ძებნის რეზულტატი:

მიხეილ სააკაშვილი: 7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!

„7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!“ - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმეს, რომელიც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. „გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა თავისი მოწოდებით?! 7- ში დილით მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ შეტაკება იყო და დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, ვიღაცებს გაზი რომ შეასხეს და დააკავეს. ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. ამ პროცესს შს მინისტრი მართავდა, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია. ისინი იქცეოდნენ ისე, რა გამოცდილებაც ჰქონდათ და მაშინ ჩვენი პოლიცია იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც მსოფლიოში ცოტა ლიდერი აკეთებს, მე გადავდექი და ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით შევამცირე. წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ, რათა მიმეღო ქართველი ხალხისგან ახალი მანდატი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკვოდა ჩვენ ნატოში ინტეგრაცია. შემდეგ მიმიწვია პრეზიდენტმა ბუშმა და მითხრა, ამიტომ ხარ აქ, რომ გადადექი და შენ არ ეპოტინები ხელისუფლებასო. ქართველმა ხალხმა, ამ საქმისგან, რასაც აქ გვედავებიან, ვერდიქტი გამოიტანა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იტალიის ქალაქი, სადაც  კოვიდვაქცინაციის მაჩვენებელმა 104%-ს მიაღწია

პალაცო ადრიანო ოსკაროსანი ფილმის Cinema Paradiso-ს გადაღებების ადგილია. პალაცო ადრიანო 5500-ზე მეტი იტალიური ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც 5000-ზე ნაკლები მოსახლეა. ახალგაზრდების უმეტესობამ დატოვა ქალაქი სხვა ქვეყნებში ან უფრო დიდ ქალაქებში სამუშაოს საძიებლად, ამიტომ საშუალო ასაკი იქ 60 წელზე მეტია. თუ Covid19 ამ პოპულაციებს შორის გავრცელდებოდა, პალაცო ადრიანოს მსგავსი პატარა ქალაქები რუკიდან წაშლის რისკის ქვეშ იქნებოდნენ, თუმცა ვაქცინაციის წარმატებამ ეს უარესი სცენარი გამორიცხა. პალაცო ადრიანოში აცრილია 104 პროცენტი, ამ მაჩვენებელს იმით ხსნიან, რომ აცრილების რიცხვს დასახლებულ პუნქტში ოფიციალურად დარეგისტრირებული ადამიანების მიხედვით ითვლიან. აღნიშნულ ქალაქში კი ოფიციალურად რეგისტრირებული მოსახლეობის გარდა, მეზობელი დასახლებიდან ჩამოსულები/დროებით მცხოვრებლებიც აიცრნენ. „იქ, სადაც არსებობდა შეშფოთება ვაქცინასთან დაკავშირებით, სოფელმა შექმნა WhatsApp ჯგუფი ასობით მცხოვრებისგან, რათა განეხილათ ეს საკითხები. ამ ჯგუფში ჩვენ ვუპასუხეთ ყველა ყალბ ამბავს ვაქცინაზე და ვაქცინის უსაფრთხოებაში ვარწმუნებდით ადამიანებს“, - ამბობს ქალაქის მერი ნიკოლო გრანა. ქალაქის ოფიციალური წარმომადგენელი სალვატორე სპატა ვაქცინაციის წარმატებულად წარმართვის ძალისხმევას ადამიანების თვითშეგნებას და ე.წ. ზეპირ კამპანიას უკავშირებს. მისი თქმით, შედგა ერთგვარი ადამიანთა ქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ოჯახის წარმომადგენელი ცნობილ მოედანზე ყოველდღე მიდიოდა და ინტენსიური ურთიერთობით ნათესავებს და მეგობრებს აცრის სიკეთეებზე ესაუბრებოდა. „ჩვენ ვისარგებლეთ ამ ინტენსიური ურთიერთობებით ვაქცინაციის კამპანიის გასავრცელებლად. თითოეულ ადამიანს, ვისაც ვხვდებოდით, ვახსენებდით, რომ უნდა აცრილიყვნენ და მეორე დღეს მათი ნათესავები მიდიოდნენ ლაბორატორიაში ვაქცინაციისთვის“, - ამბობს სალვატორე სპატა. პალაცო ადრიანოში ახლა 2100 მოსახლე ცხოვრობს.

