ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა
სამედიცინო პროცედურის გავლის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში დარჩება, რათა რუტინული სამედიცინო შემოწმება დაასრულოს. „პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა, კარგ ხასიათზე იყო და უკვე განაახლა თავისი მოვალეობების შესრულება“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ამავე თემაზე: აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით კამალა ჰარისი შეასრულებს
მედია: ბაქომ სომხეთს სამი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა
ბაქომ სომხეთს სამი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, რომლებიც სამშაბათს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაიღუპნენ. სომხური მედიის ცნობით, რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 17 ნოემბერს, 18:30 საათიდან. სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით სროლა შეწყდა, ვითარება შედარებით დასტაბილურდა. სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. „პრემიერმა პუტინს დეტალურად გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული ბოლო მოვლენები. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნავს მედია სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით.
სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა
სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი პროცედურული მოტივით თქვა. „დღეს მივიღეთ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ისინი ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგან როგორც სასამართლომ თქვა, ამას მათი პროცედურით მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში. ცნობისთვის, 18 ნოემბერს, სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, იუსტიციის მინისტრის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ ექსპრეზიდენტს ამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას სთავაზობდნენ. პატიმრობის შემდეგ, სააკაშვილის რიგით მეორე ტრანსპორტირება, ამჯერად გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, დაახლოებით, 12:00 საათზე დაიწყო. თავად ამ დაწესებულებაში კი ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა მაშინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, სააკაშვილი გლდანში „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე გადაჰყავდათ. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იუსტიციის სამინისტრო შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა. ამავე საღამოს, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. პარალელურად, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ეკატერინე ტიკარაძემ როგორც უწყების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიიწვია. შეხვედრიდან გამოსული ექიმი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ომბუდსმენის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფშია, აცხადებდა, რომ მათი რეკომენდაციები ჯანდაცვის მინისტრმა გაიზიარა, რაც გულისხმობდა, სააკაშვილის გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. თავად მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. გვიან ღამით, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი და დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“. დაწესებულების დატოვების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდებოდა ცნობილი. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებდა. მიხეილ სარჯველაძემ კი აღნიშნავდა, რომ სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის და ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობდა. იუსტიციის სამინისტროზე შეთავაზების პასუხად, მიხეილ სააკაშვილი დაეთანახმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და განაცხადა, რომ ადგილზე განთავსებისთანავე შიმშილობას შეწყვეტდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გადაეყვანათ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში, წინ უძღოდა საერთაშორი პარტნიორების არაერთი მოწოდება, რომ ექსპრეზიდენტი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველეყოთ. მმართველი გუნდის მიმართ ასევე იყო კრიტიკა პენიტენციური სამსახურის ვიდეოკადრების გამო, სადაც ასახული იყო სააკაშვილის იძულებით გადაყვანა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 არასრულწლოვანი დაიღუპა და 3 დაშავდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა და 3 დაშავდა. დაშავებული ახალგაზრდები ბათუმისა და ხულოს კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ავტომობილი ხევში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნიკა გვარამია: გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანამ, ინციდენტების გარეშე ჩაიარა
"გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანამ, ინციდენტების გარეშე ჩაიარა", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა. „გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ერთგვარი ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის სამართლებრივად დაფიქსირება და კმაყოფილი ვართ იმ პროცედურით, რაც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ხვალიდან უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით. ადვოკატების ვიზიტები გასაგებია, რომ შეუზღუდავია, მაგრამ გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და აქ უკვე ჯანდაცვის სამინისტროა წამყვანი უწყება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობა გუშინ განაცხადა.
განათლების სამინისტრო: დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი შემცირდა
"გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა", - ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი. მათივე ცნობით, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი. „სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აცხადებენ უწყებაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საბერძნეთში არავაქცინირებული ადამიანებისთვის დამატებითი შეზღუდვები წესდება
საბერძნეთში არავაქცინირებული ადამიანებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, მომდევნო კვირიდან საბერძნეთში აუცრელი ადამიანებს აღარ შეუშვებენ კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტდარბაზებში. საბერძნეთის პრემიერის თქმით, დამატებითი შეზღუდვები აუცრელი ადამიანებისთვის იმიტომ წესდება, რომ წელს საბერძნეთში შობის დღესასწაული გაცილებით უკეთესად აღინიშნოს, ვიდრე შარშან. გასული დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში COVID19-ის 7 805 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 70 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 962 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 513 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 449 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 318 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 808 889-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის - 9.39% ხოლო 7 დღის - 9.00%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 457 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 743 927-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 422 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 809, ქვემო ქართლი - 279, შიდა ქართლი - 360, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი -295, კახეთი - 303, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 514 საიდანაც: 6 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 473, აჭარაში - 548, იმერეთში - 1 365. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში - 623, აჭარაში - 131, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 382 პაციენტი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 44, იმერეთში - 33. 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 - თბილისში, 223 - აჭარაში. 45 870 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 880 ადამიანი.
ექიმების ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის სქემას დღეს შეადგენს
ექიმების ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის სქემას დღეს შეადგენს. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მძიმედ“ და „რთულად“ შეაფასა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი ინფორმაციით, პაციენტი პატიმრის შემდგომი მკურნალობის სქემა 20 ნოემბერს, ერთობლივად განიხილება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმისა და გორის ჰოსპიტალის მედპერსონალის მიერ. „საკმაოდ ბევრ ექიმს ვიცნობ, რომლებიც აქ მუშაობენ. ისინი ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმები არიან. მათ გარდა, კლინიკაში მორიგეობს ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც მორიგეობით იმუშავებენ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ", - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს.
