ძებნის რეზულტატი:

ხავიერ კოლომინა: გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით, ჟენევის დისკუსიების კონტექსტში პროგრესს ვისურვებდი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით, ჟენევის დისკუსიების კონტექსტში პროგრესს ისურვებდა. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დრო ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ უნდა ვეძებოთ კონფლიქტის მოგვარების საერთო და არა მოკლევადიანი გზები. ხავიერ კოლომინამ ეუთოს მინისტერიალზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და მის მოადგილეს ლაშა დარსალიას. „ვისაუბრეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის საჭიროებაზე. გვჯერა, რომ უნდა ვეძებოთ კონფლიქტის მოგვარების საერთო და არა მოკლევადიანი გზები. ეს ჩვენი პოლიტიკა არ არის. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უნდა სცენ პატივი და ეს არის NATO-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. რაც შეეხება თავად დისკუსიებს, ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას შეფასებით, რეგიონში არსებული რთული ფონის გათვალისწინებით, მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი, რომელიც 7 დეკემბერს იმართება, არ იქნება მარტივი. ლაშა დარსალია სატელევიზიო მედიასთან აღნიშნავს, რომ რუსეთი მუდმივად ახდენს ჰუმანიტარული საკითხებით ზეწოლას უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებების პროცესს. მისივე თქმით, საქართველოს სიძლიერე საერთაშორისო მხარდაჭერაშია. „იქნება ეს უკანონო ბორდერიზაცია, უკანონო დაკავებები, ეთნიკური ნიშნით შეზღუდვა სხვადასხვა მიმართულებით; მშობლიური ენის შეზღუდვა თუ გადაადგილების შეზღუდვა და სხვა, ეს ყველაფერი სინამდვილეში ემსახურება ერთ მიზანს, რაც შეიძლება დიდი იყოს ზეწოლა ქართულ დელეგაციაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ მძიმე ფონიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების პროცესი იქნება საკმაოდ რთული“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ. ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. ამავე თემაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრო: სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები. ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა

Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრილებისთვის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით იქნება შესაძლებელი

კოვიდვაქცინის ინაქტივირებული ვაქცინებით (Sinopharm-ი, Sinovac-ი“) აცრილებისთვის „ბუსტერ“ დოზა უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით. „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომელი ვაქცინებითაა შესაძლებელი ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება. „პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს Sinopharm-ის, Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინა. 60 წელს გადაცილებულები, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ით და Sinovac-ით, ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

პარლამენტში, ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტში ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სიმბოლური ლენტი პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა გაჭრეს. „მარო მაყაშვილი პირველი ქალია, ვისაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და სიმბოლურია, რომ პარლამენტში მისი სახელობის დარბაზს ვხსნით, რომელიც თაობებს დარჩება“,- ამის შესახებ კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მარო მაყაშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, არის სიმბოლო, თუ როგორ უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართეს შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლელა აქიაშვილმა საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა ისტორიული დისკურსი წარმოადგინა. ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს საჯარო ლექცია თემაზე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემა და მისი გავრცელება საქართველოში.

კონგრესმენი სმიტი: ძალიან გვაღელვებს რეგიონში რუსული აგრესია და გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსეთის შეკავების მიზნით

ამერიკელმა კონგრესმენებმა ქართულ მხარესთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ყველაზე ერთგული და სანდო პარტნიორი რეგიონში და შესაბამისად, ამერიკის ინტერესებში შედის ძლიერი საქართველო, რომელსაც შესწევს უნარი, რომ დასავლური ღირებულებები დაიცვას რეგიონში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენ ადამ სმიტთან და კონგრესმენ ჯონ გარამენდისთან. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში უფრო ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით გადადგას. შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაში, ასევე უკრაინაში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებას. ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საჭიროებაზე. აღინიშნა, რომ აშშ მზად არის საქართველოსთვის დახმარების გასაწევად. შეხვედრებისას, ასევე, მიმოიხილეს სხვადასხვა გზა ამ დახმარების აღმოსაჩენად. „საქართველო შეერთებული შტატების ძლიერი მოკავშირეა, რომელიც დაგვეხმარა ავღანეთში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონულ პრობლემებზე. გვსურს ამ პარტნიორობის შენარჩუნება და გაძლიერება. ძალიან გვაღელვებს რეგიონში რუსული აგრესია და გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსეთის შეკავების მიზნით და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ სმიტმა. მისი განცხადებით ყველა ევროპელი მოკავშირე და შეერთებული შტატები უნდა გაერთიანდენ და ერთად შეეცადონ რუსეთის შეკავებას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თემაზე ისაუბრეს. „ხაზი გაესვა წევრობის პროცედურის დაჩქარების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ კონგრესმენებს სთხოვეს, მეტი ძალისხმევა გასწიონ იმისთვის, რომ საქართველო NATO-ში მალე გაწევრიანდეს, რაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და შეიძლება ითქვას, ერთადერთი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია რუსეთის მავნე ქმედებები შეაჩეროს. პარლამენტის წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ანექსიის მიმართულებით რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ს კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელობასთან. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი“, - აღნიშულია პარლამენტის ინფორმაციაში.

უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი: რუსეთის შესაკავებლად NATO-მ უკრაინაში როტაციის საფუძველზე ჯარი უნდა შეიყვანოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-ს სხვა მოკავშირეებმა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად უკრაინაში როტაციის საფუძველზე ჯარები უნდა განათავსონ. ამის შესახებ უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-მ უფრო მეტი საბრძოლო შეიარაღება უნდა მისცეს უკრაინას. „ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ პუტინსა და მის მრჩევლებს იმდენად მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ, რომ დაუშვებლად ჩათვლიან ასეთ აგრესიას. ვფიქრობ, რომ ეს არის საშუალება იმ სამხედრო მოქმედებების შესაკავებლად, რომელიც ასე გარდაუვალი ჩანს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, ჯონ ბოლტონი, ერთ-ერთია იმ მოქმედ და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც ვაშინგტონის სანქციების პასუხად, რუსეთმა 2021 წლის აპრილში რუსეთში შესვლა აუკრძალა. ბოლტონს დონალდ ტრამპის მრჩევლის პოსტი 2018-2019 წლებში ეკავა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი: საქართველოში მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტია - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის, ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას აფასებს. Facebook გვერდზე განთავსებულ ტექსტში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. „მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ, 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ”, - წერს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა. სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები „ეროვნული შეგირებისკენ“ ექსპრეზიდენტ სააკაშვლის მოწოდებაზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეროვნული შეგირებისკენ, პოლიტიკოსები, მათ შორის მმართელი პარტიის წარმომადგენლები აფასებენ. „ქართული ოცნება“ შერიგებაზე საუბარს მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აღიქვამს. ოპოზიცია კი სიძულვილის ენის და პოლარიზაციის დასასრულებლად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. „არსებობს კანონი, კონსტიტუცია და პოზიციები ამის ირგვლივ უნდა ჩამოყალიბდეს, რეალურად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ ამ შერიგების ფორმატში დამნაშავე სააკაშვილი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, ეს არის ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიჰყვება თავისი გეგმების სარეალიზაციოდ, და სულ არ აინტერესებს საზოგადოებაში რა მდგომარეობა იქნება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. „როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია“ - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ „შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ამის ნიშანწყალი კი არ ჩანს“. „მით უმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ. ამის რესურსი მათ რომ ჰქონოდათ უმძიმეს დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს და შემდეგ 9 წლის განმავლობაშ ოპოზიციაში ყოფნის დროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ არ იცის, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება, რადგან სხვა პარტიას წარმოადგენს და შერიგებასა და შეთანხმებაზეც ალბათ, განსხვავებული მოსაზრებები ექნებათ. „შეიძლება, ჩვენ უცებ ერთმანეთი ვერ შევიყვაროთ და მოლოდინი არც მაქვს, რომ ადამიანი, რომელიც მსხვერპლად მიიჩნევს თავს, უცებ შეიყვარებს და აპატიებს მოძალადეს, არც მოძალადეს უნდა ჰქონდეს, ალბათ, ამის მოლოდინი, მაგრამ ჩვენ ძირითად პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ძირეულ პრინციპებზე. უპირველესად იმაზე, გვინდა თუ არა სახელმწიფო ვიყოთ, ამ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და ადამიანების ბედს წყვეტდნენ სახელმწიფო ინსტიტუციები და არა კონკრეტული ადამიანები, თუნდაც ლიდერები. შეთანხმება არის პირველი და ყველაზე საჭირო ნაბიჯი, შეიძლება მსხვერპლი და დამნაშავე ვერ შერიგდეს, ძალიან განსხვავებული წარმოდგენები შეიძლება, გვქონდეს მათ შორის უახლესი ისტორიის ფაქტებზე, მაგრამ თუ გვინდა, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო და საზოგადოება ვიყოთ, ძირითად იმ პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, რომლის ირგვლივაც გვინდა სახელმწიფომ იარსებოს. სხვა სახელმწიფოებში ასეთი შეთანხმება არის კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ მანკიერი ტრადიცია გვაქვს, როცა ქვეყანაში არცერთხელ კონსტიტუციის მიღება თუ გადახედვა ეროვნული კონსესუსის საგანი არ გახდა. ამიტომ, მე შეთანხმებით დავიწყებდი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაზე ვთანხმდებით, რა მიზნით და ვისთან ვთანხმდებით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შერიგების იმედი არ აქვს და ამ კუთხით ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს. ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ აქამდე ბევრი სხვა ნაბიჯია გადასადგმელი - პირველი ნაბიჯი კი უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა. „შექმნილი ატმოსფეროდან, „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან გამომდინარე, რა განცხადებებს აკეთებს ხელისუფლება, რა შიშები აქვს, რა დღის წესრიგი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე არ მაქვს ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ და მოხდება შერიგება. ვფიქრობ, აქამდე ძალიან ბევრი სხვა ნაბიჯია გადასადგმელი. „ქართულ ოცნებას“ მართლაც რომ სურდეს დეესკალაცია, ორპოლუსიანობის შეცვლა, ზიზღის და სიძულვილის ენის შეწყვეტა, პირველი ნაბიჯი გადასადგმელი, ეს არის უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც უკვე შეთანხმებულია. ოპოზიციური მხრიდან უკვე გაკეთებული გვაქვს განცხადება, რაც არ უნდა ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ ჩვენი კოლეგები, ყველანი ვაცხადებთ მზაობას, რომ კენჭისყრაზე სასესიო დარბაზში ყველა იქნება. ეს არის ნიშანი, რომ ოპოზიცია მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის, ხოლო „ქართული ოცნება“ უპირისპირდება ამას, შერიგება იქნება ეს თუ შეთანხმება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. ცნობისთვის, 6 დეკემბერს, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა Facebook-ზე განთავსებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, - წერდა მიხეილ სააკაშვილი. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება იქნება. დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შენობების თანამედროვე და უსაფრთხო ნაგებობებით ჩანაცვლდება. „ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების ჩანაცვლება-განახლება თანამედროვე, უსაფრთხო და ქართული არქიტექტურული შენობებით მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს. აქ საუბარია ე.წ. ხრუშჩოვკებზე და ავარიულ შენობებზე, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ქალაქში 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. მათ სხვადასხვა ავარიულობის კატეგორია აქვს მინიჭებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, არცერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩება უსახლკაროდ და ამისთვის მუნიციპალური საბინაო ფონდი უკვე იქმნება. ამასთან, კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ბოლომდე მიიყვანს უკვე დაწყებულ პროგრამას, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ეხება. კახა კალაძის თქმით, მოგვარდება, როგორც დიდი სამშენებლო კომპანიების, ასევე, პატარა სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულთა პრობლემები. დედაქალაქის საკრებულოში სხდომა იმართება, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ. დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება. დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები შეკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ. ადგილზე იმყოგება პოლიცია.

