ძებნის რეზულტატი:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის ახალი სტანდარტები დგინდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონებში შედის. ცვლილებების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მხოლოდ ავტორიზაციის ვალდებულება ექნებათ. მთავრობა განმარტავს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, დღეის მდგომარეობით, ქმედითი მექანიზმი არ არის. მათი ცნობით, აკრედიტაციის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია. „ამჟამად, საქართველოში აკრედიტებულია მხოლოდ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორი საგანმანათლებლო პროგრამა. სხვა დაწესებულებების პროგრამების ხარისხი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტით ფასდება მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე. ამდენად, დღის წესრიგში კანონიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე არსებული ჩანაწერების ამოღება დადგა“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. ამავე ცვლილებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დგინდება და ის შეეხება: სკოლის ფილოსოფიას, სასკოლო კურიკულუმს, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და მოსწავლეთა მხარდაჭერას. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები ზოგადი განათლების სპეციფიკას გაითვალისწინებს და შესაბამისობაში იქნება ახალი სკოლის მოდელის კონცეფციასთან, გაძლიერებულ აქცენტს გააკეთებს დაწესებულების მენეჯმენტსა და მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხზე. სასწავლო კურიკულუმის, როგორც შეფასების ცალკე კომპონენტის დანერგვით, აღარ არსებობს აკრედიტაციის აუცილებლობა, რადგან აკრედიტაციის ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობა სწორედ სასწავლო პროგრამებისა და მათი განხორციელების პროცესის შეფასებას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ბოლო ცხრა წლის განმავლობაში აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი ხუთჯერ გაიზრდა
ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, თუ 2012 წლის პირველ სამ კვარტალში (იანვარ-სექტემბერი) საქართველოდან აშშ-ში იმპორტირებული იყო 627 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, 2021 წლის იმავე, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, იმპორტირებულია 3,268 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 17,95%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია“ (AAWE) ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3,93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
დიმიტრი პესკოვი: რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები რუსეთის საზღვრებისკენ NATO-ს გაფართოების საკითხს განიხილავენ
"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 7 დეკემბერს დაგეგმილ ვიდეო კონფერენციაზე უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასა და რუსეთის საზღვრებისკენ NATO-ს გაფართოების საკითხს განიხილავენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ სრულდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, რა ხორციელდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, ორი პრეზიდენტის კომუნიკაციის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ იგეგმება. ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე ხვდებიან. ასევე, ლიდერები განიხილავენ ჟენევაში, შვეიცარიაში, წინა შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხს, ავღანეთში, ირანში, ლიბიასა და სირიაში არსებულ სიტუაციებს, ასევე უკრაინის კრიზისს. რუსი ოფიციალური პირის თქმით, დღის წესრიგში შესაძლოა, იყოს ნავთობის ბაზარი, კლიმატის ცვლილება და COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა.
მამუკა მდინარაძე: იან კელის განცხადებები ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს „ნაცმოძრაობას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს იან კელის „ნაციონალურ მოძრაობის“ ღია ლობიზმში ადანაშაულებს. „იან კელის განცხადებები, რატომღაც ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს „ნაცმოძრაობას“. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ პოზიციის ასეთი აშკარა, უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში ერთ თუნდაც სუბიექტურად მოაზროვნე ადამიანს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას მაინც ობიექტურად აკეთებს“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს. „შეწყვიტეთ ამერიკის ელჩის კელი დეგნანის რეპუტაციის შელახვა და მისი კვალიფიკაციის ეჭქვეშ დაყენება. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებთ", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ Twitter-ზე 6 დეკემბერს დაწერა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს განცხადებას გამოეხმაურა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას განაცხადა, რომ ის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის. ირაკლი კობახიძის განცხადებას, კელი დეგნანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასაც აქვს განათლება და გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში. ამავე თემაზე: იან კელი ირაკლი კობახიძეს: შეეშვი კელი დეგნანის კვალიფიკაციის შელახვას
ხავიერ კოლომინა: საქართველოსთან თანამშრომლობისთვის ინსტრუმენტების სრული სპექტრი გვაქვს. ქვეყანა ამას ძალიან კარგად იყენებს
საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა NATO-ს ოპერაციებში. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ NATO-საქართველოს კომისიის ფორმატი, ასეთი სპეციფიკური პლატფორმა NATO-ს მხოლოდ რამდენიმე პარტნიორს აქვს. „NATO და საქართველო უსაფრთხოების სფეროში უამრავ გამოწვევას იზიარებენ. ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან აქტიური და ნაყოფიერი პოლიტიკური დიალოგი გვაქვს. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს შედგა შესანიშნავი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რაც შეეხება თანამშრომლობის პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობას, არ არსებობს თანამშრომლობის პაკეტი, რომელიც საქართველოს NATO-სთან არ აქვს. თანამშრომლობისთვის ინსტრუმენტების სრული სპექტრი გვაქვს. საქართველო ამას ძალიან კარგად იყენებს. მათ შორის არის წვრთნები, თანამშრომლობა მოიცავს ყველა სფეროს. საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და NATO-საქართველოს ურთიერთობები ძალიან კარგ დონეზეა“, - განაცხადა კოლომინამ. მან 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
ჯო ბაიდენი სალომე ზურაბიშვილს: დღეს როგორც არასდროს, დემოკრატიებისთვის მნიშვნელოვანია, დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, მივაღწიოთ შედეგს ჩვენი ხალხების საჭიროებებისთვის
,,ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემის მქონე საზოგადოებების მშენებლობაში, რაც თითოეულ მოქალაქეს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს. მნიშვნელოვანი გამოწვევისა და უზარმაზარი შესაძლებლობების მომენტში, დღეს როგორც არასდროს, დემოკრატიებისათვის მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს ჩვენი ხალხების საჭიროებებისათვის“, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისათვის გამოგზავნილ მოსაწვევ წერილში, რომელიც ვირტუალურ სამიტს ეძღვნება. მასში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოვა. სალომე ზურაბიშვილი ვირტუალური სამიტის მონაწილეებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით იმართება,10 დეკემბერს მიმართავს. სამიტი მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის ლიდერებს დემოკრატიის განახლებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად გააერთიანებს.
ხავიერ კოლომინა: რეგიონში გამოწვევების უმრავლესობის უკან რუსეთი დგას
შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ NATO შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქცევაზე რეაგირებს. „NATO ავითარებს შეკავების პოლიტიკას და მხარს უჭერს ალიანსის სამ მოკავშირეს, რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს. ასევე, აქტიური ჩართულობა გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან. მხარს ვუჭერთ თავდაცვის სფეროში რეფორმის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევას, სანაპირო დაცვას წვრთნების ჩათვლით, რაც სფეციფიკური მაგალითია, როგორ ვთანამშრომლოთ ბოლო წლების განმავლობაში. საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია NATO-სთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მაქსიმალურად ვეხმარებით საქართველოს, რუსეთის ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. NATO ხედავს არსებულ გამოწვევებს. რეგიონში არსებული გამოწვევების უმრავლესობის უკან რუსეთი დგას. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძალისხმევის ზრდა თავდაცვისა და შეკავების სფეროში. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აქვს NATO-ს, რომ უპასუხოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ეს თავდაცვითი ძალისხმევაა, რომელიც გვჭირდება რეაგირებისთვის, მზადყოფნისთვის“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. „როგორც აღვნიშნე, საქართველოს წვლილი შეაქვს ალიანსის ოპერაციებში. ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მადლობელნი ავღანეთის მისიაში მონაწილეობისა და ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.
მამუკა მდინარაძე ისტორიის სახელმძღვანელოზე: არ ვიცი, რა ეწყინათ. ის, რომ მეცენატად არის ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად, რომელი არ არის მართალი?
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი არ იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია. „შეგიძლიათ წაიკითხოთ სიტყვა-სიტყვით. რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა იმგვარად რუსულად, ოკუპანტის ენაზე, რომ თითქოს, განათლების სამინისტროს და სახელმძღვანელოს ავტორი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, ეს არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ ქვეყანას. რაც შეეხება ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერს, სახელმძღვანელოში ყველა პრეზიდენტზეა საუბარი და მასში ჩანაწერები პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს. მე არ ვიცი, რა ეწყინა ამ ხალხს. იქ ყველა პრეზიდენტზეა საუბარი, რაც ვნახე. პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს რომ ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით. ცენზურას ასევე არ უნდა ექვემდებარებოდეს, განათლების სამინისტროს რომელიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ შეფასებები იქნება. როდესაც ფაქტებია, ამ ფაქტებს ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ. არ ვიცი, რა ეწყინათ, ის რომ მეცენატად არის ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად. რომელი არ არის მართალი? მეცენატი არ იყო და არ არის, ქველმოქმედი არ იყო, თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში, „ისტორიული პროცესები გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივადაა აღწერილი და ის პროცესების შეფასების ნაწილს არ მოიცავს“. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, რომ „ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა“. „აჟიოტაჟის ატეხა არ მგონია, სწორი იყოს. შეფასება არც 2012 წლის მოვლენების და არც წინა პერიოდის მმართველობის არ ხდება. მხოლოდ ფაქტად არის მოყვანილი. ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა. ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ამაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. რეცენზენტები და შემფასებლები ამას შეაფასებენ. რაც შეეხება ფაქტობრივ უზუსტობებს, თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, მოგვმართოს და სახელმძღვანელოს განმეორებით ბეჭდვაზე წასვლისას გასწორდება. ჯერჯერობით ამ ისტორიის სახელმძღვანელოზე უზუსტობა არავის დაუფიქსირებია“, - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ისტორიის გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორები არიან: ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნათია ფირცხალავა („დიოგენე“), ასევე მზია სურგულაძე, ვლადიმერ კეკელია, რუსუდან ლაბაძე, შორენა მურუსიძე, მანანა ქურთუბაძე „ლოგოსპრესი“. ამავე თემაზე: რა წერია მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტს იწყებს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მეწყერმა მთის კალთა ჩამოშალა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე, მეწყერმა მთის კალთა ჩამოშალა, რამაც მესტია-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება გამოიწვია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბარჯასთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალულია. უსაფრთხოებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იცავს, ხოლო აღდგენით სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ასრულებს. სტიქიის ზონაში იმყოფება წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გზის ნაწილი სავარაუდოდ, გამთენიისას გაიხსნება.
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
15 წლის მოზარდის მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოვითხოვ, რომ გამოყენებული იყოს გირაო და ასევე, დამატებითი ღონისძიება, რომელსაც სასამართლო ჩათვლის მიზანშეწონილად“, - განაცხადა ამირან ხუციშვილმა საქალაქო სასამართლოსთან. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. „მან სრულად დეტალურად მისცა ამომწურავი ჩვენება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რას შეესწრო, რა ნახა და ასევე, თანხმობა გამოხატა, მონაწილეობა მიიღოს სხვა საგამოძიებო მოქმედებებში და მიაწოდოს გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია“, - განაცხადა ადვოკატმა ამირან ხუციშვილმა. ამავე თემაზე: თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებისკენ მოუწოდა
საიას ცნობით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებისა და იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. ამასთან, კომიტეტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2021 წლის ივლისის მოვლენებთან („ღირსების მარში“) დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოავლინოს მტკიცე პოლიტიკური ნება სიძულვილის დანაშაულთან საბრძოლველად და შეკრების თავისუფლების დასაცავად მკაფიო ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილის უმაღლეს დონეზე გადაცემის გზით. კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტი თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უსაფრთხოების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის გზით და შედეგების შესახებ მოახდინოს კომიტეტის ინფორმირება.
რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა
რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით იტყობინება. ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ ორ ადამიანს დაუდასტურდა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას გამოსცა განკარგულება, მთავრობამ მოამზადოს სამოქმედო გეგმა ახალ შტამთან საბრძოლველად. ამავე თემაზე: რით განსხვავდება „ომიკრონი“ კორონავირუსის სხვა შტამებისგან
FT: აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას
აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას. გამოცემა Financial Times-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ამერიკული დაზვერვის ანგარიშები აღწერს რუსეთის სამხედროების განლაგებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ, შესაძლო თავდასხმის მომზადების მტკიცებულებები/კრემლის ზრახვების ანალიზი, ორმხრივად და ერთობლივად გაუზიარეს NATO-ს წევრებს, ასევე გამოიყენეს ევროკავშირის დიპლომატიური არხები. NATO-ს 29 სხვა მოკავშირეს შორის გაზიარებული დოკუმენტებისა და დეტალების რაოდენობა ერთმა ოფიციალურმა პირმა აღწერა, როგორც „უკიდურესად ყოვლისმომცველი“. ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე ხვდებიან. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ სააგენტოს განუცხადა, რომ პრეზიდენტები თავად გადაწყვეტენ, რამდენ ხანს გაგრძელდება საუბარი. როგორც ცნობილია, ლიდერები განიხილავენ ჟენევაში, შვეიცარიაში, წინა შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხს, ავღანეთში, ირანში, ლიბიასა და სირიაში არსებულ სიტუაციებს, ასევე უკრაინის კრიზისს. რუსი ოფიციალური პირის თქმით, დღის წესრიგში შესაძლოა, იყოს ნავთობის ბაზარი, კლიმატის ცვლილება და COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე ხანგრძლივად ისაუბრებს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ
CNN-ი: აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს
აშშ-ის ოფიციალური პირები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტს განიხილავენ, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შეკავებაა. ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული ახალი სანქციების გამოყენებაზე და ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპელ პარტნიორებთან, რომელთაგან ბევრს აქვს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მოლაპარაკებების მიზანი კი მოქმედების კოორდინაციაა. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, პუტინის ახლო გარემოცვის გარდა, ის შეიძლება, შეეხოს ენერგომწარმოებლებსა და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან (საერთაშორისო გადახდის სისტემა) გათიშვას. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში. ამავე თემაზე: FT: აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ
არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. „სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა იყოს ორივე არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი და ამ ხნის განმავლობაში ორივე ბრალდებული იქნება პატიმრობაში”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა. 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი საფუძვლები და მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ ქმნის. მისივე თქმით, საქმე არასრულადაა გამოძიებული და არსებობს რიგი დარღვევები. „არის უფლება, რომელიც არასრულწლოვანისთვის მნიშვნელოვანი უფლებაა, ეს არის დაცვის უფლება, რომელიც დაირღვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. შესაბამისად, არის რიგი დარღვევები და არის არასრულად გამოძიებული საქმე, რომელმაც შეიძლება ბრალდება უკვე შეიყვანა შეცდომაში და ბრალდებულის სკამზე ზის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არ არის დამნაშავე იმ დანაშაულში, რომელზეც ბრალი წაუყენეს. დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებებს სასამართლოში და დაამტკიცებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახ მკვლელობა არასრულწლოვნის მიმართ არ ჩაუდენია“, - განაცხადა გოგა ბოგვერაძემ მედიასთან. ამავე თემაზე: 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრამდე ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის წინ ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს გამართავს. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 7 დეკემბერს შედგება. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე ხვდებიან. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.
რუსეთმა და ინდოეთმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
რუსეთმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 2021 წლიდან 2030 წლამდე, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. დოკუმენტს ხელი მოეწერა ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსა და რაჯნათ სინგის თანდასწრებით, 2+2 შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და სუბრამანიამ ჯაიშანკარი. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი შუგაევმა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხედრო შესყიდვების საკითხებში კანტ რაგმა. ამჟამად რუსეთსა და ინდოეთს რამდენიმე ორმხრივი პროექტი აქვთ. მათ შორის, ბრაჰმოსის უნივერსალური კომპლექსი, მეხუთე თაობის გამანადგურებლის ერთობლივი განვითარება (FGFA), სუ-30 თვითმფრინავების და T-90 ტანკების ლიცენზირებული წარმოება. 2019 წლის მარტში პარტნიორებმა ინდოეთში იარაღის ქარხანა გახსნეს. ინდოეთში ვიზიტით იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ეს პანდემიის განმავლობაში, პუტინის მეორე ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ.
აშშ-მ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა
შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში, პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შესახებ BBC იტყობინება. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ თამაშებზე ოფიციალური დელეგაცია არ გაიგზავნება ჩინეთის ადამიანის უფლებების შესახებ შეშფოთების გამო. მაგრამ აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სპორტსმენებს შეუძლიათ, დაესწრონ თამაშებს და მათ ექნებათ მთავრობის სრული მხარდაჭერა. ჩინეთმა ადრე განაცხადა, რომ ბოიკოტის შემთხვევაში კონტრ ზომებს მიიღებდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ თვეს განაცხადა, რომ თამაშების დიპლომატიური ბოიკოტის საკითხს განიხილავდა. დემოკრატმა და რესპუბლიკელმა დეპუტატებმა ბოიკოტისკენ მოუწოდეს, რასაც ისინი ჩინეთის ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტის საშუალებად განიხილავენ. შეერთებულმა შტატებმა უიღურების გენოციდში დაადანაშაულა. დაძაბულობა ასევე გაიზარდა იმის გამო, თუ როგორ მოქმედებდა ჩინეთი ჰონგ-კონგში თავისუფალი პოლიტიკური აქტივობების ჩახშობის მიზნით.
მედიის ცნობით, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯარის გაგზავნას განიხილავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში ჯარს გაგზავნის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ Guardian-ი იტყობინება. მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ასევე აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი დააწესებს ეკონომიკურ ზომებს, მოსკოვის გაფრთხილების მიზნით, ბაიდენისა და პუტინის მოლაპარაკებების წინა დღეს. „შეერთებული შტატები „დადებითად უპასუხებს“, თუ მისი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში მოითხოვენ მისი სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში“, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა 6 დეკემბერს. CNN-ი: აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს FT: აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას
კარლ ნეჰამერი ავსტრიის ახალი კანცლერია
ავსტრიის ახალმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ოფიციალურად დადო ფიცი და მოვალეობიშ შესრულებას შეუდგა. ავსტრიის სახალხო პარტიის (ÖVP) ხელმძღვანელობამ პარტიის ახალ ლიდერად შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი დაასახელა მას შემდეგ, რაც სებასტიან კურცმა ყველა პოლიტიკური პოსტი დატოვა. სებატიან რაც კურცმა, რომელიც ჩართული იყო კორუფციულ სკანდალში, განაცხადა, რომ ტოვებს პარტიის ლიდერის თანამდებობასაც.