სენატორები მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას მიესალმებიან
"მივესალმები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ ცნობების და მისი შიმშილობის დასრულებას", - ამის შესახე სენატორი ჯინ შაჰინი twitter-ზე წერს და აქვეყნებს სენატორ რიშთან, სენატორ ჯონსონთან და სენატორ კარდინთან ერთად ხელმოწერილ განცხადების ტექსტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე მომზადდა. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო პროცესებზეც, რომლებზე დასწრების საშუალებასაც მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ. „ჩვენ ახლოს ვაკვირდებით პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას და მისადმი მოპყრობას, რაც აშშ-ის სენატში საქართველოს მეგობრებს აშფოთებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაფრთხილეთ ბატონი სააკაშვილი, რომ მისი დაბრუნება საქართველოში გააძლიერებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, იგი, როგორც ყველა დაპატიმრებული ადამიანი, რომელიც ელის მის სასამართლოს, იმსახურებს ღირსეულ და სამართლიან მოპყრობას საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით; ჩვენ გვაწუხებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება", - წერს ჯინ შაჰინი.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის გარე პერიმეტრსა და ეზოში მთელი ღამის განმავლობაში დამატებით კამერების მონტაჟი მიმდინარეობდა
გორის სამხედრო ჰოსპიტლის გარე პერიმეტრსა და ეზოში მთელი ღამის განმავლობაში დამატებით კამერების მონტაჟი მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, სადაც წუხელ გვიან ღამით გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, დილიდან გამკაცრებულია კონტროლი. სამედიცინო დაწესებულების შიდა პერიმეტრს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დანაყოფები აკონტროლებენ. ჰოსპიტლის გარე პერიმეტრზე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ჯგუფებია განლაგებული.
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი 15 დეკემბერს ბრიუსელში შეხვდებიან
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან. განცხადება ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაავრცელა. შარლ მიშელი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაცით, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბრიუსელში ერთმანეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება. შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრის დროს სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის თავდაცვის მინისტრების დონეზე.
ექიმი: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
"ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ელენე ხოშტარია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას ინტრავენური გადასხმები უკეთდება. "პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზებით დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა," - აღნიშნა ალექსანდრე მხარგრძელმა. ცნობისათვის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა.
ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში COVID19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა
ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში COVID19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. მედიის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ შვიდი ადამიანია დაშავებული, სულ მცირე 20 კი პოლიციამ დააკავა. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ კოვიდპასპორტის შემოღებას და ახალი წლის ღამეს ე.წ. ფოიერვერკების სროლის აკრძალვას აპროტესტებდნენ. ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, ნიდერლანდების ხელისუფლებამ სამი კვირის განმავლობაში ქვეყნის ნაწილობრივ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით“ - რა ეწერა ჟანდარმერიის ბარათში მიხეილ ჯავახიშვილზე
უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს. დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა. ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1 მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო. მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია: სახელი, მამის სახელი: ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე. დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია. დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა. მშობლები: გარდაცვლილი ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა. აღმსარებლობა: მართლმადიდებელი სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები. სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას. დგომა: წელში მოხრილი სიარული: ჩქარი მშობლიური ენა: ქართული ხმა: ხმადაბალი ტენორი ჩვევა: პენსნეს ტარება ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი აღნაგობა: გამხდარი, საშუალო თმა: შავი, სწორი წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი სახე: ფერმკრთალი სახის გამომეტყველება: ეშმაკური ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები. ქართველმა კლასიკოსმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა რომანები ავანტიურული „კვაჭი კვაჭანტირაძე“, სოციალური „ჯაყოს ხიზნები“, სათავგადასავლო „გივი შადური“, ისტორიული „არსენა მარაბდელი“, ფილოსოფიური „თეთრი საყელო“. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.
ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა
პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა და მოიცავდა შემდეგს :2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000) 20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20).
"ალტ ინფომ" პარტია დააფუძნა და თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს
„ალტ ინფომ“ პარტია დააფუძნა და თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს. პარტიას სახელად "კონსერვატიული მოძრაობა" ერქმევა. დამფუძნებელი ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს. პარტიის დამფუძნებლები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები. ახალი პარტიის დამფუძნებლები ჰომოფობური აქციების ორგანიზატორები არიან, რომლებიც ივლისში, „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდნენ. მათ ორგანიზებულ აქციებზე, ივლისში, პარლამენტის შენობის წინ ორჯერ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა. ცნობისათვის, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. ზურაბ მახარაძისთვის ბრალის წარდგენის მოთხოვნით სახალხო დამცველმა პროკურატურას სექტემბერში მიმართა. დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფის გამოყოფას. 5 ივლისს, 50-ზე მეტი ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანების გამო, ამ ეტაპზე პატიმრობაში 27 პირი რჩება, თუმცა აქციის ორგანიზატორებისა და დაზარალებულების თქმით, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 5 ივლისს მომხდარის გამო, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული შეფასება გავრცელდა. ამავე თემაზე პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს სუს-თან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს
ჯუმათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი კორონავირუსით გარდაიცვალა
ჯუმათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი კორონავირუსით გარდაიცვალა. "2021 წლის 20 ნოემბერს კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა შემოქმედის ეპარქიის ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი. უფალმა ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” მწუხარებას გამოთქვამს არქიმანდრიტ მიქაელის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯუმათის მამათა მონასტრის საძმოსა და მრევლს"- ვკითხულობთ განცხადებაში.
აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების მრჩევლებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერსა და მთავარ მრჩეველ იბრაჰიმ კალინთან მოლაპარაკება გამართა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა ხედვები გაცვალეს მთელ რიგ რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის უკრაინაში, ავღანეთში, სირიასა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე.