ძებნის რეზულტატი:
კვლევა: Pfizer-ის ვაქცინის სამი დოზით აცრას „ომიკრონის“ განეიტრალება შეუძლია
კომპანიებმა Pfizer-მა და Biontech-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინის სამდოზიან კურსს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს. კომპანიებში აცხადებენ, რომ ვაქცინის სამდოზიან კურსს ახალი შტამის მიმართ დაცვის ისეთივე შესაძლებლობა აქვს, როგორიც ორდოზიან კურსს კორონავირუსის სხვა ვარიანტების წინააღმდეგ. ამასთან, კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კორონავირუსის ახალი შტამის გართულებებისგან მაინც იქნებიან დაცულები. კომპანიებმა ასევე განაცხადეს, რომ ახალ შტამზე მორგებული ვაქცინის წარმოებას 2022 წლის მარტში შეძლებენ.
ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი: ქვეყნებმა დეზინფორმაციაზე რეაგირებისთვის სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ
Europetime-თან კომენტარში აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერი აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებზე საუბრობს. ინტერვიუს თემა ასევე იყო რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლებიც საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება. საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები ღრმავდება, უმჯობესდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 1 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. რაც შეეხება რუსეთს და მისგან მომდინარე საფრთხეებს, საელჩოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ სიფხიზლე, რათა მოხდეს დეზინფორმაციის იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია/რეაგირება, რომ მან მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. ET: რა პერსპექტივა აქვს ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებას, რაზეა დამოკიდებული მისი განხორციელება? საელჩოს პრესსპიკერი: აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები ღრმავდება და უმჯობესდება. გასულ წელს, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისი მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. ET: საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები. ასევე დეზინფორმაცია, რომელთანაც გამკლავება სულ უფრო და უფრო რთული ხდება... ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარების ხელშესაწყობად ბევრი აქვს გაკეთებული...რას გვეტყოდით ამის შესახებ, როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა კიდევ უფრო ეფექტიანად ამ საფრთხეებს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად? საელჩოს პრესსპიკერი: დეზინფორმაცია პრობლემაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ქვეყნებმა სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებისთვის, კლასიფიკაციისთვის და მასზე რეაგირებისთვის, რომ მან მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი, პლურალისტური მედია. მთავრობამ ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა დაიცვას ჟურნალისტები, როგორც ფიზიკურად, ისე მედიასივრცეში, რომ მათ საზოგადოების ზუსტი, ობიექტური ინფორმირება და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების კონტროლი შეძლონ.
უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 10 წლამდე შემცირდება
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს და გადაწყვეტილებას ცენტრალური ბანკი უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებით ხსნის. „2021 წლის აპრილიდან, ეკონომიკის აღდგენისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯირებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და, პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, შესაბამისად, სესხებს გაცვლითი კურსის რისკთან ერთად თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით. უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული მიმდინარე პანდემიის დროსაც. ასევე, ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას“, - აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
ირაკლი კოვზანაძე: ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტზე პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმაც უნდა აიღონ
„ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა და რაც პარლამენტში შემოდის, უნდა იყოს განხილული ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს -საბჭოს მიერ და პასუხიმგებლობა აღნიშნულ დოკუმენტზე უნდა აიღოს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე საბჭოს წევრებმაც“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა იყვნენ თუ არა ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და იღებენ თუ არა ისინი სათანადო პასუხისმგებლობას. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სამომავლოდ ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ეს მოთხოვნა. დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია დოკუმენტის საპარლამენტოს სესიაზე განხილვა.
აშშ-ის თავდაცვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უკრაინის სამხედრო დახმარება $300 მილიონით დაფინანსდება
აშშ-ის თავდაცვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უკრაინისა და ბალტიისპირეთის უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსება გაგრძელდება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის შესახებ კანონი მიიღო, რომელიც ხსენებული ქვეყნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად თანხების გამოყოფას გულისხმობს. სამხედრო ხარჯები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილზე 25 მილიარდით მეტია და 770 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკრაინის სამხედრო დახმარება $300 მილიონით დაფინანსდება, 4 მილიარდი დოლარი ევროპის თავდაცვის ინიციატივაზე გამოიყოფა, ხოლო 150 მილიონი დოლარი უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის გათვალისწინებულ პროგრამებზე დაიხარჯება. კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცების შემდეგ, კანონს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. „უკრაინელებს დამატებით თავდაცვით საშუალებებს მივაწვდით იმის გარდა, რასაც უკვე ვაწვდიდით. ასევე, ვაძლიერებთ ჩვენს NATO-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე, დამატებითი შესაძლებლობებით“, - განაცხადა 8 დეკემბერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, როდესაც აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დეტალებზე თეთრ სახლში გამართული ბრიფინგზე ისაუბრა.
ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსი, გენერალი ბიპინ რავათი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა
ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსი, გენერალი ბიპინ რავათი, მისი მეუღლე და კიდევ 11 ადამიანი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ. ამის შესახებ BBC იუწყება. გადარჩა ერთი ადამიანი, რომელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გენერალი რავათი, ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსად 2019 წლის იანვარში დაინიშნა. რუსული წარმოების ვერტმფრენი Mi-17 სულურში მდებარე არმიის ბაზიდან აფრინდა და 63 წლის გენერალი, უელინგტონში თავდაცვის სამსახურის შტაბის კოლეჯში (DSSC) უნდა ჩაეყვანა. გენერალთან და მის მეუღლესთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა კიდევ შვიდი სამხედრო და ეკიპაჟის ხუთი წევრი, მათ შორის პილოტი. ავარიის ერთადერთი გადარჩენილი კაპიტანი კი DSSC-ში მუშაობდა. ერთ-ერთმა თვითმხილველმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე რამდენიმე „საშინელი ხმა“ გაიგო. ინდოეთის საჰაერო ძალებმა გამოძიება მოითხოვეს. მინისტრთა კაბინეტის უსაფრთხოების კომიტეტმა, პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო სხდომა გამართა. მიუხედავად იმისა, რომ Mi-17V5 ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენია, ინდოეთის საჰაერო ძალების ფლოტს სისტემატურად ადანაშაულებენ, რომ ავარია ხშირია. არმიის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ ვერტმფრენის უსაფრთხოება დადასტურებულია და რთულ სიტუაციებში თავადაც უმოგზაურია. 2017 წელს, შტატ არუნაჩალ-პრადეში ავარიის დროს შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. მანამდე, ერთი წლით ადრე, კიდევ ერთი ვერტმფრენი აფრენისთანავე ჩამოვარდა შტატ უტარახანდში სამხედრო წვრთნების დროს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, მასობრივი ამნისტიის კანონი გამოსცა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხელი მოაწერა მასობრივი ამნისტიის შესახებ კანონს, რომლის თანახმად, საპატიმროებს საშუალო და ნაკლები სიმძიმის მუხლებით მსჯავრდებული 1000 პატიმარი დატოვებს. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ამნისტიის კანონით სასჯელის ვადა დაახლოებით 9 ათას მსჯავრდებულს შეუმცირდება, სასამართლო წარმოება კი, დაახლოებით 5 ათას საქმეზე შეწყდება. ჯამში ამნისტია ყაზახეთში 14 ათასზე მეტ ადამიანზე გავრცელდება. ამნისტიის კანონით საპატიმროებში მყოფი ვეტერანები, არასრულწლოვნები, ქალები და ასევე ხანდაზმული ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც მოქალაქეებისა და სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ყაზახეთის 80 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სასჯელს 34 000-ზე მეტი პატიმარი იხდის. ყაზახეთი იყო ბოლო საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გამარჯვებაა, რომ აშშ ყოველთვის მხარს გვიჭერდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვხედავთ ბაიდენის პირად როლს კონფლიქტის დარეგულირებაში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საუბარს, რომლის დროსაც ერთ-ერთი მთავარი თემა დონბასსა და უკრაინის საზღვრებთან არსებული ვითარება იყო, დადებითად აფასებს. ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ანდრეი პლენკოვიჩთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიის კითხვების საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებების დეტალებზე კომენტარს ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 9 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მჯერა, უკრაინის გამარჯვებაა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენ ვსარგებლობდით ორპარტიული მხარდაჭერით. მაგრამ, რაც მთავარია, ახლა ვხედავთ, რომ არსებობს პრეზიდენტ ბაიდენის პირადი რეაქცია და როლი ამ კონფლიქტის, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ომის დარეგულირებაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს, რათა დონბასში ომი რაც შეიძლება მალე შეწყდეს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები კი დაბრუნდეს. ამავე თემაზე თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა აშშ-ის თავდაცვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უკრაინის სამხედრო დახმარება $300 მილიონით დაფინანსდება
ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ თუ შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ The Hill-ი წერს. „მე-5 მუხლის მიხედვით, ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება NATO-ს მოკავშირეების წინაშე, თუ მათ თავს დაესხმებიან. ეს წმინდა ვალდებულებაა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება... უკრაინაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ჯო ბაიდენის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებენ NATO-ს დანარჩენი წევრები, თუმცა უარყო იდეა, რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას რუსეთთან დასაპირისპირებლად, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ეს ბაიდენის პირველი კომენტარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი ორსაათიანი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა მკაცრი ეკონომიკური სანქციების შესახებ, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. „მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება”, - განაცადა ბაიდენმა და დაამატა, რომ რუსეთის პრეზიდენტს დაეკისრება ისეთი ეკონომიკური სანქციები, „როგორიც არასდროს უნახავს”. კითხვაზე, მიიღო თუ არა პუტინმა ეს გზავნილი, ბაიდენმა უპასუხა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულია, პუტინი მიხვდა ამ გზავნილს. ბაიდენმა რუსეთის ლიდერს ესკალაციის შემცირებისკენ მოუწოდა, ამერიკასთან და ევროპულ ქვეყნებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით. აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთსა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს. „პოზიტიური ამბავი ის არის, რომ აქამდე, ჩვენი წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტში იყვნენ“, - აღნიშნა ბაიდენმა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.
ლაშა დარსალია ჟენევის 55-ე რაუნდზე: რუსეთი ცალსახად ცდილობს არარელევანტურ საკითხებზე გადამისამართებას. ამას აღვიქვამთ მუქარად, როდესაც საუბარია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე
ჟენევის 55-ე რაუნდზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, დღესაც როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების განხილვა, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა მაშინვე დატოვა. დარსალიას თქმით, ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, მოლაპარაკებათა პროცესი აღარ გაგრძელდა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესი გადავლახოთ და დევნილთა დაბრუნება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებათა პროცესში. რეალობა კვლავ იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავებული რჩება. ჩვენთვის უმთავრესია 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რაც უნდა გახდეს მომავალში სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოგვარების საფუძველი. აღნიშნულ მიდგომას რუსეთის დელეგაციის მხრიდან ვერ ვხედავთ. ჟენევაში მიდის მსჯელობა ჰუმანიტარულ საკითხებზე. ამ რაუნდზე გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ თუნდაც პატარა ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებზე. არავის ინტერესში არ არის, რომ ადამიანის უფლებათა კუთხით ფონი მძიმე იყოს. რეალობა კი აჩვენებს, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა საკითხებს იყენებს ზეწოლის მექანიზმად. პარტნიორების და თანათავმჯდომარეების აქტიური ძალისხმევით იმედი გვაქვს მომავალში იქნება შესაძლებელი, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე გარკვეულ პროგრესს მივაღწიოთ. ველოდებით თანათავმჯდომარეების წინადადებებს შემდეგ რაუნდზე განსახილველად. იმედი გვაქვს, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ. მისივე განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, ახლაც წინსვლა ვერცერთ საკითხზე ვერ მოხერხდა. ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთის მხრიდან ცალსახა მცდელობაა, მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართების ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესისთვის რელევანტური. „ყველა სხვა რაუნდის მსგავსად პრაქტიკულად, წინსვლა ვერც ერთ საკითხზე ვერ მოხერხდა. რუსეთის მხრიდან ცალსახა მცდელობაა, მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართების ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესისთვის რელევანტური. ამას საქართველოს დელეგაცია აღიქვამს მუქარად, როდესაც საუბარია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის საქართველოსთვის საკითხი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ განხილვას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ. ასევე წაიკითხეთ: ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდზე: საკმაოდ ხისტი პოზიციები და ფარული მუქარაც კი მოვისმინეთ ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის. „მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოცხადებისთვის. სანდო პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა. ერთად ვემზადებით ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა
ვლადიმერ პუტინი: შეუძლებელია, არ გვაშფოთებდეს NATO-ში უკრაინის შესაძლო მიღების პერსპექტივა
„შეუძლებელია, ჩვენ არ გვაშფოთებდეს NATO-ში უკრაინის შესაძლო მიღების პერსპექტივა, რადგან ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი სამხედრო კონტიგენტის, ბაზებისა და ჩვენთვის მუქარის შემცველი იარაღის განთავსება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პუტინის თქმით, რუსეთი გამოიყენებს საბერძნეთს, რათა პოზიტიური გავლენა მოახდინოს NATO-სთან ურთიერთობაში. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული ონლაინშეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თუმცა პუტინის თქმით, მოსაზრებებს და წინადადებებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს, მაგრამ სტრუქტურის შინაარსზე საუბარი ჯერ ადრეა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია უსაფრთხოების სფეროში თავის წინადადებებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთი კვირის განმავლობაში წარუდგენს. პუტინი აცხადებს, რომ თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა აირჩიოს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სხვა ქვეყნების ინტერესების დარღვევითა და უსაფრთხოების შელახვით, ამ შემთხვევაში კი რუსეთის.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, კლუბში წავიდა