ნინო ლომჯარია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, დაგეგმილია ასევე შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED), ფრიდომ ჰაუსისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან. სახალხო დამცველი მაღალი რანგის შეხვედრებზე თავისი მანდატის ფარგლებში მიმოიხილავს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და დემოკრატიულ პროცესებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებისადმი მხარდაჭერას განაგრძობს

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განცხადება განთავსდა. ღია კარის პოლიტიკის პუნქტში საქართველო და უკრაინაც არიან ნახსენები. კერძოდ, აღნიშნულიია, რომ NATO-ს ლიდერები ღია კარის პოლიტიკის ერთგულები არიან. ის უზრუნველყოფს გაწევრიანების გზას ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აუცილებელ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს. „ივნისში გამართულ NATO-ს სამიტზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთიანობა ამ საკითხთან მიმართებით. აუცილებელია, NATO-მ განაგრძოს მე-10 მუხლისადმი სანდოობის უზრუნველყოფა. შეერთებული შტატები განაგრძობს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას, რომელიც ასევე დადასტურდა, მათ შორის 2021 წლის ივნისის ბრიუსელის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამები (ANP) დეტალურად აღწერს მათ გზას წევრობისკენ. საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს NATO-ს მოკავშირეებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისათვის, მინისტერიალში, რომელიც 30 ნოემბერს იხსნება, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. მინისტერიალზე მიწვეულნი არიან საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გადადგომის შემდეგ, თანამდებობაზე დაბრუნდა

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ხელახლა დაინიშნა თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა არეულობამ აიძულა, რომ გადამდგარიყო პოსტის დაკავებიდან რამდენიმე საათში. ახალი კენჭისყრის დროს, დეპუტატებმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს მაგდალენა ანდერსონს მხარი კვლავ დაუჭირეს. ის შეეცდება, ერთპარტიულ მთავრობას მომავალი წლის სექტემბრის არჩევნებამდე უხელმძღვანელოს. ამავე თემაზე: შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა

დიდ ბრიტანეთში "ბუსტერ" დოზით მეორე დოზიდან სამ თვეში აიცრებიან

დიდ ბრიტანეთში კოვიდვაქცინის მეორე და მესამე დოზას შორის აცრის დრო 6 დან 3 თვემდე შეამცირეს. ახალი გადაწყვეტილებების შესახებ BBC იტყობინება. ამასთან, ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ დამატებით, ბუსტერ" დოზებით 18 დან 39 წლამდე ადამიანებიც აიცრებიან. გარდა ამისა, 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე დოზით აცრა იქნება ხელმისაწვდომი. იმუნოკომპრომეტირებულებს კი მე-4 დოზას შესთავაზებენ.

პროკურატურა: სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის პატიმრობა გირაოთი შეცვალა

პროკურატურისთვის გაუგებარია, რა გარემოებებით იხელმძღვანელა მოსამართლებ ზურაბ ზვიადაურის საქმეზე. ამასთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს. "ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა განიხილა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი. საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. ამავე თემაზე: ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ჯო ბაიდენს წერილით მიმართეს

ქართველი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ. წერილში, სახელწოდებით თავისუფლების მემორანდუმი აღნიშნულია: "ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი პროფესიონალები სხვადასხვა ბექგრაუნდით, ვდგავართ ერთად და გთხოვთ ჩვენი არაძალადობრივი ბრძოლის მხარდაჭერას საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. თეთრი სახლი 2021 წლის დემოკრატიების სამიტს მასპინძლობისთვის ემზადება, საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია კი, რომლის აშენებასა და შენარჩუნებას ამერიკის შეერთებული შტატები მონდომებით დაეხმარა, ბეწვზე ჰკიდია. ჩვენ, ქართველი ხალხი, ვუერთდებით თავისუფლებისმოყვარე ერებს ავტოკრატიული რეჟიმების ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველოს მმართველი პარტია იყენებს ყველა საშუალებას და მეთოდს, რათა გაახანგრძლივოს თავისი მმართველობა, დემოკრატიული ინსტიტუტების, კონტროლის და ბალანსის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებითი ორმხრივი ურთიერთობების და ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად. ჩვენი, როგორც საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ადამიანების, პასუხისმგებლობაა, ვითარება გავაუმჯობესოთ. თუმცა, ბრძოლაში არათანასწორ პირობებში ვართ, ვინაიდან რეჟიმს უზარმაზარი რესურსები აქვს. შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ახლა ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საფრთხეები, რომლებიც გვემუქრება: 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ გზა გაუხსნა ქვეყნის დემოკრატიის შესახებ რწმენას - შესრულდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის დაპირება. თუმცა, თითქმის ერთი დეკადის შემდეგ, პირობა დარღვეულია, შესაძლებლობა - გაფლანგული. ქართული ოცნების ადმინისტრაციის პირობებში ერთპარტიულმა და ოლიგარბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შეამცირა პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმაცია და მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაცია. კანონის უზენაესობის პრინციპების შესუსტებამ და პოლიტიზირებულმა სასამართლო სისტემა, რომლის მიმართაც შეშფოთების არაერთი საფუძველი არსებობს, აღმოფხვრა საინვესტიციო გარემო. ამერიკული კომპანიები განდევნეს სტრატეგიული პროექტებიდან, $2.5-მილიარდიანი ანაკლიის პორტის ჩათვლით. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ საქართველოში არსებული ვითარება აღწერა, როგორც სახელმწიფოს მიტაცება ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ. ქვეყანას აქვს რეგრესი The Economist-ის დემოკრატიის ინდექსის კუთხითაც. ბოლო არჩევნებში, კერძოდ, 2018 წლიდან, მმართველი პარტია ძალაუფლებას ინარჩუნებს ხმების მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენების ხარჯზე. წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნება შეუსაბამოდ იყენებს პოლიტიზებული და ექსპლუატირებული სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის უსაფრთხოების ძალებს, პოლიციას, პროკურატურას და განათლების სისტემას. საქართველოს მთავრობას აქვს ე.წ ტროლ ფაბრიკები, რომლებიც კრემლის მიერ გამოყენებული ტროლ ფაბრიკების მსგავსია და მათ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისთვის. საქართველოს დემოკრატიის ბოლო უკანდახევა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეა. ამერიკელმა სენატორებმა: შაჰინმა, ჯონსონმა, რიშმა და კარდინმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების აღკვეთისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავდნენ. Amnesty International-მა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და დამამცირებელი მოპყრობა "პოლიტიკურ შურისძიებად" შეაფასა. ევროპარლამენტის წევრებმა უკვე დააყენეს წინადადება სანქციების თაობაზე იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია ადამიანის უფლებები და დაუშვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა. საქართველოს წინსვლის ხედვა: ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე და იმედისა და თავისუფლების შუქურა ავტორიტარული ძალებით სავსე რეგიონში. სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტი ჩართულობით, საქართველო, წარუმატებელი სახელმწიფოს ზღვარზე მყოფი ქვეყნიდან გარდაიქმნა აქტიურ ახალგაზრდა დემოკრატიად და მნიშვნელოვან კონტრიბუტორად საერთაშორისო უსაფრთხოებაში - ერაყში, ავთანეთში და სხვაგან. მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ, სახელმწიფოებრიობის ჰიბრიდულმა გამოწვევებმა, ინსტიტუციონალური მართვის სუსტმა გამოცდილებამ და ოლიგარქიის დამღუპველმა ეფექტმა შეაფერხა ჩვენი შესაძლებლობები. საქართველოს დემოკრატიული ძალები გაფართოვდა, შეიძინა