ახალგაზრდები მწამებლებად და მკვლელებად აქცია, ხალხი კი მსხვერპლად... ის ლიდერი პატივით გამოასვენეს საკათედრო ტაძრიდან და პანთეონში მიუჩინეს ადგილი... ალბათ არ გახსოვთ და შესაძლოა ძალიანაც გაგიკვირდეთ, მაგრამ პირველ პრეზიდენტს კორუფციაში სდებდნენ ბრალს ის ჯგუფები, რომლებმაც მმართველობაში მოსვლის შემდეგ ტოტალური კორუფცია სახელმწიფოს მმართველობის ერთადერთ ლოგიკად აქციეს... 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევაზე ისინი მსჯელობენ, ვინც ოკუპაციის გამპროტესტებელი ბავშვებისთვის თვალების დათხრას „სამართლიანად“ მიიჩნევს... ალბათ მკითხავთ, ვის ვემხრობი, რას ვემხრობი - მე პირადად ის მოდერნული საზოგადოებები მომწონს, რომლებმაც ორ საუკუნეზე მეტია მოდერნულობა ისწავლეს და არათუ ადამიანის, ცხოველის უფლებასაც კი უამრავი პირი და სტრუქტურა იცავს... მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ასეთ საზოგადოებაში და არც ის ვიცით, ოდესმე ვიცხოვრებთ თუ არა... მე პირადად 7 ნოემბრის დემონსტრაციას მხოლოდ იმ ადამიანებთან განვიხილავ, ვინც 20 ივნისის და 5 ივლისის პროტესტების თანამგრძნობიცაა - ასეთი ადამიანები კი თითზე ჩამოსათვლელები არიან... *** რატომ არის მსგავს დანაშაულებზე არაერთგვაროვანი რეაქცია ქართულ საზოგადოებაში? რატომ ედავებოდნენ დემოკრატიის ღალატს პირველ პრეზიდენტს (არც არასდროს ყოფილა დემოკრატი) ის ადამიანები, ვისმა ბელადმაც „ეროვნული“ ფორმულა დაგვიტოვა - „დემოკრატია ლობიოობა არ არის“... რატომ ედავებიან მესამე პრეზიდენტს დემოკრატიის ღალატს (არც არასდროს ყოფილა დემოკრატი) ის ადამიანები, რომელთა თვითგამოცხადებულმა ბელადმა მეორე „ეროვნული“ ფორმულა შექმნა - „ფული თანაბრად უნდა განაწილდეს ძმაო“ -მეც პრივილეგირებული ჯგუფის წევრი ვარ და მეც მომეცით ტენდერებზე წვდომის უფლებაო... პასუხი როგორი მარტივია და როგორ ზედაპირზე ტივტივებს - თუ ადამიანის უფლებების დარღვევა პრივილეგირებულ ჯგუფებს შეეხება, მათ აქვთ ხმა, ძალა და კონტრრევოლუციის „ლეგიტიმური“ უფლება... როდესაც თავად მოვლენ მმართველობაში, აუცილებლად დაიცავენ დაუწერელ წესს - ერთმანეთში გარიგდებიან, ერთმანეთს მოეფერებიან და აგრესიას იმ ჯგუფების მიმართ მიმართავენ, რომელთაც არ აქვთ საკუთარი თავის დაცვის უნარი, რომელთა ბედი არც არავის ადარდებს, რომლებიც ისედაც მიჩვეულები არიან იერარქიაში ჩაკარგვას და საზოგადოებაში „მე პატარა კაცი“ ვარ ადგილს. ასეთია ტრადიციული საზოგადოებების ლოგიკა... *** მოდერნული სამყაროდან ხშირად გვახსენებენ, რომ ტრადიციული საზოგადოება ვართ და მათი „კლუბის წევრი“ კიდევ დიდხანს ვერ გავხდებით... თქვენს ბაბლში შეგიძლიათ გაბრაზდეთ მათ „ევროპოცენტრობაზე“ და სიამოვნებით გააგრძელოთ „ტრადიციული საზოგადოების“ მშენებლობა... ჩემს ბაბლში ვბრაზდებით ჩვენ საზოგადოებაზე და ვოცნებობთ იმ პროცესებზე, რომლებიც გამოვტოვეთ ორი საუკუნის წინ, ერთი საუკუნის წინ, 30 წლის წინ... მწარედ გვახსენდება ხელიდან გაშვებული შანსები, ისტორიის ჩავლილი მატარებლები... დღეს იქეთა და აქეთა ბაბლებს გვაერთიანებს მხოლოდ ერთი ემოცია - ბრაზი...

ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება - ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წერილი POLITICO-ს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო გამოცემა POLITICO-ს წერილი გაუგზავნა. წერილში, რომელიც ადვოკატებისა და თანაპარტიელების მეშვეობით გაიგზავნა, სააკაშვილი მის პატიმრობასა და მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების დაწესება. ექსპრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეასრულოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის პირობა და „მხარი დაუჭიროს მძიმე საფრთხის ქვეშ მყოფ ახალგაზრდა დემოკრატიას“. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ პრეზიდენტობის დროს საქართველოს ჯო ბაიდენი ეწვია, რომელიც მაშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო და საქართველოს ამერიკის დახმარება აღუთქვა. „დღეს მე მოვუწოდებ მის ადმინისტრაციას, თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდასაჭერად, რომელიც საშინელი საფრთხის ქვეშაა. იმედი მაქვს, რომ ის პასუხს მოსთხოვს საქართველოს მთავრობას იმ თავისუფლებებისათვის ძირის გამოთხრისათვის, რომლის მისაღწევადაც ესოდენ ბევრი გავაკეთეთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტის აზრით, პირველ რიგში, ამერიკამ ღიად უნდა დაგმოს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრის მცდელობისთვის. აშშ-ის კონგრესმა ასევე უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების შემლახველებისათვის სანქციების დაწესების საკითხი. სააკაშვილის განცხადებით, საბოლოოდ კი, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება, მიიწვიოს საქართველოს მთავრობა მომავალ სამიტზე. მოწვევა, რომელიც აგზავნის არასწორ სიგნალს და რისკავს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული პრაქტიკის ლეგიტიმაციას. „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ან სხვა რომელიმე მაღალჩინოსნის ვიზიტი ამერიკის სოლიდარობას აჩვენებდა ქართველ ხალხს. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიწვევის შესახებ დემოკრატიის მომავალ სამიტზე, რადგან ეს მიწვევა არასწორ სიგნალს აგზავნის და ქმნის საფრთხეს, რომ ლეგიტიმური გახდეს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები. ამერიკას ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაუჭერია მხარი საქართველოსთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედი არადემოკრატიული ელემენტების წინააღმდეგ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ციციშვილის კლინიკაში სულ 122 ბავშვია მოთავსებული

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავავირუსით ინფიცირებული ერთი თვის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ის ბათუმიდან არის რეფერირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო. კლინიკაში ამ ეტაპზე 122 პაციენტია მოთავსებული. რეანიმაციაში მყოფ სხვა პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ. კლინიკაში სხვა პაციენტებიც მკურნალობენ, რომლებიც მძიმე მიმდინარეობით არიან. კლინიკაში მოთავსებული არიან ბავშვების მშობლებიც. მათგან 5, ორჯერადად ვაქცინირებულია. „მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

საქართველოში სულ 2 მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა

საქართველოში 21 ნოემბრის მონაცემებით სულ 2 095 168 აცრა ჩატარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაიცით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 106 359 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 38.9 %. სრულად ვაქცინირებულია 979 607 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%. 20 ნოემბერს 4 638 ადამიანი აიცრა. 19 ნოემბერს - 7 293. ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი ისევ დაბალია. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. ამავე თემაზე: ჯანდაცვის სამინისტრო: 200-ლარიანმა დანამატმა, 60 წელს გადაცილებულებში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაზარდა

პაატა იმნაძე: კორონავირუსი ყველა აუცრელს მოძებნის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის თქმით, კოვიდინფექციის გავრცელება ჩუტყვავილას გაუსწორდა. „ვიდრე მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს მოძებნის, ამიტომ, მისი გავრცელება უკვე ჩუთყვავილას გაუსწორდა და ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ამ პატარა ქვეყანაში ამდენ ადამიანს არ ვკარგავდეთ“, - ამბობს პაატა იმნაძე „რუსთავი2-თან“. თავის მხრივ, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის 46 %, ბავშვების ჩათვლით არაიმუნურია, ანუ ინფექციის მიმღებია, შესაბამისად გამავრცელებელი. ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა რეგულაციებს არ იცავს, მაგალითად, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ს ჩამოსცდა. „მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა - ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა, ამ ვირუსთან ბრძოლის 2 გზაა, ერთი, ან უნდა მკაცრი რეგულაციები იყოს და უნდა დაიცვა ეს რეგულაციები, ანუ მობილობა უნდა შეამცირო მაქსიმალურად და მეორეა ვაქცინაცია, არც ერთი კომპონენტის დაცვა, რომელზეც ვსაუბრობ, არ ხდება ქვეყანაში და რანაირად გვინდა. რომ მონაცემები შემცირდეს?! იქნება ეს მონაცემები და გვექნება ეს ტალღები“, - განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

ექიმი გიორგი პაპიაშვილი ექსპრეზიდენტის „თავისუფალ მკურნალობასთან“ დაკავშირებული ინიციატივის საფუძველს ვერ ხედავს

ექიმი, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ექსპრეზიდენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივის საფუძველი არ არსებობს. გიორგი პაპიაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებას გამოეხმაურა. „მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის", - წერს ექიმი.

ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვეტა

ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვეტა, შესაბამისად, პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ყველა რესურსი, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა ბოლომდე გამოსაყენებელია. „ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტმა დაკარგოს თავისი ფუნქცია, ვფიქრობ ეს კარგად არის ოპოზიციის მხრიდან დასანახი. მგონია, მოცემულ ეტაპზე მათ არ უნდა დავყვეთ და საპარლამენტო პლატფორმა უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ამავე თემაზე ბადრი ჯაფარიძე: როგორც კი სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას გეგმავს

რუსეთი, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ამზადებს თავდასხმას უკრაინაზე. Military Times-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროს, კირილ ბუდანოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის ნიშნები უკვე ჩანს. საუბარია მოსალოდნელ საარტილერიო და საავიაციო დარტყმებზე, რომლებსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე, ოდესასა და მარიუპოლზე. მისივე თქმით, რუსეთის მიერ წლის დასაწყისში ორგანიზებულმა მასშტაბურმა სამხედრო წვრთნამ „დასავლეთი 2021“, აჩვენა, რომ რუსეთს ერთდროულად სამხედრო-საჰაერო და სპეციალური ოპერაციის ძალების 3500 მებრძოლზე მეტის გადასროლა შეუძლია. იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან, მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების სურვილი უკვე ვნახეთ ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია