ძებნის რეზულტატი:

ხავიერ კოლომინა: საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმის, მედიათავისუფლების და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულების მიმართულებით

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმის, მედიათავისუფლების და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულების მიმართულებით. ხავიერ კოლომინას თქმით, მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს მხრიდან რეფორმების გატარების ძალისხმევას. „NATO არის პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია, მაგრამ NATO-ს ღირებულებებია დემოკრატია და ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეს ფუნდამენტური საკითხებია. NATO-ს გაფართოების პოლიტიკა მიმართულია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ, განსაკუთრებით ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებში და უკანასკნელ წლებში, NATO-ს წევრობის პერსპექტივა გამოყენებული იყო რეფორმების დაჩქარებისთვის, რასაც ამ ქვეყნებისგან ვითხოვდით. ამან ძალიან პოზიტიურად შეუწყო ხელი რეფორმების დაჩქარების პროცესს და ინიციატივებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურდათ. ამან დიდი წვლილი შეიტანა ევროპის სტაბილურობასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. მისივე თქმით, საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიათავისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკურია. ამას ჰქვია წლიური ეროვნული პროგრამა ANP, რომელიც მოიცავს ყველა პოლიტიკურ ელემენტს. ჩვენ ძალიან ღია ვართ მეგობრებთან ურთიერთობებში და ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციას და იმ ფაქტს, რომ ბოლო ექვს თვეში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გამოიხატა შეშფოთება. ასევე, საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიათავისუფლებასთან და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. ხავიერ კოლომინას შეფასებით, NATO-სთან ინტეგრაციის პროცესები ნამდვილად რთულია ყველა პარტნიორისთვის. საბოლოოდ ჩვენ ვხედავთ, რომ NATO-სთან ინტეგრაციის პროცესები ნამდვილად რთულია ყველა პარტნიორისთვის. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს შეუძლია, ხელი შეუშალოს მთავრობას ძალიან საჭირო რეფორმების გატარებაში. ჩვენ სიტუაციას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ სიტუაციას თვალს და როგორც შეგვიძლია, მხარს ვუჭერთ ძალისხმევას. სწორედ ამიტომ ვინარჩუნებთ ახლო ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. მე ვნახე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გასულ კვირას და ამ საკითხებზე კვლავ ვესაუბრეთ. ღიად ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა მიაღწევს ისეთ პროგრესს, როგორიც ჩვენ გვსურს, ვიხილოთ. ეს ფუნდამენტური საკითხია. ეს NATO 2030-ის ფუნდამენტური საკითხია, ეს იქნება ახალი სტრატეგიული კონცეფციის ფუნდამენტური საკითხი“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებას საგანგაშოს უწოდებს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის შეფასებით, კახა ბექაურის, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადება მედიის რეგულირების დამატებითი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით, საგანგაშოა და ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს. „ქართულ მედიაში არსებული გამოწვევების დაძლევის რეალურ გზა კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება ნამდვილად არ არის, რაც ხელისუფლების ორგანოებს თუ მარეგულირებელს ზეგავლენის ახალ ბერკეტს მისცემს და კიდევ უფრო დაამძიმებს მედიაგარემოს. „ქართული ოცნება“ წლებია, მედიის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა, რაც ძირითადად კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული. შემთხვევითი არ არის, რომ შიდა დეზინფორმაციული კამპანიის თავდასხმის მთავარი ობიექტებიც სწორედ კრიტიკული ჟურნალისტები არიან. ჟურნალისტების დისკრედიტაციის და დაშინების არაერთი მაგალითი არსებობს. ხელისუფლება განაგრძობს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტს და მონაწილეობას არ იღებს მათ პოლიტიკურ გადაცემებში, რაც ხელს უშლის მედიას საქმიანობაში და მაყურებელს ართმევს შესაძლებლობას, გაეცნოს განსხვავებულ პოზიციებს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მედიის მიერ შესაძლო პროფესიული სტანდარტების გადაცდომაზე რეაგირების გზა არსებული თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ხელისუფლების და კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი სრულიად საპირისპიროა. იქმნება ე.წ. პარალელური ინსტიტუტები და, მაგალითად, გაცხადებული მიზნის საპირისპიროდ, როგორიცაა მედია წიგნიერების ხელშეწყობა, კომისია კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას ახორციელებს. დღევანდელი ქართული მედიაგარემო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, სადაც კრიტიკული მედიის მფლობელის, მენეჯერისა თუ ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური მოტივები, ათობით ჟურნალისტი ფიზიკური თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ტოტალური უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლების მხრიდან არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა ჯანსაღი მედიაგარემოს შესაქმნელად. სახელმწიფო უწყებების სრული პოლიტიზირებისა და მათზე მმართველი პარტიის ზეგავლენის ფონზე, საკანომდებლო ცვლილებები, რომელიც მარეგულირებელს ან სხვა სახელმწიფო უწყებას დამატებით ბერკეტს მისცემს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადებით მედიასივრცეში არსებობს პოლარიზაცია და ცალკეული მედიები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, რასაც კანონმდებლობა არ არეგულირებს. ამან კი, ბექაურის განმარტებით, ტელევიზიებს საშუალება მისცა, ფაქტები დაამახინჯონ და არ აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც მედიის მიერ მაყურებლების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს და ამით ქვეყანაში „ეს ტემპერატურა დაცხრება“.