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ბოდიში მოიხადა, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, კლუბში წავიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 6 დეკემბერს, საღამოს, სანა მარინიმ სახლი დატოვა, თუმცა მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. თავდაპირველად მას უთხრეს, რომ არ სჭირდებოდა იზოლაცია, რადგან სრულად იყო აცრილი, მაგრამ მოგვიანებით გამოტოვა შეტყობინება, რომელშიც სწორედ იზოლაციას ურჩევდნენ. 36 წლის სოციალ-დემოკრატიულმა პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ტექსტური შეტყობინება მას გაეგზავნა სამუშაო ტელეფონზე, რომელიც სახლში დატოვა და როდესაც კვირას, ტექსტი ნახა, სასწრაფოდ მოითხოვა კოვიდტესტირება, რის შემდეგაც კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფინეთის პრეიერმა აღნიშნა, რომ უნდა გადაემოწმებინა მითითებები და უკეთესად შეეფასებინა სიტუაცია.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. ამის მიზეზად ის სისუსტეს ასახელებს. „მადლობა ჟურნალისტებს თავდადებისთვის და სიცივეში დგომისთვის. გორი 4-ჯერ უფრო ცივია, ვიდრე თბილისი. გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს, (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა“, - წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც გიული ალასანიამ მედიას გადასცა. შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება. ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს აქამდე ორჯერ დაესწრო. ამავე თემაზე მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი
ენტონი ბლინკენმა უკრაინის საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „მათ გაიზიარეს შეშფოთება უკრაინის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ და ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების აუცილებლობას, მათ შორის მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას, რაც საუკეთესო საშუალებაა დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ისინი ასევე შეთანხმდნენ რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ზომების დაკისრების აუცილებლობაზე, თუ ის უკრაინაში ვითარების ესკალაციას მოახდენს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. ცნობისთვის, 8 დეკემბერს, აშშ-ის და რუსეთის ლიდერების ონლაინშეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა და აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა, კოორდინირებული ქმედებების მიზნით, ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამავე თემაზე: თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა ჯო ბაიდენი პუტინთან ონლაინშეხვედრის შემდეგ, ევროპელ მოკავშირეებს ესაუბრა ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ თუ შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა სახალხო დამცველს მხარდაჭერა გამოუცხადა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ელჩმა თავისი მხარდაჭერა გამოხატა სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიმართ. ელჩმა აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სახალხო დამცველის შეფასებებს და ენდობა მის განცხადებებს, როგორც ობიექტურ საინფორმაციო წყაროს. „უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო არაერთი აქტივობის ფარგლებში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს. ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა. ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები პირების უფლებებზე და მათის დაცვის უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველის და საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, კი დიდი ბრიტანეთის როლზე იმსჯელეს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. სახალხო დამცველი საერთაშორისო საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ განცხადებებზე“ რეაგირებას სთხოვს დუნია მიატოვიჩი: საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიუღებელია კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს
პენტაგონი შავი ზღვის რეგიონში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციაზე: არანაირი ავარიული სიტუაცია არ ყოფილა და არც ვინმეს სიცოცხლე დამდგარა რისკის ქვეშ