გამოცდილება და მრავალფეროვნება. ჩვენ შეგვიძლია, მეტს მივაღწიოთ, მაგრამ ამას ვეღარ გავაკეთებთ მარტო რეგიონში, რომელშიც ავტორიტარული ძალები დომინირებენ. ჩვენ შეიძლება, განვსხვავდებოდეთ პოლიტიკურ არჩევანში, თუმცა, ვიზიარებთ მომავლის ხედვას თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო საქათველოს შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, NATO-სდა ევროკავშირის საიმედო მოკავშირეა. რა შეცვლის ვითარებას უკეთესობისკენ: ჩვენ გვჯერა, რომ ნაბიჯები, რომლებსაც წარმოგიდგენთ, ხელს შეუწყობს ამერიკულ ინტერესებს და ტრანსატლანტიკურ პრინციპებს საქართველოს, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნის გაძლიერებით. მოითხოვეთ შედეგები, გააძლიერეთ სამოქალაქო საზოგადოება: გარკვეული პირობებით აცნობეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს მიტაცება, დემოკრატიული უკანდახევა და ტოქსიკური პოლარიზაცია ვერ გაგრძელდება. წაახალისეთ პოლიტიკური გადატვირთვა, რაც საუკეთესოდ გამოიხატება 2022 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. მიზანი უნდა იყოს ამ ტიპის არჩევნების ჩატარება. გაურკვეველი სიტყვით აცნობეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, დემოკრატიული უკანდახევა და ტოქსიკური პოლარიზაცია არ გაგრძელდება. წაახალისეთ პოლიტიკური გადატვირთვა, რაც საუკეთესოდ გამოიხატა 2022 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. მიზანი უნდა იყოს ამ ტიპის ბოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი, არაპარტიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში, რათა აღმოიფხვრას განცდა, რომ მმართველი პარტია აკონტროლებს საქართველოს ცესკოს. შედეგების ლეგიტიმურობისა და სიცხადის უზრუნველსაყოფად, კამპანია და არჩევნები უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებული, უფრო გამჭვირვალე და უფრო სამართლიანი წესებით. ჩვენ ასევე ვითხოვთ გაფართოებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, როგორიცაა OSCE/ODIHR და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. თეთრი სახლისთვის ცხადი ამოსავალი წერტილი შეიძლება იყოს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის დემოკრატიების სამიტზე სიტყვის უფლება. ხელახლა შეაფასეთ დახმარება, დააწესეთ მკაცრი პირობები: მტკიცედ დადექით საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის ძალისხმევის უკან. დააწესეთ პირობები პოლიციის და უსაფრთხოების აპარატურის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით მმართველი პარტიის ტექნიკისგან მათ ხელშესახებ განცალკევებაზე. ჩაატარეთ პოლიტიკური კონტექსტის ყოვლისმომცველი შეფასება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პარტნიორებთან ერთად, რათა აშშ-ს დახმარება მოერგოს მიმდინარე გამოწვევებს. გადაიტანეთ USAID-ის პროგრამების წონა დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოების სანდო პარტნიორებზე. მართლმსაჯულების სისტემას დაურთეთმკაფიო პირობა, სანამ არ გადაიდგმება სწრაფი და ხელშესახები ნაბიჯები ადრინდელი ვალდებულებების შესასრულებლად, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას. პასუხი მოსთხოვეთ კლეპტოკრატიის წყაროებს: დააწესეთ გლობალური მაგნეტსკის აქტი მმართველი პარტიის იმ საკვანძო ფიგურების მიმართ, რომლებმაც აღმოფხვრეს კანონის უზენაესობა, სასამართლო და უსაფრთხოების აპარატი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენეს და მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები გააუარესეს. ამის გათვალისწინებით, დაჟინებით მოითხოვეთ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო და ჰუმანური მოპყრობა ყველა შესაძლო სამართლებრივი ჩარჩოში. ჩვენ მზად ვართ, კოორდინაცია გავუწიოთ ერთობლივ მოქმედებებს და წარვმართოთ ცვლილებები, რაც საქართველოს, როგორც აშშ-ის მოკავშირეს, მსოფლიოს კრიტიკულ რეგიონში წარმატებულად აქვს. მიმართვას ხელს აწერენ: თემურ იაკობაშვილი - ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი;ბათუ ქუთელია - ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი;ვასილ სიხარულიძე - ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი;გიორგი ბადრიძე - საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდი;გიგი გიგიაძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;შოთა ღვინერია - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;ალექსანდრე პეტრიაშვილი - საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდი;ზაზა აბაშიძე - რეალპოლიტიკის მთავარი რედაქტორი;ზვიად აძინბაია - საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ციფრული დიპლომატიის თანამშრომელი;თინათინ ახვლედიანი - მკვლევარი;ეკა აკობია - კავკასიის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;ფადი ასლი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი;ლიზა ბათიაშვილი - მუსიკოსი;სოფო ბათილაშვილი - მომღერალი;გიორგი ბედინეიშვილი - თავისუფალი უნივერსიტტის ბიზნეს სკოლა;ანასტასია ბენდუქიძე - ცოდნის ფონდი;მარინა ბერიძე - მუსიკალური პროდიუსერი;ილია ბეროშვილი - მსახიობი;ზაზა ბიბილაშვილი - ჭავჭავაძის ცენტრი;თინა ბოკუჩავა - ნაციონალური მოძრაობა;ლაშა ბუღაძე - მწერალი;ანა/ანუნა ბუკია - რეჟისორი;პაატა ბურჭულაძე - საოპერო მომღერალი;ლევან ბუთხუზი - ბიოლოგი;სერგო ჩიხლაძე - ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი;ეთერ ჭკადუა - ქართველ-ამერიკელი მხატვარი;გოჩა ჭკადუა - ქართველ-ამერიკელი მხატვარი;თამთა ჩხიკვაძე - ფიზიკოსი;ეკა დემეტრაძე - მსახიობი;ჯაბა დევდარინი - საერთაშორისო კონსულტანტი საჯარო მმართველობის რეფორმების საკითხებში;ქეთევან დევდარიანი - სცენარისტი;ლაშა ძებისაშვილი - პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი;მარი ელიაძე - მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი;გიორგი გაბუნია - ჟურნალისტი;პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს რეფორმების ასოციაცია;ნანა გეგეჭკორი - ექიმი;ბადრი გელიტაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი;ბექა გოჩიაშვილი - პიანისტი;თორნიკე გორდაძე - ფრანგული ინსტიტუტის პროფესორი;ინგა გრიგოლია - ჟურნალისტი/თელეწამყვანი;აჩიკო გულედანი - მუსიკოსი;ზურაბ გუმბარიძე - ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი;ეკატერინე გურეშიძე - საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია;ზურაბ გურული - ამერიკაში მოღვაწე ექიმი;ნიკა გვარამია - მთავარი არხის გენერალური დირექტორი;ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლებას დამფუძნებელი;გია ჯაფარიძე - საქართველოს უნივერსიტეტი;მამუკა ჯაფარიძე - მხატვარი;თეონა ჯორბენაძე - სცენარისტი/პროდიუსერი;გიორგი ქადაგიძე -საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი;სანდრო კაკულია - წამყვანი;სერგი კაპანაძე - საქართველოს რეფორმების ასოციაცია;ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი;მამუკა ხაზარაძე - ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელი;მარიამ ხოხობაია - მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი;ელენე ხოშტარია - მოძრაობა დროას დამფუძნებელი;ანა ხურციძე - საქართველოს უნივერსიტეტი;ირაკლი ხვადაგიანი - ისტორიკოსი;დოდონა კიზირია - ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი;დავით კლდიაშვილი - წამყვანი;ვერა ქობალია - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი;გური კოიავა - მეწარმე;ზაზა კორინთელი - მუსიკოსი;ნინო კუპრეიშვილი - მხატვარი;ეკა კვესიტაძე - ჟურნალისტი;ნენე კვინიკაძე - მწერალი;ხათუნა ლაგაზიძე - სამოქალაქო ინიციატივების და ინოვაციების ცენტრი, პოლიტოლოგი;ნიკო ლომაშვილი - მხატვარი;ნინო მაჭარაშვილი - ფორსეტი;ვაჟა მანია - ჟაზმომღერალი;თორნიკე მარგველაშვილი - მუსიკოსი;ედუარდ მარიკაშვილი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;ნიკა მელია - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე;ტორესა მოსი -მწერალი;მოძრაობა სირცხვილია;ხათუნა მშვიდობაძე - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი;გიორგი მშვენიერაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი, იურისტი;პაპუნა შარიქაძე - პიანისტი;ელენე სააკაშვილი- ატლას ნეთვორქი;ბაკურ სულაკაური - გამომცემელი;გიორგი თარგამაძე - ჟურნალისტი/ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე;ანა თავაძე - ფორბს ჯორჯია;ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;გია ნოდია - კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი;გიორგი პირადაშვილი - ბიზნესმენი;მირიან ფოფხაძე - საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი;ირაკლი ფორჩხიძე - საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი;მაია ოთარაშვილი - საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი;ანიტა რაჭველიშვილი- მუსიკოსი;ტატო რუსია - მუსიკოსი;ნათია სამუშია - თავისუფალი უნივერსიტეტი;სოფო ჭყონია - მერსედეს ბენს ფეშენ ვიკის დამფუძნებელი;ეკა ტყეშელაშვილი - საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი;კონსტანტინე თოფურია - საქართველოს უნივერსიტეტი;ვატო წერეთელი - ტვ პირველის გენერალური დირექტორი;ნიკო ცეცხლაძე - მხატვარი;გვანცა წულუკიძე - საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტი;ირაკლი ვაჭარაძე - აქტივისტი;ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟურნალისტი/ტელეწამყვანი;ლაშა ბრეგვაძე - უსაფრთხოების საკითებში ექსპერტი;გელა ვასაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი.

პაატა იმნაძე: „ომიკრონი“ ჩვენთანაც შემოაღწევს, საქართველო მთვარეზე არ არის

კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ დაფიქსირებას ადრე თუ გვიან, საქართველოშიც ელოდებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ საქართველოში „ომიკრონი“, სავარაუდოდ, ერთ თვეში შემოაღწევს. „დაახლოებით ვიცით, როდის მოაღწია კორონავირუსმა ჩინეთიდან, შტამმა ბრიტანეთიდან. დედამიწაზე სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველა დროებითი ზომები ყველამ მიიღო, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ პერიოდი ქვეყანაში როდესაც ვირუსი შემოაღწევს. ჯერჯერობით ვიცით, რომ აცრა ამაზეც მუშაობს - რაც აფრიკიდან გვაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი აფრიკასთან არ გვაქვს, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ, ზუსტად რასთან გვექნება საქმე. სწრაფი გავრცელება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია, რომ შეშფოთების საგნად იქცეს. სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად ხდება ავად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს სამედიცინო დახმარების სისტემების გადარტვირთვას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იენს სტოლტენბერგი: ისტორიაში პირველად, ბალტიის რეგიონში საბრძოლო მზადყოფნა გვაქვს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბალტიის რეგიონს ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად სტუმრობს. ლიეტუვის შემდეგ ევროპელი ლიდერები უკვე ლატვიაში არიან. რიგაში ხვალ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. მანამდე კი მედიის ყურადღება პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა რამდენიმე განცხადებამ მიიპყრო. იენს სტოლტენბერგმა ბელარუსის საზღვარზე შექმნილი ვითარების ფონზე, მოკავშირეებისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი "NATO-მ გარკვეულწილად, პირდაპირი მხარდაჭერით უზრუნველყო ლიეტუვა, როდესაც გავგზავნეთ ექსპერტები საზღვართან არსებული სიტუაციის და იმ ჰიბრიდული ტაქტიკის გათვალისწინებით, რომელსაც ბელარუსი ლიეტუვის და რეგიონში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს. NATO მტკიცედ გმობს ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებას. და ჩვენ უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ამ რეგიონში. ისტორიაში პირველად, ბალტიის რეგიონში საბრძოლო ჯგუფები გვყავს მობილიზებული. ერთი ლატვიაში და მეორე - ლიეტუვაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ლატვიაში, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ლატვიის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგმა ბელარუსის საზღვართან არსებული ვითარების გარდა, გამოწვევად ასევე დაასახელა რუსი სამხედროების უჩვეულო გადაადგილება უკრაინის სიახლოვეს. "NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს. ახლოდან აკვირდება სიტუაციას, ვაგროვებთ ინფორმაციას და აქტიურად ვაფასებთ ვითარებას იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მოკავშირე დაცულია. ჩვენი გზავნილი მკაფიოა - NATO ადგილზეა, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ჯარიმა იზრდება

საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, 50 მეტრის რადიუსში, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე არსებული ჯარიმის ოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება უკვე მოხდა. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული კანონდარღვევისთვის 200-ლარიანი ჯარიმა 500-ლარამდე იზრდება. ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი ჯარიმა 400 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება. ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით), დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით – 10 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის ჯანდაცვის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "ბუსტერ" დოზასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერდოზებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა. რეკომენდაციების თანახმად, აშშ-ში ყველა ზრდასრულმა „უნდა“ გაიკეთოს ვაქცინის დამატებითი დოზა. მანამდე, უწყების რეკომენდაციის თანახმად, ყველა ზრდასრულს „შეეძლო“ "ბუსტერდოზის" გაკეთება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეციალური მიმართვა გავრცელა, რომელშიც მოსახლეობას პირბადეების ტარებისკენ და "ბუსტერდოზების" გაკეთებისკენ მოუწოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ეპიდაფეთქებაა

კორონავირუსის აფეთქებაა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომელიც გულრიფშის რაიონში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველის საიტზე ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 29 ნოემბრისთვის ინფიცირებულთა რიცხვმა 34-ს მიაღწია. ამასთან, როგორც ირკვევა, გულრიფშის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კარანტინი ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. ცნობისთვის, 2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 34 793 და გარდაცვალების 527 შემთხვევა.

ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელის დაანგარიშების წესის შეცვლა იგეგმება

ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელის დაანგარიშების წესის შეცვლა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა ირაკლი ზარქუამ და დაჩი ბერაიამ მოამზადეს, რომელიც უკვე ინიცირებულია. დღეს მოქმედი კანონით, ყოველკვარტალური გადასახდელი დაანგარიშდება ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან. კანონპროექტის შედეგად კი, აღნიშნული გადასახდელის დაანგარიშება ლატარიის ერთობლივი შემოსავლიდან (ინგ. Gross Gaming Revenue) მოხდება, რომელიც ინიციატორების განმარტებით, წარმოადგენს სხვაობას რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის. „ლატარიის გადასახდელის დაანგარიშების არსებული წესი მნიშვნელოვნად აფერხებს ლატარიის ორგანიზატორის საქმიანობას და ვერ უზრუნველყოფს ლატარიის ინდუსტრიის განვითარებას. 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი რეალიზებული ლატარიის ბილეთების ჯამური ღირებულების წილიდან იანვარ-ოქტომბერში შეადგენს – 1,260,071 ლარს, 2020 წელს შეადგინა – 1,588,500 ლარი. ცვლილებების ამოქმედების შემდგომი წლის განმავლობაში, ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხები შემცირდება დაახლოებით 20%-ით, თუმცა აღნიშნული შემცირება დაკომპენსირდება შემდგომი წლების განმავლობაში ლატარიის ბრუნვის გაზრდის შედეგად მიღებული შემოსავლებით. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ლატარიის ორგანიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ჩატარებისას ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა 2024 წლისთვის გაიზრდება დაახლოებით 5%- ით, 2025 წლისთვის – დაახლოებით 15%-ით, 2026 წლისთვის – დაახლოებით 20%-ით, ხოლო 2027 წლისთვის – დაახლოებით 30%-ით”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 80 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 80 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4214 ადამიანი. გუშინ საქართველოში 53 854 ტესტი ჩატარდა.

ნინო ლომჯარია: აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო მოვლენები განვიხილეთ

აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები განვიხილეთ და აღვნიშნე, რომ არა მათი მხრიდან ასეთი ღია მხარდაჭერა სახალხო დამცველის პოზიციონირების, ჩვენ შეიძლება დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით, როგორც ქვეყანა და საზოგადოება, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მან ასევე საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არ გამორიცხა. „მთავარი თხოვნა და სათქმელი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რათა ჩვენ შევძლოთ ერთობლივად ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. სამწუხაროდ, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში ეს პროცესი არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც ვისაუბროთ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, ომბუდსმენი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარებულია 2 170 057 აცრა

"30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარებულია 2 170 057 აცრა, ხოლო 29 ნოემბერს აიცრა 13 603 ადამიანი", - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 156 998 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 40.7%. სრულად ვაქცინირებულია 998 613 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 35.0%, ხოლო 29 ნოემბერს აიცრა 13 603 ადამიანი.

კახა კალაძემ ვიცე-მერი, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა. როგორც კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ. „ ვიცე-მერის თანამდებობაზე კვლავ წარმოგიდგენთ ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც, გასული წლების მანძილზე, უდიდესი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებში და სხვა მსხვილი რეფორმების განხორციელებაში. ირაკლი ნამდვილად ძალიან ფასეული კადრია, რომელიც ყოველთვის ეძებს ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ სივრცეებს და ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ოპტიმალურ გამოსავალს პოულობს ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეეების ინტერესების სასარგებლოდ. მერის მოადგილის პოსტზე წარდგენილია ილია ელოშვილი! მინდა პირადად ჩემი, ჩვენი გუნდისა და თბილისელების სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო მას, გაწეული შრომისთვის. მინდა გამოვყო დაუსრულებელი მშენებლობების და ამ მშენებლობებით დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოგვარება. გასული 4 წლის განმავლობაში, ირაკლი ბენდელიანმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა და საკუთარი უდიდესი წვლილი შეიტანა, პრაქტიკულად, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებმაც დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან უამრავი ბარიერი გააქრო. ირაკლის და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ყოველდღიურად ახლდება და სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს თბილისის ინფრასტრუქტურა. მადლობა ირაკლის თავდაუზოგავი შრომისთვის და წინასწარ შეგვიძლია შევპირდეთ მას, რომ მომავალი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად იქნება დატვირთული. ანდრია ბასილაიამ ჯერ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, შემდეგ კი მერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობისას ყველას გვიჩვენა საკუთარი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების მაგალითი და განსაკუთრებული როლი შეასრულა მერიის - სოციალური, განათლების და კულტურის პოლიტიკის სწორად წარმართვაში. ანდრიამ ნამდვილად დაიმსახურა ჩვენი გუნდის, პირადად ჩემი და იმ ადამიანების ნდობა ვის საქმესაც ის ყოველდღიურად აკეთებს. ამიტომ, ის, რა თქმა უნდა, განაგრძობს მუშაობას ჩემს მოადგილედ და ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. თბილისის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები“,- აღნიშნავს კალაძე. კახა კალაძის ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციას ვალერი ჭიღლაძე უხელმძღვანელებს. თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად წარდგენილია ლევან ჯღარკავა; ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძე. არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება თეიმურაზ ბოლოთაშვილი. „პირველ რიგში წარმოგიდგენთ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვალერი ჭიღლაძეს. ვალერი არის ძალიან კარგი მენეჯერი. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ და ვალერი ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს საკუთარ უფლებამოვალეობებს. ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს - გიორგი აბუთიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ჩაბარდება - ვახტანგ ლომჯარიას; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილს; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს - ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს; იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ - სერგო ბირკაძეს; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გაუძღვება - გელა ჩივიაშვილი; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად გთავაზობთ - გიორგი პაპავას კანდიდატურას; საფინანსო საქალაქო სამსხურს კვლავ - გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარვადგენთ - ნიკოლოზ ჭონქაძეს; მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს - კახა გულედანი“,- აღნიშნავს მერი.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ქვეყანას ევროპული ლიდერების რანგში გაიყვანს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ქვეყანას ევროპული ლიდერების რანგში გაიყვანს. ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10.5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში“,- განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა ექსპორტმა, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება.

ბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული

20 ივნისის აქციის მონაწილე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული. პოლიციამ ის 29 ნოემბერს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავა. შსს ცნობით, თამლიანის წინააღმდეგ ძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.