გიორგი ვოლსკი: გეგონება, ჩრდილოეთ კორეაში ვართ, მოდი, სააკაშვილი გამოვუშვათ და შევრიგდებით - არც კონსტიტუცია არსებობს და არც კანონი?

„2024 წელს არის არჩევნები და ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გამოყვანა, არაკონსტიტუციურია. „ჰიპოტეტურად წარმოვიდგინოთ, ვთქვათ უკეთესია სააკაშვილის გარეთ გამოშვება და საზოგადოება, ვისაც არ უნდა, რომ ის გარეთ გამოვიდეს, ვითომ აღარ არსებობს, მთელი საქართველო ითხოვს, რომ გამოუშვით. ჩვენ შევიკრიბეთ, პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, გეგონება იქ ვართ, ჩრდილოეთ კორეაში, მოდი გამოვუშვათ. ე.ი. აღარაფერი აღარ არსებობს, არც კონსტიტუცია, არც კანონი. გამოვუშვათ და ახლა შევრიგდებით. აი, თქვენ გგონიათ ეს უკეთესია, ვიდრე ის, რასაც კანონის აღსრულება ჰქვია?! თვითონ „ნაცმოძრაობაში“ ისეთი დაბნეულები არიან, რომ ვერ შეუსაბამეს ერთმანეთს, აბა რა თქვან?! ხომ არ იტყვიან - გამოუშვით, მას ასე უნდა, დაიღალა, ამის დრო სად აქვს, რომ ციხეში იჯდეს. აღმოსავლეთ ევროპის ლიდერია, ვაშინგტონია, დავით აღმაშენებელი და ლუარსაბ მეფე მოიგონა კიდევ ბოლოს. სწორია ის, რასაც მელია ამბობს, ამას უჯერებს ის ხალხი, რაოდენობა, რომელიც ასე არ ფიქრობს?! ანუ, სამოქალაქო ომის დაწყებას აანონსებს თუ რის საფუძველზე? 2024 წელს არის არჩევნები და ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მოსკოვმა რუსეთიდან საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს

მოსკოვმა, უახლოეს პერიოდში, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელიც მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს „ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე“, დარიცხული განაცდენი პროცენტებით ევროსაბჭოს საბანკო ანგარიშზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აღნიშნეს, რომ რუსეთი დათანხმდა, ხელი მოეწერა შესაბამის მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, თუმცა, ხელი ჯერ არ მოუწერია. ადამიანის უფლება ევროპულმა სასამართლომ მოსკოვს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა. ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ 2 300-ზე მეტი ქართველი დააკავა და 2006 წლის სექტემბრის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში გამოაძევა. ასობით ადამიანი თბილისში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს. საქართველო აცხადებდა, რომ ამგვარი ქმედება თბილისში 2006 წლის სექტემბერში ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლების შურისძიება იყო. რუსეთი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რაიმე შურისძიებას უარყოფდა, აცხადებდა, რომ ეს უკანონო ემიგრაციის წინააღმდეგ მისი სტანდარტული პოლიტიკის გაგრძელება იყო. სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვასთან, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან, სამართლიანსასამართლო განხილვის უფლებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებასთან მიმართებით.

საშობაო წვეულებაზე დასწრების შემდეგ, ესპანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს 70-მდე თანამშრომელს COVID19 დაუდასტურდა

ესპანეთში, საშობაო წვეულებაზე დასწრების შემდეგ, ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების 70-მდე ექთანსა და ექიმს COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ უცხოური მედია ესპანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. ანდალუსიის რეგიონული მთავრობის ცნობით, COVID19-ით ინფიცირებულია მალაგას საუნივერსიტეტო რეგიონული ჰოსპიტლის 68 მედიკოსი. ინფექციის წყარო ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა რეგიონული ხელისუფლება აღნიშნავს, რომ 68-ვე მედიკოსი პირველ დეკემბერს საშობაო წვეულებას ესწრებოდა, სადაც სულ 173 ადამიანი იმყოფებოდა. წვეულებაზე დასწრებამდე ყველა მედიკოსს გაკეთებული ჰქონდა ანტიგენტესტი ან ვაქცინის ბუსტერდოზა. ინფიცირების კიდევ ერთ შესაძლო წყაროდ ხელისუფლება საავადმყოფოს პერსონალისთვის მომზადებულ სადილს განიხილავს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იორდანიასა და ტანზანიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აშშ-ის მოქალაქეებს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იორდანიასა და ტანზანიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ამჟამად 83 ქვეყანა აქვს შეტანილი სამოგზაუროდ „ძალიან მაღალი რისკის“ ქვეყნებში. მიმდინარე კვირის დასაწყისიდან აშშ-ში საერთაშორისო საჰაერო გზით ჩასულმა მგზავრებმა ბოლო ერთი დღის განმვლობაში გაკეთებული ნეგატიური კოვიდტესტი უნდა წარადგინონ. აქამდე მოქმედი რეგულაციებით, აშშ-ში საჰაერო გზით ჩასულ ვაქცინირებულ საერთაშორისო მოგზაურს უნდა წარედგინა ბოლო სამი დღის განმავლობაში გაკეთებული ტესტის პასუხი. ამასთან, 29 ნოემბრიდან აშშ-ში აიკრძალა რვა სამხრეთაფრიკული ქვეყნიდან მოგზაურების ჩასვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო: პეკინის ოლიმპიადის მიმართ აშშ-ის ბოიკოტი პოლიტიკური მანიპულაციაა

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო აცხადებს, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მიმართ შეერთებული შტატების ბოიკოტი „პოლიტიკური მანიპულაცია“ და „ყოყოჩური ქმედებაა“. „არავის აინტერესებს ეს ხალხი მოვა თუ არა და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებაზე,“- აღნიშნა საელჩოს პრესსპიკერმა. მისი თქმით, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის მიწვევა არ გაუგზავნიათ და "ასე რომ ეს დიპლომატიური ბოიკოტი უბრალოდ არსაიდან მოდის". შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აშშ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და ოლიმპიადაზე მთავრობის წარმომადგენლებს არ გააგზავნის.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 59 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 328 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 042 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 328 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 011 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 317 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 871 580-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის - 8.52% ხოლო 7 დღის - 8.13%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 042 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 813 872-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 466 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 804, ქვემო ქართლი - 269, შიდა ქართლი - 343, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 366, კახეთი - 258, მცხეთა-მთიანეთი - 148, სამცხე-ჯავახეთი - 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 216 საიდანაც: 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 602, აჭარაში - 530, იმერეთში - 1 373. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 681 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 613, აჭარაში - 132, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პაციენტი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 39, იმერეთში - 32. 1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 278 - აჭარაში. 37 536 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 779 ადამიანი.

გიორგი ღიბრაძე: საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოც განაცხადა. არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს, „რა მოხდა საბჭოზე, არ მაქვს პასუხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება - ხოლმე,“- განაცხადა ღიბრაძემ.

გიორგი ღიბრაძე: ღამის კლუბებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა კლუბების მუშაობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული. „რაც შეეხება ღამის კლუბებს, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რათა ერთი მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს. რა თქმა უნდა, უნდა ელოდონ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს. როგორც კი შეჯერდება პოზიციები ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის კუთხით, მაშინვე გამოქვეყნდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

კენიაში პოლიციის ოფიცერმა 6 ადამიანი მოკლა

კენიაში პოლიციის ოფიცერმა 6 ადამიანი მოკლა, მათ შორის საკუთარი ცოლი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის თქმით, პოლიციის ოფიცერმა, ბენსონ იმბასიმ ავტომატური იარაღის გამოყენებით ჯერ საკუთარი ცოლი მოკლა, შემდეგ ქუჩაში გავიდა და შვიდ ადამიანს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამ ეტაპზე, ადგილობრივი პოლიცია მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს.

ბაიდენისა და პუტინის ვიდეოშეხვედრამდე, ენტონი ბლინკენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა დაუდასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენის მოლაპარაკებების წინ ვლადიმერ პუტინთან, მდივანმა ბლინკენმა კვლავ დააფიქსირა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, მხარეები შეთანხმდნენ დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობასა და უკრაინის სუვერენიტეტის სრულად აღდგენაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმზე. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების მადლიერია. „შევთანხმდით, განვაგრძოთ ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება. ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწვეტი მხარდაჭერისთვის, შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების მადლიერი ვართ“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბაიდენისა და პუტინის ონლაინ შეხვდრა 7 დეკემბერს იმართება. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრამდე ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს CNN-ი: აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს FT: აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას

გიორგი ღიბრაძე: ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ ცეკვა აკრძალულია

"ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რათა ერთი მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს. რა თქმა უნდა, უნდა ელოდონ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს. როგორც კი შეჯერდება პოზიციები ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის კუთხით, მაშინვე გამოქვეყნდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბმა მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. კლუბი ჯარიმას ასაჩივრებს და გახსნის ნებართვას ითხოვს.

ვლადიმერ პუტინთან ვიდეოშეხვედრამდე, ჯო ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიდეოშეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოლაპარაკება გამართეს. ლიდერებმა საერთო შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებისა და რუსეთის მზარდი მკაცრი რიტორიკის გამო. მათ რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს და შეთანხმდნენ, რომ დიპლომატია, განსაკუთრებით „ნორმანდიის ფორმატი“ ერთადერთი გზაა დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმებების განხორციელების გზით. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მათ გუნდებს მჭიდრო კავშირი ექნებათ, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან და კონსულტაციებს გამართავენ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომის შესახებ“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრა 7 დეკემბერს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ მხოლოდ ერთხელ, 2021 წლის ივნისში, ჟენევის სამიტის დროს შეხვდნენ. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ

იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა. სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. „კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები – ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა, მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი – გაასაჯაროვეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის), „გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) და ასევე, „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტების დარღვევით. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების რამდენიმე ფაქტს სწავლობდა. კერძოდ, სამსახურმა შეისწავლა 2021 წლის 8 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 10 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ მონაცემების გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 5 და 6 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 6 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ფოტო (რომელზეც ასახული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული საკვები დანამატები) და ვიდეომასალის (რომელზეც აღბეჭდილი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები) მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 8 და 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მიხეილ სააკაშვილის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება. ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ყველა შემთხვევასთან მიმართებით განმარტეს, რომ მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზი მაღალი საჯარო ინტერესი იყო, ვინაიდან ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია მისი უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ. ამასთან, საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, არსებობდა ძალადობრივი ხასიათის მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ასევე, ზიანს აყენებდა პენიტენციური დაწესებულების რეპუტაციასა და იქ განთავსებული სხვა პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს. შესაბამისად, საჭირო იყო საზოგადოებისთვის იმის დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იდგა საფრთხის ქვეშ და სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებდა კანონმდებლობის დაცვით. მაღალი საჯარო ინტერესის საფუძვლით, პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერების შეფასებისას, სახელმწიფო ინსპექტორმა იხელმძღვანელა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ინსტრუმენტებით, მხედველობაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკა და განმარტა, რომ მართალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, უნდა შეეფასებინათ რამდენად იყო ეს ინტერესი ლეგიტიმური და რამდენად პროპორციული და ადეკვატური იყო, ასეთი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროება და გასაჯაროებისთვის გამოყენებული საშუალებები“, – აცხადებენ უწყებაში. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეაფასა და დაადგინა. „მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტების (ნატურალური წვენების, თაფლის) შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 8 ოქტომბერს) გასაჯაროებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის) და „გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების ფონზე, საზოგადოებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ინტერესი ნამდვილად არსებობდა. თუმცა, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენდა არა მის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების სახეობა და რაოდენობა, არამედ ინფორმაცია – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ შედეგებზეც, რაც აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა უკან დააბრუნა შეძენილი პროდუქტები და შეწყვიტა საკვები დანამატების მიღება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ისიც, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მასთან დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ვინაიდან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში, გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვეოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხის მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების შესახებ დაცულ ინფორმაციას. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 10 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების (წნევის, პულსის, სატურაციის, გლუკოზის მონაცემების) შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება იყო კანონიერი. იმ პირობებში, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების თაობაზე და მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საზოგადოების ინფორმირებისთვის გამოყენებული საშუალება – მიხეილ სააკაშვილის ნორმაში არსებული სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება – მიჩნეულ იქნა ლეგიტიმური საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების პროპორციულ საშუალებად. მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 5 და 6 ნოემბერს) გასაჯაროებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსმა (რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა საკვებს, რომელიც არ იყო სამედიცინო დანიშნულების) საზოგადოების ნაწილში შექმნა მცდარი აზრი მისი მოჩვენებითი შიმშილობის შესახებ, მაშინ როდესაც, საპირისპირო დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით – ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეწყვეტილი არ ჰქონდა და კონსილიუმის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, იგი სამედიცინო პუნქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით, ექიმების მეთვალყურეობით, იღებდა სხვადასხვა სახის წვენებსა და პიურეებს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვები დანამატების მიღების შესახებ, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, იმ მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე, რომ აღნიშნული ხორციელდებოდა ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციით, ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად. მით უფრო, იმ წინასწარ განჭვრეტადი შედეგის გათვალისწინებით, რაც გამოიწვია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ – მოშიმშილე პირმა (მიხეილ სააკაშვილმა) უარი განაცხადა ყოველგვარი საკვები დანამატის მიღებაზე, რამაც შექმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ პაციენტის შესახებ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, აყალიბებს უნდობლობას პაციენტსა და სამედიცინო მუშაკს შორის, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია სათანადო მომსახურების გასაწევად. მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალის (2021 წლის 6 ნოემბერს) გასაჯაროებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ოთახში (სადაც გადაღებულია გავრცელებული ვიდეოჩანაწერი) ვიდეოთვალთვალი და აღნიშნულ სივრცეში ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნები (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უსაფრთხოება და საკუთრების დაცვა) მიჩნეულ იქნა კანონიერად. რაც შეეხება ზემოაღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროებას, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა არ მიუთითებდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სამედიცინო მომსახურების ხარისხში. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ოთახში ექიმის მეთვალყურეობით, კონსილიუმის რეკომენდაციის შესრულების ამსახველი ფაქტებისა და ფოტომასალის გასაჯაროება. ამასთან, ფოტოსურათისა და ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმ კონტექსტში, რომ ეს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველ უტყუარ მტკიცებულებას, იმ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გარეშე, რომ მათი მიღება იყო რეკომენდირებული ექიმების მიერ და ნებადართული შიმშილობის დროს, აჩენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მოჩვენებითი შიმშილობის განცდას, რაც როგორც უკვე აღინიშნა, არ წარმოადგენდა ობიექტურ ინფორმაციას. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ისიც, რომ სამედიცინო ოთახში მოხვედრილ პირს, სამედიცინო ხასიათის პერსონალური მონაცემების განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით, აქვს ასეთ სივრცეში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობისაგან დაცულობის სამართლიანი მოლოდინი. გარდა ამისა, პირის ფოტო-ვიდეოგამოსახულება განსაკუთრებით არის დაცული პირადი ცხოვრების უფლებით. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებშიც, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეეძლო პირადი ცხოვრების სხვა, ნაკლებ შემზღუდავი საშუალებით. სახელმწიფო ინსპექტორმა, ყურადღება ასევე გაამახვილა ვიდეოჩანაწერისა და ფოტომასალის შინაარსის მნიშვნელოვან დეტალებზე. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ასახულია პრივატულ ფორმაში. ფოტოსურათზე კი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტავს, ასახულია მის მიერ მიღებული საკვები დანამატები – გარკვეული ხილფაფები და პიურეები, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება ბავშვთა საკვების სახით. ამ გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმა და შინაარსი საზოგადოებაში ქმნიდა არასწორ განცდას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მოჩვენებითი ხასიათის შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად. მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის (2021 წლის 8 და 11 ნოემბერს) გასაჯაროებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომონიტორინგი №12 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში კანონიერად იქნა მიჩნეული, ვინაიდან იგი ხორციელდებოდა კანონით დადგენილი წესით და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მონაცემთა სუბიექტი. თუმცა, გამოვლინდა გარკვეული ნაკლოვანება რეანომობილში აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინფორმირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღქმადი იყო აუდიო-ვიდეო გადაღების ფაქტი და აღნიშნულთან დაკავშირებით მას არ გამოუთქვამს პრეტენზია, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჩაწერის დაწყებამდე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ ვის მიერ და რა მიზნით ხდებოდა აუდიო-ვიდეოჩაწერა. რაც შეეხება ზემოაღნიშნული კადრების გასაჯაროებას, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი იძულებით შესახლებისა და რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით. შესაბამისად, ბუნდოვანია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა და რატომ იყო აუცილებელი ამ სახის ინფორმაციის გავრცელება. №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორმა განმარტა, რომ მისი პოლიტიკური სტატუსის (საქართველოს მესამე პრეზიდენტი), ცნობადობის, მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ), ვიდეოჩანაწერის შინაარსისა (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს იგი ხელში აწეული, იძულებით გადაჰყავთ წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში) და გასაჯაროების წინასწარ განჭვრეტადი შედეგების (აღნიშნული კადრები გავრცელდა მედიაში (და არა მხოლოდ საქართველოში) გათვალისწინებით, მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად. ღირსების უფლება განამტკიცებს იმგვარ წესრიგს, რომელშიც მთავარი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. კონფლიქტი ღირსების უფლებით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, იმთავითვე და უპირობოდ უნდა გადაწყდეს ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. შესაბამისად, რეანომობილის პენიტენციური დაწესებულების კორპუსთან გაჩერების, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო ტექნიკის დაზიანებისა და დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების დემონსტრირებისთვის, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ჩანაწერის გასაჯაროება და ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება, ვერ იქნება განხილული კანონიერი მიზნით მონაცემების დამუშავების შემთხვევად, ასევე, რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისათვის გამოყენებულ პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კანონიერი მიზნის მიღწევის თანაზომიერ და ადეკვატურ საშუალებად არ იქნა მიჩნეული ასევე რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიო-ვიდეოგადაღების თაობაზე მიხეილ სააკაშვილი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული. სახელმწიფო ინსპექტორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ რეანომობილში მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, სადაც მონაცემთა დაცულობის მოლოდინი ბევრად მაღალია. ამასთან, 2021 წლის 09 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უკვე დაწყებული იყო გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. შესაბამისად, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული გამოძიების და არა ცალკეული აუდიო-ვიდეოჩანაწერის მიმართ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), მას სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ „ფეისბუქის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

ბოლო 24 საათში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 194 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 194 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 251 150 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 205 262 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 42.4%. ამასთან, სრულად ვაქცინირებულია 1 023 779 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.8%.

სოზარ სუბარი: სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს იმ მოღალატეთა სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა

"სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს იმ მოღალატეთა სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია", - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა. რაც შეეხება კონკრეტულად ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილ ჩანაწერს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, საკითხის შეფასებისას სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ივანიშვილი არის მეცენატი და ერთი ადამიანი ამაზე დიდ საქმეს ვერც ერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს. „ისტორიკოსი ვარ, ეს არის მეცნიერება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, მას 900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი და აღდგენილი. ერთი ადამიანი ამაზე დიდ საქმეს ვერც ერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს. როცა ვსაუბრობთ იმაზე, სახელმძღვანელოები მოგვწონს თუ არა, რა თქმა უნდა, არ მომწონს, რადგან ისტორიის სახელმძღვანელო ყველაფერს უნდა ასახავდეს - დადებითსაც და უარყოფითსაც. ჩვენ არ გვეცოდინებოდა, სერგო ორჯონიკიძის სახელი, კახაბერ ყორღანაშვილის და სხვა მოღალატეების სახელები, რომ არა, ისტორია. ისტორია მხოლოდ გმირებს არ იცნობს, იცნობს, მოღალატეებსაც. ამიტომ, ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს იმ მოღალატეების სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, საქართველოს ტერიტორიების 22 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია. სტრასბურგში არა მხოლოდ ის დააბრალეს საქართველოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, არამედ დააბრალეს, რომ საქართველომ საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაარღვია და გამოიყენა აკრძალული იარაღი, მათ შორის კასეტური ბომბი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს ეს დააბრალეს სტრასბურგის რეზოლუციაში. „ქართული ოცნების“, თეა წულუკიანის და მისი გუნდის დაუღალავი შრომა რომ არ ყოფილიყო, სტრასბურგის სასამართლოს ვერ მოვიგებდით, იმდენად მძიმე დოკუმენტი იყო დადებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს. ისტორიის სახელმძღვანელოში ეს უნდა შედიოდეს ყორღანაშვილის, ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეების მსგავსად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოში „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება. ბუსტერდოზად შესაძლებელია, გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა. კოვიდვაქცინის ინაქტივირებული ვაქცინებით (Sinopharm-ი, Sinovac-ი“) აცრილებისთვის „ბუსტერ“ დოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით. „კოვიდვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ხავიერ კოლომინას პოზიცია ინიციატივაზე, საქართველო ალიანსში გაწევრიანდეს დათქმით, რომ NATO-ს მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას ინიციატივა, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს დათქმით, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, შეუძლებლად მიაჩნია. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ მისი პასუხი ამ ინიციატივაზე არის - ცალსახად არა. „რაც შეეხება NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადებას, ჩემი პასუხი ცალსახაა - არა. არ მგონია, რომ ეს ვარიანტი შეიძლება, არსებობდეს. სიმართლე ვთქვა, არც კი ვფიქრობ, რომ ეს ამჟამინდელ გარემოებებში სასარგებლო იყოს. NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლითაც არაერთხელ მივმართეთ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ მეტოქეებსაც“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ. NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში პროგრესს ისურვებდა. ხავიერ კოლომინამ ეუთოს მინისტერიალზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და მის მოადგილეს ლაშა დარსალიას. „ვისაუბრეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის საჭიროებაზე. გვჯერა, რომ უნდა ვეძებოთ კონფლიქტის მოგვარების საერთო და არა მოკლევადიანი გზები. ეს ჩვენი პოლიტიკა არ არის. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უნდა სცენ პატივი და ეს არის NATO-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. ცნობისთვის, NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმა გულისხმობს მის თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. შეგახსენებთ, 2009-2014 წლებში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში სწრაფად გასაწევრიანებლად შეუძლია, დროებით უარი თქვას ალიანსის მეხუთე პუნქტის მის ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებაზე. ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს „მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ მოწყობილ თბილისის მეხუთე საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 2019 წელს ეწვია, რომლის დროსაც განაცხადა: შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება: უღირს თუ არა საქართველოს გახდეს NATO-ს წევრი, მაგრამ იმ დათქმით, რომ დროებით, NATO-ს ქარტიის მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, თქვენს დე-ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდეს. ეს გულისხმობს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღესდღეობით აკონტროლებს საქართველოს მთავრობა. ეს ბევრს შეიძლება ჩახლართულ საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი უკვე გვაქვს NATO-ში - 1955 წელს აღმოსავლეთ გერმანიას (გდრ) NATO-ში გაწევრების უფლება არ მიეცა, მაშინ როცა დასავლეთ გერმანია გახდა NATO-ს წევრი. მეხუთე მუხლი არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე, ვიდრე გერმანია არ გაერთიანდა. ზუსტად იგივე შეიძლება, გაკეთდეს საქართველოს შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებით.

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს" პარტია დაარეგისტრირა

7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტია -„კონსერვატიული მოძრაობა" დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება არის დათარიღებული. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა. საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ წევრების პარტიის რეგისტრაცია 26 ნოემბერს დაახარვეზა. ასევე წაიკითეთ: პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით ცნობისათვის, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. ზურაბ მახარაძისთვის ბრალის წარდგენის მოთხოვნით სახალხო დამცველმა პროკურატურას სექტემბერში მიმართა. დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფის გამოყოფას. 5 ივლისს, 50-ზე მეტი ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანების გამო, ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში 27 პირი რჩება, თუმცა აქციის ორგანიზატორებისა და დაზარალებულების თქმით, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 5 ივლისს მომხდარის გამო, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული შეფასება გავრცელდა. ამავე თემაზე: სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ-ინფოზე“: კონსტიტუციის მიხედვით, მისი აკრძალვა შესაძლებელია. ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია შალვა პაპუაშვილი „ალტინფოს“ გაუქმებაზე საუბარს ფარისევლობად მიიჩნევს