Europetime-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვიცე-პოლკოვნიკი ექსკლუზიურად ჩაწერა. Europetime-მა ანტონ სემერლოთს 3 დეკემბერს შავი ზღვის თავზე სადაზვერვო ფრენების შესახებ დაუსვა შეკითხვა. როგორც ცნობილია, 9 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს, „შავ ზღვაში საჰაერო ინციდენტების სახიფათო შედეგების შესახებ“ აცნობა და საპროტესტო ნოტა გადასცა. „ჩვენთვის ცნობილია მედიის ცნობები 3 დეკემბერს შავი ზღვის რეგიონში საჰაერო სადაზვერვო (ARTEMIS) ფრენის შესახებ. არანაირი საგანგებო, ავარიული სიტუაცია არ ყოფილა და არც ვინმეს სიცოცხლე დამდგარა რისკის ქვეშ. ეს იყო ჩვეულებრივი, უსაფრთხო ფრენა, საჰაერო მანევრი კონტროლირებად საჰაერო სივრცეში. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ამ ტიპის ფრენებს და ყველა ოპერაცია რეგიონის ქვეყნებთან სრული კოორდინაციით ტარდება. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მსგავსი აქტივობები დაცული და უსაფრთხო ევროპის მხარდასაჭერად საერთო ვალდებულებას ადასტურებს“, - განუცხადა Europetime-ს პენტაგონის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „აშშ-ისა და NATO-ს წევრთა აქტიურობა რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე, მათ შორის საბრძოლო ავიაციის ფრენა და სამხედრო-საზღვაო ძალების სახიფათო მანევრები გახშირდა. რუსეთის მტკიცებით, თელავივიდან მოსკოვში მიმავალი აეროფლოტის რეისი იძულებული გახდა, მიმართულება შეეცვალა, რათა თავიდან აეცილებინა „NATO-ს მზვერავი თვითმფრინავის ავარია შავი ზღვის თავზე“. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ კიევი უარყოფს.
ენტონი ბლინკენისა და NATO-ს გენმდივნის სატელეფონო საუბრის თემა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების ონლაინშეხვედრა იყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, 7 დეკემბერს გამართული ონლაინშეხვედრა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის საპასუხოდ NATO-ს ხედვები განიხილეს ენტონი ბლინკენმა შეაქო გენერალური მდივანი მისი მუდმივი ძალისხმევისთვის, რომელიც ალიანსში ერთიანობის გაზრდისკენ არის მიმართული და ასევე NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების წარმატებული შეხვედრის ორგანიზებისთვის, რომელიც 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, რიგაში, ლატვიაში გაიმართა. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენმა უკრაინის საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა ჯო ბაიდენი პუტინთან ონლაინშეხვედრის შემდეგ, ევროპელ მოკავშირეებს ესაუბრა ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ თუ შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება ცნობისთვის, 8 დეკემბერს, აშშ-ის და რუსეთის ლიდერების ონლაინშეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა და აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა, კოორდინირებული ქმედებების მიზნით, ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა
თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
ქუთაისსა და აბუ დაბის შორის 15 დეკემბრიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება
"15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება", – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, აბუ დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ამასთან, ახალი მიმართულების პრომოციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით ახალი მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა – „საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნესმიმართულება“. არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს, ავიაკომპანიისა და აბუ დაბის აეროპორტის, ასევე ტურისტული სააგენტოებისა და სხვადასხვა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ მიმართა. „15 დეკემბრიდან ქუთაისსა და აბუ დაბის შორის იწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში, მოხდება ამ ორი ქალაქის საჰაერო გზით დაკავშირება. ვიმედოვნებთ, რომ გაზრდილი ტურისტული პოტენციალი დადებითად იმოქმედებს იმერეთის რეგიონზე, ვიზიტორები კვლავ დაუბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და კიდევ არაერთხელ აღმოაჩენენ იმერეთის რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ხიბლს“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, Wizz Air Abu Dhabi არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ევროპის გარეთ შექმნა. Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაფლოტი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან არის დაკომპლექტებული და პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს. ვხვდებით სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ისინი ჩვენს თვითმფრინავებში ადგილებს ჯგუფურად ყიდულობენ და სპეციალურ სამგზავრო პაკეტებს სთავაზობენ, რაც ავიაკომპანიისთვის ასევე, მნიშვნელოვანი სარგებელია. დღეს დავაანონსეთ ახალი მიმართულება ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის, რომელიც 15 დეკემბრიდან იწყება. ჩვენ ვიფრენთ კვირაში ორჯერ ქუთაისის მიმართულებით. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი საქართველოს, კერძოდ ქუთაისს დაუკავშირდება“, – აცხადებს Wizz Air Abu Dhabi-ს მმართველი დირექტორი ქეისი ვონ სხაიკი. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აბუ დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 15 დეკემბერს შესრულებულ პირველ რეისს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები ჩამოჰყვებიან, რომლებიც იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და საქართველოს შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.