ირაკლი კობახიძის თქმით, ისტორიის სახელმძღვანელოში სააკაშვილთან დაკავშირებით, გარკვეული ფაქტებია შესატანი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოში სააკაშვილთან დაკავშირებით, გარკვეული მითითებაა შესატანი. კერძოდ, კობახიძის აზრით, მასში უნდა იყოს შეტანილი, რომ სააკაშვილის პირობებში „საქართველოში ჩამოყალიბდა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგიც იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფდა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. „ასევე აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაულიც აღიარებული იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება ფაქტების კონსტატაცია. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილზე ნაწილს, კობახიძის თქმით, „ქველმოქმედების მიზნით საქართველოში 3 მილიარდი ლარი აქვს დახარჯული ივანიშვილს და მის წინააღმდეგ ისეთი ადამიანები აგებენ პროპაგანდას, რომლებიც კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით დანაშაულს სჩადიოდნენ“. „ჩვენ ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც გვხვდება კონკრეტულ სასკოლო სახელმძღვანელოში. საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტატაციასთან, რაც არის ლაკონურად და მოკრძალებულად ციტირებული. ის ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ, 3 მილიარდზე მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის მიხედვით მიიღებენ პასუხს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ამავე თემაზე რა წერია მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტს იწყებს მამუკა მდინარაძე ისტორიის სახელმძღვანელოზე: არ ვიცი, რა ეწყინათ. ის, რომ მეცენატად არის ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად, რომელი არ არის მართალი?

Sinopharm-ის და Sinovac-ის „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის შემცირდა

"Sinopharm-ის და Sinovac-ის „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადის სამ თვემდე შემცირება 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს შეეხება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Europetime-ს განუცხადა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამასთან, PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება. ბუსტერდოზად შესაძლებელია, გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით. „კოვიდვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება

„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia -ის მიერ ინიციირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია. სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი. 17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე“,- წერს ნაჯა ორაშვილი.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

8 დეკემბერს 17:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისის მერი საბა ბუაძეს: შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს

"შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც", - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ლელოს“ წევრ საბა ბუაძეს. კახა კალაძემ აღნიშნული სიტყვებით საბა ბუაძეს მას შემდეგ მიმართა, რაც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მას „კორუმპირებული მერი“ უწოდა. “მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - განაცხადა საბა ბუაძემ. ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი დააფუძნა

Foreign Policy-ი და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 8 დეკემბერს ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავენ. ორგანიზაციის ცნობით, ამერიკული Foreign Policy-ი და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 8 დეკემბერს, 19.30 საათზე, ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“. შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. Foreign Policy-ი ამერიკული გამოცემაა, რომელიც 1970 წელს დაფუძნდა და ფოკუსირებულია გლობალურ საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე, შიდა და საერთაშორისო პოლიტიკაზე. „ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან: მეთ კენედი - Converge დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში; სტუარტ აკერლი - ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი. ქალებ ჩარლზ მაკკარი - ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. ის მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ. დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი; ლევან ავალიშვილი- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი; ირინა ლორთქიფანიძე - აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

განათლების მინისტრის თქმით, ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნებაა და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი

განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში. მინისტრისთვის „კატეგორიულად მიუღებელია, სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს განათლების და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში მონაწილეობდნენ“. „საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭირვალე, ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ. გრიფირების პროცესში მონაწილეობდნენ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისად, ჩვენს გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“ ,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძის თქმით, ისტორიის სახელმძღვანელოში სააკაშვილთან დაკავშირებით, გარკვეული ფაქტებია შესატანი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძე ოპოზიციამ კორუფციაში დაადანაშაულა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის მთავრობის დამტკიცებაზე მსჯელობენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მთავრობა უნდა დაამტკიცონ, „წინა მერობის პერიოდში თქვენ სესხით იყიდეთ 200-ზე მეტი ავტობუსი და მოიპარეთ 60 მილიონი ლარი. თქვენ ბრაძანეთ, რომ მომავალ წელსაც აპირებთ ავტობუსების ყიდვას, ბიუჯეტის პროქტშიც ჩადებულია და მაინტერესებს, შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონი ლარის მოპარვას აპირებთ? - ამ შეკითხვით ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართა. „ბატონო კახი, წინა მერობის პერიოდში თქვენ ნათლიმირონ წულაიას ვარკეთილის მესამე მასივში 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადაეცით. მაინტერესებს, ამ მერობის პერიოდში კიდევ რამდენი მილიონი ლარის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად თქვენს ნათლიმირონებს? ასევე, ბატონო კახა, წინა მერობის პერიოდში, თქვენ მეგობარს ბექა ოდიშარიას 200 000 ლარის ქონება გაუცვალეთ 5 მილიონ ლარში. ასევე, თქვენი კომოს ტბის ძმაკაცებს, ბარვენაშვილს, ქარაზანაშვილს, თქვენს ძამაკაცებს „ცენტრ პოინტის“ 35 მილიონიანი ქონება, ფინანსები უნდა განაკარგვინოთ და მაინტერესებს, კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა მისცეთ თქვენს ძმაკაცებს? მილანური ნაძვის ხე, მილანური განათებები, მილანური სკამები, მილანური ბუჩქები და ხეები, საბავშვო საქანელები, ბატონო კახა, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში? ბატონო კახა, თქვენ გვპირდებოდით, რომ დიღმის ჭალებში მოეწყობოდა დიდი საქალაქო პარკი. ორჯერ ტენდერიც კი გამოაცხადეთ, მაგრამ დღეს ეს ტენდერი შეწყვეტილია და ფაქტობრივად, იქ დღეს ეკოციდი არის მოწყობილი, იმიტომ, რომ ივანიშვილის დისშვილი მოიპოვებს სამშენებლო კარიერს, ფაქტობრივად განადგურებულია ყველაფერი და მაინტერესებს, როდემდე აპირებთ ამ გამწვანების და რეკრეაციული ზონების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილის დისშვილებს, ძმისშვილებსა და ნათესავებს ფული აშოვნინოთ. ყველას კარგად გვახსოვს აფრიკაში, როგორ დაანგრიეთ საწყალი ხალხის ქოხები. მაინტერესებს, ორბელიანის მოედანი ცხრაჯერ რომ გახსენით, ბიძინა ივანიშვილის უკანონო მშენებლობა ვერ შეამჩნიეთ? როდემდე აპირებთ, გააგრძელოთ თვალების დახუჭვა ბიძინა ივანიშვილისთვის და მათი ნათესავებისთვის. და ბოლოს, ეს ელიტური სახლი, მე არ ვიცი რამდენად გეცნობათ, ეს არის ასევე ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის თუ დისშვილის კობახიძის სახლი, სადაც მამათქვენის, კარლო კალაძის კარის მეზობლები არიან. მაინტერესებს, სამართლიანია, რომ თქვენ, ამდენი კორუფციული ფაქტის და სკანდალის შემდეგ აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში? იმიტომ გინდათ ივანიშვილის გუნდი, რომ ფულები იშოვნოთ, გამდიდრდეთ და თქვენს მილიარდებსა და მილიონებს დამატებით მილიარდები და მილიონები შემატოთ“, - განაცხად ირაკლი ნადირაძემ. „დაჯექი, ორიანი. ორიანი ირაკლი, დაჯექი“, - უპასუხა კახა კალაძემ ოპოზიციონერს.

კახა კალაძე: 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ

თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ. „ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ვგეგმავთ ათი მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტის გაგრძელებას. ორი უკვე მიმდინარეობს - სამგორის რაიონში და დიდ დიღომში. ამას დაემატება რვა ახალი პროექტი. გვინდა, ყველა რაიონში იყოს სივრცე, სადაც განთავსდება საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, ფიტნეს ზონა, საცურაო აუზი, მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, დედაქალაქის მერია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერასაც გეგმავს. „მომდევნო წლებში ვაპირებთ, კოჯორში მასშტაბური, მრავალფუნქციური ახალგაზრდული სოფლის მშენებლობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზებას, ციფრული ჰაბების მოწყობას, რვა ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებას, მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების, ასევე, სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციას, დენდროლოგიურ პარკში სახელოვნებო ჰაბების მოწყობას, სკეიტპარკებისა და სხვა გასართობი სივრცეების მოწყობას, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე: უხერხულია ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობდეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი  - მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, გიორგი შარაშიძეს, კრიტიკის საპასუხოდ ურჩია, მოიძიოს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტები. მანამდე, გიორგი შარაშიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოში შევა ინიციატივით, რომელიც დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას გულისხმობს, ეს კი „წერტილს დაუსვამს უამრავ კითხვას კორუფციის შესახებ“. შარაბიძის თქმით, კომისია დიდწილად ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. „უხერხული მგონია ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობდეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი - მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერი. რაც შეეხება კორუფციის მიმართულებას და კომისიის შექმნას, პირველ რიგში, შექმენით და მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი, რა ხდებოდა ნეპოტიზმის და კორუფციის მიმართულებით. გადახედეთ თქვენ წლების განმავლობაში, კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, რა პროექტები აქვს განხორციელებული. ერთი პროექტი დამისახელეთ და მადლობას გეტყვით“, - მიმართა კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს.

კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილზე“: 4 წლის განმავლობაში შეიძლება, ვიღაცამ წამომაძახოს - „ერთი მეტროსადგური ვერ გაგიკეთებია“. ვიღებ შენიშვნას

4 წლის განმავლობაში შეიძლება ვიღაცამ წამომაძახოს, ერთი მეტრო სადგური ვერ გაგიკეთებიაო - ვიღებ ამ შენიშვნას, ეს პრობლემა მოგვარებული იქნება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, მეტროსადგურ „ვარკეთილზე“ საუბრისას. „მეტრო „ვარკეთილის“ პრობლემას რაც შეეხება - კომპანიამ, რომელმაც აწარმოა სამუშაოები, რა თქმა უნდა, ჩვენგან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ამ კომპანიას მერიის არცერთ ტენდერში მონაწილეობა არ აქვს მიღებული იმიტომ, რომ „შავ სიაში“ იყო შეყვანილი და შესაბამისად, სხვა ტენდერშიც ვერ შეძლებდა მონაწილეობას. თავად მეტროს პრობლემას რაც შეეხება - საქმე ეხება უამრავ ადამიანს და ის შედეგი რომ არ მიგვეღო, რაც მივიღეთ ჭერის ჩამონგრევით, ჩატარდა კვლევები, როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი, შემუშავდა კონკრეტული ვიზუალი და დიზაინი, როგორ წარმოგვიდგენია მისი განხორციელება და ძალიან მალე გვექნება უკვე პროექტი და დავიწყებთ სამუშაოს განხორციელებას. მე მესმის, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ 4 წლის განმავლობაში შეიძლება, ვიღაცამ წამომაძახოს, რომ ერთი მეტრო სადგური ვერ გაგიკეთებიაო - ვიღებ ამ შენიშვნას და ეს პრობლემა მოგვარებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ვოლსკი „ალტ-ინფოს“ პარტიაზე: მე არ დავარეგისტრირებდი

„ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობის" დარეგისტრირებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. „ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ წესებს... მე, მაგალითად, არ დავარეგისტრირებდი, იმიტომ, რომ ჩემი კრედო, პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ არის ვთქვათ, გერმანიაში რადიკალური მემარჯვენე ხასიათის პარტიები, მაგრამ პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცე საფუძველი რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან გაერთიანებას, რომ იმოქმედოს იატაკქვეშეთში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ რადიო თავისუფლების ცნობით. ამავე თემაზე: საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს" პარტია დაარეგისტრირა